კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 21:28

შეკრულობა, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, შეიძლება ძალიან მტკივნეულიც იყოს.

კუჭ-ნაწლავის ინერტულობის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია:

  • ორგანიზმში სითხის არასაკმარისი რაოდენობა;
  • არასწორი კვება;
  • სტრესი;
  • სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატები;
  • ფიზიკური ვარჯიშების ნაკლებობა;
  • არასწორი დამოკიდებულება კუჭ-ნაწლავის მიმართ;
     
  • ბოჭკოების დეფიციტი დიეტის დროს;
  • და ა.შ;

შეკრულობაპირველ რიგში, სანამ განსაზღვრავთ ამ ფაქტორებსა და საშუალებებს, რათა შეამსუბუქოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, გასარკვევია - ნამდვილად გაქვთ თუ არა შეკრულობა. შეიძლება თქვენ თვლით, რომ პრობლემა გაქვთ, მაგრამ ნამდვილად ასეა სინამდვილეში?

ძალიან ხშირად თქვენ, ისე, როგორც უმრავლესობა ადამიანებისა, ექცევით მრავალფეროვანი სასაქმებელი საშუალებების რეკლამის ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჯანმრთელობისათვის აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ყოველდღიური გასუფთავება, მაგრამ ასეთი მიდგომა არ არის მართებული.

ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ცრუ შეკრულობის მსხვერპლი მაშინ, როცა ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი რიგზე აქვს.

სინამდვილეში, კუჭ-ნაწლავის დაცლის მოთხოვნილება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. თუ ერთისთვის დღეში სამჯერ კუჭ-ნაწლავის მოქმედება ნორმაა, შეიძლება მეორისთვის კვირაში სამჯერ მოქმედება იყოს საკმარისი.

ზოგადად კი ეს საკითხი ინდივიდუალურია, კუჭის მოქმედება დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, პირველ რიგში კი იმაზე, თუ რა რაოდენობით და რა ტიპის საკვებს იღებს ადამიანი.


სითხის მიღება უმნიშვნელოვანესია


სხვადასხვა ექსპერტები მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც აწუხებს შეკრულობა - გადახედოს და შეიტანოს კვების რაციონში (ან დიეტაში) საკმარისი რაოდენობის სითხე, რომელიც შეკრულობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

რა რაოდენობის სითხეა ორგანიზმისთვის საჭირო? ითვლება, რომ 6 ჭიქა სითხე (სასურველია 8) უნდა იყოს ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის რაციონში.

მართალია ყველანაირი სითხე დასაშვებია, მაგრამ ყველაზე უკეთესია სასმელი წყალი.

იხილეთ ვრცლად: წყლის მიღების დღიური ნორმა


საკმარისი რაოდენობის უჯრედისები (ბოჭკოები)


საკმარისი რაოდენობის უჯრედისების მიღება ხელს უწყობს შეკრულობის პრობლემის მოგვარებას. რეკომენდირებულია დღეში 20-35 გრ. დიეტური ბოჭკო ზრდასრული ადამიანისთვის და მინიმუმ 30 გრ. მათთვის, ვისაც აწუხებს შეკრულობა.

რა შეიცავს და საიდან მიიღება ბოჭკოები? - რთული ნახშირწყლებიდან, რომელსაც შეიცავს მაგალითად მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი.

თუ საგულდაგულოდ შეარჩევთ საკვებს, 30 გრამი ბოჭკოს მიღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მაგალითად ნახევარი ჭიქა მწვანე ბარდასგან შეიძლება 5 გრ - ის მიღება, ერთი პატარა ვაშლი იძლევა - 3 გრ -ს. ხოლო ერთი თეფში ხორბლის ქატო - 13 გრამს.

ყველაზე მეტ ბოჭკოს შეიცავს მოხარშული ცერცვი, შავი ქლიავი, ქიშმიში, ლეღვი, შვრიის ბურღული, სიმინდის ბურბუშელა, მსხალი და ნიგოზი.

ვისაც შეკრულობა აწუხებს, სასურველია თანდათანობით გაზარდოს ბოჭკოების რაოდენობა, რათა არ შეაწუხოს გაზებმა.


ფიზიკური ვარჯიშები


გარდა იმისა, რომ ფიზიკური ვარჯიშები სასარგებლოა გულისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის, არანაკლებ შედეგიანია ნაწლავების უპრობლემო მოქმედებისთვისაც.

რეგულარული ვარჯიშებს აქვს ტენდენცია - ებრძოლოს შეკრულობას, ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს საკვების სწრაფად გადაადგილებას ნაწლავებში.

ამიტომ, თუ შეკრულობა გაწუხებთ, მოინდომეთ და იარეთ სპორტულ დარბაზებში, ისეირნეთ, განსაკუთრებით თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ. ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი ფორმა შეამსუბუქებს შეკრულობას.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ეფექტური და მარტივი ფიზიკურ დატვირთვა მათთვის, ვისაც შეკრულობა ტანჯავს, ფეხით სეირნობაა.

ფეხით სიარული განსაკუთრებით შედეგიანია ფეხმძიმეთათვის, რომელთა უმრავლესობას აწუხებს შეკრულობა, რადგან მათ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები შეცვლილია და მიმართულია ნაყოფის ზრდისაკენ.

ამიტომ ყველა ადამიანმა, მათ შორის მომავალმა დედებმაც, დღეში 20 -30 წუთი ფეხით უნდა გაიაროს, თუმცა საჭიროა ყურადღების მიქცევა, რათა არ შეისუნთქონ დიდი რაოდენობით ჰაერი.


ტუალეტით დროულად სარგებლობა


ძალიან ბევრ ადამიანი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში აჩვევს საკუთარ თავს, ისარგებლოს ტუალეტით არა მაშინ, როცა ამას მოითხოვს ბუნება, არამედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მოსახერხებელია.

აიძულო თავს დათრგუნო ტუალეტით სარგებლობის სურვილი, ნიშნავს იმას, რომ თანდათანობით ხელი შეუწყო შეკრულობის განვითარებას.

თუმცა არასოდეს არ არის გვიან შეცვალო საკუთარი ჩვევა. საერთოდ ყველაზე ბუნებრივია ტუალეტით სარგებლობა საკვების მიღების შემდეგ.

ამიტომ, ვისაც აქვს ზემოთ ნახსენები მავნე ჩვევა, სასურველია, თუ ყოველ დღე, ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ ისარგებლებს ტუალეტით და დაყოფს იქ 5-10 წუთს.

ამგვარი მიდგომით სწორი ნაწლავი მიეჩვევა სწორი დანიშნულებით მუშაობას.


ნაკლები ნერვიულობა და დაძაბულობა, მეტი სიცილი და მხიარულება


ნაკლები ნერვიულობა და დაძაბულობა, მეტი სიცილი და მხიარულებაშეანელეთ ტემპი და ნუ ინერვიულებთ. თუ შეშინებული, ანერვიულებული ან რაიმე მიზეზით დაძაბული ბრძანდებით, პირი გიშრებათ და გულის ცემა აჩქარებული გაქვთ, ამ დროს კუჭ-ნაწლავი უბრალოდ წყვეტს მუშაობას.

ამიტომ თუ ეჭვობთ, რომ თქვენი შეკრულობის მიზეზი დაძაბულობაა, ნუ იჩქარებთ, შეეცადეთ დაწყნარდეთ, მოდუნდით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ განიტვირთოთ. ამით თავიდან აირიდებთ შეკრულობის პროვოცირებას.

შეეცადეთ შეიქმნათ კარგი განწყობა და გაიცინოთ. შეკრულობის დროს გულიანი სიცილი დაგეხმარებათ ორი გზით:

პირველი - გაგათავისუფლებთ სტრესისგან;

მეორე - ახდენს კუჭ-ნაწლავის თავისებურ მასაჟს.

ხომ არ გაგიგიათ ბოლო დროს კარგი ხუმრობა შეკრულობის შესახებ? :)


სასურველია თუ არა სასაქმებელი საშუალებების მიღება


დღესდღეობით სააფთიაქო ქსელებში სასაქმებელი საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.
ჩვეულებრივ, ეს სასაქმებელი საშუალებები წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას, თუმცა ამავე დროს იწვევს ძლიერ მიჩვევას.

დიდი რაოდენობით ქიმიური სასაქმებელი საშუალებების მიღების შემთხვევაში, თქვენი კუჭ-ნაწლავი მიეჩვევა მას, შეკრულობა კი უფრო გაღრმავდება.

როდის შეიძლება მივიღოთ სასაქმებელი საშუალება სააფთიაქო კალათიდან? - თითქმის არასდროს! - პასუხობენ ექსპერტები (გამონაკლისი, გამოუვალი სიტუაციების გარდა).

გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სასაქმებელი საშუალებები მოქმედებენ სხვადასხვაგვარად.

ბევრ აფთიაქში ქიმიური სასაქმებელი საშუალებების გვერდით ხშირად შეხვდებით სხვა კატეგორიის სასაქმებელ საშუალებებსაც, რომელსაც ”მცენარეულ სასაქმებელ საშუალებებს” უწოდებენ.

ამ პრეპარატების ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს ფსილიუმის დანაყილი მარცვლები. ეს არის ბოჭკოების სუპერკონცენტრირებული ფორმა, რომელიც ქიმიური სასაქმებელი საშუალებებისგან განსხვავებით, არ იწვევს მიჩვევას და საერთო ჯამში, უსაფრთხოა ხანგრძლივი მოქმედების დროსაც კი.

გაითვალისწინეთ, რომ ამ საშუალებების მიღებას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი (რაც აუცილებლად იქნება მითითებული ინსტრუქციაში). წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მუცელში ერთმანეთს მიეკვრება.

ფსილიუმის შემცველი სასაქმებელი საშუალებები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად მომზადება. სცადეთ სპეციალური რეცეპტი, რომელიც რეკომენდირებულია ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ:

დანაყეთ ორი წილი ფსილიუმი, ერთ წილ სელის ქატოსა და ერთი წილ შვრიის ქატოსთან ერთად (ამ ყველაფრის ყიდვა შეიძლება მაღაზიაში) გახსენით ინგრედიენტები წყალში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ საღამოს 9 სთ -ზე.


სწრაფი საშუალებები


დრო და დრო მოძებნეთ სწრაფი საშუალებები მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, ვერაფერი დაგეხმარებათ და ვერ გაწმენდს თქვენს კუჭ-ნაწლავს ისე სწრაფად, როგორც ოყნა ან სანთლები. იშვიათი გამოყენებისთვის ორივე უებარი საშუალებაა.

თუმცა მათი ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან არსებობს რისკი, რომ ჩამოგიყალიბდეთ ზარმაცი მსხვილი ნაწლავი, რამაც არასასურველ შედეგამდე შეიძლება მიგიყვანოთ.

გაიკეთეთ ოყნა მხოლოდ სუფთა წყლით, ან ფიზიოლოგიური ხსნარით, მაგრამ არასოდეს გამოიყენოთ საპნიანი ხსნარი, რადგან ამან შეიძლება სწორი ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ხოლო რაც შეეხება სანთლებს, ყოველთვის გააკეთეთ არჩევანი გლიცერინის სანთლებზე და თავი აარიდეთ უფრო მძაფრი ქიმიური საშუალებების გამოყენებას.


გადახედეთ თქვენს მედიკამენტებსა და სამკურნალო პრეპარატებს


არსებობს მთელი რიგი მედიკამენტებისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ან გააღრმავოს შეკრულობა. ცნობილ მაპროვოცირებელ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

  • ანტაციდები - რომლებიც შეიცავს ალუმინს ან კალციუმს;
  • ანტიჰისტამინური პრეპარატები;
  • პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • კალციუმის დანამატები;
  • დიურეტიკები;
  • ნარკოტიკები;
  • ფენოთიაზინი;
  • საძილე საშუალებები;
  • სამციკლიანი ანტიდეპრესანტები;
  • და სხვა;

სწორი კვება


თავი აარიდეთ გარკვეული საკვების მიღებას. ის საკვები, რაც იწვევს შეკრულობას ერთ ადამიანში, შეიძლება სულაც არ იწვევდეს მას მეორეში.

მაგალითად, ვინმესთვის შეიძლება რძემ გამოიწვიოს ძლიერი შეკრულობა, სხვისთვის კი კუჭის აშლილობის მიზეზი გახდეს.

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ შეკრულობა გამოწვეულია სპასტიური კოლიტით, ამ შემთხვევაში თავი უნდა აარიდოთ საკვებს, რომელიც იწვევს გაზების დაგროვებას.

ასეთ საკვებს მიეკუთვნება: ცერცვი, ჩვეულებრივი და ფერადი კომბოსტო. თუ შეკრულობის დროს მწვავე ტკივილს გრძნობთ, ამაში დამნაშავე სავარაუდოდ მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებია.

საჭიროა საკვების მცირე პორციებით მიღება. ის, ვისაც სპასტიური კოლიტი აქვს, უნდა მოერიდოს საკვების უხვად მიღებას, რადგან იგი აჭიანურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, და აღრმავებს შეკრულობას.


სპეციალური ბალახები


არსებობს სხვადასხვა სახის ბალახები, რომელიც ებრძვის შეკრულობას, განსაკუთრებით ალოე (წვენი და არა გელი), ცასცარა საგრადა, ბაბუაწვერას ფესვები, რევანდი (სამედიცინო), სიენა, მრავალძარღვას თესლი და ა.შ.

ზოგიერთი მათგანი ძალიან ეფექტურია, თუმცა ზოგიერთთან მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო (ისევ და ისევ მიჩვევის თვალსაზრისით).


რაც შეიძლება შეამსუბუქეთ კუჭის მოქმედების პროცესი


ნუ დაიძაბებით ზედმეტად კუჭის მოქმედების დროს (რაც არ უნდა შვების მომგვრელი იყოს თქვენთვის ეს პროცესი).

ნუ ეცდებით განთავისუფლდეთ შეკრულობისგან არაბუნებრივად ძლიერი მცდელობებით (ნუ გაიჭინთებით მთელი ძალით), ეს არაგონივრულია, რადგან შეიძლება მიიღოთ ჰემოროი და ანალური ნაპრალი, რაც არა მარტო მტკივნეულია, არამედ შეიძლება შეავიწროვოს ანალური ხვრელი და გააღრმავოს შეკრულობა.

გარდა ამისა ზედმეტმა დაძაბვამ, კუჭის მოქმედების დროს, შეიძლება არტერიული წნევის მომატება და გულისცემის გახშირება გამოიწვიოს.

ყოფილა შემთხვევები, რომ ხანშიშესულ ადამიანს (და არა მარტო) გონება დაუკარგავს და გადმოვარდნილა უნიტაზიდან, შედეგად კი მოტეხილობა მიუღია.


ნუ მიიღებთ ზეთს თავისუფალი სახით


გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ან დიეტიდან ყოველგვარი ზეთი, რომელიც გამოწურულია ბოსტნეულიდან, ზეთისხილიდან, სოიადან და შესაძლოა შეკრულობამ ნაკლებად შეგაწუხოთ.

მთავარი არ არის ზეთის შეზღუდვა, უბრალოდ სასურველია იგი არ მიიღოთ თავისუფალი სახით (ზოგიერთი სხვადასხვა სახის ზეთს იღებს უზმოზე, ან ჭამის წინ, შეკრულობის თავიდან ასაცილებლად) სწორედ ეს შეიძლება გახდეს შეკრულობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების მიზეზი.

თავისუფალი სახით, ზეთის მიღების პრობლემურობის მიზეზია ის, რომ იგი კუჭის ირგვლივ ქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უშლის ნახშირწყალბადებისა და ცილების გადამუშავებას წვრილ ნაწლავში.

ადეკვატური გადამუშავება გრძელდება 20 სთ-ის განმავლობაში და იწვევს გაზებისა და ტოქსინების წარმოქმნას, რომელიც გროვდება მსხვილ ნაწლავში.

ხოლო იგივე ზეთისგან, თავის ბუნებრივ ფორმაში, მაგალითად ნიგოზში, ავოკადოში, ზეთისხილში, სიმინდში, თავისუფლდებით თანდათანობით, რადაგან ისინი არ ქმნის კუჭის ირგვლივ არანაირ დამცავ აპკს, რომელიც აფერხებს საჭმლის მონელებას და იწვევს შეკრულობას.


საგანგაშო ნიშანი


შეკრულობა, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა თუ მწვავე სიმპტომები სამ კვირაზე მეტი გრძელდება და მას ვერ უმკლავდებით, ან განავალს მოყვება სისხლი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათად ხდება, შეკრულობა შეიძლება იყოს სერიოზული შინაგანი დაავადების სიგნალი.

ამას გარდა აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც, თუ შეკრულობას თან ახლავს მუცლის შებერილობა, რადგან ეს შეიძლება იყოს ნაწლავების დაცობისა და გაუვალობის მიზეზი..


წყარო:


პოლ რუსო - მედიცინის დოქტორი - კარლ ტ. ხეიდენის ვეტერანთა მედიცინის ცენტრის გერიატრიის განყოფილების გამგე. ფენიქსი, არიზონა.

მარტინ შუსტერი - მედიცინის დოქტორი -  ფრენსის სკოტის სამედიცინო ცენტრის საჭმლის გადამუშავების დაავადებების განყოფილების გამგე. ბალტიმორი, მერილენდი.

პატრიცია ხ. ჰარპერი - დიეტოლოგი პიტსბურგიდან - ამერიკული დიეტოლოგიის წარმომადგენელი პენსინლვანიაში.

ედვარდ რ. ეინხერი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი - ოკლაჰომას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჰემატოლოგიის განყოფილების გამგე.

ლევის რ. ტაუნ-სენდი - მედიცინის დოქტორი - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის გინეკოლოგიის ფაკულტეტის კლინიკური ისტრუქტორი. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი.

ჯონ ო. ლაუდერი - მედიცინის დოქტორი, ოჯახის ექიმი - კვებისა და პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალისტი. ტორანსი. კალიფორნია.

ალისა კრეინი - მედდა, ამერიკის თერაპიული იუმორის ასოციაციის პრეზიდენტი.

გრედი დილი - ხიროპრაქტიკოსი (ხიროპრაქტიკა - ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (მაგალითად ხერხემლის) მანუალურ თერაპიას) კოლოა. ჰავაი.

ჯონ კელოგა - მედიცინის დოქტორი - კვების რეფორმატორი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ