„ღმერთო ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა... როცა აქ ცხვარი მიძოვებია და შემიხედავს მყინვარისთვისა, მომგონებია მამის ნათქვამი, იქ, ყინულებში კაცი სცხოვრობსო, სულისთვის ხორცი გაუწირნია, უწუთისოფლოდ მარტოდა სძლებსო, - გამკვირვებია მე ეს ამბავი!.. მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა? განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა? ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთო ესე ლამაზად წუთის-სოფელი? განა მისთვის, რომ ადამიანმა შეაჩვენოს და აიღოს ხელი? ყველაფერს უნდა გამოვეთხოვო, ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!. ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას! ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!.. |