1. ინგლისელები და გერმანელები
100 მოსწავლე ერთდროულად სწავლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.
კურსის დამთავრების შემდეგ, მათ ჩააბარეს გამოცდა, რომელმაც აჩვენა, რომ 10-მა მოსწავლემ საერთოდ ვერ აითვისა ვერც ინგლისური და ვერც გერმანული ენა.
დანარჩენი ბავშვებიდან გერმანული ენის გამოცდა ჩააბარა - 75-მა, ხოლო ინგლისური ენის გამოცდა - 83-მა.
რამდენი ბავშვი ფლობს ორივე (ინგლისურ და გერმანულ) ენებს?
2. კარლსონი
სახურავის მობინადრე კარლსონი ესტუმრა კეთილ ბიჭუნას.
ბიჭუნამ სტუმარს გამოუტანა მურაბა, რომელიც ქილიანად იწონიდა 3კგ-ს.
როდესაც კარლსონმა შეჭამა მურაბის ნახევარი, მაშინ ქილამ მურაბასთან ერთად აიწონა 2 კგ.
რამდენი კილოგრამი მურაბა შეუჭამია კარლსონს?
3. ვაშლები
მაქვს სამი კალათა, რომელთაგან თითოეულში 11 ვაშლია. პირველ ჯერზე, ყოველი კალათიდან ვიღებ თითო ვაშლს შემდეგი წესით: მარცხენა, შუა, მარჯვენა; ხოლო შემდეგ - შუა, მარცხენა, შუა და ა.შ.
მაშინ, როცა შუა კალათა დაცარიელდება, დანარჩენი ორი კალათიდან ერთ-ერთში მეტი ვაშლი აღმოჩნდება, ვიდრე მეორეში.
მაინც, რამდენით?
4. მღვდლის შვილები
მღვდელს ჰყავდა ასული. ასულს თავის მხრივ - ორი და და იმდენივე ძმა.
რამდენი შვილი ჰყოლია მღვდელს?
5. კენჭები
შოთიკომ მაგიდაზე ორ-ორი სანტიმეტრის დაშორებით დააწყო კენჭები. რამდენი კენჭი დაეტევა ათი სანტიმეტრის სიგრძეზე?
დააწყვე (დახატე) კენჭები და გაზომე მანძილი!
6. ტყის პირას
ტყის პირას დგას 4 მუხის ხე. თითოეულ ხეს აქვს 6 დიდი და 10 პატარა ტოტი.
თითოეულ დიდ ტოტზე ასხია 12 ვაშლი, პატარებზე კი - 5 -5 ვაშლი.
სულ რამდენი ვაშლი ასხია ოთხივე ხეს?
7. ოთახის კუთხეები
ოთახს აქვს ოთხი კუთხე. ყოველ კუთხეში ზის ერთი კატა. თითოეული მათგანი კი ხედავს სამ კატას.
რამდენი კატაა ოთახში?
8. მართკუთხედის კუთხეები
მართკუთხედს აქვს ოთხი კუთხე. ხის ფირფიტისაგან დაამზადეს მართკუთხედი, რომელსაც ჩამოაჭრეს ერთი კუთხე.
რამდენი კუთხე დარჩება ფიგურას?
9. მათემატიკური ამოცანა
მაღაზიაში მიიტანეს 320 კგ, ხილი.
აქედან, 3/8 - არის ვაშლი.
დარჩენილი ხილის 2/5 - არის მსხალი.
დარჩენილი ხილის რაოდენობა კი არის ფორთოხალი.
რა როდენობის ფორთოხალი მიიტანეს მაღაზიაში?
10. რამდენი ლარი ყოფილა ყუთში?
ღია ყუთში გარკვეული რაოდენობის თანხა იყო. მოვიდა ერთი კაცი, დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაუმატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
მოვიდა მეორე კაცი. იმანაც დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაუმატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
მოვიდა მესამე კაცი, იმანაც დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაამატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
ამის შემდეგ ყუთში ფული აღარ დარჩა.
რამდენი ლარი ყოფილა ყუთში თავიდან?
11. წლოვანება
მათემატიკური თავსატეხების მოყვარულს ჰკითხეს: „რამდენი წლისა ხარო“?
მან უპასუხა: „აიღეთ 3-ჯერ ჩემი წლოვანება სამი წლის შემდეგ და გამოაკელით მას 3-ჯერ ჩემი წლოვანება 3 წლის წინათ. მიიღებთ ჩემს წლოვანებას“.
რამდენი წლის ყოფილა მათემატიკური თავსატეხების მოყვარული?
12. ვის ეკუთვნის კვერცხი?
ერთი მამალი გამოფრინდა პორტუგალიიდან, გადაიარა ესპანეთი, გადაჭრა საფრანგეთი, იქ ცოტა შეისვენა, შემდეგ გადაიფრინა გერმანიაზე, გვერდი აუარა შვეიცარიას და ჩაფრინდა ჩეხეთში, საიდანაც პოლონეთში გადაფრინდა. ღამეც იქ გაათია.
მეორე დღეს გადასერა რუსეთის ტერიტორია, იქაც შეისვენა და შემდეგ განაგრძო გზა. დაფარა ჩინეთის დიდი ტერიტორიაც და როცა მივიდა ჩინეთ-კორეის საზღვრის ხაზზე (სადემარკაციო ხაზს რომ ეძახიან), დადო კვერცხი.
ამოცანა გვეკითხება: რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის კვერცხი: ჩინეთს თუ კორეას, რომელთა საზღვარზე დადო კვერცხი, თუ პორტუგალიას, საიდანაც გამოფრინდა?
13. სამი ვარდი
გვადი ბიგვავა გარდა იმისა, რომ შესახედავად მშვენიერი ყმაწვილი იყო, მას ვაჟკაცობითაც ვერავინ სჯობდა.
ის რომ ჩონგურს აიღებდა ხელში და ზედ ტკბილად დააღიღინებდა, მისი ფაცხის ირგვლივ ბუნებაც კი გაიტრუნებოდა და სმენად გადაიქცეოდა ხოლმე. იმის გარდა, რომ მელოდია მომხიბლავი იყო, მისი შეთხზული სიმღერები შინაარსითაც გულის სიღრმემდე სწვდებოდა ადამიანს.
ერთ ღამეს, როდესაც გვადი თავის ფაცხაში იჯდა და ტკბილად მღეროდა, მოეჩვენა, თითქოს ვიღაც ნაზი ხმით მოძახილს ეუბნებოდა.
გვადი ადგა, გამოვიდა გარეთ და თვალიც მოავლო იქაურობას, მაგრამ ვერავინ დაინახა.
მეორე ღამესაც იგივე განმეორდა. გვადი კვლავ გამოვიდა ფაცხიდან, ყველგან გულდასმით დაძებნა, მაგრამ ვერავის და ვერაფერს ვერ მიაგნო.
გულის ფანცქალით მოელოდა მესამე ღამეს გვადი. როდესაც მან თავის ფაცხაში მომხიბლავად ააჟღერა ჩონგური და ზედ ტკბილად დააღიღინა, კვლავ მოესმა ნაცნობი, ტკბილი, გულში ჩამწვდომი ხმა.
გვადიმ უცებ მოიხედა კარისკენ და ზღურბლზე იშვიათი სილამაზის არსება დაინახა.
გოგონამ სცადა მიმალულიყო, მაგრამ გვადიმ მიაძახა:
- გაჩერდი, ცირა! მითხარი ვინ ხარ და საიდან იცი ჩემი სიმღერებიო?
გოგონამ უპასუხა:
- შენს ფაცხასთან რომ სამი ვარდია, ერთი მათგანი მე ვარო. როდესაც აისი აღმოსავლეთს პირველ შუქს სტყორცნის, მე ისევ ვარდად ვიქცევი. გამიშვი ახლა, ხომ ხედავ, უკვე დასდო ცვარი - აისის წინამორბედიო.
- მე მინდა დღისითაც მოვისმინო შენი გრძნეული ხმაო, - შეევედრა გვადი.
- თუ დილით სამ ვარდში გამომიცნობ, მომაჯადოებელი თილისმა განმეცლება და კვლავ ცირად ვიქცევი. მხოლოდ იცოდე, არ შეცდე, თორემ სამუდამოდ ყვავილი დავრჩებიო...
ეს თქვა და გაუჩინარდა.
როდესაც მზემ ამოანათა, გვადი მივიდა ვარდის ბუჩქთან, რომელთა ფოთლებზე ღამის ცვრის გამჭვირვალე წვეთები ციმციმებდა. სამი სავსებით ერთმანეთის მსგავსი ვარდი უმზერდა მას.
- ნეტავ რომელია ამათში? - ფიქრობდა გრძნობამორეული გვადი.
ის დიდხანს უმზერდა ვარდებს, ეშინოდა, არ შემცდარიყო, უცებ მისი სახე გაბრწყინდა ნათელი ღიმილით
- ეს შენ ხარ, თქვა გვადიმ და მიათითა ერთ-ერთ ვარდზე. ვარდს წითელი ფოთლები დასცვივდა და გვადის წინ გაჩნდა უმშვენიერესი ასული.
ვინ მიხვდება, როგორ გამოიცნო გვადიმ მოჯადოებული ვარდი?
14. რაშია საიდუმლოება?
ორმა მამამ და ორმა შვილმა ერთმანეთს შორის გაიყვეს სამი ფორთოხალი ისე, რომ თითოეულს შეხვდა თითო ცალი.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
15. რამდენი ბავშვია?
მამას ჰყავს 6 ბიჭი. თითოეულ ბიჭს ჰყავს დაც.
რამდენი შვილი ჰყოლია მამას?
16. რამდენი ბატია?
მიფრინავდა ბატების გუნდი. ერთი წინ და ორი უკან, ერთი უკან და ორი წინ, ერთი ორს შორის და სამი მწკრივში.
რამდენი ბატი მიფრინავდა?
17. რამდენით მეტი რვეული აქვს?
ნოდარის და მარიამს ჰქონდათ თანაბარი რაოდენობის რვეულები. ნოდარიმ თავისი რვეულებიდან 2 ცალი მისცა მარიამს.
რამდენით მეტი რვეული აქვს მარიამს ნოდართან შედარებით?
18. მებადურები და თევზები
6-მა მებადურმა 6 დღეში შეჭამა 6 ორაგული.
რამდენ დღეში შეჭამს 10 მებადური 10 ორაგულს?
19. გამოიცანით რიცხვი
ხეზე 40 ბეღურა იჯდა. მონადირემ გაისროლა თოფი და მოკლა 7 ბეღურა.
რამდენი ბეღურა დარჩა ხეზე?
20. ოთხი ქალბატონი
ოთახში სამი გოგონა და მათი სამი დედაა. სულ ისინი ოთხნი არიან.
რა ნათესაურ კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან?
21. იპოვე მსუბუქი რგოლი
ერთნაირი სამი რგოლიდან ერთ - ერთი უფრო მსუბუქია, ვიდრე დანარჩენი.
ერთი აწონით როგორ უნდა გავიგოთ რომელია მსუბუქი?
22. რამდენი ნამცხვარი იყო?
მაგიდაზე ეწყო ნამცხვრები. ორმა დედამ, ორმა გოგონამ, ბებიამ და შვილიშვილმა აიღეს თითო ნამცხვარი. ამით ნამცხვრები გათავდა კიდეც.
რამდენი ნამცხვარი ეწყო თავდაპირველად მაგიდაზე?
23. რომელ სართულზეა?
ბაქარი ცხოვრობს მე-5 სართულზე. საბაც იმავე სახლში, მაგრამ 2 - ჯერ უფრო მაღლა.
რომელ სართულზე ცხოვრობს საბა?
24. რამდენი?
ა) სასეირნოდ გამოიყვანეს 9 ძაღლი. მათგან 2 თეთრი იყო, 3 შავი, დანარჩენი ნაცრისფერი.
რამდენი ძაღლი იყო ნაცრისფერი?
ბ) ზოოლოგიურ ბაღში 4 თეთრი ბატია, 5 ნაცრისფერი და ერთი ბატის ჭუკი.
რამდენი ბატია სულ?
გ) ტბაში მიცურავს 3 შავი და 6 ნაცრისფერი იხვი, მათ საპირისპიროდ კი - ერთი ნაცრისფერი იხვი და ერთიც იხვის ჭუკი.
რამდენი იხვის ჭუკი იყო სულ?
დ) აკაკის რამდენიმე ბურთი აქვს, გიორგის ორჯერ მეტი. სულ ორივეს 9 ბურთი აქვს.
რამდენი ბურთი აქვს თითოეულს?
ე) აკაკი მიუყვებოდა კიბეს ზემოთ. ფეხს ადგამდა ერთის გამოტოვებით და თან ითვლიდა: ერთი, ორი, სამი, ოთხი. . . . როდესაც უნდა ეთქვა „ხუთი“, აღმოჩნდა, რომ დარჩა მხოლოდ ერთი საფეხური.
რამდენი საფეხური იყო კიბეზე?
25. რამდენია სიგრძე?
ნინომ დახაზა სამი მონაკვეთი. პირველი სიგრძით 9 სმ., მეორე 2 სმ - ით მოკლე პირველზე, ხოლო მესამე - ამდენითვე ნაკლები მეორეზე.
რა სიგრძისაა მეორე მონაკვეთი?
რა სიგრძისაა მესამე მონაკვეთი?
26. გამოიცანი საფეხური
კიბეს აქვს 9 საფეხური.
რომელ საფეხურზე უნდა დავდგეთ, რომ კიბის შუაში ვიყოთ?
27. ავტომობილები
მსუბუქი ავტომობილი იყო გზაში 4 საათის განმავლობაში, ხოლო სატვირთო ავტომობილი 7 საათის განმავლობაში.
რომელმა მანქანამ გაიარა უფრო მეტი მანძილით და რამდენი კილომეტრით, თუ ცნობილია, რომ მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდებოდა 70კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი 50 კმ/სთ სიჩქარით?
28. მწკრივებში
სპორტული ღონისძიებისათვის ბავშვები დააყენეს 4 მწკრივად ისე, რომ პირველ მწკრივში იდგა 2 ბავშვი, ყოველ შემდეგში 2 ბავშვით მეტი, ვიდრე წინაში.
რამდენი ბავშვი იდგა მეოთხე მწკრივში?
29. რა რიცხვია ჩაფიქრებული?
ნინომ ჩაიფიქრა რიცხვი. თუ ჩაფიქრებულ რიცხვს გამოვაკლებთ 4 - ს, მაშინ დარჩება იმდენივე.
რა რიცხვიც ჩაუფიქრებია ნინოს?
30. რას უდრის ღობის სიგრძე?
ღობის გასაკეთებლად მწკრივში დააყენეს 5 ბოძი, რომელთა შორის დაშორება 2 მეტრია.
რა სიგრძისაა ღობე?
31. როდის იწყება კონცერტი?
მარიამმა გაიღვიძა დილის 8 საათზე და დედას, მანანას, უთხრა, რომ დროა, კონცერტზე წავიდეთო. ჯერ ადრეა, უპასუხა მანანამ, კონცერტი მხოლოდ 3 საათის შემდეგ იწყებაო.
მაშ, ჩვენ როდის წავალთო, იკითხა ისევ მარიამმა?
ჩვენ სახლიდან გავალთ კონცერტის დაწყებამდე 1 საათით ადრეო, უპასუხა დედამ.
როდის იწყება კონცერტი?
რომელ საათზე გამოვა სახლიდან მანანა მარიამთან ერთად?
32. რომელი საათია?
რომელი საათია ახლა, თუ დღე - ღამის დარჩენილი ნაწილი ორჯერ მეტია გასულზე!
33. რომელ ვაგონში არიან?
ორმა სტუდენტმა მოილაპარაკა, რომ ემგზავრათ მატარებლის მეოთხე ვაგონით.
ერთი მათგანი ჩაჯდა მატარებელში დასაწყისიდან მეოთხე ვაგონში, ხოლო მეორე ბოლოდან მეოთხე ვაგონში.
მგზავრობენ თუ არა სტუდენტები ერთი ვაგონით, თუ მატარებელში სულ რვა ვაგონია?
34. ალი-ბაბა, ნასრედინი და ფაჰლავა
ალი-ბაბამ და ნასრედინმა სხვადასხვა ადგილზე იყიდეს ფახლავა და ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ.
- შენ რამდენი იყიდე? ჰკითხა ალი-ბაბამ.
„თუ ავიღებთ მთლიანს, მის ნახევარს და გავიყოფთ, თითოეულს შეგვხვდება 6 ნაჭერი“ - უპასუხა ნასრედინმა.
- შენ რამდენი იყიდე? - ახლა ნასრედინი შეეკითხა ალი-ბაბას.
„თუ ავიღებთ მთლიანს, მის ნახევარს, მის მეოთხედს და გავიყოფთ, მაშინ თითოეულს შეგვხვდება 7 ნაჭერი“.
დიდხანს ფიქრობდა ალი-ბაბა, თუ რამდენი ნაჭერი ფაჰლავა შეიძინა ნასრედინმა და პირიქით.
თქვენ როგორ გაიგეთ?
35. რამდენი?
ა) სკამს 4 ფეხი აქვს. რამდენი ფეხი აქვს 2 სკამს? 4 სკამს?
ბ) 9 ძმიდან თითოეულს ერთი და ჰყავს. სულ რამდენი დედმამიშვილნი არიან?
გ) ორ ყუთში 8 ფანქარია. რამდენი შეიძლება იყოს თითოეულ მათგანში?
36. ათი ტომარა ოქრო
გაქვთ 10 ტომარა ოქროს მონეტებით. თითეულ მათგანში 10 ოქროს მონეტაა.
9 ტომარაში ნამდვილად ოქროს მონეტებია, ხოლო ერთ ტომარაში ყველა მონეტა ყალბია.
ერთი ნამდვილი მონეტა იწონის 5 გრამს, ხოლო ყალბი 4 გრამს. გაქვთ შკალიანი სასწორი, რომელიც გრამების სიზუსტით წონის.
აუცილებელია ერთი აწონით ზუსტად გამოთვალოთ, თუ რომელ ტომარაშია ყალბი მონეტები.
როგორ გააკეთებთ ამას?
37. მეკობრეთა ხომალდზე
მეკობრეთა ხომალდზე იმყოფება:
რამდენიმე მეზღვაური;
რამდენიმე კატა;
კოკი;
და ცალფეხა კაპიტანი;
მათ, ყველას ერთად 15 თავი და 40 ფეხი აქვთ.
რამდენი კატაა ხომალდზე?
38. დაბადების დღე
ნიანგმა გენამ დაბადების დღეზე მოიწვია სტუმრები. ჩებურაშკამ, ვინი პუჰმა და მიკი მაუსმა საჩუქრად მოუტანეს წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის ქუდები და ჰალსტუხები.
ამასთან, ჩებურაშკას მოტანილი წითელი ქუდისა და ჰალსტუხის ფერები ერთმანეთს არ ემთხვევა, ვინი პუჰის საჩუქარში არ იყო წითელი ფერის არც ქუდი და არც ჰალსტუხი, ხოლო მიკი მაუსმა უსახსოვრა მწვანე ფერის ქუდი და სხვა ფერის ჰალსტუხი.
რომელმა რა ფერის ქუდი და ჰალსტუხი მოუტანა საჩუქრად ნიანგ გენას დაბადების დღეზე?
39. ბეისბოლის ტურნირი
97 ბეისბოლის გუნდი მონაწილეობს ყოველწლიურ ტურნირში. ტურნირის გამარჯვებული ირჩევა გამორიცხვის ძველი სისტემით.
ანუ ეს 97 გუნდი იყოფა წყვილებად და ყველა წყვილი თამაშობს ერთმანეთის წინააღმდეგ.
წაგებულები ვარდებიან, ხოლო მოგებულები კვლავ იყოფიან წყვილებად და თამაშობენ ერთმანეთში და ა.შ.
სულ რამდენი მატჩი უნდა ითამაშონ გუნდებმა, რომ გამოვლინდეს ჩემპიონი?
40. ყვავილების ბუკეტი
სულ რამდენი ყვავილი გაქვთ, თუ მათგან:
ა) ორის გარდა ყველა ვარდია;
ბ) ორის გარდა ყველა ტიტაა;
გ) და ორის გარდა ყველა შროშანია?
პასუხები |
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა |