კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:01

I


მშვენიერს დაცემულს მინდორზედ, ვლადიკავკაზის მახლობლად, მოჩანდა ალყადშემორტყმული ურმები, გაჭედილი სახლის ავეჯეულობით. ამ ალყის შუა აქა-იქ გაჩაღებულს ცეცხლებზედ ჩუხჩუხებდა ქვაბები, რომლებსაც მისხდომოდნენ მოხუცებული დედაკაცები და საჭმელს ამზადებდნენ. იქვე მიმსხდარიყვნენ დანარჩენი მოხუცი ხალხი და გაჩუმებულნი ყალიონს სწევდნენ. იმათი მხნე და გმირული, თუმცა დაღონებული, სახე ცეცხლის შუქზედ რაღაცა საოცნებო სურათს წარმოადგენდა. ყმაწვილი ხალხიც, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი, თუმცა სცდილობდა ერთმანეთის გამხნევებას, გამხიარულებას, მაგრამ იმათი დაფიქრებული სახე ისევ ისე გაუღიმებლად რჩებოდა.

აქ იყო რაღაცა იდუმალი სიჩუმე, რაღაც იდუმალი სევდა, რომელიც ნებაუნებლივ სიტყვას აწყვეტინებს და ხმას აკმენდინებს კაცს.

ხანდისხან ისეთი წუთებიც შეჰხვდებოდათ, რომ თვით სუნთქვაც შეუწყდებოდათ და ასე, სამარის მსგავს სიჩუმეში, რჩებოდნენ რამოდენიმე ხანს.

საღამო იყო ჩინებული, თბილი, ერთი იმისთანა საღამოთაგანი, რომელსაც კაცი ნეტარებაში შეჰყავს და სიამოვნების ნექტარს აღუძრავს ყოველის ძარღვის ხვეულში.

როგორც ბუნებით მხნე, ისე მხიარული ჩეჩნები დღეს გაჩუმებულიყვნენ ისე, როგორც ქარიშხლის წინათ ჰაერი, რომელიც ემზადება ამ სიმშვიდიდგან ერთბაშად გრგვინვად გარდაქცევას.

რას გაეჩუმებინა ეს სიცოცხლით სავსე ხალხი? რას გაეწყვიტა მათთვის პირში სიტყვა? რომელ უბედურებას დაემორჩილებინა ისინი, ვინც ისე სიცილით და უზრუნველად სიკვდილს წინ ეგებებოდა ამ რამდენისამე წლის წინათ?

აქამდის კიდევ აქა-იქ მოისმოდა თითო-ოროლა სიტყვა, ეხლა ისიც შესწყდა და ჩამოვარდა სრული სიჩუმე… ამ საიდუმლოებით სავსე სიჩუმეში, რომელიც მკვდართა სამფლობელოს მოგაგონებდათ, ერთბაშად გამოისმა ჭიანურის წყნარი ხმა და მას მოჰყვა წყნარივე ზუზუნი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა ხმა იყო ის! მე არ შემიძლიან გადმოგცეთ! აშკარადა სჩანდა, რომ ეს ხმა სწყდებოდა გულის საძირკველიდგან, რომელიც ენთებოდა, სდუღდა, სწვავდა მთქმელს და გამგონს!.. იფანტებოდა შორს, შორს მინდორზედ, სადაც მსუბუქს ნიავს მიჰქონდა ყოველ ხესთან, ყოველ ბუჩქთან, ყოველ ბალახთან და, რა მიეკარებოდა, თითქოს იქამდინ ძლიერად აგრძნობინებდა თავის ძალას, რომ მთლად აათრთოლებდა.

ჩქარა ზუზუნი ერთის კაცისა გადაიქცა საერთო ზუზუნად, რადგანაც იმას ხმა მოსცეს სხვებმა; და მთელი ეს ადგილი მოიფინა მტანჯველ სევდიან გოდებით და გმინვით. ეს ხმა, უსიტყვოდ აღმომხდარი იმათ პირიდგან, ისეთ წარმოუთქმელ სატანჯველს გამოსთქვამდა, რომ სიტყვებზედ ერთი-ათად მეტს გაგრძნობინებდათ, მეტად გივსებდათ სევდით და ნაღველით გულს, ნებაუნებლივ თანაგაგრძნობინებდათ იმათ უბედურებისათვის. თქვენა გტანჯავდათ, გაწუხებდათ ეს ხმა, მაგრამ ყური ვერ მოგეშორებინათ.

ეს იყო უკანასკნელი გამოსალმება სულითმობრძავის შვილისა, რომელიც სამუდამოთ ეთხოვებოდა თავის საყვარელს მშობელს, რომელთან ალერსს უსპობს შეუბრალებელი და შეუწყალებელი უსამართლო ძალა! ეს იყო გოდება სანატრელთან დაშორებულისა, რომელიცა ჰგრძნობდა, რომ უიმისოდ ვეღარ იხარებს, ვეღარ იცოცხლებს!..

ეს გმინვა, ეს ოხვრა, ეს გოდება მით უფრო მწარედ გეჩვენებოდათ, რომ ეს არ იყო მარტო ერთი კაცის წუხილი თავის უბედურებაზედ, ეს არ იყო ტირილი მარტო ერთის პირისა თავის დაკლებულზედ, - აქ გამოითქმოდა საერთო ვაება, საერთო წუხილი, საერთო ტანჯვა; აქა სცემდა საერთო ძარღვი, და ერთის გმინვაში გამოითქმოდა გრძნობა და მდგომარეობა მთელის ხალხისა.

ეს მამულის მოსიყვარულე, იმისთვის თავგანწირული ჩეჩნები, ესალმებოდნენ თავის სამშობლოს, რომლის შესარჩენად და ასაღორძინებლად მამას შვილი არ შეუწყალებია, ცოლს - ქმარი და იმდენის ბრძოლის და მსხვერპლის შემდეგ ისინი უნდა მოშორებულიყვნენ იმას! - ღმერთო! სადა ხარ?.. - იძახდა იმათი ცისკენ მიპყრობილი თვალები, მაგრამ მაშინვე დედამიწას დაეშვებოდა პასუხმიუღებელი.

ყოველი ბუჩქი, ყოველი ადგილი, ყოველი კუნჭული ამ ადგილებისა იმათ მოაგონებდა თავიანთ მამაცურს სივაჟკაცეს, რომელზედაც სისხლი დაენთხია რომელსამე გულის გამგლელს მახლობელს. ყველა ადგილებთან მიკარება, ყოველი ნაბიჯის გადადგმა იმათ აგონებდა მწუხარე სურათებს, ეს უვლიდა გულში გახურებულს შანთებად და უსიტყვოდ მარტო გმინვას წარმოათქმევინებდა. არის ხოლმე ისეთი წამი, როდესაც სიტყვას ადგილი აღარა აქვს კაცის მწუხარებაში.

ვისაც ეს ხმა არ გაუგონია, იმას არ უგრძვნია, არ გაუგია გოდება ნამდვილად შეწუხებულის გულისა, იმას არ წარმოუდგენია, რა მწვავი ხმის აღმოხდენა შეუძლიან ნამდვილს მგლოვიარე გულს და რამდენად მეტს გაგრძნობინებდათ ეს ხმა ათასგვარად შეხამებულს სიტყვებზედ.

ყველას თვალები სევდიანათ გასცქეროდა თავიანთ ნასოფლარს, გალაშკის ქედებს, სადაც როდესღაც ისე ამაყად იბრძოდნენ ეს წამებულნი და სადაც იმდენი სიტკბოებით სავსე წუთები გამოეცადნათ.

მაგრამ რა მიზეზი იყო იმათი გადასახლებისა, რა დაეშავებინათ ისეთი, რომ ეს სატანჯველი მიეყენებინათ, ასე უკაცურად დაესაჯათ?

იმის მეტი არაფერი, რომ იმ დროს ჩეჩნის მმართველებმა ისურვეს გაუმაძღარი თვალების გაძღომა და მოიწადინეს ჩეჩნელთ მდიდარი მიწების ხელში ჩაგდება; ამისათვის ძველ მემამულეთ მოშორება დაინახეს საჭიროდ და კიდეც მოიშორეს.

II

ამ გადასახლებულთ საერთო გოდებას მოჰშორებოდა ერთი ყმაწვილი ქალი, წარმოუთქმელის სილამაზისა, გასულიყო წყლის პირად და იქ დამჯდარიყო მარტოკა. იმისი ნაზი, მშვენიერებით სავსე, მაგრამ გაცრეცილი სახე დაყრდნობილიყო ხელებზედ და ჟუჟუნა თვალები სევდიანათ მისჩერებოდა ერთს ადგილს. ის წასულიყო ღრმა ფიქრში, რომელიც მით უფრო მძიმე ასატანი იყო, რომ იმის თვალებს ცრემლი არ მიჰკარებოდა და გულის ცეცხლს კი მეტად ჩაეწითლებინა ისინი.

იმას თითქოს საკმაოდ არ დაენახა საერთო გოდება და მწუხარება, რომელიც ამხანაგებთან ყოველთვის მეტის სიმსუბუქით აიტანება, და განგებ გაცალკევებულიყო, რათა მომეტებულად დაჰკვირვებოდა თავის მდგომარეობას და მომეტებულად ეგრძნო თავისი მწუხარება, თავისი უბედურება.

ეს გახლდათ შამილის განთქმულის ნაიბის ქალი ელისო, რომლის მამაც ანზორა ჩერბიჟ, ეხლა მოხუცებული, მოტეხილი, როდესღაც გულადობის მაგალითი იყო.

ანზორა მოხუცებული, დავრდომილი, რომელმაც მთელი ყმაწვილკაცობა გაატარა მამულის დასაცველად ბრძოლაში, რომელმაც შესწირა სამი შვილი სამშობლოს თავისუფლებას, აწ თავის მარტო ერთი ქალით-ღა ესალმებოდა თავის ქვეყანას.

შუბლშეჭმუხვნილი ანზორა დაღვრემილი სახით და მფეთქავის გულით იდგა თავიანთ ურემთან და ხანჯალზედ ხელგავლებული ყურს უგდებდა მკვნესარს სიმღერას.

იმას რამდენჯერმე გადაუარა შუბლზედ ცივმა ოფლმა, რამდენჯერმე გადაიწმინდა ეს ოფლი მთრთოლარე ხელით, მაგრამ მჭუნვარება მაინც ვერ მოიშორა თავიდგან და აღძრული მოგონებანი წარსულის ცხოვრებიდგან მწარედ უდაღავდა გულს.

იმას თვალწინ ეხატებოდა წარსული ყმაწვილკაცობა, მკვირცხლად დაცემა აქა-იქ რუსის ჯარზედ. მოაგონდა იმათი ჯოგების გამორეკა, მოაგონდა დიაც რუსებისგან წამოღებული და ნადავლი, ჩეჩნის ქალების გახარება ამ შემთხვევით; მოაგონდა ის დღეები, როდესაც ქარსავით ხან აქ გაჩნდებოდა, ხან იქ, როდესაც მთელს ჩეჩენში ლექსს ლექსზედ გამოსთქვამდნენ, ქებას ქებაზე შეასხამდნენ იმას.

ბოლოს წარმოუდგა თვალწინ თავისი ცოლი მშვენიერ ყმაწვილ ქალად, რომელიც თვალსა და წარბში შესცქეროდა, რომ იმის სურვილისამებრ მოქცეულიყო; წარმოუდგა თავისი შვილები, რომელთაგანაც შენახვას და დამარხვას მოელოდა, მაგრამ რომელნიც მამულის დაცვის დროს იმის თვალწინ იქმნენ განგმირულნი მტრის შეუბრალებლის ხელით, და მოხუცმა კიდევ ძალზედ გადაისვა ხელი შუბლზედ და მწარის ამოოხვრით შესძახა:

– ლაი ლაჰა, ილ ალაჰ!..

იმან მიიხედ-მოიხედა, თითქოს მწუხარე თვალები გასართობს, ანუ სანუგეშო საგანს ეძებდა, და დაუძახა ერთს პატარა ბიჭს, რომელიც იქვე გარბოდა.

– კორა, ელისო არ გინახავს?

– ჰაი, ჰაი, რომ ვნახე, - უპასუხა ბიჭმა: - ის ა-იქ წყაროსთანა ზის, მე იქ ვიყავ, პირი დავიბანე… მარტოკა არის, ისეთი დაღონებულია, ისეთი რომ… - ბიჭმა აღარ გაათავა და გაიქცა.

-დაღონებული, დაღონებული! - მწუხარებით წარმოსთქვა ჩეჩნელმა: - დაღონებული იქნება, მა რა…

ამ სიტყვებზედ ის უმეტესად დაფიქრდა, ჩაჰკიდა თავი და ცოტაოდენ დუმილის შემდეგ მწარედ წარმოსთქვა:

– იმას უყვარს, უყვარს და მე კი მინდა გადავავიწყო, მე კი მინდა გავაშორო!..

ანზორა გაბრუნდა წყაროსაკენ და გასწია წყნარის სიარულით.

ელისო, რომელიც წყაროსთან იჯდა, ეძლეოდა თავის მწუხარებას, მით უფრო მეტს, რომ ის მამულთან ერთად სტოვებდა თავის საყვარელ ვაჟიასაც.

ელისოს გაგიჟებით უყვარდა მოხევე ვაჟია, რომელსაც დაუახლოვდა იმის მეცხვარეობის დროს.

განთქმული გულადობით ვაჟია, მშვენივრად შეყრილი და კაი შეძლების მქონე, არავისგან დაირიდებოდა საქმროდ, მაგრამ რადგანაც ვაჟია ქრისტიანი იყო, და ელისო კი მაჰმადიანი, ამისათვის ქალმა კარგად იცოდა, რომ ნათესაობა არ დასთანხმდებოდა იმათს შეუღლებაზედ.

ელისოს არამც თუ ვაჟიაზედ გათხოვების ნებას მისცემდნენ, არამედ ლაპარაკსაც კი ვერავისთან ჰბედავდა ამ საგანზედ. ის ვერავის გაუშლიდა თავის გულს, ვერ ჩაახედებდა იმის მოძრაობაში, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ თანამგრძნობელს ვერ იპოვიდა თავის მოძმეთა შორის!

უწინდელს დროში რომ მომხდარიყო ამგვარი შემთხვევა და მაჰმადიანს „მთიელი“ ქრისტიანი შეჰყვარებოდა, მაშინდელის იქაურის ჩვეულებით, სარწმუნოება დამაბრკოლებელ მიზეზად ვერ შეიქმნებოდა იმათ შეერთებისათვის; მაგრამ ეხლა, როდესაც ქართველები, ე. ი. ქრისტიანები „გიაურებს“, ანუ რუსებს წინ მიუძღოდნენ და გზებს უჩვენებდნენ, როდესაც ისინი გიაურებთან ერთად ებრძოდნენ დამოყვრებულს მეზობლებს, – ეხლა სულ სხვა იყო. „ქრისტიანების“ შემწეობით დაიმორჩილეს „მშიშარა გიაურებმა“ ისინი და ამას შემდეგ რაღა ერთობა შეიძლებოდა ამათ შორის!

ასე ფიქრობდა, ასე ამბობდა ყოველი ჩეჩნელი და, რასაკვირკელია, ამის შემდეგ იმათ და მეზობელ ქართველებს შორის ყოველი კავშირი უნდა მოსპობილიყო და ოდესმე დამეგობრებული ორი ტომი, ეხლა მოსისხლე მტრებად უნდა გადაქცეულიყვნენ.

ნაიბი ანზორა იყო ჭკვიანი და მოაზრებული, როგორც მომეტებული წილი მთის ხალხი, თუმცა ცოტათი უფრო სხვარიგად უყურებდა ქართველების და ჩეჩნელთ წინააღმდეგობას და იძახოდა: ჩვენგან დაშორებული ქართველები ვინც არიან, ისინი სტყუვდებიან სსვადასხვა დაპირებით, მთის ქართველები კი ძალად გამოჰყავთ ჩვენზედ, - მაგრამ ასე იყო თუ ისე, „გიაურების“ გამარჯავებას მაინც ქართველებს მიაწერდა და ნებაუნებლივ გულით უნდოდა დაჰშორებოდა იმათ.

მაგრამ დახე იღბალს!.. თითქოს განგებ, მეტს სატანჯავად, იმის მარტო ერთს ქალს მოხევე ვაჟია შეჰყვარებოდა!

იმან, მართალია, ზედმიწევნით არ იცოდა ეს, მაგრამ ეჭვი კი დიდი ჰქონდა.

მერე რა დროს მოხდა ეს საქმე? როდესაც ის ჰშორდებოდა თავის მამულს, როდესაც უკანასკნელი მშვიდობა უთხრა თავის სახლს და მთრთოლარე ხელით, ფერმიხდილმა და გულდაწყვეტილმა, ცეცხლი წაუკიდა! ამ დროს, ამ მწუხარებისა და ტანჯვის დროს, იმის ქალის, მარტო ერთი ნუგეშის, გული დაესაკუთრა ქართველს, რომელსაც ნებაუნებლივ უნდა დაეშორებინა მშობლისათვის!..

იმან იცოდა, რომ ელისო, როგორც ჩეჩნის ქალი, მალე არ დამშვიდდებოდა, მალე ვერ დაიმორჩილებდა თავის გულს, რადგანაც ჩეჩნელი ძნელად შეიყვარებს, მაგრამ, თუ ერთხელ შეიყვარა, იმან არ იცის ნახევრად სიყვარული – ის ამ გრძნობას ეძლევა სულით და გულით.

ის თუმცა ასე ჰფიქრობდა, დარწმუნებული იყო თავის გარდაწყვეტილებაზე, მაგრამ მაინც დროს ელოდა, რომ იქნება აღძრული გრძნობა როგორმე გულიდგან გადავარდნოდა იმის ქალს, მაგრამ დაღვრემილის სახით უყურებდა ელისოს დღითი-დღე მეტად დაღონებას, და თუმცა ეს ყველა უსიტყვოდ და უჩივლელად ჰხდებოდა, მაგრამ მით უფრო მეტის ძალით და მეტის სიჩქარით უმოკლებდა მას დღეს.

ანზორა დღემდის მაგრობდა და არც ერთხელ არ გაუგებინებია თავის ქალისათვის, რომ ის ამჩნევს ამ მწუხარებას, მაგრამ დღეს, როდესაც უკანასკნელად ჰხედავდა თავის სამშობლოს მთის წვერებს, როდესაც, როგორც ავაზაკები, ტყვეები ჩააბარეს უგულოს და გაუთლელს სალდათებს, გულმა მოითხოვა თანამგრძნობელი. მარტოობას ვეღარ გაუძლო და სწორედ ამ მიზეზით გასწია თავის ქალისაკენ.

ელისო ისე გართული იყო „გულის საყვარელზედ“ ფიქრით, რომ მამის მისვლაც კი ვერ შეამჩნივა.

– ელისო! - მისვლის უმალ, მხარზედ ხელის დადებით, უთხრა მამამ.

ქალი შეჰკრთა და წამოსადგომად წამოიწივა.

– იჯექ, იჯექ! - არ აუშვა ანზორამ და თითონაც გვერდით მოუჯდა.

ისინი კარგა ხანს გაჩუმებულნი იყვნენ: ელისო დაღონებულის თვალით გასცქეროდა ტრიალს მინდორს, რომლის იქიდგანაც სივრცეში იკარგებოდა ტყიანი მთის წვერები, მამა კი იმას დაჰკვირვებოდა, თითქოს უნდოდა იმის გულიდგან ამოეკითხნა ყოველი იმის სულის მოძრაობა.

ბოლოს ამოიღო ნაკუწების ქისა, გაფშვნიტა თამბაქო ხელის გულზედ, გააკეთა ყალიონი და დაუწყო კვესება; აბედი დანოტივებულიყო, თუ ცუდად იდო ტალზედ, არ ეკიდებოდა, და ამისთვის ანზორამ რამდენჯერმე გადმოიღო, გაუძენძა ნაპირები და ისევ ხელახლად შეუდგა კვესებას. ბოლოს, როცა იყო, გაედო აბედს კვესისაგან გადმოცვივნილი ნაბერწკლები და ანზორამ მოუკიდა ყალიონს. ის სწევდა კარგა ხანს, შეუწყვეტლივ და ძალზედ, თითქოს ბოლით უნდოდა გაებრუებინა გულის მოძრაობა, მოეკლა იმისი გრძნობა და გაექარვებინა მწარე ნაღველი, რომელიც გარს შემოჰხვევოდა.

კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ, იმან დაღონებით წამოიძახა:

– მოგიკვდა მამა! რად ნაღვლობ აგრე?

– მე არა ვნაღვლობ, - უპასუხა ქალმა და მიაპყრა სევდიანი თვალები.

– ვხედავ, ვხედავ, - თავის ქნევით და წარმოუთქმელის მწუხარებით უპასუხა მამამ და მერმე დაუმატა: - სწუხარ, იტანჯები და მე ბედშავს კი ვეღარ მიშველია!

– ჩემთვის ნუ სწუხარ, მამაისი! - უპასუხა ქალმა და დაუწყო ნაზად ალერსი.

– ხომ სწუხარ, ხომ იტანჯები?

– რად მოგატყუო, მართალი ხარ. - მაშ, რატომ არ მეუბნები, რად მიმალავ?

– შენ კი ცოტას სწუხარ?.. ნეტავი შემეძლოს შენი მწუხარებაც მე მომეხვია თავზედ, - უთხრა ელისომ და მოეხვია ანზორას.

– მე! - მწარის ჩაცინებით წამოიძახა ანზორამ. - მე… ჩემი დღენი განვვლე, სამარეში ფეხი ჩავდგი, ბევრი გადამხედია თავზედ, მაგრამ შენ კი ეხლა შესდიხარ ცხოვრებაში… ვინ იცის, რა იღბალი მოგელის… ე, ჰე, ჰე!.. ღმერთი დიდია, – გაათავა ოხვრით მოხუცმა.

– შენ იყავ მშვიდობით, მოსვენებით და მე სხვა არა მინდა-რა.

მოხუცმა შეჰხედა თვალებში, მაგრამ არ უპასუხა და მცირე სიჩუმის შემდეგ დაიწყო:

– რატომ არ მიხვალ შენ ტოლ-სწორებთან, რადა მარტოვდები?

– რა მინდა, რა გავაკეთო?

– რა გააკეთო!.. განა ისინი კი არ იტანჯებიან?.. განა იმათ გულში კი არ ბრუნავს ჯოჯოხეთის ცეცხლი?.. ბრუნავს, მაგრამ მეზობლებთან ჭირიც ლხინია!.. აგერ ისინი ჭიანურს უკრავენ, ლხინობენ… ხანდისხან სტირიან კიდეც, შენც იტირე, ტირილი გულს გიპოვის.

– ბედნიერები! იმათ ტირილი მაინც შეუძლიანთ! - დაღონებით წამოიძახა ელისომ.

ანზორამ თანაგრძნობით შეჰხედა ქალს და წარბებშეჭმუხვნით წამოიძახა:

– დიაცთა უნდა იტირონ - მამაცთა შური იძიონ! - და ამ სიტყვებთან გაივლო ხანჯალს ხელი.

ანზორას ჩაცვივნული, სიცოცხლეგამქრალი თვალები თითქოს ერთბაშად აენთო და რამოდენიმე ხანს ისე ელვარებდა, რომ კაცს უნებურად თავს მოახრევინებდა. ბოლოს თანდათან დამშვიდდა, შეჰხედა თავის ქალს და ტუჩები აუთრთოლდა.

– ელისო! - წარმოსთქვა იმან ბოლოს და ხმაში კანკალი დაეტყო: - რა გაწუხებს აგრე, რა გლევს?

– არ ვიცი.

– შენ კიდევ სხვა ნაღველი გაქვს და მიმალავ.

– მე არაფერს გიმალავ.

– შენი აგრე ყოფნა გულს მიწამლავს, უდროოდ სიცოცხლეს მართმევს.

– მე ხომ არ ვჩივი, სხვა რა-ღა გინდა?

– ღმერთო! - წამოიძახა მოხუცმა, - შენი მოსვენება!

– მე მოსვენებული ვარ.

– არა ხარ, არა! და ეგ არის ჩემი უბედურება!

– მაშ როგორ მოვიქცე, რა ვქნა?

– მითხარ ყოველისფერი, გაუშალე შენს მშობელს შენი გული. ხომ იცი, რომ იმას მზე და მთვარე შენზედ ამოსდის; ჩემი გული უდროოდ დადნა, დაიწვა… თუ შენც აღარ გებრალები?!

– მამავ, მამავ!.. რას მეუბნები?.. მითხარ, რითი დაგიმტკიცო სიყვარული, მითხარ თუ ჩემი სიცოცხლე გამოგადგება რადმე და ნახავ, რამოდენად უყვარხარ შენს ქალს… ოღონდ კი მითხარ და…

ამ სიტყვებით ის მოეხვია მოხუცს და დაუწყო ლოშნა.

დიდის ხნის შეგუბებულს ცრემლებს ანზორას სიტყვები-ღა აკლდა, რომ გზა მისცემოდა და ელისოს თვალებს გადმოსდენოდა მდუღარე ნაკადული.

– ვიცი, ვიცი, რომ გიყვარვარ და ეგა მკლავს უმეტესად! გიყვარვარ და არ მეუბნები, რა გტანჯავს; გიყვარვარ და ვერაფრით მიშველია შენთვის!.. იქნება ჩემის მიზეზით ეძლეოდე მაგ სატანჯველს?

– შენთვის ტანჯვაც სიხარულია!

– მაშ რაზედ-ღა ჰკვდები, რაზედ-ღა სდნები?

– არ ვიცი, არა. - და უფრო მეტად მოეხვია ქალი.

– იქნება გიყვარს ვინმე? - სიფრთხილით გაუტარა სიტყვა, ცოტა სიჩუმის შემდეგ.

– მე ეგ არ მითქვამს, - უპასუხა ქალმა.

მაგრამ ამ სიტყვებზედ ელისოს მთრთოლარე ხელები უფრო ათრთოლდნენ და გულმა ისე ძალზედ ცემა დაეწყო, რომ ანზორას აშკარად ესმოდა იმისი მოძრაობა. ის მიეკრა მამას, რომელიც თითქოს საფრად ამოერჩივა და, თუმცა თავის გრძნობის გამოთქმა ვერ გაებედა, მავრამ უნდოდა კი, რომ ანზორა თითონ მიმხვდარიყო.

– შენ ეგ არ გითქვამს. მაგრამ ეგ აგრეა! - თავის ქნევით წარმოსთქვა ანზორამ: - რა ვუყოთ!.. ეგ არის წესი… დრომ დაჰკრა, ბარტყი უნდა გავაფრინო!.. გაუხსენ შენი გული შენს მამას, შეატყობინე იმას, ვინ ართმევს შენს თავს, და გეფიცები ჩემ წინაპართ საფლავს, ჩემი გული წინ აღარ გადაეღობება შენს სურვილს. ვინ არის, ვინ გიყვარს?

ამ სიტყვებზე მამა მთლად სმენად გარდაიქცა და გულის ძგერით ნატრულობდა - მოხევის სახელი არ გაეგონა.

– მამავ, მამავ! რად გინდა ყველაფერი მათქმევინო? რად გინდა ჩააღწიო ჩემის გულის საძირკველამდის? გეფიცები რომ, ვინც უნდა მიყვარდეს, ჩემს გრძნობას გულში მოვიკლავ, გულში დავიმარხავ და შენ კი თავს არ დაგანებებ!

გახარებული მამა მოეხვია თავის ქალს, იგრძნო, რომ თავის ნაშობს უყვარდა, სიკვდილის ჟამს თვალებს დაუხუჭავდა, სხვა რაღა უნდოდა? მაგრამ პირველის სიამოვნების შემდეგ იმან მოიშორა ქალი და უთხრა:

– დაიცა, ნუ სჩქარობ, უბრალოდ ნუ ჰფიცულობ!.. როგორც ბალახს უნდა დილის ნამი, ისე ქალს გათხოვება… ყველას თავისი დრო აქვს… მითხარ, ვინ გიყვარს?

– რად გინდა, ვინც უნდა იყოს!

– ვაჟია? - გულის კანკალით მოელოდა პასუხს მამა, რომელსაც კიდევ რაღაცა იმედი ჰქონდა, რომ ელისო რომელსამე ჩეჩენს დაასახელებდა.

ქალი პასუხის მაგივრად გადაეხვია თავის მშობელს, რომელსაც სიტყვა გააწყვეტინა პირში ამ შემთხვევამ.

– კიდეც მაგისთვის არ მეუბნებოდი? - ძლივს წარმოსთქვა იმან.

– რა გინდა, მამავ? რას დასდევ, ვინც უნდა იყოს?.. მე შემოგფიცე და არ მოგშორდები.

– ყოველი დღე კი ოხვრით და მწუხარებით გაატარო?

– ვეცდები - დავივიწყო…

– ვერ დაივიწყებ, ვერა! - პირზედ ხელების დაფარებით უთხრა მამამ.

– ვაჟია ქრისტიანია და მე ჩეჩნელი - უნდა დავივიწყო.

– უნდა, თუ კი შესძლებ.

– გითხარ, რომ შევსძლებ-მეთქი.

– ელისო! ყური დამიგდე… მე მყვანდა ჩემი ჯოგი და მთელს ჩეჩნის მინდორზედ დამიდიოდა უშიშრად; მოვიდნენ გიაურები და წამართვეს… მე მყვანდა ჩემი ცხორი და ჩემს სახლს წინ სტუმარს არ გაუვლია, რომ არ მომეპატიჟა, საკლავი არ დამეკლა, - გიაურები დამეცნენ და წამართვეს…

მე მქონდა სახლი და ის თავშესაფარი იყო ყველა შეწუხებულისა, ყველა გაჭირვებულისა, - მოვიდნენ გიაურები და დამიწვეს…

ყველა ეს ქართველებისაგან მოხდა, ისინი მოუძღვებოდნენ ბელადად გიაურებს, ისინი უჩვენებდნენ გზას, ისინი გვეომებოდნენ… შემრჩა სამი ვაჟი, შენ და ჩემი იარაღი.

მე გავიქეცი მთებში, იქიდგან მინდოდა გადამეხადა ამ უსამართლობისთვის, მაგრამ, რა ღმერთი კაცზედ ერთხელ ხელს აიღებს, ტყუილი-ღაა იმისი ცდა!.. აქაც გიაურები ქრისტიანების შემწეობით მოვიდნენ და სამივე შვილი რიგ-რიგად თვალწინ დამიხოცეს…

მაღალო ღმერთო! რა დღე იყო ის დღე… მე როგორ-ღა გადავრჩი ამის მნახველი!.. ერთი ეს-ღა მქონდა სანუგეშო, რომ ვაჟკაცნი ვაჟკაცად დაიხოცნენ: სამთავ მკერდი ჰქონდათ გახვრეტილი, ჩემს შვილებს ზურგი არ ეჩვენებინათ მტრისთვის…

აქ მოხუცს შეჩერება დასჭირდა. ძალზედ ამოიხვნეშა ანზორამ გადისვა შუბლზედ ხელი და კარგა ხანი მოუნდა, სანამ ლაპარაკის გაგრძელებას მოახერხებდა.

– შვიდჯერ იერიშით მოსულნი გიაურები, შვიდჯერვე გავაბრუნეთ უკან და აქაც თუ ქრისტიანები (ქართველები) არ ყოფილიყვნენ, გიაურები ვერ აიღებდნენ ჩვენს სოფელს!..

ერთი მე, მე-ღა გადავრჩი ჩვენის სახლიდგან და ისიც იმისთვის, რომ ყოველგვარი ჯოჯოხეთის ცეცხლი დაბრუნებულიყო ჩემს გულში!..

დავბერდი, მოვუძლურდი და, როდესაც მოსვენება მეჭირვება, მომვლელს ვეღარ ვპოულობ, ვშორდები ჩემის მამა-პაპის საფლავს, ვშორდები ჩემის შვილების ძვლებს, რომელთაც ჩემი ძვლები ვეღარ შეეხება!.. ძნელია, ძნელი ჩემი ცხოვრება!

მოძმეთა ცრემლიც კი აღარ ეღირსება უპატრონო ცხედარს… ეხლა მარტო შენ-ღა უნდა იყო ჩემს ნუგეშად, მარტო შენგან-ღა მოველი თვალების დახუჭვას, მაგრამ… თუ ვაჟია მართალის გულით გიყვარს, თუ ვერ დასთმობ იმას, მითხარ და… მაგ უკანასკნელს ნუგეშსაც… დავთმობ…

– არა, მამა, მე არ მოგშორდები, ასჯერ მომეტებულადაც რომ მიყვარდეს, მე არ მოგშორდები!.. დრო გაივლის… დამავიწყდება… განა დამავიწყდება, მამავ?..

მამამ მიიკრა გულში ქალი და მთრთოლარეს ტუჩებით დაუწყო ლოშნა, მერმე მიაპყრო ზეცას თვალები, დაწყნარდა, მაგრამ გულმხურვალედ წარმოსთქვა:

– გმადლობ შენ, ღმერთო, რომ ამ უკანასკნელს ნუგეშს მაინც არ მართმევ!

ანზორამ ვერ მოასწრო ამ სიტყვების გათავება, როდესაც ერთი მოწიფული ბიჭი, კოხტად თოფგადაგდებული მხარზედ და გვერდზედ თუშურ ქუდმოგდებული, - თავს წამოადგა.

– მარშიოღულ! - შემოსძახა იმან მოსვლის უმალ.

ელისო ფეხზედ წამოვარდა ამ ხმაზედ, მთლად გაწითლდა და თავდახრილს ხმა ვეღარ ამოეღო.

– გაგიმარჯოს, - უპასუსა ანზორამ ფეხზე წამოდგომით. - სტუმარი ღვთისაა, წავიდეთ ბინაზე, რაც ღმერთმა მოგვცა, იმით ვახსენოთ იმის სახელი.

– ჩეჩნელნი პურადნი არიან, იმათი გულუხვობა შორს არის განთქმული, მაგრამ პური არ მშიან…

– მგზავრი ყოველთვის მზად უნდა იყოს პურის საჭმელად, ვინ იცის, მეორე წუთს ექნება-ღა პურის საჭმელი დრო!

– ჰაი, ჰაი, რომ აგრეა, მაგრამ გზას მივეშურები… აქ იმად მოვბრუნდი, განთქმული ანზორა ჩერბიჟის სოფლელები თუ იქნებოდნენ, იმის ამბავს ვკითხავდი.

– ანზორა ჩერბიჟ?.. ანზორა ჩერბიჟ მე ვარ, მაგრამ შენ ვინა ხარ, ვერა გცნობ, ბნელა.

– ანზორ! - დაიძახა უცნობმა და წინ მოიწია.

– ვაჟია! - წამოიძახა გაკვირვებულმა მოხუცმა.

– ღმერთო! ელისოც აქ არის? - მცირე სიჩუმის შემდეგ წარმოსთქვა ვაჟიამ: - რა ამბავია? გამგზავრებულხართ? ხატობას თუ მიხვალთ? - დააცქერდა ელისოს.

– ქალაუ! ჩემის მხრის ქალები ხატში ლხინით და თამაშით მიდიან, შენ რაისთვის-ღა მოგიწყენია?

– ჩემის მხრის ქალებმაც ლხინის დროს ლხინი ვიცით და გლოვის დროს - გლოვა, - უპასუხა გულჩათუთქულმა ელისომ.

ამ სიტყვებზედ შეკრთა ვაჟია, რომელიც საზამთროდ ბინის დასაჭერად მიდიოდა ანზორას სოფელში და რომელმაც ამათი გადასახლების ამბავი არ იცოდა; ის ემზადებოდა ამავე ზამთარს ელისო ეთხოვა. ვაჟიამ წყნარად მოავლო თვალი იქაურობას და გადასწყვიტა, რომ იმათი სამზადისი ხატობაში წასვლას არ მიემზგავსებოდა.

– ანზორ, რა ამბავია? - იკითხა იმან შეშინებულის ხმით.

– სტამბოლს მივდივართ, - ყრუდ, მაგრამ გარკვევით წარმოსთქვა იმან.

ეს სიტყვები ისე მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო ვაჟიასათვის, რომ სიტყვაგამშრალს კარგა ხანი მოუნდა, სანამ ხმის ამოღებას მოახერხებდა.

– სად მიხვალთ? როგორ სთქვი? - ბოლოს წაულუღლუღა იმან.

– სტამბოლს, - მოკლედ მოუჭრა მოხუცმა.

– სტამბოლს? - გაიმეორა ვაჟიამ დაფანტვით და ჯერ კიდევ აზრები ვერ მოეკრიფა: 0 სტამბოლს?.. ეგ საით იქმნების? მეხუმრები, ანზორ, განა?.. ოო, ელისო! შენ მაინც მითხარ მართალი.

– ანზორ მართალს ამბობს, სტამბოლს მივდივართ.

– ელისო, რას ამბობ?.. იფიქრე კარგად… მერე მე რაღა პასუხს მაძლევთ?

– შენ?.. - ჰკითხა მოხუცმა და სიტყვა ვეღარ გაათავა.

– ჰო, მე, მე!.. მაგრამ რაიღა დამალვისაა!.. ელისო მიყვარს, ელისოსთვის დნების ვაჟიას გული! შენ კი ამბობ სტამბოლს მივდივართო!

– ჩემი ქალი გიყვარს, მაგრამ…

– მიყვარს, ღვთის მადლმა, და ისე მიყვარს, როგორც თევზს წყალი, როგორც ფრინველს ჰაერი!.. ოო! ანზორ! მე უმაგისოდ ვერ გავძლებ… რაისთვის მირღვევ ბედნიერებას, რად მართმევ სიცოცხლეს?!

მოხუცი მთლად კანკალებდა და პასუხი ვერ მიეცა.

იმას თვალწინ ედგა ოცის წლის ყმაწვილი კაცი და თექვსმეტის წლის ელისო, ისინი ითხოვდნენ ბედნიერებას, იმათ უფლება ჰქონდათ ამ ბედნიერებაზედ. რა საბუთი, რა უფლება ჰქონდა მოხუცს იმათ საწინააღმდეგოდ?..

– ელისო, გესმის? უპასუხე შენ თავად, უპასუხე!

– ელისო! მითხარ, მითხარ, თორემ ნაღველი მისივდების, გული მელევის!..

თუმცა მამაც და ვაჟიაც ორნივ იწვევდნენ ელისოს სალაპარაკოდ, მაგრამ ის ისე გაქვავებულს სურათსავით იდგა, თითქოს მოლაპარაკეთა სიტყვები იმას არ შეეხებოდა.

ორნი მკითხველი გულისძგერით მოელოდნენ ელისოს პასუხს, თუმცა ორივეს სხვადასხვა პასუხის გაგონება უნდოდათ.

ელისო ჩუმად იდგა და ხმაამოუღებელს ეტყობოდა, რომ გულში ორს მოპირდაპირე გრძნობას წარმოუთქმელი ბრძოლა ჰქონდა.

ერთკენ იდგა მამა და შვილის მოვალეობა იმის წინაშე, მეორეთკენ - სატრფო და იმისი დათმობა.

ამ ერთის წუთის წინ ელისოსთვის გარდაწყვეტილი იყო, რომ გრძნობაზედ მოვალეობას უნდა გაემარჯვა, მაგრამ, რა თვალი შეჰკრა ვაჟიას, რა უხილავმა ძალამ გაირბინა იმის სხეულში, რა ვაჟიას ხმა გაიგონა, - ის მაშინვე გადაიქცა იმად, რადაც უნდა ყოფილიყო - დედაკაცად, და თუ ჯერ სიყვარულის გრძნობას სრულიად არ დაემორჩილა იმისი გული, გამარჯვება მოვალეობისთვისაც არ დაეთმო მას.

– ელისო! გაიმეორე ისა, რასაც წეღან მეუბნებოდი… თუ ვეღარ გაგიბედნია, რა ეს კაცი დაინახე?

– მამავ! - ძლივს გამოსთქვა ელისომ და გაჩუმდა ისევ.

– რაღასა გკითხამ! - გულდაწყვეტით წამოიძახა მოხუცმა: - დღე საით დაიმალება?! მომატყუე განა? - წყენით დაუმატა ანზორამ და მუხლები ჩაეკეცა. ისე დარჩა რამოდენიმე ხანი და სხვებიც გაჩუმებულნი იდგნენ. მშობლის უბედურებას დაემონებინა, თავი მოეხრევინა ყმაწვილურის გატაცებისათვის.

მოხუცის გული ილეოდა, ილეოდა ვაჟიას და ელისოს გულიც იმის ცქერით. ბოლოს მოხუცმა აიღო თავი და უნუგეშოდ მოათვალიერა იქ მყოფნი: მთრთოლარე თითები თითქოს ხელმოსაკიდს საშველს საგანს ეძებდნენ. ბოლოს დაიფარა თვალებზედ ხელი და წარმოუთქმელის მწუხარებით სთქვა:

– მაშ ყველაფერი გათავდა ჩემთვის, ყველაფერი… სრულიად მარტოდ, მარტოდ უნდა ვიარო?.. არც შემბრალებელი, არც დამტირებელი! არც სამშობლოს მიწა-წყალი!.. ყველაფერი წამართვეს, ყველაფერი…

– შენ, შენ, ვაჟიაუ, გეხვეწები! შენა გთხოვ, გემუდარები!.. გესმის, ანზორა ჩერბიჟი გეხვეწება, ანზორა ჩერბიჟი, რომელიც თავის დღეში კაცს არ შეჰხვეწნია… შენ ვაჟკაცი ხარ, გაიგებ ჩემი ხვეწნის ძალას… გაიგებ მოხუცის გულს… ნუ წამართმევ ამ სიბერის დროს მაგ მარტოდ ერთს ნუგეშს!..

შენ რა გიჭირს, ბედნიერო! შენ სახლი გაქვს, კარი, მამული, შენი მიწა-წყალი!.. შენი ძმები გყავს, ნათესაობა, შენ ყმაწვილი ხარ და კიდევ ბევრი ბედნიერება მოგელის - კიდევ ბევრს იპოვი თვალჟუჟუნა ქალებს, რომელნიც შენ გაგახარებენ, და მე?.. აბა შემომხედე… მე მოვხუცდი, ცალი ფეხით სამარემდი მიმიღწევია, ყველაფრით ცარიელი დავრჩენილვარ და ეს ქალიც რომ წამართო, რაღა მრჩება?..

ამ სიტყვებზედ მოხუცს სული შესტაცა მღელვარებამ, იმან დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტად ქშენა, რადგანაც სული ვეღარ ამოექცივა და უსიტყვოდ, ხელების მოძრაობით-ღა ანიშნებდა თავის სატანჯველს. აშკარად გამოხატოდა პირისახეზედ იმ აღგზნებულის საკირის ძალა, რომელიც ანზორას გულში ენთებოდა.

ვაჟია გულკეთილი იყო და ამის მაგალითი არა ერთხელ ენახათ. მაგრამ ელისოს დათმობა იმისთვის შეუძლებელი იყო, რადგანაც თავისი არსებობაც ვერ წარმოედგინა უიმქალოდ.

ელისოს შეენანა თავისი მამა, ამ სურათმა მეტად მოულბო გული, ვაჟიას აღარ დააცალა პასუხი და აშკარად მღელვარებით და ხმის კანკალით, რომელიც წამდაუწუმ უწყდებოდა, წარმოსთქვა:

– ვაჟიაუ! იყოს თავდები ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ელისოს შენს გარეთ არავინ ჰყვარებია, არ უყვარს და არ ეყვარება!.. თავის დღეში შენს გარეშე სხვა კაცს იმის ქმრის სახელი არ ერქმევა.

ამ სიტყვებზედ მამამ მწარედ დაიკვნესა. ვაჟიამ სიხარულით წინ წამოიწია.

– მაგრამ… მაგრამ ელისო თავის მამას თავს არ დაანებებს!

ამ სიტყვების შემდეგ მოძრაობა შეიცვალა:

მოხუცი მთრთოლარე ხელებით ეპოტინებოდა ქალს, რომ იმისი სახე მიეზიდა თავის გახურებულს და გამშრალს ტუჩებთან, მაშინ როდესაც ვაჟია ზარდაცემულსავით იდგა და გაბრუებულს არ ესმოდა, რა ხდებოდა იმის ირგვლივ.

იმას თვალები თითქოს ენთებოდა და ზედ წითელი რაღაც გადაჰბლანდოდა, რომელიც წამდაუწუმ გაწითლებულს ცეცხლსავით ჰფეთქავდა; თავზედ თითქოს რკინის თალები შემოეჭირათ და მათ სისხლის და აზრის მოძრაობა შეეყენებინათ.

მე ასე მგონია, რომ ვაჟია სწორედ იმ მდგომარეობაში იყო, რომელიც სიგიჟის წინაშე წუთებს მოასწავებს.

ბოლოს იმან ძალზედ ამოიქშინა, თითქოს ამითი უნდოდა განთავისუფლებულიყო მძიმე ტვირთისაგან; გაიქნია რამდენჯერმე თავი, მოიკრა გულზედ ხელი და „ოხ-მე“-ს წამოძახებით საკინძე წელამდის ჩაიტანა.

ანზორა წამოდგა და ქალზედ დაყრდომილი ცახცახით გაბრუნდა. მერმე შედგა, მოუბრუნდა ვაჟიას და უთხრა:

– მშვიდობით, ვაჟიაუ!.. ღმერთმა კეთილი მოგცეს, იღბალს შეგახვედროს, - და ამ სიტყვებით გაბრუნდა, რადგანაც მეტი ვეღარა მოახერხა-რა.

– მოიცა, ანზორ! - წამოიძახა მოხევემ ერთბაშად და ხელებგაწვდილმა რამდენიმე ნაბიჯი წარსდგა წინ.

ანზორა შედგა.

– შენ ამბობ, რომ ელისო გიყვარს, მაგისთვის კეთილი გინდა… მერმე მე კი არ მიყვარს, მე არ მინდა კეთილი?.. ღთის მადლმა, მე შენზედ მეტად მიყვარს! მე შენზედ მეტად გავიტანჯები უმაგისოდ!.. თუ ეგ არ მეყოლების, რაღამ უნდა მაცოცხლოს?

– ელისო! წაჰყევ, თუ გინდა! - უთხრა მამამ.

– მამავ! მე გითხარ თავს არ დაგანებებ-მეთქი, რაღად მაწვალებ?..

– ვაჟიავ! ხომ გაიგონე, რომ ჩემი ქალი ჩემთან რჩება?

– და ის კი ვეღარ გაიგონე, რომ მე უყვარვარ? - მიატანა ვაჟიამ: - მე უყვარვარ და შენთან კი რჩება! ვერ გაიგონე, რომ ჩემის მეტი ქმარი არ უნდა?.. რაისთვის უმწარებ სიცოცხლეს?.. იმად, რომ მარტო შენ ისიამოვნო?.. აჰუ!.. შენ ჩემზედ ცოტა გყვარებია! მე ჩემის სიხარულისთვის მაგას ვერ გავტანჯავდი. ვერა, ღთის მადლმა!

– ო, ო, წყეულო, წყეულო! - კბილების ღრჭიალით წარმოსთქვა მოხუცმა: - გველი გარედგან არის ჭრელი და ადამიანი შიგნიდგან!.. შენ გინდა მაგ სიტყვებით დამათმობინო ქალი, ო, ო, წყეულიმც…

– მამავ! - გააწყვეტინა ელისომ; - ნუ სწყევლი, მე გითხარ თავს არ დაგანებებ-მეთქი, და…

– მაშ არ გიყვარვარ? - შესძახა ვაჟიამ და მთლად გაფითრდა.

– მიყვარხარ! ღმერთია მოწამე, მაგრამ მამას თავს არ დავანებებ.

– მაშ უშენოდ თავი რაღად მინდა! - წამოიძახა ერთბაშად მოხევემ.

ამ სიტყვებთან ერთად იმან მარდათ წამოიტრიალა თოფი, წამოაყენა ჩახმახი და წვერი მიიბჯინა გულზედ, ისე რომ სასხლეტს ფეხით მისწვდომიყო.

ელისომ დაიწივლა და გულშემოყრილი დაეცა, ანზორა მიჰვარდა და თოფს ხელი აუკრა სწორედ იმ დროს, როდესაც მოხევე ფეხით დაცემინებას უპირებდა ჩახმახს. თოფი გავარდა, მაგრამ ანზორას წყალობით ტყვიამ ჰაერში გაიტანა გრიალი.

– რას სჩადი, შე ცოდვით სავსევ! - შესძახა ანზორამ.

– რად მიჭერ, თავი მოვიკლა… უმაგისოდ ჩემი სიცოცხლე მაინც არ იქმნების.

– ნუ გამრევ შენს ცოდოში, შენ შენი ღმერთი, დადექ…

ამ დროს დაინახეს გულშემოყრილი ქალი და ორნივ იმისკენ გაქანდნენ, ორთავ თავიანთი თავი გადაავიწყდათ და ცდილობდნენ ელისოს მობრუნებას; ბოლოს, როდესაც კარგა ხანმა გაიარა, ქალმა ამოიქშინა და იმის ამოქშენასთან მამამაც და ვაჟიამაც ძლივს თავისუფლად ამოისუნთქეს.

– გადარჩა! - წარმოსთქვა მოხუცმა.

– მადლი უფალს! - დაუმატა ვაჟიამ.

იმათ ორთავეს გადაჰვიწყებოდათ თავიანთი წინააღმდეგობა, თავიანთი თავი და საზრუნველად მარტო ელისო-ღა გაჰხდომოდათ – იმის მეტი აღარა ახსოვდათ-რა.

ელისომ წყნარად გადაისვა შუბლზედ ხელი, კიდევ ამოისუნთქა და წყნარად წარმოსთქვა:

– სადა ვარ?.. რა მომდის?

– ნუ გეშინიან, ნუ, ელისო!.. აქა ხარ, ჩემთან! - უპასუხა ანზორამ.

– ოჰ, მამავ!.. რა ამბავი იყო?.. რაღაც მოხდა, მაგრამ არ მახსოვს!

– არაფერი, თოფი გავარდა და შენ შეგეშინდა…

– ჰო, თოფი? - წარმოსთქვა იმან და წამოიწივა, მერე ერთბაშად მოაგონდა ყოველისფერი და საშინელის წივილით წამოვარდა: - რა იქმნა, რა? შენ მოჰკალ მამავ, შენ!.. ვაიმე დაღუპვილმა…

ამ სიტყვებით იმან გაიკრა თმებს ხელი, მაგრამ ვაჟიას გაშლილი მკლავები ჩქარა მოეხვია იმას და მიიკრა გულთან.

– ნუ გეშინიან, აქა ვარ, შენთან, ცოცხალი, კარგა მყოფი.

– ღმერთო ჩემო!.. მითხარ ხომ არა იტკინე-რა, ხომ არ დაიჭერ… მართლა ცოცხალი ხარ, მართლა?.. ო, ო, შე უღმერთო, თავი რომ მოგეკლა, მე რაღას მეუბნებოდი?.. აღარ გებრალებოდი მაინც?! - ხვევნითა და კოცნით ეუბნებოდა ელისო.

– ჩემო ყველავ! - იყო ვაჟიას პასუხი, რომელსაც სხვა სიტყვა ვეღარ მოეხერხებინა.

იმათ ყოველისფერი გადაავიწყდათ, რადგანაც მარტო სიყვარულის გრძნობამ-ღა შეიპყრა.

საცოდავი მამა, რომელიც სიყვარულს გადაევიწყებინა იმის შვილებისთვის, იქვე იდგა და ხმის ამოღებას ვეღარ ჰბედავდა. დარწმუნდა, რომ იმის შვილებისთვის შეერთების მეტი გზა აღარ იყო და ამისმა წინააღმდეგობამ კინაღამ ორივე ხელიდგან გამოაცალა, - ეხლა ვეღარ ჰბედავდა იმათ ბედნიერების შეხებას…

რამდენიმე ხნის შემდეგ მამა ლოცავდა იმათ და მასუკან პირობასა სდებდნენ, რომ ხვალ ძაუგში (ვლადიკავკაზში) გამოეცხადებინათ, რომ ანზორა თავის ქალით აღარ მიდის სტამბოლს ამის მაგივრად ისინი წავიდოდნენ ვაჟიას სახლში, სადაც მოხევე იქორწინებდა ელისოსთან და მოხუცი მამა იქ გაატარებდა დანარჩენ სიცოცხლეს.

ამის შემდეგ ისინი გაბრუნდნენ ბინაზედ, საიდგანაც ისევ ის გულსაკლავი ჭიანურის ხმა მოისმოდა, რომელსაც აყოლებდნებ იმავე შესაზარს გმინვას, ზუზუნს და გოდებას.

წეღან კიდევ მზისგან გახურებულ მაწას სითბო მისდევდა, მაგრამ ეხლა ღამეს აეშვა თავისი სიო და ასობით ავადმყოფები, დაყრილნი მინდორზედ, უჩარდახოდ, უექიმოდ, მწარე სურათს წარმოადგენდნენ.

ერთს ალაგს ხედავდით გაქვავებულს მშობელს, რომელსაც შვილი ხელიდამ ეცლებოდა და საბრალო დედა მწუხარე თვალებს აბრუნებდა აქეთ-იქით, თითქოს უსიტყვოდ ეხვეწებოდა, რომ ეშველათ რამე იმის ნაშობისთვის, რომელიც ისე უპატრონოდ, უნუგეშოდ სულსა ჰლევდა მშობლის ხელში.

მეორე მხარეს კიდევ მშობიარე იკლაკნებოდა წარმოუთქმელის ტკივილებისგან, კბილების ღრჭიალით იწვევდა ღმერთს ამ უსამართლობის მოწმად;

მესამე ადგილას მამა მიხრწნილის ხმით ესალმებოდა თავის შვილებს და გულისხეთქით ჰფიქრობდა, რომ სრულიად და სამუდამოდ ჰშორდებოდა იმათ და გამარტოვებული უნდა დამარხულიყო.

ყოველ ადგილს გაჭირვება, კვნესა და ამის ბანად ჭიანურის სევდიანი ხმა და მწარე, უსიტყვო გმინვა და ზუზუნი!

III

ამ ზუზუნით და გმინვით დააღამეს და ამავე ზუზუნით და გმინვითვე დახვდნენ ალიონს ეს ტანჯულნი…

ვაჟია თავის აღზრდით და ცხოვრებით შეჩვეული გაჭირვებას და მოთმინებას, რაღაცა აღელვებულის და გაკაპასებულის გულით წარმოუთქმელად მოელოდა მზის ამოსვლას, როდესაც შეიძლებდა ამ შესაზარის სურათის მოშორებას.

და ან ვინ დარჩებოდა ისე უგულოდ, რომ არ ეგრძნო ამ საერთო მწუხარების ძალა, გარდა იმ სალდათებისა, რომლებიც მიჩენილი ჰყვანდათ გადასახლებულთ წესისა და მშვიდობიანობის დასაცველად.

მარტო ისინი იდგნენ მხიარულად, იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ ამ უსიტყვოდ ხალხის წუხილზედ. შეჩვეულნი მუდამ გარეთ ცხოვრებას, მოშორებულნი საკუთარს სამშობლოს, სახლს, კარს, სახლობას, გულგაქვავებულნი სხვის მწუხარებისადმი არ ჰგრძნობდნენ და არ ესმოდათ, რაზედ იკლავდნენ თავს ეს პატიოსანნი და ყოვლის სიკეთით სავსე მამულისშვილნი.

შეჩვეულნი მუდამ ხეტიალს და წადილს მოკლებულნი და ძალდატანებით დამონებულნი, მუდამ სხვის წადილით და სურვილით მცხოვრებნი, ჰფიქრობდნენ, რომ სხვანიც ისე უნდა ყოფილიყვნენ და ვერ გაეგოთ, რომ სხვის სურვილით და ბრძანებლობით ცხოვრება ყველასაგან ერთ-რიგად ვერ აიტანება.

მზემ წვერი ამოჰყო, მინდვრის მახლობელ ტყიდგან მოისმა ჭიკჭიკი და გალობა სხვადასხვა ფრინველებისა, ბუნებამ გაიღვიძა და ყოველი სულდგმული ქებას ასხავდა მის ძლიერებას. თვით ნამი, რომელიც მტვრად დასდებოდა ზურმუხტოვან მინდორს, შემკულს ფერადოვანის და სურნელიანის ყვავილებით, შესთამაშებდა მზის სხივებს, რომლის მიკარებასთანვე ათასგვარად იცვლიდა ფერს.

რამდენადაც მშვენიერი იყო ეს ადგილები, რამდენადაც შეეძლო ამ უმანკოს, ძლიერს სურათებს კაცის გულის გამხიარულება, იმდენად მეტს ნაღველს უსახავდა გადასახლებულთ გულში, იმდენად მეტად აგრძნობინებდა მათ თავიანთ უბედურებას.

გაიღვიძეს, ვინც კი ძილი შეიძლო, წამოდგნენ ყველანი და ზარმაცად მიჰმართეს თავთავიანთს ურმებს, თავთავიანთს საქონელს, რომელიც იქვე პატარა ბიჭებს საძოვრად დაუდიოდათ.

იმათი მოქმედება იქამდის დადუნებული და დადამბლებული იყო, რომ ყოველ ნაბიჯზედ ავიწყდებოდათ, რისთვის მიდიოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.

ათასჯერ თავბრუხვევამდის ეძებდნენ ტაბიკს, ანუ კიდევ სხვა ურმის რომელსამე იარაღს, მაშინ როდესაც ის იარაღი ხელში ეჭირათ. ან კიდევ მიმავალს რომელსამე საქმეზედ, ერთბაშად უხილავი ძალა შეაყენებდა, დააფიქრებდა და ისე დაღვრემილი რჩებოდა იმ წუთამდის, ვინემ რომელიმე გულკეთილი მეზობლის, ან მბრძანებელის სალდათის ხმა არ გამოიყვანდა ამ თავდავიწყებიდგან.

– ანზორ, ახლა კი წავალ ძაუგს, - უთხრა ვაჟიამ გათენებისათანავე.

– კარგი.

– სანამ შენ ამოხვალ, ყოველისფერს მოვამზადებ, ვითხოვ…

– კარგი.

– ელისო მენახა!.. - გაუბედავად დაუმატა იმან.

– ელისოს ძლივ ჩაეძინა ურემში, დაეხსენ, ცოდოა!

ვაჟიამ პასუხი აღარ მისცა, ამოიოხრა და გასწია ვლადიკავკაზისკენ, სადაც პირდაპირ ნაჩალნიკთან მივიდა.

კარგა ლოდინის შემდეგ, „დიდმა ბატონმა“ ნაჩალნიკმა ძლივს აღირსა თავისი ხილვა და გამობრძანების უმალ, ვაჟიას ქუდის მოხდაზედ, იკითხა:

– შენ ვინა ხარ?

– მე მოხევე გახლავარ, შენი ჭირიმე.

– რას ამბობს? - ჰკითხა თარჯიმანს, რომელიც იქვე ახლოს იდგა, იმანაც გადაუთარგმნა მოხევის სიტყვები.

– რა უნდა?.. უთუოდ ქურდობაზედ დაიჭირეს ეგ ავაზაკი!.. ახ, ღმერთო ჩემო! როდის იქნება ერთი თავიდგან მოგვაშორონ ეს მოუსვენრები?

– მე ცხო გორისა ვარ, ქურდობაზედ ვერ დამიჭერენ!.. - ამაყად უპასუხა ვაჟიამ, რომელსაც ცოტ-ცოტად ესმოდა რუსული. - მე საქმე მაქვს, იმად მოვედ.

– რა საქმე? ჩქარა მითხრას, არა მცალიან.

– ერთი მოხუცებული ჩეჩნელია, იმას აღარ უნდა გადასახლება და იმის მაგივრადა გთხოვთ, რომ გაუშვათ.

– გაეთრიე! - დაუყვირა ნაჩალნიკმა, რაწამს შეიტყო ვაჟიას მისვლის მიზეზი.

– რად მიწყრები? პატრონი არავინა ჰყავს, ერთი ქალის მეტი და…

– მე რომ შემეძლოს, სუყველას, გესმის, სუყველას გადაგასახლებდით, თავიდგან მოგიშორებდით და შენ კი მთხოვ, ვინც ჩაწერილია ისიც გავანთავისუფლო?.. წადი, წადი, მომშორდი თავიდგან!

– შენი ჭირიმე, ბატონო…

– მომშორდი-მეთქი, გეუბნები… შენთვის არა მცალიან.

– მაშ ვისთვის გცალიან? - უპასუხა გულმოსულმა ვაჟიამ: - საქმე მე მაქვს და ჩემთვის არა გცალიან?

– ეი! ყაზახებო! - დაიძახა ნაჩალნიკმა და უჩვენა ვაჟიაზედ: - კაი-კაი მათრახები მაგას!

ვაჟია მთლად გაფითრდა და უკან გადახტა.

– თქვენ ცოდოში ნუ გამხვევთ! - დაუჭყივლა იმან ყაზახებს და გადმოიტრიალა თოფი.

ყაზახები, რომელთაც მიიწიეს ვაჟიასკენ, ერთბაშად უკან მიაწყდნენ და გულგახეთქილი ნაჩალნიკი კი ყვირილით ოთახში შევარდა.

ყაზახები, რომელნიც პირველში ისე შეფრთხნენ და ვეღარ მიჰკარებოდნენ ვაჟიას, ისევ გონს მოვიდნენ და შერცხვათ, რომ ერთს კაცს შეუშინდნენ.

– დაიჭირეთ, დაიჭირეთ! - დაიძახეს იმათ, მიიწიეს ვაჟიაზედ, რომელმაც ჩახმახი წამოაყენა და ისე ელოდა.

– ჩამომეხსენით, რაი გაქვსთ ჩემთან გასაყოფი! - შესძახა იმან.

– დაჰყარე იარაღი, დაგვნებდი! - უყვიროდნენ ყაზახები.

– მანამც გიკვნესიათ, სანამ ცოცხალს ვაჟიას იარაღი ვერ დააყრევინოთ!

– თოფები, თოფები! - დაიძახეს ყაზახებმა და რამდენიმე იმათგანი გაიქცა ბრძანების აღსასრულებლად.

რადგანაც ეს საქმე ბალკონზედ მოხდა, და ვაჟია ისე მოემწყვდა, რომ ჩასავლელი კიბე ყაზახებს ჰქონდათ დაჭერილი, მიხვდა, რომ ცოცხალი ვეღარ გავიდოდა და ძვირად უნდოდა გაეყიდნა თავისი სიცოცხლე.

– აი, ძაღლებო!.. ოცი ერთზედ გულადები ხართ, განა?.. აბა თუ ვაჟკაცები ხართ, თითო-თითოდ მოდით და ნახავთ ვისი დედა ატირდების…

ვაჟიას ნებისნებად არ უნდოდა კაცის სისხლში გარევა, მაგრამ არ უსვენებდნენ იმას და ისიც მოემზადა ძვირად გაეყიდნა თავისი ყმაწვილკაცობა.

ამ დროს მოიხედა უკან და გაღებული ფანჯარა დაინახა, რომელიც გზას გადაჰყურებდა. ერთს თვალის დახამხამებაზედ ის შეხტა ფანჯარაზედ და გადახტა.

ქვეით ერთი ყაზახი ცხენს ატარებდა, რომელიც ნაჩალნიკისთვის მოემზადებინათ, რადგანაც მინდვრად ჩეჩნელთ დასათვალიერებლად გასვლას აპირობდა.

ვაჟია მივარდა ყაზახს, რომელიც ბავშვსავით აიღო და დასცა, წაართვა საუკეთესო ცხენი, წუთზედ მოაჯდა და გაჰქუსლა ტყისკენ.

გაშტერებული ყაზახები მისცვივდნენ ფანჯარას, მაგრამ გადახტომა ვერავინ გაბედა. ამ დროს მოიტანეს თოფებიც და ორი-სამი სროლა ძლივს მოასწრეს, სანამ ვაჟია სახლის კედელს მოეფარებოდა.

სხვა ყაზახები ჩაცვივდნენ, მოასხდნენ ცხენებს და გამოეკიდნენ ვაჟიას, რომელიც მინდორზედ გავიდა და მიაჭენებდა ტყისკენ.

იმას მისდევდნენ ყაზახები, ჯერ ჯგუფად და თოფის სროლით მერმე რამდენიმე ცხენი დაწინაურდა, ცოტას ხანს შემდეგ ორი ცხენი გავიდა წინ და, ბოლოს, ერთმა დაიგდო ყველანი.

თოფის სროლა შესწყდა, რადგანაც უკანანი ვეღარ ბედავდნენ, რათა წინა ამხანაგები არ დაეჭრათ და ყველაზედ მოწინავეს კი თოფი არ გაჰყოლოდა, მაგრამ იმისი მხეცსავით ჩასისხლებული თვალები აშკარად ამბობდნენ, რომ თუ მოეწეოდა ვაჟიას, ის ისე არ შეიწყალებდა, როგორც უკანასკნელს მხეცს.

ვაჟია მიაჭენებდა თავის ცხენს და ხანდისხან დასჭყივლებდა ქუდის მოხდით და ქნევით, მაგრამ ნამთევს, გასუქებულს ცხენს ქშენა მალე მოეკიდა და ერთბაშად უკლო, მაშინ, როდესაც ყაზახის ცხენი ისევ ისე მირბოდა, რადგანაც გამოწურულს და მომზადებულს თითქმის ფერდები ერთმანეთს გაჰკროდა.

თანდათან ყაზახის ცხენმა მოკრიფა ვაჟიას ცხენი და ამან კი დაინახა, რომ ტყეში ვეღარ შეუსწრობდა. სხვა ყაზახები, რომლებიც ყიჟინით ამხნევებდნენ ამხანაგებს, კარგად დაშორებოდნენ მას.

ვაჟიამ მოიხედა უკან და ისე წინ მიუხედავად უყურებდა; ყაზახს გაეძრო ხმალი და წუთით წუთს ელოდა ვაჟიას წამოწდომას. ვაჟიამ გადმოიბრუნა თოფი და დაუმიზნა, ყაზახი სწორედ იმ წამს გადაწვა ცხენზედ, როდესაც თოფმა გრიალი მოიღო და ტყვიამ მარტო ქუდი-ღა გაუკენწლა, ის გაიმართა ისევ ცხენზედ და დასჭყივლა.

მოხევეს დრო აღარ ჰქონდა თოფის ხელახლად გასატენად და ამისთვის მხარზედ გადაიგდო, როგორც იმჟამად გამოუსადეგარი იარაღი და გაიძრო თვითონაც ხმალი… კიდევ წუთი და დასაკრავად შემაღლებულის ხმლით ყაზახი წამოეწია; ვაჟიამ სწორედ იმ დროს წაიბრუნა გვერდზედ ცხენი, როდესაც ყაზახმა ხმალი მოუქნია.

ყაზახის ცხენი ოდნავ გასცდა ვაჟიას ცხენს, მაგრამ იმ წუთში იელვა მოხევის ხმალმა.

ეს ყველა ისე სწრაფად მოჰხდა, ისე სწრაფად, რომ კაცი ძლივს მოასწრებდა თვალს. ყაზახის ცხენი გავიდა წინ, ვაჟიაც გაიმართა. უთუოდ ორნივე გადარჩნენ!.. რამდენიმე ხნის შემდეგ ყაზახის ცხენი ყალხზედ შედგა, თითქოს პატრონმა ჯილავს მოსწია ძალზედაო.

ყაზახი შეტორტმანდა, გადმოიზნიქა უკან, კიდევ წუთი და ის ჯერ გადმოეკიდა ცხენს, მერე ავჟანდიდგან ფეხი დაუსხლტა და დაგორდა მიწაზედ: ვაჟიას ხმალს თავი შუაზედ გაეჩეხა იმისთვის.

განთავისუფლებული ცხენი მოუსვენარ პატრონისგან შესდგა და ხანგამოშვებით ფრუტუნით ბალახს წიწკნა დაუწყო. ვაჟია, რომელიც იმას გაუსწორდა, გადასწვდა ჯილავს, დაიჭირა ცხენი და ერთს წუთში თავის ცხენიდგან იმას მოექცა ზურგზედ.

რამდენსამე თოფის ხმაზედ, რომელიც მიმართეს ვაჟიას ყაზახებმა, მოხევემ დასჭყივლა ცხენს და შეეფარა ტყეში… საიდგანაც ყაზახები ბევრი ძებნის შემდეგ ცარიელები დაბრუნდნენ და ამ შემთხვევამ ნაჩალნიკს წამოაძახა:

– აკი მოგახსენებთ, რომ ყველანი ღვთის რისხვა და გარეგანი არიან!.. რაც შეიძლება და რითაც შეიძლება, საჭიროა მაგათი ჩქარა მოშორება თავიდგან!

– მართალსა ბრძანებთ, მართალს! - თავის კანტრუშით ეთანხმებოდნენ, თუ ეჩვენებოდნენ თანახმად, იქ მყოფნი, რომლებიც ჩეჩნელთ გადასახლებით ისე გახალისდნენ, რომ ქართველებსაც ამასავე უპირებდნენ.

IV

ჩეჩნელები მიახლოვდნენ ვლადიკავკაზს. გამწკრივებული ჭრიჭინა ურმები ზარმაცად მოგორავდნენ და გულს უწვრილებდნენ ადამიანს.

ურმებს მოსდევდნენ ფეხშიშველა ბავშვები, რომელთათვისაც სიცხეს და წვრილ ქვას, ქვიშაში არეულს, ყავარ-ყავარ დაეხეთაქათ ტიტველა ხორცი, შიგ ჩაჰკდომოდათ მტვერი და წაღმა-უკუღმა ლურჯად დაეხაზათ.

უეჭველია, წარმოუთქმელ ტკივილსა გრძნობდა იმათი კანი, რადგანაც წამდაუწუმ კელობდნენ, აიტაცებდნენ ფეხს და, თუ არ შესტირებდნენ მწარედ მაინც არის იღრიჯებოდნენ.

იმათ გაიარეს ძაუგი, სადაც ხალხი მიეგება და იმათ ნახვაზედ ხმაგაკმენდილნი გულის დუღილით შესცქეროდნენ, ვინ იცის ვისი მიზეზით წამებულებს, მაგრამ რა იყო იმათ ხელს? რითი შეუმსუბუქებდნენ ვარამს?

ელისო იტანჯებოდა ამ სურათის ცქერით და ვაჟიას ლოდინით, რომელიც არსადა სჩანდა, თითქოს გადავიწყებოდა თავისი სატრფო, რომლისთვისაც გუშინ კინაღამ თავი მოიკლა.

ანზორმაც არ იცოდა ვაჟიას თავგადასავალი და ამისთვის უკვირდა, რომ მოხევე არ დაჰხვდა იმათ ქალაქის ბოლოს და არ წაიყვანა ნაჩალნიკთან, როგორც წინადვე პირობა ჰქონდათ დადებული.

ქალი და მამა დახოცილებსავით იყვნენ, და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, რათა უცაბედო კითხვით თავიანთ უნებლივ მწარე საგანს არ შეჰხებოდნენ.

ან რა ლაპარაკი-ღა უნდოდათ იმაზედ, რაც ისეც აშკარა იყო? ვაჟია უნდა დაჰხვედროდა ძაუგის ბოლოს და ისინი აგერ მეორე ბოლოშიაც გავიდნენ, მაგრამ მოხევე არსადა სჩანდა.

აი იმ ადგილებამდისაც მიაღწივეს, სადაც ღამე უნდა დამდგარიყვნენ და გააჩერეს ურმები, შემოარტყეს ისევ ალყა და იმათ გარეშემო დააყენეს მცველებად სალდათები და ყაზახები.

მზე ჯერ არ ჩასულიყო, როდესაც ამ ადგილების ნაჩალნიკი თოლმაჯებით და ყაზახებით მოვიდა იქ, გამოიხმო კაცები და უთხრა:

– თქვენ თქვენის სურვილით მოიწადინეთ ოსმალეთში გადასახლება და ჩვენც ნება მოგეცით. ეხლა ჩემს ყურამდის მოაღწია ხმამ, რომ ზოგიერთს ისევ დარჩენა მოუწადინია.. გიცხადებთ, რომ, ვინც ერთხელ ჩაიწერა გადასახლებულთ სიაში, იმისი აქ დარჩენა ყოვლად შეუძლებელია.

რომ გაქცევა ვერ გაბედოთ, თქვენი მცველები ერთი-ორად გავამრავლე და… იცოდეთ, ვინც გაქცევას მოიწადინებს, იმას შეუბრალებლად მოჰკლავენ. აგრე აქვსთ ნაბრძანები.

ამ სიტყვებით ის უკანვე გამობრუნდა და იორღა ცხენით ამაყად გასწია ვლადიკავკაზისკენ.

ხალხი რამოდენიმე ხანი ისე ჩუმად დარჩა და უსიტყვოდ, წყნარის ოხვრით დაიშალა. ან რა უნდა ეთქვათ?.. ვის რას გააგონებდნენ?

ყველანი მოჰყვნენ თავიანთ ბინის გამართვას.

იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც ოსმალეთში მიმავლების ბინა ისევ უწინდელს სურათს წარმოადგენდა. აქა-იქ ცეცხლები, რომელთა შუა ჩრდილსავით დადიოდნენ კაცები და დედაკაცები.

ერთი განსხვავება ეს-ღა იყო, რომ ხალხი ეხლა მეტად დაღონებულიყო, მეტად შეწუხებულიყო… ჭიანურის ხმაც კი აღარ მოისმოდა… არ შეწყვეტილიყო მხოლოდ უსიტყვოდ ზუზუნი, უსიტყვოდ კენესა, უსიტყვოდ სულის გმინვა და გოდება!..

ესენი გასცქეროდნენ თავიანთ მინდვრებს, თავიანთ მთებს, რომელნიც ღამის სივრცეში ცის კიდურზედ იხატებოდნენ. აქედგან უგზავნიდნენ ჩუმს, სევდიანს სალამს და დანარჩენი კი ისევ კვნესასა და ზუზუნში გამოითქმოდა.

ერთბაშად ავარდა ერთს ადგილს კორიანტელი, თითქოს მიწიან ადგილს ქარმა დაჰბერაო. გაჩნდა კვამლსავით პატარა ნისლი და მაშინვე განქრა. გაჩნდა მეორე ადგილს და განქრა… მასუკან რამდენსამე ადგილს ერთად გამოჩნდა ეს ნისლი, რომელიც თითქოს მიწიდგან იზრდებოდა, და აირია ჰაერი.

ქარი ზუზუნით დაუბერავდა და უერთდებოდა ხალხის ზუზუნს: უნუგეშოდ დარჩენილს მშობელს გული ვეღარ მოებრუნებინა თავის პირმშოს დაკარგვით!

კიდევ წუთი და ცა ტყვიისფრად მოიქცა! აშკარად გაავდრებას აპირობდა; ეტყობოდა, ბუნებაც შეირყა ამდენის საცოდავობით და იმ ადგილის ცას არ უნდოდა თავის ქვეყნის შვილებთან უცრემლოდ გამოსალმება.

ჩავარდა ქარი, ჩამოცხა. გაჩუმდა ყოველისფერი, ჰაერი დამძიმდა, სუნთქვა გაძნელდა!.. ჩამოვარდა წვეთი, მოჰყვა მეორე. იჭექა ერთბაშად და წამოვიდა წვრილი, მაგრამ გამუდმებული წვიმა.

ერთს წუთში მწვანე მინდორი დაიფარა წყალით, რომლიდგანაც დაბალ ბალახებს თავები ამოეყოთ და წყნარად მღელვარებდნენ.

წყალი გუბდებოდა ოღრო-ჩოღროებში, რადგანაც გამძღარი მიწა ვეღარ ისუტავდა. ქარი ისევ ამოვარდა, ხანგამოშვებით, ზუზუნით უბერავდა და აყინულებდა ყველაფერს. წამდაუწუმ ელვა და ქუხილი უერთდებოდა იმის ზუზუნს.

ბავშვები ტიროდნენ შიშით და სიცივით. მშობიარე დედაკაცები გოდებით წარმოსთქვამდნენ იმათ წყევლას, ვინც ისინი მიიყვანა ამ დღემდის და წყევლასთან ერთად ჰლევდნენ სულს.

კაცები წარბებშეჭმუხვნილნი, ხანჯალს ხელგავლებულნი ჩუმად იდგნენ და უყურებდნენ თავიანთ დღეს, თითქოს სამართალს ელოდნენ, მაგრამ ვისგან?

ერთს ადგილს ავადმყოფი მოხუცებული დედაკაცი მიწოლილიყო და მწარედ კავკავებდა სიცივისგან. შემოფლეთილი ტანისამოსი, რომლიდგანაც აქა-იქ დაწითლებული ხორცი გამოსჩენოდა, ამტკიცებდა, რომ ის უპატრონო და ღატაკი უნდა ყოფილიყო, საცოდავი წუმპეში მწოლარე ებრძოდა სიკვდილს და ამ უკანასკნელს სულის ბრძოლაშიაც ვერ ეპოვა მოსვენება.

წვიმა დასდიოდა ზედ. ანზორამ შეჰკრა თვალი და გადააფარა თავისი ტყავი, ბავშვები მიეხვივნენ და ცახცახით მოუწვნენ აქეთ-იქით, როგორც ანგელოზები, რომელნიც თითქოს ლოცულობდნენ ამის სულისთვის… არ გაიარა რამდენმამე წუთმა, როდესაც წამოიწია დედაკაცმა და დალია სული.

ნუ თუ უზენაესი არ გაიგონებს, არ გადმოხედავს იმათ?..

დაბნელდა ძალზედ, წვიმამ ცეცხლებიც ჩააქრო და სიჩუმე დაირღვეოდა მხოლოდ განრისხებულის ბუნების გრგვინვით და ჩერქეზთ ჩქარ-ჩქარის კვნესით და ღვთის ხსენებით.

იქნებოდა ღამის ათი საათი, როდესაც მგზავრების ბინისკენ, ბალახებში ჩაწოლილი წყნარად და სიფრთხილით ვიღაცა კაცი მიცურავდა. ის წამდაუწუმ ამოჰყოფდა ბალახებიდამ თავს და ათვალიერებდა იქაურობას, მაგრამ მაშინვე გაწვებოდა მიწაზედ და ისევ გაცურდებოდა;

როდესაც მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც ყარაულების წრე იყო შემორტყმული, მან წყნარად აიღო თავი და ღამეში დაჩვეულის თვალებით სწრაფად გაარჩია, რომ ის ერთს სალდათს მეტად მიახლოვებოდა და გამობრუნება ამ მცველის შეუმჩნევლად გასჭირდებოდა.

მართლაც, სალდათი, რომელიც ავდრის წყალობით მობუზულიყო და თვალებდახუჭული ელოდა თავის გამოცვლას, ერთბაშად შეინძრა, გაახილა თვალები და უკან წარსდგა.

ეტყობოდა, რომ მეტად ახლო მიცურებული კაცი შეამჩნია და, რა პირი დააღო დასაყვირებლად, ვაჟიამ სწრაფად ხანჯალი ჩასცა ყელში და ხმა გაუწყვიტა; რუსი იქვე დაეცა და დაიწყო ფართხალი.

ვაჟიამ წყნარად ამოაძრო ხანჯალი, გაწმინდა სველ ბალახზედ და ისევ ცურვით წავიდა ჩეჩნელებისკენ.

როდესაც მიუახლოვდა ურმებს, ის წამოდგა და უშიშრად შევიდა ჩეჩნელებთან, სადაც კითხვა-კითხვით ჩქარა იპოვა ანზორას ურემი, რომელშიაც ავდარს შეჰფარებოდა ელისო.

იმისი მამა თავშიშველი და თმაგაწეწილი, თითქოს ვეღარა ჰგრძნობდა ამ ავდარს, მთლად მისცემოდა თავის ფიქრს, თავის მწუხარებას.

ახლა, როდესაც თავის ქალის და ვაჟიას ასეთი თავგანწირული სიყვარული შეიტყო, როდესაც დარწმუნდა, რომ იმათი გაყრა სიკვდილს ეთანაბრებოდა, წარმოუთქმელის ძალით მოუნდა დარჩენა და ამ წადილის აღსასრულებლად თავსაც აღარ შეიწყალებდა.

– ჰე, ჰეი! - შესძახა მოხუცმა, რა მიახლოვებული კაცი დაინახა: - ვინა ხარ?

– ანზორ? - წყნარად და ჩუმად იკითხა მისულმა.

– ვაჟია! - სიხარულით წამოიძახა მოხუცმა და მოეგება.

– გვიანობისა აღარაა, უნდა გავიქცნეთ!

– ქვეითები?.. სადა წაუვალთ? - პირდაპირ დაიწყო ჩეჩენმა, რადგანაც ცხოვრებამ შეაჩვია, რომ უბრალოდ დრო არ დაეკარგა.

– აქვე, განაპირებით ცხენები მყავს, მხოლოდ ჩქარა!

ანზორა რომ მარტოკა ყოფილიყო, მაშინ ის დაუფიქრებლივ გაჰყვებოდა ვაჟიას, მაგრამ ეხლა იმასთან იყო უკანასკნელი იმისი იმედი, რომლის ხიფათში მიცემას სიკვდილს ირჩევდა.

– ქალი როგორ წავიყვანოთ? ვაი თუ…

– მე მზადა ვარ, - გააწყვეტინა ელისომ, რომელიც ურმიდგან გადმოვიდა: - მე ყველაფერი გავიგონე, წავიდეთ.

– ელისო! - შესძახა ვაჟიამ და გატაცებით მიიკრა მკერდზედ.

ანზორა ცრემლიანის თვალებით შეჰყურებდა იმათ და ეშინოდა სიტყვის გარევით არ დაეშალა იმათი ბედნიერება.

– ღმერთი გაერთებსთ, კაცი ვეღარ გაგყრისთ! - ბოლოს წარმოსთქვა გაფრთხილებულმა მოხუცმა, რომელიც ყოველ წუთს აფასებდა: - აჩქარდით, რაკი აგრეა.

იმ სიტყვებმა შეყვარებულნი გამოიყვანა თავდავიწყებიდგან და მოაგონა სამწუხარო ჭეშმარიტება.

– მართალს ამბობ, გვიანობა აღარ ვარგა, - უპასუხა მოხევემ, შეიბერტყა და ქუდის მოხდით დაუმატა: - ხევის ჯვარ-ანგელოზნო, თქვენ დაგვეხმარენით, თქვენ მოგვიმართეთ ხელი!

ვაჟიას წინამძღოლობით გასწიეს იმათ იმ გზითვე, რომლითაც მოვიდა ყმაწვილი მოხევე და, რა ურმებს გასცდნენ, ვაჟიამ წყნარად უთხრა ანზორას:

– აქედგან მუცლით უნდა ვიცურვოთ.

ორივე კაცი აქეთ-იქით გაწვნენ, შუაში ჩაიწვინეს ქალი და ისე ცურვით გასცილდნენ ყარაულთ წრეს.

თერგის პირთან იმათ ნახეს სამი ცხენი, რომლებზედაც ამხედრდენ და გაქუსლეს მთებისკენ.

V

ისინი მიაჭენებდნენ ცხენებს და სცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა, ჩქარა გასცილებოდნენ ლარსს და დარიელას, ამ ყველაზედ ძნელს ადგილებს, სადაც კლდეები გახეთქილან და თითქოს განგებ ჩამოლესილან, რომ გაჭირვებულს კაცს ყოველი საშუალება მოუსპონ თავისუფალ სიარულისთვის.

აქ გავლა იმ ხანებში მით უფრო ძნელდებოდა, რომ მთელს გზაზედ გარდიგარდმო, უკეთა ვსთქვათ, ჯვარედინად, ღამე რუსის მცველებს აყენებდნენ და იმათ კი საშუალება ეძლეოდათ ყოველგვარი უსამართლობისა, რადგანაც იმათი მოქმედება ღამე, უმოწმოდ ხდებოდა და, მაშასადამე, უცხო თვალი ვერ დაესწრებოდა, ვერვინ გაარჩევდა, ვერვინ გაამტყუნებდა.

იქნებოდა საათის თორმეტი, როდესაც ვაჟია და მისი ამხანაგები ლარსის საფრთხეს მიახლოვდნენ. ვაჟიამ, რომელიც წინ მიუძღოდა, ცხენი შეაყენა, მსწრაფლად გადმოხტა. ანზორამ და ელისომაც შეაყენეს ცხენები.

– რა ამბავია? - იკითხა მოხუცმა.

– ჩამოხტით ცხენიდგან! - მოკლედ უთხრა მოხევემ და მიეშველა ელისოს.

ანზორამ, რომელსაც ცხენის სადავეები მისცა ხელში, კითხვა აღარ გაიმეორა, რადგანაც მოხევის სიფრთხილე, მოკლე სიტყვები და ბრძანებლობის კილო ამტკიცებდა, რომ ისინი საშიშ მდგომარეობაში იყვნენ და მეტი კითხვა კი მეტი დროს დაკარგვა იქნებოდა.

ვაჟიამ ახსნა თავის უნაგირიდგან ნაბადი, ამოიღო დანა და პატარ-პატარა ნაჭრებად დაუწყო ჭრა, მასუკან პატარა აბგიდან ამოიღო წვრილი თოკი და იმით ცხენებს ქაჩაჩზედ ნაბდის ნაჭრები მაგრად ამოაკრა.

ანზორას, როგორც მინდორში აღზრდილს, არ ესმოდა ეს სიფრთხილე და ამისთვის გაკვირვებით უყურებდა მოხევის მოქმედებას.

– რას შვრები? - მოხუცს ვეღარ გაუძლო გულმა და ჰკითხა მოხევეს.

– აქ მცველები დგანან და ადგილი კი რიყიანია!

ამ სიტყვებით ანზორა მიჰხვდა, რომ ცხენის ფეხებს ამოკრული რბილი ნაბადი სიარულში ხმას აღარ გამოაღებინებდა და, როგორც ძველს მეომარს, ჯარის წინამძღომელს, მოეწონა ეს მოსაზრება.

– შენ მოსაზრებული ხარ!.. ბრალია შამილის დაჭერა, იმასთან სახელს მალე გაითქვამდი.

– შესხედით! - დასძახა ისევ ვაჟიამ და წუთის უკან გაემართნენ გზას იმავე წყობით.

მართლადაც, აქამდის ცხენების ფეხებს ისეთი რაკი-რუკი გაჰქონდათ ქვითა და ქვიშით გატკეპნილს გზაზედ, რომ მკვდარსაც კი გამოაფხიზლებდნენ, მაშინ, როდესაც ეხლა სრულიად აღარ ისმოდა იმათი მოძრაობა.

ვაჟია მით უფრო დარწმუნებული იყო - მოატყუებდა მცველების სიფხიზლეს, რომ, როგორც ეტყობოდა, გამოდარებას არ აპირობდა და დაბლად ჩამოწოლილი ნისლი კი ისე აბნელებდა იქაურობას, რომ კაცი თვალთან მიტანილს თითს ვერ გაარჩევდა.

აქამდისინ ჩქარი სიარული მოხევემ ეხლა შესცვალა წყნარით; ის, გაფრთხილებული, ყურებდაცქვეტილი, თითქოს სმენად გადაქცეულიყო, რათა არავითარი ხმაურობა არ გამოჰპარვოდა.

ვაჟიას რამდენჯერმე მოესმა რაღაცა ხმაურობა, რამდენჯერმე შეაყენა ცხენი და კისერ წინგაწვდილი კარგა ხანს უგდებდა ყურს, მაგრამ დარწმუნებული, რომ საშიში არა არის-რა, ისევ აგრძელებდა გზას.

ისინი მიახლოვდნენ ბოგირს, რომელიც იქვე ჩარხის წყალზედ არის გადებული და ცხენმა ერთბაშად დაიფრუტუნა, შეფთხა და უკან დაიწია. ვაჟია გაუჯავრდა ცხენს და წყნარად მათრახის დაკვრით მიაგდო ბოგირს, მაგრამ ცხენი, რა მიახლოვდა, ისევ უკან გამოხტა.

– ტიალო! რა ნახე? - ძლივს მოასწრო წარმოთქმა იმან, როდესაც ენებსავით გამოიელვა რაღამაც და მოისმა რამდენიმე თოფის გრიალი.

– ო, ო! ძაღლებო, ძაღლებო! - დასჭყივლა იმან და ზედ მიაგდო ცხენი, სადაც ელვამ გაანათა ათიოდე თუ უფრო მეტი თოფიანი რუსი. მოხევემ წამზედ გაიძრო ხმალი და პირველსავე მივარდნაზე ერთს ისე ძალზე დაჰკრა, რომ მხარიღლივ გადასხიპა, მაგრამ იმ წამსვე იგრძნო შუბის წვერი, რომელმაც გულში ცივად გაუარა. ის დაბარბაცდა, გაჟრჟოლდა და დაეცა.

– უღმერთონო, უსამართლონო, ურჯულონო!.. ელი… ელისო! - და ამ სიტყვებზე აღმოხდა სული.

ანზორა და იმის ქალი, რომლებიც ცოტა მოშორებით მოდიოდნენ, თუმცა სრულებით დაეცხავებინა ტყვიებს, მაგრამ მოხუცს სიკვდილამდის კიდევ მოესწრო თავისი ქალის მკერდში ჩაკვრა და ისე დაელია სული…

ამ შემთხვევის შემდეგ მესამე დღეს, სწორედ ამ ადგილზედ, სადაც დახოცილები ჯერ კიდევ გზის პირად ეყარნენ და არავინ ფიქრობდა იმათ დასაფლავებას, გამოიარეს ანზორას ამხანაგებმა: ისინი უწინდელზედ მეტად შეწუხებულიყვნენ!.. ისევ ის ზუზუნი, ისევ ის შემაძრწუნებელი გლოვის ხმა, ისევ ის გოდება და გმინვა, რომელიც სწყდებოდათ გულის საძირკვლიდგან და იკარგებოდა ჰაერში!..

გასწიეს ამ საცოდავებმა ოსმალეთისაკენ, მაგრამ ბევრმა ჩააღწია დანიშნულს ადგილს.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ალექსანდრე ყაზბეგი  • • •  ალექსანდრე ყაზბეგის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ