კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:58

როგორ ავირჩიოთ სწორად აეროგრილიაეროგრილი უკვე დიდი ხანია გახდა დიასახლისებისთვის შეუცვლელი ელექტრო მოწყობილობა, რომელიც ამარტივებს სასურველი კერძის სწრაფად და ხარისხიანად მომზადებას.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, აეროგრილის დანიშნულება იყო - ჰქონოდა მხოლოდ გრილის ფუნქცია, შემდგომში მოწყობილობას დაემატა მრავალფეროვანი სასარგებლო ფუნქციები.

დღეს აეროგრილი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობას, რომელმაც შეიძლება შეასრულოს ელექტრო და გაზის ქურის, ჰაერღუმელის, მიკროტალღური ღუმელის, ორთქლსახარშის, ტოსტერის, გრილის, ელექტრო მწვადის შესაწვავის, იოგურტის აპარატის მოვალეობა.

აეროგრილი საშუალებას იძლევა კერძის მომზადება განახორციელდეს კონვექციური გზით. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტები, რომლებიც მოთავსებულია მოწყობილობაში, გადამუშავდება ცხელი ორთქლის ნაკადით.

აეროგრილით შესაძლებელია ხორცის, თევზის, ფრინველის მომზადება მცირედი რაოდენობის ცხიმის დამატების გარეშეც. ამასთან კერძი გამოვა რბილი, ნოყიერი, ხრაშუნა და დაბრაწული კანით.

ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ არა მხოლოდ მოამზადოს გემრიელი საკვები, არამედ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს სამზარეულოში. აეროგრილი კი ამის შესანიშნავი საშუალებააა.

განვიხილოთ აეროგრილის მუშაობს პრინციპი და დეტალები, რომლისგანაც იგი შედგება. მიმოვიხილოთ ამ დეტალების დანიშნულება და სხვადასხვა კრიტერიუმები, რათა ზუსტად და შეცდომლად გავერკვეთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და რომელი მოდელია კონკრეტულად თქვენთვის საჭირო, რათა არ შეცდეთ არჩევანის გაკეთების დროს.

აეროგრილის დადებითი თვისებები

აეროგრილის დადებითი თვისებებიროგორც უკვე ავღნიშნეთ, აეროგრილის მთავარ ღირსებად ყველაზე ხშირად ასახელებენ იმ ფაქტორს, რომ მას შეუძლია შეცვალოს მრავალფეროვანი და სხვადასხვა კალიბრის ტექნიკა, რაც გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება კიდეც.

აეროგრილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისებაა ის, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია საკვების მომზადება ყოველგვარი მცენარეული თუ ცხოველური ცხიმების გარეშე, რაც შესანიშნავი საშუალებააა დიეტური კერძების და უბრალოდ, ჯანსაღი საკვების მოყვარულთათვის.

მეორეს მხრივ, აეროგრილს შეუძლია შეასრულოს თითქმის ყველა ის ფუნქცია, რასაც ასრულებს მიკროტალღური ღუმელი: გააცხელოს და გაალღოს, მოთუშოს ბოსტნეული, გამოაცხოს ღვეზელი, მოხარშოს ფაფა.

აეროგრილს შეუძლია შებოლოს და მოშუშოს, ასევე შეინახოს პროდუქტი შედარებით მაღალ ტემპერატურაზე. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია მწვანილის, კენკრის, სოკოს გაშრობა, მინის ქილებისა და სხვადასხვა ჭურჭლის სტერილიზაცია და ა.შ. 

გარდა დიდი რაოდენობით ასორტიმენტის კერძების მომზადებისა, აეროგრილს აქვს უდიდესი უპირატესობა დროის მნიშვნელოვანი ეკონომიის თვალსაზრისით. მაგალითად, რამოდენიმე ქოთნისა და ქვაბის გამოყენებით, 30-40 წუთის განმავლობაში შესაძლებელია ერთ ჯერზე, ერთდროულად სამი სახის საკვების მომზადება (პირველი, მეორე და დესერტი).

აღსანიშნავია, რომ ამ დროს არ ხდება ამ კერძების სუნის ერთმანეთში შერევა, ხოლო ადამიანის მონაწილეობა მთელს ამ პროცესში მინიმალურია და გამოიხატება მხოლოდ პროდუქტების წინასწარ მომზადებაში და ბოლოს მოწყობილობის გაწმენდაში.

აეროგრილის უდავო უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცალკეული კერძის მომზადებისას, თქვენ ვერ იგრძნობთ მის სუნს, ეს კი კიდევ ერთი, დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ძალიან პატარა სამზარეულო აქვს, ან საერთოდ არა აქვს იგი.

აეროგრილის უარყოფითი თვისებები

აეროგრილის უარყოფითი თვისებებინუ გექნებათ გადაჭარბებული მოლოდინი, რომ აეროგრილი სრულყოფილად შეცვლის სამზარეულოსთვის საჭირო ნებისმიერ სხვა ტექნიკას. ეს უფრო სარეკლამო ტრიუკია, ვიდრე სიმართლე.

მაგალითად, შეუძლებელია აეროგრილმა შეცვალოს ორთქლსახარში. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ეს ფუნქცია. შედეგი გამოვა გაცილებით სუსტი.

საკვების გაცხელება პორციებით, ყველა ვარიანტში მიკროტალღურ ღუმელში უფრო მოსახერხებელია.

თუ თქვენ გაქვთ კარგი ქურა და კარგი ხარისხის ტაფა ან ლანგარი, საეჭვოა უარი თქვათ მათზე და ღვეზელი აეროგრილში გამოაცხოთ, რადგან წააგებთ დროშიც და ხარისხშიც.

აეროგრილის კიდევ ერთი მინუსია ის, რომ ძალიან ცხელდება მისი მთავარი დეტალი - კოლბა. გარდა იმისა რომ ეს ქმნის დისკომფორტს, არ არის უსაფრთხო პატარა ბავშვებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ აეროგრილი ძალიან მგრძნობიარეა ძაბვის ვარდნის მიმართ, აგრეთვე, მხედველობაში გქონდეთ ის ფაქტი, რომ იგი საკმაოდ მძლავრი ხელსაწყოა და დიდი ხნის განმავლობაში უწევს ხოლმე მუშაობა, რაც შესაბამისად აისახება ელექტროენერგიის დანახარჯზე.

აეროგრილის მინუსებს შეიძლება მივაკუთნოთ მისი დიდი მასა და ის ფაქტორი, რომ იფი შედარებით რთული გასარეცხია (მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა თანმაედროვე მოდელი აღჭურვილია თვითწმენდის ფუნქციით).

აეროგრილის მუშაობის პრინციპი

აეროგრილის მუშაობის პრინციპიაეროგრილი თავისი არსით უნივერსალური და პრაქტიკული მოწყობილობაა. მისი კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. იგი შედგება მრგვალი მინის კოლბისგან (სიგანე დაახლოებით 30 სმ, სიგრძე 45 სმ, ხოლო სიმაღლე - 30 დან 60 სმ-მდე) და თავსახურისგან, რომელშიც ჩამონტაჟებულია მართვის ბლოკი, მძლავრი გამათბობელი ელემენტი და ვენტილიატორი.

გამათბობელ ელემენტში მოთავსებული ტენი აცხელებს ჰაერს თქვენს მიერ მიცემულ ტემპერატურაზე, ხოლო ვენტილიატორი უზრუნველყოფს ამ ცხელი ჰაერის ცირკულაციას და თანაბარ დაბერვას ცხაურა გისოსებზე მოთავსებულ პროდუქტებზე.

შედეგად, პროდუქტის მომზადება ხდება თანაბრად, მიუხედავად იმისა - ცხვება, იხარშება თუ იბრაწება იგი.

თანამედრვე აეროგრილებში შესაძლებელია არა მხოლოდ ჰაერის ნაკადის ტემპერატურის რეგულირება 60-დან 260 გრადუსამდე, არამედ მისი სიჩქარის რეგულირებაც, რის გამოც პროდუქტის გამოშრობა გამორიცხულია.

აეროგრილის ფუნქციები

აეროგრილის არჩევის დროს, აუცილებელია განსაზღვროთ ძირითადი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც შეაფასებთ მოწყობილობის სხვადასხვა მოდელებს. ეს პარამეტრებია: 

მართვის ტიპი,

გამაცხელებელი ელემენტის ტიპი,

სიმძლავრე,

კოლბის მოცულობა,

სახურავის ტიპი,

ფუნქციონალი,

კომპლექტაცია,

მწარმოებელი და ფასი.

მართვის ტიპი

აეროგრილები შესაძლოა აღჭურველი იყოს ორი მართვის ტიპიდან ერთ-ერთით - მექანიკურით ან ელექტრონულით.

აეროგრილის მართვის მექანიკური ტიპიმექანიკური ტიპი - მექანიკური ტიპის აეროგრილებში, ტემპერატურისა და კერძის მომზადების დროის რეგულირება ხდება ხელით.

ასეთი აეროგრილის ინტერფეისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, მას გააჩნია მხოლოდ ორი რეგულატორი (დრო და ტემპერატურა).

რაც შეეხება ვენტილიატორს, მისი მუშაობის რეჟიმი მექანიკურ აეროგრილებში არ რეგულირდება და იგი ერთი და იგივეა (თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს ასეთი მოდელებიც).

მექანიკური ტიპის აეროგრილები, ელექტრონული ტიპის აეროგრილებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციის უნარით გამოირჩევა და ფასითაც გაცილებით დაბალია.

აეროგრილის მართვის ელექტრონული ტიპიელექტრონული ტიპი - ელექტრონული ტიპის აეროგრილს გააჩნია დისპლეი და სენსორული ღილაკები.

საჭიროა მხოლოდ აირჩიოთ სასურველი პროგრამა - ცხობა, შეწვა, მოხარშვა, გალღობა და ა.შ და აეროგრილი თავად განსაზღვრავს საჭირო ტემპერატურას და მომზადების დროს.

გარდა ამისა, ელექტრონული აეროგრილების უმრავლესობას გააჩნია ვენტიალიატორის სიჩქარის რეგულირება, რაც საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული ფუნქციაა.

რა თქმა უნდა ასეთი აეროგრილი მექანიკურთან შედარებით ძვირადღირებულია და მოვლის თვალსაზრისითაც მეტი მოფრთხილება სჭირდება.

გამაცხელებელი ელემენტი

აეროგრილის გამათბობელი ელემენტიეს ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს აეროგრილის შეფასება.

თანამედროვე აეროგრილები აღჭურვილია ორი ტიპის გამაცხელებელი ელემენტით:

მეტალის (ელექტრონული);

 ჰალოგენური  (მინაკერამიკული);

მეტალის (ელექტრონული ტენი) - ასეთი ტიპის გამათბობელი ხშირად გვხვდება აეროგრილების სხვადასხვა მოდელებში.

მათ გააჩნიათ მთელი რიგი დადებითი თვისებები: საიმედოობა, უსაფრთხოება და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.

მომხმარებლების აზრით, ელექტრონული ტენის მინუსად მიიჩნევა გაცხელებისთვის საჭირო ხანგრძლივი დრო, თუმცა სპეციალისტების თვალსაზრისით, ელექტრო ტენი გაცილებით ეფექტური და უსაფრთხოა სამზარეულოსთვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში.

ელექტრონული ტენების საგარანტიო ვადა შეადგენს დაახლოებით 10 და მეტ წელს.

მინაკერამიკული (ჰალოგენური ტენი) - ასეთი ტიპის გამაცხელებელი ელემენტი ასევე ძალიან ხშირად გვხვდება თანამედროვე აეროგრილებში.

ამ შემთხვევაში, გამაცხელებლად გამოიყენება სპეციალურ, ცეცხლგამძლე მინაში მოთავსებული ჰალოგენი, რომელიც ინფრაწითელი სხივების საშუალებით ახდენს პროდუქტის გაცხელებას.

ჰალოგენური გამაცხელებლის მთავარი უპირატესობაა სწრაფი გაცხელება, კოროზიისა და ჟანგის მიმართ ამტანობა.

ასეთი გამაცხელებლის უარყოფით მხარედ კი შეიძლება ჩაითვალოს მაღალი ენერგომოხმარება და ექსპლუატაციის ხანმოკლე ვადა - ჰალოგენური გამაცხელებლის საგარანტიო ვადა დაახლოებით 1-2 წელია (თუმცა თანამედროვე აეროგრილების ჰალოგენური ტენების მუშაობა ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ელექტრონული ტენებისა).

სიმძლავრე

სიმძლავრე ასევე წარმოადგენს აეროგრილის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს, რომელიც განსაზღვრავს მის გამართულ მუშაობას და რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება.

სიმძლავრე აეროგრილებში მერყეობს 0,8 კვტ-დან 1,8-2 კვტ-მდე. რა თქმა უნდა მაღალი სიმძლავრე ნიშნავს აეროგრილის უფრო სწრაფ და ეფექტურ მუშაობას, თუმცა ძალიან მაღალი სიმძლავრე ნიშნავს, რომ მაღალი იქნება ელექტროენერგიის ხარჯი.

ამიტომ, უმჯობესია, თუ ეს პარამეტრი იქნება საშუალო - 1200-დან 1500 კვატამდე.

მოცულობა 

აეროგრილის კოლბის მოცულობაკოლბის მოცულობა დიასახლისებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კოლბის მოცულობის მიხედვით, აეროგრილი შეიძლება დავყოთ სამ პირობით ნაწილად:

მინი - 8-დან 12 ლიტრამდე;

საშუალო - 10-დან 15 ლიტრამდე;

დიდი - 15-დან 20 ლიტრამდე;

შესაბამისად, თუ თქვენ მცირერიცხოვანი ოჯახი გაქვთ, არჩევანი მცირე მოცულობის მქონე კოლბის აეროგრილზე უნდა გააკეთოთ;

თუ ოჯახის რიცხოვნობა საშუალოა, საშუალო მოცულობის კოლბაც იქნება საკმარისი;

ხოლო თუ აეროგრილი მრავალრიცხოვანი შემადგენლობის ოჯახში უნდა მოიხმაროთ, დიდი მოცულობის კოლბის მქონე აეროგრილის შეძენაა რეკომენდებული.

გამანსხვავებელი თავისებურებაა აეროგრილის კონკრეტულ მოდელზე გამაფართოებელი რგოლის არსებობა, რომელიც ყებდება კოლბის ზემოთ და მჭიდროდ ეხურება თავსახური.

გამაფართოებელი რგოლის საშუალებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაიზარდოს აეროგრილის მუშა მოცულობა დიდგაბარიტიანი პროდუქტების მოსამზადებლად (მაგალითად მთლიანი ფრინველის შესაწვავად).

გაითვალისწინეთ, რომ მცირე გაბარიტიან კოლბას აქვს შემდეგი მინუსი - იგი ახლოს არის ვენტილიატორთან, რამაც შეიძლება პროდუქტის ზედმეტი გამოშრობა და დაწვა გამოიწვიოს.

ყურადღება გაამახვილეთ კოლბის მასალაზე, იგი თლილი, მსხვილი მინისგან უნდა იყოს დამზადებული. ასეთი კოლბის შემთხვევითი გატეხვა ძალიან რთულია.

აეროგრილის თავსახურის ტიპი

აეროგრილებს ძირითადად აქვთ ორი ტიპის თავსახური:

მოსახსნელი;

კრონშტეინებზე;

ის თუ რომელი ტიპის თავსახური უნდა აირჩიოთ, დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნილებებზე.

აეროგრილი მოსახსნელი თავსახურითმოსახსნელი თავსახური - აეროგრილები, რომელთაც მოსახსნელ თავიანი თავსახური აქვთ, მიიჩნევა უფრო მარტივ და კომპაქტურ მოდელებად.

ამიტომ, თუ თქვენ კერძის უფრო მარტივად მომზადება გსურთ და სამზარეულოშიც არ გაქვთ დიდი ადგილი, არჩევანი სწორედ ამ ტიპის აეროგრილზე უნდა გააკეთოთ.

მოხსნის შემდეგ თავსახური თავსდება სპეციალურ სამაგრზე, რომელიც კომპლექტში მოჰყვება აეროგრილს.

მიიჩნევა, რომ მოსახსნელ თავიანი აეროგრილი გამოირჩევა მეტი სანდოობით, რადგან უფრო გამძლეა და მისი დაზიანება (თუ არ დაგივარდათ) პრაქტიკულად გამორიცხულია.

თუმცა, მეორეს მხრივ, მისი რეგულარული მოხსნა და ისევ თავის ადგილზე მოთავსებაც არ არის მანიცდამაინც კომფორტული. ამასთან, გაცილებით დიდია მისი დავარდნის და გატეხის რისკი.

აეროგრილი კრონშტეინზეთავსახური კრონშტეინზე - ასეთი აეროგრილები უფრო ძვირადღირებულია და გამოირჩევა რთული ექსპლუატაციის პროცესით.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ კრონშტენიანი თავსახური ზრდის აეროგრილის გაბარიტებს, რაც მოითხოვს დამატებით ადგილს თქვენს სამზარეულოში (ასევე დააკვირდით ძალიან დაბალ სიმაღლეზე ხომ არ გაქვთ დაკიდებული სამზარეულოს კარადები, რადგან თავსახურის ბოლომდე ახდის შემთხვევაში გეყოთ სიმაღლე).

მიიჩნევა, რომ კრონშტეინები დგას დაზიანების მაღალი რისკის წინაშე, რაც ძირითადად დაკავშირებულია დიდ დატვირთვასთან ხელსაწყოს გამოყენების დროს.

თუმცა, მეორეს მხრივ კრონშტეინიანი თავსახური მოსახერხებელიცაა, რადგან მას არ სჭირდება ცხელი და საკმაოდ მძიმე თავსახურის მოხსნა და სამაგრზე დადება, ან მისთვის სპეციალური ადგილის ძებნა.

ამასთან ნაკლებია თავსახურის ხელიდან გავარდნის და გატეხის რისკიც.

ამიტომ, თავსახურის ტიპის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ ეს დეტალები. კარგია, თუ შეძენის მომენტში ვიზუალურად ნახავთ და შეადარებთ ორივე ტიპის მოდელს.

კონვექციის (ვენტილიატორის) სიჩქარე 

კონვექციის (ვენტილიატორის) სიჩქარე ეს კიდევ ერთი პარამეტრია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან სწორედ იგი წარმოადგენს ვენტილიატორის სიჩქარის მარეგულირებელს.

საკვების მომზადების ყოველი პროგრამისთვის გათვალისწინებულია კონვექციის სხვადასხვა სიჩქარე (ძირითადად 3 სიჩქარე). მაგალითად:

გამოცხობისა და გათბობისთვის - დაბალი სიჩქარე.

პირველი და მეორე კერძების მომზადებისთვის - საშუალო სიჩქარე.

ხოლო შეწვისთვის და დაბრაწული კანის მქონე პროდუქტის მოსამზადებლად - მაღალი სიჩქარე.

ყველაზე გამოყენებად რეჟიმებია დაბალი და საშუალო სიჩქარე. თუ ვენტილიატორი უბერავს ძალიან ძლიერად, მაღალი ალბათობაა იმისა, რონ პროდუქტი ზემოდან გამოშრეს, შუაში კი უმი დარჩეს.

სამწუხაროდ ყველა აეროგრილს ეს ფუნქცია არ გააჩნია და ვენტილიატორი მუშაობს მხოლოდ ერთ რეჟიმში.

ამიტომ, თუ გსურთ მრავალფეროვანი კერძების სრულფასოვანი მომზადება, ყურადღება გაამახვილეთ ამ საკითხზე.

ტემპერატურული რეჟიმები

ნებისმიერ აეროგრილს აქვს ტემპერატურული რეჟიმების რეგულირების ფუნქცია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ დააყენოთ საჭირო ტემპერატურა მოსამზადებელი პროდუქტის და მომზადების პროგრამის მიხედვით.

არჩეული ტემპერატუარული რეჟიმი მოქმედებს კონკრეტული პროდუქტის მომზადების მთელი პროცესის განმავლობაში.

აეროგრილის მუშა ტემპერატურა შეადგენს 60-260 გრადუსს.


ტაიმერის ფუნქციები

აეროგრილის ტაიმერის ფუნქციებიტაიმერი საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად დააყენოთ საჭირო დრო სხვადასხვა სახის კერძების მოსამზადებლად.

ტაიმერით აღჭურვილია თითქმის ყველა მოდელი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რა დროზეა გათვლილი იგი (მერყეობს 1-დან 24 საათამდე).

დამატებით ფუნქციებად ითვლება გაცხელების რეჟიმი და სტარტის გადადება, რომელიც აქვს უფრო ძვირადღირებულ მოდელებს.

სტარტის გადადება - საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა, მაგალითად სადილის ან ვახშამის გასაცხელებლად სხალში დაბრუნების დროისთვის.

გაცხელების რეჟიმი - არ აქვს აეროგრილის ყველა მოდელს. მართალია ეს არ ითვლება განმსაზღვრელ ფაქტორად, თუმცა ეს ფუნქცია სრულიად არ არის ზედმეტი და პირიქით, ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გაქვთ მიკროტალღური ღუმელი და კერძის გაცხელება გსურთ,

თვითწმენდის ფუნქცია

აეროგრილის თვითწმენდის ფუნქციათვითწმენდის ფუნქცია აეროგრილის თითქმის ყველა მოდელს გააჩნია. იგი მუშაობს შემდეგნაირად:

აეროგრილის მუშაობის დასრულების შემდეგ, ჩადგით აეროგრილში წყლის სავსე თასი, რომელშიც გახსნილია სარეცხი საშუალება და ჩართეთ თვითწმენდის ფუნქცია. პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ მხოლოდ უნდა გაწმინდოთ სუფთა ჩვრით: კოლბა, ცხაურები, შამფურები და ლანგარი.

თავსახურს ნუ შეეხებით (შესაძლებელია ჩვრით ფრთხილად გაწმინდოთ ზედაპირულად). სხვა ყველა შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ აეროგრილის თავსახური წყალში და საერთოდ, ერიდეთ, რომ თავსახურის კორპუსის შიგნით არ მოხვდეს წყალი და ნესტი, რადაგან ეს გამოიწვევს ვენტილიატორის და თავსახურის შიგნით მოთავსებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანებას.

ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ თვითწმენდის ფუნქცია ყოველთვის არ მუშაობს სრულყოფილად და აეროგრილის ხელით გაწმენდა მაინც საჭიროა.

მასა - მასას მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ გაწმენდის/გარეცხვის დროს მოგიწევთ აეროგრილის დეტალების ხელით გადატანა-გადმოტანა.

დეტალები მძიმეა, მისი შემთხვევით ხელიდან გავარდნა - სახიფათო. თუმცა აქ ვერაფერს იზამთ, რადგან პრინციპული სხვაობა აეროგრილის სხვადასხვა მოდელების მასებს შორის არ არსებობს.

კომპლექტაცია

აეროგრილის კომპლექტაციააეროგრილის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 3 დონიანი ცხაურა (ზედა, საშუალო და ქვედა), ლანგარი, გამაფართოებელი რგოლი, შაფური და დამჭერ/ამოსაღები მაშები და სხვადასხვა სახის სადგარები.

ზოგიერთ მოდელს მოჰყვება სპეციალური საცმი ქათმისთვის - გრილი, ორთქლსახარში (დასვრეტილი ქვაბი).

სამდონიანი ცხაურები გამოიყენება რამოდენიმე კერძის ერთდროულად დასამზადებლად.

მაგალითად: ქვედა ცხაურას აქვს ღიობები კვერცხების ჩასაწყობად, შუა ცხაურა უნივერსალურია, ზედა ცხაურა კი განუთვნილია გახუხხული პურის (სუხარების) დასამზადებლად, მას აქვს განყოფილება სხვადასხვა ზომის პურის ნაჭრების ჩასაწყობად.

ლანგარი - შეძლება გამოყენებული იქნას ღვეზელების გამოსაცხობად, ან ფილგაზე მოთავსებული ხორცის ან თევზის შესაწვავად.

დასვრეტილი ლანგარი გამოიყენება პროდუქტების ორთქლით მოსამზადებლად (კარგია დიეტური კერძებისთვის), ხილის შრობისთვის და ა.შ.

შამფურები გამოიყენება მწვადის შესაწვავად, ხოლო დამჭერ-ამოსაღები მაშების საშუალებით უსაფრთხოდ შეიძლება ცხაურების, ჭურჭლისა და მომზადებული პროდუქტების ამოღება.

გამაფართოებელი რგოლი - ეს არის სპეციალური სალტე, რომელიც მოჰყვება კომპლექტში თითქმის ყველა აეროგრილს. იგი ყენდება კოლბის ზემოთ, რის შემდეგაც მის მოცულობა იზრდება დაახლოებით 4 ლიტრით.

ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ აეროგრილის ინსტრუქციაში მითითებულ სიმძლავრის მაჩვენებელს. თუ მაჩვენებელია - 8-12 ლიტრი, 10-14 ლიტრი ან 12-16 ლიტრი, პირველი მაჩვენებელი ნიშნაავს კოლბის მოცულობას, ხოლო მეორე - მის მოცულობას გამაფართოებელ რგოლთან ერთად.

არსებობს აეროგრილები, რომელთაც არა ერთი, არამედ ორი გამაფართოებელი რგოლი მოჰყვება. ჩვეულებრივ, ასეთ მოდელებს მოსახსნელი თავსახური გააჩნიათ და გამაფართოებელი სალტის დახმარებით კოლბის მოცულობა იზრდება 8 ლიტრით.

რა უნდა მოჰყვეს კომპლექტში აეროგრილს

მწარმოებელები

რაც შეეხება მწარმოებლებს, მსოფლიოში ყველაზე ხარისხიანი აეროგრილების მწარმებელ ფირმებად მიიჩნევა - Hotter, Unit, VES, Vitesse, Smile, Homus და სხვა.

ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე შეხვდებით აეროგრილის მწარმოებელ ფირმებს: BREVA, FRANKO, EUROLUX, SUPRA, KENWOOD და სხვა მოდელები.

ამგვარად, ზემოთ აღწერილი რჩევების მიხედვით თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ სასურველი აეროგრილის შერჩევა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა თქვენს მოთხოვნილობებს.

ზოგადი რჩევები კითხვა პასუხის რეჟიმში

მიუხედავად ზემოთ აღწერილი რჩევებისა, თქვენ შესაძლოა კიდევ დაგრჩათ შეკითხვები აეროგრილთან და მის მუშაობასთან დაკავშირებით.

ეს კითხვები შეიძლება იყოს:

რამდენად რთულია აეროგრილის ათვისება?

რითი განსხვავდება აეროგრილი მოდელები ერთმანეთისგან?

როგორია აროგრილის კონსტრუქცია და კომპლექტაცია?

აქვს თუ არა აეროგრილს მავნე გამოსხივება?

რა პრინციპული სხვაობაა აეროგრილსა და კონვექციურ ღუმელს, ქურას და როსტერს შორის?

რამდენად სწრაფად ამზადებს აეროგრილი?

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს აეროგრილი?

სად უნდა დავდგათ აეროგრილი?

შეიძლება თუ არა აეროგრილის ტრანსპორტირება?

რატომ არის აეროგრილის ყველა მოდელი ერთი ზომის?

როგორ მოვამზადოთ აეროგრილი მუშაობისთვის?

როგორ მოვამზადოთ პროდუქტი აეროგრილში?

აქვს თუ არა სუნი აეროგრილს და სჭირდება თუ არა გამწოვი?

სჭირდება თუ არა აეროგრილს სპეციალური ჭურჭელი?

შესაძლებელია თუ არა აეროგრილში პრიდუქტის დაბრაწვა?

რა რაოდენობის პროდუქტების მომზადება შეიძლება აეროგრილში?

რატომ არის აეროგრილში მომზადებული პროდუქტები სასარგებლო?

შეიძლება თუ არა აეროგრილით შებოლვა?

შეიძლება თუ არა აეროგრილით კონსერვირება?

როგორ მოვამზადოთ აეროგრილით ბისკვიტი?

შესაძლებელია თუ არა აეროგრილით გაცხელება?

შეიძლება თუ არა აეროგრილით პროდუქტების გალღობა?

როგორ გავრეცხოთ აეროგრილი?

ძლიერად ცხელდება თუ არა აეროგრილის კოლბა?

რა მოხდება, თუ მუშაობის პროცესში აეროგრილს მოხდით თავსახურს?

აეროგრილის ზოგიერთ მოდელებში რატომ არ ეკვრის მჭიდროდ თავსახური კოლბას?

რატომ ხდება არათანაბარი დაბრაწვა?

რამდენად მტკიცეა აეროგრილის კორპუსი?

იმსხვრევა თუ არა აეროგრილის კოლბის მინა?

რამდენად გამძლე და სანდოა აეროგრილი?

ყველა ამ კითხვაზე პასუხებს, აგრეთვე აეროგრილში სხვადასხვა სახის პროდუქტების მომზადების ნიუანსებს და მეტად საჭირო და აუცილებელ ცხრილს, რომელიც პირობითად გაგარკვევთ, თუ რა პარამეტრებია საჭირო (ტემპერატურა, დრო, ვენტილიატორის სიჩქარე, ცხაურის მდებარეობა და სხვა) კონკეტული კატეგორიის პროდუქტის (ხორცი, თევზი, ფრინველი, ცხობა, ბოსტნეული და ა.შ) მოსამზადებლად იხილავთ ინსტრუქციაში:

როგორ გამოვიყენოთ აეროგრილი


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
 

აეროგრილები ინტერნეტ მაღაზია...

ელექტრონული
აეროგრილები
აქციები
აეროგრილებზე
აეროგრილების
სრული კატალოგი
აეროგრილები ინტერნეტ მაღაზია...

მექანიკური
აეროგრილები
20 ლიტრიანი
აეროგრილები
აეროგრილების
სრული კატალოგი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ