წამება მისი ღმერთს შეუწირავს, ვედრება მისი ღმერთს უსმენია, და სასწაული ნიშნად მადლისა მღაღადებელზედ მოუვლენია. ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა, ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი, და მუნით თურმე გადმოდენილა შუქი მზისა და მთავრის ნათელი. ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ მზე სხივგაფენით ამოვიდოდა, იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა. როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა, და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა. ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი, ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრობდა... და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმე ამ სასწაულით შეიმოწმებდა. |