კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:58

იყიდება საქართველო.

მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით;

წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით;

მშვენიერის ენით;

ნაქარგი ფარჩა-ხავერდით;

ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით;

დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით;

ნაამაგევი სახლით და კარით;

ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით;

მჩქეფარე ნაკადულებით;

ლურჯის ზღვით;

მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით;

ერით, ბერით;

თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით;

გონებაგახსნილ ვაჟებით;

მალხაზი ბავშვებით;

ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით.

იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი.

იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებად, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიად, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ