გულზედ მოეშო... კვლავ სასოებით დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი, კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი მადლით, ნუგეშით გადმომზირალი. არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!.. და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა... მივარდა ლოცვანს, დააყრდო სხივზედ და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!.. დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა, გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული, ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული. — და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების, იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, - აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა მარტო ქარიღა დადის და ქშუის, და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის... |