ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი. გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა და დაფიქრებით გადმოჰყურებდა მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა. მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად მთისა გადაღმა არ დასულიყო და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი, ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო. ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი, წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა, და განმსჭვალული მისით ღრუბელი შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა. ამა უბიწო დიადის ხილვით წარტყვევნილ იქმნა განყენებული და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას შესცქერდა მზესა განცვიფრებული. უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი, დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ, და მყინვარიდამ ვითა ვეშაპი შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ. |