კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:14

იმ გაზაფხულს და ზაფხულის დამდეგს საკავშირო ჩემპიონატის გახსნამდე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვიდნენ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები მოსკოვიდან, ლენინგრადიდან და სხვა ქალაქებიდან.

მატჩებს წვრთნის ხასიათი უფრო ჰქონდა, მაგრამ ქალაქში მაინც საფეხბურთო ბუმი იდგა.

პატარა სტადიონს მაყურებელი არ აკლდა, ტრიბუნებზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ რჩებოდა და სტადიონს მიმდგარი კერძო სახლების აივნებიც ხალხით ივსებოდა.

უბილეთო ბავშვები გუნდ-გუნდად ვწრიალებდით სტადიონის შემოგარენში. ათასი ხვრელი და გასასვლელი მქონდა შეგულებული, ხის ტოტზეც ბევრჯერ შემოვმჯდარვარ ფრინველივით.

- რას წვალობო, - მოთხრა ჩემმა ძველმა სკოლელმა, მელიხიშვილმა, - მე ყოველთვის შესასვლელი ჭიშკრიდან შევდივარ წესიერადო.

- ბილეთი თუ მექნა, მეც შევალ-მეთქი.

- ბილეთი თუ გექნა, შეხვალ კი... - ჩაბჟირდა მელიხიშვილი. 

ვერ გავიგე ვერაფერი.

- უბილეთოდ შევდივარ, პირდაპირ მთავარი შესასვლელით... – 

- როგორ შედიხარ-მეთქი, აღარ მოვეშვი.

- როგორ და მშვენივრად! სთხოვე რომელიმე ბიძიას, შემიყვანე ბიძია-თქვა და ის თუ არა, სხვა მაინც გაგიყოლებსო. ისე უნდა მოიქცე, ვითომ იმ ბიძიას შვილი ხარ ან ძმისშვილიო, - თვითონ აღარ დაუხანებია, ისე აედევნა ერთ მსუქან კაცს.

- შემიყვანე რა, ბიძია!

ბიძია ერთი შეყოყმანდა, მერე მელიხიშვილს ხელი ჩასჭიდა და სტადიონზე შეიძღოლა გერივით. ნიშნისმოგებით მოიხედა ჭიშკართან სამშვიდობოს გასულმა მელიხიშვილმა, ხელით მანიშნა, შენც ჩემსავით მოიქეციო და რამდენიმე ბიძიაც შემირჩია შორიდან.

შევგულიანდი, ხან ერთ ბიძიას გავხედე, ხან - მეორეს, მაგრამ თავი შევიკავე. აღარც ისეთი პატარა ვიყავი, ასე სამოწყალოდ რომ ავტორღიალებოდი უცნობ ადამიანს, თანაც არც სხვას, ჩემს ტოლს და ჩემზე პატარასაც ამდაგვარი არაფერი ჩაუდენია ჩემი იქ ყოფნის დროს.

ვიფიქრე, ვიფიქრე და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ეზოდან გადავიპარე სტადიონზე. ხალხით გაჭედილ ტრიბუნებს რომ ჩავუარე, დასაჯდომებს შორის გაკვეხებული მელიხიშვილიც დავინახე.

- ჩავჯდები რა, ბიძია, - ეხვეწებოდა ვიღაცას.

- მოდი, ბიძია, მოდი! - დაუძახა ვიღაცამ. ვიღაცამ ვიღაცა შეავიწროვა და მელიხიშვილი ჩაეჭეჭყა ორ ტანსრულ მამაკაცს შორის დასავლეთის ტრიბუნაზე, ცენტრში, ადმინისტრაციული ლოჟის ქვემოთ.

მე წავედი და კარს უკან, ვიწრო კიბეზე გავიჩხირე, საიდანაც ორჯერ გამომაგდეს კინწისკვრით.

ლამაზი, ნებიერად გაზრდილი ბავშვი ცნობილი თვალის ექიმის, ბესარიონ მელიხიშვილის ერთადერთი შვილი იყო. თან ყვებოდნენ სიბერეში გაჩენილ პირმშოს მშობლები.

მამას, გამოჩენილ ოფთალმოლოგს, ორივე ქუთუთოს დამბლა ჰქონდა, ტროსტით ხელში გამოდიოდა ხოლმე ბაღის კიდეზე, გამვლელ-გამომვლელს სალამს აძლევდა. სათნო გამომეტყველების, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი მამაკაცი, ბატონოს გარეშე რომ არ აბრუნებდა ენას, ოქროს სპეკულაციაში, კრიმინალურ სამყაროსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ორმაგ თამაშში იყო შემჩნეული.

დამაგნიტებული კამათლები და ელგაყვანილობით გაწყობილი ნარდი აუფეთქდა შუა თამაშში, მაგრამ მის რეპუტაციაზე ამას არ უმოქმედია, მაინც პირიანი კაცისა და კარგი მამის სახელი ჰქონდა. სამაგიეროდ, შვილს ზრდიდა კეთილსინდისიერად. წესრიგისა და სათნოებისაკენ მოუწოდებდა თავისებურად. სწავლა-განათლებისკენ უბიძგებდა და კერძო მასწავლებლებით გარშემორტყმულ პირმშოს ყურადღებას არ აკლებდა.

მელიხიშვილი უმცროსი კი ბიძიას ძახილით შედიოდა კინოში, თეატრში, სტადიონზე, ცირკში და ყველგან, სადაც შესვლა აუცილებელი ან სასურველი იყო.

რომელიღაც ბიძიამ წაუკრა ხელი სკოლის ოქროს მედალზე; ბიძიამ უბიძგა სამედიცინო ინსტიტუტში; ლენინგრადის ასპირანტურაში, ბიძიამ დააცვევინა საკანდიდატო, სადოქტორო, ბიძიამ გაამწესა დიდ თანამდებობაზე, სადაც ახლა ზის და კეთილსინდისიერად ეხმარება უამრავ ბიძიაშვილებს, ბიძიაშვილების შვილებს, ბიძიაშვილების შვილიშვილებს, ვალს გადახდა უნდა და იხდის კიდეც პატიოსნად.

- ასე უნდა ცხოვრებაო, - ამბობენ ამნაირ კაცზე.

ასე უნდა, ცხადია.

გაუმარჯოს მელიხიშვილს, ჩემს კლასელს, გაუმარჯოს მელიხიშვილის ცოცხლად დარჩენილ ბიძიებს, გაუმარჯოს მელიხიშვილის ბიძიაშვილებს, ბიძიაშვილების შვილიშვილებს, პატარ-პატარა მელიხიშვილებს, ვაშა!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ