დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი, ცაზედ განერთხო და გაიშალა, და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო, ჭექა-ქუხილით დაიგრიალა. შეირყა მთელი ცა და ქვეყანა იმა ჭექით და იმა ქუხილით, ცა აირია, დაბნელდა უცებ და წამოვიდა სეტყვა შხუილით. ქუხვა და ჭექა, ელვა და სეტყვა, არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა, ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა, ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, - ესე ყოველნი, ერთად რეულნი, ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა, თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს დღეს მას საშინელს განკითხვისასა. ამ დროს ის მწირი სენაკში იყო, ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსა და ხელაპყრობით ევედრებოდა წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა. |