(ფანტასტიკური ღიმილი) საყვარელო ძმაო ენუ!
სანამ სინათლის სხივთა კონა, რომელსაც ამ წერილს ვატან, შენამდე მოაღწევს, დედამიწაზე ალბათ კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოივლის წარსულს. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მინდა ამთავითვე დაგამშვიდო: შენი შიში, ჩემო ძვირფასო ძმაო, უსაფუძვლოა.
ქრონონავტიკა გრძელდება და ვითარდება. ცხადია, ჭორები და მითქმა-მოთქმა უმიზეზოდ არ ჩნდება და იმ არეულ-დარეულ, ურთიერთსაწინააღმდეგო და, ცოტა არ იყოს, ფანტასტიკურ ხმებს, რომლებიც თქვენში გავრცელებულა და აგრერიგად შეუშფოთებიხართ, თავისი რეალური მიზეზი აქვს, მაგრამ, მადლობა უფალს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა, უნდა გითხრა, დიდი შიში კი ვჭამეთ.
ქვეყნიერებას საშინელი ხიფათის ტალღამ გადაუარა და არ გვეგონა, თუ ყველაფერს არ გაანადგურებდა, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია.
ბოლო წამამდე ყველანი გარდაუვალი დაღუპვის შიშით ვიყავით შეპყრობილნი. ახლა დედამიწაზე კვლავ სიმშვიდეა და თუმცა ზოგჯერ, როცა მარტო დარჩენილი იმ შემზარავ საღამოს წარმოვიდგენ, ტანში გამბურძგლავს ხოლმე, მაინც ყველაფერი იმდენად იოლად დავივიწყეთ, რომ შენი წერილის ტრაგიკულ ინტონაციებზე, სიმართლე გითხრა, გულიანად მეცინებოდა.
ერთი სიტყვით, გადავრჩით. ჩვენცა და თქვენც. მართალია, ამ ამბავმა გვარიანად შეარყია ფიზიკის ის გრანდიოზული შენობა, რომელსაც ამ რვაასი წლის წინ, მესამე წელთაღრიცხვის 1979 წელს, ჩაუყარა საფუძველი დიდმა ტაიძიმ, და ჩვენ პირშიჩალაგამოვლებულები დავრჩით, რადგან დრო, ერთხელ და სამუდამოდ შეცნობილი რომ გვეგონა, კვლავ ხელიდან გაგვისხლტა, მაგრამ ამას ვინ ჩივის!
ბოლოს და ბოლოს, იმავე ტაიძის თქმისა არ იყოს, მეცნიერული თეორია ორგვარია: ერთია მცდარი თეორია, რომელიც დროთა განმავლობაში სწორით შეიცვლება, და მეორეა სწორი თეორია, რომელიც დროა განმავლობაში უფრო სწორით შეიცვლება.
თუმცაღა, რაკი შენ ამ ამბავს ასე დაუინტერესებიხარ, დაწვრილებით გიამბობ ყოველივეს, რაც მოხდა და როგორც მოხდა.
ტაიძის ძირითადი კანონი დროისა და სივრცის იგივეობის შესახებ, ცხადია, კარგად იცი და ჩემგან მისი შეხსენება ზედმეტი იქნება, მაგრამ, როგორც მახსოვს, ფიზიკის ისტორიას ყოველთვის გულგრილად ეკიდებოდი, ამიტომ სანამ უშუალოდ ქრონონავტების მოგზაურობაზე გადავიდოდე, თავს ნებას მივცემ ორიოდე სიტყვით მოგაგონო ტაიძი და მისი მოძღვრება.
ტაიძი ფიზიკოსი და მხატვარი ყოფილა. სახელოსნოში თურმე გატაცებით ხატავდა სივრცეს, მოძრაობას, დროს, გრავიტაციას, ლაბორატორიაში კი ასეთივე გატაცებით იკვლევდა განყენებულ ცნებათა გეომეტრიულ საფუძვლებს. მხატვრები მას ფიზიკოსს ეძახდნენ, ფიზიკოსები-მხატვარს. ის კი სავსებით თავისუფალი იყოპატივმოყვარეობისაგან და, შესაძლებელია, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამეცნიერო ცენტრის დიდ სხდომაზე ფიზიკა წინააღმდეგობათა გაუვალი ჭაობიდან ამოიყვანა.
მეცნიერების განვითარების გზაზე, როგორც უჩემოდაც კარგად მოგეხსენება, დროდადრო დგება ისეთი პერიოდი, როცა დაგროვილი ცოდნა ძველ სკივრში ვეღარ ეტევა და საჭირო ხდება ახალი სკივრის შეკვრა. სწორედ ასეთ პერიოდს დაემთხვა ტაიძის მოღვაწეობა. მეცნიერებაში სრული ქაოსი და სასოწარკვეთა სუფევდა.
ექსპერიმენტული მონაცემები მტკიცედ და ორგანიზებულად ეწინააღმდეგებოდნენ თეორიულ დასკვნებს და ჯიუტად უვლიდნან გვერდს გამზადებულ ჩარჩოებს. ვერავითარი გონებამახვილური გამოგონებები, ვერავითარი ხელოვნური ცნებები, ვერავითარი „სამუშაო ჰიპოთეზები“ საქმეს ვერ შველოდნენ. ფიზიკა თვალდათვალ იძირებოდა ჭაობში. ფიზიკა იხრჩობოდა.
მაშინ, ჩემო კარგო ძმაო, წამომდგარა ტაიძი და ისეთი რამ უთქვამს, რაც მთელ ეპოქას ენაზე ადგა. ეს მუდამ ასეა: ეპოქას სათქმელი მზადა აქვს და გაბედულ მთქმელსღა ელოდება.
ამ შემთხვევაში მთქმელი ტაიძი აღმოჩნდა. მან თქვა: ის ურჩხული, ფიზიკას რომ წინ გადაღობვია და გზას არ გვაძლევს, ფუნდამენტური კატეგორიების შესახებ ჩვენი ტრადიციული წარმოდგენა არისო.
ამის შემდეგ მშვიდი დაჯერებით შემოხსნა სამყაროს დრო-სივრცის ჟანგმოდებული არტახები და გაოცებული მსმენელების წინაშე პირველად ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი მოძღვრება, რომელიც სქემატურად შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ: არსებობს ერთგვარი „დასაბამი სიცოცხლე“. მისი განსაზღვრა და, საერთოდ, მის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან ყოველგვარი ცნება, თავად ადამიანის ბუნების ორგვარობის გამო, საკუთრ თავში გარდაუვალად შეიცავს საპირისპირო ცნებას.
არსებობა უეჭველად გულისხმობს არარსებობას, მარადიული - დროებითს, ერთი - მრავალს და ასე შემდეგ.
„დასაბამი სიცოცხლე“ კი არ შეიძლება საპირისპირო ცნებას შეიცავდეს. ამიტომ, როცა ვიტყვით, „არსებობს დასაბამი სიცოცხლე“, იქვე უნდა უარვყოთ ამ ნათქვამის შინაარსი.
ეს მხოლოდ პირობითი გამოთქმაა, რომლის ერთადერთი მიზანია დუმილი დავარღვიოთ. როგორც კი დუმილს დავარღვევთ, ეს ნათქვამი მაშინვე უკან უნდა წავიღოთ. ასეთია ეგრეთწოდებული „დასაბამი სიცოცხლე“. ცხადია, იგი არც ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს და ვერც მათემატიკურად დამტკიცდება.
ტაიძისაც, ეტყობა, მხოლოდ იმიტომ დასჭირდა მისი მოხმობა, რომ მოძღვრებისათვის მწყობრი და დასრულებული სახე მიეცა, თორემ წმინდა მეცნიერული სისტემა ამის შემდეგ იწყება.
ისეთი მიზეზების გამო, რომელთა შესახებ ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, დასაბამი სიცოცხლე განსხეულებისაკენ მიისწრაფვის. ამ მიზნის მისაღწევად იგი პირველ რიგში საკუთარ თავს დროში ამჟღავნებს.
დრო უნივერსალური იდეაა, უზოგადესი კოორდინატი, რომელიც მოიცავს და განსაზღვრავს ყოველივეს - ფიზიკურსაც და მეტაფიზიკურსაც. ამიტომ მას უკვე მიესადაგება გარკვეული ადამიანური კატეგორიები. კერძოდ, იგი ერთია, აბსოლუტურია და მოძრაობს (ცხადია, ეს მოძრაობაც აბსოლუტურია და ცნობიერება მას უძრაობისაგან ვერ განასხვავებს).
დრო დასაბამი სიცოცხლისაგან იღებს ძირითად ბიძგს - განსხეულების იმპულსს - და ცდილობს ლოკალურ, შეფარდებით სახედ გამოვლინდეს. ეს არის თანდათანობითი, საფეხუროვანი გზა.
კერძოდ, ტაიძის ვარაუდით, დრომ უნდა გაიაროს შვიდი საფეხური. ბოლო, მეშვიდე საფეხურზე იგი აღწევს სრულ ლოკალიზაციას და იქცევა სივრცედ.
ბუნებრივია, ამავე საფეხურებს გაივლის დროის მახასიათებლებიც. მაგალითად, ის, რაც პირველ საფეხურზე მოძრაობა იყო, მეშვიდე საფეხურზე, თანდათანობითი ლოკალიზაციის შედეგად, სიჩქარედ იქცევა.
სწორედ დროისა და მოძრაობის ამდაგვარი ლოკალიზაცია არის მატერიის შექმნის პირობა, რადგან მატერია, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არა სიჩქარე სივრცეში.
ნუ დამძრახავ, ძვირფასო ძმაო, ამ გაჭიანურებული შესავლის გამო. ტაიძის მოძღვრება იმიტომ გაგახსენე, რომ ქრონონავტიკის იდეა სწორედ ამ მოძღვრებამ დაბადა. რახან სივრცე იგივე დროა, მაშინ სივრცეში მოგზაურობაც იგივე დროში მოგზაურობაა (ასეცაა. ვის უმოგზაურია სივრცეში ისე, რომ დროში არ ემოგზაუროს?). ხოლო თუკი დროში მოგზაურობა პრინციპულად შესაძლებელია, რატომ უნდა იყოს ეს შესაძლებელი მხოლოდ მეშვიდე საფეხურზე?
მართლაც, ტაიძის მოძღვრების შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა, რომ მოგზაურობას დროის ლოკალიზაციის მეექვსე საფეხურზე თეორიულად წინ არაფერი ედგა. ალბათ უფრო ზედა საფეხურზე მოძრაობაც შესაძლებელია, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, მეცნიერებამ იგი პირველ რიგში უახლოეს, მეექვსე საფეხურზე დაინახა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ტექნიკური აზროვნების ახალ დარგს - ქრონონავტიკას. მას აქეთ რვაასი წელი გავიდა და, თუმცა ისტორიის პოზიციებიდან ეს არც თუ ისე დიდი დროა, ამ რვაასი წლის განმავლობაში ყოველ თაობას (ადამიანი, ძმაო, სულსწრაფია)
ბავშვური გულუბრყვილობით სჯეროდა, რომ ზღაპრული იდეა მის სიცოცხლეში შეისხამდა ხორცს, მის სიცოცხლეში ჩატარდებოდა ეს „ფანტასტიკური ექსპერიმენტი“.
მაგრამ ბედმა ჩვენს თაობას გაუღიმა. ექსპერიმენტი ჩვენ ჩავატარეთ. და ჩვენი თაობის ამ არნახულ წარმატებას დიდად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ ქრონონავტიკის ლაბორატორიას ბოლო ოცი წლის მანძილზე უცვლელად ხელმძღვანელობს ეოლ სორი.
ფაქტიურად ეს ექსპერიმენტი ეოლ სორის ექსპერიმენტია. შესაძლებელია ახლა, როცა თაობათა საუკუნოვანი ოცნება აღსრულდა, ეს აზრი უკვე მომხდარი ფაქტის გავლენას მიეწეროს, მაგრამ მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ისტორია ეოლ სორის დაბადებას ელოდა, რადგან ტაიძის იდეის პრაქტიკული განხორციელება სხვას ვერავის ანდო.
რასაც მე ვამბობ, გადაჭარბებულ ქებად ნუ მოგეჩვენება. ეს არის ის ძალზე იშვიათი შემთხვევა, როცა ერთ პიროვნებაში თავმოყრილია თეორეტიკოსის ინტელექტი, ექსპერიმენტატორის გონებამახვილობა, ხელმძღვანელის ორგანიზატორული ნიჭი და დამატებით ბავშვის ამოუწურავი ფანტაზია და გულწრფელი გაკვირვების უნარი.
მე განსაკუთრებით მაინც მისი სიმშვიდე და აუღელვებლობა მხიბლავს. შენ კარგად იცი, ჩემო კეთილო ძმაო, ბოლო ხანებში ისეთ ექსპერიმენტებს ვატარებთ, რომელიც ბედისწერასთან თამაშს ჰგავს: უმცირესმა შეცდომამ იდეაში ან გაანგარიშებაში შესაძლებელია არა მარტო მთელი ლაბორატორია შეიწიროს თავის პერსონალიანად (ამას ვინ დაეძებს), არამედ გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს და თვით პლანეტის შემდგომი არსებობაც კი ეჭვქვეშ დააყენოს. ასეთ დროს ხელმძღვანელის სიმშვიდე ერთი დიდი მეცნიერული აღმოჩენის ფასია.
ასეთია ეოლ სორი, ჩვენი ლაბორატორიის ნაცადი ხელმძღვანელი.
მთავარ ექსპერიმენტს წინ უძღოდა რამდენიმე მოსამზადებელი, ეგრეთ წოდებული „შესავალი ექსპერიმენტი“, რომელთა მიზანი იყო დემატერიალიზაციისა და აღდგენის პროცესების შესწავლა. თავიდან ეს შესავალი ექსპერიმენტი მანქანაზე ტარდებოდა, მერე და მერე კი, როცა მონაცემები საკმაოდ დაგროვდა და მარცხის საშიშროებამ იკლო, ადამიანებიც ჩაერთვნენ. ექსპერიმენტები მიმდინარეობდა 2500 მეტრის სიმაღლეზე სის მთის წვერზე, ძველისძველ ბუნებრივ კრატერში, რომლის კედლები შიგნიდან სპეციალური შენადნობის სქელი ფენით დაიფარა და ზემოდან ჰერმეტული ხუფი გაუკეთდა.
ეს ადგილი იმ ვარაუდით შეირჩა, რომ ძირითადი ექსპერიმენტის შედეგად, ქრონონავტების რემატერიალიზაცია წარსულში ისეთ ადგილას მომხდარიყო, სადაც მათი შემჩნევა აბორიგენების მხრივ (თუკი მთის ძირი დასახლებული აღმოჩნდებოდა) შეუძლებელი იქნებოდა და ამგვარად შემთხვევითი კონტაქტი გამოირიცხებოდა.
როდესაც შესავალი ექსპერიმენტებისაგან ყველაფერი მივიღეთ, რისი მიღებაც კი შეიძლებოდა, და მთავარი ექსპერიმენტის ვადა დაინიშნა, დედამიწაზე, როგორც ეს ხშირად ხდება, დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია წარსულში ასე უცერემონიოდ შეჭრა.
მსგავსი ხმები კანტიკუნტად ყოველთვის ისმოდა, მთელი ამ რვაასი წლის განმავლობაში, რაც ქრონონავტიკის იდეა გაჩნდა, მაგრამ ახლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ლაპარაკი თანდათან გახშირდა და ბოლოს გვარიან საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდა.
მოძრაობას, რაღა თქმა უნდა, მოხუცი უარ დენი მეთაურობდა. უარ დენი არის სამეცნიერო ცენტრის სიძველეთა მუზეუმის გამგებელი, ერთი კაფანდარა, ქაჩალი კაცი, რომელიც უცნაური და ახირებული ჩაცმულობით, უცნაური და ახირებული ლაპარაკით, უცნაური და ახირებული ქცევით თვითონაც მუზეუმის ექსპონატს ჰგავს.
დიდი თავი აქვს, ცოტა სასაცილოდ გამობურცული შუბლი და მოჭუტული, ყოველთვის საეშმაკოდ აციმციმებული თვალები. საოცრად მოძრავი კაცია, საოცრად ცოცხალი (თუმცა ას ოთხმოც წელს მიტანებულია), მუდამ ბობოქარი, მუდამ დამცინავი, მუდამ საკამათოდ შემართული. საცა კი გამოჩნდება, ყველგან გამოცოცხლება, თავისებური კოლორიტი და წარმოუდგენელი ანაქრონიზმი შეაქვს. და ისეთი სიტყვებით აქიაქებს სამეცნიერო ცენტრის ყოველ ახალ წამოწყებას, ეს სიტყვებიც მისი მუზეუმის ექსპონატები გეგონება.
წარსული რაღაც განსაკუთრებული, გაუგებარი სიყვარულით უყვარს. ყველაფერი, რაც კი მეორე წელთაღრიცხვის გრანდიოზულ კატასტროფას გადაურჩა და მოიძიეს, თავის პატარა მუზეუმში აქვს თავმოყრილი. ესაა გაურკვეველი დანიშნულების ნივთები და რამდენიმე „წიგნი“, ინფორმაციის შენახვის უცნაური საშუალება, რომელიც მეორე წელთაღრიცხვის შუა ხანებამდე ყოფილა გავრცელებული.
მოხუცი უარ დენი მუდამ კრიჭაში უდგას სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცენტრებს. როცა დედამიწა ტემპერატურის სტაბილიზაციის ხუთას წლისთავს ზეიმობდა, უარ დენი იგესლებოდა და ცოფებს ყრიდა: „ვის აძლევს ხელს სტაბილური ტემპერატურა? მას, ვინც თავისუფლების მტერია. იმიტომ რომ ტემპერატურის ერთგვაროვნება თავისუფლების გრძნობას თრგუნავს“.
ყოველ წელიწადს, აპრილის მეორე კვირას, ფეხშიშველი გამოდის დიდ მოედანზე, იქ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრის რეზიდენციაა, აიყოლიებს მოსეირნეთა და უსაქმურთა ბრბოს და პლანეტიდან საიზოლაციო ფენის აყრას მოითხოვს. „იხუთება დედამიწა! - ბობოქრობს ხოლმე და მუშტებს იქნევს. - საკინძე შეუხსენით დედამიწას!“
სამეცნიერო და საზოგადოებრივი ცენტრები, ცხადია, არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ამ ახირებულ გამოხდომებს და მშვიდად განაგრძობენ თავიანთ საქმეს. საერთოდ, ჩვენი ქალაქისა და თუნდაც მთელი დედამიწის დამოკიდებულება უარ დენთან თავისებური და ორიგინალურია.
ხალხს იგი მსუბუქი სიყვარულით უყვარს. სამეცნიერო წრეებში დასცინიან, მაგრამ ამ დაცინვაშიც სითბო მეტია, ვიდრე თავად დაცინვა. არავინ იმჩნევს თორემ, როგორც კი რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდება, ყველა გაფაციცებით ელოდება უარ დენის მორიგ გამოხდომას. იქნებ ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა მოხუცი უარ დენი აღარ გვეყოლება, დედამიწა არა მარტო თავისი კოლორიტის ერთ მნიშვნელოვან ფერს დაკარგავს, არამედ მეცნიერებისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარების ტემპიც კი შენელდება, რადგან, ჩემი აზრით, უარ დენის პროტესტები და გამოსვლები სწორედ საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს.
როგორც კი დროში გამგზავრება რეალურად დადგა მეცნიერების დღის წესრიგში, უარ დენმაც არ დააყოვნა (მით უმეტეს, რომ ამ ექსპერიმენტს უამისოდაც მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა), ჯგუფებად დაჰყო საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები, სხვადასხვა მხარეს დაგზავნა და რამდენიმე დღის განმავლობაში მთელ ქალაქში ისმოდა მოხუცის ახირებული მოწოდებები: „ნუ ამღვრევთ სათავეს, თორემ შესართავში მოიწამლებით!“ „ნუ ჭრით იმ ტოტს, რომელზედაც ზიხართ!“ „ნუ მოკლავთ საკუთარ წინაპარს, თუ არ გინდათ ლოგიკამ სახლიდან გამოგაძევოთ!“ ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი დღით ადრე ლაბორატორიაში მოგვაკითხა. შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით, არ მოგვსალმებია, სკეპტიკურად შეათვალიერა იქაურობა, უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი, მერე ერთბაშად მიუბრუნდა ეოლ სორის და მკაცრი კილოთი უთხრა: - ერთი მშვენიერი ლეგენდა წავიკითხე.
- წაიკითხეთ? - ეოლ სორი უცებ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა მოხუცი.
- გავშიფრე. - ამ სიტყვებით ჯიბიდან ერთი თავისი წიგნთაგანი ამოიღო. - აი, აქ არის. - გადაშალა. - პატარა ნაწყვეტი, თავი და ბოლო აკლია, მაგრამ მაინც საინტერესოა.
გინდათ, გიამბოთ? - წიგნი დახურა და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
- არა. რად მინდა! - მიუგო ეოლ სორიმ.
- გაწყვეტილი წინადადებით იწყება. „...წასვლის წინ ჭაბუკს დაუბარა: აჰა, შენ ეს დიდებული სასახლე აურაცხელი სიმდიდრით და აუწერელი სილამაზით. შენი იყოს და, როგორც გინდა, ისე მოიხმარე. ოღონდ ერთი გახსოვდეს: სხვენში რომ პატარა შავი ოთახია, იმას ნუ გააღებ, თუ არ გინდა, უბედურებას გადაეყარო“. იცით, ეს რას ნიშნავს?
- არა. არ ვიცი.
- სიმბოლოებია. სასახლე სამყაროა. ჭაბუკი, ვისაც ეს სასახლე ჩააბარეს, ადამიანია. პატარა, შავი ოთახი კი წარსულია და მისი გაღება არ შეიძლება.
- ადამიანი ბუნების ხელია. - მიუგო ეოლ სორიმ. - ბუნება კი ისეთს არაფერს ჩაიდენს, რომ საკუთარი ხელით მოიკლას თავი.
ეს ეოლ სორის რწმენა იყო. ჩემი აზრით, სწორედ ამ რწმენას ეფუძნებოდა მთელი მისი სიმშვიდე.
მაგრამ მოხუცმა უარ დენმა გაიცინა.
- მე ჩემი მითქვამს და თქვენ, რაც გინდათ, ისე ქენით. ნუ ჩაყოფთ ჭუჭყიან ხელს წმინდა წყაროში, თორემ გვიანღა იქნება თითზე კბენა.
ამ სიტყვებით ისევე სწრაფად გავიდა, როგორც შემოვიდა.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის დამთავრებამდე აღარც გამოჩენილა (როგორც მოგვიანებით გამოირკვა, თავის მუზეუმში ყოფილა ჩაკეტილი).
საპროტესტო დემონსტრაციებიც შეწყდა. როგორც იქნა, ექსპერიმენტის დღე დადგა.
დილის ხუთ საათზე უკანასკნელი შემოწმება დამთავრდა და დიდი კრატერი სის მთის წვერზე, ეგრეთ წოდებული სასტარტო ჭა, რომელშიაც ხომალდი იყო მოთავსებული, ჰერმეტულად დაიხურა. ავტომატები გამოითიშა, ფუსფუსი მიწყდა. ყველამ, ვინც ექსპერიმენტის მომზადებაში ვმონაწილეობდით, მთავარ დარბაზში მოვიყარეთ თავი.
ექვს საათზე სტარტის ნიშანი მიეცა.
საკონტროლო ეკრანის თეთრი შუქი შეირხა, წრიულად დატრიალდა და მოელვარე
სპირალად იქცა. მერე ეს სპირალი, თითქოს მისი წაწვეტებული ბოლო რაღაც ძალამ
შეისრუტაო, წაგრძელდა, სიღრმეში შეცურდა და სიბნელეში დაინთქა.
ხომალდი სივრცეს გასცდა და დროის მეექვსე საფეხურში შევიდა.
პლანეტას დაუყოვნებლივ ვაცნობეთ, რომ დემატერიალიზაციამ წარმატებით ჩაიარა და
მოგზაურობა დაიწყო.
ეოლ სორიმ გამოგვიცხადა, ცხრა საათამდე (ესე იგი იმ დრომდე, როცა ხომალდი
აწმყოში უნდა დაბრუნებულიყო) თავისუფალი ბრძანდებითო, მაგრამ ალბათ თვითონაც
იცოდა, რომ ეს განცხადება წმინდა წყლის ფორმალობა იყო. ცხადია, დარბაზიდან ფეხი
არავის მოუცვლია. რვაასი წელია კაცობრიობა ამ დღეს ელოდა და, როცა, ბოლოს და
ბოლოს, რვაასი წლის დაუღალავი ძიება, უძილო ღამეები, მომქანცველი შრომა
სასწორზე დაიდო, როცა წინ ბოლო სამი საათიღა იყო და ამ სამ საათს უნდა
გადაეწყვიტა, რას მივაღწიეთ ამ რვაასი წლის შრომით, ვის ეყოფოდა ნერვები
დარბაზიდან გასულიყო!
დრო ნელა, ტაატით გადიოდა.
ყოველი წამი მოლოდინით იყო გაჟღენთილი.
დარბაზში სიჩუმე იდგა.
ყველანი გულმოდგინედ და ამაოდ ვცდილობდით გარეგნულად მაინც შეგვენარჩუნებინა
სიმშვიდე. ერთადერთი, ვინც ამას ახერხებდა, ეოლ სორი იყო, რადგან ეოლ სორიმ არა
მარტო თეორიულად იცოდა, არამედ მთელი არსებით სწამდა, რომ ის კარი, რომლის
გაღებაც შეიძლება, უნდა გაიღოს.
ცხრა საათი რომ დაიწყო, ნელ-ნელა საკონტროლო ეკრანის წინ მოვიყარეთ თავი.
ახლა ყველა თვალი ეკრანს მისჩერებოდა.
უკანასკნელი, უსასრულოდ გაჭიანურებული წუთებიც მიილია.
ცხრა შესრულდა.
დარბაზში გულისცემაც აღარ ისმოდა.
და უცებ ეკრანის სიღრმეში თეთრი წერტილი გამოჩნდა. წერტილი დიდი სისწრაფით
წამოვიდა. ჯერ მოელვარე სპირალად იქცა, მერე გაიშალა და მთელი ეკრანი თანაბარი,
თეთრი შუქით გაივსო.
იმავ წამს დარბაზს შრიალით გადაუქროლა ამოსუნთქვის ხმამ.
ერთბაშად საოცარი მოდუნება ვიგრძენი (დარწმუნებული ვარ, ყველას ასე დაემართა),
თითქოს მთელი სხეული წამერთვა.
მერე ხელს ვართმევდით ერთმანეთს და ისე ხმადაბლა ვლაპარაკობდით, თითქოს
გვერდით ვიღაცას ეძინა და გვეშინოდა, არ გაგვეღვიძებინა.
- მოგილოცავთ! - მშვიდად თქვა ეოლ სორიმ და გამოძახების მწვანე ღილაკს თითი
დააჭირა. - ჩართეთ სასტერილო აპარატი!
მოდუნება წამსვე გაქრა და ყველაფერმა ძველებური, საქმიანი, მეცნიერული იერი მიიღო.
ტექნიკური კავშირის ეკრანზე მართვის ავტომატი გამოჩნდა.
- სასტერილო აპარატი ჩართულია.
- კეთილი. აცნობეთ პლანეტას, რომ ექსპერიმენტის ტექნიკური ნაწილი წარმატებით
დამთავრდა.
ავტომატი გაქრა.
ეოლ სორი ჩვენ მოგვიბრუნდა.
- ახლა კი ყველამ დავისვენოთ და საღამოს შვიდის ნახევარზე საკონფერენციო დარბაზში
შევიკრიბოთ. შვიდზე კარანტინი დამთავრდება და, ვინ იცის, რა თავსატეხს გაგვიჩენს
ჩვენი მოგზაური.
ესა თქვა და პირველი თვითონვე გავიდა დარბაზიდან.
მაგრამ იმ დღეს დასვენება არ გვეწერა. თავსატეხი კარანტინის დამთავრებამდე გაჩნდა.
თერთმეტის ნახევარზე ყველანი გაგვაღვიძეს და „განსაკუთრებული ვითარების გამო“
(როგორც მორიგე ავტომატმა ეკრანიდან გვითხრა) კვლავ მთავარ დარბაზში მიგვიწვიეს.
იქ საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელი გველოდა. მას შეშფოთებული სახე
ჰქონდა და ლაპარაკის დროს ხმა უთრთოდა. აშკარა იყო, რაღაც უსიამოვნო ამბავი
მოეტანა.
როცა ყველანი შევიკრიბეთ, მან თქვა ის, რამაც შემდეგ, გვარიანად გვიან და ოდნავ
დამახინჯებული სახით მოაღწია შენამდე, ჩემო ტკბილო ძმაო, და რამაც ასეთი (ჩემი
აზრით, ზედმეტად პათეტიკური) წერილი მოგაწერინა. მან თქვა, რომ ქალაქში თურმე
ხმები დარხეულა, თითქოს ქრონონავტ იუჰეს სამეცნიერო ცენტრის მითითება
დაერღვიოს და წარსულთან ცოცხალი კონტაქტი დაემყარებინოს.
ეს ჭეშმარიტად მეხის გავარდნას ჰგავდა. ფაქტიურად ერთადერთი დირექტივა, რომლის
დაცვასაც სამეცნიერო ცენტრი ყოველგვარ ვითარებაში და ყოველგვარი ღონით
მოითხოვდა ქრონონავტისაგან, იყო სრული ჩაურევლობა წარსულის ყოფაში, სრული
პასიურობა. გამორიცხული უნდა ყოფილიყო არა მარტო ყოველგვარი კონტაქტი,
იქნებოდა ეს ფიზიკური, აკუსტიკური, ვიზუალური თუ ტელეპატიური, არამედ ყოველგვარი
აქტიური მოქმედებაც, რომელსაც შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა და რაიმე
ცვლილება გამოეწვია. ცენტრს კარგად ესმოდა, რომ საკუთარ წარსულში უმნიშვნელო
ცვლილებების შეტანაც კი შეიძლებოდა ისეთ ჯაჭვად ასხმულიყო და ისეთ ბიძგად
გადაქცეულიყო, რომელიც, კაცმა არ იცის, რა კატასტროფას დაატეხდა თავს აწმყოს.
სწორედ ამას გულისხმობდა მოხუცი უარ დენი, როცა გვიკიჟინებდა, საკუთარ წინაპარს ნუ
მოკლავო.
სამეცნიერო წრეებში თავს არიდებდნენ ამ პრობლემაზე ლაპარაკს, რადგან იგი იმდენად
ფანტასტიკური და აბსურდული ჩანდა, რომ მის შესახებ მსჯელობას არავითარი აზრი არ
ჰქონდა, სანამ პრინციპულად არ დადგინდებოდა, შესაძლებელია თუ არა ის კონტაქტი,
რომელსაც ასე კატეგორიულად ვუკრძალავდით ქრონონავტს. როგორც ჩანს, გულის
სიღრმეში ყველას გვჯეროდა, რომ იუჰეს რემატერიალიზაცია ისეთ განზომილებაში
მოხდებოდა, რომელსაც რეალურ წარსულთან შეხების წერტილი არ აღმოაჩნდებოდა და
ამრიგად კონტაქტი თავისთავად გამოირიცხებოდა.
და აი, უცებ ირკვევა (ყოველ შემთხვევაში ქალაქში ხმები დადის), რომ წარსულთან
კონტაქტი არათუ შესაძლებელია, არამედ ჩვენმა ქრონონავტმა ისარგებლა კიდეც ამ
შესაძლებლობით.
ყველანი მეხდაცემულებივით ვიდექით. პირველი, როგორც მოსალოდნელი იყო, ეოლ
სორი მოეგო გონს. საკონტროლო აპარატს მიუჯდა და საქმეს შეუდგა. ჯერ სასტარტო ჭის
ჰერმეტიზაცია შეამოწმა. ჰერმეტიზაცია აბსოლუტური გამოდგა. მერე მოსინჯა იუჰესთან
კავშირის დამყარების ყველა შესაძლო გზა: ელექტრომაგნიტური, ტელეპატიური,
ემოციური, ბოლოს ყველაზე მძლავრი აზრთაღმნუსხველი აპარატი-ინფორმატორი
ჩართო. პასუხი ერთი იყო: ქრონონავტი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა და მასთან
არავითარი კავშირი არ არსებობდა.
რა უნდა გვეფიქრა ამის შემდეგ გარდა იმისა, რომ ქალაქში ცრუ ხმები გავრცელდა?
თანაც ამ დასკვნის სასარგებლოდ ლაპარაკობდა არა მარტო ის ფაქტი, რომ
ხომალდთან კავშირის დამყარება შეუძლებელი გამოდგა, არამედ მრავალი სხვა
გარემოებაც, რომელთა შორის უმთავრესი შემდეგი იყო: როცა ყველა ტექნიკური
პრობლემა გადაიჭრა და დღის წესრიგში კანდიდატურის შერჩევა დადგა, ასტეროიდების
დიდმა საბჭომ დაავალა დედამიწის დარგობრივ-სამეცნიერო ცენტრებს, აგრეთვე
საზოგადოებრივ ცენტრებსა და მანქანურ ცენტრს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
წარმოედგინათ ხუთ-ხუთი კანდიდატი. დიდი საბჭო ვარაუდობდა, რომ მათგან აარჩევდა
იმას, ვინც ყველაზე ხშირად გამეორდებოდა წარმოდგენილ სიებში. ეს ძალზე საიმედო
მეთოდი იყო და ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავდა. უკლებლივ ყველა
ცენტრმა უპირველეს კანდიდატად დაასახელა იუჰე. ცენტრთა ასეთმა ერთსულოვნებამ
იმთავითვე გაფანტა ყველა ეჭვი, მაგრამ დიდმა საბჭომ იუჰე მაინც გამოიძახა და, სანამ
გამგზავრების დასტურს მისცემდა, თვითონვე შეამოწმა ყოველმხრივ საფუძვლიანად.
ასე რომ, თუ წარსულში რაღაც ისეთი ძალა არ მოქმედებდა, რომელიც
მეცნიერებისათვის უცნობი იყო, იუჰეს დირექტივა არამც და არამც არ უნდა დაერღვია. და
თუნდაც ერთი წუთით დაგვეჯერებინა ის, რისი დაჯერებაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო,
განა იუჰე სამეცნიერო ცენტრს გვერდს აუვლიდა და პირდაპირ ქალაქს აცნობებდა
თავისი დანაშაულის ამბავს?
ერთი სიტყვით, ჩვენ მტკიცედ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქალაქმა უნებისყოფობისა თუ
რაღაც სხვა მიზეზის გამო ჭორი მოიგონა და ახლა თვითონვე ეშინოდა ამ ჭორის.
შიში თანდათან იზრდებოდა. ქალაქის ემოციურ შკალაზე ისარი სულ მაღლა და მაღლა
მიიწევდა და მალე კრიტიკულ წერტილს მიადგა. მაშინ საზოგადოებრივ ცენტრთან
შეთანხმებით გადაწყდა ეოლ სორის, როგორც ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, სიტყვით
მიემართა ქალაქისათვის.
ეოლ სორიმ მშვიდად, აუღელვებლად აცნობა მოსახლეობას სამეცნიერო ცენტრის
შეხედულებები, აუხსნა ის მოტივები, რომელთა გამო ქალაქში გავრცელებული ხმები არ
შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო, ილაპარაკა იუჰეს მტკიცე ხასიათსა და მაღალ
დისციპლინაზე და ცოტათი დატუქსა კიდეც ქალაქის მკვიდრნი ხელაღებული და
დაუფიქრებელი უნდობლობის გამო. ბოლოს სთხოვა შეეკავებინათ თავიანთი ემოციები
და დალოდებოდნენ საღამოს შვიდ საათს, როცა კარანტინი დამთავრდებოდა და
ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა.
ძნელი სათქმელია, სიტყვამ უფრო იმოქმედა ხალხზე თუ ეოლ სორის სიმშვიდემ. ყოველ
შემთხვევაში, ქალაქი ნელ-ნელა დაცხრა, ემოციურ შკალაზე ისარი დაბლა დაეშვა და
შუადღისას ნორმას მიუახლოვდა.
სამწუხაროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ნაშუადღევს ისარმა მკვეთრად
იწყო აღმა სვლა.
საღამოს ექვს საათზე ქალაქი პანიკამ მოიცვა.
ეოლ სორიმ კიდევ ერთხელ სცადა ხალხის დაშოშმინება, მაგრამ ამჯერად არაფერი
გამოუვიდა. შესაძლებელია, საკუთარ თავში ვეღარც იპოვა იმდენი სიმშვიდე, რომ
სხვებისთვის გაენაწილებინა.
ამ დროს ვიღაცამ ვერ მოითმინა და თქვა, მოხუცი უარ დენი ორი დღეა მუზეუმშია
ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდისო.
უარ დენის სახელი მთელი დღის განმავლობაში უხმოდ ტრიალებდა ჰაერში. ასეთ დროს
მისი ჩრდილში დგომა ყველას გვაეჭვებდა, მაგრამ თქმას ვერიდებოდით, თითქოს
იდუმალი შიში გვქონდა იმისა, რომ ხმამაღლა თქმით ეს ეჭვი რეალურ ხიფათად
გადაიქცეოდა. არადა ახლა, როცა ქალაქი ღელავდა, უარ დენის პასიურობა მართლაც
საეჭვოდ მოულოდნელი იყო. გულში ყველა დარწმუნებული ვიყავით, ამ მოჩვენებით
პასიურობაში ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმი იყო. და ეს პასიურობა უფრო საშიში
გვეჩვენებოდა. გვერჩივნა უარ დენი ქალაქში ყოფილიყო სხვებთან ერთად და თავისი
ალოგიკური სენტენციები ტყვიასავით დაეშინა სამეცნიერო ცენტრისათვის. მისი არყოფნა
თითქოს რაღაც დამატებით ეჭვს აჩენდა და ხიფათის მოლოდინს ამძაფრებდა.
ქალაქში აუწერელი რამ ხდებოდა.
შვიდის ნახევარზე საკონფერენციო დარბაზში გადავედით, სადაც უკვე იკრიბებოდნენ
ისინი, ვისაც იუჰეს პირველ ინფორმაციაზე დასწრების უფლება ჰქონდა.
ჩუმად შემოდიოდნენ, უსიტყვოდ
იკავებდნენ თავიანთ ადგილს.
უკრავდნენ
თავს
დამხვდურებს
და
უხმაუროდ
შვიდს აღარაფერი აკლდა, როცა მოხუცი უარ დენიც მოვიდა. იღლიაში წიგნი ჰქონდა
ამოჩრილი, თვალები უციმციმებდა. სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა, ხმამაღლა მიესალმა
ყველას (რაც მდუმარე დარბაზში შემაშფოთებელ დისონანსად გაისმა) და პირდაპირ
ეოლ სორისაკენ გაეშურა.
- კიდევ ერთი მონაკვეთი გავშიფრე! - კმაყოფილი კილოთი უთხრა და თითი იღლიაში
ამოჩრილ წიგნს დაუკაკუნა.
- ნახეთ, ქალაქში რა ხდება? - უთხრა ეოლ სორიმ. მის ხმაში და გამომეტყველებაში წამით
ისეთი რაღაც მომეჩვენა, თითქოს უარ დენს შველას სთხოვსო.
უარ დენი რისი უარ დენი იქნებოდა ასეთი ფსიქოლოგიური ნიუანსებისათვის ყურადღება
მიექცია!
- ქალაქში? - კითხვითვე უპასუხა. - ქალაქში პესიმისტური განწყობილებაა. - მაგრამ,
ეტყობა, რაღაცამ მაინც მიიქცია მისი ყურადღება. წამით შეყოვნდა და ეოლ სორის
დააკვირდა. - თქვენ გგონიათ, იუჰემ მართლა იცელქა იქ, წარსულში, თავის მამა-
პაპასთან? - მერე ასევე ერთბაშად შეიცვალა კილო. - სხვათა შორის, განზრახული მაქვს
ამ დღეებში დემონსტრაცია მოვაწყო და წიგნის რეაბილიტაცია მოვითხოვო.
ამ დროს კავშირის ეკრანი აინთო.
კარანტინი დამთავრდა.
იუჰე რომ შემოვიდა, გატრუნულ დარბაზს შრიალით გადაუარა რაღაცა ხმამ, რომელიც
გაკვირვებასაც ჰგავდა, შიშსაც და შეშფოთებასაც.
იუჰეს გაფითრებული სახე ჰქონდა, თვალებში კი უცხო შუქად ჩასდგომოდა ფიქრიანი,
მეოცნებე გამომეტყველება.
და ამ შეუსაბამობაში იყო რაღაც არსებითი და ნიშანდობლივი მოულოდნელობა.
იუჰემ თავი დაუკრა ყველას და მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა.
ჰაერი დაძაბული სიჩუმით დაიმუხტა.
ეოლ სორიმ დააპირა (ჩემი აზრით, ძალთა უკანასკნელი დაძაბვით) ისე წაეყვანა სხდომა,
ვითომ ქალაქში არავითარი საშინელი ხმები არ ყოფილიყო გავრცელებული, მაგრამ,
როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, დარბაზში ვიღაცამ ხმამაღლა და გარკვევით წამოიძახა,
ჯერ ის დავადგინოთ, მართალია თუ არა, რომ ქრონონავტმა წარსულის ბინადრებთან
ურთიერთობა გააბაო.
ეოლ სორი წამით დაიბნა, მერე მიხვდა, რომ სხდომის ჩვეულებრივად წარმართვაზე
ახლა ფიქრიც არ შეიძლებოდა, და მოლოდინის თვალით გადახედა იუჰეს, რითაც
წამოძახილს ოფიციალური შეკითხვის უფლება მიანიჭა.
მაშინ იუჰემ ოდნავ ასწია თავი, დარბაზის მრგვალ, თაღოვან ჭერს შეხედა და თქვა: -
მართალია.
დარბაზს გაურკვეველმა ზრიალმა გადაუარა.
მერე ყველაფერი ერთბაშად ამოძრავდა. ყველანი წამოიშალნენ. მთელი დარბაზი
ტორტმანებდა. და ამ ქაოსში აზრის ნატამალი არ ჩანდა. ირგვლივ შიში დაქროდა და
პანიკას თესავდა. ქალაქის საუკეთესო შვილების თავყრილობა უგუნურსა და ბნელ ბრბოს
დაემსგავსა.
ეოლ სორი გაშეშებული იდგა. დარბაზის შეკავება არც უცდია. იდგა და სახეზე აუტანელი
სევდა ეწერა. არც შიში, არც მრისხანება, არც გაკვირვება. მხოლოდ სევდა.
უცებ საერთო ღრიანცელი უარ დენის მკივანა ხმამ დაფარა: - შეჩერდით, მოაზროვნეებო!
შეძახილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დარბაზი მოწყვეტით შეჩერდა და წამით
სიჩუმე ჩამოვარდა. უარ დენმა ამით დაუყოვნებლივ ისარგებლა.
- კარგად კი გარბიხართ, მაგრამ აზრი რომ გრჩებათ? - აქ თვითონ შეყოვნდა მცირე ხნით
და განაგრძო: - შევიცადოთ ცოტა, ბოლომდე გავერკვეთ ყველაფერში და, თუ გაქცევაა,
მერე გავიქცეთ. ან კი რა აზრი აქვს გაქცევას? განა უგუნურობა არ არის სივრცეში
გარბოდე და იმის პრეტენზია გქონდეს, რომ დროს გაურბიხარ? ჯერ ვნახოთ, იქნებ არც
ისე წვიმს, როგორც ქუხს.
უარ დენი დაჯდა. ეოლ სორიმ მადლიერი თვალით გადახედა, მაგრამ მოხუცი მისკენ არ
იყურებოდა, ჩვეულებისამებრ ცმუკავდა და მოუსვენრად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.
დარბაზში კვლავ სიწყნარე ჩამოვარდა.
ეოლ სორიმ ნეიტრალური კილოთი თქვა: - მოვისმინოთ იუჰეს ინფორმაცია.
იუჰე წამოდგა.
- მთავარ კითხვას უკვე ვუპასუხე, - დაიწყო მან. ცოტათი ღელავდა. სახე გაფითრებული
ჰქონდა, თვალები კი უცნაურად უბრწყინავდა. - ისღა შემიძლია დავუმატო, რომ მზად ვარ
მივიღო ყოველგვარი სასჯელი, რასაც კი თქვენ, ან სისტემის უმაღლესი ხელისუფლება
გადამიწყვეტს. მაგრამ ეს მოგზაურობა რომ ათასჯერ განმეორდეს, მე ალბათ ათასჯერ
ჩავიდენ იმას, რაც ჩავიდინე. ახლა კი, ნება მიბოძეთ, უშუალოდ ინფორმაციაზე გადავიდე.
მოგზაურობის პირველი პერიოდის შთაბეჭდილება არსებითად ემთხვევა შესავალ
ექსპერიმენტებში მონაწილე ქრონონავტთა შთაბეჭდილებებს. ამიტომ ამ მონაკვეთს
მოკლედ შევეხები. გარდამავალი მომენტი, როდესაც ხომალდი ჯერ კიდევ საბოლოოდ
არ გასცდენოდა სივრცეს - დროის მეშვიდე საფეხურს - და დემატერიალიზაციის სფეროში
არ შესულიყო, მოგონებაში დარჩა, როგორც სხეულის საამო მოდუნების მოუხელთებელი
განცდა. ამ მყისიერი მომენტის შემდეგ ერთბაშად აღმოვჩნდი ისეთ სამყაროში, რომელიც
ახლა უცხო და უჩვეულო მეჩვენება, მაშინ კი, იქ, რაკი სხეულთან ერთად მეხსიერებაც
განქარდა და ყველაფერი, რაც სტარტამდე არსებობდა, ცნობიერების მიღმა დარჩა, იგი
ერთადერთი იყო. ხოლო ერთადერთი, მოგეხსენებათ, არ შეიძლება ჩვეულებრივი და
ნაცნობი არ იყოს. ეს არის რეალური ფორმების, რეალური იდეებისა და რეალური
ფერების სამყარო, სადაც ცნობიერება უშუალოდ, გრძნობის ორგანოების გარეშე
აღიქვამს ობიექტს. მე ამ სამყაროში დავფრინავდი. შესავალ ექსპერიმენტებში მონაწილე
ქრონონავტები ამ „ფრენას“ სიზმრისეულ ფრენას ამსგავსებენ. ჩემი აზრით, ეს პარალელი
ზუსტი არაა. სიზმრისეული ფრენა სივრცეში ფრენაა, დემატერიალიზაციის შემთხვევაში კი
იგი იდეის განცდაა, რადგან სივრცე არ არსებობს. სივრცე არ არსებობს; რაც შეეხება
დროს, დრო ობიექტურად არ აღინუსხება, მაგრამ ცნობიერებას შემორჩენილი აქვს
ბუნდოვანი ცოდნა მისი არსებობის შესახებ. ასე დავფრინავდი აზრებს, იდეებს,
სიმბოლოებს შორის (ეს ტერმინი, ისევე როგორც ყველა სხვა ტერმინი, რომლებიც
სივრცეს უკავშირდება, დემატერიალიზაციის პირობებში აღნიშნავს განცდას და არა
ადგილმდებარეობას) და ბევრი რამ, რაც აქ საიდუმლოებაა, იქ ცოდნა იყო. სამწუხაროდ,
ხელახალი მატერიალიზაციიის შედეგად ამ ცოდნას ბურუსი ფარავს და ისევ
საიდუმლოებად აქცევს. ფრენის შემდეგ კვლავ დადგა მყისიერი გარდამავალი პერიოდი.
რამდენადაც საამო იყო სხეულის მოდუნება პირველი გარდამავალი პერიოდის დროს,
იმდენადვე მტკივნეული იყო ამჯერად განზომილებათა შეგრძნება და მძიმე სხეულის
განცდა. მაგრამ ეს პროცესიც მოუხელთებლად სწრაფია. ცნობიერებასა და სამყაროს
შორის მყისვე ჩადგა გრძნობის ორგანოები. იდეის ერთადერთობა მატერიის
ერთადერთობამ შეცვალა და მე კვლავ სივრცეში აღმოვჩნდი. ეს სივრცე, ცხადია, იგივე
სის მთა იყო, სადაც მოგზაურობა დავიწყე, და მე ჩემი ხომალდით მის წვერზე
ვიმყოფებოდი, დიდ კრატერში. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ მას ადამიანის
ხელი ჯერ არ შეხებოდა და, საერთოდ, ეტყობა, მე ვიყავი პირველი სულიერი, რომელიც
ამ კრატერში მოხვდა. შესაძლებელია, სწორედ ამ წუთიდან დაიწყო ჩემი უცნაური
გარდაქმნა, რომელიც (მე ამას ძალიან მკაფიოდ ვგრძნობდი) წარსულში ყოფნის სამივე
საათს გრძელდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე დიდხანს ვიდექი ხომალდის
ილუმინატორთან, თვალმოუშორებლივ შევცქეროდი კრატერის მონაცრისფრო და
მოწითალო ნაშალი ქვის კედლებს და ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომელიც
გულისძგერის საამო აჩქარებას იწვევდა. ზემოდან კრატერს ქუდივით ეხურა ღრმა და
გამჭვირვალე ლურჯი ცა. პირველმა მღელვარებამ რომ გამიარა, თეთრი, დამცველი
სამოსი ჩავიცვი, როგორც ამას ინსტრუქცია მოითხოვდა, თავზე ფილტრის
ელექტრომაგნიტური სალტე დავიდე, ინფორმატორი-უნივერსალი ავიღე, ლუკი
გამოვაღე და ჩემს სიცოცხლეში პირველად დავადგი ფეხი ნამდვილ მიწას.
ინფორმატორი ჩავრთე და, რაკი დავრწმუნდი, მთაზე და მის ახლო-მახლო ადამიანის
ჭაჭანება არ იყო, კრატერიდან ზემოთ ავედი... ცხადია დღევანდელი დედამიწა, სქელ,
დამცველ გარსში მოქცეული და ლამაზად მოპირკეთებული, თავისი ოპტიმალური
კლიმატითა და ერთგვაროვანი ტემპერატურით, სრული ურბანიზაციითა და ნატიფი
არქიტექტურით, სადაც ყოველი ნაგებობა, ყოველი ქუჩა, ყოველი ხაზი ერთ საერთო
აზრს, ერთ საერთო ჰარმონიას ემორჩილება, სადაც უფაქიზესი ფორმები და ფერთა
რბილი შეხამება მოქალაქეთა მშვიდ, თანაბარ მაჯისცემას უზრუნველყოფს, სადაც
ბუნებრივი ფლორის ველური თვითნებობა შეცვლილია ხელოვნური, უჭკნობი და
უხრწნელი მცენარეულობით, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ მსოფლიო
არქიტექტურის აზრი და სახე გამოკვეთოს, დღევანდელი დედამიწა თავისი სისუფთავითა
და სიჯანსაღით, თავისი მკვებავი აბებით, რომელთა უნაშთოდ გახსნამ და ათვისებამ
გამომყოფი ორგანოები რუდიმენტებად აქცია და ამით კულინარიის ისტორიულად
რთული პრობლემა სისუფთავის ერთიან ნორმაში მოათავსა, დღევანდელი დედამიწა
თავისი აზრისმიერი სილამაზით, ფორმის ზეიმით, შეუვალი მათემატიკური ჰარმონიით,
დედამიწა, სადაც ინტელექტი ქმნის გარემოს, ცხადია, მშვენიერების იერარქიაში
გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ძველი, საკინძეშეხსნილი, ბანჯგვლიანი
დედამიწა უწესრიგოდ მიმობნეული მცენარეული საფარით, უფორმო კლდეებით, ბნელი
ნაპრალებით, ტალახით, მტვრით, ტემპერატურული კონტრასტებით, სიბინძურით,
ქაოსით, ხრწნით, სადაც ინტელექტი ჯერ კიდევ გარემოზეა დამოკიდებული. ყოველივე ეს
კარგად ვიცოდი და ახლაც კარგად ვიცი, მაგრამ ახლა ისიც ვიცი, რომ ჩვენი ცოდნა
ტვინისმიერი ცოდნაა, უნაკლო და ერთმნიშვნელოვანი ლოგიკური ცოდნა, როცა კაცს
სილამაზე კი არ მოგწონს, არამედ გესმის, და რომ ამას გარდა, თურმე არსებობს დიდი
და ღრმა ემოციური ცოდნაც, რომელსაც პირველყოფილი, ხელუხლებელი ბუნებრიობა
იძლევა. მე ერთიანად შეძრული ვიდექი მთის წვერზე. ქვემოთ, ერთ მხარეს
გადაშლილიყო ვრცელი, მოწითალო უდაბნო, რომელიც დასალიერთან ცას
უერთდებოდა. მეორე მხარეს მოჩანდა მუქი მწვანე ტყეები და ხასხასა მინდვრები. შორს,
კიდევ უფრო ქვემოთ, ხეხილის ბაღებში ჩაკარგულიყო პატარა სახლები, რომელთა
მრგვალი სახურავები ისე ციმციმებდნენ კრიალა დილაში, როგორც მაღლა მაცქერალი
დედამიწის თვალები. აღმოსავლეთით, ჰორიზონტთან, ნელა ამოცურდა ვეება მზე და
ქვეყნიერება უწვრილესი სხივების ბადეში გაახვია. უდაბნო ახლა ოქროსფრად
ლაპლაპებდა. მინდვრებზე ნამი აბრჭყვიალდა, მერე თანდათან აორთქლდა, მზიან ჰაერს
მსუბუქ ბინდად დაედო და მისი მკვეთრი ელვარება საამოდ შეარბილა. მე მონუსხული
ვიდექი, გული გაჩქარებით მიცემდა და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შორეული
კოსმიური მოგზაურობიდან მშობლიურ პლანეტაზე დავბრუნდი. მაგრამ ამ პირველი
შეხვედრის გაოგნებამ ჯერ კიდვ ვერ შეარყია ტვინში ფესვგადგმული ინსტრუქცია.
ბურანიდან მალე გამოვერკვიე, აპარატი-ინფორმატორი ავიღე და თავდაღმართს
დავუყევი. მართალია, ინდივიდუალური საფრენი კი ავიკიდე ზურგზე, მაგრამ აქედან
ფეხით ჩასვლა ვამჯობინე. რაც უფრო ქვემოთ ვეშვებოდი, მით უფრო ხშირი ბალახითა
და ბუჩქნარით იყო მიწა დაფარული. ქვედა კალთაზე, მზით განათებულ მაღალ ბალახში,
მარდად დაძვრებოდნენ ნაირ-ნაირი მწერები. ტყეს რომ მივუახლოვდი, ჭიკჭიკი
შემომესმა. ასეთი ხმა სიძველეთა მუზეუმში მქონდა მოსმენილი და მივხვდი, რომ ჩიტები
გალობდნენ. მალე დავინახე კიდეც. ხეებზე ისხდნენ და მღეროდნენ. მივუახლოვდი თუ
არა, აფრინდნენ და სხვა, უფრო შორეულ ხეებზე გადაინაცვლეს. მე მივაბიჯებდი
დაბურულ ტყეში, სადაც მზის სხივები გაჭირვებით აღწევდნენ, მაღლით ჩიტების გალობა
მომყვებოდა და, რაც უფრო ღრმად შევდიოდი ამ ჯადოსნურ ზღაპარში, მით უფრო
აშკარად ეცლებოდა ფეხქვეშ ნიადაგი ჩემს ინსტრუქციას, ჩემს მისიას, ჩემს გონიერებასა
და ტექნიკურად სრულყოფილ საუკუნეს. როგორც კი ტყეს გავცდი, აპარატის ტალღები
ადამიანთა საცხოვრებელ ზონას მიწვდა. მე, როგორც ინსტრუქცია მავალებდა, აქ
შევჩერდი, რათა მოსალოდნელი შემთხვევითი კონტაქტი თავიდან ამეცილებინა. ერთი
ბუჩქი შევარჩიე, რომელსაც ბუსუსებითა და პატარ-პატარა ეკლებით დაფარული გრძელი,
მიწაზე გადაფენილი ღეროები ჰქონდა, აპარატი მის ძირში ჩავდე და თვითონაც იქვე
ჩამოვჯექი. აპარატის მახვილი სმენა და ყოველისმხილველი თვალი განურჩევლად
ჰკრებდა ყოველგვარ ცნობებს და მეხსიერების ფირფიტაზე აღნუსხავდა. პატარა
სოფელი საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ზანტი გადაძახილ-
გადმოძახილით და საქონლის ბღავილით ამჟღავნებდა. როგორც აპარატის
მონაცემებიდან ჩანდა, აქ ხალხს ტექნიკაზე და ცივილიზაციაზე არავითარი წარმოდგენა
არა ჰქონდა. მიწას პრიმიტიულად ამუშავებდნენ, პირუტყვს აძოვებდნენ და ძირითადად
იმით კმაყოფილდებოდნენ, რასაც აქტიური ჩარევის გარეშე იძლეოდა ბუნება. ცხოვრების
რიტმი იმდენად ნელი იყო, ურთიერთობები იმდენად დინჯი, საქმიანობა იმდენად
აუჩქარებელი, დაჯერებაც კი ჭირდა, რომ ჩვენი ბობოქარი ცივილიზაცია ამ მთვლემარე
უძრაობამ წარმოშვა. უეცრად აპარატი სოფელს გამოეთიშა და უფრო ახლო რადიუსზე
გადაერთო. აპარატმა ტყის გადაღმა, ბექობს ქვემოთ ვიღაც აღმოაჩინა, მიმღებ ტალღებს
სწრაფად მოუყარა თავი მის ირგვლივ და ფირფიტაზე მისი ფიქრების აღნუსხვას შეუდგა.
აქ მე პირველად დავარღვიე ინსტრუქცია. ინსტრუქციის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა
გავცლოდი იქაურობას, რათა აბორიგენთან შეხვედრას გავრიდებოდი. მე კი აპარატიც კი
არ გამოვრთე. აპარატის გამორთვით ნაწილობრივ მაინც დავიზღვევდი თავს. მე თვითონ
უცხო თვალისგან დამცველი სალტე მიფარავდა. მართალია, თეორიულად შესაძლებელი
იყო თავად ამ სალტის ნათება შეემჩნიათ, მაგრამ პრაქტიკულად ასეთ მზიან დღეს არც ეს
შანსი არსებობდა, აპარატი კი გამოვრთე, ხოლო ჩართული აპარატი, როგორც იცით,
საკუთარი თავის ირგვლივ ისეთ ალისფერ ნათებას ქმნის, რომელიც შეუძლებელია
ადამიანმა ვერ შეამჩნიოს. რატომ დავარღვიე ინსტრუქცია, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის,
რომ ამ დროს ინსტრუქცია არ მომგონებია, მთელი ყურადღება მიპყრობილი მქონდა
აბორიგენის ფიქრებისაკენ, რომელსაც აზრის ენაზე თარგმნიდა და აღნუსხავდა აპარატი.
აი, ეს ფიქრები. - იუჰემ ინფორმატორი ჩართო და დარბაზში გაისმა აპარატის უსიამო,
ჟღრიალა ხმა: „...მე ვიცი, რომ კაცი არ უნდა მოვკლა, მაგრამ სხვა ვერავინ დავაჯერე.
ორმოცი წლის წინ რომ ის საცოდავი არ შემომკვდომოდა, იქნებ არც მე მცოდნოდა...
ნუთუ უეჭველად უნდა მოკლა, რათა მიხვდე, რომ არ უნდა მოკლა? როცა სიმამრს
ვუთხარი, კაცი არ უნდა მოკლა, თორემ შენი სული სამუდამო სატანჯველში ჩავარდება-
მეთქი, გაუკვირდა და მკითხა, არც მტერი უნდა მოვკლაო? მე ვუთხარი, არა-მეთქი.
თვითონ რომ მომკლასო? მე ვუთხარი, ის გირჩევნია, თვითონ მოგკლას-მეთქი. მტერი და
მოყვარე ერთნაირად უნდა გიყვარდეს-მეთქი, შენს თავზე მეტად უნდა გიყვარდეს-მეთქი.
სიმამრი დაფიქრდა და მითხრა, რაკი ასეა, უეჭველად უნდა მოვკლაო. რატომ-მეთქი,
ვკითხე. თუ ჩემს თავზე მეტად მეყვარება, ის არ მირჩევნია, მე დავასწრო და ჩემი სული
ჩავარდეს სამუდამო სატანჯველშიო. სიმამრი ჭკვიანია, მაგრამ თავი იმაზე უფრო ჭკვიანი
ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ ვერ მიხვდა, რომ მტერი სიყვარულით არ უნდა
მოკლა. სხვები მით უფრო ვერ მიხვდებიან. აქ ვერავინ მიხვდება. რაღაც უცხო ხმა
მეუბნება, რომ ამას მხოლოდ ჩემი მოძმეები და ნათესავები თუ გაიგებენ, ისინი, ვინც უცხო
ქვეყანაში დავტოვე და აუწერელ ტანჯვაში ცხოვრობენ. საბრალო ჩემი მოკეთეები, ჩემი
სისხლი და ხორცი! უცხო ხმა ორმოცი წელია მიბრძანებს, დავბრუნდე მათთან. უცხო ხმა
მეუბნება, რომ მხოლოდ მე შემიძლია გავათავისუფლო ისინი ამ მძიმე უღლისაგან,
გავარიდო ტანჯვასა და შეურაცხყოფას, გამოვიყვანო იმ წყეული ქვეყნიდან, ვაპოვნინო
სადმე მყუდრო ადგილი ნოყიერი მიწით, ტყითა და წყლით, დავასახლო, დავაფუძნო,
მამა-პაპათა სულების მოსახსენებლად სამსხვერპლო ავაგებინო და ისე ცხოვრება
ვასწავლო, რომ ერთმანეთი არ დახოცონ, ერთმანეთი არ გაქურდონ, ერთიმეორის
ცოლზე გული არ შეუვარდეთ... ორმოცი წელია ვაპირებ წასვლას და ვერ წავსულვარ.
იმიტომ რომ ლაჩარი და სულმდაბალი ვარ. აქ კარგია. ცხვრის მწყემსვა იოლია, სიმამრის
ქალიშვილი თბილია და საამო. ცხოვრება მშვიდი და უხიფათოა. ზოგჯერ უცხო ხმა უცხო
ძალით ამივსებს სხეულს, სული მწარედ ამტკივდება ჩემი ხალხის ტკივილით და
უმტკიცესი გადაწყვეტით გადავწყვეტ ავიყარო და წავიდე იქ, დიდი მდინარის პირას,
სადაცჩემიანებიიტანჯებიან.ასეთდროსსურვილიდაუძლეველიდა
ყოვლისმომცველია... მაგრამ, როგორც კი მოქმედებაზე მიდგება საქმე, მუხლთ
მეკვეთება, სხეულში სიძაბუნე შემომეპარება და შიში მიპყრობს. ორმოცი წელია ასე
ვიტანჯები. ასე ვიწვი ორ ცეცხლშუა. ფიქრები მაწამებენ და ძვლებს მიღრღნიან. ძარღვები
მაწყდება და გულიდან სისხლი მდის... ლაჩარი ვარ და სულმდაბალი. ორმოცი წელია
ვთვალთმაქცობ და თავს ვიტყუებ, ვითომ მართლა მიყვარს ჩემი საბრალო ხალხი.
სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავი მიყვარს. მშვიდი და უხიფათო ცხოვრება
მიყვარს. სიმამრის კალთისქვეშ თბილად და მყუდროდ ყოფნა მიყვარს. ეტყობა, ადამიანი
სულის წამებას უფრო იოლად იტანს, ვიდრე ხორცის წამებას, თორემ იქ ისეთი რა უნდა
შემმთხვეოდა, რომ ამ ორმოცი წლის აუტანელ ტანჯვაზე უარესი ყოფილიყო! ჩემი
სილაჩრე სიკვდილის შიშია. ჩემი სულმდაბლობა კი ის არის, რომ ვერც წავსულვარ და
ვერც უარი მითქვამს წასვლაზე. ყოველ დილით, უთენია, სხეულში უცხო მოლოდინი
შემომიძვრება და ამ უკაცრიელ გორაკზე ამომიყვანს. ასე მგონია, ერთხელაც იქნება აქ,
ტყის პირას, ვიღაც დამიძახებს, ვიღაც მაღალი და უხილავი, ვინც ერთ დროს ჩემს დიდ
მამა-პაპას ასწავლიდა გზას, შიშს გამბედაობით შემიცვლის, სულმდაბლობას - რწმენით.
ვინ იცის, იქნებ სწორედ დღეს... სწორედ ამ დილით...“ იუჰემ აპარატი გამორთო და
განაგრძო: - ამ სიტყვებზე თვითონაც გამოჩნდა. აღმართი ამოათავა და ბექობზე ამოვიდა.
საშუალო ტანის კაცი იყო, ჩაფსკვნილი და ბეჭებგანიერი. თეთრი თმა-წვერი ჰქონდა,
ხელში ჯოხი ეჭირა და ნელი, მაგრამ ფართო, გაშლილი ნაბიჯით მოდიოდა. შუბლზე
ნაოჭები ეყარა. სახე მასიური ჰქონდა, ცხვირი - მოგრძო, ნიკაპი - მრგვალი. დიდრონი,
გადმოფენილი ქუთუთოების ქვემოდან იმზირებოდა ღრმა და საოცრად სევდიანი
თაფლისფერი თვალები. მოდიოდა აყვავებულ მინდორზე და, ფიქრებში ღრმად ჩაფლული, ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს შორის ოცი-ოცდახუთი მეტრიღა დარჩა, აპარატის ალისფერი შუქი ერთბაშად მოხვდა მისი მხედველობის არეში. კაცი მოწყვეტით შედგა, აპარატის შუქს დააკვირდა, მერე გაკვირვებული და დაინტერესებული ჩქარით ნაბიჯით წამოვიდა, მაგრამ ათიოდე მეტრზე ისევ ისე მოწყვეტით შედგა, თვალები შიშით აევსო, ხელები წინ გამოიშვირა, თითქოს ხიფათისაგან თავის დაცვას ლამობსო, მერე ერთი გულგამგმირავად შეჰყვირა, ძირს დაემხო, თავი ბალახებში ჩარგო და ზემოდან ხელები დაიფარა. მე აპარატის მეშვეობით ვუთხარი, ნუ გეშინია-მეთქი. მაგრამ ჩემმა ხმამ უფრო შეაშინა. მთელი სხეულით შეკრთა და კიდევ უფრო მოიკუნტა. მაშინ მე რაც შემეძლო მკაცრი და შეუვალი ხმით ვუბრძანე,
ადექი-მეთქი, და, როცა ჩემს მბრძანებლურ კილოს მონუსხულივით დაემორჩილა და აცახცახებული წამოდგა, უკვე წყნარად ვუთხარი: „ნუ გეშინია, ახლო მოდი“. მან შიშით, გაუბედავად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, თან ჩავარდნილი ხმით ლუღლუღებდა: „ჩემო ბატონო... ჩემი დიდი მამა-პაპის ბატონო... ძლიერო და დიდებულო...“ მე ამ პირმოთნეობამ გამაღიზიანა და დავუტიე: „ასე როგორ უნდა დაგთრგუნოს შიშმა!“ - მერე განვაგრძე: „მე ისა ვარ, ვისაც ყოველ დილით ელოდები აქ, ამ ტყის პირას, ვინც შიში გამბედაობით უნდა შეგიცვალოს და სულმდაბლობა - რწმენით. კმარა ყოყმანი და ვიშვიში. გასწი დიდი მდინარის პირას და დაიხსენი შენი მოძმეები და ნათესავები!“
ამის გაგონებაზე იგი ისევ მუხლებზე დაეცა და აპარატის ალისფერ ნათებას შეჰღაღადა: „ნუ ინებებ, ბატონო! მე რისი დამხსნელი ვარ, შენს სახელს ვენაცვალე!“ მაშინ მე დავუყვავე, დავამშვიდე და ყოველმხრივ ვეცადე დამერწმუნებინა, რომ მუდმივ ყოყმანსა და თვითგვემას ერთხელ გაბედვა სჯობდა. მან დამიჯერა, მაგრამ, რაკი ჩემი კეთილგანწყობა დაინახა, ვაჭრობა დამიწყო. ყასიდად უარობდა და ნაირნაირ მიზეზებს იგონებდა. ჯერ ენაბლუობა მოისაბაბა და, თუმცა სინამდვილეში ენას სულ ოდნავ უკიდებდა, იძულებული შევიქენი ბიომაგნიტური სეანსი ჩამეტარებინა. მერე მითხრა, ნება მომეცი შენი სახელით მივიდე, თორემ ისე მე, ერთ საწყალსა და უბირ კაცს, ვინ რას დამიჯერებსო. ამაზე რომ დამითანხმა, მითხრა, თუ არ მეტყვი ვინა ხარ, ისე როგორ მივალ შენი სახელითო.
მე ცოტა გავბრაზდი და უკმაყოფილოდ მივუგე, ვინცა ვარ, ისა ვარ-მეთქი. ეტყობა, ჩემი ხმის კილომ შეაშინა, ყოველ შემთხვევაში, აღარ ჩამძიებია. სამაგიეროდ ახლა სხვა მხრიდან შემომიარა. რამე ნიშანი თუ არ გამატანე, ისე ვინ დამიჯერებს, რომ შენი გაგზავნილი ვარო.
მე სხვა უფრო თვალსაჩინო საშუალება არაფერი მქონდა, ამიტომ ჯოხი გამოვართვი, ინფორმატორი-აპარატის ბუდიდან სათადარიგო ატომმარეგულირებელი რგოლი ამოვიღე, ჯოხს ჩამოვაცვი და ვუჩვენე, მზის პირდაპირ სხივებთან ურთიერთობისას როგორ კარგავდა ჯოხი სიმკვრივეს და როგორ ხდებოდა დრეკადი.
მას ჯერ შეეშინდა, მერე კი კმაყოფილი დამრჩა. მე რჩევა-დარიგება მივეცი იმის შესახებ, თუ როგორ აჯობებდა თავის დაჭერა იქ, უცხო ქვეყანაში, რათა მისი განზრახვა დრომდე და ვადამდე არ გამჟღავნებულიყო და ადგილობრივ ხელისუფალთ არ ჩავარდნოდა ხელში, და გავისტუმრე. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთი წამით აზრად არ მომსვლია, რომ ისეთ რამეს ჩავდიოდი, რაც აკრძალული მქონდა... კაცი რომ თვალს მიეფარა, მე ხომალდში დავბრუნდი. ნახევარი საათის შემდეგ უკუმოქმედების იმპულსიც ჩაირთო.
იუჰე გაჩუმდა და დაჯდა. დარბაზში სამარისებური დუმილი იდგა. ყველას გვესმოდა, რომ იუჰეს წინდაუხედაობა შეიძლებოდა დასტყდომოდა აწმყოს, ყველაფერი აღეგავა პირისაგან მიწისა. ისეთ მეხთატეხად გაშეშებულები ვისხედით და ეოლ სორის მივჩერებოდით. მაგრამ ეოლ სორი თვითონაც გაშეშებული იჯდა და საკუთარ ხელებს დასცქეროდა.
დარბაზში მძიმედ იწვა ყოვლისდამთრგუნველი, პანიკური შიშით დამუხტული დუმილი და ეს დუმილი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო აუტანელი ხდებოდა.
ამ დროს მოულოდნელად ხითხითი გაისმა. ხითხითი თითქოს სადღაც შორიდან წამოვიდა და ნელ-ნელა მოახლოვდა. ხალხი შეკრთა, მოიკუნტა და კიდევ უფრო მეტად გაშეშდა. მერე თანდათან გონს მოეგენ და გაფითრებული სახეები მოხუცი უარ დენისაკენ მიატრიალეს. ეოლ სორიმაც ასწია თავი და შეშფოთებული მზერა უარ დენს მიაპყრო.
უარ დენმა კი ხითხითი შეწყვიტა და იუჰეს ჰკითხა: - ერთი ეს მითხარით, იუჰე, ფეხთ რატომ გაახდევინეთ იმ კაცს?
- იმიტომ რომ ტყავის წაღები ეცვა, გრძელბეწვიანი. იმ წაღებით რომ აპარატის დამუხტულ ველში შემოსუ... - აქ იუჰე ერთბაშად შედგა, თითქოს სიტყვა პირზე შეახმა. ჯერ უარ დენს მიაჩერდა, მერე ეოლ სორის გადახედა, მერე დარბაზს მოავლო დაბნეული მზერა და ისევ უარ დენს შეხედა. - განა მე ვთქვი, რომ იმ კაცს ფეხთ გავახდევინე?
- არა, არ გითქვამს, - მიუგო უარ დენმა.
- მაშ... თქვენ... მაშ... საიდან... - იუჰე განცვიფრებული მისჩერებოდა უარ დენს და ხმას ვეღარ იღებდა.
უარ დენი წამოდგა.
- იმან, ვინც სამყაროს განაგებს, კიდევ ერთხელ გაიცინა ჩვენს გულუბრყვილობაზე. ერთი ტყუილი უკვე გამოაშკარავდა. ჩვენს მეცნიერებს მრავალი ღამის გატეხვა მოუწევთ, რათა ახალი ტყუილი მოიგონონ იმის შესახებ, თუ რა არის დრო. - უარ დენმა წიგნი გადაშალა და ეოლ სორის უთხრა: - აი, ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვა ამ ორი დღის განმავლობაში მოვახერხე: „ხოლო მოსე თავის სიმამრ იოთორრის, მადიამელთა ქურუმს,
ცხვარს უმწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ტრამალზე მოუდიოდა, მიადგა ღვთის მთას - ქორებს. აქ მას ცეცხლმოდებულ მაყვლის ბუჩქში უფლის ანგელოზი მოევლინა. მოსემ, რა იხილა, მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა, თქვა: ეს რა საკვირველი ხილვაა!
მივალ, ერთი, და ვნახავ, რატომ არ იწვის ბუჩქი. ღმერთმა რომ მისკენ მომავალი მოსე დაინახა, დაუძახა: მოსე, მოსე! მოსემ მიუგო: რა არის? ღმერთმა უთხრა: ფეხთ გაიხადე, ეგ ადგილი, შენ რომ დგახარ, წმინდა მიწაა. მერე უთხრა: მე ვიხილე, თუ რა გასაჭირი ადგას ჩემს ერს ეგვიპტეში, მოვისმინე, როგორ შეჰღაღადებენ თავიანთ მჩაგვრელებს და შებრალებას შესთხოვენ, გავიგე, რა მძიმე განსაცდელში არიან. და აი, მოვედი, რომ შენ გაგგზავნო ეგვიპტის ფარაონთან. შენ უნდა გამოიყვანო ჩემი ერი ეგვიპტიდან. მოსემ უთხრა: ვინა ვარ მე, რომ ფარაონთან მივიდე და ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიყვანო!
ღმერთმა უთხრა: მე ვიქნები შენთან. მოსემ უთხრა: რომ მკითხონ, ვინ არის ის, ვინც გამოგგზავნა, სახელად რა ჰქვიაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა უთხრა: მე ისა ვარ, ვინცა ვარ.
და ასევე უპასუხე, ვინც არის, მან გამომგზავნა-თქო“. ასე მოხდა, ჩემო საყვარელო ძმაო, ეს ამბავი, რომელსაც შენ აგრერიგად შეუშფოთებიხარ და დაუინტერესებიხარ. უარ დენმა რომ კითხვა დაამთავრა, ყველანი კიდევ დიდხანს ვიყავით გაოგნებული. არსებითად ახლაც გაოგნებულები ვართ. მაგრამ ახლა უკვე შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი წარმოდგენა დროის შესახებ, რომელიც ასე მყარი და ძირმტკიცე გვეგონა, ხუხულასავით დაგვემხო თავზე.
შევეგუეთ და ვცდილობთ მის ადგილას ახალი წარმოდგენები დავამკვიდროთ. მართალია, ჩვენი ახირებული უარდენი ამას ერთი ტყუილის მეორე ტყუილით შეცვლას ეძახის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, კარგია, რადგან აზრს აღმოჩენებისაკენ უბიძგებს. ერთი სიტყვით, ოპტიმისტები ვრჩებით. რაც შეეხება ქრონონავტიკას, ახალი ექსპედიცია სამი კაცის შემადგენლობით უკვე მზადაა წარსულში გასამგზავრებლად. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნულია იუჰე.
სხვა რა მოგწერო? ძმურად გეხვევი და გკოცნი. მოუთმენლად ველი შენს წერილს. ყველაფერი დაწვრილებით მომწერე. განსაკუთრებით მაინტერესებს ორგანზომილებიან არსებათა, ეგრეთწოდებულ ელემინთა ამბავი.
შენი და მუდამ შენი ლუკე.
(წერილი შედგენილია მესამე წელთაღრიცხვის 2779 წელს, ანბანურ-პირობითი თარგმანი შესრულებულია მეორე წელთაღრიცხვის 1979 წელს).