ვერბალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ურთიერთობის პროცესში და ანიჭებს საუბარს ემოციონალურ-პიროვნულ დატვირთვას.
ვერბალური ურთიერთობა თავის თავში მოიცავს ინტონაციას, საუბრის ტემპს, ხმის სიძლიერისა და ტემბრის ჰარმონიულ შერწყმას, ძირითადი და აუცილებელი ფრაზების სწორად გამოყენებას.
ერთი შეხედვით, რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვეულებრივი კომპლიმენტი შეიძლება აღქმული იქნეს როგორც შეურაცხყოფად ან ორაზროვან მინიშნებად, ასევე თანადგომისა და პატივისცემის გამოხატულებად.
ამიტომ, ინტონაცია უნდა იყოს მშვიდი, კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და წინადადების ბოლოს ხმადაბალი დაბოლოებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრაზის ბოლოს არ იგრძნობოდეს კითხვის ნიშანი. საუბრის ტემპი უნდა იყოს ზომიერი, თუმცა არა გაწელილი.
სიტყვების ან ფრაზების გადაბმა არ არის საჭირო, თუმცა მათი ხელოვნურად დანაწევრებაც არ ღირს, რადგან შესაძლოა შეიქმნას „შეტევაზე გადასვლის“ შთაბეჭდილება, რაც გამოიწვევს კამათის პროვოცირებას, თქვენი ნათქვამის გაპროტესტებას, ან ეჭვქვეშ დაყენებას.
საუბრის აჩქარებული ტემპი მოსაუბრის (ან მოსაუბრეების) მიმართ ფორმალურად მიდგომის შეგრძნებას იწვევს.
ხმის სიძლიერე და ტემბრი ანიჭებს მნიშვნელობას და წონას მთლიანად ფრაზას, განსაკუთრებით საუბრის დასასრულს.
ძირითადი და აუცილებელი ფრაზები განკუთვნილია მოსაუბრის ყურადღების მისაპყრობად და თქვენი გამოთქმების მთავარი არსის გადმოსაცემად.
ეს არის გასაღები, რომელიც საუბრის საბოლოო შედეგის მიღწევას უზრუნველყოფს, რათა გადმოცემული აზრი გაიგონ ზუსტად ისე, როგორ ეს თქვენ გსურთ.
მაგალითად, მზრუნველი ხელმძღვანელი ვერბალურად (სიტყვიერად) გამოხატავს საკუთარ მზრუნველობას შემდეგი ფრაზებით: „ჩემთვის გასაგებია თქვენი ტკივილი“, „მე ვიცი თქვენი პრობლემების შესახებ“, „თქვენმა თხოვნამ არ დამტოვა გულგრილი“ და ა.შ.
ასეთი ფრაზების დახვეწაზე მუშაობა უნდა მიდიოდეს რეგულარულ რეჟიმში.
სიტყვით გამოსვლის, თათბირის თუ მოლაპარაკების დროს, აუცილებელია ტექსტში გამოიყოს მნიშვნელოვანი ფრაზები.
თუ გამოსვლის ტექსტი არ არსებობს, არ იქნებოდა ზედმეტი ძირითადი, მნიშვნელოვანი ფრაზების ჩანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება.
დროთა განმავლობაში, გამოცდილება თავისას იზამს, მნიშვნელოვანი ფრაზების წარმოთქმას მიეჩვევით და „შპარგალკების“ გამოყენება საჭირო აღარ იქნება.