დიდის ვაი-ვაგლახით დაუყვა ორივე მდინარის ნაპირს. მეწინავე დაბარბაცდა კიდეც დაგრეხილ ღორღში.
ქანცი გაწყვეტოდათ, დაუძლურებულიყვნენ. სახეზე ისეთი მოთმინება აღბეჭდვოდათ, ხანგრძლივმა გაჭირვებამ რომ იცის.
ზურგზე თასმებით შემოეკრათ დიდი ფუთები, ფუთებს შუბლზე მოჭერილი ღვედებითაც იმაგრებდნენ.
ხელში თითო თოფი ეჭირათ. წელში მოხრილები მიდიოდნენ, მხრები ჩამოეყარათ, თავი წინ წაეგდოთ და მიწას ჩასჩერებოდნენ.
- ნეტავ ორი ამდენი ვაზნა კიდევ წამოგვეღო იმ მარაგიდან, - თქვა მეორემ.
მის გაბზარულ ხმას შნო და ლაზათი დაჰკარგოდა. ისე უსიცოცხლოდ ლაპარაკობდა, რომ ლოდებს შორის ქაფმოკიდებულ რძისფერ წყალში ჩამდგარმა თანამგზავრმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.
მეორე კვალდაკვალ მიჰყვებოდა. ფეხსაცმელს არც ერთი არ იხდიდა, წყალი ყინულივით ცივი იყო - ისეთი ცივი, რომ ფეხები სტკიოდათ და თითები უშეშდებოდათ.
ალაგ-ალაგ, სადაც წყალი მუხლზე სცემდათ, ფეხი უცდებოდათ და ბარბაცებდნენ.
უკანას სიპ ქვაზე ფეხი დაუცურდა, ის იყო უნდა დაცემულიყო, რომ დიდის გაჭირვებით თავი შეიკავა და ტკივილისაგან მწარედ ამოიგმინა. კინაღამ გული შეუღონდა, თავბრუ დაესხა. წაფორხილებულმა ხელი ისე მოიქნია, თითქოს ჰაერს წაეპოტინაო. ბოლოს გასწორდა და ის იყო ფეხი წინ გადადგა, რომ ისევ წაიფორხილა და, ცოტას გასცდა, არ დაეცა.
ერთ ხანს ასე იდგა და ამხანაგისაკენ იყურებოდა, ამხანაგს თავი ერთხელაც არ მოუბრუნებია.
ერთი წუთი მაინც იდგა უხმოდ, თითქოს თავს ებრძვისო. მერე უცბად წამოიყვირა: - გამიგონე, ბილ. ფეხი ვიღრძე. ბილი რძისფერ წყალში მიბარბაცებდა. უკან არ მოუხედავს. მეორე ისევ უყურებდა; თუმცა სახე უმეტყველო ჰქონდა, თვალები დაჭრილი ირმის თვალებს მიუგავდა.
ბილმა კოჭლობით გაიარა ნაპირი და უკანმოუხედავად განაგრძო გზა. მეორე ისევ წყალში იდგა და ამხანაგს გაჰყურებდა. ტუჩები ისე აუთრთოლდა, ხეხეში წაბლისფერი ულვაშიც კი შეირხა ზედ, ენა გამოჰყო და გამშრალ ტუჩებზე მოისვა.
- ბილ! - შეჰყვირა მან.
ეს იყო გასაჭირში ჩავარდნილი ძლიერი მამაკაცის მავედრებელი ძახილი, მაგრამ ბილი მაინც არ მობრუნებულა. სასაცილოდ მიათრევდა ფეხებს და წინწახრილი დაბალი ბორცვების წვეროებისაკენ ავარდნილ აღმართს არეული ნაბიჯით მიუყვებოდა.
მეორეს თვალი არ მოუცილებია, სანამ მისი ამხანაგი ქედს არ გადასცდა და არ მიიკარგა. შემდეგ მიმოიხედა და თვალი მოავლო იმ ქვეყანას, რომელიც ბილის წასვლის შემდეგ დარჩა.
ჰორიზონტთან უფორმო ბურუსითა და ნისლით შებურული მიმქრალი მზე ცხრებოდა და უწახნაგო და უკიდეგანო მასის შთაბეჭდილებას სტოვებდა.
კაცმა მთელი სიმძიმე ცალ ფეხზე გადაიტანა და საათი ამოიღო. ოთხი იყო და რაკი ივლისის უკანასკნელი დღეები თუ აგვისტოს დასაწყისი იდგა (დრო ორი კვირით ეშლებოდა), იცოდა, რომ მზე დაახლოებით ჩრდილო-დასავლეთით უნდა მდგარიყო.
სამხრეთისაკენ გაიხედა. მისი ვარაუდით, სადღაც იმ ცივი მთების გადაღმა „დათვის ტბა“ იყო. ისიც იცოდა, რომ იმავე მხარეს არქტიკის წრის საშინელ ხაზს კანადის ყამირები ჰკვეთდა.
წყალი, რომელშიც ახლა იდგა, მდინარე კოპერმაინის შენაკადი იყო. იგი ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდა და კოპერმაინის ყურით ჩრდილოეთის ოკეანეში იცლებოდა. თვითონ არასოდეს ყოფილა იქ, მხოლოდ ჰუძონის ყურის კომპანიის რუკაზე ენახა ერთხელ.
ისევ მოავლო თვალი ქვეყანას. ეს არ იყო შვებისმომგვრელი სანახაობა, მქრალი ჰორიზონტი მოჩანდა მხოლოდ. გარშემო დაბალი გორაკები იყო. არსად ხე, არსად ბუჩქი და ბალახი. მხოლოდ გაუთავებელი და საშინელი უდაბურება.
კაცს შიში შეეპარა.
- ბილ, - წაიჩურჩულა მან ერთხელ და ისევ გაიმეორა, - ბილ!
ქაფმომდგარ წყალში უსუსურობა იგრძნო. უსასრულო სივრცე უძლეველი ძალით სრესდა, თითქოს ახრჩობდა თავისი დაუნდობლობით.
კაცი ხურვებაშეყრილივით აცახცახდა, თოფი ხელიდან გაუვარდა და წყალში ტყლაშანი მოადინა. ხმაურზე გამოერკვა, ადგილიდან დაიძრა. მალე შიში დათრგუნა, ღონე მოიკრიბა, წყალში ხელი მოაფათურა და იარაღი ამოიღო. ფუთა მარცხენა მხარისკენ გადაიგდო, რათა დაშავებულ კოჭს სიმძიმე შემსუბუქებოდა და ფრთხილად, აუჩქარებლად გაემართა ნაპირისკენ.
ტკივილისაგან სახე ეღმიჭებოდა. არ შეჩერებულა. გაშმაგებული თავგანწირულებით აიარა პატარა აღმართი იმ ქედამდე, სადაც მისი ამხანაგი მიიკარგა.
თვითონ უფრო გროტესკული და კომიკური იყო, ვიდრე ბილი, კოჭლობით რომ მიბანცალებდა. ტკივილებს ვეღარ გრძნობდა, ქედიდან ტრიალი მინდორი დაინახა, მინდორს სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა. ისევ შეებრძოლა მოძალებულ შიშს და დათრგუნა. ფუთა უფრო მარჯვედ მოიგდო მარცხენა მხარზე და დაღმართს კოჭლობით დაუყვა.
მინდორი წყლით იყო დამბალი, სინოტივეს ნეჭასავით ზედ დაკრული ხავსი ინახავდა. წყალს ჭყაპაჭყუპი გაჰქონდა და ზევით ასხამდა ფეხის ყოველ გადაბიჯებაზე. გზას ჭყანტებსა და ჭანჭრობში მიიკვლევდა და ამხანაგის კვალს მიჰყვებოდა, ნაფეხურები ჩაბუჟბუჟებული ხავსის ზღვაში პატარა კუნძულებივით ჩარჩენილიყვნენ. თუმცა მარტო დარჩა, დაკარგული მაინც არ იყო.
კარგად იცოდა, რომ იმ ადგილას მივიდოდა, სადაც დაგვალული და დაჩიავებული ფიჭვი და ნაძვი პატარა ტბის ნაპირებს გასდევდა. ამ ადგილს მკვიდრნი ტიჩინნიჩილის ანუ „წვრილი ჯოხების მიწას“ ეძახდნენ.
ტბა კამკამა იყო და შიგ პატარა მდინარე ჩადიოდა. წყალზე ავარდნილი ბალახი იყო - ეს კარგად ახსოვდა. მაგრამ ერთ ხესაც ვერსად იპოვიდი. ჰოდა, მანამდე გაჰყვებოდა ამ მდინარეს, სანამ წყალგამყოფთან მისი პირველი ნაკადი არ მიიკარგებოდა. წყალგამყოფს გაივლიდა და მეორე მდინარის სათავეს მიადგებოდა, იგი დასავლეთისაკენ მიედინებოდა და მდინარე დიიზს უერთდებოდა.
აქ, ქვა-ღორღით დაფარული გადაბრუნებული კანოეს ქვეშ სამალავი ჰქონდა. ამ სამალავში ვაზნებიც ეგულებოდა თავისი ცარიელი თოფისათვის, ანკესებიც, ბაწრებიცა და პატარა ბადეც - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საკვების მოსაპოვებლადაა საჭირო.
ცოტაოდენი ფქვილი, ლორის ნაჭერი და ლობიოც ჰქონდა გადამალული. ბილიც იქვე დახვდებოდა, მერე ორივენი სამხრეთით დაუყვებოდნენ დიიზს და „დიდი დათვის“ ტბისაკენ გასწევდნენ. სამხრეთისაკენ აიღებდნენ გეზს და ტბას გადასცურავდნენ, მერე ისევ და ისევ სამხრეთისაკენ ივლიდნენ.
თანდათანობით უკან ჩამოიტოვებდნენ მისუსტებულ ზამთარს, ყინულად ქცეულ მორევებსა და ცივ, მოსარკულ დღეებს და სამხრეთში მივიდოდნენ, სადაც თბილი ჰუძონის ყურის კომპანიის მაღალი და დიდებული ხეები ხარობდნენ და საჭმელიც ყელამდე იყო.
ასე ფიქრობდა კაცი და მიდიოდა. ებრძოდა დამძიმებულ სხეულს და არანაკლები ძალით ეჭიდებოდა დამძიმებულ სულს.
ცდილობდა დაერწმუნებინა თავი, რომ ბილი არ მიატოვებდა და აუცილებლად დაელოდებოდა. იძულებულიც იყო ასე ეფიქრა, სხვანაირად რაღა აზრი ჰქონდა სიარულს, უნდა დაცემულიყო და მომკვდარიყო. და როცა მზის ალმურმოდებული დისკო ნელა გადაიხარა ჩრდილოეთისაკენ, გონებით უკვე რამდენჯერმე ნაბიჯ-ნაბიჯ დაფარა ის გზა, რომელიც მასა და ბილის უნდა გაევლოთ, რათა კარს მომდგარ ზამთარს გაქცეოდნენ.
ორი დღის უჭმელი იყო, რამდენი ხანია ის აღარ ეგემა, რაც ენატრებოდა. დაიხრებოდა და ჭაობის გაყვითლებულ ნაყოფს კრეფდა, პირში ჩაიდებდა, გაღეჭავდა და გადაყლაპავდა.
ჭაობის წყლიანი წვრილი კენკრა პირში დნებოდა და მხოლოდ მწკლარტე გემოს უტოვებდა. კაცმა კარგად იცოდა, რომ თესლს ყუათი არა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოთმინებით ღეჭავდა, უფრო მეტი იმედი ასულდგმულებდა, ვიდრე ცოდნა თუ შეუწყნარებელი გამოცდილება.
ცხრა საათზე კბოდეს ფეხი წამოჰკრა, დაუძლურებული და დასუსტებული დაბარბაცდა და დაეცა. კარგა ხანს უძრავად ეგდო გვერდზე. მერე ფუთის ღვედებიდან გამოძვრა, ტანი აითრია და წამოჯდა. ჯერ კიდევ არ ჩამობნელებულიყო, ხელი მოაფათურა, ქვა-ღორღში მშრალი ხავსი მოძებნა. კარგა ბლომად შეაგროვა და ცეცხლი დაანთო, მიბჟუტულ და ახრჩოლებულ ცეცხლზე თუნუქის ციცხვი შემოდგა.
მერე ფუთას თავი მოხსნა, უწინარეს ასანთის ღერები გადათვალა. სამოცდაშვიდი ღერიღა დარჩენილიყო. დასარწმუნებლად კიდევ სამჯერ დათვალა, მერე რამდენიმე ნაწილად გაჰყო და გასანთლულ ქაღალდში გაახვია. ერთი ნაწილი თამბაქოს ცარიელ ქისაში ჩადო. მეორე თავისი დაჭმუჭნული ქუდის შიგა ქობას ჩაატანა, ხოლო მესამე ხალათის ქვეშ გულზე გამოინასკვა.
ამას რომ მორჩა, ეჭვმა გაჰკრა, სიმშვიდე დაჰკარგა, სამივე შეკვრა გამოიღო, დახსნა და ხელახლა გადათვალა. ისევ სამოცდაშვიდი იყო. გალუმპული წინდები ცეცხლთან გააშრო. მოკასინებისაგან წყლით გაჟღენთილი ტყავის ნაგლეჯებიღა დარჩენილიყო. მატყლის წინდები რამდენიმე ადგილას გამოგლეჯოდა. გადატყავებული ფეხებიდან სისხლი სდიოდა. კოჭი უფეთქავდა და ისე შესიებოდა, მუხლის თავს უფრო მიუგავდა.
შალის საბანს გრძელი ნაჭერი ჩამოახია და კოჭი მაგრად შეიხვია. მერე კიდევ მოაფხრიწა რამდენიმე ნაჭერი ფეხებზე ისე შემოიჭირა, რომ მოკასინებად და წინდებად გამოსდიოდა. ცხელი წყალი შესვა, საათი მომართა და შალის საბანში გაეხვია.
მკვდარივით ეძინა. შუაღამისას ხანმოკლე წყვდიადი ჩამოდგა და უცბად გაილია. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მზე ამოცურდა, ან უკეთ დღემ იმ მხრიდან გამოჟონა, რადგან მზე ნაცრისფერი ღრუბლებით იყო დაბურული.
ექვს საათზე გამოეღვიძა. გულაღმა იწვა მშვიდად. შიმშილი იგრძნო. როცა ნიდაყვზე გადმოტრიალდა, ხმამაღლა ფრუტუნმა შეაკრთო - ირემი იყო, ელდანაცემი პირუტყვი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა.
ირემი ოცდაათიოდე ფუტის მოშორებით თუ იქნებოდა მისგან და წამსვე ადამიანს ცეცხლზე აშიშხინებული ირმის ხორცი წარმოუდგა.
უნებურად ცარიელ თოფს დასწვდა, დაუმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა. ირემმა დაიფრუტუნა, გახტა და სიპ ქვებზე ბაკუნით მოკურცხლა.
კაცმა შეიგინა და ცარიელი თოფი გადააგდო. თან ხმამაღალი კვნესა აღმოხდა, წამოდგომა დააპირა, გაუჭირდა, ტანი არ აჰყვა, ძლივს აითრია. სახსრები ჩაჟანგულ ხიმინჯებს მიუგავდა. მყესები გახევებოდა. თითოეული მოხრა და მოღუნვა ნებისყოფის დიდ დაძაბვას მოითხოვდა. და ბოლოს, როცა, როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა, მთელი ერთი წუთი მათ გამართვას მოანდომა, რათა წესიერად დამდგარიყო.
როგორც იქნა პატარა ბექობთან მიბობღდა და გარემოს თვალი მოავლო. არც ხე ჩანდა, არც ბუჩქი. ირგვლივ ნაცრისფერი ხავსის ზღვა იყო მხოლოდ, აქა-იქ მოჩანდა ნაცრისფერი სიპები, ნაცრისფერი ტბორები და ნაცრისფერი ნაკადულები. ცაც ნაცრისფერი იყო, მზე არ ანათებდა, მისი ნასახიც კი არსად ჩანდა ცაზე.
ვეღარ გაეგო, საით იყო ჩრდილოეთი და ის გზაც დაავიწყდა, საიდანაც წუხელ მოვიდა. კარგად იცოდა, რომ დაკარგული მაინც არ იყო. მალე „პატარა ჯოხები მიწაზე“ გავიდოდა. გრძნობდა, რომ სადღაც მის ხელმარცხნივ უნდა ყოფილიყო ეს ადგილი. და არცთუ ისე შორს, იქნებ იმ მეორე პატარა ბორცვის იქითაც.
უკან დაბრუნდა, ფუთა შეკრა სამგზავროდ. გულის დასაიმედებლად ასანთის ღერების სამივე შეკვრას ხელი მოუსვა, დათვლით ამჯერად აღარ გადაუთვლია. მაგრამ რაღაც აყოვნებდა, იდგა დაფიქრებული და ირმის ტყავის ტომსიკას მისჩერებოდა.
ტომსიკა დიდი არ იყო. ხელებშიც დამალავდა. იცოდა, რომ თხუთმეტ გირვანქას იწონიდა - თითქმის იმდენივეს, რასაც დანარჩენი ტვირთი ერთად აღებული, და ეს აწუხებდა.
ტომსიკა გვერდზე გადადო და ფუთა შეკრა. მერე ისევ ტომსიკას შეხედა. საჩქაროდ აიღო, ისე ფრთხილად მიმოიხედა, თითქოს მთელი უდაბნო ცდილობდა ტომსიკა როგორმე წაერთმია მისთვის.
როცა ფეხზე წამოდგა, რომ ბარბაცით გადგომოდა გზას, ტომსიკა უკვე ზურგზე მოგდებულ ფუთაში ჰქონდა გამოკრული. მთელი სიმძიმე მარცხენა ფეხზე გადაიტანა.
ხანდახან თუ შედგებოდა ჭაობის კენკრის მოსაკრეფად. კოჭი კიდევ უფრო სტკიოდა და მომეტებულად კოჭლობდა. მაგრამ ფეხის ტკივილი არაფერი იყო, კუჭი ისევ ეწვოდა. შიმშილი უფრო აწვალებდა, თანდათანობით ღრღნიდა.
კაცმა მტკიცედ გადაწყვიტა, აუცილებლად მიეღწია „პატარა ჯოხების მიწამდე“. ჭაობის კენკრა შიმშილის ტკივილს ვერ უყუჩებდა, ენასა და სასას გამაღიზიანებლად ჩხვლეტდა და ტკენდა.
ერთ მინდორს მიადგა. კლდის თეთრი გნოლები ფრთების შხუილით წამოფრინდნენ სიპებიდან და კენკროვანიდან. „კრ-კრ... კრ“... ჟივჟივებდნენ ისინი.
კაცმა ქვა ესროლა, მაგრამ ვერ მოახვედრა. ფუთა მიწაზე ჩამოიღო და ისე გაინაბა, როგორც კატამ იცის ხოლმე ტოროლას დანახვაზე. წვეტიანი ქვები შარვალს უხევდა და კანჭებს უკაწრავდა. მუხლებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ყველა ტკივილი შიმშილის სიმწარეში ერთიანად ქრებოდა.
დაკრუნჩხული მიფოფხავდა სველ ხავსში, ტანისამოსი გაელუმპა და ტანი უბჟუოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა, ისე შეეპყრო შიმშილის ციებ-ცხელებას. გნოლები ცხვირწინ უფრინდებოდნენ ფრთების შხუილით. მათი „კრ... კრ... კრა“ - მისთვის დაცინვად იქცა.
ერთი შეუკურთხა გნოლებსა და გნოლივით დაიკრუილა. უცებ მძინარე გნოლს გადააწყდა, მაგრამ მანამდე ვერ შეამჩნია, სანამ ფრინველი არ შეფრთხიალდა და სახეში არ შეაფრინდა.
კაცმა ხელი მოუქნია, სანამ ჩიტი აფრენას მოასწრებდა, მაგრამ სამი ფრთა შერჩა მხოლოდ ხელში. გნოლს თვალი გააყოლა და ისეთი სიძულვილი იგრძნო მისდამი, თითქოს დიდი ბოროტება ჩაედინოს ფრინველს. მერე გამობრუნდა და ფუთა მხარზე მოიგდო.
მზე რომ გადავიდა, ჭანჭრობებს მიადგა. აქ მეტი ფრინველი იყო. კარიბუს ჯოგმა თოფის სასროლზე ჩაუარა. ოცი თუ ოცდაერთი ირემი იქნებოდა.
ველურმა აღტყინებამ აიტანა, უკან დადევნებოდა. დარწმუნებული იყო, დაეწეოდა. წინ შავმა მელამ გადაურბინა, პირში გნოლი ჰქონდა გამოჩრილი. უყვირა კაცმა. შემზარავად დაუყვირა, მაგრამ მელა მხოლოდ გაფრთხა და გნოლი მაინც არ გააგდო პირიდან.
გვიან ნაშუადღევს ერთ ნაკადულს დაუყვა. წყალი კირისაგან რძესავით გამოთეთრებულიყო და მეჩხერი ლელიანიდან ავარდნილ ბალახში გარბოდა.
ბალახს ძირში ხელი მოავლო, მოსწია და რაღაც ნორჩი ხახვის ყლორტის მსგავსი ამოიღო. ყლორტი სიდიდით სახურავის ლურსმანზე დიდი არ იქნებოდა. ნედლი იყო და კბილებში ისე ახრაშუნდა, თითქოს გემრიელი საჭმელი ყოფილიყოს. მაგრამ ბალახს ხეხეში ძარღვები ჰქონდა. ბოჭკოვანი ძაფები წყლით იყო გარბილებული, და არც სინოყივრე გააჩნდა.
ფუთა განზე ისროლა, ბალახებში შეფორთხდა და მცოხნავი საქონელივით ბალახს ხრაშახრუში აუტეხა.
გადაქანცული დასვენებას ნატრობდა - უნდოდა სადმე მიგდებულიყო და დაეძინა. წინ იმის სურვილი კი აღარ ეწეოდა, რომ „პატარა ჯოხების მიწაზე“ გასულიყო, უფრო - შიმშილი კლავდა.
პატარა გუბეებს დაუყვა. ბაყაყებისა და ჭიაყელების ძებნაში მიწა ფრჩხილებით გადათხარა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ასე ჩრდილოეთით ვერც ბაყაყი გაძლებდა, ვერც ჭიაყელა.
ამაოდ იჩიჩქნებოდა ტბორებში, სანამ მიმწუხრზე ერთ უთვისტომო ჭიჭყინას არ გადააწყდა. მკლავი მხრამდე ჩაყო წყალში, მაგრამ თევზი მაინც გაექცა. მერე ორივე ხელი მოიშველია, ფსკერზე დალექილი კირი აამღვრია. აღელვებულმა ვეღარ მოზომა, თვითონაც შიგ ჩავარდა და წელამდე ამოილუმპა. წყალიც ისე გათეთრდა, რომ არაფრის დანახვა აღარ შეიძლებოდა და იძულებული გახდა ნალექის დაწდომას დალოდებოდა.
მერე ისევ დაიწყო ძებნა, სანამ ისევ არ აიმღვრა წყალი. მაგრამ ახლა დაწდომას ვეღარ დაუცადა. თუნუქის ციცხვი მოიხსნა და წყლის ამოხაპვას შეუდგა. გიჟივით იქნევდა ხელებს, თვითონაც იწუწებოდა და წყალს ისე ახლოს ასხამდა, რომ ისევ ტბორში ჩადიოდა. მერე უფრო ფრთხილად მოიქნია ხელი.
შეეცადა დამშვიდებულიყო, თუმცა ყელში რაღაც ებჯინებოდა და ხელები უკანკალებდა. ნახევარ საათში ტბორი თითქმის დაცარიელდა. შიგ პეშვი წყალიც კი აღარ დარჩა. თევზი მაინც არ ჩანდა. უცბად ღორღებში ხვრელს მოჰკრა თვალი, ხვრელი მეორე უფრო მოზრდილ ტბორში გადიოდა, მის ამოხაპვას ერთი დღე-ღამე მოუნდებოდა. ცოდნოდა, ხვრელს თავიდანვე სიპით დაგმანავდა და თევზიც მისი იქნებოდა.
ასე გაიფიქრა და სველ მიწაზე ჩაჯდა. ჯერ ჩუმად ატირდა, მერე ხმამაღლა შებღავლა ულმობელ უდაბურებას, გარს რომ ერტყა ყოველი მხრიდან. ბოლოს კი გულამოსკვნილი დიდხანს უცრემლოდ ქვითინებდა და ტოტივით თრთოდა.
ცეცხლი დაანთო და ცხელი წყლით გაითბო გულ-მუცელი. კლდის შვერილზე ისეთივე საწოლი მოიწყო, როგორიც წინა ღამით ჰქონდა.
დაწოლის წინ ისევ შეამოწმა ასანთის ღერები და საათი მომართა. საბნები სველი იყო და ცივი. კოჭი ტკივილისაგან უფეთქავდა. მაგრამ შიმშილის მეტი არაფერი ახსოვდა, ძილში სულ ღრეობა და ნადიმები ესიზმრებოდა, გაშლილი სუფრები ავსებული იყო ხორაგეულით, რა გინდა სულო და გულო, იქ არ იყო.
გათოშილს გამოეღვიძა, ავად იყო. მზე არ ჩანდა. ნაცრისფერი ცა და მიწა კიდევ უფრო განაცრისფერებულიყო. ნოტიო ქარი ქროდა და პირველმა თოვლმა მთის წვერები შევერცხლა. ირგვლივ ჰაერი შესქელდა და რძისფერი გახდა.
კაცმა ცეცხლი დაანთო და უფრო მეტი წყალი აადუღა. სველი თოვლი მოდიოდა, თითქოს წვიმდა კიდეც, დიდი ფანტელები ცვიოდა. მიწას შეეხებოდნენ თუ არა, ლღვებოდნენ. მერე თოვლმა იმატა, მიწა გადაფარა, ცეცხლი გამოფშუკა და მშრალი ხახვის მარაგი დაასველა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ კაცს ფუთა ზურგზე უნდა მოეგდო და სადღაც წაბანცალებულიყო.
უკვე აღარ ადარდებდა არც „პატარა ჯოხების მიწა“, არც ბილი და აღარც სამალავი გადმობრუნებულ კანოესთან მდინარე დიიზზე. მხოლოდ ერთჯერადი ზმნა აწუხებდა - „ჭამა“.
შიმშილისაგან იყო გახელებული. აღარ დაეძებდა, საით მიდიოდა. გზამ ჭანჭრობის ფსკერზე მიიყვანა. გულმა უგრძნო, რომ ამ სველ თოვლქვეშ ჭაობის კენკრაც იქნებოდა. მიდიოდა და ბალახს ძირიანად თხრიდა. მაგრამ ბალახს აღარაფრის გემო აღარ ჰქონდა, ვერ აკმაყოფილებდა.
მერე რაღაც სარეველა ნახა, მჟავე გემო ჰქონდა, რაც კი ნახა სულ შეჭამა, მაგრამ მაინც გულს აკლდა. მხვიარა მცენარე რამდენიმე დუიმის სისქე თოვლის ქვეშ ადვილი საპოვი არ იყო.
იმ ღამეს ცეცხლი ვერ დაანთო. ვერც ცხელი წყალი დალია. საბანში გაეხვია და ჩაიძინა. შიმშილით გაწამებული შფოთავდა ძილში. თოვლი ცივ წვიმად იქცა. პირდაპირ სახეში სცემდა და ხშირ-ხშირად ეღვიძებოდა.
გათენდა დღე, - უმზეო, ნაცრისფერი დღე. წვიმამ გადაიღო. ვეღარ გრძნობდა შიმშილის სიმწვავეს, მხოლოდღა კუჭი ეწვოდა, მაგრამ ეს არც ისე აწუხებდა. გონება უფრო დაეწმინდა და კვლავ დაიწყო ფიქრი „პატარა ჯოხების მიწასა“ და სამალავზე მდინარე დიიზთან.
ერთი საბნის ნარჩენი ნაჭრებად აქცია და დასისხლიანებული ფეხები შეიხვია. დაწყლულებული კოჭიც დაიამა და გასამგზავრებლად მზადებას შეუდგა.
სანამ ფუთას მხარზე მოიგდებდა, ერთ ხანს კიდევ იყოყმანა, როცა ირმის ტყავის ტომსიკას თვალი მოჰკრა. მერე იმასაც დაავლო ხელი და თან წაიღო.
წვიმაში თოვლი გალღვა. მხოლოდღა მთის მწვერვალები მოჩანდა თეთრად. მზე გამოვიდა, გზის გაგნება შეეძლო, თუმცა გრძნობდა, რომ ახლა მართლა დაკარგული იყო. რაკი დღემდე სულ მარცხნივ ეჭირა გეზი, ახლა მარჯვენა მხარე დაიჭირა, რათა სწორ გზაზე გასულიყო.
შიმშილი დაუცხრა, მაგრამ დაუძლურდა და დასუსტდა. ხშირად ჩერდებოდა, ჭაობის კენკრას აგროვებდა. ენა გაუსივდა, პირში სიმწარეს გრძნობდა. ყველაზე მეტად მაინც გული აწუხებდა. რამდენიმე ნაბიჯს გადაადგამდა და უკვე ბაგაბუგი გაჰქონდა, მერე შეიფრთხიალებდა და ისე აცახცახდებოდა, კაცს სული ეხუთებოდა, თავბრუ ესხმოდა, ცოტაც და უგრძნობლად დაეცემოდა.
შუადღე იქნებოდა, გუბეში ორი ჭიჭყინა დაინახა, წყლის ამოხაპვა არ შეეძლო, მაგრამ რაკი ახლა უფრო დამშვიდებული იყო, იმარჯვა და თევზები თუნუქის ციცხვით დაიჭირა. ნეკა თითს არცერთი არ აღემატებოდა, მაგრამ კაცს ისე აღარ შიოდა. კუჭის ტკივილი თანდათან მიუყუჩდა და გაუნელდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კუჭი ბურანში გახვეულიყო და თვლემდა.
თევზები უმად, ტკივილისმომგვრელი გულმოდგინებით დაღეჭა და შეჭამა, რადგან იგი ახლა გონების კარნახს უგდებდა ყურს. ჭამის სურვილიც არა ჰქონდა, მაგრამ იცოდა, არსებობისთვის უნდა ეჭამა.
შებინდებულზე კიდევ სამი ჭიჭყინა დაიჭირა, ორი შეჭამა, მესამე კი საუზმისათვის შეინახა.
მზემ ხავსი გამოაშრო, კაცმა ცხელი წყალი აიდუღა და გათბა. იმ დღეს ათ მილზე მეტი ვერ გაიარა, ხოლო მეორე დღეს, როგორც გულმა მისცა ნება, ხუთიოდე მილი გაიარა მხოლოდ.
კუჭი ოდნავადაც არ აწუხებდა. კუჭს ღრმად ჩასძინებოდა. თითქოს უცნაურ მხარეში მოხვდა კაცი. სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდა ირმებს, მგლებს. მათი ყმუილი შორიდან მოესმოდა და ერთხელ ზედ ბილიკზე გადაურბინა სამმა მგელმა.
ერთი ღამეც გაითენა. დილით უფრო საღად ადგა, ტყავის თასმით გაკრულ მრგვალ ტომსიკას თავი მოხსნა, იქიდან ოქროს ზოდებისა და ქვიშის ყვითელი ნაკადი გადმოიღვარა.
კაცმა ოქრო ორად გაანაწილა, ერთი ნახევარი კლდის კიდეზე შემოსდო, მეორე საბნის ნაჭერში გაახვია და ტომსიკაში ჩააბრუნა. თოფი მაინც არ გააგდო ხელიდან; მდინარე დიიზზე სამალავში ვაზნები ეგულებოდა.
ბურუსიანი დღე იყო. შიმშილმა ისევ შეახსენა თავი. სისუსტისაგან თავბრუ ესხმოდა. ჟამიჟამ თვალთ დაუბნელდებოდა, დაბარბაცდებოდა და დაეცემოდა ძირს.
ერთხელ ზედ გნოლის ბუდეს გადაემხო. შიგ ოთხი ახლად გამოჩეკილი ბარტყი იყო - ერთი დღის სიცოცხლის მფეთქავი ნაჭრები. თითო-თითო ლუკმის ოდენა თუ იქნებოდა. მგელივით ეცა, პირში ცოცხლად ჩაიტენა და კვერცხის ნაჭუჭივით ააკნატუნა.
გააფთრებული დედა გნოლი ფრთებს სახეში სცემდა, კაცმა თოფი ხელკეტივით მოიქნია, ჩიტი მაინც დაუძვრა, მერე ქვებს წამოავლო ხელი, ესროლა და ფრთა მოტეხა. ჩიტი მიფრთხიალებდა და მოტეხილ ფრთას მიითრევდა. უკან კაცი მისდევდა. პატარა ბარტყებმა მადა გაუღვიძა მხოლოდ.
კაცი კოჭლობით მიხტოდა, დროდადრო დიდის წამებით ჩაიმუხლებდა, ქვებს ესროდა და ხრინწიანი ხმით ჰკიოდა, დაეცემოდა, დაუზოგავად, ჯიუტად აითრევდა ტანს, თვალებს იფშვნეტდა, რომ გამოფხიზლებულიყო და თავბრუ არ დასხმოდა.
ამ დევნა-დევნაში ველის ბოლოს ჭანჭრობიან მღვიმეში ამოჰყო თავი. გაბიჟვინებულ ხავსზე ნაფეხურებს მოჰკრა თვალი. მისი რომ არ იყო, მიხვდა. ბილისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ შეჩერებულა, დედა გნოლი ხომ ისევ გარბოდა. ჯერ ჩიტს დაიჭერს, მერე დაბრუნდება და ნაფეხურებსაც შეამოწმებს.
კაცმა დედა გნოლი მოქანცა, მაგრამ თვითონაც დაიღალა. ჩიტი გვერდზე ეგდო და ძლივს ფეთქავდა. თავად თორმეტიოდე ფუტის მოშორებით იწვა და ქოშინობდა, ძალა აღარ ჰქონდა გნოლთან მიფორთხებულიყო.
როცა ღონე მოიკრიბა, ჩიტიც მოსულიერდა და ფარფატით გაფრთხიალდა. ისევ განახლდა დევნა. მალე ჩამოღამდა კიდეც და ჩიტმა თავს უშველა.
კაცმა სისუსტისაგან ბანდალი დაიწყო, პირქვე დაეცა და ლოყა გაიჭრა. დიდხანს არ განძრეულა. ფუთა ზურგზე ეკიდა, მეორე გვერდზე გადაბრუნდა, საათი მომართა და დილამდე იქვე დარჩა.
მეორე დღეც ბურუსიანი იყო. საბნის ნახევარი ფეხსახვევებს მოუნდა. ბილის კვალს ვეღარ მიაგნო. მაინცდამაინც არაფრად ჩაუგდია. შიმშილი მომეტებულად აწუხებდა. ვაითუ ბილიც დაიკარგაო, ფიქრობდა.
შუადღემდე გაუძლო, მერე კი ფუთის სიმძიმე აუტანელი გახდა. ისევ გაჰყო ოქრო, თითქმის ნახევარი მიწაზე მოაბნია. ნაშუაღამევს კი დარჩენილი ოქროც განზე მოისროლა. ხელში მხოლოდ ნახევარი საბანი, თუნუქის ციცხვი და თოფიღა დარჩა.
ჰალუცინაციები აეკვიატა და წვალება დაუწყო. მოეჩვენა, რომ ერთი ვაზნა ჰქონდა სავაზნეში. არადა ისიც კარგად იცოდა, რომ სავაზნე დიდი ხანია ცარიელი იყო. მაგრამ ჰალუცინაცია არ ასვენებდა.
რამდენიმე საათი ებრძოდა ცდუნებას. მერე თოფის საკეტი გადმოსწია, ცარიელი დახვდა, ისე ემწარა იმედის გაცრუება, თითქოსდა მართლა ელოდა შიგ ვაზნას.
ნახევარი საათი მშვიდად მილასლასებდა, მერე ისევ აეკვიატა ჰალუცინაცია, კაცი ისევ შეებრძოლა და ჰალუცინაციაც ისევ გაჯიუტდა, სანამ კვლავ არ გახსნა კაცმა თოფი, მხოლოდ იმიტომ, რომ შვება ეგრძნო.
ხანდახან გონება ერეოდა და სადღაც შორეთში ეხეტებოდა. თვითონ კი უაზროდ მიაბიჯებდა და უცნაური ფიქრები და წარმოდგენები ჭიასავით უღრღნიდა ტვინს. მაგრამ ისევ მალე მოეგებოდა ხოლმე გონს, შიმშილის ტკივილები ისევ და ისევ უბრუნებდა სინამდვილეს.
ერთმა გარემოებამ ისე გამოაფხიზლა, რომ გული კინაღამ შეუღონდა. მთვრალივით შეირხა და დაბარბაცდა, თავი ძლივს შეიკავა.
მის წინ ცხენი იდგა. თვალებს არ უჯერებდა. სინათლის შხეფებით დაწინწკლული სქელი ბინდი ჩამოაწვა, თვალები უმალ მოიფშვნიტა, რომ ნათლად დაენახა, ცხენი კი არა და დიდი მურა დათვი დალანდა. მხეცი მტრული ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა.
კაცმა ანგარიშმიუცემლად ასწია თოფი, მერე დაბლა დაუშვა და წელზე შემორტყმული ქარქაშიდან სანადირო დანა დააძრო.
მის წინ ხორცი და სიცოცხლე იდგა. დანის პირს ცერი გადაუსვა - ბასრი იყო და წვერიც წამახული ჰქონდა. ზედ გადააწვება დათვს და მოკლავს. მაგრამ გულმა გამაფრთხილებელი ბაგაბუგი დაუწყო. მერე აუფართხალდა და ლამის საგულედან ამოვარდა. თითქოს შუბლზე რკინის სალტე შემოაჭდესო - თავბრუ დაეხვა.
განწირულის გამბედაობა შიშის ტალღამ განდევნა. ვაითუ თვითონ დათვმა შეუტიოს დაძაბუნებულ მეტოქეს? კაცი დაიძაბა და რიხიანად შეიმართა, დანა ჩაბღუჯა და მხეცს შეაშტერდა. დათვმა ორიოდე ნაბიჯზე გადმოაბოტა, უკანა თათებზე შეტორტმანდა და ჭაშნიკად ღრიალი ამოუშვა.
კაცი თუ გაქცევას იკადრებდა, მაშინ, რა თქმა უნდა, უკან გამოუდგებოდა, მაგრამ კაცი არ განძრეულა, დიდმა შიშმა აღაგზნო, შემაძრწუნებლად დაიბღავლა. მის ხმაშიც ის შიში ერია, სიცოცხლეს რომ ყოველთვის თან ახლავს და მის უკიდურეს ფესვებშია განკვართული.
დათვი ცალ ტორზე გადაიხარა, მუქარით დაიბუხუნა, თუმცა, ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც ამ უცნაურმა არსებამ, მოულოდნელად რომ გამოეცხადა და მის წინ უტეხად დადგა. მაგრამ კაცი ადგილიდან არ იძვროდა. ქანდაკივით იდგა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. მერე გონს მოეგო, აკანკალდა და გაბიჟვინებულ ხავსზე დაეშვა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და გზა განაგრძო.
ახალ ხიფათს ელოდა. ეს არ იყო შიმშილით სიკვდილი. ეს იყო ძრწოლვა, რომ რაღაც მასზე ძლიერი მანამდე შემუსრავდა, ვიდრე შიმშილი ძალისა და ღონის ამ უკანასკნელ ნაპერწკალს ჩაუქრობდა, რითაც კაცი თავის სიცოცხლის გახანგძლივებას ცდილობდა.
მგელიც მრავალი იყო. ამ უდაბნოში მათი ყმუილი ყოველი მხრიდან მოისმოდა. გარემომცველი ჰაერი ერთიანად აევსო ამ თავზარდამცემ ყმუილს. ეს საშინელება რომ უკუეგდო, კაცმა უნებურად ისე აღმართა ხელები, თითქოს ქარით გაბერილ კარვის კალთებს იცილებს თავიდანო.
ჟამიდან ჟამ ორი, ხანაც სამი მგელი ბილიკზე გადაურბენდა, მაგრამ პირისპირ შეხვედრას მაინც ერიდებოდა. მაინცდამაინც ბევრნი არ იყვნენ, და გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად ირემს ეტანებოდნენ, ირმებს ბრძოლა არ შეეძლოთ, ხოლო ამ უცნაურ ორფეხა არსებას ალბათ დაკაწვრაც შეეძლო მათი და კბენაც.
გვიან ნაშუადღევს მიმოფანტულ ძვლებს წააწყდა. მგლების მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. ირმის ბიჟიკი იყო, ვინ იცის, ერთი საათის წინ სიცოცხლით გალაღებული დარბოდა და დაკუნტრუშობდა, კაცი ძვლებმა დააფიქრა, დაღრღნილმა და გალოკილმა ძვლებმა. ჯერ კიდევ სიცოცხლე შერჩენილი უჯრედებისგან ვარდისფერი რომ დაჰკრავდა. ხომ შეიძლება თვითონაც ძვლებად იქცეს დაღამებამდე.
ეჰ, ასეთია სიცოცხლე! ამაო და წარმავალი. მხოლოდ სიცოცხლემ იცის ტკივილები. სიკვდილმა წუხილი არ იცის, სიკვდილი დაძინებას ჰგავს. დაიძინებს და დაისვენებს. მაშ, რატომ არ უნდა სიკვდილი?
მაგრამ დიდხანს აღარ უფიქრია. ხავსში ჩაცუცქდა, ძვალი პირში ჩაიდო და იმ ადგილებს დაუწყო წუწნა, სადაც ვარდისფერი დაჰკრავდა. ხორცის სასიამოვნო გემომ, მოგონებასავით სუსტმა და მქრალმა, გაახელა. ძვალს კბილი დააჭირა და ჩაკვნიტა. ხან ძვალი ტყდებოდა, ხან მისი კბილი.
მერე ძვალი ქვებით დაამტვრია, დანაყა და პირში ჩაიყარა. სიჩქარეში თითებიც ზედ მიანაყა, თან უკვირდა, რომ თითები მაინცდამაინც არცა სტკიოდა, როცა ქვა ხვდებოდა.
საშინელი თოვლიანი და წვიმიანი დღეები დადგა, აღარ იცოდა, როდის წვებოდა ან როდის დგებოდა. მიდიოდა და მიდიოდა, დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდა. სადაც დაეცემოდა, იქვე ისვენებდა, და მიფორთხავდა, როცა მიბჟუტულ სიცოცხლეს ცეცხლი მიემატებოდა და უკვამლოდ დაიწყებდა კიაფს.
როდიღა იბრძოდა ცოცხალი ადამიანივით. თავად სიცოცხლე ეწეოდა წინ, სიცოცხლეს არ სურდა დანებებოდა სიკვდილს. აღარ იტანჯებოდა, ნერვები მოუდუნდა და დაუჩლუნგდა, გონება კი უცნაური ჩვენებითა და საუცხოო წარმოსახვებით აევსო.
გზადაგზა ირმის ბიჟიკის დამტვრეულ ძვლებს წუწნიდა და ხრავდა, ერთი პატარა ნატეხიც არ დაუტოვებია მაშინ, ერთიანად შეაგროვა და თან წამოიღო. მას შემდეგ არც მთებზე ასულა, არც უღელტეხილები გადაულახავს - შეუცნობლად მიჰყვებოდა ერთ განიერ დინებას, რომელიც ვრცელ დაბლობზე მიემართებოდა.
მოჩვენებათა მეტს ვერაფერს ხედავდა ირგვლივ. სული და სხეული მხარდამხარ მიაბიჯებდა ან მიფორთხავდა და მაინც ცალ-ცალკე იყვნენ, ისეთი წვრილი იყო ის ძაფი, რომელიც მათ აერთებდა.
კლდის შვერილზე პირაღმა მწოლს საღ გონებაზე გამოეღვიძა. თბილი და კაშკაშა მზე ანათებდა. შორიდან ირმის ბიჟიკების ბღავილი მოისმა. ბუნდოვნად მოაგონდა წვიმა და თოვლი, ის კი აღარ იცოდა, რამდენ ხანს იწვალა ამ ავდარში - ორი დღე თუ ორი კვირა.
ერთ ხანს უძრავად იყო. კეთილი ცხოველმყოფელი მზე მის საცოდავ სხეულს თბილად ელამუნებოდა. კარგი დღეა, - გაიფიქრა მან. იქნებ შესძლოს და წამოჯდეს. წვალებით გადაბრუნდა გვერდზე.
დაბლა განიერი ატალახებული მდინარე მიედინებოდა. ეუცხოვა და გაუკვირდა. ნელა გააყოლა თვალი. ფართო ჭორომებიანი მდინარე ცივ და შიშველ მთებში მიიკლაკნებოდა. მთები იქით და იქით კიდევ უფრო ცივდებოდნენ, შიშვლდებოდნენ და თანდათან დაბლდებოდნენ.
მანამდე ასეთი არაფერი ენახა. დინჯად, აუღელვებლად, უფრო კი უინტერესოდ გაჰყურებდა იგი ცასთან შეერთებულ ამ უცნაურ დინებას და ხედავდა, როგორ იცლებოდა იგი მოელვარე ზღვაში.
ვერც ამან ააღელვა. „არაჩვეულებრივი მოჩვენებაა თუ მირაჟია, - გაიფიქრა მან, - უფრო მოჩვენება უნდა იყოს, ჩემი აფორიაქებული სულის ხილვაა“. ამის დასტურად მან ღუზაჩაგდებული გემიც შენიშნა მოელვარე ზღვაში. წამით თვალები მოხუჭა და გაახილა. რა უცნაურია, რომ ხილვა არ წაიშალა!
ან კი რა იყო უცნაური, კარგად იცოდა, რომ ამ დაბერწებული მიწის გულში არც ზღვები იყო, არც გემები, როგორც არც ერთი ვაზნა არ იყო მის ცარიელ თოფში. უკან ქსუტუნი შემოესმა, - გაგუდული ოხვრა იყო თუ ხველება, ვერ გაიგო. ძალიან ნელა, რამდენადაც დასუსტებული და გამოფიტული სხეული ამის უფლებას აძლევდა, მეორე მხარზე გადაბრუნდა.
ვერაფერი დაინახა, მოთმინებით დაელოდა. ისევ ქსუტუნი და ხველა გაისმა და ოციოდე ფუტის მოშორებით დაკბილულ კლდეებს შუა რუხი მგლის თავი გაარჩია. ყურები ისე არ ჰქონდა აცქვეტილი, როგორც სხვა მგლებზე უნახავს. თვალები ამღვრეოდა და ჩასისხლიანებოდა. თავი საწყლად ჩამოეგდო.
მხეცი მზის სინათლეს თვალს ვერ უსწორებდა. ჩანდა, სნეული იყო. წამდაუწუმ ქსუტუნებდა და ახველებდა. „ეს მაინც არის სინამდვილე“, - გაიფიქრა მან და გვერდზე გადაბრუნდა, ისე, რომ ბოლოს მაინც იხილა ნამდვილი სამყარო, რომელსაც აქამდე მოჩვენებების ფარდა ჰფარავდა. მაგრამ შორს ისევ ელვარებდა ზღვა. და გემიც მკაფიოდ მოჩანდა.
ნუთუ ესეც სინამდვილეა? თვალები ისევ მოხუჭა და დაფიქრდა, მერე მიხვდა: ჩრდილო-აღმოსავლეთით წამოსულა, დიიზის ხეობას დაშორებია და კოპერმაინის ველზე მოხვედრილა. ეს განიერი და ატალახებული მდინარე თვითონ კოპერმანი იყო. ხოლო ის მოელვარე ზღვა - არქტიკის ოკეანე.
ეს გემი ვეშაპმჭერი იქნებოდა, შორს აღმოსავლეთიდან მაკენზის უბით წამოსვლა და კორონციის ყურეში ჩაუგდია ღუზა. ჰუძონის ყურის კომპანიის რუკაც გაახსენდა, დიდი ხნის წინათ რომ ენახა, და ყველაფერი ცხადი და გასაგები გახდა მისთვის.
იგი წამოჯდა. ყურადღება თავის საქმეებზე გადაიტანა. საბნის ნახევები მთლიანად შემოძარცვოდა. ფეხები ატყავებული ხორცის უფორმო ნაჭრებს მიუგავდა. საბნის უკანასკნელი ნაგლეჯიც გამქრალიყო. აღარც დანა და თოფი შერჩენოდა. ქუდიც სადღაც დაჰკარგოდა ასანთის ღერებიანად, მაგრამ ხალათის გულთან გამონასკვული, გასანთლულ ქაღალდში შეხვეული ღერები ისევ მშრალი იყო.
საათს დახედა. თერთმეტს უჩვენებდა და ისევ მუშაობდა. ცხადი იყო, მომართვა არ ავიწყდებოდა.
თავს მშვიდად გრძნობდა და საღ გონებაზე იყო. თუმცა ძალიან იყო დასუსტებული, ტკივილები მაინც არ აწუხებდა, არც შიოდა.
საჭმლის გახსენებაც კი არ სიამოვნებდა, და მხოლოდ გონების კარნახს მიჰყვებოდა. შარვლის ტოტები მუხლებამდე ჩამოხია და ფეხები შეიხვია. რაღაც ძალით თუნუქის ციცხვი შემორჩენოდა. ცოტაოდენი ცხელი წყალი უნდა დაელია, სანამ გემისაკენ თავის საშინელ გზას შეუდგებოდა.
ნელა მოძრაობდა. დამბლადაცემულივით ცახცახებდა. როცა მშრალი ხავსის მოსაგროვებლად დაიხარა, მიხვდა რომ ფეხზე დადგომა არ შეეძლო. ისევ დაიძაბა და მუხლებზე გაფორთხდა.
ერთხელ ავადმყოფ მგელთანაც კი მიბობღდა. მხეცი უხალისოდ ჩამოეცალა გზიდან და დრუნჩი გაშეშებული ენით გაილოკა.
ადამიანმა შენიშნა პირუტყვის უჩვეულო ავადმყოფური ენა. მოყვითალო-ყავისფერი დაჰკრავდა და სქელი მშრალი ლორწოთი იყო გაგლესილი. ცხელი წყალი რომ დალია, ადამიანმა ფეხზე დადგომაც შეძლო, მომაკვდავი კაცივით ნაბიჯებიც გადადგა. იძულებული იყო ყოველ წუთში დაესვენა. მოკვეთილ ფეხებს გაუბედავად ადგამდა.
მგელიც ასეთივე ნაბიჯებით მისდევდა კვალდაკვალ. და იმ დღეს, როცა მოელვარე ზღვა მრუმეში დაინთქა, ადამიანმა იგრძნო, რომ ნაპირს მხოლოდ ოთხიოდე მილით მიუახლოვდა.
ღამეში ავადმყოფი მგლის ხველება მოესმოდა, ჟამიჟამ ირმის ბიჟიკები ბღაოდნენ. ირგვლივ სიცოცხლე ჰყვაოდა. მაგრამ ეს მძლავრი სიცოცხლე იყო, მჩქეფარე, ხალისიანი და საღი, და კარგად იცოდა, ავადმყოფი მგელი მის კვალს იმ იმედით არ მოშორდებოდა, რომ ადამიანი პირველი უნდა მომკვდარიყო.
დილით, თვალი გაახილა თუ არა, მგელს მოჰკრა თვალი, ნაღვლიანი და მშიერი თვალებით შესცქეროდა. საცოდავს ნაცემი ძაღლივით ამოეჩარა კუდი ფეხებში. დილის ცივ ნიავს აეტანა და ცახცახებდა.
მგელმა უხალისოდ დაკრიჭა კბილები, როცა ხმაჩახლეჩილი ადამიანი ჩურჩულით გამოელაპარაკა.
მზე ამობრწყინდა. ადამიანი მთელი დილა მიბარბაცებდა გემისაკენ. დიდებული ამინდი იყო. ნაგვიანევი ზაფხული იდგა. მაგრამ ერთ კვირას თუ გასტანდა. შეიძლებოდა ხვალვე ან ზეგ შეცვლილიყო ამინდი.
ნაშუადღევს ადამიანის ნაფეხურებს წააწყდა. კაცისა უნდა ყოფილიყო, ეტყობოდა, მასავით ოთხზე მიფოფხავდა ისიც. ბილის კვალი თუაო, - გაიფიქრა კაცმა. მაგრამ ფიქრი მხოლოდ გულგრილად, სხვათა შორის გაივლო გულში.
მისთვის ახლა სულ ერთი იყო ყველაფერი. აღარაფერს გრძნობდა და აღარაფერი აღელვებდა. აღარც ტკივილები აწუხებდა, კუჭსა და ნერვებს ღრმად ჩასძინებოდათ. ხოლო სიცოცხლე ეწეოდა წინ.
ქანცგაცლილი იყო, მაგრამ სიცოცხლეს სიკვდილი არ სურდა. სწორედ ამიტომ ჭამდა კიდეც ჭაობის კენკრასა და ჭიჭყინას, სვამდა ცხელ წყალს და მოუშორებლად ეჭირა თვალი სნეულ მგელზე.
მერე იმ მფორთხავი კაცის კვალს გაჰყვა და მალე გზის დასასრულს მიადგა. ატალახებულ ხავსზე მიმოფანტული იყო ახლად გამოხრული ძვლები, ირგვლივ უამრავი მგლის ნაფეხური აჩნდა ხავსს. გამობერილ, ირმის ტყავიდან გამოკერილი ტომსიკას მოჰკრა თვალი, სწორედ ისეთს, როგორიც მას ჰქონდა.
ტომსიკა ბასრ კბილებს დაეგლიჯა. კაცმა ხელში აიღო ტომსიკა, თუმცა ასეთი ტვირთის აწევა უჭირდათ მის დასუსტებულ თითებს.
ბილს ბოლომდე უტარებია იგი. ჰა-ჰა! - დასცინა ბილს, იგი თან წაიღებს ამ ტომსიკას, მოელვარე ზღვაში გემთან მიიტანს. მისი სიცილი ყვავის ჩხავილივით უხამსი და შემაძრწუნებელი იყო. სნეული მგელი აჰყვა და საწყალობლად შეჰყმუვლა. კაცი უცბად გამოერკვა. რატომ დასცინის ბილს? თუკი ეს მართლა ბილი იყო. თუკი ეს მოვარდისფრო თეთრი, კრიალა ძვლები მართლაც ბილის ძვლები იყო?
იქაურობას გასცილდა. ჰმ, ბილმა მიატოვა იგი. არა, არც მის ოქროს წაიღებს და არც ბილის ძვლებს დაუწყებს წუწნას. თვითონ ბილი კი ალბათ ასე მოიქცეოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. ფიქრობდა კაცი და მიბანცალებდა.
გუბურას მიადგა. როცა ჭიჭყინას მოსაძებნად დაიხარა, თავი უკან გადააგდო, თითქოს რაღაცამ უკბინაო. წყალში არეკლილ სახეს მოჰკრა თვალი.
ეს ისეთი საშინელება იყო, რომ ამდენი ხნის დაყრუებული გრძნობებიც კი აუშალა. სამი ჭიჭყინა დაცურავდა გუბურაში. წყალი ბევრი იყო, ამოხაპვას ვერ შეძლებდა.
ერთ ხანს ცდილობდა თუნუქის ციცხვით დაეჭირა თევზები, მერე კი თავი მიანება. შეეშინდა ქანცგაცლილი შიგ არ ჩავარდნილიყო და არ დამხრჩვალიყო.
სწორედ ამიტომ ვერც მდინარეში შესვლა გაბედა, რომ მორს მოსჭიდებოდა და წყალს დაჰყოლოდა, მორები კი ბლომად იყო მდინარის ქვიშოვან თავთხელებში.
იმ დღეს გემამდე მანძილი სამი მილით შემცირდა, მეორე დღეს მხოლოდ ორი მილით, რადგან ისიც ბილივით ფორთხვაზე გადავიდა. მეხუთე დღის ბოლოს შვიდიოდე მილიღა დარჩა, მაგრამ უკვე ერთი მილის გავლაც აღარ შეეძლო დღეში.
ბებრის ყვავილობა კიდევ გრძელდებოდა და ისიც მიფორთხავდა.
სნეული მგელიც მის კვალში იდგა და ქსუტუნებდა.
ადამიანს მუხლისთავები ტერფებივით გადაუტყავდა და თუმცა მათ ხალათზე მოხეული ნაჭრებით იხვევდა, ქვებსა და ხავსზე მაინც წითელ კვალს სტოვებდა.
უკან მოიხედა, მგელი ხარბად ლოკავდა მის სისხლიან კვალს, და ცხადლივ წარმოიდგინა საკუთარი აღსასრული, თუკი მგელს თავიდან ვერ მოიცილებდა. და დაიწყო არსებობისათვის ბრძოლის ჯერ არნახული საშინელი ტრაგედია, სნეული მფორთხავი ადამიანი და სნეული კოჭლი მგელი: ორი არსება მიათრევს მომაკვდავ სხეულს უდაბურებაში და ერთიმეორის სიცოცხლეზე ნადირობს.
მგელი რომ ჩვეულებრივი ჯანსაღი მგელი ყოფილიყო, ადამიანს აქამდეც არ აცლიდა. ხოლო ადამიანს ზიზღს გვრიდა იმის წარმოდგენა, რომ ამ თითქმის ამძორებული პირუტყვის ლუკმად იქცეოდა. ისევ აემღვრა კაცს გონება, ჰალუცინაციები აეჭრა, ხოლო გონება უფრო იშვიათად ეწმინდებოდა და უფრო ხანმოკლე იყო ასეთი წუთები.
გულწასული ერთხელ ზედ ყურთან ქსუტუნმა გამოარკვია.
მგელმა კოჭლობით დაიხია უკან, ფეხი აერია და სისუსტისგან დაეცა.
სასაცილო იყო, მაგრამ კაცს სიცილის თავი აღარ ჰქონდა.
არც შეშინებია. შიშიც სადღაც შორს დარჩა. მაგრამ გონება წამით გაუნათდა, ზურგზე გადაწვა და ჩაფიქრდა, გემი უკვე ოთხი მილით იყო დაშორებული მისგან. მკაფიოდ ხედავდა მას, როცა დაბინდულ თვალებს მოიფშვნიტავდა.
ელვარე ზღვაზე მომავალ თეთრ იალქნიან პატარა ნავსაც ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ იმ ოთხი მილის გავლა აღარ შეეძლო. და მაინც სიცოცხლე სწყუროდა.
უაზრობა იყო ამდენი ტანჯვის მერე სიკვდილი. ბედი მეტისმეტად ბევრს მოითხოვდა მისგან. და მომაკვდავმა სიკვდილი არ ინდომა. იქნებ ეს სიგიჟეც იყო, მაგრამ სიკვდილის კლანჭებში ჩავარდნილი მაინც არ დაემორჩილა სიკვდილს და სიკვდილზე უარი განაცხადა.
თვალები დახუჭა და უსაზღვროდ ფრთხილად მოიკრიბა ძალა. დაიძაბა, რომ ეს გამგუდავი მოქანცულობა დაეძლია, რომელიც მოვარდნილი წყალივით მისი არსების ყველა ჯურღმულში შეტბორებულიყო. სწორედ ზღვას გავდა ეს მომაკვდინებელი მოქანცულობა, რომელიც ისევ და ისევ იზრდებოდა ყოველ ნაბიჯზე და ახრჩობდა მის ცნობიერებას. ზოგჯერ კაცი დაჰყვებოდა ამ დინებას, და მის აზავთებულ ზვირთებში დაცურავდა. და მაინც სულის უცნაური ალქიმიის წყალობით ისევ პოულობდა ნებისყოფის ნაგლეჯს და ფეხებს უფრო მძლავრად ადგამდა.
გულაღმა იწვა უძრავად და ესმოდა, როგორ უახლოვდებოდა ნელი-ნელ ავადმყოფი მგლის შეგუბებული სუნთქვა. აი, კიდევ უფრო მოახლოვდა, კიდევ უფრო, დრო უსასრულოდ გაიჭიმა. ლოყაზე გამხმარი ენა ხოროში ქაღალდივით გაეხახუნა. ადამიანმა უმალ გამართა მკლავები, ყოველ შემთხვევაში უნდოდა გაემართა მკლავები, - თითები ბრჭყალებივით შეიკრა, მაგრამ შიგ მხოლოდ ჰაერი შერჩა. სისწრაფესა და შემართებას ძალა ესაჭიროებოდა, ადამიანს კი ძალა არ გააჩნდა. საშინელი იყო მგლის მოთმინება. არც ადამიანის მოთმინება იყო ნაკლებად საშიში.
ნახევარი დღე უძრავად იწვა. არეულ გონებას ებრძოდა. ელოდა იმას, ვისაც უნდა შეეჭამა. და ვისი შეჭმაც თავად სურდა. ზოგჯერ ის გაბლანტებული ზღვა გადაეფარებოდა თვალებზე და კაცი მაშინ ზმანებებში იძირებოდა. მაგრამ ყოველ წამს სიზმრებში იყო, თუ ფხიზლობდა, იმ უჩვეულო სუნთქვასა და იმ ენის საშინელ მოალერსებას ელოდა.
სუნთქვა აღარ გაუგონია. ზმანებიდან მაშინ გამოერკვია, როცა ენა უკვე ხელზე გაეხახუნა, ადამიანი გაინაბა ეშვები ჯერ ნაზად შეეხო, მერე თანდათან მოუჭირა, მგელი უკანასკნელ ძალებს იმეტებდა, რომ კბილები იმ ნადავლში ჩაესო, რასაც ამდენი ხანია უცდიდა. მაგრამ ადამიანიც დიდხანს ელოდა მას და დაწყლულებული ხელი ყბაზე მოეჭდო მგელს.
ნელი-ნელ დაიძაბა, მეორე ხელიც გამოცურდა ჩასაბღუჯად. ხუთი წუთის შემდეგ ადამიანის მთელი სხეული გადააწვა მგელს. ხელებს არ ყოფნიდათ ძალა დაეხრჩოთ მგელი, ადამიანის სახე მიეკრა მგლის კისერს, პირი ბალნით აევსო. ნახევარი საათის შემდეგ კაცს თბილი ნაკადი ჩაეღვარა. ემწარა, თითქოს კუჭში გამდნარი ტყვია ჩაასხესო. ნებისყოფის დიდი დაძაბვა დასჭირდა, მერე ადამიანი გადმობრუნდა და ჩაეძინა.
ვეშაპმჭერ „ბედფორდზე“ მეცნიერული ექსპედიციის სულ რამდენიმე წევრი იყო. გემბანიდან ნაპირზე რაღაც უცნაურ საგანს მოჰკრეს თვალი, წყლისკენ მოღოღავდა; ვერ გაარკვიეს, რა იყო. როგორც მეცნიერებს შეჰფერით, ჩასხდნენ ნავში და ნაპირისაკენ გამოსწიეს. ცოცხალი არსება ნახეს, მაგრამ ძნელად იტყოდით, ადამიანიაო. დაბრმავებულს გონება დაეკარგა. ქვიშაზე ვეებერთელა ჭიაყელასავით იგრიხებოდა. მეტწილად მისი ცდა ამაო იყო, წვალობდა, იკრუნჩხებოდა, საათში ოციოდე ნაბიჯს თუ გადიოდა.
სამი კვირის შემდეგ ადამიანი ვეშაპმჭერ „ბედფორდის“ საწოლზე იწვა და ცრემლების ფრქვევით ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა, ვინ იყო და რა გადახდა. ყვებოდა დედაზე, მზიან სამხრეთ კალიფორნიაზე და ფორთოხლებისა და ყვავილების ჭალაში ჩადგმულ სახლსაც ახსენებდა.
ბევრ დროს არ გაუვლია, რომ მეცნიერებთან და გემის ოფიცრებთან ერთად ისიც სუფრას მიუჯდა. არაჩვეულებრივად ბევრს ჭამდა, აღგზნებულ თვალებს არ აშორებდა იმ საჭმელს, რომელსაც სხვები შეექცეოდნენ. ყოველი ლუკმის გაქრობაზე თვალებში ღრმა სინანული ეხატებოდა. საღ გონებაზე იყო და მაინც სძულდა ეს ადამიანები ჭამის დროს. სულ იმის შიში ჰქონდა, რომ საკვები არ ეყოფოდათ. მზარეულს, გემის ბიჭსა და კაპიტანს წამდაუწუმ საკვების მარაგზე ეკითხებოდა.
მრავალჯერ დაარწმუნეს და დაამშვიდეს, მაინც არ იჯერებდა. საკუჭნაოში შეიპარებოდა ხოლმე, რომ მარაგი საკუთარი თვალით ენახა. ისიც შენიშნეს, რომ კაცი სუქდებოდა, ყოველდღე სუქდებოდა. მეცნიერები თავს აქნევდნენ და ათასგვარ თეორიებს აყენებდნენ. საჭმელს ნორმით აძლევდნენ, მაგრამ მუცელი კაცს საოცრად ეზრდებოდა და ხალათი ებერებოდა.
მეზღვაურები იღრიჭებოდნენ. იცოდნენ, რაც იყო მიზეზი და როცა მეცნიერებმაც თვალთვალი დაუწყეს - ისინიც მიხვდენ; საუზმის შემდეგ კაცი გაძვრებ-გამოძვრებოდა, რომელიმე მეზღვაურს მიადგებოდა და მათხოვარივით გაუწვდიდა ხელს. ისიც ჩაიცინებდა და მეზღვაურული ბისკვიტის ნატეხს გაუწვდიდა. კაცი დასტაცებდა ხელს, ხარბად დააცქერდებოდა, როგორც ძუნწი ოქროს და ხალათის უბისაკენ გააქანებდა. იღიმებოდნენ და ასე იქცეოდნენ სხვა მეზღვაურებიც.
მეცნიერები გონივრულად მოიქცნენ და კაცი ნებაზე მიუშვეს. მისი საწოლი ჩუმად შეამოწმეს. საწოლი ორცხობილით იყო სავსე, ორცხობილით იყო გამოტენილი ლეიბი, ორცხობილით იყო გაჩურჩული ყველა კუთხე და ხვრელი. თვითონ საღ გონებაზე იყო. მომავალი შიმშილობისთვის საჭმელს იმარაგებდა მხოლოდ - ეს იყო და ეს.
ამისაგან განიკურნებაო, თქვეს მეცნიერებმა, და ასეც მოხდა, სანამ „ბედფორდის“ ღუზა სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაგრუხუნდებოდა.