ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში, გაჩერებაზე „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“.
ბაქანზე ოც კაცამდე თუ იქნებოდა (სამწუხაროდ, ზუსტი რაოდენობა შემდგომმა კვლევა-ძიებამ ვერ დაადგინა, ამ ამბის თვითმხილველთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ თავიდანვე ცხრამეტნი იყვნენ, მაგრამ, ზოგიერთი ცნობით, თავდაპირველად ოცი კაცი იყო და მერე ერთი უკვალოდ გაქრა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელთა გვაქვს ჩვიდმეტი მგზავრის და მეტროპოლიტენის ორი მუშაკის ჩვენებები).
3 საათსა და 1 წუთზე მატარებელი გავიდა სადგურ „წერეთლის მოედნისაკენ“.
3 საათსა და 2 წუთზე იმავე ხაზზე გვირაბიდან გამოჩნდა მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი პროცესია.
ლიანდაგზე აქლემების ქარავანი მოდიოდა.
წინ მედიდურად და ამაყად მოაბიჯებდა ლამაზად მორთული ერთკუზიანი თეთრი აქლემი.
თეთრ ხილაბანდში გახვეულ მხედარს მაღლა აწვდილ, თითქოს გაშეშებულ ხელში ნახევარმთვარის მოყვანილობის მბზინავი ხმალი ეჭირა. შავგვრემან სახეს პირბადე უფარავდა. იერი მშვიდი და მკაცრი ჰქონდა.
მას მოჰყვებოდნენ მძიმედ დატვირთული ჩვეულებრივი ორკუზიანი აქლემები, რომლებსაც, როგორც ჩანს, რიგითი ბედუინები მართავდნენ, სახეებზე გულგრილ, გაყინულ თავდარწმუნებასთან ერთად დაღლაც ეტყობოდათ.
მძლავრად და სწრაფად მოდიოდნენ.
სულ ათიდან ოცდაათამდე აქლემი იყო (ამ საკითხში ჩვენებები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს).
უკანასკნელ აქლემს თავიდან მხედარი თითქოს არ ჰყოლია, შემდეგ კი გაუჩნდა (?! - ესეც გაურკვეველი მომენტია).
ქარავნის ფეხის ხმა ყრუ დგაფუნივით ისმოდა, დადგა ზოოპარკის, ოფლის მძაფრი და მჟავე სუნი.
3 საათსა და 4 წუთზე ქარავანი გვირაბში გაუჩინარდა.
3 საათსა და 5 წუთზე ჩამოდგა მატარებელი, რომელიც, რასაკვირველია, არავის არ დასჯახებია და რომლის მემანქანეს და მგზავრებს არაჩვეულებრივი არაფერი შეუმჩნევიათ.
ბაქანზე მყოფი ცხრამეტი ადამიანი მარმარილოს ქანდაკებების სკულპტურული ჯგუფის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც ფერით, ასევე გახევებულობით.
სიცოცხლის ნიშანწყალი პირველს დაეტყო ვინმე გაიოზ გობრონის ძე გიგაურს (34 წლის, უმუშევარი, გამოუსწორებელი ლოთი და მუქთახორა, ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობისთვის), რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. 3 საათსა და 6 წუთზე მან აუტანელი ხარხარი ატეხა, ნანახი ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია ეგონა. იცინოდა გაუჩერებლად 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გული შეუწუხდა.
ამ საზარელი ხმის გაგონებაზე მოქალაქე ზინაიდა ტერენტის ასულ ჯანიაშვილს (37 წლის, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი, გაუთხოვარი) დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები და მშობიარობა (უნდა აღინიშნოს, ჯანიაშვილი ამტკიცებს, თითქოს იგი არამცთუ ფეხმძიმედ არ ყოფილა, არამედ ქალწული იყო).
ამ დროს მოქალაქე როზა რობერტის ასული გაგლოევა (51 წლის, დიასახლისი) გონებამიხდილი ძირს დაენარცხა და თავი გაიტეხა (ახლა გაგლოევა უჩივის მეტროპოლიტენის სამმართველოს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით, თუმცა კომოციო (ტვინის შერყევა)* სუსტი ფორმისა მიიღო.
მატარებლიდან გადმოსული მგზავრები დაუყოვნებლივ მისცვივდნენ ჯანიაშვილსა და გაგლოევას კეთილშობილური სურვილით, აღმოეჩინათ პირველადი დახმარება, მაგრამ აქ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაფერხა შემდეგმა ფაქტმა, ერთდროულად კიდევ თოთხმეტ მოქალაქეს წაუვიდა გული (რვა ქალსა და ექვს მამაკაცს), ხოლო ვინმე პავლე მიტროფანეს-ძე პეტროვი (67 წლის, პენსიონერი) მუხლებზე დაემხო და მხურვალე ლოცვა და ქვითინი მორთო, თან მკერდში გამეტებით იცემდა მჯიღს.
ჯუმბერ მარლენის-ძე ქობულაშვილს (42 წლის, პარტიული, თბილკოოპვაჭრობის #20 მაღაზიის გამგე),
ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ დაიბნა მოქალაქე მერაბ ზურაბის ძე ზურიკაშვილი (26 წლის, კომკავშირელი, სპი-ს სტუდენტი), რომელიც ის იყო ბაქანზე შემოვიდა და რომელიც მართლაც რომ ქების ღირსია. მან მსწრაფლ გამოიძახა მილიციაცა და სასწრაფო დახმარებაც, შემდეგ შეძლებისდაგვარად მიეხმარა ჯანიაშვილს.
ნახევარ საათში ცხრამეტივე დაზარალებული და ახალშობილი (ბიჭი, 4 კგ) მორიგე საავადმყოფოში მოათავსეს.
აღიძრა საქმე, დაიწყო ძიება.
ოპერატიულმა ჯგუფმა კაპიტან ამირან ტოროშელიძის მეთაურობით შეისწავლა შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინა პირველი, და როგორც რამდენიმე დღეში გახდა ცხადი, ერთადერთი მატერიალური საბუთი, რომელიც გარკვეულწილად ადასტურებდა ცხრამეტი მოქალაქის მონათხრობს, - მოშავო-მოყავისფრო ფერის, მძაფრი არასასიამოვნო სუნის მქონე მკვრივი კონსისტენციის ნივთიერება (500 გრ).
საგანგებო კომისიამ, რომელშიც შევიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებიდან, გულმოდგინე ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს იყო საქონლის ჩვეულებრივი ექსკრემენტი, ანუ ნეხვი (სავსებით დასაშვებია, აქლემისაც).
დეტალური და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღდგა, უფრო ზუსტად, რეკონსტრუირებულ იქნა შემთხვევის სურათი, მისი თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ ამან, სამწუხაროდ, ნათელი ვერ მოჰფინა უჩვეულო ინციდენტს.
გამოძიების მსვლელობისას ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა, თუმცა არცერთი მათგანი 21 მარტს მომხდარ შემთხვევას უშუალოდ არ ეხებოდა (ასე მაგალითად, ჯ. მ. ქობულაშვილმა გულახდილად აღიარა სამრეწველო საქონლის დატაცების მრავალრიცხოვანი შემთხვევები, გ. გ. გიგაური გამოტყდა ფულის გამოძალვის მცდელობაში, ს.ჯ. ყარალაშვილმა აღიარა სისტემატური მექრთამეობა, ა. ტ. ლაბაძეს ჰყოლია ოთხი ცოლი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და ა.შ. თითქმის ყველას აღმოაჩნდა სათქმელი და მოსანანიებელი. უნდა ვივარაუდოთ, ასეთი უპრეცედენტო გულახდილობა გამოიწვია ნერვულმა შოკმა).
ვერაფრით ვერ გაირკვა, ყველა მცდელობის მიუხედავად, არსებობდა თუ არა ამ ამბის მეოცე მონაწილე და თუ არსებობდა, სად გაქრა.
მოქალაქე ირინე გრიგოლის ასული დვალიშვილი (19 წლის, კომკავშირელი, თსუ-ს სტუდენტი), რომელმაც ყველაზე სრულად აღწერა მისი გარეგნობა (მაღალი, გამხდარი, გაბურძგნული შავი თმებით, გაუპარსავი, ჯინსებიან-ტყავისქურთუკიანი, 20-22 წლის), ამტკიცებს, რომ უცნობი ქარავანს გაჰყვა, მაგრამ დანარჩენი ჩვენებები ამას უარყოფენ.
კომისიამ და სპეციალურმა ჯგუფმა 3 თვის მუშაობის შემდეგ ფენომენი მასობრივი ჰიპნოზით ახსნა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ვერ მიუთითებს გვირაბში ექსკრემენტის გაჩენის დამაჯერებელ მიზეზს.
საქმე დაიხურა და არქივს გადაეცა.
ქალაქში მითქმა-მოთქმა და ჭორები კიდევ დიდხანს ვრცელდებოდა. ზოგიერთი ამ ამბავს პლანეტების აღლუმს აბრალებდა, ზოგი ინფრაბგერებს, და ზოგიც ბერმუდის სამკუთხედს ან მფრინავ თეფშებს.
ნელ-ნელა ცხრამეტივე მოქალაქე დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, დრომ და განსაკუთრებულმა მკურნალობამ თავისი გაიტანა (დანაშაულებანი აპატიეს, გაითვალისწინეს რა დაზარალებულთა მძიმე სულიერი მდგომარეობა).
გიგაური გამოსწორდა, ქობულაშვილიც, ყარალაშვილიც, ლაბაძეც და სხვებიც, მხოლოდ გაგლოევას არ ეშველა არაფერი, კვლავაც ჩივის და მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით.
ჯანიაშვილის ბავშვი (რომელსაც რატომღაც მაჰმუდი დაარქვა), მშვენივრად გრძნობს თავს, თუმცა უმამოდ კი იზრდება. ყველანი კარგად არიან, მხოლოდ მეტროს ერიდებიან და აღარ სარგებლობენ მიმოსვლის ამ სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი საშუალებით, თუმცა ეს არცაა ალბათ გასაკვირი.
არის გამონაკლისიც. დვალიშვილი ყოველ დღე ჩადის „პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ ბაქანზე და დიდხანს რჩება იქ უსაქმოდ, თითქოს ვიღაცას ელოდება. ვის ელოდება?! ან რას ელოდება?!