თანამედროვე ყავის მადუღარები მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით, შესაძლებლობებით და შესაბამისად ფასით.
ყველაზე პრინციპული საკითხი ყავის მადუღარას შერჩევისას არის ის, თუ რომელ ყავას აფასებთ და გიყვართ ყველაზე მეტად.
ყავის მადუღარების სხვადასხვა ტიპი არსებობს, ერთი და იგივე ყავის მარცვალის მომზადების დროსაც კი, ერთი ტიპის მადუღარით მიღებული ფინჯანი ყავის ხარისხი, შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს მეორე ტიპის ყავის მადუღარით მიღებულ შედეგზე.
დღეს სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება ყავის მადუღარის რამოდენიმე ტიპი:
• წვეთოვანი ტიპის (ფილტრიანი) მადუღარა;
• ესპრესო მადუღარა;
• გეიზერული მადუღარა;
• კაფსულიანი მადუღარა;
• კომბინირებული მადუღარა;
• ფრანგული პრესი (ფრენჩ-პრესი);
ფრანგული პრესი (ფრენჩ-პრესი)
ფრანგული პრესის (ფრენჩ პრესი) კედლები თბოგამძლე, სითბოსშემნარჩუნებელი ცილინდრული ტიპის მინისგან შედგება, რომლის ქვედა ნაწილში განთავსებულია დგუში.
დგუში შეერთებულია ბადისებრი მეტალის ფილტრთან, რომელიც მჭიდროდაა მიკრული მინის კედლებზე. დგუშის ზედა ნაწილი კი შეერთებულია პრესის სახურავთან.
ასეთი ხელსაწყოთი ყავის დამზადება საკმაოდ მარტივია:
მადუღარაში უნდა ჩაყაროთ მცირე რაოდენობის დაფქვილი ყავა და ჩაასხათ ცხელი წყალი (არ არის რეკომენდებული ადუღებული წყალი), 4-5 წუთში ხდება ყავის დაყენება, ამის შემდეგ აწვებით დგუშს ქვემოთ, ყავა იფილტრება და ნალექი გროვდება მადუღარას ფსკერზე.
ფრენჩ-პრესი ყავას სასურველ ტემპერატურას დაახლოებით ერთი საათი უნარჩუნებს.
პლიუსები - ხელსაწყო ავტონომიურია, არ საჭიროებს ელექტროენერგიას, კომპაქტურია, გადასატანად მოსახერხებელი, არ სჭირდება ფილტრი და სხვა დამატებითი ხარჯი ექსპლუატაციის დროს.
მინუსები - ყავის მომზადება თავად, საკუთარი ხელით მოგიხდებათ, არსებობს დამწვრობის რისკი ცხელი წყლით ავსების დროს.
ფრენჩ პრესს არ შეუძლია ესპრესოს, კაპუჩინოს მომზადება.
მისი გემო წააგავს ”ჯეზვეთი” მომზადებულ ყავის გემოს, მხოლოდ ნაკლებად მაგარია, რადგან ნალექი რჩება ფსკერზე.
ამიტომ ბევრი ადამიანი დღემდე ”ჯეზვეში” მომზადებულ ყავას მიირთმევს.
გარდა ამისა, ფრენჩ-პრესში შეუძლებელია ყავის სიმაგრის არჩევა, ამიტომ უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტები, რათა მიაგნოთ საჭირო პროპორციას.
წვეთოვანი ტიპის (ფილტრიანი) ყავის მადუღარები
ყველაზე გავრცელებული ყავის მადუღარების ტიპია. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: აპარატს გააჩნია სპეციალური გამაცხელებელი კონტური, რომლის გავლისას წყალი ცხელდება 85-950-მდე (არა დუღილის ტემპერატურამდე) და ჩაეწვეთება სპეციალურ ფილტრში, რომელშიც დაფქვილი ყავის მარცვლებია მოთავსებული. მარცვლების ყველა არომატული თვისება გადაეცემა წყალს, რომელიც ჩაედინება კოლბის ფორმის ჭურჭელში და ყავაც მზადაა.
რაც უფრო ნელა გაივლის წყალი ყავის მარცვლებით სავსე ფილტრს, მით უფრო მაგარი გამოვა ყავა. ამგვარად მომზადებულ ყავას ამერიკულსაც უწოდებენ.
ასეთი მადუღარის შერჩევის დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემდეგ პარამეტრებს:
აპარატის სიმძლავრე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, განსაკუთრებით ისეთ მოდელებში, რომელსაც არ გააჩნია ყავის სიმაგრის სარეგულირო. თუ მაგარი ყავის მოყვარული ხართ, შეიძინეთ მადუღარა, რომლის სიმძლავრე 750-800 ვტ-ია. ყავის სიმაგრე პირდაპირდამოკიდებულია მისი მოხარშვის დროსთან, ამიტომ რაც უფრო ნაკლებია სიმძლავრე, მით უფრო ნელა ცხელდება წყალი და ასწრებს შეითავსოს ყავის მარცვლების გემო და საუკეთესო არომატი.
ყავადანი - იგი ჩვეულებრივ მინისაგან, ან სპეციალური შემადგენლობის პლასტმასისგან მზადდება. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია სახელურიანი ყავადანით, რომელიც სპეციალური მასალითაა დამზადებული და მისი მოთავსება მიკროტალღურ ღუმელშიც კი შეიძლება.
შესაბამისად მისი სახელურიც სპეციალურ, თბოიზოლირებულ მასალას შეიცავს. ზოგიერთი მოდელის ყავადანის ცხვირი და სახურავი ისეთი კონსტრუქციითაა დამზადებული, რაც ყავას არომატსა და სითბოს უნარჩუნებს. არსებობს მოდელები, რომელიც აღჭურვილია ყავის გადმოღვრისაგან დამცავი ფუნქციით. მისი არსი მარტივია. მადუღარა ავტომატურად გაითიშება, თუ თქვენ იმაზე მეტი ყავის მოხარშვა მოინდომეთ, რაც შეიძლება მოთავსდეს ყავადანში.
ფილტრი - აპარატის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. იგი სამი სახისაა.
1. ერთჯერადი ქაღალდის ფილტრი - ყველაზე ”სუფთა” ვარიანტია, რადგან გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ ყავის ნარჩენებთან ერთად. მისი მინუსი ისაა,რომ რეგულარულად უნდა შეიძინოთ ახალი ფილტრები.
2. ნეილონის ფილტრი - ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. იგი შედის კომპლექტში და გათვლილია 60-ჯერ ყავის მოხარშვაზე, თუმცა როგორ წესი გაცილებით დიდი ხანი ძლებს.
3. ”ოქროს ”ფილტრი - სანამდვილეში იგი ისეთივეა, როგორიც ნეილონის ფილტრი,მხოლოდ დაფარული ტიტანის ნიტრიდით,რაც ზრდის როგორც მისი ექსპლუატაციის ვადას, ასევე მის ფასს.
წვეთებისსაწინააღმდეგო მექანიზმი - საშუალებას იძლევა დაასხათ ერთ ან რამოდენიმე ფინჯანში ყავა ისე, რომ იგი ბოლომდე არ იყოს მოდუღებული. მადუღარადან ყავადანის გამოღებისას, სპეციალური საკეტის საშუალებით მზა ყავა აღარ მოედინება. ხოლო როცა ყავადანს ადგილზე აბრუნებთ, იგი ავტომატურად წამოვა. სასურველია ყავადანი 5 წთ-ის განმავლობაში დააბრუნოთ ადგილზე, თორემ შეიძლება მოდუღებულმა ყავამ გახიოს ფილტრი და გადმოიღვაროს.
ავტოგამაცხელებელი მექანიზმი - ყველაზე უბრალო მოდელებში ყავა ცხელდება მანამ, სანამ არ გამორთავთ მადუღარას.
პირველად, ავტოგამაცხელებელი მექანიზმი შეიქმნა ყავადანის გასათბობად, რადგან უკვე გაცხელებულ ჭურჭელში ჩასხმული ყავა უფრო გემრიელი იყო, მეორეს მხრივ ეს ფუნქცია გათვლილია ყავის ცხელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ამ მიზნითვეა შექმნილი თერმოსიანი ყავის მადუღარები.
წყლის დონის მაჩვენებელი შიდა ინდიკატორი - იგი აჩვენებს რა რაოდენობის წყალი ჩაასხით მადუღარაში. არსებობს მოდელები,რომელთა შიდა ინდიკატორს გააჩნია შესაბამისი შკალა. რომელიც აჩვენებს რამდენი კოვზი ყავა უნდა ჩაყაროთ მითითებული მოცულობის ყავის მოსამზადებლად.
სათავსო კაბელისთვის - სასურველია მადუღარას ავტომატურად შესაწევ-გამოსაწევი კაბელი ჰქონდეს, ან მადუღარას კორპუსში გააჩნდეს მისი სათავსო, რაც ზედმეტ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან.
ყავის ესპრესო მადუღარები
მადუღარებში ყავა მზადდება ორთქლის წნევის ქვეშ. აპარატები განკუთვნილია ესპრესოს, კაპუჩინოს, რისტრეტოს, ლუნგოს, მოკას და სხვა სასმელების მოსამზადებლად.
ასეთ მადუღარისთვის გამოიყენება სპეციალურად დაფქვილი ყავა ”ესპრესო” (მსხვილად დაფქვილი ყავის მარცვლები სპეციალური ტექნოლოგიითაა მოხალული).
ტრადიციული ფილტრების ნაცვლად მას გააჩნია პლასტმასის ან მეტალის (ალუმინი ან სპილენძი) სპეციალური ჭურჭელი. ყავა მომზადების წინ იყრება ამ ჭურჭელში და იტკეპნება. არსებობს ორი სახის ესპრესო მადუღარა:
1. Steam-Espresso - რომელიც მუშაობს ორთქლის პრინციპზე და გათვლილია მცირე რაოდენობის ყავის მომზადებაზე (2-4 ფინჯანი). მუშაობის პრინციპი ასეთია - წყალი ჰერმეტულ ჭურჭელში დუღდება (დაახლოებით 2 წუთში) და გადადის ორთქლის მდგომარეობაში.
როგორც კი ორთქლის წნევა მიაღწევს საჭირო საზღვარს, იღება სპეციალური სარქველი და წყალი გაივლის კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია ყავა. მცირე წნევის გამო (მიახლოებით 4 ბარი) ყავის მოდუღების პროცესი ძალიან სწრაფად არ მიმდინარეობს.
ამასთან ერთად წყალი დუღდება 100°C ტემპერატურამდე, როცა ოპტიმალურად ითვლება 87-95°C .
2. Pump-Espresso - რომელიც მუშაობს ტუმბოს პრინციპზე. ბოილერს, რომელიც იმყოფება 15 ბარი წნევის ქვეშ, მიეწოდება ცივი წყალი, რომელიც ძალიან სწრაფად ცხელდება 85-900 C -მდე და გაივლის ყავას.
შედეგად წყლის ტემპერატურა არ აჭარბებს ოპტიმალურ დონეს. ასეთ მადუღარებში ნაკლები რაოდენობის ყავა იხარჯება, მომზადება კი გაცილებით სწრაფად ხდება.
ამის მიზეზია ის, რომ წყლის გავლა ყავის დაფქვილ მარცვლებში მაღალი წნევის ქვეშ ხდება, რის გამოც ყავა უფრო არომატული და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული გამოდის.
მნიშვნელოვანი მომენტები - ყავის ხარისხი არა მარტო ყავის მარცვლების ჯიშზე და მათ ხარისხზეა დამოკიდებული, არამედ ჭურჭლის მასალაზეც, რომელშიც იპრესება ყავა. აგრეთვე დაპრესვის ხარისხზე.
ანუ თუ არასაკმარისად ან ზედმეტად ჩაპრესეთ ყავა ჭურჭელში, ყავის საუკეთესო თვისებები შეიძლება გაუარესდეს.
სწორად ჩაპრესვის უნარი გამოცდილებასთან ერთად მოდის, რომელიც გამოგიმუშავდებათ ამ ტიპის მადუღარით ყავის ხშირად დამზადების შემთხვევაში.
ყავის ჩასაპრესი ჭურჭლის მასალა უმჯობესია მეტალის იყოს, რადგან მასში ყავა კარგად ცხელდება, სქელი, ქაფიანი და საუკეთესო არომატით გაჯერებული გამოდის. პლასტმასის კონტეინერში კი წყლიანი და ნაკლებად ქაფიანი, მომჟავო გემოსი შეიძლება იყოს.
მართვის პანელზე მადუღარას გააჩნია მუშაობის მაჩვენებელი ინდიკატორები, წყლის დონისა და ტემპერატურის მაჩვენებლები.
წყლის არარსებობის შემთხვევაში ავტომატი არ ჩართავს მადუღარას. ამავე დროს თუ ტემპერატურამ თქვენს მიერ მიცემულ საზღვარს გადააჭარბა, წყლის გაცხელება ავტომატურად შეწყდება და მადუღარა ავტომატურად გაითიშება. ამავე დროს ესპრესოს მადუღარებს გააჩნია სპეციალური სარქველი,რომელიც დაბლა სწევს წნევას, საშიშ დონემდე მომატების შემთხვევაში .
იმის გამო რომ ესპრესო მადუღარებში ყავა ძალიან სწრაფად მზადდება, ზოგიერთ მოდელს გააჩნია ორმაგი საქშენი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად ორ ფინჯანში ჩამოისხას ყავა.
თითქმის ყველა ასეთ მადუღარას შეუძლია ბევრისთვის საყვარელი კაპუჩინოს მომზადება, ამისათვის მადუღარა აღჭურვილია სპეციალური საცმით და ორთქლგამტარი მილით (კაპუჩინატორი, ანუ პანარელო).
ზოგიერთ მოდელს გააჩნია ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეიძლება ქაფის სისქის რეგულირება.
ქაფის მოსამზადებლად საუკეთესოა მაღალი, 3,5% ცხიმიანობის რძე ან 11% იანი ნაღები.
რძის ქაფის მისაღებად ფინჯანი რძე უნდა დადგათ ორთქლის საქშენის ქვეშ და დააჭიროთ ღილაკს. ადღვებილ ქაფს კი შეგიძლიათ დაუმატოთ ყავა და გემოვნებით დაფქვილი შოკოლადი ან თხილი.
ყავის გურმანები თვლიან, რომ საუკეთესო არომატის და თვისებების შესანარჩუნებლად საჭიროა მარცვლები დაიფქვას უშუალოდ ყავის მომზადების წინ.
ყავის მარცვლები კი შენახული იქნას რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ისე, რომ არ ქონდეს შეხება შუქთან და ჟანგბადთან.
ყავის გეიზერული მადუღარები
ასეთი მადუღარები ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, მაგალითად იტალიაში მას პრაქტიკულად ყველა ოჯახში შეხვდებით.
გეიზერული მადუღარა ძირითადად ორი ტიპისაა, გამაცხელებლის გარეშე, რომელიც იდგმება გაზქურაზე და ელექტროგეიზერული მადუღარა.
კონსტრუქციით იგი საკმაოდ მარტივი ხელსაწყოა, შედგება მეტალის ჭურჭლისა და სპეციალური გამანაწილებლისგან, რომელიც ანცალკევებს წყალსა და დაფქვილ ყავას ერთმანეთისგან.
ქვედა ნაკვეთურში ისხმება წყალი, ადუღებისას იგი მაღლა იწევს, წარმოქმნილი ორთქლი მრავალჯერადად გაივლის დაფქვილ ყავას და ხვდება ყველაზე მაღალ, მესამე ნაკვეთურში, სადაც იგი კონდენსირდება და ბრუნდება უკან, საწყის ნაკვეთურში. მთელს ამ პროცესს დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.
გეიზერული მადუღარის შეძენის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის მოცულობას, რადგან იგი უნდა შეესაბამებოდეს ზუსტად იმ რაოდენობას, რა რაოდენობის ყავის მოხარშვაცაა ერთჯერადად თქვენთვის აუცილებელი.
რადგან გეიზერული მადუღარით ყავა გემრიელი გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა მადუღარა ბოლომდეა ყავით სავსე.
აუცილებელია, რომ ყავის მარცვლებს შორის არ დარჩეს ცარიელი სივრცე.
პლიუსები: გეიზერულ ყავის მადუღარაში მოდუღებული ყავა გაცილებით უფრო გემრიელია, ვიდრე წვეთოვანი ტიპის(ფილტრიან) მადუღარაში.
მინუსები: აუცილებელია მადუღარის ბოლომდე გავსება დაფქვილი ყავით. თქვენ ვერ შეძლებთ მასში ჩაყაროთ მცირე მოცულობის ყავის ფხვნილი.
კაფსულიანი ყავის მადუღარები
კაფსულიანი ყავის მადუღარები მუშაობს იგივე პრინციპით, როგორც "Pump-Espresso", მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფხვნილის სახით გამოიყენება არა დაფქვილი ყავა, არამედ ყავა სპეციალურ კაფსულებში.
ყავა კაფსულაში წარმოადგენს ინდივიდუალურ, სპეციალურ, ჰერმეტულად შეფუთულ კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია 7 გრამი პროფესიონალურად მომზადებული, მოხალული და დაპრესილი ყავის ფხვნილი.
ასეთ კაფსულაში მოთავსებული ყავა არომატს და საუკეთესო თვისებებს რამოდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს.
ჩართვის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ მადუღარა უკეთებს კაფსულას სამ ნახვრეტს, შედეგად მძლავრი ჰაერის ნაკადით ხდება კაფსულაში მოთავსებული ყავის არევა.
წყალი ყავის ნაკვეთურში შედის მაღალი წნევით, ხოლო ცარიელი კაფსულა ავტომატურად ამოვარდება მადუღარადან.
დამუშავებული, ნარჩენი ყავის ნალექი ხვდება სპეციალურ ჭურჭელში. რაც უფრო დიდია ეს ჭურჭელი, მით უფრო იშვიათადაა საჭირო მისი დაცლა და გასუფთავება.
პლიუსები - კაფსულიანი მადუღარის მართვა ძალიან იოლია, არაჩვეულებრივი გემოს სხვადასხვა არომატის ყავის მისაღებად არავითარი ძალისხმევა არაა საჭირო.
გაყიდვაშია 40-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა არომატის, გემოსა და სიმაგრის კაფსულა.
მინუსები - ერთ ჯერზე შეიძლება მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავის მომზადება. ყავის კაფსულების მაღალი ფასი. ამას გარდა კაფსულები ყველგან არ იყიდება. აგრეთვე არ შეიძლება ჩვეულებრივი დაფქვილი ყავის გამოყენება.
კომბინირებული მადუღარები
კომბინირებული მადუღარები უნივერსალური ყავის მადუღარებია, რომელიც საშუალებას იძლევა მომზადდეს როგორც ამერიკული ტიპის ფინჯანი ყავა წვეთოვანი ტიპის (ფილტრიანი) მადუღარის პრინციპით, ასევე ორთქლის წნევის მოქმედების პრინციპით - ფინჯანი ესპრესო, კაპუჩინო და ა.შ.
ასეთი მადუღარა ზომით ყველა სხვა მადუღარაზე დიდია და იდეალურია ოჯახისთვის, სადაც სხვადასხვა ტიპის ყავა მოსწონთ.
როგორც წესი კობინირებული მადუღარები აღჭურვილია ყავადანით და წყლის ფილტრებით.
გარდა ამისა, ყავის მომზადების გარდა, ასეთი მადუღარების დანიშნულება გარკვეული რაოდენობის წყლის ადუღებაა. მაგალითად როცა სწრაფად გსურთ ფაფის დამზადება.
ავტომატური და ჩასაშენებელი ყავის მადუღარები
ყავის მოსადუღებელი ავტომატური აპარატი ყველაზე სერიოზული და რთული ხელსაწყოა. შესაბამისად მას შესაძლებლობებიც გაცილებით მეტი აქვს.
ყავის მარცვლების დაფქვა საჭირო არ არის, რადგან ის ამ ფუნქციასაც ითავსებს. საჭიროა მხოლოდ ჩაყაროთ ყავის მარცვლები, დააჭიროთ ღილაკს და იგი 30 წამის განმავლობაში ახდენს მის დაფქვას, დაპრესვას, რის შემდეგაც მასში გაივლის საჭირო ტემპერატურამდე გაცხელებული წყალი და ასეთ მცირე დროში ყავაც მზადაა.
მისი საშუალებით შესაძლებელია ორი პორცია სხვადასხვა ტიპის ყავის დამზადება.
გაითვალისწინეთ, რომ წნევა, რომელიც იქმნება ყავის აპარატში არ უნდა იყოს 15 ბარზე ნაკლები.
ჩასაშენებელი ყავის მადუღარა განკუთვნილია სამზარეულოს ავეჯში ჩასაშენებლად. ის არ არღვევს სამზარეულოს ფასადს იმდენად, რამდენადაც დამალულია ავეჯის შიგნით.
ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყოში ყავის ჩაყრა, წყლის ჩასხმა, ან მისი გაწმენდაა საჭირო, მისი გამოწევა ხდება ავეჯის ნიშიდან ტელესკოპური მიმმართველებით.
მაღალი ხარისხის ავტომატური ყავის მოსადუღებელ აპარატები ფუნქციების დიდი არჩევანით გამოირჩევა:
• ჩამონტაჟებული ყავის საფქვავი - ითავსებს როგორც მოდუღების ,ასევე დაფქვის ფუნქციას.
• ყავის სიმაგრის განმსაზღვრელი ღილაკები - ზოგიერთ მოდელს წყლის ტემპერატურისა და დროის რეგულირების ფუნქციის მაგივრად გააჩნია ყავის სიმაგრის სამი რეჟიმი: რბილი,საშუალო და მაგარი.
• მომზადების დრო - ზოგიერთი მოდელი ყავის სიმაგრის არჩევანის მაგივრად ფლობს ყავის მოხარშვის დროის რეგულირების ფუნქციას. რაც უფრო დიდი დრო დასჭირდება მოდუღების პროცესს, მით უფრო მაგარი გამოვა ყავა.
• წყლის ავტომატური დოზირება - უზრუნველყოფს წყლისა და ყავის ოპტიმალურ თანაფარდობას.
• წყლის ფილტრი - ეს ფილტრი ძირითადად მაღალი კლასის მოდელებს გააჩნია. მისი დანიშნულებაა გაწმინდოს ონკანის წყალი ქლორისგან და სხვა მავნე მინარევებისგან. ასეთი ფილტრი შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი მოხმარების.
• ავტომატური გაწმენდის პროგრამა - ავტომატურად წმენდს ხელსაწყოს ყავის ცხიმებისგან და სხვა ნადებებისგან.
• ტემპერატურის ინდიკატორი - საშუალებას იძლევა განისაზღვროს რამდენად ცხელია ყავა. თუ იგი გაცივდა არასასურველ დონემდე, ინდიკატორი იცვლის ფერს.
• წყლის სიხისტის მაჩვენებელი ინდიკატორი.
• და სხვა...
არჩევანი დიდია, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია როგორი ტიპის ყავა გიყვართ და რომელ ფუნქციებს საჭიროებთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!