1. ვის პორტრეტს ათვალიერებს ადამიანი?
ადამიანი უცქერის პორტრეტს.
მას ეკითხებიან, „ვის პორტრეტს უცქერ?“ და ისიც პასუხობს:
„ოჯახში მარტო მე ვიზრდებოდი და მაინც, იმისი შვილი, ვინც პორტრეტზეა, მამაჩემის შვილია (თქვენ არ მოგესმათ - შვილია!).
ვის პორტრეტს ათვალიერებს ადამიანი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
2. გამოიძიეთ, ვინაა მკვლელი?
საჰარის უდაბნოში ქარავანი შეჩერდა ღამის გასათევად. მათ შორის იყო სამი პირი: ასლანი, აბდულა და ნასრედინი.
ასლანს სძულდა ნასრედინი და გადაწყვიტა, მოეკლა იგი. ამ მიზნით, ასლანმა ნასრედინის სასმელი წყლის მათარაში შხამი შეურია. მათარაში არსებული წყალი კი უკანასკნელი რეზერვი იყო ნასრედინისთვის.
ასლანისგან დამოუკიდებლად აბდულამაც ასევე გადაწყვიტა ნასრედინის მოკვლა. მან არ იცოდა, თუ ნასრედინის წყლიანი მათარა უკვე ასლანის მიერ იყო მოწამლული და მათარაზე გააკეთა ნახვრეტი, რომლიდანაც წყალი ნელ-ნელა დაიღვარა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ნასრედინი მოკვდა წყურვილისგან.
ისმის კითხვა: ვინაა მკვლელი - ასლანი თუ აბდულა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
3. რომელი მსჯელობაა სწორი?
ორ პირს ასამართლებდნენ მკვლელობისთვის. ერთი ბრალდებული ცნეს დამნაშავედ, მეორე უდანაშაულოდ.
მოსამართლემ მიმართა მას, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი: "ყველაზე უცნაური საქმეა, რაც მე ოდესმე განმისჯია; თუმც კი თქვენი ბრალი დადგენილია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მაინც კანონის მიხედვით ვალდებული ვარ გაგათავისუფლოთ“.
რით უნდა აიხსნას მოსამართლის ასეთი მოულოდნელი განცხადება?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
4. მათთვის, ვინც რაიმე მაინც იცის კათოლიციზმზე
შეიძლება თუ არა, კათოლიკე დაქორწინდეს თავისი ქვრივის დაზე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
5. მატარებლის მოძრაობაზე
თბილისიდან ქუთაისისკენ გადის სწრაფი მატარებელი.
ერთი საათის შემდეგ ქუთაისიდან თბილისისკენ გამოდის ისეთივე სწრაფი მატარებელი, ისეთივე სიჩქარით.
რომელი მატარებელი უფრო ახლოს იქნება ქუთაისთან შეხვედრის მომენტში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
6. საერთაშორისო სამართლის საკითხი
დავუშვათ, აშშ - სა და კანადის საზღვარზე მოხდა ავიოკატასტროფა.
თქვენი აზრით, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა დაიკრძალონ გადარჩენილი მგზავრები?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
7. შვილი
ვინმე ექიმი შალვა ქურასბედიანი ნასვამი მართავდა ავტომანქანას შვილ, კახაბერთან ერთად და მოხვდა ავტოავარიაში.
მამა ადგილზე გარდაიცვალა. შვილი კი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში.
მორიგე ქირურგი დაზარალებული ახალგაზრდის დანახვაზე გაფითრდა და წამოიყვირა: ეს ხომ ჩემი შვილია, კახაბერი!
რით ავხსნათ ექიმის ასეთი საქციელი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
8. გონიერი გლეხი
ერთი ქალაქი ღრმა და განიერი, გაუვალი არხით იყო შემოფარგლული. ამ ქალაქში შესვლა შეუძლებელი იყო, თუ არ გაივლიდი ხიდზე, რომელიც არხზე იყო გადებული ალაყაფის კარებთან.
ხიდზე მდგარი მცველისათვის ყველა შემომსვლელს უნდა ეთქვა რაიმე მოკლე წინადადება.
თუ წინადადებაში გამოთქმული აზრი მართალი იყო, გამვლელს თავს მოკვეთდნენ, ხოლო თუ ტყუილი - ჩამოახრჩობდნენ. ამის შიშით ქალაქში შესვლას ვეღარავინ ვეღარ ახერხებდა და ვერც ბედავდა.
ერთმა გლეხმა მოისურვა ქალაქში შესვლა. ხიდზე გავლისას მან მცველს უთხრა წინადადება, მაგრამ ისეთი, რომ მცველმა ვერც ჩამოხრჩობა შეძლო მისი და ვერც თავის მოკვეთა.
რა უთხრა მცველს გლეხმა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
9. დავეხმაროთ დედაკაცს
ერთ დედაკაცს ბაზარში დიდი კალათით კვერცხები გამოეტანა გასაყიდად. გამოიარა ერთმა კაცმა და უცაბედად კალათს ფეხი წამოჰკრა. კალათი დაგორდა ფერდობზე და კვერცხები სულ დაიმტვრა.
დედაკაცი გაანჩხლდა, დაუძახა პოლიციელს და გამვლელი პოლიციაში წააყვანინა. იქ უნებლიე დამნაშავეს წინადადება მისცეს აენაზღაურებინა დედაკაცისათვის ზარალი.
გამვლელი დათანხმდა, მხოლოდ იკითხა: მითხარით, რამდენი კვერცხი იყოო? დედაკაცმა უპასუხა:
რამდენი კვერცხი მქონდა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, ორიდან ათამდე რამდენზედაც არ უნდა გამეყო, გარდა შვიდისა, ნაშთი ერთი მრჩებოდა. შვიდზე გაყოფისას, უნაშთოდ იყოფოდაო.
დავეხმაროთ დედაკაცს კვერცხების რაოდენობის დადგენაში.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
10. როგორ გადავარჩინოთ ცხვრის ფარა?
ერთ კუნძულზე ძალიან კარგი და მაღალი ბალახი ბიბინებდა.
ერთმა მწყემსმა ცხვრების ფარა გადასხა და იქ აძოვებდა. ბალახი ცოტა შემხმარი იყო, მაგრამ ცხვარი მას მაინც მადიანად ჭამდა.
ერთ დღეს მწყემსმა თვალი მოჰკრა, რომ კუნძულზე ბალახს ცეცხლი მოჰკიდებოდა, ამოვარდნილი ქარი კი ხელს უწყობდა ხანძრის დიდი სისწრაფით გავრცელებას ისრის მიმართულებით.
როდესაც მწყემსმა ცეცხლს თვალი მოჰკრა, ხანძარი A წერტილში იყო, კუნძულს მთელს სიგანეზე მოსდებოდა და მიიწევდა C წერტილისაკენ. ამ მომენტში ფარა ბალახს B წერტილში ძოვდა.
კუნძულზე არავინ ცხოვრობდა. ვერც მშველელი მოუსწრებდა, სანამ კუნძულზე ცხვრები ბალახიანად არ დაიწვებოდა. მწყემს არანაირი საშუალება არ გააჩნდა ცხვრების რათა კუნძულიდან გასაყვანად, რათა უდავო დაღუპვისაგან ეხსნა ისინი.
ვინ გვირჩევს, როგორ გადავარჩინოთ ცხვრები დაღუპვას?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
11. გადავანაწილოთ საზამთრო
გვაქვს სხვადასხვა ზომის 7 საზამთრო, რომელთა მასებია: 1 კგ., 2კგ., 3კგ., 5კგ., 6კგ., 7 კგ, 8 კგ.
როგორ გავუნაწილოთ ისინი თანაბრად 4 კაცს ისე, რომ არც ერთი საზამთრო არ გავჭრათ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
12. რა ნათესავია?
ერთ ცხენზე შემსხდარიყვნენ ქალი და კაცი და მიემგზავრებოდნენ. მათ მოუხდათ სოფლის გზაზე გავლა, სადაც მეურნეები ყანას მარგლიდნენ.
მამაკაცებმა რომ დაინახეს ერთ ცხენზე შემსხდარი ქალი და კაცი, სიცილი დააყარეს მათ.
ქალი მიხვდა, რომ დასცინოდნენ, მიუბრუნდა და უთხრა მათ:
- რას იცინით, ჩვენ ნათესავები ვართ, მისი დედა დედაჩემის დედამთილია.
რა ნათესავები იყვნენ მგზავრები ერთმანეთის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
13. რამდენი ცხვარი ჰყავდა მწყემსებს?
ორი მწყემსი ცხვრებს აძოვებდა. ერთმა უთხრა მეორეს:
- მომეცი ერთი ცხვარი და მე შენზე ორჯერ მეტი მეყოლება.
- არა, შენ მომეცი ერთი ცხვარი, - მიუგო მეორემ, - და ორივეს ცხვრების თანაბარი რაოდენობა გვეყოლება.
რამდენი ცხვარი ჰყოლია თითოეულს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
14. მელია და ქათამი
მამალი, რომელსაც მელია გამოეკიდა, გაიქცა საქათმისაკენ.
მელიას, მამლამდე მისარბენად (თუ მამალი გაჩერებული იქნება), სჭირდება 4 წამი, ხოლო მამალს საქათმეში შესასვლელად, - 6 წამი.
მელიას 2 - ჯერ მეტი სიჩქარე აქვს მამალზე.
მოასწრებს თუ არა ასეთ შემთხვევაში მამალი საქათმეში დამალვას?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
15. მოხერხებული ვეზირი
ერთ ხონთქარს ძალიან ერთგული ვეზირი ჰყავდა. ვეზირი ხონთქრის განსაკუთრებული ნდობით და პატივით სარგებლობდა. მაგრამ ვეზირს ჰყავდა შურიანი მტრები, რომელთაც სურდათ მისი დაღუპვა.
ბევრი ცდის შემდეგ მტრებმა მიაღწიეს საწადელს და ვეზირს ისეთი ცილი დასწამეს, რომ იგი სიკვდილით უნდა დაესაჯათ.
იმ სახელმწიფოში ერთი ძველი ჩვეულება ჰქონდათ: აიღებდნენ ორ ერთნაირ ქაღალდის ნაჭერს, ერთს დააწერდნენ - „სიცოცხლე“, მეორეს - „სიკვდილი“, დაკეცავდნენ მათ, ჩაყრიდნენ ქუდში და მიაწოდებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეს. მას უნდა ამოეღო ერთ - ერთი ქაღალდი. თუ დამნაშავეს შეხვდებოდა ფურცელი წარწერით „სიკვდილი“, დასჯიდნენ, ხოლო თუ „სიცოცხლე“ - მაშინ მას შეიწყალებდნენ და გაათავისუფლებდნენ.
დამსჯელები ფიქრობდნენ, თუ კაცი უდანაშაულოა, განგება მას უსათუოდ ამოაღებინებს ქაღალდს წარწერით „სიცოცხლეო“.
ვეზირის მტრებმა ისე მოაწყვეს, რომ ორივე ქაღალდს ეწერა „სიკვდილი“. ასე, რომ, თუნდაც უდანაშაულო ყოფილიყო კაცი, უეჭველად უნდა დასჯილიყო.
ვინაიდან ამ ვეზირს ეჭვი ჰქონდა მისი მტრების არაკეთილსინდისიერებაშიც, ამიტომ ერთი რამ მოიფიქრა და შეასრულა კიდეც, რამაც იგი სიკვდილისგან იხსნა.
რა გააკეთა ვეზირმა ისეთი, რომ სიკვდილს გადარჩა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
16. მოსამართლის ბრძნული განაჩენი
ძველი საბერძნეთის ცრუსიბრძნის სოფისტური სკოლის მიმდევარმა პროთაგორმა განსასწავლად მიიბარა მოსწავლე კვანტლი. პროთაგორს მისთვის უნდა ესწავლებინა ადვოკატობის ყველა ხერხი.
მასწავლებელი და ღარიბი მოსწავლე შეთანხმდნენ, რომ მოსწავლეს მაშინ უნდა გადაეხადა მასწავლებლისთვის გასამრჯელო, როგორც კი გამოირკვეოდა, რომ იგი წარმატებით დაეუფლა ადვოკატის ხელოვნებას, ე.ი. როგორც კი სასამართლოში პირველ საქმეს მოიგებდა.
პროთაგორმა უკვე დაასრულა სწავლების მთელი კურსი და ელოდებოდა, როდის მიიღებდა მოსწავლისაგან გასამრჯელოს, მაგრამ მოსწავლე სრულიად არ ჩქარობდა გამოსულიყო სასამართლოში ვინმეს დასაცავად.
მასწავლებელი დიდხანს ელოდა და როცა შეატყო, გასამრჯელოს მიღების იმედი აღარ იყო, უჩივლა კვანტლს სასამართლოში.
პროთაგორი ასე ფიქრობდა: „თუ მოვიგებ საქმეს და სასამართლო მომისჯის გასამრჯელოს ანაზღაურებას, ხომ კარგი, ხოლო თუ წავაგე, ე.ი. საქმე მოსწავლემ მოიგო, თანახმად მასთან დადებული პირობისა, მე მისგან გასამრჯელო უდაოდ მეკუთვნის“.
კვანტლი სხვაგვარად ფიქრობდა (ეტყობა მასწავლებლის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია). მას მასწავლებლის საქმე უიმედოდ მიაჩნდა. ის გულში ასე მსჯელობდა: „თუ საქმეს მოვიგებ, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე არაფერს გადავიხდი; ხოლო თუ წავაგებ, მაშინ, თანახმად პირობისა, არაფერს მივცემ“.
დადგა საქმის გარჩევის დღე. სასამართლოში წარდგნენ მასწავლებელი და მოსწავლე. ერთიც ასაბუთებს საქმეს თავის სასარგებლოდ და მეორეც.
ძალიან დიდ გასაჭირში ჩავარდა მოსამართლე: ის ხედავდა, რომ პროთაგორს შრომა და ენერგია დაუხარჯავს, უსწავლებია მოპასუხისათვის და გასამრჯელოს აღების საშუალება კი არა აქვს.
მოსამართლემ მაინც გამონახა გამოსავალი, რომელიც სრულიად არ ეწინააღმდეგებოდა მასწავლებელ - მოსწავლეს შორის დადებულ პირობას და ამავე დროს საშუალებას აძლევდა მასწავლებელს მიეღო გასამრჯელო.
როგორი იყო მოსამართლის განაჩენი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
17. რამდენი ბატი იყო გუნდში?
სოფლის შარაზე მიდიოდა ერთი ბატი. მას შემოეყარა ბატების გუნდი.
- გამარჯობა თქვენი, ასო ბატო, მიესალმა ცალად მიმავალი.
- ჩვენ ასი არა ვართ, მიუგეს გუნდის ბატებმა; ჩვენ ასი მაშინ ვიქნებით, რომ მოგვემატოს ერთი იმდენი, რამდენიც ვართ, იმის ნახევარი, იმის მეოთხედი და შენც.
რამდენი ბატი ყოფილა გუნდში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
18. ხის ტოტები და ჩიტები
მინდორში ერთი ხე დგას. მას რამდენიმე ტოტი აქვს.
თუ თითოეულ ტოტზე თითო ჩიტი დაჯდება, ერთი ჩიტი უტოტოდ დარჩება.
თუ თითოეულ ტოტზე ორ - ორი ჩიტი დაჯდება, მაშინ ერთი ტოტი თავისუფალი დარჩება.
რამდენი ჩიტია და რამდენი ტოტი აქვს ხეს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
19. შოთა რუსთაველის გონებამახვილობა
მწერალი დავით კასრაძე, ეყრდნობა რა ძველ ლეგენდას, ასე აგვიღწერს ერთ ისტორიულ ეპიზოდს.
თამარის მეფობის დროს დიდუბეში ჩატარებულ სახალხო ზეიმზე ეწყობოდა მთელი რიგი გართობა - თამაშობანი და ტურნირები.
ყაბაღში გამარჯვებულებს ჯილდოებად მოსევადებული სატევრები და ხმლები დაურიგდათ.
უმაღლესი ჯილდო - ოქროს გვირგვინი, რომელიც საგანგებოდ მომზადდა ამ ასპარეზობისათვის, არავის მიუღია.
თამარ მეფემ მიმართა დამსწრეთ: „აი, ამ ვაშლს ხელში დავიჭერ და ვინც თქვენს შორის შეძლებს ისრით გაკვეთოს ის, ოქროს გვირგვინს ჯილდოდ ის მიიღებსო“.
დიდებულები შეძრწუნდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ: ერთის მხრივ, მეფის სიტყვის გატეხა არ შეიძლებოდა, მეორეს მხრივ კი, როგორ შესძლებდნენ ერის სათაყვანებელი მეფის ხიფათში ჩაგდებას...
ხალხი დრტვინავდა, დიდი უხერხულობა ჩამოვარდა.
მდგომარეობა სულმნათმა შოთა რუსთაველმა გამოასწორა, რომელმაც ზუსტად და სრულიად უსაფრთხოდ შეასრულა თამარ მეფის დავალება.
ვინ გვეტყვის, როგორ მოიქცა შოთა რუსთაველი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
20. ნახევარი კასრი ცხიმი
ვანმა და ლიმ საზიაროდ შეიძინეს ნახევარი კასრი ცხიმი, რომელიც მათ თანაბრად უნდა გაეყოთ ერთმანეთში.
მეგობრებს ჰქონდათ ორი სავსებით ერთნაირი ხის კასრი, მაგრამ არც სასწორი და არც სხვა რაიმე ჭურჭელი არ გააჩნდათ.
ისინი დანაღვლიანებულები იდგნენ მდინარის პირას და ფიქრობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.
დიდი ფიქრის შემდეგ მათ შეძლეს ცხიმის გაყოფა.
როგორ გააკეთეს ეს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
21. ნაზუქისა და კანფეტის ღირებულება
ორი ნაზუქი და ერთი კანფეტი ღირს ათი თეთრი.
ორი კანფეტი და ერთი ნაზუქი კი - თერთმეტი თეთრი.
რამდენი თეთრი ღირს თითოეული მათგანი ცალ - ცალკე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
22. ბატები და ცხვრები
მინდორში ბალახობენ ბატები და ცხვრები.
მათ, ყველას ერთად აქვთ 40 თავი და 96 ფეხი.
რამდენი ბატი და რამდენი ცხვარია მინდორში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
23. ჩვიდმეტი აქლემი
დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ყაზახეთის ერთ - ერთ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი მოკიში. მას სამი შვილი ჰყავდა. როდესაც მოკიში გარდაიცვალა, ანდერძით 17 აქლემი დაუტოვა მემკვიდრეებს (შვილებს).
მხოლოდ, ეს აქლემები უნდა გაენაწილებინათ შემდეგნაირად: უფროსი შვილისთვის უნდა მიეცათ ჯოგის ნახევარი, საშუალოსათვის - ჯოგის მესამედი, ხოლო უმცროსისათვის - ჯოგის მეცხრედი. ამავე დროს სავალდებულო იყო, რომ აქლემები ცოცხლადვე გაენაწილებინათ.
დაასაფლავეს შვილებმა მამა და შეუდგნენ ქონების გაყოფას. ბევრი იფიქრეს, ბევრი იანგარიშეს, მაგრამ ვერ შეძლეს აქლემების გაყოფა ანდერძის თანახმად. მართლაც, უფროსი მოითხოვს ჯოგის ნახევარს, ე.ი. 17 აქლემის ნახევარს, რაც შეადგენს 8. 1/2 აქლემს, საშუალო - მესამედს, ე.ი. 5. 2/3 აქლემს, უმცროსი კი - მეცხრედს, ე. ი. 1. 8/9. ეს რიცხვები კი რომ შევკრიბოთ, 17 - ს არ გვაძლევს.
ბევრი იწვალეს ძმებმა, მაგრამ აქლემების გაყოფა ვერ შეძლეს.
ამ დროს, მახლობლად, გზად გაიარა ერთმა მოხუცმა, რომელიც აქლემზე იჯდა. ძმებმა მას რჩევისთვის მიმართეს. მოხუცი შეეკითხა მათ:
- მიამბეთ, რაზე დაობთ, შვილებო?
ძმებმა დაწვრილებით უამბეს მოხუცს ყველაფერი. მოხუცმა მაცდურად გაიღიმა და თქვა:
- მე გავყოფ აქლემებს!
და მართლაც, ისე გაყო მემკვიდრეობა, სამივე ძმა კმაყოფილი დარჩა, თვითონ მოხუცი კი შეჯდა თავის აქლემზე და გზა განაგრძო.
როგორ გაანაწილა აქლემები ბრძენმა მოხუცმა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
24. სამი მეგობრის წლოვანებათა ჯამი
სამი მეგობრის წლოვანებათა ჯამი 29 წელია.
რამდენი წლის იქნებიან ისინი ერთად 5 წლის შემდეგ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
25. და - ძმები
სოფიოს ჰყავს 3 ძმა და 2 და.
რამდენი ძმა და და ჰყავს მის ძმას გიორგის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
26. 5 ჯიბე
ჯარისკაცის ქურთუკს 5 ჯიბე აქვს.
თითოეულ ჯიბეში ის იდებს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 ვაზნას.
რამდენი ვაზნა აქვს ჯარისკაცს, თუ ყველა ჯიბეში ვაზნების განსხვავებული რაოდენობა უდევს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
27. საათი
ელექტრონული საათი გვიჩვენებს ორ რიცხვს: საათებსა და წუთებს.
მაგ., 14 : 05.
რამდენჯერ აჩვენებს ის ორ ერთნაირ რიცხვს დღე - ღამის (24 საათის) განმავლობაში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
28. ტყეში სოკოზე
ტყეში სეირნობისას გიორგი ყოველ 40 მეტრში პოულობდა სოკოს.
რა მანძილი გაიარა მან პირველიდან ბოლო სოკომდე, თუ სულ 20 სოკო იპოვა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
29. გაარკვიეთ
ბაქარი ცხოვრობს მოკლე ქუჩაზე, სადაც სახლები დანომრილია 1 -დან 24 - მდე.
რამდენჯერ განმეორდება ციფრი 2 ამ სახლების ნომრებში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
30. დროის სხვაობა 2 პლანეტას შორის
პლანეტა ტამაგოჩიზე დღე - ღამე 40 წუთით გრძელია, ვიდრე დედამიწაზე.
რამდენით განსხვავდება ტამაგოჩის ერთი კვირა დედამიწის ერთი კვირისაგან?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
31. ზღარბი და თრია
ზღარბმა და თრიამ გადაწყვიტეს 6 კმ მანძილი გაერბინათ.
თრიამ დისტანციის პირველი ნახევარი 4კმ/სთ სიჩქარით დაფარა, ხოლო მეორე ნახევარი 2კმ/სთ სიჩქარით.
ზღარბმა სხვა ტაქტიკა აირჩია, მან დიტანციის პირველი ნახევარი 2კმ/სთ სიჩქარით გაირბინა, მეორე კი 4 კმ/სთ სიჩქარით.
ვინ გადალახავს დისტანციას უფრო სწრაფად?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
32. მოჭადრაკეები
სამი მოჭადრაკე თამაშობს ჭადრაკს.
სულ ნათამაშები იქნა სამი პარტია.
რამდენი პარტია ითამაშა თითეულმა, თუ მათ ითამაშეს თანაბარი რაოდენობის პარტიები.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
33. პაემანი
გურამი და თინათინი ერთმანეთს პარკის წინ უნდა შეხვდნენ ზუსტად საღამოს 7 საათზე.
გურამის საათი სამი წუთით ჩამორჩება, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ საათი 2 წუთით არის წინ;
ხოლო თინათინის საათი 2 წუთით არის წინ, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ საათი სამი წუთით ჩამორჩება.
ვინ დააგვიანებს და ვინ რომელ საათზე მივა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
34. მამა-შვილები და ტივი
მამა ორ ვაჟთან ერთად წავიდა ლაშქრობაში.
მათ გზად შეხვდათ მდინარე, რომლის ნაპირზეც იყო ტივი.
ტივს შეუძლია წყალზე გაუძლოს ან მხოლოდ მამას, ან ორივე შვილს.
როგორ უნდა გადავიდნენ მამა და შვილები მეორე ნაპირზე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
35. ვაშლის წონა
ვაშლის წონაა 100 გრამს + ნახევარი ვაშლი.
რამდენს იწონის ვაშლი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
36. ორი მოთხილამურე
ორმა მოთხილამურემ დაფარა დისტანცია ქალაქიდან სოფლიკენ და უკუ მიმართულებით. სულ 16 კმ.
ერთი მოთხილამურე ორივე მიმართულებით მოძრაობდა 8 კმ/სთ სიჩქარით;
ხოლო მეორე - სოფლისკენ 10 კმ/სთ სიჩქარით და უკან 6 კმ/სთ სიჩქარით.
რომელმა მოთხილამურემ უფრო სწრაფად დაფარა დისტანცია?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
37. აწონეთ ბრინჯი
გაქვთ 9 კგ ბრინჯი და პინებიანი სასწორი 50 და 200 გრამიანი გირებით.
როგორ აწონით სამი მოქმედებით 2კგ ბრინჯს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
38. ბებია და კალათი კვერცხებით
ბებია კვერცხებიანი კალათით ბაზრიდან ბრუნდებოდა. გზად დასთან შეიარა და მისცა მას მთელი კვერცხების ნახევარი და კიდევ ნახევარი (1/2) კვერცხი.
შემდეგ იგი წავიდა მეორე დასთან და მისცა მას დარჩენილი კვერცხების ნახევარი და კიდევ ნახევარი კვერცხი.
და ბოლოს, იგი მივიდა მესამე დასთან და მისცა მას დარჩენილი კვერცხების ნახევარი და კიდევ ნახევარი კვერცხი.
ამის შემდეგ კალათში აღარაფერი დარჩა.
რამდენი კვერცხი ჰქონდა ბებიას თავდაპირველად კალათში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
39. რა დღეა?
თუ ეს დღე არ მოდის ორშაბათის შემდეგ და არ არის ხუთშაბათის წინ;
თუ ხვალ კვირა არ არის და არც გუშინ იყო;
ხოლო ზეგ არ არის შაბათი და გუშინწინ არ იყო ოთხშაბათი;
მაშ რა დღეა ეს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
40. ვაშლის ჯიშები
კალათში სხვადასხვა ჯიშის ვაშლია ერთმანეთში არეული.
რა მინიმალური რაოდენობის ვაშლი უნდა ამოვიღოთ კალათიდან ალალბედობით, რომ ამოღებულ ვაშლებში აღმოჩნდეს:
ა) ორი ერთნაირი ჯიშის ვაშლი;
ბ) სამი ერთნაირი ჯიშის ვაშლი.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —