განდეგილა და ამ ყინულებში სულ მარტოდ-მარტო დაყუდებულა და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან იმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა. განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი, რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი. დღე-და-ღამ ლოცვით, გოდებით, გვემით ხორცი სულისთვის უწამებია, და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი - ცრემლით ურეცხავს, უსოვლებია. დღე-და-ღამ სულთქმა და ღაღადება მოჰფენია კლდეს ყინულისასა, და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი, ვითა ღელესა მას გლოვისასა. განყენებული წუთისოფლისგან აქ სული მისი აღყვავებულა, და ხორციელი გულისთქმა ყველა დამარხულა და განსვენებულა. |