ფოტოაპარატის არჩევის დროს, მოყვარული ფოტოგრაფებისა და პროფესიონალების მიდგომა ფოტოტექნიკის მიმართ აბსოლიტურად განსხვავებულია.
პროფესიონალი ფოტოგრაფები, უმთავრესად ფიქრობენ მიღებული ფოტოსურათების ხარისხის შესაძლო პრობლემებზე, ამიტომ მათ პირველ რიგში აღელვებთ მატრიცისა და ობიექტივის თვისებები და ციფრული ხმაურის („შუმის“) დონე (კადრის სისუფთავე).
მოყვარული ფოტოგრაფები მეტ ყურადღებას უთმობენ ფოტოაპარატის კომპაქტურობას, პიქსელების რაოდენობას, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციების არსებობას, განსხვავებულ პირობებში გადაღების მოხერხებულობას და გადაღების პროცესის ავტომატიზაციას.
მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ყველა ფოტოაპარატი პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კლასად:
• უნივერსალური ფოტოაპარატები;
• ფოტოაპარატები ულტრა ზუმით;
• სარკისებური ფოტოაპარატები;
• სისტემური ფოტოაპარატები
უნივერსალური ფოტოაპარატები
ეს არის ჩვეულებრივი, კომპაქტური ზომის სამოყვარულო ფოტოაპარატი, რომელსაც გააჩნია ყველა აუცილებელი ფუნქცია.
ეს ფუნქციები ავტომატიზირებულია, რის გამოც ასეთი ფოტოაპარატით სარგებლობა შეუძლია პატარა ბავშვსაც კი.
უნივერსალურ ფოტოაპარატებს გააჩნიათ დაახლებით ასეთი შესაძლებლობები:
»» მატრიცა: 18 მეგაპიქსელამდე, მატრიცა 1/2,5“ - 1/2,33“
»» ობიექტივი : 4x - 10x - ჯერადი ზუმი / ოპტიკური სტაბილიზატორი
»» დიპლეი : 2,5-3 / სენსორული
»» აკუმულატორი : საფირმო / ბატარეები
»» მეხსიერების ბარათი : SDHC / MemoryStick / microSD
»» დამატებითი შესაძლებლობები : GPS, Wi-Fi
»» ზომები და წონა : 220 გრამამდე
ფოტოაპარატები ულტრა ზუმით
ეს არის კომპაქტური ზომის ფოტოაპარატი დიდი ზუმით, ანუ მოახლოება / გადიდების დიდი მაჩვენებლით. ასეთი აპარატები გამოადგებათ მათ, ვისაც დიდი მანძილიდან სურს ფოტოსურათების გადაღება.
გადაღებების ხარისხით (ისევე როგორც ზომებით), ულტრა ზუმის მქონე ფოტოაპარატებს, შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ დაბალ ფასიან სარკისებრ ფოტოაპარატებს.
ულტრა ზუმის მქონე ფოტოაპარატებს, გააჩნიათ დაახლებით ასეთი შესაძლებლობები:
»» მატრიცა: 18 მეგაპიქსელამდე, მატრიცა 1/2,5" -1/2,3”
»» ობიექტივი : ზუმი 12x - დან / ოპტიკური სტაბილიზატორი
»» დიპლეი : 2,5 - 3
»» აკუმულატორი : საფირმო
»» მეხსიერების ბარათი : SDHC / MemoryStick / microSD
»» დამატებითი შესაძლებლობები : GPS, Wi-Fi
»» ზომები და წონა : 500 გრამამდე
სარკისებური ფოტოაპოარატები
ასეთი ფოტოაპარატის კონსტრუქციის საფუძველს სარკე წარმოადგენს, რომელიც გადაგზავნის სინათლეს აპარატის კორპუსის შიგნით - ობიექტივიდან - მატრიცის ან ვიდეო მძებნელის (ფოტოაპარატის ელემენტი, რომელიც აჩვენებს მომავალი გადაღების საზღვრებს, ზოგჯერ სიმკვეთრეს და გადაღების პარამეტრებს) მიმართულებით.
ასეთ კამერებს ცვლადი ობიექტივები გააჩნია. სარკისებური ფოტოაპარატის საშუალებით, შესაძლებელია საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათების მიღება.
სარკისებურ ფოტოაპარატებს, გააჩნიათ დაახლებით ასეთი შესაძლებლობები:
»» მატრიცა: 12 მეგაპიქსელიდან, მატრიცა APS-C / სრული კადრი
»» ობიექტივი : მოსახსნელი (ცვლადი)
»» დიპლეი : 2,7“- 3“
»» აკუმულატორი : საფირმო
»» მეხსიერების ბარათი : SDHC / Compact Flash / MemoryStick
»» დამატებითი შესაძლებლობები : GPS, Wi-Fi, მოსახსნელი (ცვლადი) ობიექტივები, განათება
»» ზომები და წონა : 450 გრამიდან
სისტემური ფოტოაპარატები
ასეთი ფოტოაპარატის იდეაა - შეათავსოს ერთმანეთში მოსახსნელ ოპტიკიანი (როგორც სარკისებრ ფოტოაპარატებში) და ჩვეულებრივი ციფრული ფოტოაპარატების კომპაქტური ზომები.
იგი წარმოადგენს სარკისებური და უნივერსალური (არასარკისებრი) ფოტოაპარატის თავისებურ ჰიბრიდს. სარკისებური ფოტოაპარატისგან მას „ერგო“ დიდი მატრიცა გამოსახულების მაღალი ხარისხი და ობიექტივის მოხსნის შესაძლებლობა. ხოლო უნივერსალური ფოტოაპარატიდან კომპაქტურობა და მსუბუქი წონა.
სისტემურ ფოტოაპარატებს არა აქვთ სარკე, რის გამოც მათი კორპუსი კომპაქტური და მსუბუქია, ამიტომ, მცირე ზომებით შეუძლიათ მეტოქეოობა გაუწიონ პატარა სამოყვარულეო ფოტოაპარატებს.
ამასთან, როგორც ავღნიშნეთ, სისტემური ფოტოაპარატის ოპტიკა (ობიექტივი) მოსახსნელია და მისი გამოცვლა შეიძლება სიტუაციისა და გადაღების პირობების გათვალისწინებით (ისე როგორც ეს სარკისებურ ფოტოაპარატებშია).
სისტემურ ფოტოაპარატებს, გააჩნიათ დაახლებით ასეთი შესაძლებლობები:
»» მატრიცა : 10 მეგაპიქსელიდან, APS-C
»» ობიექტივი : მოსახსნელი (ცვლადი)
»» დისპლეი : 2,7” - 3”
»» აკუმულატორი : საფირმო
»» მეხსიერების ბარათი : SDHC/ MemoryStick
»» დამატებითი შესაძლებლობები : GPS, Wi-Fi, მოსახსნელი (ცვლადი) ობიექტივები, განათება
»» ზომები და წონა : 220 გრამიდან
ისევე, როგორც ნებისმიერ მოწყობილობაში - მაქსიმალურ მწარმოებლობა იწვევს ფოტოაპარატების მაქსიმალურ ღირებულებას.
ამიტომ, მიმოვიხილოთ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა პარამეტრები საბოლოო შედეგზე, რის შემდეგაც აღარ გაგიჭირდებათ შეარჩიოთ სასურველი ფუნქციებისა და შესაძლებლობების მქონე ფოტოაპარატი.
მატრიცა
ციფრული ფოტოაპარატების მატრიცები არის ორი ძირითადი სახის: CCD и CMOS.
მატრიცა CCD (Charge-Coupled-Device) - ეს არის სპეციალიზირებული ანალოგური ინტეგრალური მიკროსქემა, რომელიც შესრულებულია შუქმგრძნობიარე ფოტოდიოდების ბაზაზე.
CCD მატრიცაში, მონაცემები თითოეული პიქსელიდან ითვლება ცალ-ცალკე.
ასეთი ტიპის მატრიცის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ციფრული „შუმის“ დაბალი დონე და მაღალი შუქმგრძნობელობა.
ამას გარდა იგი უზრუნველყოფს პიქსელების შევსების მაღალ დონეს, რაც ხარისხიანი სურათის გადარების შესაძლებლობას იძლევა სწრაფად მოძრავ ობიექტზე.
CCD მატრიცის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს საკმაოდ მაღალი ენერგომოხმარება , წარმოების სიძვირე და მაღალი ფასი.
მატრიცა CMOS (Complementary - symmetry/Metal - Oxide Semiconstructor) შედგება მმართველი ტრანზისტორებისა და ცალკეული ფოტოელემენტებისგან. CMOS მატრიცაში სიგნალის ათვლა ხდება შუქმგრძნობიარე ფირფიტის ნებისმიერი ადგილიდან.
ამ თვისების გამო, მნიშვნელოვნად იზრდება გადაღების სისწრაფე (500 კადრამდე წამში). ამ ტიპის მატრიცის სხვა ძლიერი მხარე - დაბალი ენერგომოხმარება, წარმოების სიმარტივე და დაბალი ფასია.
CMOS მატრიცის ნაკლად კი შეიძლება ჩაითვალოს ციფრული „შუმის“ შედარებით მაღალი დონე და სუსტი შუქმგრძნობელობა.
მატრიცის გაფართოება
თანამედროვე ფოტოაპარატებში, ფირის მაგივრად გამოიყენება მატრიცა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ციფრული გამოსახულების შემადგენელი უმცირესი შუქმგრძნობელი ელემენტებისგან - პიქსელებისგან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პიქსელი ეს არის ციფრული გამოსახულების ზომის ერთეული.
თითოეული მატრიცა შეიცავს ათეულობით მილიონ ასეთ პიქსელს, ხოლო მათ საერთო რაოდენობას „მატრიცის გაფართოებას“ უწოდებენ და გამოსახავენ მეგაპიქსელებში. 1 მეგაპიქსელი = 1 000 000 პიქსელს.
რაც უფრო დიდია მატრიცის გაფართოება, მით უფრო დიდი რაოდენობის პიქსელებისგან შედგება გამოსახულება და შესაბამისად მაღალის მისი დეტალიზაცია. მაგალითად; - 10 მპ მატრიცის გაფართოებაა 3600 X 2700 პიქსელი, ხოლო 16 მპ მატრიცის - 4600 х 3400 პიქსელი.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია ფოტოაპარატის მატრიცის გაფართოება (მეტი მეგაპიქსელები), მით უფრო დიდი ზომის სურათის დაბეჭვდაა შესაძლებელი.
◊ 10 – 12 მეგაპიქსელი - საკმარისია ჩვეულებრივი - 10х15 ზომის ფოტოსურათის დასაბეჭდად.
◊ 16 და ზემოთ მეგაპიქსელი - საკმარისია კედელზე დასაკიდებელი პლაკატის ან პოსტერის დასაბეჭდად.
მატრიცის ზომა
მატრიცის გაფართოებასთან ერთად, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი ფიზიკური ზომა.
მაგალითად: უნივერსალური სამოყვარულო ფოტოაპარატის მატრიცის ფართობი არის მიახლოებით 0,5 სმ². ხოლო ნახევრადპროფესიონალური სარკისებური ფოტოაპარატის - 3,5 სმ², ანუ 7-ჯერ მეტი, რაც ნიშნავს, რომ ცალკეული პიქსელის (ფოტოელემენტის) ფართობი 7-ჯერ მეტია.
სწორედ აქედან გამომდინარეობს უფრო დიდი მატრიცის დადებითი თვისებები - ერთი და იგივე გაფართოების მატრიცის შემთხვევაში (მაგალითად ორივე ფოტოაპარატს აქვს 10 მპ), უფრო ნათელ, ნაკლებად ხარვეზიან და საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათს მიიღებს ის ფოტოაპარატი, რომელსაც უფრო დიდი ზომის მატრიცა გააჩნია.
მატრიცის ზომას აღნიშნავენ დიუმებში და იგი ჩვეულებრივ, მითითებულია გაფართოების გვერდით.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რაც უფრო ნაკლებია მატრიცის ფიზიკური ზომის ამღნიშვნელ მონაცემში მეორე ციფრი („/“ ნიშნის შემდეგ), მით უფრო დიდია და შესაბამისად უკეთესი მატრიცა. მაგალითად: მატრიცა 1/2.3” უკეთესია, ვიდრე 1/2.7”.
ობიექტივი
ობიექტივი ნებისმიერი ფოტოაპარატის მნიშვნელოვანი შემადგენელია. სწორედ მისი ხარისხზეა პირდაპირდამოკიდებული მიღებული ფოტოსურათის ხარისხი.
დაიმახსოვრეთ, რომ რაც არ უნდა მაღალი მეგაპიქსელები ჰქონდეს ფოტოაპარატს, თუ მას სუსტი აქვს ოპტიკური მონაცემები (ობიექტივის ზომა, ლინზის გამჭვირვალობა, შუქმგრძნობელობა), ვერ მიიღებთ მაღალი ხარისხის ფოტოსურათს.
ობიექტივი წარმოადგენს ლინზათა სისტემას, რომლის გავლითაც შუქი ხვდება ფოტოაპარატის მატრიცაზე. ნებისმიერი ფოტოაპარატის ობიექტივს გააჩნია თავისი თვისებები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია:
ზუმი
ობიექტივის ერთ-ერთ ნიშან-თვისებად ითვლება გამოსახულების გადიდების (მოახლოების) შესაძლებლობა, რომელსაც - ზუმს (Zoom) უწოდებენ.
ზუმის ჯერადობა - ეს მოცემული გადიდების (მოახლოების) ჯერადობაა, ანუ ზუმი 4х - 4 ჯერ მოაახლოებს გადასაღებ ობიექტს ფოტოსურათზე, 12х – 12-ჯერ და ა.შ.
ზუმი არსებობს ორი სახის: ოპტიკური და ციფრული.
ოპტიკური ზუმი - ეს არის გადასაღები ობიექტის რეალური გადიდება (მოახლოება). ეს ტექნოლოგია რეალიზებულია ფოტოაპარატის ოპტიკის (უფრო ზუსტად მისი ლინზების) შიდა აგებულების ხარჯზე.
ზუმის ეს სახეობა გავლენას არ ახდენს ფოტოსურათის ხარისხზე. ანუ, თუ ფოტოაპარატს აქვს 12х ( თორმეტჯერადი) ოპტიკური ზუმი - სურათი გადიდების გარეშეც და 12-ჯერ გადიდების შემთხვევაშიც, შეინარჩუნებს სიმკვეთრეს და არ გაიდღაბნება. იგივე პრინციპი გამოიყენება ბინოკლებშიც.
ციფრული ზუმი - ეს უბრალოდ სურათის გაწელვაა ეკრანის ცენტრიდან კიდეებისკენ.
იმის გამო, რომ არ ხდება გადასაღები ობიექტის რეალური მოახლოება, ციფრული ზუმის გადიდების ყოველ ნაბიჯზე, ხდება გადაღებული სურათის ხარისხის შემცირება.
იმისათვის, რომ მარტივად გაიგოთ და იხილოთ როგორ ხდება ციფრული გადიდება, გახსენით კომპიუტერის ეკრანზე ნებისმიერი სურათი და რამოდენიმეჯერ გაადიდეთ იგი, სანამ გამოსახულებაზე არ გაჩნდება კვადრატები. ასევე მუშაობს ციფრული ზუმიც.
გამოსახულების სტაბილიზატორი
გამოსახულების სტაბილიზატორი არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება ფოტოაპარატის ვიბრაციის კომპენსირება სურათის გადაღების დროს.
ამ თვისების საშუალებით, სტაბილიზატორი საშუალებას იძლევა სურათის გადაღების მომენტში ხელის აკანკალების შემთხვევაში, ან ცუდი განათების პირობებში, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ფოტოსურათის ხარისხი.
სტაბილიზატორი, ისევე, როგორც ზუმი, არის ორგვარი: ოპტიკური და ციფრული.
ოპტიკური სტაბილიზატორი - მცირე ვიბრაცია კომპენსირდება ობიექტივის შიგნით ლინზების მექანიკური გადაადგილებით.
ოპტიკური სტაბილიზატორი საიმედოა და შესანიშნავად უმკლავდება ვიბრაციას, თუმცა მისი კონსტრუქციის თავისებურების გამო ფოტოაპარატის ზომები რამდენადმე დიდია. შედარებით მაღალია მისი ფასიც.
ციფრული სტაბილიზატორი - ვიბრაციის კომპენსირება ხდება ფოტოაპარატის მატრიცის მაქსიმალური გაფართოების ხარჯზე.
ეს ტექნოლოგია შედარებით იაფია, თუმცა სტაბილიზაცისს ხარისხიც რამდენადმე დაბალია. ამიტომ ციფრული სტაბილიზაციის გამოყენება ხდება ბიუჯეტური კლასის კომპაქტურ მოდელებზე.
ფოკუსური მანძილი
ეს არის თვისება, რომელზეც დამოკიდებულია ხედვის კუთხე და ის, თუ რამდენად შორს „ხედავს“ ობიქტივი. რაც უფრო ნაკლებია მინიმალური ფოკუსური მანძილი, მით უფრო მეტი ობიექტი მოხვდება კადრში.
მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტია მაქსიმალური ფოკუსური მანძილი, მით უფრო მსხვილი პლანითაა შესაძლებელი შორის მდგომი ობიექტების გადაღება.
ამრიგად, ზუმი (ანუ გადიდება/მოახლოება), ეს არის სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ფოკუსურ მანძილებს შორის.
ფოკუსური მანძილი, დამოკიდებულია არა მარტო ობიექტივის პარამეტრებზე, არამედ მატრიცის ზომაზეც. რადგან ციფრულ ფოტოაპარატებში ყველა მატრიცა სხვადასხვა ზომისაა, ობიექტივი სხვადასხვა ზომის მატრიცის მქონე კამერაზე სხვადასხვა ხედვის კუთხეს ქმნის.
ადამიანის თვალის ხედვის კუთხის პირობითად შესაბამის - ობიექტივის ფოკუსურ მანძილად ითვლება 50 მმ. ზოგადად, მიღებულია ფოკუსური მანძილის მითითება 35 მმ-იანი მატრიცის ექვივალენტით, ხოლო ობიექტივებს პირობითად ჰყოფენ შემდეგ კლასებად:
• ფართოკუთხიანი - 35 მმ-ზე ნაკლები
• სტანდარტული - 45-50 მმ;
• პორტრეტული - 60-80 მმ;
• გრძელფოკუსიანი - 80-200 მმ;
• ტელეობიექტივი - 200 მმ-ზე მეტი;
საშუალოდ ითვლება ფოკუსური მანძილი 30-90 მმ, თუმცა უმჯობესია მინიმალური ფოკუსური მანძილი არა უმეტეს 24 მმ-ისა.
გამოცდილი ფოტოგრაფების მიერ რეკომენდებულია ობიექტივი ფოკუსური მანძილით 24 მმ (ან ნაკლები)- 80 მმ (ან მეტი).
შუქძალა / დიაფრაგმა
შუქძალა არის ობიექტივის შესაძლებლობა, აჩვენოს სინათლის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შედის ობიექტივში და ხვდება ციფრული ფოტოკამერის მატრიცაზე. იგი რეგულირდება სპეციალური ხელსაწყოთი-დიაფრაგმით. დიაფრაგმა მოქმედებს თვალის კუნთის პრინციპით, რომელიც არეგულირებს თვალის გუგის ზომას.
რაც უფრო მეტად იხსნება ციფრული ფოტოაპარატის ობიექტივის დიაფრაგმა, მით მეტია შუქძალა, ანუ მით მეტი სინათლე შედის ობიექტივში და მეტადაა შესაძლებელი ხარისხიანი სურათის გადაღება ცუდი განათების პირობებშიც კი, შტატივისა და მაშუქის გარეშე.
ციფრული ფოტოაპარატის შუქძალა აღინიშნება როგორც f / რიცხვი (მაგალითად f/2.0 ან f/3.5). რაც ნიშნავს დიაფრაგმის დიამეტრის შეფარდებას ფოკუსურ მანძილთან. მაგალითად: ობიექტივს შეფარდებით f/4.0 დიამეტრი ოთხჯერ უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ფოკუსური მანძილი. ხოლო შუქძალა f/2.0 ნიშნავს, რომ დიაფრაგმა იხსნება ციფრული აპარატის ობიექტივის ფოკუსური მანძილის ნახევარზე. ამიტომ, რაც უფრო მცირეა ეს რიცხვი, მით უფრო მეტია ფოტოაპარატის შუქძალა.
თუ ფოტოაპარატის შუქძალის მაჩვენებელი დიდია, ეს საშუალებას იძლევა შენობაში სურათი გადაღებული იქნეს ფოტოგანათების (ე.წ „ვსპიშკის“) გარეშე.
ასეთი ფოტოები უფრო ნატურალურად გამოიყურება, ვიდრე ფოტოგანათებით გადაღებული ფოტოები. ეს საკმაოდ მოსახერხებელია მაშინაც, როცა ღამით იღებთ და არ გსურთ ყურადღება მიიქციოთ ფოტოგანათებით („ვსპიშკით“). ამ შემთხვევაში, შეძლებთ კადრში დაიჭიროთ წარმატებული მომენტები.
დღესდღეობით, ციფრული ფოტოაპარატების უმრავლესობა გამოდის შუქძალის აღნიშვნით - f/2.8 - f/3.5. და ა.შ. ძლიერ შუქმგრძნობელ ობიექტივებად ითვლება, შეფარდება: 1:2.8, 1:1.8, 1:1.4 და მეტიც.
ვიდეომძებნელი
ვიდეომძებნელი საშუალებას იძლევა დაინახოთ გამოსახულება გადაღების ღილაკზე თითის დაჭერის წინ.
კომპაქტურ ციფრულ კამერებში ვიდეომძებნელი შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს, რადგან მის როლს ასრულებს დისპლეი, რომელზეც რეალურ დროში ხდება გამოსახულების ფორმირება. ვიდეომძებნელი შეიძლება იყოს:
• ოპტიკური
• სარკისებრი
• ელექტრონული
• ჰიბრიდული (ოპტიკური+ელექტრონული)
სარკისებრი ვიდეომძებნელი ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევა, იგი იძლევა კადრის რეალური ფართობის დანახვის შესაძლებლობას დამახინჯების გარეშე, ანუ ფოტოგრაფი მისი დახმარებით უყურებს ზუსტად იმას, რაც წამის შემდეგ გახდება ფოტოსურათი.
ოპტიკურ ვიდეომძებნელი წარმოადგენს გამჭოლ ღიობს ფოტოკამერის კორპუსში, რომელიც არ შეესაბამება იმ გამოსახულებას, რასაც უყურებს ობიექტივი, თუნდაც იმიტომ, რომ იგი რამდენადმე გადაადგილებულია ობიექტივისგან გარკვეული მანძილით. თუმცა ამ დროს ფოტოგრაფს მხსნელად ევლინება ფოტოაპარატის დისპლეი.
ელექტრონული ვიდეომძებნელი გადაღებისთვის იყენებს ელექტრონულ სენსორს და უჩვენებს გამოსახულებას ამ სენსორიდან - თხევადკრისტალურ დისპლეიზე. იგი აჩვენებს ზუსტად იმ გამოსახულებას, რაც იქმნება აპარატის მატრიცაში. თუმცა მატრიციდან გამოსახულების მიღებისთვის იგი განუწყვეტლივ უნდა იყოს ჩართული, რაც იწვევს მის გადახურებას და ციფრული შუმის მომატებას. ამიტომ ზოგიერთ ფოტოკამერაში იყენებენ ორ მატრიცას - გადაღებისთვის და ვიდეომძებნელისთვის.
ეკრანი/დისპლეი
ფოტოაპარატის ეკრანი გამოიყენება გადასაღებ ობიექტზე დამიზნებისთვის, აპარატის მენიუში სამუშაოდ, გადაღებული ფოტოსურათებისა და ვიდეოს მომენტალურად დასათვალიერებლად.
დისპლეის საშუალებით შესაძლებელია დაინახოთ, თუ როგორი გამოვა ფოტოსურათი და წინასწარ განსაზღვროთ თუ რა ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს კომპოზიციას, ჩრდილებს, განათებას და ა.შ.
რაც უფრო დიდი და ნათელია ეკრანი, მით უფრო კომფორტულია ფოტოკამერის მართვა და მოსახერხებელია მასზე მუშაობა, თუმცა ამას მიქვს უფრო მეტი ენერგიაც.
თანამედროვე ფოტოაპარატების უმრავლესობა აღჭურვილია თხევადკრისტალური სენსორული ეკრანებით, რაც საშუალებას იძლევა ფოტოაპარატის კორპუსზე აღარ იყოს განლაგებული დამატებითი სამართავი ღილაკები და მუშაობა ხდება მხოლოდ სენსორული მენიუს საშუალებით.
მაღალი კლასის ფოტოაპარატებს გააჩნიათ მბრუნავი ეკრანები, რომელთა დახრაც შეიძლება გარკვეული კუთხით (ისე როგორც ვიდეოკამერის ეკრანები).
ასეთი ეკრანები ძალიან მოსახერხებელია სიუჟეტური გადაღების დროს, როცა საჭიროა მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ ან ქვემოდან ზემოთ გადაღება და ა.შ.
თანამედროვე ციფრული პოტოაპარატების დისპლეის ზომები ძირითადად მერყეობს: 1,5 -დან 3,5 დიუმამდე.
გადაღების ფორმატები
გადაღების ავტომატური რეჟიმი მოსახერხებელია და უმსუბუქებს პრობლემებს დამწყებ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
ამ დროს კამერა თავად ირჩევს პარამეტრებს: კონტრასტს, განათების რეჟიმსა, დაყოვნებას და ა.შ. მთავარია მომართოთ აპარატი გადასაღები ობიექტის მიმართულებით და დააჭიროთ ღილაკს.
არ არის საჭირო სპეციალური ცოდნა სიუჟეტური რეჟიმების გადასაღებად, როგორიცაა მაგალითად: პორტრეტი, ღამის რეჟიმი, პეიზაჟი, ბავშვები, ცხოველები, თოვლი და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლოა მიღებული სურათის ხარისხმა არ დააკმაყოფილოს დამწყები, ან მოყვარული ფოტოგრაფი.
რაც შეეხება პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ისინი კამერით მუშაობის დროს იყენებენ ხელის რეჟიმს, ანუ თავად აყენებენ დიაფრაგმას, დაყოვნებას, თეთრი ფერი ბალანსს (მიუთითებენ ავტომატს, რა უნდა ჩათვალოს თეთრ ფერად) და ა.შ.
ძირითადი რეჟიმების ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად დაყენების შემთხვევაში , პროფესიონალური ფოტოსურათის უპირატესობა აშკარაა. თუმცა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ფოტოაპარატიც უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალური ფოტოკამერის მონაცემებს.
ვიდეო
ყველა თანამედროვე ფოტოაპარატს შეუძლია გადაიღოს ვიდეო. გადაღებული ვიდეორგოლების ხარისხი კი განისაზღვრება ვიდეოს გაფართოებითა და კადრების სიხშირით, რომელსაც უზრუნველყოფს ფოტოაპარატი მოცემულ გაფართოებაზე.
ვიდეოს გაფართოება მერყეობს 320х240 - დან FullHD (1920х1080) - მდე.
რაც უფრო მაღალია გაფართოება, მით უფრო მკვეთრი და დეტალური ვიდეო გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი გადაღების დროს.
კადრების სიხშირე განსაზღვრავს ვიდეოს მწყობრად ჩვენებას - მაგალითად: თუ კადრების სიხშირე არის მონაცემზე - 24 კადრი / წამში ნაკლები - ვიდეოზე მოძრავი ობიექტების გადაადგილდება მოხდება წყვეტილად.
ვიდეო ფაილის ხარისხიანად გადაღებისა და კომფორტულად ყურებისათვის, ფოტოაპარატი უნდა იწერდეს ვიდეოს 30 კადრი/წამში და მეტი სიხშირით.
ISO
ISO - მატრიცის მგრძნობელობის ერთეულია. რაც უფრო მეტია მგრძნობელობა, მით უფრო დაბალი განათების პირობებში შეიძლება ხარისხიანი სურათის გადაღება.
მატრიცის მგრძნობელობა სხვადასხვა ფოტოაპარატებში მერყეობს - 40 - დან 7000 ერთეულამდე.
თუმცა, თანამედროვე ციფრულ ფოტოაპარატებში მგრძნობელობის ზედმეტად გაზრდა იწვევს ციფრული შუმის გაზრდას (კადრის სისუფთავის შემცირება).
მაგალითად: მაღალი კლასის აპარატებში - ISO 3200, ISO 6400 - საშუალებას იძლევა სურათების გადაღება მოხდეს ძალიან დაბალი განათების შემთხვევაში, მაგრამ გადაღებულ სურათებზე ციფრული შუმი იმდენად დიდია, რომ ასეთი ფოტოსურათების გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მაღალი კლასის ფოტოაპარატებში ISO-ს ავტომატური მართვაა შესაძლებელი.
უფრო დაბალი კლასის აპარატებზე ციფრული შუმი შესამჩნევია უკვე მონაცემზე ISO 400. იციან რა ამის შესახებ, მწარმოებლები ამცირებენ მინიმალურ ISO-ს, თუმცა ეს იაფფასიანი მატრიცის ნიშანია. ასეთი ფოტოაპარატების მინიმალური ISO შეადგენს 40-60 ერთეულს.
ამიტომ, სასურველია, თუ ყურადღებას გაამახვილებთ მინიმალურ ISO-ზე. თუმცა იგი არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები.
აკუმულატორი
ფოტოაპარატებში გამოიყენება ორი სახის აკუმულატორი:
• საფირმო, ინტეგრირებული ბატარეა - რომელიც იმუხტება სპეციალური დასამუხტი საშუალებით (მოჰყვება კომპლექტში ფოტოაპარატს)
• პატარა ААА ტიპის ელემენტები (როგორც წესი აპარატში თავსდება ერთი, ორი ან ოთხი ასეთი ელემენტი).
საფირმო აკუმულატორი ინტეგრირებულია ფოტოაპარატში და როგორც წესი, ერთი დამუხტვით საშუალებას იძლევა გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში გადაიღოს სურათები, ვიდრე აპარატში ჩასადებმა ელემენტებმა.
ამასთან, ინტეგრირებული აკუმულატორის შემთხვევაში ფოტოაპარატის გაბარიტები უფრო მცირეა, რაც მოსახერხებელია მგზავრობის დროს, რადგან აპარატი იკავებს უფრო მცირე ადგილს.
თუმცა ასეთ აკუმულატორს აქვს მინუსიც - მას მუდმივად სჭირდება აკუმულატორის დამუხტვის დონის კონტროლი, რათა ყველაზე საჭირო მომენტში არ დარჩეთ სურათის გადასაღებად მზადმყოფი აპარატის გარეშე.
ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მოსახერხებელია ფოტოაპარატი ААА ტიპის ელემენტებით, როცა გეგმავთ გრძელვადიან მოგზაურობას ბუნებაში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი დენის წყარო. ამ დროს თან წაიღებთ ელემენტების გარკვეულ მარაგს, რომელიც იყიდება ნებისმიერ მარკეტში მიზერულ ფასად.
მეხსიერების ბარათი
არსებობს მეხსიერების ბარათების შემდეგი სტანდარტები:
MicroSD - მეხსიერების ბარათი, რომელიც ფოტოინდუსტრიაში შემოვიდა მობილური ტელეფონებიდან და სმარტფონებიდან.
ასეთი ბარათი ფლობს მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის მაღალ მაჩვენებლებს, აქვს მისაღები ფასი და კომპაქტურია, რაც საშუალებას იძლევა, რომ ფოტოაპარატები, რომელშიც ის გამოიყენება, იყოს მცირე ზომის.
SD - ყველაზე გავრცელებული, სტანდარტული მეხსიერების ბარათი, გამოიყენება ფოტოაპარატთა უმრავლესობაში და აქვს მისაღები ფასი.
გააჩნია მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის მაღალი სიჩქარე. ამასთან აქვს მცირე გაბარიტები.
CF (Compact Flash) - ძირითადად გამოიყენება პროფესიონალურ ფოტოაპარატებში. თუმცა, არც თუ ისე მცირე გაბარიტების გამო, თმობს პოზიციებს და მისი ჩანაცვლება ხდება SD ბარათებით.
Memory Styk - მეხსიერების ბარათის ფორმატი, რომელსაც იყენებს კომპანია Sony.
XD - ყველაზე ნაკლებად გავრცელებული მეხსიერების ბარათი, რომელიც ძირითადად გამოიყენება Fujifilm და Olympus-ის ფოტოკამერებში.
ფაილების ფორმატი
ფოტოაპარატებს შეუძლიათ შეინახონ მზა ფოტოსურათები რამოდენიმე, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ფორმატში:
JPEG - ფოტოსურათების შენახვისა და ჩაწერის ყველაზე გავრცელებული ფორმატი. მის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მოცემული ფორმატით გამოსახულების ჩაწერის დროს, ხდება მისი (შეკუმშვა) შემჭიდროება, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს მზა ფაილის ზომა და გაკეთდეს ეკონომია მეხსიერების ბარათზე.
JPEG ფორმატის ნაკლს წარმოადგენს ის, რომ ჩაწერის შემდეგ, შეზღუდულია ფოტოსურათების დამუშავება გრაფიკული რედაქტორების დახმარებით, რაც არ არის მისაღები პროფესიონალური გადაღებისთვის.
RAW - ამ ფორმატში, ფოტოსურათის შენახვა ხდება შემჭიდროების (შეკუმშვის) გარეშე - ისე როგორც არის სინამდვილეში და შემდეგ ხდება მისი დამუშავება გრაფიკული რედაქტორების საშუალებით.
იმის გამო, რომ სურათის შენახვა ხდება შეკუმშვის გარეშე, მეხსიერების ბარათზე იგი იკავებს გაცილებით დიდ ადგილს, ვიდრე JPEG ფორმატის ფოტოსურათები. პროფესიონალი ფოტოგრაფები სწორედ RAW ფორმატს იყენებენ.
TIFF - ფორმატი, რომლის დროსაც ასევე არ ხდება ფოტოსურათების შეკუმშვა (შემჭიდროვება) და იგი შეიძლება შეიცავდეს დამტებით ინფორმაციას გამოსახულებაზე.
ასეთი ფორმატი გამოიყენება ძალიან იშვიათად.
ხელით რეგულირების შესაძლებლობა
თუ სამოყვარულეო დონე არ გაკმაყოფილებთ და მეტი გსურთ, მაგრამ არც სუპერპროფესიონალური ფოტოაპარატის შეძენაა თქვენი მიზანი, იცოდეთ, რომ ხარისხიანი ფოტოსურათის მისაღებად, მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს - აქვს თუ არა ფოტოაპარატს ზოგიერთი ფუნქციების ხელით რეგულირების საშუალება.
ასეთი ფუნქციები შეიძლება იყოს:
• დიაფრაგმის რეგულირება
• დაყოვნების რეგულირება;
• თეთრი ფერის ბალანსის დაყენება;
• მატრიცის მგრძნობელობის შეცვლა;
და სხვა ფუნქციებიც, მაგრამ მინიმუმ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების ხელით რეგულირებით შეძლებთ გადაღების პროცესის კონტროლს, რადგან ყველაზე სწრაფი პროცესორიც კი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გამოიცნოს ფოტოგრაფის ყველა სურვილი.
დამატებითი ფუნქციები
მათთვის, ვინც ფეხდაფეხ მიჰყვება მობილური ელექტრონიკის მიღწევებს და სურს ისარგებლოს სიხლეებითა და ნოვაციით, ურიგო არ იქნება, თუ გადახედავს ფოტოაპარატის დამატებით შესაძლებლობებს.
ფოტოაპარატს შესაძლოა გააჩნდეს შემდეგი დამატებით ფუნქციები:
Wi-Fi - რომელიც საშუალებას იძლევა ყოვლეგვარი სადენების გრეშე გადაიტანოთ ფოტოსურათები ფოტოაპარატიდან კომპიუტერში.
GPS - ინტეგრირებული GPS მოდული ავტომატურად აღნიშნავს ყოველ გადაღებულ ფოტოსურათზე გადაღების ადგილის კოორდინატებს და სურათების დათვალიერებისას შეგეძლებათ იხილოთ თუ რომელ ქალაქში ან ქვეყანაშია გადაღებული ფოტო.
HDMI - აუდიო-ვიდეო პორტი სურათებისა და ვიდეოების დასათვალიერებლად ტელევიზორზე ან მონიტორზე
ავტოკორექცია - ბევრი მწარმოებლის მიერ ფოტოაპარატები აღჭურვილია ისეთი საინტერესო ფუნქციებით, როგორიცაა მაგალითად გადაღების შემდეგ პორტრეტის ავტოკორექცია, ან ღიმილის დამუშავება.
სხვა ფუნქციები - ეს შეიძლება იყოს: მრავალფეროვანი ციფრული ეფექტები ფოტოსურათის დამუშავებისთვის, ორგანაიზერი, მატრიცის მტვრისგან გაწმენდის ავტომატური ფუნქცია, დიქტოფონი, მპ3 ფაილების მოსმენისა და გაშვების შესაძლებლობა, კადრში სახეების ამოცნობის ფუნქცია, ხმოვანი ფოტო, ფოტოსურათების დაბლოკვის ფუნქცია და სხვა...
საჭირო რჩევები ყიდვის დროს
პირველ რიგში, სასურველია, თუ შეიძენთ ცნობილი მწარმოებლის ფოტოაპარატს (Canon, Nikon, Pentax, Olympus, Sony, Fuji, Panasonic, Casio, Samsung და სხვა).
სასურველია, თუ ამ შენაძენს, სპეციალიზირებულ ტექნიკის მაღაზიებში გააკეთებთ, რათა თავიდან აიცილოთ უხარისხო ტექნიკა და უზრუნველყოთ სერვისული მომსახურეობა.
ბრენდის შერჩევის შემდეგ, დაადგინეთ თუ რომელ ქსელში ან ან კონკრეტულ მაღაზიაში ღირს იგი ყველაზე დაბალი ფასი, ხოლო შეძენის მომენტში, აუცილებლად შეამოწმეთ რიგი ფაქტორები:
»» ჩართვა და გამორთვა;
»» საერთო ფუნქციონირება - იღებს, აჩვენებს, მუშაობს ყველა ღილაკი;
»» მუშაობს თუ არა ოპტიკური ზუმი;
»» მექანიკური დაზიანება - ობიექტივის ლინზაზე არ უნდა იყოს ნაკაწრები და მცირე ნაპრალები - თუ ხედავთ, რომ ლინზას მხედველობის ზოგიერთ კუთხეში აქვს ფერადი შეფერილობა, ეს მხოლოდ პლიუსია - ე.ი ოპტიკას გააჩნია გასხივოსნებული საფარი, რომელიც აუმჯობესებს ობიექტივის ოპტიკურ თვისებებს.
ფოტოაპარატის კორპუსი უნდა იყოს მტკიცე, არ უნდა ჭრაჭუნებდეს, არ უნდა ჰქონდეს ლუფტი, დეტალები კარგად უნდა იჯდეს ერთმანეთში. ფოტოაპარატის შიგნით არ უნდა ისმოდეს არავითარი ხმა. მოძრავი დეტალები უნდა მოძრაობდეს მწყობრად და ყველაფერი მჭიდროდ უნდა იხურებოდეს.
»» პრობლემური (მკვდარი) პიქსელები - იმის შესამოწმებლად, არის თუ არა მატრიცაზე პრობლემური პიქსელები, გააკეთეთ ფოკუსირება - მნიშვნელობა არა აქვს რაზე. დახურეთ ობიექტივი, რათა მასზე საერთოდ არ მოხვდეს სინათლის სხივი და გადაიღეთ სურათი (სასურველია გადაუღოთ სწორხაზოვან ნაცრისფერ ფონს).
ამის შემდეგ, სთხოვეთ კონსულტანტს გიჩვენოთ ეს სურათი მონიტორზე და ყურადღებით დააკვირდით - გამოსახულებაზე არ უნდა იყოს ცალკეული, განსხვავებული ფერის ან სიმკვეთრის წერტილები, რომელიც განსხვავდება საერთო ფონისგან.
თუ უარს გეტყვიან, ან არ არის მონიტორის საშუალება, ფოტოკამერის დისპლეიზე გაადიდეთ ეს სურათი მაქსიმუმამდე და ყურადღებით დაათვალიერეთ. თუ პრობლემური პიქსელები აღმოაჩინეთ, მოითხოვეთ სხვა აპარატი და ისიც შეამოწმეთ.
შესაძლოა გითხრან, რომ მწარმოებლები დასაშვებად თვლიან რამოდენიმე ასეთ პიქსელს და ეს სიმართლეცაა, თუმცა გააჩნია რამდენია ასეთი წერტილი და რა ზომის. ამასთან ეს პანაცეა არ არის და სრულიად შესაძლებებლია ფოტოაპარატს არ ჰქონდეს მკვდარი (პრობლემური) პიქსელები.
»» ობიექტივის ოპტიკური ხარისხი - სასურველია ეს სხვადასხვა ფოკუსური მანძილიდან შეამოწმოთ. თუ არ მოგეწონათ სურათის სიმკვეთრე (უფრო კარგად ჩანს მონიტორზე) ან თვალში გეცათ ნათელი და მუქი ობიექტების საზღვარზე ფერადი შარავანდედი, მოითხოვეთ სხვა ეგზემპლიარი.
თუ სხვა ეგზემპლიარსაც იგივე პრობლემები ექნა, აირჩიეთ სხვა მოდელი.
»» მოხერხებულობა - ფოტოაპარატს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ყიდულობთ, ამიტომ კარგად შეამოწმეთ როგორ ზის ის ხელში, არის თუ არა მოსახერხებელი.
მართალია დიდი აპარატები უფრო სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისინი საკმაოდ მძიმეა და სატარებლად მოუხერხებელი, და შესაძლოა მოხდეს ისე, რომ რაიმე სიტუაციისთვის ფოტოაპარატი გჭირდებოდეთ, და თან არ წაიღოთ იმის გამო, რომ მძიმეა, დიდი და სატარებლად მოუხერხებელი.
ამიტომ, ასეთ შემთხვევაში აირჩიეთ ისეთი, რომლის ტარებაც ყოველთვის შეგეძლებათ კომპაქტური ზომების გამო.
»» ბატარეა - აუცილებლად უნდა შეიძლებოდეს ვიზუალურად აპარატის ბატარეის მდგომარეობის კონტროლი, ანუ უნდა ანათებდეს შესაბამისი ინდიკატორი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უხერხულ დროს არ დაგიჯდეთ ფოტოკამერა და და არ დარჩეთ ფოტოსურათების გარეშე.
»» არ დაგავიწყდეთ საგარანტიო ტალონი და ჩეკი.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!