ცნობილი მწერალი რ. სამი დღე მთაში იყო და დასასვენებლად, დილით ადრე ვენაში დაბრუნდა, სადგურზე გაზეთი იყიდა და თარიღს დახედა თუ არა, უცებ გაახსენდა - დღეს მისი დაბადების დღე იყო.
"ორმოცდაერთი" - გაივლო გულში სწრაფად, მაგრამ ამით არც სიხარული უგრძნია და არც სინანული. გაზეთის შრიალა ფურცლებს ზერელედ გადაავლო თვალი და ავტომობილით გაემგზავრა შინისაკენ.
მსახურმა მოახსენა, თქვენს არყოფნაში ორმა კაცმა გიკითხათ, რამდენჯერმე ტელეფონითაც დარეკესო. შემდეგ ლანგარზე დახვავებული ფოსტა მოართვა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილიყო.
მწერალი უგულოდ ათვალიერებდა წერილებს, გახსნა რამდენიმე მათგანი, რომელთა გამომგზავნი აინტერესებდა, ხოლო ერთი, საკმაოდ სქელი წერილი, უცნობი ხელით ნაწერი, გვერდზე გადადო.
ამასობაში ჩაი მოართვეს. მწერალი სავარძელში მოკალათდა და ისევ გაზეთს დაუბრუნდა, გადაათვალიერა აგრეთვე რამდენომე საქმიანი ქაღალდი, შემდეგ სიგარა გააბოლა და გადადებული წერილი კვლავ ხელში აიღო.
ეს მთელი მოთხრობა უფრო იყო, ვიდრე წერილი, - ოცდაათ გვერდამდე, უცნობი ქალის ათრთოლებული ხელით ნაჩქარევად ნაწერი.
უნებლიედ კონვერტი ისევ გასინჯა, განმარტებისათვის რაიმე ბარათი ხომ არ ახლავს და შიგ ხომ არ დარჩაო. მაგრამ იგი ცარიელი აღმოჩნდა და ზედ, ისევე როგორც თვით ფურცლებზეც, არც გამომგზავნის მისამართი იყო, არც ხელმოწერა.
"საოცარია", - გაიფიქრა და წერილი ისევ ხელში აიღო. პირველ გვერდზე, ზემოთ, სათაური იყო თუ მიმართვა, ეწერა: "შენ, რომელსაც არასოდეს გცნობივარ". ამან დააფიქრა: ვის უნდა ეკუთვნოდეს წერილი, მე, თუ სხვა რომელსამე გამოგონილ პიროვნებასო? უეცრად ცნობისმოყვარეობა აღეძრა და კითხვა დაიწყო.
გუშინ შვილი მომიკვდა. სამი დღე და ღამე ვცდილობდი სიკვდილისათვის ხელიდან გამომეგლიჯა ეს პატარა და უსუსური სიცოცხლე.
ორმოცი საათის განმავლობაში ვიჯექი მის ლოგინთან, სანამ საბრალო ბავშვის სხეულს გრიპისაგან ცხელების ალმური ასდიოდა. გახურებულ შუბლზე ცივ ტილოებს ვადებდი, ნიადაგ ხელში მეჭირა მისი მოუსვენარი პატარა ხელები.
მესამე საღამოს ძალა გამომელია. ვერც კი გავიგე, როგორ დამეხუჭა მოქანცული თვალები. სამ თუ ოთხ საათს მეძინა მაგარ სკამზე, ამასობაში კი სიკვდილმა გამომტაცა შვილი.
აი, წევს იგი თავის ვიწრო საბავშვო საწოლში, საყვარელი, საცოდავი ბავშვი, სწორედ ისეთი როგორიც იყო იმ წუთში, სიკვდილმა რომ წამართვა. მხოლოდ თვალები დაუხუჭეს, ჭკვიანი შავი თვალები, და გულხელი დაუკრიფეს.
ოთხი სანთელი ანთია საწოლის კუთხეებში. მისკენ გახედვას ვერ ვბედავ, ვერ ვბედავ ადგილიდან დაძვრას, რადგან სანთლის ალი რომ ირხევა, სახესა და მოკუმულ ბაგეზე ჩრდილები გადაურბენს ხოლმე და მგონია, თითქოს სახე უცოცხლდება;
მეჩვენება, თითქოს მკვდარი არ არის, თითქოს კვლავ გაიღვიძებს და თავისი წკრიალა ხმით ტიტინს დამიწყებს. მაგრამ ვიცი, რომ უკვე აღარ არის, იქით გახედვა აღარ მსურს, არ მინდა ერთხელ კიდევ იმედი ჩამესახოს და მერე ერთხელ კიდევ გამიცრუვდეს ეს იმედი.
მე ვიცი, მე ვიცი, რომ გუშინ შვილი მომიკვდა და ახლა მთელ ქვეყანაზე მხოლოდ შენ დამრჩი, მხოლოდ შენ, რომელმაც ჩემზე არაფერი იცი, შენ, რომელიც ამ დროს უდარდელად თავს იქცევ, ანდა საგნებითა და ადამიანებითა ხარ გართული, მხოლოდ შენ, რომელსაც არასოდეს გცნობივარ და ვინც თავდავიწყებით მიყვარდი ყოველთვის.
მეხუთე სანთელი ავანთე და აქ, მაგიდაზე დავდგი, რომელზედაც შენთან გამოსაგზავნ წერილს ვწერ. არა, არ ძალმიძს მარტო ვიყო ჩემი შვლის ცხედართან, არ შემიძლია ყელში მოწოლილი ცრემლი არ გადმოვანთხიო.
ვიღას უნდა მოვმართო ამ საშინელ წუთებში, თუ არა შენ. შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი იყავი და ყველაფერი ხარ დღემდე.
შეიძლება აზრს ნათლად ვერ გამოვხატავ, შეიძლება, ვერც კი გამიგო - გონება დამიჩლუნგდა, საფეთქლები მიცემს და მთელი სხეული მიკვნესის. მგონი, სიცხე მაქვს; მგონი, უკვე გრიპი დამემართა, რომელიც ახლა კარდაკარ დაძრწის. კარგი იქნება, თუ მეც ჩემს შვილს გავყვები, მაშინ აღარ დამჭირდება, მე თვითონ მოვუღო ჩემს თავს ბოლო.
ხანდახან თვალი მიბნელდება, ეგებ ვერც კი დავამთავრო ეს სტრიქონები, მაგრამ მაინც მსურს უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბო, რომ ერთხელ მაინც, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გადაგიშალო გული შენ, საყვარელო ჩემო, შენ, ვისაც არასოდეს გიცნივარ.
მინდა მხოლოდ შენ გესაუბრო, მხოლოდ შენ მოგითხრო ყველაფერი; კარგად უნდა იცნობდე ჩემს ცხოვრებას, რომელიც ყოველთვის შენ გეკუთვნოდა, თუმცა კი არ იცოდი.
ჩემს საიდუმლოს მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა ცოცხალი აღარ ვიქნები, როცა პასუხის მოწერა აღარ დაგჭირდება, როცა ეს სენი, ხან ცეცხლს რომ მიკიდებს, ხან კი ყინულად მაქცევს, ყველაფერს მოუღებს ბოლოს.
თუ სიცოცხლე კვლავ მიწერია, დავხევ ამ წერილს და დუმილს ვარჩევ, როგორც ვდუმდი ყოველთვის. მაგრამ თუ ეს წერილი შენს ხელთ აღმოჩნდა, იცოდე - მიცვალებული გელაპარაკება.
იგი თავისი ცხოვრების ამბავს მოგითხრობს, იმ ცხოვრებისა,რომელიც შენ გეკუთვნოდა უკანასკნელ წუთამდე. ჩემმა სიტყვებმა არ შეგაშინოს: მკვდარს არაფერი სჭირდება - არც სიყვარული, არც სიბრალული, არც დამშვიდება.
მხოლოდ ერთსა გთხოვ - დაიჯერე ყოველივე, რასაც შენდამი ლტოლვით გახელებული გული ჩემი გაუწყებს. დაიჯერე ყოველივე, მხოლოდ ამას გემუდარები. იცოდე, ერთადერთი შვილის ცხედრის წინაშე როდი ცრუობენ!
გადმოგიშლი მთელ ჩემს ცხოვრებას, რომელიც ნამდვილად მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად გიხილე. მანამდე ჩემთვის არსებობდა მხოლოდ რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი სამყარო, შემდეგ აინუნშიაც რომ აღარ მომსვლია, რაღაც ბნელი ჯურღმული, აბლაბუდითა და მტვერით დაფარული საგნები და ხალხი, რომელთა შესახებ ჩემმა მეხსიერებამ თითქმის აღარაფრი შემოინახა.
შენ რომ გამოჩნდი, ცამეტი წლისა ვიყავი, ვცხოვრობდი იმავე სახლში, სადაც ახლა ცხოვრობ, სწორედ იმ სახლში, სადაც ახლა ზიხარ და ხელთ გიჭირავს ეს წერილი - ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ამოსუნთქვა; ვცხოვრობდი იმავე სართულზე, შენი კარის მეზობელი ვიყავი.
აბა, რაღას გეხსომებით - ფინანსურ საქმეთა მრჩევლის ღატაკი ქვრივი (ყოველთვის ძაძა ეცვა) და ოდნავ მოჩიტული გამხდარი გოგონა. ჩვენ ხომ სრულიად შეუმჩნევლად ვცხოვრობდით, თითქოსდა ჩაძირულნი ჩვენს უბადრუკ წვრილ ბიურგერულ ყოფაცხოვრებაში.
ჩვენი გვარიც კი არ გექნება გაგონილი, რადგან კარზე წარწერა არ გაგვაჩნდა და ჩვენთან არავინ დადიოდა, არავინ გვკითხულობდა. თანაც, ეს იყო დიდი ხნის - თხუთმეტი, თექვსმეტი წლის წინ.
არა, საყვარელო, შენ ეს, ცხადია, არ გახსოვს, მაგრამ მე ... ოჰ, მე ისე ცოცხლად ვიგონებ ყველა წვრილმანს!.. ნათლად მახსოვს ის დღე, ის საათიც კი, როცა პირველად გავიგე შენი ამბავი, როცა პირველად გნახე.
ან კი როგორ არ უნდა მახსოვდეს ეს ნეტარი წუთი, მაშინ ხომ ქვეყანა პირველად გადაიშალა ჩემ წინაშე! მოთმინება იქონიე, ჩემო საყვარელო, დამაცადე ყველაფერი თავიდან მოგითხრო. მეოთხედი საათის განმავლობაში არ მოიღლები ჩემი მოსმენით. მე ხომ შენმა სიყვარულმა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მომღალა!
მანამდე, სანამ ჩვენ სახლს მოევლინებოდი, შენს ბინაში ცხოვრობდნენ საძაგელი, ბოროტი, ანჩხლი ადამიანები. თვითონ ღატაკნი იყვნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სძულდათ თავიანთი მეზობლების სიღატაკე - ვძულდით ჩვენც, რადგან არ გვსურდა ამ ზნედაცემული ამბოკარების სიტლანქესთან რაიმე გვქონოდა საერთო.
ქმარი ლოთობდა და ცოლს სცემდა ხოლმე, ღამღამობით ხშირად გვეღვიძებოდა წაქცეული სკამებისა და დამსხვრეული ჭურჭლის ხმაურზე, ერთხელ კი ცემით დასისხლიანებული, თმაგაწეწილი ცოლი კიბეზე გამოვარდა, ღვინით გალეშილი ქმარი უკან გამოეკიდა და იქამდე აგინა, სანამ მეზობლები ოთახებიდან არ გამოცვივდნენ და პოლიციით არ დაემუქრნენ.
დედაჩემი თავს არიდებდა ამ ხალხს, მათ შვილებთანაც კი ამიკრძალა ლაპარაკი, ამის გამო ისინი მუდამ შემთხვევას ეძებდნენ სამაგიერო გადაეხადათ. ქუჩაში რომ შემხვდებოდნენ, ყოველგვარ სისაძაგლეს მომაძახებდნენ ხოლმე, ერთხელ გაყინული თოვლის გუნდები ისე დამიშინეს, რომ შუბლი გამიხეთქეს.
მთელი სახლი დაირაზმა ამ ხალხის წინააღმდეგ რაღაც ინსტიქტური სიძულვილით. როდესაც ქმარი ციხეში ჩასვეს, ვგონებ, ქურდობისათვის, ხოლო ოჯახი იძულებული გახდა თავისი ბარგი-ბარხანით სადღაც გადახვეწილიყო, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ.
რამდენიმე დღე სადარბაზო კარზე განცხადება ეკიდა, რომ ბინა ქირავდებოდა. შემდეგ ჩამოხსნეს, მალე სახლის მმართველისაგან გავიგეთ, რომ ბინა დაიქირავა მწერალმა, მარტოხელა პატივსაცემმა ბატონმა. აი, როდის გავიგონე შენი სახელი პირველად.
რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ მღებავები, მებათქაშეები, მეშპალერები, ხუროები, ადრე მცხოვრები უსუფთაო მდგმურების შემდეგ ბინა წესრიგში რომ მოეყვანათ.
ისმოდა ჩაქუჩის ხმა, მუშები რაღაცას აჭედებდნენ, ასუფთავებდნენ, ფხეკდნენ, დედაჩემი კი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა და ამბობდა, ძლივს არ ვეღირსეთ საძაგელი მეზობლების თავიდან მოშორებასო.
მალე შენი ნივთების მოტანა დაიწყეს, მაგრამ თვითონ ჯერ კიდევ არ ჩანდი. ყველა ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა შენი მსახური - ტანმორჩილი, ჭაღარაშერეული დარბაისელი კამერდინერი, რომელიც წყნარი ხმით საქმიანად და ცოტა ქედმაღლურად იძლეოდა მითითებებს.
კამერდინერი ყველას ძალიან მოგვწონდა, რადგან ჩვენთან, გარეუბანში, კამერდინერი ნამდვილად უცხო ხილი იყო, ამის გარდა, ყველას მეტისმეტად თავაზიანად ექცეოდა, თუმცა მსახურთ თავს მაინცდამაინც არ უყადრებდა.
იგი პირველი დღიდანვე მოკრძალებით ესალმებოდა დედაჩემს, როგორც მანდილოსანს. ასე გასინჯეთ, მეც, ცხვირმოუხოცავ გოგოს, მუდამ ყურადღებით და სერიოზულად მეპყრობოდა.
შენს სახელს იგი განსაკუთრებული მოკრძალებით, თითქმის აღტაცებით ახსნებდა - კაცი ადვილად მიხვდებოდა, რომ მისი დამოკიდებილება როდი ჰგავდა ძველი მსახურის ჩვეულებრივ დამოკიდებულებას.
ოჰ, როგორ შემიყვარდა ამისთვის ეს კეთილი ადამიანი - მოხუცი იოჰანი,თუმცა ცოტა მშურდა კიდეც მისი: ამ ადამიანს ხომ მუდამ შეეძლო შენ გვერდით ყოფილიყო და შენთვის სამსახური გაეწია.
ყოველივე ამას, ყველა ამ სასაცილო წვრილმანს იმიტომ გიამბობ, ჩემო კარგო, რომ გაიგო, როგორ მოიპოვე თავიდანვე ესოდენი ძალა მხდალ, გაუბედავ გოგონაზე.
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრებოდი, შენ უკვე სიმდიდრის, უჩვეულობისა და იდუმალების შარავანდედით იყავი მოსილი და ჩვენ, ყველანი, გარეუბანში მდგარი პატარა სახლის მცხოვრებნი (ადამიანები, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილი, მუდამ ცნობისმოყვარეობით შეჰყურებენ მათ გარშემო მომხდარ ყოველ ახალ მოვლენას), მოუთმენლად ველოდით შენს გადმოსვლას.
და რაოდენ გაიზარდა ჩემში ეს ცნობისმოყვარეობა, როდესაც ერთხელ,სკოლიდან დაბრუნებისას, სახლის წინ ავეჯით დატვირთული საბარგული შევნიშნე. ავეჯის დიდი ნაწილი, მძიმე საგნები, მუშებს უკვე ზევით აეტანათ, ახლა წვრილმანს ეზიდებოდნენ.
კართან ავიტუზე, ამ საგნების ცქერით რომ გავმძღარიყავი - შენი ნივთები ხომ არაფრით ჰგავდნენ ჩემ მიერ მანამდე ნახულს. აქ იყო ინდური ღვთაებანი, იტალიური ქანდაკებები, ვეება ჭრელი ნახატები, ბოლოს გამოჩნდა წიგნები - ამდენი წიგნი, ამდენი ლამაზი წიგნი ერთად არ მენახა.
მათ ალაგებდნენ შენი ბინის შესასვლელთან, მსახური იღებდა თითოეულ წიგნს, საგულდაგულოდ ბერტყავდა მათ ჯოხით და აცლიდა მტვერს.
წიგნების წყება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მე კი, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, ერთთავად მათ ირგვლივ დავიპარებოდი. იოჰანი არ მიშლიდა იქ ტრიალს, მაგრამ, ეტყობოდა, არც მაინცდამაინც მოსწონდა, ფეხებში რომ ვებლანდებოდი.
ამიტომ ვერ ვბედავდი წიგნების ხელის ხლებას, თუმცა დიდი სურვილი მქონდა ოდნავ მაინც შევხებოდი რბილი ტყავის ყდებს. მხოლოდ სახელწოდებებს ვუჭვრეტდი გვერდიდან: წიგნი ზოგი ფრანგული იყო, ზოგი ინგლისური, ზოგის ენა კი ჩემთვის სრულიად უცნობი გამოდგა.
დედას რომ არ დავენახე, არ ვიცი, როდის მოვრჩებოდი მათ თვალიერებას. თუმცა ჯერ კიდევ არ გიცნობდი, მთელ საღამოს შენზე ფიქრი მაინც მოსვენებას არ მაძლევდა. მე თვითონაც მქონდა რამდენიმე იაფფასიანი ყდაშემოცვეთილი წიგნი, რომლებიც ძალზე მიყვარდა და თითოეული მათგანი მრავალჯერ მქონდა გადაკითხული.
სულ ამას ვფიქრობდი: როგორი უნდა იყოს ყველა ამ საუცხოო წიგნის პატრონი, რომელსაც ყოველი მათგანი წაუკითხავს, იცი ამდენი ენა, - როგორი მდიდარი და როგორი ნასწავლიც ამასთანავე! და რაღაც ზეგარდმო მოწიწების დარი გრძნობა მეუფლებოდა ამდენი წიგნის გახსენებაზე.
ვცდილობდი შენი სახე წარმომედგინა: მეჩვენებოდა, რომ გრძელი თეთრი წვერი გქონდა და სათვალიანი მოხუცი იყავი, აი ასეთივე, როგორც ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი, ოღონდ ბევრად უფრო კეთილი, სათუთი და ლამაზი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოხუცად გთვლიდი, მჯეროდა, რომ ლამაზი იყავი.
სწორედ იმ ღამეს, თუმცა ცხადლივ ჯერ არ მენახე, სიზმარში გიხილე პირველად. მეორე დღეს კი შენ გადმოხვედი. ბევრი ვეცადე, მაგრამ შენი ნახვა მაინც ვერ შევძელი. ეს კი ჩემს ცნობისმოყვარეობას უფრო აცხოველებდა.
ბოლოს, მესამე დღეს, როგორც იქნა, დაგინახე და გაოცებული დავრჩი იმით, რომ სულ არ ჰგავდით ჩემი ბავშვური წარმოდგენით შექმნილ მამაღვთის ხატებას.
თვალწინ ყოველთვის სათვალიანი კეთილი მოხუცი მედგა, უეცრად კი შენ მომევლინე სწორედ ისეთი, როგორიც დღესაც ხარ - მარად ახალგაზრდა, ვისაც წლები არავითარ კვალს არ აჩენს! ტანთ საუცხოო ღია ყავისფერი სპორტული კოსტიუმი გეცვა და კიბეზე ბიჭივით არბოდი, ორ-ორ საფეხურზე ერთი ნახტომით ადიოდი.
ქუდი ხელში გეჭირა, მე კი გაოგნებული შევყურებდი შენს ნათელ, ცოცხალ სახეს, შენს გრუზა თმას. ღმერთმანი, იმდენად გაოცებული ვიყავი, შემეშინდა კიდეც - ოჰ, რა ახალგაზრდა, კოხტა, წერწეტი და მოქნილი მეჩვენე!
საკვირველია ჭეშმარიტად: პირველი წუთიდანვე სავსებით ნათლად ვიგრძენი ის, რაც ეგზომ დამახასიათებელია მარტოოდენ შენთვის, რაც მუდამ მაკვირვებდა მეც და სხვებსაც, - შენი ბუნების რაღაც გაორება: ჭაბუკის მგზნებარება, ფუქსავატურად და ვნებიანად რომ ეძლევა სიცელქესა და ფათერაკებს, და იმავე დროს მამაკაცის სიდარბაისლე, შენს ხელოვნებაში ურყევი სერიოზულობა, მოვალეობის შეგნება, ნაკითხობა და მაღალი განათლება.
აქ მე შეუგნებლად განვიცადე ის, რასაც შემდეგ ყველა ხედავდა, - შენი გაორებული ცხოვრება, რომლის ნათელი მხარე ქვეყნისაკენ იყო მოქცეული, ხოლო მეორე, წყვდიადით მოცული მხარე, ცნობილი იყო მარტოოდენ შენთვის. და აი, ცამეტი წლის გოგონა მონუსხულივით შენკენ მიიზიდე და ამ გოგონამ პირველსავე შეხედვისას იგრძნო შენი ბუნების ღრმა გაორება, შენი არსების ეს ხვაშიადი.
გესმის თუ არა, საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის, პატარა გოგონასათვის? ის, ვის სახელსაც მოწიწებით ვახსენებდი, ვინც წიგნებს წერდა, ვინც სახელგანთქმული იყო სხვა, დიად სამყაროში, პატარა ბიჭივით მხიარული, კოხტა, მომხიბლავი ოცდახუთი წლის ჭაბუკი გამოდგა!
განა საჭირო კია იმის თქმა, რომ ამ დღიდან ჩვენს სახლში, მთელ ჩემს ღარიბ ბავშვურ სამყაროში შენ გარდა უკვე აღარაფერი მაინტერესებდა, რომ ცამეტი წლის გოგონას აჩემებითა და დაჟინებით მხოლოდ შენი ცხოვრებით, მხოლოდ შენით შემეძლო მეცოცხლა!
გაკვირდებოდი შენ, შენს ჩვევებს, შენთან მოსიარულე ხალხს და ეს ყველაფერი კი არ ამცირებდა, არამედ უფრო აცხოველებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, რადგან სტუმრების მრავალფეროვნება შენს ორმაგ ბუნებას გამოხატავდა.
შენთან მოდიოდნენ ახალგაზრდები, შენი ამხანაგები, რომლებთანაც ასე გულიანად იცინოდი და ხუმრობდი, მოდიოდნენ ჩამოგლეჯილი სტუდენტები, ხანდახან ავტოებით ქალებიც გესტუმრებოდნენ.
შენთან მოვიდა საოპერო თეატრის დირექტორი, ცნობილი დირიჟორი, რომელიც მხოლოდ შორიდან მყავდა ერთხელ ნანახი დირიჟორის პულტთან.
შენთან ხშირად იყვნენ პატარა გოგონები კომერციული სასწავლებლიდან. ისინი გაუბედავად უახლოვდებოდნენ კარს და ცდილობდნენ შეუმჩნევლად შეპარულიყვნენ შენს ბინაში.
ქალები, საერთოდ, ბევრი გყავდა, ძალზე ბევრი. ეს სრულიადაც არ მაკვირვებდა, ასე გასინჯე, მაშინაც კი, როცა ერთხელ სკოლაში წასვლისას შენი ოთახიდან გამოსულ ქალს შევეფეთე, რომელსაც სახე სქელი პირბადით დაეფარა.
მაშინ ხომ მხოლოდ ცამეტი წლისა ვიყავი და გუმანშიაც არ მომდიოდა, რომ პატარა გოგოს საშინელი ცნობისმოყვარეობა, შენ უკან დევნა და თვალთვალი უკვე სიყვარული იყო.
მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ჩემო საყვარელო, ის დღე და საათიც კი, როდესაც ჩემი ცხოვრება მთლიანად და სამუდამოდ შენ მოგიძღვენი.
გასეირნების შემდეგ მე და ჩემი ამხანაგი გოგონა სადარბაზო კართან ვიდექით და ვლაპარაკობდით. უცებ ჩვენ წინ ავტო გაჩერდა; საფეხურიდან შენ გადმოხტი მყისვე, ფიცხი და მოქნილი - ოჰ, როგორ მომწონს ეს შენი თვისება დღემდე! - და სადარბაზო კარისკენ გამოემართე.
ჩემდა უნებურად კარი გაგიღე და ვერც კი შევამჩნიე, რომ გზა გადაგიღობე - ერთმანეთს შევეფეთეთ. შენ შემომხედე თბილი, სათუთი, შემბოჭველი მზერით, ალერსიანი თვალი მომაპყარი, ნაზად, ნამდვილად ნაზად გამიღიმე და გამომეხმატკბილე:,,დიდად გმადლობთ, ფროილაინ,,.
ეს იყო სულ, საყვარელო, მაგრამ იმ წუთიდან, როცა შენი სათუთი, ნაზი მზერა ვიგრძენი, მთელი არსებით შენ დაგემონე.
ვაგლახ, შემდგომ - და თანაც სულ მალე - შევიტყვე, რომ ამ მაცდუნებლად დაბადებული ადამიანის მზერით, თითქოს რომ ელამუნები, იზიდავ, საბურველში ხვევ და ერთდროულად აშიშვლებ კიდეც, ყოველ გამვლელ ქალს აჯილდოებ, ყოველ მედუქნე ქალს, რომელიც რაღაცას მოგყიდის, ყოველ მოახლეს, რომელიც კარს გაგიღებს, - მივხვდი, რომ ეს მზერა განსაკუთრებულ სურვილს ან გატაცებას არ გამოხატავს, რომ შენი სინაზე ყველა ქალის მიმართ შენს მზერას უნებლიეთ ათბობს და სათუთს ხდის.
მაგრამ მაშინ მხოლოდ ცამეტი წლის ვიყავი და ეს არ მესმოდა.თითქოს ალმური მომედო: მეგონა, ეს სინაზე მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მხოლოდ მე, და მაშინ ჩემში, მოუმწიფებელ გოგონაში, ქალმა გაიღვიძა, ეს ქალი კი საუკუნოდ შენ დაგემონა.
- ვინ იყო; - შემეკითხა ამხანაგი გოგონა.
უცებ ვერ გამოვერკვიე. შეუძლებლად მომეჩვენა შენი ვინაობის გამხელა: ამ ერთ წუთში მივხვდი,რომ შენი სახელი ჩემთვის წმინდათწმინდა გახდა,ჩემს საიდუმლოებად იქცა.
- ვინ უნდა იყოს, ამ სახლში ცხოვრობს, - გაუბედავად წავილუღლუღე.
- მაშ, რატომ გაწითლდი ასე, როცა შემოგხედა? - შენიშნა მეგობარმა ცნობისმოყვარე მოზარდის ავი დაცინვით და რადგან ჩემი საიდუმლოების გაკენწვლა გაბედა, სახეში კიდევ უფრო მომაწვა სისხლი.
უხერხულობა რომ დამეფარა, უხეშობაზე გადავედი:
- ნამდვილი ბატისტვინა ხარ, - მივაძახე გააფთრებულმა. მზად ვიყავი დამეხრჩო.
ვიცი, ქალთა ნებიერს, ხშირად გსმენია ეს სიტყვები, მაგრამ მერწმუნე, არავის უყვარდი ისეთი მონური ერთგულებით, ისეთი გატაცებით, როგორც იმ მხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი და როგორიც შენთვის სამუდამოდ დავრჩი, ვინაიდან ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ, გამოუცნობ სიყვარულს!
ეს სიყვარული ისეთი უიმედო და უანგარო, ისეთი მორჩილი, გაფაციცებული და მგზნებარეა, როგორიც არ შეიძლება იყოს მოზრდილი ქალის საწადელს აყოლილი, მაგრამ ამასთანავე თუნდაც არაცნობიერად, მაგრამ მაინც მისი გრძნობის გაზიარების მომთხოვნი სიყვარული.
მხოლოდ მარტოსულ ბავშვს შეუძლია მთლიანად ჩაიმარხოს გულში ვნება. სხვები ფლანგავენ მას, როცა ცდილობენ თავიანთი განცდები სხვას გაუზიარონ, ყბედობით იჩლუნგებენ გრძნობას.
მათ ხომ ბევრი სმენიათ და წაუკითხავთ სიყვარულზე, კარგად იციან, რომ სიყვარული ყველას ხვედრია; ისინი თამაშობენ ამ სიყვარულით, საკვეხნად გაუხდიათ, როგორც ბიჭებს პირველი სიგარეტი. მე კი... მე ვის უნდა მივნდობოდი, ჭკუას არავინ მარიგებდა. არავინ მაფრთხილებდა გამოუცდელ გულუბრყვილო გოგონას;
ბედს მივენდე და უფსკრულში კი გადავიჩეხე. ყველაფერი, რაც ჩემში იზრდებოდა და იფურჩქნებოდა, გცნობდა მხოლოდ შენ, სწამდა მხოლოდ შენზე ოცნება. მამა დიდი ხანია მომიკვდა; დედა ჩემთვის უცხო იყო - ნიადაგ შეჩქვიფებული, დაუსრულებელი საზრუნავით წელგატეხილი პენსიონერი.
ჩემი სკოლის ამხანაგ ქარაფშუტა გოგოებთანაც გული არ მიდგებოდა, რადგან ადვილად გაიხადეს სათამაშოდ ის, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა იყო. ბევრი თავის გრძნობას ფანტავს და აქუცმაცებს, მე კი შენ მოგიძღვენი ყოველივე, რაც ჩემს სულში ამოსჩქეფდა, ყოველივე, რაც იქ დუღდა და გადმოდიოდა.
არ ვიცი, როგორ აგიხსნა, რას წარმოადგენდი ჩემთვის. ყოველგვარი შედარება სუსტი გამოდგება. ჩემთვის შენ ყველაფერი იყავი, მთელი ჩემი სიცოცხლე. ჩემთვის ყოველივე არსებობდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას შენთან ჰქონდა დამოკიდებულება, მხოლოდ იმას ჰქონდა აზრი, რაც შენთან იყო დაკავშირებული.
შენ ძირფესვიანად გარდაქმენი ჩემი ცხოვრება. წინათ თუ სწავლის მიმართ გულგრილი ვიყავი და არაფრით არ გამოვირჩეოდი, ახლა უცებ პირველი მოწაფე გავხდი, ასობით წიგნს ვკითხულობდი, მთელ ღამეებს კითხვაში ვათენებდი, რადგან ვიცოდი, წიგნები გიყვარდა.
დედაჩემის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნახა, რომ როიალზე დაკვრაში დავიწყე ვარჯიში განსაკუთრებული გულმოდგინებით, რაკი მეგონა, მუსიკა უყვარს-მეთქი, კაბებს ხშირად ვიწმენდდი და ვიკერებდი, მოხდენილი და გაკრიალებული რომ გჩვენებოდი, საშინლად მიკლავდა გულს ჩემი ძველი სასკოლო წინსაფარი (იგი დედის საშინაო კაბისაგან იყო შეკერილი), რადგან მარცხნივ ოთხკუთხედი საკერებელი ედო.
გული მიფანცქალებდა, ვაითუ შეგენიშნა და შეგძულებოდი. როდესაც კიბეზე ავრბოდი, საკერებელს სასკოლო ჩანთით ვიფარავდი და მაინც ყოველთვის შიშით ვკანკალებდი, - საკერებელი არ შეგემჩნია. ოჰ,რა სულელი ვიყავი - შენ ხომ ჩემთვის არასდროს, თითქმის არასდროს არ შემოგიხედავს! მაგრამ მაინც სხვანაირად არ შემეძლო.
მთელი დღეობით გიცდიდი და გითვალთვალებდი. ჩვენს კარში თითბრის გარსაცმში ჩასმული პატარა საჭვრეტი იყო. ამ საჭვრეტიდან შენი კარი ჩანდა და სწორედ ეს ჭუჭრუტანა - არა, არ გაგეცინოს, საყვარელო, ახლაც კი, დღესაც კი არ მრცხვენია ჩემი უგუნურებისა!
- ეს ჭუჭრუტანა ჩემი სარკმელი იყო სამყაროში. იმ თვეებსა და წლებში მთელ საღამოებს გაყინულ წინკარში ვატარებდი წიგნით ხელში, მეშინოდა, დედას ეჭვი არ აეღო; შენს მოლოდინში მთელი ჩემი არსება დაჭიმულ სიმს წააგავდა, რომელიც შენი გამოჩენისთანავე შეირხეოდა ხოლმე.
სულ შენით ვიყავი მოცული, მარად დაძაბული და მღელვარე გადევნებდი თვალს. მაგრამ შენ ისევე არ ძალგიძდა ამის აღქმა, როგორც იმ საათის ზამბარის დაძაბულობის აღქმა, რომელიც ჯიბეში გიდევს და მოთმინებით გითვლის და გიზომავს დღეებს, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უჩუმარი გულის ძგერით გახლავს თან, შენ კი იშვიათად, ათასობით გადათვლილი წამის შემდეგ თუ დახედავ ნაჩქარევად.
შენი ყველაფერი ვიცოდი, ვიცნობდი ყოველ შენს ჩვეულებას, ყოველ შენს ყელსახვევს, ყოველ კოსტიუმს. შევისწავლე და თანდათან კარგად ვარჩევდი შენს ნაცნობებს, რომელთაგან ერთნი მომწონდნენ, სხვები კი უსიამო შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე ჩემს ცხოვრებაში არ იყო ისეთი წუთი, შენით რომ არ მესულდგმულა. აჰ,რა სისულელე გინდა, რომ მე არ ჩამიდენია! ვკოცნიდი კარის სახელურს, რომელსაც შენ ხელს ჰკიდებდი. დაბლიდან ავიღე შენი სიგარის ნამწვი, სახლში შესვლისას რომ გადააგდე, და იგი წმინდა რელიკვიად გადამექცა, რადგან შენი ბაგე შეხებოდა.
საღამოობით მოვიმიზეზებდი რაღაცას, ბარე ასჯერ გამოვირბენდი ქუჩაში, რომ დამენახე, რომელ ოთახში გენთო სინათლე და უფრო ცხადლივ განმეცადა შენი უხილავი არსებობა, ხოლო იმ დღეებში, როცა სადმე იყავი გამგზავრებული - გული ლამის გამიჩერდებოდა ხოლმე, როდესაც დავინახავდი, რომ კეთილ იოჰანს შენი ყვითელი საკვოიაჟი დაბლა ჩაჰქონდა - ამ დღეებში სიცოცხლე ჩემი უაზრო და უშინაარსო ხდებოდა.
დამწუხრებული, მოწყენილი, გაბოროტებული დავწრიალებდი და ვცდილობდი დედას არ შეემჩნია, რომ ნამტირალევი ვიყავი და არ მიმხვდარიყო ჩემს სასოწარკვეთილებას. ვიცი - რასაც გიამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა, ბავშვური სისულელეა.
კდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არ მრცხვენია: ჩემი სიყვარული შენდამი არასოდეს ყოფილა ისე წმინდა და მხურვალე, როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში.
მთელი საათობით, მთელი დღეობით შემეძლო შენთვის იმის მოყოლა, როგორ ვსულდგმულობდი შენით, შენით, რომელიც თითქმის სახეზედაც არ მიცნობდი, რადგან კიბეზე თუ შეგხვდებოდი და უკანდასახევი გზა აღარ მქონდა, თავს ჩავღუნავდი და გვერდით ჩაგიქროლებდი - შენი მწველი მზერისა მეშინოდა, - ალბათ ასე ვარდება წყალში ალმოდებული ადამიანი.
მთელი საათობით, მთელი დღეობით შემეძლო შენთვის მომეთხრო ამ გარადასულ წელთა ამბავი, შემეძლო შენთვის შენი ცხოვრების ის მთელი მატიანე გადამეშალა, მაგრამ არ მხურს თავი მოგაბეზრო, შეგაწუხო, მინდა მხოლოდ ჩემი ბავშვობის ყველაზე მშვენიერი განცდა გაგიზიარო და გემუდარები, ნუ გაგეცინება მის არარაობაზე - ჩემთვის, ბავშვისათვის, ხომ იგი უსასრულოდ სანუკვარი რამ იყო.
ეს მოხდა, მგონი, კვირადღეს. სხვა ქალაქში იყავი წასული, ხოლო შენს იოჰანს მძიმე ხალიჩები გაებერტყა და ბინის ღია კარში ეზიდებოდა. კეთილ მოხუცს უჭირდა მათი აწევა და, აი, უცებ მოვიკრიბე გამბედაობა, მივედი მასთან და შევეკითხე, შეიძლება დაგეხმაროთ - მეთქი.
გაუკვირდა, მაგრამ თხოვნაზე უარი არ მითხრა და ასე და ამგვარად მოვახერხე შენს სამყაროში, შენს ოთახში შესვლა. ოჰ, რომ შემეძლოს გადმოგცე, როგორი ქედმოხრით, როგორი ზეგარდმო მოწიწებით ვიხილე შენი სამყარო! - საწერი მაგიდა, რომელთანაც შენ იჯექი ხოლმე, ზედ ბროლის ლურჯი ლარნაკი იდგა და შიგ რამდენიმე ყვავილი იდო.
შენი კარადები, ნახატები, წიგნები. ქურდულად, მალულად შევიჭვრიტე შენს ცხოვრებაში. ერთგული იოჰანი, ცხადია, ნებას არ მომცემდა ყველაფერი დაწვრილებით დამეთვალიერებინა, მაგრამ ეს ერთი შეხედვაც საკმარისი იყო: შევძელი შემესრუტა მთელი შენი ატმოსფერო, მიმეღო ახალი საკვები ცხადად თუ ძილში შენზე უსასრულო ოცნებისათვის.
ეს ხანმოკლე წუთი ყველაზე ბედნიერი გამოდგა ჩემს ბავშვობაში. სწორედ ეს მინდოდა მომეთხრო, რათა შენ, რომელსაც არასოდეს გცნობივარ, ბოლოს მაინც შეგეტყო, რომ შენთვის ვცოცხლობდი შენთვისვე მკვდარი.
ეს და კიდევ სხვა, ყველაზე საშინელი ამბავიც, რაც, ვაგლახ, ასე მალე მოჰყვა ამ პირველ ბედნიერ წუთს. უკვე გითხარი, შენ გამო ყველაფერი დამავიწყდა, დედასაც ყურადღებას აღარ ვაქცევდი, არავინ აღარ მაინტერესებდა და ვერც კი შევამჩნიე, რომ ერთმა ხანში შესულმა ბატონმა, ინსბურკელმა ვაჭარმა, დედაჩემის შორეულმა ნათესავმა, ჩვენთან სიარულს მოუხშირა და ყოველ მოსვლაზე სულ უფრო დიდხანს რჩებოდა.
ეს ჩემთვის სასიამოვნოც კი იყო, რადგან დედას ხანდახან თეატრში პატიჟებდა, მე კი შესაძლებლობა მარტო დავრჩენილიყავი და მეფიქრა შენზე, მედარაჯა შენთვის - ეს ხომ ჩემი უმაღლესი, ჩემი ერთადერთი ნეტარება იყო.
ერთ დღესაც დედამ დიდი ამბით დამიძახა თავის ოთახში, სერიოზულად უნდა მოგელაპარაკოო. ფერი მეცვალა, გულმა ბაგაბუგი ატეხა: ნუთუ დედა რამეში დაეჭვდა, ნუთუ მიხვდა ყველაფერს? მაშინვე შენზე ვიფიქრე, ჩემს საიდუმლოზე, ერთადერთზე, რაც ცხოვრებასთან მაკავშირებდა.
მაგრამ დედა თვითონვე იყო დაბნეული. მან ერთი-ორჯერ ნაზად მაკოცა (რაც სხვა დროს აზრად არ მოსვლია), გვერდით მომისვა დივანზე და დარცხვენილმა ენის ბორძიკით დამიწყო მოყოლა: ამ ნათესავმა ქვრივმა ცოლად გაყოლის წინადადება მომცა და მეც ვფიქრობ, უმთავრესად შენ გამო, მივიღო ეს წინადადებაო.
სისხლი ამივარდა თავში, მხოლოდ ერთედერთი აზრით - შენზე ფიქრით - გამოვეხმაურე ამ ახალ ამბავს: - მაგრამ აქედან ხომ არსად წავალთ? - ძლივს ამოვილუღლუღე. - როგორ არა, ინსბურკში გადავსახლდებით, იქ ფერდინანდს მშვენიერი ვილა აქვს. - მეტი აღარაფერი მსმენია - თვალთ დამიბნელდა.
შემდეგ გავიგე, რომ გრძნობა დამკარგოდა. დედა ხმადაბლ ამოუთხრობდა მამინაცვალს, რომელიც ჩვენი საუბრის დროს კარს უკან მდგარიყო, რომ მე უცაბედად შევრტორტმადნი, ხელები გავშალე და ტყვიანაკრავივით ზურგზე მაინც დავეცი. ვერ აგიწერ, რა ხდებოდა შემდეგ დღეებში, როგორ ვცდილობდი უმწეო ბავშვი წინ აღვდგომოდი მათ მძლეთა მძლე ნება-სურვილს.
ახლაც კი,როცა მახსენდება, კალამი მიკანკალებს ხელში. გულში ჩამარხული საიდუმლო არ შემეძლო გამემხილა, ამიტომ ჩემს საქციელს ყველა სიჯიუტედ, სიანჩხლედ და თავნებობად მითვლიდა. ჩემთან ლაპარაკი არავის სურდა, ყოველივე უჩემოდ კეთდებოდა.
ჩემი სკოლაში ყოფნის დროს ჩვენები გამგზავრების თადარიგს ეწეოდნენ. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, ვამჩნევდი, კვლავ რაღაც გაეტანათ ან გაეყიდათ სახლიდან. ჩემ თვალწინ ბინა ცარიელდებოდა და მასთან ერთად ჩემი ცხოვრებაც.
ერთხელ სადილობის დრო მოტანებული იყო, რომ შინ დავბრუნდი და მტვირთავები დავინახე. უკვე მოესწროთ მთელი ავეჯის გამოტანა. ცარიელ ოთახებში შეკრული ჩემოდნები ეწყო, აქვე იდგა ორი დასაკეცი საწოლი - ჩემთვის და დედაჩემისათვის. ერთი ღამე ისევ აქ უნდა გაგვეთია, უკანასკნელი, დილით კი ინსბურკს გავმგზავრებულიყავით.
ამ უკანასკნელ დღეს ნათლად ვიგრძენი, რომ შენგან შორს ცხოვრება არ შემეძლო. სად უნდა მეძებნა ხსნა, თუ არა შენთან? რა ხდებოდა მაშინ ჩემს გულში, შემეძლო თუ არა საერთოდ ნათლად მეაზროვნა სასოწარკვეთილების ამ წუთებში - ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გეტყვი, მაგრამ უეცრად, როცა დედა შინიდან გავიდა, ავდექი და,როგორც ვიყავი სასკოლო კაბაში გამოწყობილი, შენკენ გამოვეშურე.
არა, კი არ მოვდიოდი, რაღაც საბედისწერო ძალა მიბიძგებდა შენი კარისკენ, თუმცა მუხლები მიკანკალებდა და ფეხებს ძლივს მივათრევდი.
უკვე გითხარი, თვითონ არ ვიცოდი, რა მსურდა: დავმხობილიყავუ შენს ფერხთა წინაშე და შემოგვედრებოდი, რომ მსახურად, მხევლად დაგეტოვებინე?.. ვშიშობ, თხუთმეტი წლის გოგონას ეს უცოდველი ფანატიზმი მხოლოდ ღიმილს მოგგვრის.
მაგრამ, საყვარელო, ღიმილი უთუოდ მაშინვე სახეზე ჩაგიქრება, როგორც კი შეიტყობ, როგორ ვიდექი მაშინ გარეთ, გაყინულ ბაქანზე, შიშით გათანგული, მაგრამ რაღაც შეუცნობელი ძალა მაინც წინ მეწეოდა;
შემდეგ როგორ ძალდატანებით ავწიე ათრთოლებული ხელი, თითქოს სხეულიდან ამეგლიჯოს, - ეს იყო ბრძოლა, რომელიც რამდენიმე საშინელ წამს გრძელდებოდა, მე კი მარადისობად მომეჩვენა, - როგორ დავაჭირე თითი ზარის ღილაკს.
დღემდე ყურებში მიდგას მისი მჭახე წკრიალი და შემდეგ ჩამოვარდნილი სიჩუმე; გულმა ძგერა შეწყვიტა, სისხლი გამეყინა, სმენად გადავიქეცი - მოდიოდი თუ არა. მაგრამ შენ არსად ჩანდი.
ოთახიდან არავინ გამოსულა. ალბათ შინ არავინ იყო. იოჰანი თუ საყიდლებზე წავიდა. ყურებში აწ დადუმებული ზარის წკრიალი ჩამესმოდა, როდესაც თითის წვერებზე დავბრუნდი დაცარიელებულ სახლში და რომელიღაცა ბოხჩაზე დავეცი მოწყვეტილი.
ოთხიოდე ნაბიჯმა ისე დამღალა, თითქოს რამდენიმე საათი ღრმა თოვლში მევლო. და მაინც დაოუკებელი სურვილი მქონდა შენი ნახვისა, შენთან დალაპარაკებისა, სანამ სანამ აქედან გამამგზავრებდნენ: გეფიცები, ამ სურვილში ავხორცობა არ იყო გარეული, მაშინ ხომ ჯერ არაფერი გამეგებოდა ამისა სწორედ იმიტომ, რომ სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი, შენ გარდა: მინდოდა მხოლოდ მენახე, კიდევ ერთხელ მენახე და ჩაგბღაუჭებოდი.
მთელ ღამეს, ამ გრძელი საშინელ ღამეს გიდარაჯე, საყვარელო. როგორც კი დედა ლოგინში ჩაწვა და ჩაეძინა, წინკარში გამოვიპარე და ყურს გიგდებდი, მოხვიდოდი თუ არა. მთელ ღამეს, იანვრის გათოშილ ღამეს გიცადე. მოვიქანცე, მთელი სხეული მიკვნესოდა.
სკამი აღარ იყო, დავმჯდარიყავი. ამიტომ ცივ იატაკზე გულაღმა დავწექი. კარის ქვევიდან სუსხიანი ქარი უბერავდა. თხელი კაბის ამარა ვიწექი ცარიელ ცივ ფიცრებზე, საბანი თან არ წამიღია, მეშინოდა, ჩამთბარს არ ჩამეძინოს და მისი ნაბიჯები არ გამომეპაროს-მეთქი.
ოჰ, როგორ მტკიოდა მთელი სხეული, ფეხები მეკრუნჩხებოდა, ხელები მიკანკალებდა. ხშირად იძულებული ვხდებოდი ავმდგარიყავი, ისე ციოდა ამ საშინელ წყვდიადში! მაგრამ მაინც გიცდიდი და გიცდიდი, როგორც საკუთარ ბედს უცდიან ხოლმე.
ბოლოს - ალბათ დილის ორ თუ სამ საათზე - გავიგონე, როგორ გაიღო ქვევით სადარბაზო კარი და შემდეგ კიბეზე ნაბიჯების ხმა მოისმა. თითქოს სიცივე სულ არ ყოფილიყოს, უცებ ალმური მომედო, კარი ფრთხილად გამოვაღე, რათა შემოგგებებოდი და ფეხქვეშ ჩაგვარდნოდი...
ოჰ, არ ვიცი, რას არ ჩავიდენდი მაშინ, სულელი გოგო! ნაბიჯები ახლოვდებოდა. სანთლის შუქი გამოკრთა. ათრთოლებული ხელით კარის სახელურს ჩავეჭიდე. შენ იყავი თუ ვინმე სხვა? ჰო, ეს შენ იყავი, საყვარელო, მაგრამ მარტო არ ყოფილხარ, მომესმა ჩუმი სიცილი, აბრეშუმის კაბის შრიალი და შენი წყნარი ხმა - შინ რომელიღაც ქალი მოიყვანე.
არ ვიცი, როგორ გავათენე ის ღამე. მეორე დილას, რვა საათზე, ინსბურკში წამიყვანეს. მეტი ძალა აღარ მქონდა წინააღმდეგობის გასაწევად.
წუხელის შვილი მომიკვდა. ახლა ისევ მარტოდმარტო ვიქნები, თუ სიცოცხლე კვლავ მიწერია.
ხვალ გამოცხადდებიან შავოსანი, უცხო, უხეში ადამიანდები. ისინი კუბოს მოიტანენ და შიგ ჩაასვენებენ საცოდავ დედისერთას. ალბათ მეგობრებიც მოვლენ გვირგვინებით, მაგრამ რისი მაქნისია ყვავილები, როცა მათ კუბოზე ალაგებენ?
დამიწყებენ დამშვიდებას, მეტყვიან ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს... მაგრამ რას მიშველიან? ვიცი, რომ შემდეგ მაინც სულ მარტოდმარტო დავრჩები. რა არის იმაზე საშინელი, ხალხში იყო და თავს ობლად გრძნობდე! ეს მე მაშინ გამოვცადე, ინსბურკში გატარებული ორი დაუსრულებელი წლის განმავლობაში (თექვსმეტი წლისა ვიყავი, როცა ამ ქალაქში გადავსხლდით):
საკუთარ ოჯახში პატიმარივით, განკიცხულივით ვცხოვრობდი. მამინაცვალი, მეტად მშვიდი და ჩუმი ადამიანი, კარგად მექცეოდა. დედა ყოველნაირად ცდილობდა ვესიამოვნებინე, თითქოს უნებლიე დანაშაულის გამოსწორება უნდოდა.
ახალგაზრდა ვაჟები ფუტკარივით მეხვეოდნენ, მაგრამ ყველას პირქუში სიჯიუტით ხელს ვკრავდი. შენგან დაშორებულს არ მინდოდა ბედნიერი და კმაყოფილი ვყოფილიყავი - თავი დავიმარხე ტანჯვისა და სიმარტოვის ბნელ სამყაროში.
ახალ ფერად-ფერად კაბებს, რომელთაც ჩემთვის ყიდულობდნენ, არ ვიცვამდი. კონცერტებზე, წარმოდგენებზე ან მხიარულ საზოგადოებასთან ერთად ქალაქგარეთ სასეირნოდ წასვლაზე უარს ვაცხადებდი. ქუჩაში არც კი გავდიოდი. დამიჯერებ თუ არა, საყვარელო, რომ ამ პატარა ქალაქში, სადაც ორი წელიწადი ვიცხოვრე, ათიოდე ქუჩაც კი არ ვიცი?
მე ვგლოვობდი, მინდოდა მეგლოვა, თავს ვიბრუებდი ახალ-ახალი სატანჯველით. ამით შეგნებულად ვიღრმავებდი ყველაზე მთავარ ტანჯვას: შენი ნახვის შეუძლებლობას!
გარდა ამისა, არ მსურდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, მინდოდა მარტოოდენ შენით მეცხოვრა, შენით მესულდგმულა. მთელი საათობით, მთელი დღეობით შინ ვიჯექი მარტოდმარტო და ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებდა - ეს შენ იყავი.
ვცდილობდი გონებაში აღმედგინა ასობით წვრილმანი, ყოველი შეხვედრა, ყოველი ჩემი მოლოდინი და საკუთარ წარმოსახვაში, როგორც სცენაზე, ეს პატარა ეპიზოდები გამეთამაშა. რადგან წარსულის ყოველი წუთი დაუსრულებლად მეორდებოდა ჩემთვის, მთელი ჩემი ბავშვობა ერთ მწველ მოგონებად ჩამომიყალიბდა მეხსიერებაში, და ამ გარდასულ დღეთა ყოველ წუთს ისე მხურვალედ, ისე მღელვარედ განვიცდიდი, თითქოს მხოლოდ გუშინ აეჩქეფებინოს ჩემთვის სისხლი.
ვცხოვრობდი მაშინ მხოლოდ შენით, ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს; შენს სახელს გაზეთში რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო. დამიჯერებ თუ არა - შენს წიგნებს ისე ხშირად ვკითხულობდი, რომ მათი ყოველი სტრიქონი ზეპირად ვიცი.
ღამე რომ ვინმემ გამაღვიძოს და მათგან ამოგლეჯილი რომელიმე სტრიქონი წამიკითხოს, მე დღესაც შემიძლია, დღესაც ცამეტი წლის შემდეგ, სულ სხაპასხუპით განვაგრძო, რადგან ყოველი შენი სიტყვა ჩემთვის სახარება, ლოცვა იყო.
მთელი სამყარო მხოლოდ იმდენად არსებობდა ჩემთვის, რამდენადაც შენთან იყო რაიმეთი დაკავშირებული. ვენის გაზეთებში კონცერტებსა და პრემიერებს მხოლოდ ერთი რამისთვის ვადევნებდი თვალყურს: მსურდა ამომეცნო, რომელ მათგანს შეიძლებოდა შენში ინტერესი აღეძრა.
ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, მე შორიდან გიჭვრეტდი: აი, დარბაზში შეხვედი, აი ადგილს იკავებ. ბარე ათასჯერ მაინც წარმომიდგენია მსგავსი რამ მარტოოდენ იმიტომ, რომ ერთედერთხელ მყავდი კონცერტზე ნანახი. მაგრამ რა საჭიროა ამის მოყოლა, რის მაქნისია საკუთარი თავის მგვემავი ერთი უბედური პატარა გოგოს უსასოო, ტრაგიკული, ფანატიკური სიყვარული?
რა საჭიროა მოუთხრობდე ამას ადამიანს, რომელსაც არაფერი სცოდნია ამის შესახებ, გუმანშიაც კი არ ყოფილა? მართლა ისევ პატარა გოგონა კი ვიყავი? დრო გადიოდა, ჩვიდმეტი წლისა გავხდი, შემდეგ კი თვრამეტისაც.
ქუჩაში ახალგაზრდა ვაჟები კისერს იღრეცდნენ ჩემი ყურებით. მაგრამ ეს მხოლოდ მაბრაზებდა, რადგან სიყვარული, ანდა თუნდაც სიყვარულობანას თამაში უშენოდ, სხვა ვინმესთან, ჩემთვის ისე შეუძლებელი, ისე უცხო იყო, რომ უბრალო ცდუნებაც კი დანაშაულად მეჩვენებოდა.
ჩემი სიყვარული შენდამი უცვლელი დარჩა: იგი მხოლოდ ჩემი სხეულისთვის შეიცვალა - ჩემში გრძნობამ გაიღვიძა, იგი გამწვავდა, ხორციელი გახდა, რასაც ქალის გრძნობა ეწოდება. და ის, რაზეც ფიქრსაც კი ვერ შეძლებდა პატარა გოგონა, რომელმაც ბუნდოვანი და ანგარიშმიუცემელი სურვილის კარნახით ოდესღაც შენს კარზე ზარი დარეკა - სწორედ ის გახდა ჩემი ერთადერთი მისწრაფება: ჩემი თავი შენთვის მომეძღვნა, შენ დაგნებებოდი.
ხალხს, რომელიც გარს მერტყა, მხდალად მივაჩნდი, მშიშარას მეძახდნენ (ვაგლახ, რა ძნელი იყო საიდუმლოების მტკიცედ შენახვა), მაგრამ მე თანდათან რკინისებური ნებისყოფისა გავხდი.
მთელი ჩემი აზრი, მთელი ჩემი ოცნება ერთი მიზნისკენ იყო მიმართული: დავბრუნებოდი ვენას, მოვსულიყავი კვლავ შენთან. როგორც იქნა, ნება დამრთეს. სხვების თვალში ეს სურვილი უაზრო და გაუგებარი ჩანდა.
მამინაცვალი შეძლებული კაცი იყო, ისე მიყურებდა, როგორც ღვიძლ შვილს. მაგრამ მე მაინც ჯიუტად მოვითხოვდი, ჩემი თავი მე თვითონ უნდა ვირჩინო-მეთქი. და ბოლოს ჩემი გავიტანე კიდეც. დამთანხმდნენ, ვენაში გევეგზავნე ერთ-ერთ ნათესავთან მზა ტანსაცმლის მაღაზიაში სამუშაოდ.
განა საჭიროა გითხრა, საით გავეშურე პირველად, როდესაც შემოდგომის ერთ ნისლიან საღამოს ბოლოს და ბოლოს ისევ ვენაში აღმოვჩნდი? ჩემოდნები სადგურში მივაბარე და ტრამვაიში ჩავჯექი; ოჰ,რა ნელა მირახრახებდა იგი, ყოველ გაჩერებას მოთმინებიდან გამოვყავდი.
და აი, ბოლოს კვლავ ნაცნობი სახლის წინ ვიყავი; შენი ბინის ფანჯრებიდან სინათლე გამოდიოდა და გული საგულეში ჩიტივით ამიფრთხიალდა. აი, როდის გაცოცხლდა ეს ქალაქი ჩემთვის, ჯერ რომ ეგზომ უცხო და უაზროდ ხმაურიანი მეჩვენა, აი, როდის გამოვცოცხლდი მე თვითონ; მე ხომ სულ ახლოს ვიყავი შენთან.
განა მესმოდა, რომ ახლაც კი, როცა ჩვენ მხოლოდ შენი ფანჯრის თხელი, განათებული მინა გვაშორებდა, რომელსაც ანთებული თვალებით შევყურებდი, ისევე შორეული ვიყავი შენთვის, როგორც წინათ, ,,ცხრა მთას იქით" ინსბურკში ყოფნისას.
თვალს ვერ ვაშორებდი შენს ფანჯარას. იქ იყო სინათლე, მშობლიური სახლი, იქ იყავი შენ, იქ იყო მთელი ჩემი სამყარო. ორი წლის განმავლობაში ვოცნებობდი ამ წუთზე და აი, ბედმა მარგუნა იგი. მთელ ამ ხანგრძლივ, თბილ, ნისლიან საღამოს შენს ფანჯრებქვეშ ვიდექი, სანამ სინათლე ჩაქრა.
მხოლოდ მაშინ გავემართე ჩემი ნათესავების საძებრად. ყოველ საღამოს ასე ვიდექი შენი სახლის წინ. ექვს საათამდე მაღაზიაში ვიყავი დაკავებული. სამუშაო დაძაბული, მოუსვენარი მქონდა, მაგრამ მაინც მომწონდა, რადგან ნიადაგ გაფაციცებული შინაგან, მტანჯველ მოუსვენრობას ისე მტკივნეულად აღარ აღვიქვამდი.
რკინის ფირფიტებიან დარაბებს ბრახაბრუხით დაბლა ჩამოუშვებდნენ თუ არა, უკვე გამოვრბოდი შენი სანუკვარი სახლისაკენ, რათა ერთხელ მაინც გადაგყროდი, თუნდაც შორიდან მომეკრა შენთვის თვალი, ერთხელ მაინც მეხილა შენი სახე - ეს იყო ჩემი ერთადერთი სურვილი.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მართლაც შეგხვდი, თუმცა ისეთ დროს, როცა ამას სრულიად არ მოველოდი: შენს ფანჯარას რომ შევყურებდი, უეცრად შევნიშნე - ქუჩაზე გადმოდიოდი. ამ წუთში რატომღაც კვლავ ცამეტი წლის გოგონად ვიქეცი, სახეში სისხლი მომაწვა და უნებლიეთ, თუმცა ჩემი სანუკვარი ოცნება იყო ერთხელ კიდევ მეგრძნო შენი მზერა, თავი ჩავღუნე და დამთხვეულივით გვერდით ჩაგირბინე.
შემდეგ უკვე მრცხვენოდა, რომ მოწაფე გოგონასავით შემეშინდა და გავიქეცი. მე ხომ უკვე მკაფიოდ მქონდა შეგნებული ჩემი სურვილი: მინდოდა შენთან შეხვედრა, გეძებდი, მსურდა გეცანი ამდენი სევდით დაქუფრული წლების შენდეგ; მინდოდა შეგემჩნიე, მინდოდა შეგყვარებოდი.
მაგრამ დიდხანს არ მაქცევდი ყურადღებას, თუმცა შენს ქუჩაზე ყოველ საღამოს ვიდექი, თოვლსა და ყინვაშიც კი. ვენის სუსხიანი ქარი სახეს მიწვავდა, მაგრამ ამას არ დაგიდევდი.
ხშირად მთელი საღამოობით ამაოდ გიცდიდი. ხანდახან დაგინახავდი სახლიდან გამომავალს, მაგრამ მარტო თითქმის არასოდეს ყოფილხარ. ორჯერ ქალებთან შეგამჩნიე და ვიგრძენი, რომ ბავშვი აღარ ვიყავი, შენდამი დამოკიდებულებაში რაღაც ახლი, რაღაც სხვა ვიგრძენი.
უცხო ქალის დანახვაზე, ხელგაყრილი ასე არხეინად რომ მოაბიჯებდა შენ გვერდით, უეცრად აღვიქვი, გულმა რეჩხი როგორ მიყო, სული როგორ გამეყინა. მოულოდნელი როდი იყო ჩემთვის: შენს ამ სტუმრებს ხომ ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ ახლა ეს თითქმის ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა, თითქოს რაღაც ჩამწყდებოდა ხოლმე გულში, ისე ვეჭვიანობდი სხვა ქალთან შენი აშკარა ინტიმური სიახლოვის გამო.
ბავშვურმა სიამაყემ, რომელიც მახასიათებდა და ალბათ დღემდე შემრჩა, მაიძულა ერთი დღე გამომეტოვებინა და შენს სახლთან აღარ მოვსულიყავი, მაგრამ საშინელი მეჩვენა ჩემი თვითნებობისა და სიკერპის გამო უქმად გატარებული საღამო
მეორე დღეს კვლავ დავეყუდე შენი სახლის წინ და ისევე მორჩილად გელოდებოდი, როგორც მთელი ჩემი წუთისოფელი ვიდექი ჩემთვის დაგმანული შენი ცხოვრების წინაშე. და აი, ბოლოს და ბოლოს, ერთ საღამოს შენ შემამჩნიე. ჯერ კიდევ შორიდან მოგკარი თვალი, რომ მოდიოდი და ძალღონე მოვიკრიბე, არ გავქცეულიყავი.
მოხდა ისე, რომ ქუჩაში ფორანს ცლიდნენ, ვიწრო გასასვლელიღა იყო დარჩენილი და იძულებული გახდი ჩემთან ძალიან ახლოს გაგევლო. რომ მომიახლოვდი, ანგარიშმიუცემლად, გონებაგაფანტულად შემომხედე, მაგრამ როგორც კი ჩემი დაძაბული ყურადღება შენიშნე, - როგორ შემაკრთო მაშინ ამ შენი ჩვეულების გახსენებამ! - უკვე სხვანაირად დამაცქერდი;
ეს იყო მზერა, რომელსაც შენ ყოველთვის სთავაზობ ქალებს, - ნაზად რომ ელამუნები თითქოს, საბურველში ხვევ და ერთდროულად აშიშვლებ კიდეც, - მომნუსხველი, მომაჯადოებელი მზერა, რამაც ჩემში, გოგონაში, პირველად გააღვიძა ქალი და შენი თავი შემაყვარა.
ერთი-ორი წამი ასე გაშტერებით მიცქერდი - მეც ვერ შევძელი თვალის მოშორება - გვერდით ჩამიარე. გულმა ფანცქალი დამიწყო, უნებლიეთ ნაბიჯს შევუნელე, მერე ცნობისმოყვარეობამ წამძლია, მოვტრიალდი დავინახე, რომ შენც გაჩერებულიყავი და მიყურებდი, ისეთი ინტერესითა და ყურადღებით მათვალიერებდი, რომ მყისვე მივხვდი, ვერ მიცანი.
ვერ მიცანი ვერც მაშინ, ვერც შემდეგ, - ვერასდროს ვერ შემიცანი, საყვარელო. როგორ გადმოგცე იმ წამს განცდილი იმედგაცრუება - მაშინ ხომ პირველად განვიცადე ის, რაც შემდეგ ბედად დამყვა: ვერ და ვერ გეცნე. განწირულმა გავატარე მთელი ცხოვრება, განწირული ვკვდები ახლა, შენგან უცნობი, შენთვის უცხო და შორეული!
როგორ გადმოგცე ეს მწუხარება! ინსბურკში გატარებული ორი წლის განმავლობაში, სადაც ყოველ წუთს შენზე ვფიქრობდი და ვცდილობდი ნათლად წარმომედგინა ჩვენი ვენაში პირველი შეხვედრის სურათი, ხან ყველაზე შავბნელი, ხან კი, პირიქით, ყველაზე სანუკვარი ხილვები მქონდა, იმისდა მიხედვით, რა გუნებაზეც ვიყავი. იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოცნება გავცვითე კიდეც.
სასოწარკვეთილების წუთებში წარმოვიდგენდი, რომ შენ ხელს მკრავ, ზიზღით ზურგს მაქცევ, როგორც არარაობას, უშნოსა და აბეზარს. შენი არასაურველი განწყობილების, შენი სიცივის, შენი გულგრილობის ყველა შესაძლო გამოვლენა მქონდა აწონილ- დაწონილი ჩემს აღგზნებულ წარმოსახვაში, მაგრამ იმას, იმას როგორ ვიფიქრებდი თვით ყველაზე შავბნელ წამებშიც, თვით ჩემი არარაობის ყველაზე მწვავედ შეგრძნების დროს, რაც ყველაზე საშინელი იყო, - რომ საერთოდ ვერ შენიშნავდი ჩემს არსებობას.
დღეს უკვე მესმის - ოჰ, შენ შთამინერგე ამის გაგების უნარი! - რომ გოგონას ან ქალის სახე მამაკაცის თვალში - ეს არის რაღაც უსასრულოდ ცვალებადი, ვინაიდან იგი ხშირად მარტოოდენ სარკეს წარმოადგენს, რომელშიც ხან ვნება, ხან ბავშვური გულუბრყვილობა, ხან კი დაღლილობა გამოჩნდება ხოლმე. და ისევე იოლად იდღაბნება მეხსიერებაში და ქრება, როგორც გამოსახულება სარკეში, ამიტომ მამაკაცმა ადვილად შეიძლება ქალის სახე ვეღარ შეიცნოს, თუ ქალის სახეს ხანმა ახალი შუქ-ჩრდილებით დაღი დაასვა, ხოლო ახალი ტანსაცმელი ხომ ყოველთვის ძალიან ცვლის მას.
ეს ჭეშმარიტება გულგატეხილმა ქალებმა ყველაზე უკეთ იციან. მე კი მაშინ ჯერ კიდევ გოგონა ვიყავი და შენი გულმავიწყობა გაუგებრად მეჩვენებოდა. ისე უზომოდ, ისე ერთთავად ვიყავი შენით გართული, რომ შლეგური აზრი ამეკვიატა: თითქოს შენც ხშირად უნდა გეფიქრა ჩემზე და დამლოდებოდი.
განა მაშინვე სულს არ დავლევდი, რომ მცოდნოდა - შენთვის არარაობა ვიყავი და ოდნავადაც არ გახსოვდი! და ამ მზერით გამოფხიზლებული, რომელიც მეუბნებოდა, რომ უკვალოდ გავქრი შენი მეხსიერებიდან, რომ სუსტი ძაფიც კი არ იყო გაბმული შენი ცხოვრებიდან ჩემამდე, კვლავ სინამდვილეს დავუბრუნდი და ჩემი განწირული ბედისწერა ვიგრძენი.
მაშინ ვერ მიცანი და ორი დღის შემდეგაც, ხელახლა რომ შეგხვდი, მართალია, უცხო თვალით აღარ შემომხედე, მაგრამ შენთვის ის გოგონა კი არ ვიყავი, რომელსაც უყვარდი, რომლის გრძნობაც გააღვიძე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თვრამეტი წლის ლამაზი ქალიშვილი, რომელიც გუშინ ამავე ადგილას შეგხვდა.
ალერსიანად შემომხედე გაკვირვებულმა, ბაგეზე ღიმი აგითამაშდა. კვლავ გვერდით ჩამიარე და კვლავ მაშინვე ნაბიჯს შეუნელე; მე ვცახცახებდი, ვზეიმობდი, ღმერთს შევთხოვდი, ერთი სიტყვა მაინც გეთქვა ჩემთვის.
ვიგრძენი, რომ პირველად ახლა გავჩნდი შენთვის. მეც შევუნელე ნაბიჯს, გაქცევით თავის შველას აღარ ვფიქრობდი. უეცრად, უკან არც კი მომიხედავს, ვიგრძენი, ფეხდაფეხ მომდევდი, ვიცოდი, რომ სადაც იყო უნდა გამეგონა შენი საყვარელი ხმა. პირველად განმეცადა შენი სიტყვების მწველი ძალა.
ლოდინმა თითქოს დამბლა დამცა, უკვე მეშინოდა: ვაითუ იძულებული გავხდი გავჩერდე-მეთქი, - ისე ძალუმად მიცემდა გული. და აი, მომიახლოვდი, შენებურად ძალდაუტანებლად, მხიარულად გამომელაპარაკე, როგორც დიდი ხნის ნაცნობს მიმართავენ - ეჰ, შენ ხომ გუმანშიაც არ იყავი! - ისე მომხიბლავად და უბრალოდ მითხარი რაღაც, რომ პასუხის გაცემაც კი მოვახერხე. ორივემ ქუჩის ბოლომდე გავიარეთ.
შემდეგ შემეკითხე, ხომ არ ვივახშმებდით ერთად? ცხადია, დაგეთანხმე. განა გავბედავდი შენთვის რამეზე უარი მეთქვა? პატარა რესტორანში ვივახშმეთ - გახსოვს სად იყო? ოჰ, ცხადია, არც ეს საღამო გახსოვს; რით გამოარჩევდი სხვა მრავალი ასეთივე საღამოთაგან?
ვინ ვიყავი შენთვის? ერთი ასთაგანი, შემთხვევითი თავგადასავლის გმირი, ერთი რგოლი დაუსრულებელი ჯაჭვისა. რას შეეძლო შენთვის ჩემი თავის გახსენება? მე ხომ სულ ცოტას ვლაპარაკობდი, იმდენად დიდი იყო შენ გვერდზე ყოფნით, შენთან საუბრით გამოწვეული ბედნიერება. არ მსურდა გამეფლანგა ეს ძვირფასი წუთები კითხვების მოცემით, ზედმეტი ლაპარაკით.
ამ წუთებისთვის მარად მადლობელი ვიქნები შენი. ოდნავადაც არ გამიცრუე მოკრძალება და გატაცება! ისე ფაქიზად, ისე ძალდაუტანებლად, ისე სადად გეჭირა თავი, აბეზარი სულსწრაფობისა და წრეგადასული არშიყობის გარეშე.
პირველი წუთებიდანვე ისე გულდაჯერებითა და ალერსიანად მეპყრობოდი, რომ ადვილად ჩამიგდებდი ხელში, მთელი ჩემი სულისკვეთებით, მთელი არსებით ისედაც შენი რომ არ ვყოფილიყავი! ოჰ, შენ არც კი იცი,რა სასწაული მოახდინე, რომ არ გააწბილე ჩემი ხუთწლიანი ბავშვური მოლოდინი.
უკვე გვიან იყო, როცა სუფრიდან ავდექით. რესტორნის კართან შემეკითხე, ხომ არ გეჩქარებათო? განა შემეძლო იმის დამალვა, რომ შენთან ყოფნა მსურდა? გიპასუხე, ჯერ დრო კიდევ მაქვს-მეთქი.
მაშინ, ოდნავი მერყეობის შემდეგ, შემეკითხე, ცოტა ხანს ხომ არ შემოივლით ჩემთან, ვიმუსაიფოთო. - სიამოვნებით-მეთქი! - მყისვე გიპასუხე. ჩემი პასუხი სავსებით ბუნებრივი იყო. მართალია, იგი გულის სიღრმიდან აღმომხდა, მაგრამ მაშინვე შევნიშნე, რომ აჩქარებულმა პასუხმა თითქოს შეგაცბუნა.
არ ვიცი, გაგანაწყენა თუ გაგახარა ჩემმა მზადყოფნამ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად ჩანდა, რომ გაკვირვებული დარჩი. ახლა უკვე მესმის შენი: ვიცი, რომ ქალები, მაშინაც კი, როცა დანებების სურვილით იწვიან, ჩვეულებრივად თავს იკატუნებენ, თითქოს შეეშინდათ ან აღშფოთდნენო, იციან,რომ ეს უარი დაძლეული იქნება მუდარით, სიცრუით, ფიცითა და დაპირებებით.
მესმის, რომ ასეთ მიპატიჟებას სიამოვნებით იღებენ მხოლოდ ქუჩის ქალები, რომელთათვის სიყვარული პროფესიას წარმოადგენს, ანდა სრულიად გულუბრყვილო, ნორჩი გოგონები. ამ შემთხვევაში კი - განა შეგეძლო ამის გაგება? - ჩემი დაძაბული ნებისყოფა იქცა სიტყვად, ათასი დღის დაგუბებულმა კაეშნიანმა ლტოლვამ გადმოხეთქა.
ასე იყო თუ ისე, საღერღელი აგეშალა, ჩემმა პიროვნებამ უთუოდ დაგაინტერესა. სანამ გზაში ვსაუბრობდით, ვგრძნობდი, რომ ოდნავ გაკვირვებული, გამომცდელი მზერით ალმაცერად მიყურებდი. ადამიანის სულის ყოველ კუნჭულში ჩამწვდი შენი უტყუარი ალღოს წყალობით, მაშინვე მიხვდი, რომ ეს კოხტა, დამყოლი გოგონა რაღაც საიდუმლოებით იყო მოცული.
ცნობისმოყვარეობა აღგეძრა და როგორც გამომცდელ შეკითხვებზე შეგატყვე, დიდი სურვილი გქონდა ეს საიდუმლოება ამოგეხსნა. მე კი მერჩივნა მიკიბულ-მოკიბულად მელაპარაკა, თავქარიანად მოგჩვენებოდი, ვიდრე ჩემი ხვაშიადი გამენდო.
ბოლოს შენთან ავედით. მომიტევე, საყვარელო, მაგრამ ვერასოდეს გაიგებ, რაოდენ ძვირფასი იყო ჩემთვის ეს სადარბაზო კარი, ეს კიბე. ოჰ,რა თავბრუდამხვევი მომეჩვენა ეს ყველაფერი, როგორი ამაფორიაქებელი. მტანჯველი, ლამის მომაკვდინებელი ბედნიერება მომიტანა!
ახლაც არ ძალმიძს უცრემლოდ გავიხსენო, თუმცა თვალებში ცრემლი უკვე დიდი ხანია დამეშრიტა. გაიგე, იქ ყველაფერი ჩემი მგზნებარე სიყვარულით იყო გაჟღენთილი, ყველაფერი ჩემი ბავშვობის, ჩემი კაეშნიანი ლტოლვის სიმბოლოს წარმოადგენდა: სადარბაზო კარი, რომლის წინ ათასჯერ ვმდგარვარ შენს მოლოდინში, კიბე, საიდანაც მესმოდა შენი ნაბიჯების ხმა და სადაც პირველად გიხილე, ჭუჭრუტანა, რომელშიც ცქერითაც თვალი გამიწყალდა, შენი კარის წინ დაფენილი პატარა ფარდაგი, ერთხელ ზედ რომ მუხლმოდრეკით ვიდექი, კარის გასაღების ჩხაკუნი, რომელიც ყოველთვის წამომახტუნებდა ხოლმე შენს მომლოდინეს.
მთელი ჩემი ბავშვობა, მთელი ჩემი მწველი ოცნება იყო აქ შეყუჟული, ამ რამდენიმე მეტრ ფართობზე; აქ იყო ჩემი ცხოვრება. და უცებ ეს ყველაფერი გრიგალივით თავს დამატყდა, ჩემი ოცნება სინამდვილედ იქცა: მე ავდიოდი შენთან ერთად, - გესმის - შენთან ერთად შენს სახლში, ჩვენს სახლში.
დამიჯერე, დაე, ეს გაცვეთილად ჟღერდეს, მაგრამ სხვანაირად თქმა არ შემიძლია, - სანამ შენს ზღურბლს არ გადავაბიჯე, მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ მკრთალი და უფერული ყოველდღიური სინამდვილე იყო, და მხოლოდ იქ, შენს ოთახში, იწყებოდა ჩემი ბავშვობის ოცნებათა ჯადოსნური საუფლო, ალადინის საუფლო.
აბა, წარმოიდგინე: ათასჯერ შემიხედავს ანთებული თვალებით ამ კარისთვის, რომელშიც ახლა ბარბაცით შევაბიჯე, და ალბათ გუმანით იგრძნობ, მაგრამ ვერასოდეს ბოლომდე ვერ შეიგნებ, ჩემო საყვარელო, რა წარიტაცა ჩემი ცხოვრებიდან გრიგალივით მოვარდნილმა ამ წუთმა!
შენთან მთელ ღამეს დავრჩი. ვერც კი წარმოგედგინა, რომ მანამდე ჯერ არც ერთი მამაკაცი არ შემხებოდა, რომ არავის არ ეგრძნო ჩემი სხეული და ენახა, და განა შეგეძლო გცოდნოდა ეს, ჩემო ძვირფასო, - მე ხომ ოდნავი წინააღმდეგობაც არ გამიწევია შენთვის, არ მინდოდა კდემის ნასახიც კი შეგემჩნია, რათა ვერ ამოგეცნო ჩემი სიყვარულის საიდუმლოება, - ეს ხომ დააფრთხობდა შენისთანა ადამიანს!
შენ ხომ მხოლოდ მსუბუქი, ლაღი, ზერელე ურთიერთობა გიყვარს, გაშინებს სხვის ბედში შეჭრა, გსურს თავი ყველას, მთელ ქვეყანას მიუძღვნა, მაგრამ მსხვერპლს არ საჭიროებ, და თუ ახლა გეუბნები, რომ უბიწო ჩაგბარდი, გემუდარები, ცუდად ნუ გამიგებ ამას!
ოდნავადაც არ დაგადანაშაულებ: შენ ხომ არ შემაცდინე, არ მომატყუე, მე, მე თვითონ მოვისწრაფოდი შენკენ, მე თვითონ ჩამოგეკიდე კისერზე, მივენდე ბედს. არასოდეს, არასოდეს არ გაგამტყუნებ, არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი, რადგან ეს ღამე ჩემთვის ყველაზე მდიდარი, სიხარულით აღსავსე და ენით გამოუთქმელი ნეტარების ღამე იყო!
როდესაც სიბნელეში თვალი გავახილე და ჩემ გვერდით შენ გიგრძენი, საკვირველად მომეჩვენა, რომ ჩემს ზევით ვარსკვლავები არ ჩანდა, - ისეთი ძლიერი იყო ცის შეგრძნება.
არა, ჩემო საყვარელო, ასეთი წუთების განცდის შემდეგ სინანული არასოდეს მიგრძნია. მახსოვს, რომ გეძინა, შენს სუნთქვას ყურს ვუგდებდი და ვგრძნობდი შენს სხეულს, ასე ახლოს ჩემთან. სიბნელეში ბედნიერებისაგან ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი.
დილაადრიან წამოვდექი, მაღაზიაში მეჩქარებოდა, თანაც მინდოდა მსახურის მოსვლამდე წავსულიყავი, რომ არ ვენახე. როცა ჩავიცვი და შენ წინ გავჩერდი, გადამეხვიე და დიდხანს ჩამცქეროდი თვალებში. რაღაც შორეული მოგაგონდა ბუნდოვნად. თუ მე,ბედნიერებით აღსავსე, მხოლოდ ლამაზად გეჩვენებოდი?
შემდეგ ბაგეზე მაკოცე ფრთხილად. თავი გავითავისუფლე და წასვლა დავაპირე. შენ შემეკითხე - არ გინდა ყვავილები წაიღოო? თანხმობა გაგიცხადე. მაშინ საწერ მაგიდაზე მდგარი ლურჯი ბროლის ლარნაკიდან ოთხი თეთრი ვარდი ამოიღე და გამომიწოდე (ოჰ, ეს ლარნაკი ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში, როცა ერთხელ ქურდულად შევავლე თვალი შენს სამყოფელს).
რომ იცოდე, შემდეგ რამდენი ვკოცნე ამ ვარდებს. შევთანხმდით, ისევ შევხვედროდით ერთმანეთს. მოვედი და კვლავ სანუკველი ოცნება გამიმართლდა. ამის შემდეგ კიდევ მესამე ღამე მაჩუქე. შემდეგ გამომიცხადე, უნდა გავემგზავროო- ოჰ, როგორ მძაგდა ბავშვობიდანვე ეს გამგზავრებანი, - და აღმითქვი, როგორც კი დავბრუნდები, შეგატყობინებო.
მოგეცი ჩემი მისამართი მოთხოვნამდე - გვარის გამხელა არ მინდოდა. საიდუმლოს არ ვამჟღავნებდი. კვლავ მაჩუქე რამდენიმე ვარდი - გამომშვიდობებისას! ორი თვის განმავლობაში ფოსტას ყოველდღე ვაკითხავდი... მაგრამ რა საჭიროა გაგიცხადო ლოდინითა და სასოწარკვეთილებით გამოწვეული ჯოჯოხეთური ტანჯვა?
არ გადანაშაულებ, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, მგზნებარე და გულმავიწყი, გართობის მოყვარე და ორგული, მიყვარხარ ისეთი, მხოლოდ ისეთი, როგორიც იყავი და დღემდე დარჩი.
უკვე დიდი ხანი იყო დაბრუნდი, ეს შენი განათებული ფანჯრებით შევიტყვე, მაგრამ წერილი არ მომწერე. ჩემი სიცოცხლის უკანსაკნელ წუთებში არა მაქვს შენი არც ერთი სტრიქონი, არც ერთი ბწკარი იმ ადამიანისაგან, ვისაც სიცოცხლე მივუძღვენი.
ვიცდიდი და ვიცდიდი სასოწარკვეთილი, მაგრამ მაინც არ დამიძახე, არ მომწერე არც ერთი სტრიქონი... არც ერთი სტრიქონი...
გუშინ შვილი მომიკვდა, ის შენი შვილიც იყო, საყვარელო, შენი შვილიც, პირმშო იმ სამი ღამისა.
გეფიცები ჩემი სიტყვების სიმართლეს, იცოდე-სიკვდილის პირას არ ტყუიან. ჩემი შვილი იყო, ვფიცავ შენს სახელს, რადგან არც ერთი მამაკაცი არ შემხებია მას შემდეგ, რაც შენ დაგნებდი და იქამდე, ვიდრე ბავშვი ქვეყანას მოევლინა.
თავი წმინდანად მიმაჩნდა - ჩემს სხეულს ხომ შენ შეეხე! აბა, როგორ შემეძლო ჩემი თავი გამენაწილებინა შენსა და სხვებს შორის. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, სხვები კი ჩემს ცხოვრებას მხოლოდ გაკვრით თუ ეხებოდნენ.
ეს ჩვენი შვილი იყო, საყვარელი, ნაყოფი ჩემი შეგნებული სიყვარულისა და შენი უდარდელი, გამფლანგველი, თითქმის შეუგნებელი სინაზისა, ჩვენი პირმშო, ჩვენი ვაჟი, ჩვენი ერთადერთი შვილი.
მაგრამ შენ შემეკითხები ალბათ - შეიძლება შეშინებული ანდა მხოლოდ გაკვირვებული - შემეკითხები, საყვარელო, რატომ გიმალავდი ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს შვილს და მხოლოდ დღეს ჩამოგიგდე სიტყვა, როდესაც იგი აქ, სიბნელეში წევს და სძინავს, მარადიული ძილით, მალე წაიღებენ და უკან არასდროს, არასდროს აღარ დაბრუნდება!
მაგრამ როგორ შემეძლო შენთვის ეს მეთქვა? შენ ხომ არ დაუჯერებდი უცხო, მეტისეტად დამყოლ, სულ რაღაც სამი ღამის მეგობარ ქალს, რომელიც წინააღმდეგობის გაუწევლად, საკუთარი ნება-სურვილით დაგნებდა,- არ დაუჯერებდი უსახელო, უცნობ ქალიშვილს, რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შენი, მოღალატის, ერთგული დარჩა;
ეს ბავშვი რომ შენიიყო, ცხადია, არ ირწმუნებდი. ჩემი სიტყვები დამაჯერებელიც რომ ყოფილიყო, მაინც აგეკვიატებოდა იდუმალი ეჭვი, თითქოს ვცდილობდი შენთვის, შეძლებული კაცისთვის, სხვისი ბავშვი თავზე მომეხვია. ეჭვის თვალით შემომხედავდი, უნდობლობა ხიდს ჩატეხდა ჩვენს შორის, ეს კი არ მსურდა.
თანაც, მე ხომ გიცნობ, ისე კარგად გიცნობ, როგორც ალბათ თვივთონაც არ იცნობ საკუთარ თავს. ვიცი, გიყვარს მსუბუქი, უზრუნველი, ფუქსავატური სიყვარული და შენთვის მეტად უსიამოვნო იქნებოდა უეცრად მამა, ვისიმე ბედის პასუხისმგებელი რომ აღმოჩნდებოდი.
შენთვის საჭიროა სრული თავისუფლება, უამისოდ სუნთქვაც კი არ ძალგიძს, უცებ კი ჩემთან დაკავშირებულად იგრძნობდი თავს.
შენ... - დიახ, მე ეს ვიცი!- შემიძულებდი ამისთვის, თუნდაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. შეიძლებოდა ზედმეტი ბარგი გავმხდარიყავი შენთვის, შეიძლებოდა თუნდაც რამდენიმე საათით, რამდენიმე წუთით შეგზიზღებოდი, ჩემს ამაყ ბუნებას კი სურდა, რომ შენი ცხოვრების ულანასკნელ დღემდე ჩემზე უზრუნველად გეფიქრა.
მერჩივნა ყველაფერი საკუთარ თავზე ამეღო, ოღონდ შენთვის ზედმეტი ბარგი არ ვყოფილიყავი, ოღონდ შენს ქალთა შორის ერთადერთ ქალად დავრჩენილიყავი, რომელსაც მარად სიყვარულითა და მადლიერებით გაიხსენებდი, მაგრამ ვაი, რომ ჩემზე სულაც არ ფიქრობდი, მთლად დამივიწყე.
არ გადანაშაულებ, ჩემო საყვარელო, არა, ბრალს არ გდებ. მაპატიე, თუ ჩემი კალამი ხანდახან ნეღველს გადმოანთხევს, მაპატიე, -ჩემი შვილი, ჩემი შვილი მკვდარი წევს მკრთალად მოკიაფე სანთლების ქვეშ. ღმერთს მუშტები მოვუღერე და მკვლელი ვუწოდე
გონება დამიბნელდა, სული ძრწოლამ მოიცვა. მომიტევე ჩივილი, მომიტევე! მესმის, რომ გულით კეთილი ხარ და არავის შველა არ გეზარება. ვიცი, დახმარების ხელს გაუწვდი ყველას, უცნობსაც კი, ვინც საამისოდ მოგმართავს. მაგრამ შენი გულკეთილობა მეტად თავისებურია. იგი ხსნილია ყველასთვის - აიღონ, რამდენიც უნდათ. დიდია ეს შენი გულკეთილობა, განუზომლად დიდი, მაგრამ - მაპატიე - ზანტია.
საჭიროა მისი გამოთხოვნა, მისი აღება. შენ ეხმარები, როცა ხელის გამართვას გთხოვენ, ეხმარები სირცხვილისა და სისუსტის გამო, მაგრამ უხალისოდ. მაპატიე გულწრფელობა: გაჭირვებული და დამწუხრებული ადამიანი, ისევე როგორც შენებრ ბედით განებივრებული, შენთვის სულ ერთია.
ხოლო შენი ყაიდის ადამიანებს, თუნდაც ყველაზე გულკეთილთ მათ შორის, ძალზე ძნელია რამე სთხოვო. ერთხელ, ბავშვობაში, კარის საჭვრეტიდან დაგინახე, როგორ მიეცი მოწყალება მათხოვარს, რომელმაც შენი კარის ზარი ჩამორეკა. თხოვნა ვერც კი მოასწრო, ისე სწრაფად და უხვად განიკითხე და თავიდან მოიშორე,თითქოს გეშინოდა მისთვის თვალი გაგესწორებინა.
არ მავიწყდება დახმარების ეს შენებური, გამალებული და მფრთხალი ხერხი, რომელიც მადლობასაც კი გაურბის. ამიტომ დახმარება შენთვის არასდროს მითხოვია. ვიცი, მაშინ დამეხმარებოდი, თუნდაც დარწმუნებული არც ყოფილიყავი, რომ ბავშვი შენი იყო. გამამხნევებელ სიტყვებსაც მეტყოდი, მომცემდი ფულს, ბევრ ფულს, მაგრამ ყოველთვის გულში ჩამარხული მოუთმენლობით - რაც შეიძლება მალე მოღებოდა ბოლო ამ მზრუნველობას.
იმასაც კი ვფიქრობ, რომ დარწმუნებას დამიწყებდი, დროზე მომეშორებინა თავიდან ეს ბავშვი. ამის მეშინოდა ყველაზე მეტად, რადგან არ შემეძლო შენთვის რამეზე უარი მეთქვა, არ შემეძლო შენი სურვილი არ შემესრულებინა.
მაგრამ ბავშვი ჩემთვის ყველაფერი იყო, ის ხომ შენგან მყავდა, ის თითქოს მეორე შენ იყავი, ამავე დროს არცთუ მთლიანად შენ, არა ის უდარდელი, ქუდბედიანი, რომელსაც მე ვერ დაგეპატრონე, არამედ შენ, რომელიც ჩემს სისხლსა და ხორცს შეუერთდი და, როგორც მეგონა, საუკუნოდ ჩემი გახდი, სამარადჟამოდ შეეზარდე ჩემს ცხოვრებას.
სწორედ ამით მოვახერხე საბოლოოდ შენი ხელში ჩაგდება, შევძელი მეგრძნო, როგორ ჩქეფდა შენი სიცოცხლე ჩემს ძარღვებში, როგორ იზრდებოდი, შემეძლო ძუძუ მეწოვებინა შენთვის, მეალერსა, მეკოცნა ყოველ წუთს, როცა ჩემს სულს შენი ამბორი მოსწყურდებოდა.
აი,რატომ აღვივსე ნეტარებით, საყვარელო, როცა შევიტყვე, რომ შენგან შვილი მეყოლებოდა, აი, რატომ გიმალავდი ბავშვს. ახლა ხომ ვეღარსად წამიხვიდოდი. ცხადია, მომდევნო თვეები არცთუ ისე საინტერესო გამოდგა, როგორც მათ წინასწარ ხატავდა ჩემი წარმოსახვა;
ეს იყო ტანჯვითა და საშინელებით აღსავსე თვეები, ადამიანთა საზიზღარი სიმდაბლით აღსავსე თვეები. ცხოვრება არც ისე ადვილი გამოდგა. ბოლო თვეებში მაღაზიაში სიარული აღარ შემეძლო, მეშინოდა ჩემი ფეხმძიმობა ნათესავებს არ შეემჩნიათ და შინ არ შეეტყობინებიათ.
ცხადია, დედას ფულს ვერ მოვთხოვდი, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი მცირეოდენი ძვირფასი ნივთების გაყიდვით მეცხოვრა. მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე მრეცხავმა ქალმა კარადიდან უკანასკნელი კრონები მომპარა. ცარიელ-ტარიელი მოვხვდი სამშობიარო თავშესაფარში, საითკენაც სიღატაკე ერეკება ყველაზე ღარიბ, გარიყულ და დავიწყებულ ქალებს.
იქ, საცოდავ ნაძირალებს შორის, დაიბადა ბავშვი, შენი შვილი. საშინელი პირობები იყო, უცხოდ ვგრძნობდი თავს, უცხოდ. ჩვენ ყველანი უცხონი ვიყავით ერთმანეთისათვის, მარტოდმარტო და ურთიერთსიძულვილით აღსავსენი. მხოლოდ სიღატაკემ და საერთო სატანჯველმა მოგვიყვანა ამ შეხუთულ, ქლოროფორმისა და სისხლის სუნით გაჟღენთილ, მშობიარეებით გაჭედილ პალატაში, რომელშიც ერთთავად წივილი და გმინვა გაისმოდა.
სიღატაკის მთელი საშინელება, სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში ყოფნისას მეძავებისა ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლემდე მიეყვანა. ვხედავდი ახალგაზრდა ექიმების ცინიზმს, რომლებიც ირონიული ღიმილით საბანს აძრობდნენ უსასოო ქალებს და სხეულზე ხელს ავლებდნენ ვითომდა „მეცნიერული“ მიზნით;
ვხედავდი მომვლელი ქალების სიხარბეს... ოჰ, როგორ ჯვარს აცვამენ იქ ადამიანის კდემამოსილებას ცქერით და როგორ ამათრახებენ სიტყვებით. დაფა ჩემი გვარით - აი ყველაფერი, რასაც იქ წარმოვადგენდი, ხოლო საწოლში იწვა ხორცის მთრთოლვარე ნაჭერი - ცნობისმოყვარეთა შეხებისა და სპეციალისტთა შესწავლის საგანი.
ოჰ, ცოლებმა, რომლებიც საკუთარ სახლში საჩუქრად უძღვნიან ბავშვებს ნაზად მომლოდინე ქმრებს, არ იციან, რას ნიშნავს ბავშვის შობა მარტოხელა, უმწეო, თითქოს ცდის მოსახდენად განკუთვნილი ქალისათვის! ახლაც კი, როცა წიგნში სიტყვა „ჯოჯოხეთს“ ამოვიკითხავ, უნებლიეთ ეს ხალხით გაჭედილი მყრალი პალატა მაგონდება, ეს სამარცხვინო საყასაბო, სადაც გმინვა, ხარხარი და ყურთასმენის წამღები კივილი გაისმოდა მუდამ.
მაპატიე, მაპატიე, რომ ამაზე გელაპარაკები. მაგრამ ეს ხომ პირველი და უკანასკნელია! თერთმეტი წელიწადი დუმილს ვარჩევდი და მალე სამუდამოდ დავდუმდები. მაგრამ სიჩუმე ერთხელ მაინც უნდა დამერღვია, უნდა დამეყვირა, რა ძვირად დამიჯდა ბავშვი, რომელიც ჩემი ნეტარება იყო და ახლა კი უსულოდ განისვენებს ჩემ წინაშე.
შემდეგ დამავიწყდა, რაც ტანჯვა გადამხდა, - დამავიწყდა, როცა ვიხილე ღიმილი, ვისიმე ხმა ჩემი სიხარულის, ჩემი შვილისა; ახლა კი, როცა ის ცოცხალი აღარ არის, იარები გამიახლდა და ყვირილით უნდა შევიმსუბუქო ნაღველი, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მაინც.
მაგრამ შენ კი არა, საყვარელო, მხოლოდ ღმერთს ვდებ ბრალს, რომელმაც უაზრო გახადა ასეთი წამება. შენ კი არ გდებ ბრალს, გეფიცები, არასოდეს მომსვლია აზრად შენი აუგად მოხსენიება.
იმ წუთებშიც კი, როცა ჩემი სხეული ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა, იმ წუთებშიც კი, როდესაც ტკივილები სულს მიღრღნიდა, შენ არ გდებდი ბრალს ღვთის წინაშე, არ ვნანობდი იმ ღამეებს, მუდამ მიყვარდი და კურთხეულად ვთვლიდი იმ დღეს, როცა პირველად შეგხვდი. და რომ მცოდნოდა, ამ ჯოჯოხეთში მოხვედრა კვლავ მომელოდა, წინასწარაც რომ წარმომედგინა, რა უნდა გადამხდენოდა თავს, მაინც იმასვე გავაკეთებდი კიდევ, ჩემო საყვარელო, კიდევ და ათასჯერ კიდევ!
გუშინ მომიკვდა შვილი - შენ ის თვალითაც არ გინახავს, შემთხვევითაც არ გადაჰყრიხარ იმ ერთი ციცქნა გაფურჩქნილ არსებას, შენს სისხლსა და ხორცს. მისი დაბადების შემდეგ დიდხანს გემალებოდი. ბედმა შვილი მაჩუქა, თითქოს ცოტა შემინელდა შენზე წუხილი და სიმძიმილი, ისიც კი მეგონა, რომ ეგზომ გაგიჟებით აღარ მიყვარდი;
ყოველ შემთხვევაში, შენი სიყვარულით ისე მწვავედ აღარ ვიტანჯებოდი. არ მინდოდა ჩემი თავი შენსა და მას შორის გამენაწილებინა. ამიტომ თავს შენ კი არ გიძღვნიდი, ბედისაგან განებივრებულს, ვისი ცხოვრებაც სულ სხვა გზით მიემართებოდა, არამედ ამ ბავშვს, რომელსაც მე ვჭირდებოდი, რომელსაც კვება უნდოდა და რომლის კოცნა, ხვევნა და ალერსი მუდამ შემეძლო.
მეჩვენებოდა, თითქოს უკვე დავეხსენი შენზე წუხილსა და ვაებას, ჩემს ბედისწერას; მე შენმა ორეულმა გადამარჩინა, ჩვენმა პირმშომ, რომელიც ჭეშმარიტად მე მეკუთვნოდა. და მხოლოდ იშვიათად, ძალზე იშვიათად, ჩემი გრძნობები მაიძულებდა შენს სახლთან ახლოს მეხეტიალა.
ერთადერთს, რასაც ყოველთვის უცვლელად ვასრულებდი, ეს იყო ის, რომ შენი დაბადების დღეს მუდამ გიგზავნიდი ვარდების თაიგულს, ისეთს, როგორიც ჩვენი პირველი ღამის შემდეგ მაჩუქე.
ნუთუ ერთხელ მაინც არ შეეკითხე შენს თავს ამ ათი თუ თერთმეტი წლის განმავლობაში, ვინ იყო ამ ვარდების გამომგზავნი? ეგებ გაიხსენე ის ქალი, რომელსაც ოდესღაც ასეთი ვარდები აჩუქე? ეს მე არ ვიცი და ვერც შევიტყობ. ამ ვარდებს შენ გიძღვნიდი წყვდიადიდან, წელიწადში ერთხელ გაგონებდი იმ წუთებს - და ეს საკმარისი იყო ჩემთვის.
შენ მაინც ვერ ნახე ჩვენი საცოდავი შვილი, ვერც კი გაიგე, რომ ქვეყნად არსებობდა. დღეს მე საკუთარ თავს ვუსაყვედურებ - რატომ გიმალავდი შვილს. უთუოდ შეიყვარებდი. შენ ვერა და ვერ იხილე საბრალო ბიჭუნა. არ გეღირსა გენახა მისი ღიმილი, როცა მშვიდად ასწევდა ხოლმე ქუთუთოებს და ჭკვიანი შავი თვალებით - შენი თვალებით! - ნათელ კამკამა შუქს ჰფენდა დედამისსა და მთელ ქვეყანას.
ოჰ, რარიგ მხიარული და საყვარელი იყო: ბავშვურად იმეორებდა შენს მსუბუქ ხასიათს, ახლებურად ფრთებს ასხამდა შენს ცოცხალ, მჩქეფარე ფანტაზიას; ერთობოდა თავდავიწყებამდე, შეეძლო საათობით ეთამაშა საგნებით, ისევე როგორც შენ თამაშობ ცხოვრებით, შემდეგ კი ისევ სერიოზულ სახეს იღებდა და წარბებაწეული კვლავ თავის წიგნებს მიუჯდებოდა.
თანდათან შენ გემსგავსებოდა; უკვე ვამჩნევდი გაორებას - თამაშისადმი მიდრეკილებას და სერიოზულობას, და რაც უფრო მეტად გემსგავსებოდა, მით უფრო მეტად მიყვარდა.
ბავშვი კარაგდ სწავლობდა, ფრანგულში კაჭკაჭივით გაიტეხა ენა, ყველაზე გაწკრიალებული რვეულები ჰქონდა მთელს კლასში და თანაც რა მოხდენილი იყო, რა საუცხოოდ გამოიყურებოდა შავი ხავერდის კოსტიუმში ან მეზღვაურის თეთრ ქურთუკში.
ყველგან თვალი რჩებოდათ, სადაც უნდა წამეყვანა. გრადოში, როცა მასთან ერთად გავისეირნებდი ხოლმე სანაპიროზე, ქალები ჩერდებოდნენ, რომ გრძელ ქერა თმაზე მოჰფერებოდნენ. როცა ზემერინგზე ციგაობდა, ყველა აღტაცებით აყოლებდა თვალს, ისე მშვენიერი, ნაზი და ალერსიანი იყო ჩვენი შვილი!
რაც შარშან „ტერეზიანუმის“ ინტერნატში მივაბარე, მეთვრამეტე საუკუნის პაჟივით მუნდირი ეცვა და პატარა დაშნა ეკეთა, ახლა კი აღარაფერი აბადია, პერანგის გარდა. ბაგეგაფითრებული, გულხელდაკრეფილი წევს საცოდავი.
მაგრამ შეიძლება შემეკითხო, როგორ მოვახერხე ასეთ კეთილდღეობაში ბავშვის აღზრდა. მისთვის უმაღლესი საზოგადოების ნათელი, სვებედნიერი ცხოვრების შექმნა? საყვარელო, ახლა წყვდიადიდან გელაპარაკები და არ მრცხვენია გიპასუხო, არ შეშინდე, ჩემო კარგო: მე სხეულს ვყიდდი.
არ გავხდი ისეთი, რასაც ქუჩის ქალს, როსკიპოს ეძახიან, მაგრამ სხეულს მაინც ნამდვილად ვყიდდი.
მყავდა მდიდარი მეგობრები, მდიდარი საყვარლები. ჯერ თვითონ ვეძებდი მათ, შემდეგ კი ისინი მეძებდნენ. მე ხომ ძალზე ლამაზი ვიყავი - შეგიმჩნევია ეს ერთხელ მაინც? ყველა, ვისაც კი ვნებდებოდი, მყისვე ჩემი სიყვარულით იმსჭვალებოდა, ყველა ჩემი მადლობელი და ჩემზე გადამკვდარი იყო, ყველა მეტრფოდა - შენ გარდა, მხოლოდ შენ გარდა, ჩემო საყვარელო!
ნუთუ შემიძულებ, რაკი გულახდილად გითხარი ყველაფერი? არა, ვიცი, არ შეგძულდები, ვიცი, ყველაფერს გამიგებ, მიხვდები, რომ ამას შენთვის, შენი მეორე „მესთვის“, შენი შვილისთვის ვაკეთებდი.
როცა სამშობიარო თავშესაფრის პალატაში სიღატაკის საშინელებანი ვიხილე, მივხვდი, რომ ამქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, რომ იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგნს. ამიტომ არ მინდოდა შევრიგებოდი ამ აზრს, რომ შენი შვილი, შენი გაბადრული მშვენიერი შვილი გაზრდილიყო იქ, ფსკერზე, ქუჩის სიმყრალეში, ჯურღმულების აშმორებულ ჰაერზე.
მის სპეტაკ ბაგეებს არ უნდა სცოდნოდა უწმაწური სიტყვები, მის ფაქიზ სხეულს არ უნდა შეხებოდა უხეში, დაძონძილი, მათხოვრული თეთრეული.
შენს შვილს ყველაფერი უნდა ჰქონოდა - სიმდიდრე, ამქვეყნიური არსებობის მთელი სიმსუბუქე, უნდა ამაღლებულიყო შენამდე, შენი ცხოვრების სფერომდე.
ამისთვის, მხოლოდ ამისთვის ვყიდდი სხეულს, ძვირფასო ჩემო! ჩემი თავი მსხვერპლად არ შემიწირავს; ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივად პატიოსნებასა და სირცხვილს ეძახიან, ჩემთვის აღარ არსებობდა.
შენ, ერთადერთს, რომელსაც ჩემი სხეული ეკუთვნოდა, არ გიყვარდი და სხვა ყველაფერი, რაც ამ სხეულს შეიძლებოდა შემთხვეოდა, ჩემთვის სულერთი იყო. მამაკაცთა ალერსი, მათი ყველაზე გულწრფელი ვნება არ მოქმედებდა ჩემზე, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნამდვილად პატივს ვცემდი.
მართალია, არ ვიზიარებდი მათ სიყვარულს, მაგრამ მაინც თანავუგრძნობდი, თითქმის ვწუხდი კიდეც - ეს ხომ ძალზე ჰგავდა ჩემს საკუთარ ხვედრს. ყველა, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემდამი კეთილად იყო განწყობილი, მანებივრებდა, პატივს მცემდა, განსაკუთრებით კი ერთი ხანში შესული ქვრივი არისტიკრატი, გრაფი.
რამდენ შრომად დაუჯდა ამ ადამიანს უკანონოდ შობილი ბიჭის, შენი შვილის, „ტერეზიანუმში“მიღებინება. მე შვილივით ვუყვარდი, რამდენჯერმე ცოლად გაყოლაც მთხოვა - დღეს გრაფის ცოლი ვიქნებოდი, ზღაპრული ციხე-დარბაზის პატრონი ტიროლში, ვიცხოვრებდი უზრუნველად: ბავშვს ეყოლებოდა ალერსიანი, მოსიყვარულე მამა, მე კი წყნარი, კეთილი, წარჩინებული ქმარი.
მაგრამ, თუმცა ბევრს მთხოვდა, ბევრს მემუდარებოდა და უარიც უზომო ტკივილს აყენებდა, თანხმობა მაინც არ მივეცი. შეიძლება ეს სულელური ნაბიჯი იყო: ვიცხოვრებდი ახლა სადმე მშვიდად და უდარდელად, საყვარელი შვილი ჩემთან იქნებოდა, მაგრამ - რატომ არ უნდა გითხრა სიმართლე?
- არ მსურდა ჩემი ცხოვრება ვინმესთან დამეკავშირებინა, მინდოდა ყოველ წუთს თავისუფალი ვყოფილიყავი შენთვის.
სადღაც, სულის სიღრმეში, ცნობიერების ბნელ ხვეულებში ისევ ცოცხლობდა ბავშვობის შორეული ოცნება - იქნებ კვლავ მიგეხმე თუნდაც ერთი საათით და იმ ერთადერთი საათისთვის ზურგს ვაქცევდი ყველაფერს, ოღონდ თავისუფალი ვყოფილიყავი, რათა მოვსულიყავი შენთან პირველი დაძახებისთანავე.
მთელი ჩემი ცხოვრება მუდმივი ლოდინი იყო შენი, შენს ძახილს უცდიდა მთელი ჩემი არსება მას შემდეგაც, როცა ჩემში ქალმა გაიღვიძა და ბავშვობა დამთავრდა. და ეს წუთიც დადგა. მაგრამ შენ არ გახსოვს, ვერც კი ხვდები ამას, ჩემო საყვარელო!
მაშინაც ვერ მიცანი, ვერა და ვერ გაიხსენე, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე. უწინაც ხომ ხშირად გხედავდი თეატრებში, კონცერტებზე, პარტერში, ქუჩაში, - ყოველი დანახვისას გული საგულეში აღარ მეტეოდა, მაგრამ შენ მაინც ვერ მამჩნევდი;
მე ხომ ასე შევიცვალე გარეგნულად, მორცხვი გოგონა ქალად ვიქეცი და, როგორც ამბობდნენ, ლამაზ ქალადაც. მდიდრულად ვიცვამდი, გარს თაყვანისმცემლები მეხვივნენ. აბა,როგორ შეგეძლო ამ ქალში გეცანი ის მხდალი გოგონა, რომელიც შენს ოდნავ განათებულ საძილე ოთახში იხილე!
ხანდახან ჩემი თანმხლები რომელიმე მამაკაცი სალამს გაძლევდა, შენც სალმით უპასუხებდი, შემდეგ მე შემომხედავდი, მაგრამ უცხო თვალით. შენი მზერა მხოლოდ თავაზიანობას გამოხატავდა, პატივისცემას, ცნობით კი ვერ მცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უკვე მიჩვეული ვიყავი.
ჩემს მეგობართან ოპერის თეატრის ლოჟაში ვიჯექი, მეზობელ ლოჟაში კი შენ იყავი. სინათლე ჩაქრა, დაიწყო უვერტიურა. შენს სახეს ვეღარ ვხედავი, მაგრამ შენს სუნთქვას ისევე ახლოს ვგრძნობდი, როგორც შენთან გატარებულ დაუვიწყარ პირველ ღამეს.
ხელი ხავერგადაკრულ ტიხარზე გედო, რომელიც ჩვენს ლოჟებს ყოფდა, შენი თლილი ფაქიზი ხელი. დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო - დავხრილიყავი და მეამბორა ამ უცხო და ეზომ საყვარელი ხელისთვის, რომელიც ოდესღაც ჩემს სხეულს ნაზად ეალერსებოდა.
მუსიკის მღელვარე ჰანგები ზვირთებივით ბუბუნებდნენ ჩემ ირგვლივ და სურვილის ალაგმვა სულ უფო და უფრო მიძნელდებოდა. ისე ძალუმად იზიდავდა რაღაც ჩემს ბაგეებს შენი ხელისკენ, რომ ძლივსღა შევძელი წინ აღვდგომოდი ამ სურვილს.
პირველი მოქმედების დამთავრებისთანავე ჩემს მეგობარს ვთხოვე წავეყვანე იქიდან. აუტანელი იყო, რომ ასე ახლოს მეგულებოდი სიბნელეში და უცხო კი იყავი ჩემთვის! მაგრამ დიდი ხნის სანუკველი წუთები მაინც დადგა კიდევ ერთხელ და უკანასკნელად ჩემს არარად ქცეულ ცხოვრებაში.
ეს მოხდა თითქმის ერთი წლის წინ. წინა დღეს შენი დაბადების დღე იყო. საკვირველია, იმ ხანებში სულ შენზე ვფიქრობდი, შენი დაბადების დღეს ხომ მუდამ დღესასწაულივით ვხვდებოდი. დილაადრიან ბინიდან გავედი და თეთრი ვარდები ვიყიდე. ყოველ წელიწადს გიგზავნიდი თეთრ ვარდების თაიგულს იმ წუთების მოსაგონებლად, შენ რომ დაივიწყე.
ნასადილევს შვილი გავასეირნე და მერე დემელის საშაქარლამოში შევედით, საღამოს კი თეატრში წავიყვანე. მინდოდა მასაც სიყრმიდანვე ეს დღე ისე აღექვა, როგორც რაღაც მისტიკური დღესასწაული, მისი მნიშვნელობა კი არ სცოდნოდა.
მომდევნო დღე ჩემს მაშინდელ მეგობართან გავატარე, ბრიუნელ ახალგაზრდა მდიდარ მეფაბრიკესთან, რომელთანაც უკვე ორი წელი იყო დაახლოებული ვიყავი. ეს კაცი მაღმერთებდა, მანებივრებდა და, როგორც ყველა სხვას, ჩემი ცოლად შერთვა უნდოდა, მაგრამ ამასაც სხვების თვალში თითქოს უმიზეზოდ უარს ვეუბნებოდი, თუმცა მეც და ბავშვსაც საჩუქრებს არ გვაკლებდა.
თვითონაც ურიგო არ იყო და ოდნავ ჩლუნგი, მონური ერთგულებისა და სიკეთისათვის მეტს იმსახურებდა. მეფაბრიკესთან ერთად კონცერტზე წავედი, სადაც მეტად მხიარულ საზოგადოებას შევხვდით და ყველასთან ერთად გავეშურეთ სავახშმოდ რინშტრასეზე ერთ რესტორანში.
იქ გახურებულ სიცილსა და ხუმრობაში შევთავაზე „ტაბარენის“ საცეკვაო დარბაზში გადავბარგებულიყავით. საერთოდ ასეთ ადგილებს არ ვეტანებოდი: ყოველთვის მეზიზღებოდა ღრეობა და ლოთური მხიარულება. მაგრამ ამჯერად რაღაც გამოუცნობმა, ჯადოსნურმა ძალამ წამომასროლინა ეს წინადადება, რასაც ყველა აღტაცებით შეხვდა.
რატომღაც ავიხირე იქ წასვლა, თითქოს რაღაც არაჩვეულებრივი რამ მელოდა. მეგობრები, რომლებმაც აღარ იცოდნენ, რით მოეგოთ ხოლმე ჩემთვის გული, მყისვე წამოდგნენ. მივედით „ტაბარენში“, ვსვამდით შამპანურს და უცებ თავშეუკავებელმა, თითქმის ავადმყოფურმა მხიარულებამ შემიპყრო, რაც მანამდე არ განმეცადა.
სასმისს სასმისზე ვცლიდი, სხვებთან ერთად ვმღეროდი უწმაწურ სიმღერებს, თითქოს რაღაც ხელს მკრავდა მეცეკვა და მემხიარულა. და უეცრად - თითქოს ჩემს გულს ყინული შეეხო ან გავარვარებული ნაღვერდალი დაადესო - მთელი სხეულით ავკანკალდი: მეზობელ მაგიდასთან მეგობრების წრეში შენ იჯექი და აღფრთოვანებით, ანთებული თვალებით შემომცქეროდი - იმ მზერით, რომელიც მუდამ სულს მიმღვრევდა.
პირველად ათი წლის განმავლობაში მიყურებდი შენთვის დამახასიათებელი გამოხედვის მთელი სიძლიერით, ქვეშეცნეული ვნებიანი მზერით. ხელი ამითრთოლდა, აწეული სასმისი კინაღამ გამივარდა. საბედნიეროდ, მეინახეთაგან არავის შეუნიშნავს ჩემი დაბნევა, რაც ხარხარსა და მუსიკის გრიალში შთაინთქა.
შენი მზერა სულ უფრო მწველი ხდებოდა და ცეცხლს მიკიდებდა. არ მესმოდა - ნამდვილად მიცანი, გაგახსენდი თუ ჩემი სახით შენთვის უცნობი ახალი ქალი იპოვე.
სისხლი თავში ამივარდა. დაბნეულად ვაძლევდი პასუხს ჩემს მეგობრებს. უთუოდ შეამჩნევდი, როგორ ამრია შენმა მზერამ. სხვებისთვის შეუმჩნევლად მანიშნე ერთი წუთით ვესტიბიულში გამოვსულიყავი. შემდეგ ოფიციანტს დემონსტრაციულად გაუსწორდი, გამოეთხოვე მეინახეებს და გახვედი, თან ერთხელ კიდევ მაგრძნობინე, რომ გარეთ დამიცდიდი.
ვთრთოდი, ციებიანივით მაძაგძაგებდა. აღარ შემეძლო პასუხი მიმეცა შეკითხვებზე, აჩქროლებულ სისხლს ვეღარ ვიოკებდი. სწორედ ამ დროს ესტრადაზე გამოვიდა ზანგების წყვილი და ქუსლების ბაკაბუკითა და გამყივანი შეძახილებით დაიწყო რაღაც უჩვეულო ველური როკვა. ყველას ყურადღება მათ მიიპყრეს, მეც ამით ვისარგებლე, ავდექი, ჩემს მეგობარს ვუთხარი, მალე დავბრუნდები-მეთქი და უკან გამოგყევი.
ვესტიბიულში ტანისამოსის საკიდთან მიცდიდი. როცა მოგიახლოვდი, სახე გაგებადრა, ღიმილით ჩემკენ გამოემართე და მყის შევნიშნე, რომ ჩემში ვერც გოგონა იცანი შორეული წარსულიდან, ვერც ქალიშვილი, ოდესღაც რომ შეგხვდა ცხოვრებაში. კვლავ როგორც უცხოს, როგორც ახალს მომეახლე და შინაურულად შემეკითხე:
- ჩემთვისაც თუ იპოვით ერთ საათ თავისუფალ დროს?
შენს გულდაჯერებულ კილოზე მივხვდი, რომ ისეთ ქალად მიმიღე, რომელთაც ერთი ღამით ყიდულობენ, და დიახ-მეთქი, გიპასუხე; ეს ისეთივე მთრთოლვარე, ძალდაუტანებელი „დიახ“ იყო, როგორიც ათი წლის წინ მოისმინე ქალიშვილისაგან ბინდბუნდით მოცულ ქუჩაში.
- მაშ, როდის შეიძლება შევხვდეთ ერთმანეთს? - შემეკითხე. - როცა გნებავთ, - გიპასუხე. შენი არ მრცხვენოდა. ოდნავი გაკვირვებით, ისეთივე უნდო ცნობისმოყვარეობით მომხედე, როგორც იმჯერად, როცა საშინლად გაგაოცე ჩემი მეტისმეტად აძქარებული თანხმობით.
- შეიძლება ახლავე? - კვლავ მომმართე ჭოჭმანით.
- დიახ, - გიპასუხე, - წავიდეთ. და საკიდისაკენ გავემართე პალტოს ასაღებად. მაგრამ გამახსენდა, რომ ჩემმა მეგობარმა პალტოები ერთად ჩააბარა და საკიდის ნომერი მას ჰქონდა.
ნომრის გამოსართმევად რომ დავბრუნებულიყავი, მთელი ახსნა-განმარტება დამჭირდებოდა, არადა, უარი როგორ მეთქვა შენთან შეხვედრაზე, რაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი, -ეს არამც და არამც მსურდა.
არც ერთ წამი არ დამიყოვნებია, საღამოს კაბაზე მარტო შალი წამოვისხი და ნისლიან, ნოტიო ღამეში გარეთ გამოგყევი.
აღარ ვნაღვლობდი არც პალტოს, გასახდელში რომ დავტოვე, არც კეთილ და მოსიყვარულე ადამიანს, წლების განმავლობაში რომ მარჩენდა, ახლა კი დავამცირე, მეგობრების თვალში სასაცილო ჩერჩეტად გამოვიყვანე, რომელიც სატრფომ ამდენი ხნის ერთად ყოფნის შემდეგ პირველსავე მამაკაცში გაცვალა და გაექცა.
ეჰ, სულის სიღრმეში ვაღიარებდი მთელს ჩემს სიმდაბლეს, უმადურობას, სამარცხვინო საქციელს. ვგრძნობდი, რომ წინდაუხედავად ვიქცეოდი, ჩემი უგუნურებით წარუშლელ, მომაკვდინებელ შეურაცხყოფას ვაყენებდი ჩემს კეთილისმყოფელ ადამიანს, ვანგრევდი საკუთარ ცხოვრებას.
მაგრამ რას ვაქნევდი მეგობრობას, რა ფასი ჰქონდა ჩემს არსებობას იმის სურვილთან შედარებით, რომ კვლავ მეგრძნო შენი ბაგის სიმხურვალე, მსმენოდა შენი საამური ხმა...
ოჰ, როგორ მიყვარდი, ძვირფასო ჩემო! ახლა, როცა დაჰკრა აღსასრულის ჟამმა, როცა ყველაფერი უკვე დამთავრდა, ამის თქმა შენთვის თამამად შემიძლია. მგონი, სასიკვდილო სარეცლიდან რომ გამოგეხმე, მაინც ძალას მოვიკრებდი, ავდგებოდი და შენთან მოვიდოდი.
სადარბაზო კართან ეტლი იდგა. შენთან გავემართეთ. კვლავ ვისმენდი შენს ხმას, ვგრძნობდი შენს სათუთ სიახლოვეს, ისევე ვიყავი გაბრუებული და ბავშვურად შემკრთალი, როგორც იმჯერად. ათი წლის შემდეგ კვლავ ავდიოდი ამ კიბეზე... არა, არ ძალმიძს იმის გადმოცემა, როგორ მკაფიოდ, ორმაგი ძალით განვიცდიდი ამ წუთს - წარსულსაც და აწმყოსაც, და ყველაფერში, ყოველ წვრილმანში შენ გგრძნობდი, მხოლოდ და მხოლოდ შენ.
შენს ოთახში არცთუ ბევრი რამ იყო შეცვლილი: მომატებოდა რამდენიმე სურათი, ერთ-იორი სკამი და გაზედილიყო ბიბლიოთეკა, მაგრამ ყველაფერი აქ ძველებურად ნაცნობი იყო.
საწერ მაგიდაზე ლარნაკი იდგა ვარდებით - ჩემი ვარდები, წინადღით რომ გამოგიგზავნე, შენი დაბადების დღეს, იმ ქალის მოსაგონებლად,რომლის გახსენება ვერ და ვერ მოახერხე.
აი,ახლაც კი, როცა ერთმანეთთან ასე ახლოს ვიმყოფებოდით, როცა ჩვენი ხელები ერთმანეთს გადაეჭდვნენ და ბაგეები ერთმანეთს შეეწებნენ, ვერ მიხვდი, ვინ ვიყავი...და მაინც მიხაროდა, რომ ყვავილები ლარნაკში ჩაგეწყო: ჩემი არსება, ჩემი სიყვარულის სუნთქვა ისევ აქ იყო, შენ დაგტრიალებდა.
ხელი მომხვიე და მკერდში ჩამიკარი. კიდევ ერთი ბედნიერი ღამე გავატარე შენთან. მაგრამ გაშიშვლებულიც ვერ მიცანი. ნეტარებით ვიღებდი შენს ნაცად ალერსს და გავიგე, რომ შენი ვნება არ ასხვავებს საყვარელ და ნაყიდ ქალებს, რომ შენ ეძლევი სურვილს მთელი შენი არსებით, შენი ბუნებისათვის დამახასიათებელი ფლანგველური სიუხვით.
მეტისმეტად ნაზი სათუთი იყავი ჩემდამი, ქალისადმი, რომელიც ღამის კაბარედან წამოიყვანე, შენი მოპყრობა აღსავსე იყო კეთილშობილებით, გულითადობით, პატივისცემით, ამავე დროს ვნებიანად ტკბებოდი ჩემი სხეულით.
გაბრუებული კვლავ დავეწაფე გარდასულ ბედნიერებას და ამავე დროს კვლავ ვიგრძენი შენი ბუნების უმაგალითო გაორება - შეგნებული, გასულიერებული და ხორციელი ვნებიანობა; ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი,როცა ამ ვნებიანობამ მთლიანად დამიმორჩილა.
მე არ შევხვედრივარ მამაკაცს, რომელიც ასეთი თავდავიწყებით ეძლეოდეს წუთიერ სიამეს, არ მსმენია ასეთი გულისთქმის, ასეთი ღრმა შინაგანი გაცისკროვნების შესახებ, რომელსაც ცვლიდა გულგრილობა და თითქმის არაადამიანური დავიწყება.
მაგრამ ამჯერად მეც დამავიწყდა საკუთარი თავი: ვინ ვიყავი აქ, ბნელში, შენ გვერდით? აღგზნებული გოგონა, შენი შვილის დედა თუ ვიღაც უცხო? ოჰ, ყოველივე როგორი ნაცნობი, დიდი ხნის წინ განცდილი და ამავე დროს თავბრუდამხვევად ახალი იყო ამ მგზნებარე ღამეში და ღმერთს შევთხოვდი - არ გათენებულიყო...
მაგრამ გათენდა. ჩვენ გვიან ავდექით. მთხოვე ერთად გვესაუზმა. ვსაუბრობდით და ჩაის ვსვამდით, რომელიც სასადილო ოთახში ვიღაცის მზრუნველ ხელს გაეწყო... ახლაც, როგორც ყოველთვის, გულახდილად, გულწრფელად ლაპარაკობდი, არც ერთ მოურიდებელ შეკითხვას არ მაძლევდი და არ ცდილობდი გამოგერკვია ჩემი ვინაობა.
არც სახელი და არც მისამართი არ გიკითხავს. შენთვის კვლავ შემთხვევითი თავგადასავლის გმირი ვიყავი, ხანმოკლე მხურვალე საიყვარულის საგანი, რომელიც უკვალოდ ქრება დავიწყების ბურუსში. შენ მითხარი: შორს, ჩრდილოეთ აფრიკაში ორი ან სამთვიანი მოგზაურობისათვის ვემზადებიო.
შევკრთი. ჩემს ბედნიერებას ჩრდილი წაადგა. ყურებში ვიღაც ჩამძახოდა: ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდა და დავიწყებას მიეცაო!
მომინდა დავმხობილიყავი შენს ფერხთა წინაშე და დამეყვირა: - თან წამიყვანე, რომ ახლა მაინც გაიგო, ვინა ვარ შენთვის, მიცანი, მიცანი, ამდენი წლის შემდეგ მაინც მიცანი-მეთქი. მაგრამ შენ წინაშე ხომ მუდამ მხდალი, გაუბედავი, მხევალივით უილაჯო და სუსტი ვიყავი.
მხოლოდ ამის წამოლუღლუღება მოვახერხე: - რა სამწუხაროა-მეთქი. ღიმილით შემომხედე და მითხარი:
- მართლა სამწუხაროა შენთვის?
უეცარმა სიშმაგემ შემიპყრო.ავდექი და დიდხანს გაშტერებით შემოგცქეროდი.შემდეგ მოგმართე:
- ისიც,ვინც მე მიყვარდა,ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე.
პირდაპირ თვალის გუგებში მოგაშტერდი, ახლა, ახლა მაინც მიცნობს-მეთქი. მთელი სხეული მიკანკალებდა, მაგრამ შენ გაიღიმე და მითხარი სანუგეშებლად:
- მოგზაურობიდან ხომ ბრუნდებიან?
- დიახ, ბრუნდებიან, - გიპასუხე, - მაგრამ ყველაფერს ივიწყებენ ხოლმე...
ჩემს ნათქვამში რაღაც უჩვეულო,რაღაც მგზნებარ იყო უთუოდ, რადგან შენც ადექი, გაკვირვებით, მაგრამ ალერსიანი თვალით შემომხედე და ხელი გადამხვიე:
- კარგს არ ივიწყებენ და არც შენ დაგივიწყებენ, - მითხარი და თვალი თვალში გამიყარე, თითქოს გსურდა ჩემი სახე სამუდამოდ აღგებეჭდა მეხსიერებაში.
ვგრძნობდი, როგორ გამმსჭვალა შენმა გამჭრიახმა მზერამ, თითქოს მთლიანად ჩემი შთანთქმა გსურდა, და მეგონა, ახლა მაინც აეხილა თვალი, ახლა მაინც მიცნობს, ნამდვილად მიცნობ-მეთქი! გული მიკანკალებდა მარტოოდენ ამის გაფიქრებაზეც კი.
მაგრამ შენ მაინც ვერ მიცანი, ვერ გამიხსენე. არასოდეს ასე უცხო არ ვყოფილვარ შენთვის, როგორც ამ წუთში, თორემ ისეთ რამეს არ ჩაიდენდი, რაც რამდენიმე წამის შემდეგ მოიმოქმედე.
ერთხელ კიდევ მაკოცე, მხურვალედ მაკოცე. მე თმა ამეწეწა და სარკესთან მივედი, რომ გამესწორებინა. ჰოდა, უცებ სარკეში დავინახე - სირცხვილისა და შეურაცხყოფისაგან კინაღამ ჩავიკეცი - დავინახე, ჩუმად როგორ ჩამიდე ხელსათბურში რამდენიმე მსხვილი ბანკნოტი.
არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ არ დავიყვირე ან სახეში არ გაგარტყი? მე, რომელსაც ბავშვობიდანვე მიყვარდი, მე, შენი შვილის დედას ამ ღამის საფასურს მიხდიდი! შენთვის მხოლოდ მეძავი ვიყავი „ტაბარენიდან“ და მეტი არავინ. ფული გადამიხადე! დავიწყება არ მაკმარე, ახლა დამამცირე კიდეც.
მყისვე მოვემზადე წასასვლელად. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გაგცლოდი. ქუდს ხელი დავავლე - იგი საწერ მაგიდაზე იდო, ლარნაკის გვერდით, რომელშიც თეთრი ვარდები ეწყო, ჩემი ვარდები. რაღაც ძლიერმა, დაუძლეველმა სურვილმა მაიძულა კვლავ ბედი მეცადა და ჩემი თავი გამეხსენებინა შენთვის:
- ერთ ცალს ხომ არ მაჩუქებდი ამ თეთრი ვარდებიდან? - შეგეკითხე.
- დიდი სიამოვნებით, - მომიგე და ვარდი მაშინვე ამოიღე ლარნაკიდან.
- შეიძლება. მე არ ვიცი. ვიღაცამ გამომიგზავნა,მაგრამ ვინ - წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ მიყვარს ისინი.
მე დაგაცქერდი.
- შეიძლება ეს ვარდები იმ ქალისგან არის, რომელიც დაივიწყე? გაკვირვებული მომაშტერდი. შენს მზერას გავუძელი. „მიცანი,ახლა მაინც მიცანი“! - ყვიროდნენ ჩემი თვალები, მაგრამ შენს ღიმილში მხოლოდ ალერსი და შეცბუნება გამოსჭვიოდა. კიდევ ერთხელ მაკოცე, მაგრამ ცნობით მაინც ვერ მიცანი.
სწრაფად გავემართე კარისკენ, რადგან ვიგრძენი, თვალები ცრემლით მევსებოდა, შენ კი ეს არ უნდა შეგემჩნია.
ისე დამთხვეულივით გამოვვარდი წინკარში, რომ შენს მსახურ იოჰანს კინაღამ დავეჯახე. მან დროზე დამითმო გზა, მარდად გააღო კარი, რათა გავეტარებინე და ამ წუთში - გესმის? - ამ ერთ წუთში, როდესაც თვალცრემლიანმა შევხედე მოხუცს, მის მზერაში ანაზდეულად რაღაც ნათელმა გაიელვა.
ამ წუთში - გესმის? - თვალის ერთ დახამხამებაში მოხუცმა, რომელსახ ბავშვობიდან არ ვენახე, მიცნო. მზად ვიყავი დამეჩოქა და მისთვის ხელები დამეკოცნა, მაგრამ მხოლოდ ისღა მოვახერხე, რომ ხელსათბურიდან სწრაფად გამოვიღე ფული, რომლითაც შენ გამამათრახე, და ხელში ჩავჩარე.
შეკრთა, შეშინებულმა მომხედა - ამ ერთ წუთში შეიძლება ჩემ შესახებ იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველა, ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილი იყო ჩემდამი, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ ერთმა ვერ შეძელი ჩემი ცნობა.
ჩემი შვილი, ჩვენი შვილი მოკვდა და ახლა საყვარელი აღარავინ მეგულება ქვეყანაზე, შენ გარდა. მაგრამ ვინა ხარ შენ ჩემთვის - შენ, ვინც ვერასდროს ვერ მცნობ? ისე ჩამივლი ხოლმე, თითქოს წყალივით უფერული ვიყო, ქვასავით ფეხს მადგამ, მიდიხარ და იკარგები, მარად მალოდინებ.
ცხოვრებაში ერთხელ მეგონა, რომ შენ, ასე ადვილად რომ მისხლტებოდი ყოველთვის, ხელთ გიგდე ჩემი შვილის სახით, მაგრამ ის შენი შვილი იყო: მანაც ერთბაშად უმოწყალოდ მიმატოვა, შორს გაემგზავრა, დამივიწყა და აღარ დამიბრუნდება.
კვლავ მარტო დავრჩი, ახლა უფრო მეტ ობლობას ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე. აღარაფერი, აღარაფერი გამაჩნია შენ სახსოვრად, არც შვილი, არც სიტყვა, არც სტრიქონი, არაფერი მაქვს შენ მოსაგონებლად; და შენთან ჩემი სახელი ვინმემ რომ წარმოთქვას, იგი ლიტონ ბგერებად მოგეჩვენება.
რატომ არ უნდა ვეძებდე სიკვდილს, როცა შენთვის უკვე მკვდარი ვარ? რატომ არ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, როცა შენ წახვედი ჩემგან? არა, საყვარელო, არ გადანაშაულებ, არ მინდა ჩემი ურვა შენს მხიარულ სახეში შემოვიტანო.
ნუ შიშობ, მეტს აღარ შეგაწუხებ, - მაპატიე, მაგრამ ერთხელ მაინც გული უნდა მომეოხებინა. ამ წუთებში, როცა შვილი წინ მიწევს, უსულო და მიუსაფარი, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ უნდა გამოგკაპარაკებოდი, შემდეგ კი კვლავ უჩემოდ დავუბრუნდებოდი ჩემს წყვდიადს.
სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ღაღადისს ვერ მოისმენ, ხოლო როცა მოვკვდები, მიიღებ ამ ჩემს ანდერძს, იმ ქალის ანდერძს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი. შენ ის არასოდეს გცნობია. მთელი ცხოვრების განმავლობაში გიცდიდი, მაგრამ არ მოუხმე მას.
ვინ იცის, შეიძლება ამ წერილის წაკითხვის შემდეგ დამიძახო კიდეც, მაგრამ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ვეღარ გაგაგონებ - სამარეში აღარ ჩამომესმება შენი ხმა.
სამახსოვროდ არაფერს გიტოვებ - არც სურათს, არც რაიმე ნიშანს, ისევე როგორც შენ არ დამიტოვე. ჩემს ცნობას ვეღარასოდეს შეძლებ, ვეღარასოდეს! ასეთი იყო ჩემი ბედი სიცოცხლეში, დაე,ასეთი იყოს სიკვდილის ჟამსაც.
უკანასკნელ წუთებში არ მინდა მოგიხმო ჩემთან, მივდივარ ამ ქვეყნიდან; შენ კი ჩემი სახელიც არ იცი და ჩემს სახეს არ ცნობ. სიკვდილი აღარ მიმძიმს, რადგან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი რომ მოეყენებინა, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.
მეტის წერა აღარ ძალმიძს... თავი მიბრუის... სხეული მიკვნესის, ვგონებ, სიცხე მაქვს... შეიძლება დაწოლა მომიხდეს. ალბათ ყველაფერი მალე გათავდება, შეიძლება ბედმა ერთხელ მაინც შემიბრალოს და ვერ ვნახო, როგორ გაასვენებენ ჩემს შვილს...
მეტის წერა აღარ შემიძლია... მშვიდობით, საყვარელო, მშვიდობით. გმადლობ, მიუხედავად ყველაფრისა რაც იყო, ყველაფერი კარგად მეჩვენება... შენი მადლიერი ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
გულზე მომეშვა: ხომ ყველაფერი გითხარი. ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარ! მაგრამ ეს სიყვარული ტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებ - და ეს მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში.
ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ... ეს, მხოლოდ მე მამშვიდებს, ჩემო საყვარელო!
მაგრამ ვინ... ვინღა გამოგიგზავნის თეთრ ვარდებს დაბადების დღეს? ლარნაკი დაცარიელდება და ეს სუსტი სუნთქვა, ჩემი სიცოცხლის ნელი ქროლა, რომელიც წელიწადში ერთხელ შემოფრინდებოდა შენთან, ასევე გაქრება.
გთხოვ მომისმინო, საყვარელო... ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა შენდამი... გააკეთე ეს ჩემთვის: ყოველ წელიწადს, შენი დაბადების დღეს - ეს ხომ ისეთი დღეა, როცა საკუთარ თავზე ფიქრობენ - იყიდე ხოლმე თეთრი ვარდები და ლარნაკში ჩააწყვე.
შეასრულე ეს ჩემი სურვილი, საყვარელო, გააკეთე ეს, როგორც სხვები წელიწადში ერთხელ პანაშვიდს უხდიან ძვირფას მიცვალებულს. მე კი ღმერთი უკვე აღარ მწამს და არ მჭირდება პანაშვიდები ,ახლა მხოლოდ შენ მწამხარ, მიყვარხარ მხოლოდ შენ და მხოლოდ შენში მინდა განვაგრძო სიცოცხლე...
ოჰ, მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ამას ვერც კი შეამჩნევ, როგორც მე ვერ მამჩნევდი შენ გვერდით. გემუდარები, შეასრულე ეს, საყვარელო... ეს არის ჩემი პირველი თხოვნა შენდამი... და უკანასკნელიც... მადლობელი ვარ შენი... მიყვარხარ... და ისევ მიყვარხარ... მშვიდობით...
მწერალმა მთრთოლვარე ხელით წერილი გვერდზე გადადო და ღრმად ჩაფიქრდა.
ბუნდოვნად მოაგონდა, თანდათან ახსენდებოდა მეზობელ ბინაში მცხოვრები გოგონა, შემდეგ ქალიშვილი და ქალი ღამის კაბარედან.
მაგრამ ეს მოგონებები ერეოდა, ეკარგებოდა, როგორც კენჭები ლიცლიცებენ და ქრებიან მჩქეფარე ნაკადულის ფსკერზე, ლანდები შემოეჯარებოდნენ ხოლმე, მაგრამ მყისვე უკუიქცეოდნენ და ვერ მოეხერხებინა მათგან რაიმე გარკვეული სახე შეექმნა.
გუმანით აგონდებოდა, მაგრამ ხელშესახებად ვეღარაფერი გაეხსენებინა. ეჩვენებოდა, თითქოს ეს ყველაფერი არაერთხელ ენახა სიზმრად, ღრმა ძილში, მაგრამ მხოლოდ სიზმრად.
უცებ მისი ყურადღება საწერ მაგიდაზე მდგარმა ლურჯმა ლარნაკმა მიიპყრო.
ლარნაკი ცარიელი იყო. იგი პირველად იყო ცარიელი მისი დაბადების დღეს მთელი ამ წლების განმავლობაში.
მწერალი შეკრთა: მოეჩვენა, თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვა სამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაბერა.
მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა და უკვდავი სუნთქვა სიყვარულისა. მის სულში რაღაცამ გაანათა.
მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება და იმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო, როგორც შორეულმა მუსიკამ...
დასასრული