თმის ცვენის მიზეზები ქალებში
თმის ცვენა ქალებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა დროებითი მოვლენაა, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია.
დღეღამეში 20-50 თმის ღერი დაკარგვა ბუნებრივ პროცესად მიიჩნევა და მასში საგანგაშო არაფერია. თუმცა, თუ დანაკარგი ყველა არსებულ ნორმას აჭარბებს, საჭიროა პრობლემას დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება. ამასთან, რაც შეიძლება მალე!
ისეთი უსიამოვნო მოვლენის მიზეზები, როგორიც თმის ცვენაა, ძალიან ბევრია და ყველა ასაკში გააჩნია თავისი თავისებურებები.
ბევრ ქალბატონს აინტერესებს, თუ რატომ აჩერებს თმის ფოლიკულა ბუნებრივად ზრდის ციკლს და რატომ გადადის ე.წ მიძინების ფაზაში, როგორც სხვაგვარად ამბობენ - „გამორთულ მდგომარეობაში“. დროებითია ეს თუ მუდმივი?
ზოგიერთი ქალბატონისთვის ეს მოვლენა დროებითია, ზოგიერთისთვის კი მუდმივი. რატომ ხდება ასე?
საქმე იმაშია, რომ თმის ცვენის მიზეზები სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის ინდივიდუალურია და შეიძლება შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კომბინაციიდან ნებისმიერს.
• სტრესი (როგორც ემოციონალური, ასევე ფიზიკური);
• ჰორმონალური დისბლანსი (მათ შორის მგრძნობელობა ანდროგენების მიმართ);
• ჰორმონალური კონტრაცეფციების ცვლილებები;
• გენეტიკური ფაქტორი;
• იმუნური დარღვევები ორგანიზმში;
• საფუარის სოკოების ძლიერი და ანომალური ზრდა ორგანიზმში;
• ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის დაავადებები;
• თხევადი ცილოვანი დიეტა, რომელსაც მოსდევს უეცარი და დიდი რაოდენობით წონის დაკარგვა;
• მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი (განსაკუთრებით ვიტამინი D, ვიტამინი A, რკინა და ცილა);
• ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალებები;
• სხვადასხვა სახის ალერგიები და მკურნალობის მკაცრი პროცედურები;
• მწვავე ინფექციური და მძიმე ქრონიკული დაავადებები
• რადიაციული თერაპია / ქიმიოთერაპია;
• სტომატოლოგიური მკურნალობა;
• სისხლის დაკარგვა;
• მედიკამენტები (მათ შორის ანტიკოაგულიანტები, კრუნჩხვის (ეპილეფსიის) საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტითირეოიდული მედიკამენტები, ჰორმონალური თერაპიისთვის განკუთვნილი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, იმუნოდეპრესანტები, ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰიპერტონული საშუალებები, ინტერფერონები, პარკისონის საწინააღმდეგო პრეპარატები, სტეროიდები, ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალებები და სხვა...);
• ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი;
• ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციები;
• გარკვეული სახის ჭრილობები;
• და სხვა;
სხვათა შორის, ზოგიერთი ქალს აღენიშნება თმის შესამჩნევი ზრდა ან პირიქით ცვენა, საკუთარი მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა ფაზების დროს. აგრეთვე წელიწადის დროზე დამოკიდებულებით.
ამიტომ, თუ ასეთის სახის სიმტომები აგღენიშნებათ, ნუ ინერვიულებთ, ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და გააჩნია ბუნებრივი გზით მოგვარების ტენდენცია.
თმის ცვენის მიზეზები 30 წლამდე ასაკის ქალებში
ქალებში თმის ცვენა - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ვიდრე მამაკაცებში. მაგრამ ფაქტორები, რამაც შეიძლება თმის ცვენის პროვოცირება გამოიწვიოს, ქალებში გაცილებით მეტია, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლებში.
30 წლამდე ასაკში, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა. ეს შეიძლება იყოს: სქესობრივი მომწიფება და სქესობრივი დიფერენცირება 18-23 წლის ასაკში.
აგრეთვე ფეხმძიმობა და ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდი (თუმცა, ხშირად ფეხმძიმობის პერიოდში თმები უფრო ძლიერი და ხშირი ხდება).
ამ ასაკში, თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი არის სტრესული სიტუაციები და მასთან დაკავშირებული მკაფიოდ გამოხატული ნერვიულობა, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია.
ეს ყველაფერი, ყველაზე მეტად დამახასიათებელია ქალებისთვის, რომლებიც აქტიურად იქმნიან კარიერას, აგრეთვე ახალგაზრდა დედებისთვის.
კიდევ ერთი მიზეზი ახალგაზრდა ასაკში თმის ცვენისა, არის სილამაზის და მომხიბვლელობის ძიებაში ჩატარებული ექსპერიმენტები: თმის ქიმიური შეღებვა, რთული ვარცხნილობების გაკეთება, ფენის არასწორად გამოყენება, არასწორად გაკეთებული თმის ქიმიური დახვევა და ა.შ
თავის კანზე უარყოფითად მოქმედებს როგორც ზედმეტად დაბალი, ასევე ზედმეტად მაღალი ტემპერატურა, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, მჟავა წვიმები, დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო.
ალოპეციის გამოწვევა შეუძლია არასწორად და დაუფიქრებლად შერჩეულ დიეტებს, რომლებიც „ართმევს“ ორგანიზმს აუცილებელ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს (რკინას, თუთიას, სელენს და ა.შ), მათ გარეშე კი სქელი და ჯანმრთელი თმის შენარჩუნება წარმოუდგენელია.
რაციონი უნდა იყოს სრულყოფილი და ბალანსირებული. შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და ცხარე საკვები, გაზირებული სასმელი, ყავა, ჩაი, შაქარი.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეული სიტუაციის გამოსწორება და დაკარგული თმის აღდგენა შედარებით ადვილია, თუმცა არსებობს უფრო მძიმე შემთხვევებიც, რომელიც პროფესიონალურ დახმარებას მოითხოვს.
ეს შემთხვევებია: ანტიბიოტიკების მოხმარება, მედიკამენტების ზედმეტი დოზირება, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარება, ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების მიღება, ჩასახვისსაწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხმარება და ა.შ.
თუ არსებობს ეჭვი, რომ თმის ცვენა გამოწვეულია რომელიმე ამ მიზეზით, საჭიროა ექიმთან დამატებითი კონსულტაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის კორექტირება.
თუ ყველა ეს ფაქტორი გამოირიცხა, მაგრამ თმა მაინც აგრძელებს ცვენას, სავარაუდოდ ამის მიზეზი კანის ინფექციები, ან გენეტიკური დაავადებებია.
სწორედ ამ მიზეზებით, 20-30 წლის ასაკის ქალებს უვითარდებათ ანდროგენეტიკური ალოპეცია (გამელოტება, რომელიც გამოწვეულია სისხლში არსებული მამაკაცის სასქესო ჰორმონების მიმართ თმის ფოლიკულების უჯრედების მგრძნობელობის მომატებით).
თმის ცვენის მიზეზები 40 წლის ზემოთ ასაკის ქალებში
თუ გავაგრძელებთ საუბარს ანდროგენულ თმის ცვენაზე, უნდა აღინიშნოს, რომ 40 წლის ასაკისთვის ეს პრობლემა უკვე აწუხებს საშუალოდ ქალების 40%-ს.
ამ პერიოდიდან თმა ხდება სუსტი და მეტი სიხშირით ცვივა. დამატებით „დარტყმას“ თმას აყენებს სხვადასხვა სახის ვირუსული და „ასაკობრივი“ დაავადებები.
ვირუსული დაავადება თავისთავად აყენებს თმას ზიანს და იწვევს თმის დაზიანებას (მასზე ნეგატიურად მოქმედებს დაბალი ტემპერატურაც კი).
რაც შეეხება ასაკობრივ დაავადებებს - მედიკამენტები, რომლებიც ებრძვის პოდაგრას, ართრიტს, მაღალ არტერიულ წნევას, გულის დაავადებებს და ა.შ... იწვევს უხვ თმის ცვენას და ზოგჯერ გამელოტებასაც კი.
სხვათა შორის, თმისთვის მავნე პრეპარატებს შორის, ერთ-ერთი არის - ჩვეულებრივი ასპირინი.
40 წელს ზემო ასაკის ქალებისთვის რთულია სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება. ამასთან, სტრესი შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური (დაძაბულობა, შფოთი, ნერვიულობა), ასევე ფიზიკური (სხვადასხვა სახის ალერგია, ორგანიზმის გამოფიტვა, გადატანილი მძიმე დაავადება).
სამწუხაროდ, ორგანიზმის პასუხი ამ ორივე სახის სტრესზე, ძალიან ხშირად არის სწორედ თმის ცვენა.
თმის მდგომარეობაზე მწვავედ აისახება რკინის ნაკლებობა. სხვათა შორის რკინის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ არასწორმა კვებამ ან დიეტამ, არამედ ასაკის გამო ორგანიზმის მიერ რკინის ათვისების უნარის გაუარესებამ.
პრობლემის მოგვარება შეუძლია სპეციალურ კვებით დანამატებს, რომელიც ჩვეულებრივ ინიშნება ექიმის მიერ სამედიცინო გამოკვლევაზე დაყრდნობით.
არც თუ ისე იშვიათად, გაძლიერებული თმის ცვენა ქალებში აღინიშნება მენოპაუზის პერიოდში, რაც ისევ და ისევ გამოწვეულია ჰორმონალური ფონის ცვლილებით.
თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თმის ცვენის მიზეზები ყველა ქალში ინდივიდუალურია, ამიტომ ოპტიმალურია ექიმ-ტრიხოლოგთან კონსულტაცია, ყველა შესაძლო მიზეზის გამოკვლევა და სწორად შერჩეული მკურნალობის კურსი.
ფარისებრი ჯირკვლის მიზეზით გამოწვეული თმის ცვენა
კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა ქალებში, არის ფარისებრი ჯირკვლის შეფერხებული მუშაობა.
ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიექცეს.
ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ცოტათი მაინც გაეგება ბიოლოგია, იცის, რომ ფარისებრი ჯირკვალი ეს არის თავისებური „ფარი“, რომელიც მონაწილეობს ორგანზიმის იმუნური სისტემის სინთეზში, გამოიმუშავებს ჰორმონებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ამიტომ, როცა ფარისებრი ჯირკვალი მუშაობს შეფერხებით, ამით ზარალდება მთელი ორგანიზმი და მათ შორის რა თქმა უნდა თმები, რაც გამოიხატება იმაში, რომ თმა სუსტდება, ხდება მტვრევადი, თავს იჩენს ნაადრევი ჭაღარა. ამ დროს, ადამიანს შეიძლება გასცვივდეს წარბებიც.
ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, სხვადასხვა ხარისხისა და სტადიის ჩიყვი - ეს ფარისებლი ჯირკვლის იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლებიც ჩვეულებრივ, იწვევენ ხოლმე თმის ცვენას.
მას შემდეგ, რაც დაისმება ზუსტი დიაგნოზი და დაიწყება ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა, შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში თმის ცვენის მკურნალობაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში არსებობს შანსი როგორმე ეშველოს თმის ცვენას.
ფარისებრი ჯიორკვლის ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში, თმის მდგომარეობის ნორმალიზაცია შესაძლებელია სწორი კვებით, ვიტამინებით, ჯანმრთელი ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტივობით.
როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას
უნდა იცოდეთ, რომ თუ შედეგის მიღწევა გსურთ, ერთი ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც თმის ცვენის პრობლემას მოაგვარებს - არ არსებობს.
მკურნალობა ყოველთვის უნდა იყოს კომპლექსური - დიეტის კორექცია, დასვენება და ძალების აღდგენა, თავის კანის მასაჟი, თმის ტრამვირების გამორიცხვა, თმის ნიღბები და ა.შ.
დიეტის კორექცია - გაამდიდრეთ თქვენი საკვები რკინით, თუთიით, ცილით, მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული საკვებით - ხილით, ბოსტნეულით, ქორფა მწვანილით, რძემჟავა პროდუქტებით, ხაჭოთი.
ყოველდღიურად გამოიყენეთ საკვებში ზეითუნის ან კიდევ უკეთესი სელის ზეთი. შეარჩიეთ ეფექტური ვიტამინების კომპლექსი ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად და თმის ცვენის პრევენციისთვის ძალიან ეფექტურია თევზი. რადგან იგი შეიცავს ცხიმოვან მჟავს ომეგა 3-ს და ვიტამინ D-ს.
დასვენება და ძალების აღდგენა - თუ სტრესი, გადაღლილობა ან მედიტაცია თქვენი ჩვეულებრივი მდგომარეობაა, უარყოფითი შედეგი არ დააყოვნებს და აუცილებლად ასახება მთელს ორგანიზმზე.
მართალია თმები დაგვიანებით რეაგირებს ორგანიზმის ასეთ მდგომარეობაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღებთ უფერულ, მტვრევად, ბოლოდაყოფილ, სუსტ თმას, რაც თმის ცვენის წინა მდგომარეობაა.
ამიტომ, თუ თქვენთვის ძვირფასია ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე, უმჯობესია დროულად გაერკვეთ სიტუაციაში. თქვენი მხსნელია: ჯანსაღი კვება, დასვენება, მოწესრიგებული ძილი, განტვირთვა, მოდუნება, მედიტაცია, იოგა, სპორტი, ფსიქოთერაპია.
თმის ტრამვირების გამორიცხვა - შეეცადეთ თმის ყოველდღიური მოვლის საშუალებებიდან შეზღუდოთ თმის ფენის, თმის უთოს, თმის დასახვევის, ბიგუდების და ა.შ გამოყენება.
თუ მათ გარეშე მაინც არ შეგიძლიათ, გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ტექნიკა, რათა არ მოხდეს თმის მექანიკური დაზიანება.
ზოგადად კი თმის ცვენის შემთხვევაში, უმჯობესია გამოიყენოთ თმის რბილი ჯაგრისი. მოერიდეთ ხისტ შამპუნს, უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატურ, ორგანულ შამპუნებს.
ნუ დაისრისავთ თმას, ნუ გამოიყენებთ ვიწრო რეზინებსა და თმის სამაგრებს, ნუ ატრებთ ვიწრო ქუდებს, მოარიდეთ თმა სიცივესა და მზის პირდაპირ სხივებს.
თმის ცვენის მკურნალობა მასაჟით
სპეციალისტების აზრით და დიდი რაოდენობის სუსტი სქესის წარმომადგენელთა გამოხმაურებებით, გაძლიერებული თმის ცვენის შემაჩერებელ შესანიშნავ საშუალებას თავის კანის მასაჟი წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ეს მეთოდიკა თავისთავად ვერ შეძლებს არსებული პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას, თუმცა კომპლექსში - მკურნალობის სხვა საშულებებთან ერთად, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას.
საუკეთესო ეფექტს იძლევა პროფესიონალური მასაჟი, თუმცა აღნიშნული პროცედურის დამოუკიდებლად ჩატარებაც კარგ ეფექტს იძლევა თმის ცვენის შესაჩერებლად.
გაითვალისწინეთ, რომ გაძლიერებული ცვენის დროს, თმაზე ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია უნდა მოხდეს მაქსიმალურად ფრთხილად და ფაქიზად.
თავის კანზე მასაჟის გაკეთება, უმჯობესია ხელების საშუალებით ან დელიკატური თმის ჯაგრისით, რომლის კბილებსაც მომრგვალებული დაბოლოებები გააჩნია.
მასაჟის გასაკეთებლად გამოდგება საბაზისო: ზეითუნის, აბუსალათინის, ბირკავას, კედრის, კრაზანას ან ხორბლის ჩანასახის ზეთები. მათში შეიძლება ჩაუმატოთ რამოდენიმე წვეთი ეთერზეთები: ილანგ-ილანგი, სანდალოზი, მანდარინი, ნეროლი, გვირილა, ფიჭვი, ან დარიჩინი.
ხელით მასაჟი - ასეთი მასაჟი აძლიერებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას, ხოლო თმის ბოლქვები იღებს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს.
პროცედურის ჩასატარებლად, საჭიროა მარჯვენა ხელის გული დაიჭიროთ თავზე და მაგრად დააწვეთ ერთდროულად - ხელისგულით თავს და თავით ხელსიგულს 5 წამის განმავლობაში, ხოლო შემდეგ შეასრულოთ იგივე მოქმედება მარცხენა ხელით.
კლასიკური მასაჟი - ეს მეთოდიკა ითვალისწინებს თავის კანის მასაჟს მჯდომარე, ან მწოლიარე მდგომარეობაში. თავდაპირველად, სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად ხელის თითების რბილი ბალიშებით გააკეთეთ წრიული მოძრაობები საფეთქლების, შუბლისა და კეფის არეში.
შემდგომ, დაიწყეთ თითების მოძრაობა თმის ზრდის მიმართულებით - თხემიდან ქვემოთ - ყველა მიმართულებით, შუბლიდან კეფისკენ, თხემიდან ყურებისკენ. საჭიროა დროდადრო ჩაანაცვლოთ წრიული მოძრაობა - სწორხაზოვანი, „ჩქმეტითი“, გაჭიმვითი, წერტილოვანი მოძრაობებით.
აღნიშნული პროცედურა უნდა გაგრძელდეს 5-10 წუთის განმავლობაში. დასრულების შემდეგ კი სასურველია კისრის არის მასირებაც.
თმის ცვენის საწინააღმდეგო თავის მასაჟის დროს, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან - წინასწარ დაიყოს თმა 2-3-იან მონაკვეთებად და ცალ-ცალკე მოხდეს მათი მასირება.
მასაჟი ჯაგრისის საშუალებით - ამ პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა ჯაგრისი, რომელიც დამზადებულია ნატურალური მასალისგან (ხე, ებონიტი, ჯაგარი),
პროცედურა უნდა დაიწყოთ წრიული მოძრაობებით საფეთქლებიდან თხემისკენ, შუბლისკენ და კეფისკენ.
ამის შემდეგ, აუცილებელია ჯაგრისის ზიგზაგისებური მოძრაობებით მასაჟის გამეორება იგივე თანმიმდევრობით.
აერომასაჟი - ეს პროცედურა ითვალისწინებს თავის კანზე რამდენიმე წვეთი ეთეზეთის წასმას (გამოდგება ქუნჯუტი (შირბახტი), როზმარინის ან შავი წიწაკას ეთერზეთი).
თავდაპირველად ზეთი უნდა შეიზილოთ წრიული მოძრაობებით თხემიდან ქვედა მიმართულებით, ხოლო შემდეგ თავის ქალისა და კისრის შეერთების წერტილიდან შუბლის მიმართულებით.
მასაჟი ლაზერული სავარცხლის საშუალებით - ლაზერული სავარცხელი ინოვაციური ხელსაწყოა, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდის სტიმულირებას და აფერხებს მის ცვენას.
ლაზერული სხივების ზემოქმედებით, ძლიერედება ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა და თმის ფოლიკულებს მიეწოდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები. შედეგად თმა სქელდება და უფრო ჯანმრთელი ხდება.
ლაზერული სავარცხლის დახმარებით, თავის მასაჟის გაკეთება რეკომენდებულია ყოველ მეორე დღეს 10-20 წუთის განმავლობაში, ზემოდან ქვემოთ, კულულ-კულულ. თმის ბოლოები უნდა დაიხვეს შიდა მიმართულებით.
მასაჟი თბილი სქელი პირსახოცით - ამ პროცედურის შესრულებისთვის, საჭიროა წინასწარ გაათბოთ მშრალი, სქელი პირსახოცი, ხოლო შემდეგ გადაიხაროთ და ენერგიულად დაისრისოთ თავის კანი მისი საშუალებით 5-10 წუთის განმავლობაში.
კვირაში ერთხელ, მასაჟის წინ შესაძლებელია თვაზე წაისვათ თმის ცვენის საწინააღმდეგო შესანიშნავი თვისებების მქონე ბირკავას, აბუსალათანის ან ზეითუნის ზეთი. შემდეგ თავი უნდა შეიხვიოთ თბილი ქსოვილით 30 წუთის განმავლობაში და ამ დრიოს გასვლის შემდეგ გულდასმით ჩამოირეცხოთ შაპუნით.
მასაჟის ზოგიერთი თავისებურებები - სპეციალისტების აზრით, მასაჟის გაკეთება უმჯობესია ძილის წინ, ან გაღვიძებისთანავე.
პროცედურის დროს, აუცილებელია სრულიად მოდუნდეთ და მაქსიმალურად დაცული იყოს ჰიგიენა (ხელები უნდა იყოს იდეალურად სუფთა, ხოლო ფრჩხილები მოკლედ დაჭრილი).
მასაჟის გაკეთება არ არის რეკომენდებული თუ აგეღნიშნებათ მაღალი ტემპერატურა. აბსოლიტურად დაუშვებელია მასაჟი მე-II-III ხარისხის ჰიპერტონიის დროს, აგრეთვე კანის სოკოვანი და ჩიქოვანი დაავადებების შემთხვევაში, ეგზემის, სისხლის დაავადებების და ლიმფატური კვანძების ანთების დროს.
იმ შემთხვევაში, თუ თმის ტოტალური ცვენა პროვოცირებულია ჰორმონალური დარღვევებით, არსებული მდგომარეობის კორექციისთვის აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, მაგრამ თუ მიზეზი გენეტიკურ ფაქტორშია, სამწუხაროდ ყველა გამოყენებული საშუალება იქნება ნაკლებად ეფექტური.
თმის ცვენის მკურნალობა მედიკამენტებით
დღესდღეობით, ფარმაცევტული მრეწველობა მომხმარებელს სთავაზობს დიდი რაოდენობით თმის ცვენის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომელთა მოქმედება ანელებს სუსტი თმების განადგურების პროცესს და ააქტიურებს იმ თმის ბოლქვებს, რომლებიც მოცემულ მომენტში იმყოფება ეგრეთ წოდებულ „დასვენების“ სტადიაში.
ამ მედიკამენტებს შორის, ყველაზე ეფექტურობით გამოირჩევა და ფართოდ გავრცელებულია ორი პრეპარატი: მინოქსიდილი და ფინასტერიდი.
მინოქსიდილი - პრეპარატი ადუნებს სისხლძარღვებს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას ადგილობრივ დონეზე, რაც თავის მხრივ ახდენა მიძინების ფაზაში მყოფი თმის ბოლქვების აქტივიზაციას.
მინოქსიდილის, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება ხდება ადგიკობრივად (პრეპარატის თმაში შეზელვით).
აღნიშნულმა პრეპარატმა გაიარა ხანგრძლივი გამოცდა და რეკომენდებულია როგორც აბსოლიტურად უსაფრთხო და მაღალეფექტური საშუალება თმის ცვენისა და გამელოტების შესაცერებლად ქალებში.
ფინასტერიდი - თავდაპირველად, ეს პრეპარატი შექმნილი იყო როგორც კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიისა და პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო საშუალება.
მისი ზემოქმედებით ნელდება ფერმენტის გამომუშავება, რომელიც ხელს უწყობს ტესტოსტერონის გარდაქმნას დეჰიდროტესტოსტერონად. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჰორმონს, რომელიც სხვასთან ერთად უარყოფითად მოქმედებს თმის ზრდაზე.
ამასთან ერთად, ფინასტერიდი წარმოადგენს საკმაოდ ეფექტურ პრეპარატს, რომელიც აჩერებს თმის ცვენას და ხელს უწყობს მისი ზრდის სტიმულაციას. მისი ეფექტურობა გაცილებით იზრდება მედიკამენტის მინოქსიდილთან შეთავსებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინასტერიდს გააჩნია საკმაო რაოდენობის გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. ამიტომ, მისი გამოყენების დროს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
პს - ხაზი უნდა გაესვას, რომ მედიკამენტების ასორტიმენტი, რომელიც შექმნილია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინასტერიდით და მინოქსიდილით, თუმცა მხოლოდ ეს ორი პრეპარატი იქნა მოწონებული და აღიარებული FDA-ს მიერ მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებისა და კვლევების შედეგად, როგორც ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებები.
სპეციალისტების აზრით, სხვა მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, ნაკლებად ეფექტურია და ზოგიერთი მათგანის გამოყენება ართულებს კიდეც სიტუაციას, რაც გამოიხატება ალერგიული რეაქციების განვითარებასა და თავის კანის მდგომარეობის გაუარესებაში.
თმის ცვენის მკურნალობის სხვა მეთოდები
ფიზიოთერაპია - ადრეულ სტადიაზე, თმის ცვენის საწინააღმდეგო შესანიშნავი ეფექტით გამოირჩევა ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომლებიც იძლევა კანის და შიდა ორგანოების მხოლოდ დაზიანებულ მონაკვეთებზე ზემოქმედების უნიკალურ შესაძლებლობებს ისე, რომ ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას.
ფიზიოთერაპიული აპარატები, როგორც წესი არ იწვევს ორგანიზმის ტოქსიკურ ან ალერგიულ დაზიანებას და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.
თმის ცვენისა და ალოპეციის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, ძირითადად გამოიყენება შემდეგი ფიზიოთერაპიული მეთოდები: მიკრო დენით თერაპია, იონოფორეზი, დარსონვალიზაცია, ელექტროსტიმულაცია, ვაკუუმური მასაჟი, კრიოთერაპია (მასაჟი თხევადი აზოტით).
ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით მცირდება ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება, ხდება ოზონის გამომუშავება და ჰორმონალური ფონის გაწონასწორება, თავის კანისა და თმის ბოლქვების გამდიდრება ჟანგბადით, უმჯობესდება კანის უჯრედებში მეტაბოლიზმის პროცესები, ჩქარდება ქსოვილებისა და თმის ბოლქვების აღდგენის პროცესი, ლაგდება ცხიმოვანი სებორეა და სხვა...
მეზოთერაპია - ეს არის კანის გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი დერმატოლოგიური დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.
მეზოთერაპიის პროცედურის დროს კანქვეშ (არც თუ ისე ღრმად) ინექციის სახით შეჰყავთ სპეციალური კომპლექსური პრეპარატები.
ძირითადად ეს არის მიკროელემენტები, ვიტამინები, ჰომოპათიური საშუალებები, მკვებავი ნივთიერებები, ამინომჟავები, მცენარეული სამკურნალო ექსტრაქტები და ა.შ.
მეზოთერაპიის პროცედურის საშუალებით უმჯობესდება კანის მეტაბოლური პროცესები, ხდება კანის უჯრედების განახლება და გამრავლება, ეპითელიოციტების ჟანგბადით გამდიდრება, ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნა, კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების გამომუშავების ამაღლება და ა.შ.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს არა ხოლოდ კანის, არამედ თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის საგრძნობს გაუმჯობესებას.
არსებობს ორი სახის მეზოთერაპია:
მანუალური - როცა პროცედურას ასრულებს ექიმი, რომელიც ანხორციელბს კანქვეშ ინექციის შეყვანას ძალიან წვრილი ნემსისა და შპრიცის გამოყენებით. ამასთან, სპეციალისტი დამოუკიდებლად არეგულირებს კომპლექსური პრეპარტების შეყვანის სიღრმეს.
ეს პროცედურა იდეალურია იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა დამუშავდეს კანის ძალიან მგრძნობიარე და რთულად მისადგომი მონაკვეთები (მაგალითად თვალის მონაკვეთები და ხელის მტევნები).
აპარატული - ამ შემთხვევაში, ინექციის შეყვანა ხდება სპეციალური აპარატი-პისტოლეტით (მეზოინჟექტორი). ნემსის შეყვანის სიღრმის განსაზღვრა და დაყენება ხდება წინასწარ, სეანსის წინ.
მეთოდი საშუალებას იძლევა დამუშავდეს კანის დიდი ფართობი დროის მინიმალური დანახარჯით. ამასთან, მეზოინჟექტორით ჩხვლეტა გაცილებით ნაკლებად მტკივნეულია.
ოზონოთერაპია - პროცედურა აბსოლიტურად მარტივი და უმტკივნეულოა. ოზონისა და ჟანგბადის ნაზავი სპეციალური მოწყობილობით შეჰყავთ კანის ქვეშ ინექციის სახით.
პროცედურის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია და ოზონის ბაქტერიციდული ზემოქმედება. ხდება კანის უჯრედების მუშაობის სტიმულირება და კანის უჯრედების განახლება, ნივთიერებათა ცვლის პროცესის აქტივაცია, იმუნიტეტის ამაღლება და ა.შ
პროცედურა ამაგრებს თმის ბოლქვებს, ასუფთავებს თავის კანს და აქრობს დერმატოლოგიურ დეფექტებს. შედეგად თმა უფრო ჯანმრთელი, ძლიერი და მოვლილი ხდება.
ოზონოთერაპიას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები და პაციენტებს იგი ადვილად გადააქვთ. უკუჩვენებებს შორის არის სისხლის შედედების დარღვევა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
გჭირდებათ თუ არა ოზონოთერაპია, რა სიხშირით და რა დოზით იქნება საჭირო ინექციის გაკეთება, ამას განსაზღვრავს ექიმი-ოზონოთერაპევტი. ჩვეულებრივ, კურსი შედგება 5-15 სეანსისგან.
პლაზმოლიფტინგი (PRP) - პლაზმოთერაპიის სპეციალური მეთოდი ითვალისწინებს პაციენტის სისხლის აღებასა და დამუშავებას. პროცედურის საშუალებით სისხლიდან გამოიყოფა აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც მდიდარია თრომბოციტებით (ვიტამინები, ცილები, ჰორმონები, მაღალი კონცენტრაციით ზრდის ფაქტორები).
ეს პლაზმა მედიკოსებს შეჰყავთ თავის კანის თმიან ნაწილში, რის შედეგადაც ხდება თმის ფოლიკულების აქტივაცია, უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ძლიერდება უჯრედული მეტაბოლიზმი, ხდება იმუნიტეტის ამაღლება და ზოგადად, გაცილებით უმჯობესდება თმის მდგომარეობა, რომელიც გადადის ცვენის ფაზიდან ზრდის ფაზაში.
მეთოდს აქვს მინიმალური უკუჩვენება და მეზოთერაპიასთან, ოზონოთერაპიასთან, ლაზერულ თერაპიასა და მედიკამენტებთან ერთად იძლევა მაქსიმალურ შედეგს.
პროცედურის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 20 დღე, თვალსაჩინო შედეგი კი შესამჩნევია უკვე ერთი კვირის შემდეგ.
ლაზეროთერაპია - ლაზერული თერაპია არა მხოლოდ ანიჭებს თმას ბზინვარებასა და სიჯანსაღეს, არამედ წარმოადგენს ეფექტურ, არაქირურგიულ მეთოდს თმის ცვენის მკურნალობისთვის.
ლაზეროთერაპიის დროს, თმის აღსადგენად გამოიყენება ცივი ლაზერები - თმის ზრდის სტიმულაციისა და ცვენის შემცირებისთვის.
ზოგადად, ლაზერული თერაპია დაფუძნებულია ფოტო-ბიოთერაპიის მეცნიერულ პრინციპზე. ფოტო-ბიოთერაპია ხდება მაშინ, როცა კანის უჯრედები შთანთქავს ლაზერულ სხივებს და ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმისა და ცილის სინთეზის სტიმულირებას.
თუმცა, ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ უწყობს ხელს თმის ზრდას ლაზერული შუქი, არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, თავის კანზე ფოლიკულების სტიმულირება ხდება ენერგიის წარმოების ზრდის ხარჯზე, მინიტურიზაციის პროცესის შემობრუნებისთვის (პროცესი, რომელიც ხელს უწყობს თმის გასქელებას).
ლაზერულ შუქს, ხილულ სპექტრში გააჩნია წითელი ფერი და გენერირდება ლაზერულ დიოდში. ენერგეტიკული დონე რამდენადმე დაბალია, იმ ლაზერულ სხივებთან შედარებით, რომელიც გამოიყენება მოწვის მიზნით.
დაბალი დონის წითელ ლაზერულ სხივს გააჩნია ადამიანის ქსოვილების შთანთქმის ძალიან დაბალი კოეფიციენტი, რაც მას აბსოლიტურად უსაფრთხოს ხდის თმის ცვენის სამკურნალოდ.
ლაზერული თერაპიის დროს თავში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება 54%-ით, ხდება თმის ფოლიკულების სტიმულირება, აჩერებს თმის ცვენის პროგრესირებას პაციენტების 85%-ში, ზრდის თმის სიმკვრივესა და ელასტიურობას, ხდის თმას ბზინვარეს და ჯანმრთელს.
კარგ შედეგს იძლევა თმის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში ოპერაციის შემდგომ დარჩენილი ნაწიბურების სწრაფად ასალაგებლად და გადანერგილი თმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ლაზეროთერაპია წარმატებით გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის დროს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა მამაკაცის დიდი მოცულობის თმის გამელოტებული მონაკვეთის დასაფარად ნაკლებად ეფექტურია.
ლაზერული თერაპია კარგ შედეგს იძლევა დიფუზიური თმის ცვენის დროს ქალებში, განსაკუთრები ფინასტრიდთან და მინოქსიდილთან კომბინაციაში (თმის ზრდისთვის განკუთვნილი პრეპარატები).
გაითვალისწინეთ, რომ ლაზერული თერაპია არ იძლევა მუდმივ შედეგს და საჭიროა გააგრძელოთ პროცედურები, რათა ხელი შეუწყოთ თმის ზრდას.
თმის აუტოტრანსპლანტაცია ქალებში
სადონორო ზონებიდან თმის შეთხელებულ და გამელოტებულ მონაკვეთებში გადანერგვა, 90% შემთხვევაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მამაკაცის თმის საფარის აღსადგენად.
ამიტომ, ბევრი ქალი თვლის, რომ იგივე მეთოდით შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ არის თუ არა ეს მართებული მიდგომა?
თმის გადანერგვისთვის, ძალიან ცოტა ქალს თუ შეუძლია იყოს პაციენტობის კარგი კანდიდატი.
საქმე იმაშია, რომ ქალების უმრავლესობას აღენიშნება დიფუზიური ტიპის ალოპეცია, ხოლო პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თმა წვრილდება და თხელდება მათ შორის გვერდებზე და უკან, სადაც ჩვეულებრივ მდებარეობს მამაკაცების „სადონორო ზონა“, საიდანაც ხდება ჯანსაღი თმის აღება.
ქალის დონორული ზონები მიიჩნევა ცვალებადად და არამდგრადად. თმა ამ ზონებში მიდრეკილია გათხელებისკენ, ისევე, როგორც თავის სხვა ნაწილებში.
ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ ამ ადგილებიდან ამოღებული თმები დიდხანს არ გაჩერდება გადანერგილ ადგილებში და გაცვივდება.
ექიმებმა და ქირურებმა კარგად იციან ეს ყველაფერი, თუმცა არის შემთხვევები, როცა კომერციული სარგებელი გადასწონის ხოლმე მკურნალი ექიმის არაეთიკურობას. თუმცა თქვენ ამის შესახებ უნდა იცოდეთ.
კიდევ ერთი არსებითი სხვაობა მამაკაცისა და ქალის თმის ცვენასა და გამელოტებას შორის არის თმის ზრდის ფრონტალური ხაზი. ქალები სრულად არ მელოტდებიან. ისე, როგორც მამაკაცები, მაგრამ არსებითად კარგავენ თმის მოცულობას, ისე, რომ ხშირად ჩანს შიშველი თავის ქალა. ხოლო ტრანსპლანტაციას არ ძალუძს თმის მოცულობის მნიშვნელოვნად მომატება.
როგორი ქალებისთვის არის ეფექტური თმის გადანერგვა?
ექსპერტების აზრით, ქალების ძალიან მცირე რაოდენობა წარმოადგენს კანდიდატურას თმის გადანერგვისთვის.
2-დან 5% - მდე ქალებისთვის კი თმის აუტოტრანსპლანტაციის პროცედურა მომგებიანია. ასეთ ქალებს მიეკუთვნებიან:
• ქალები, რომელთაც დაკარგეს თმები მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური დაზიანების შედეგად (შრამები, დამწვრობები, კანის ანთებითი ფერის შეცვლა და ა.შ);
• ქალები, რომელთაც ჩაიტარეს წარუმატებელი კოსმეტიკური და პლასტიკური ოპერაციები, რის შემდეგაც დაკარგეს თმა თავის განსაზღვრულ მონაკვეთზე (სხვადასხვა სახის ნაწიბურები);
• ქალები, რომელთაც აქვთ მამაკაცური ტიპის ანდროგენული ალოპეცია და მათი გამელოტება წააგავს მამაკაცური ტიპის გამელოტებას;
• ქალებისთვის, რომელთაც სურთ წარბებისა და წამწამების კორექტირება;
სამწუხაროდ, ქალთა დიფუზიურ ალოპეციასთან ბრძოლის ეფექტური და უნივერსალური მეთოდი არ არსებობს.
მაგრამ კვალიფიციური ექიმ-ტრიქოლოგთან კონსულტაციით და ყველა ზემოთ მოყვანილი მეთოდების შეთავსებით და გამოყენებით (მათ შორის ტრანსპლანტაციის), შესაძლებელია თმის დაკარგვის პროცესის შენელება და შეჩერებაც. შესაბამისად კი სასურველი შედეგის მიღება.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ნიღბები
ეფექტურად მიიჩნევა ყველა ის თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები და საშუალებები, რომლებიც ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
აქ შეკრებილი და მოყვანილია ყველაზე პოპულარული, ეფექტური, რეიტინგული და შედეგის მომტანი თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები და სხვა საშუალებები:
კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი - ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1-2 სუფრის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი სუფთა და ოდნავ ნოტიო თმაზე. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამობანა შეიძლება შამპუნის გარეშე. ნიღაბი გამოიყენება კვირაში ერთხელ ორი თვის განმავლობაში.
ცისფერი თიხის ნიღაბი - შეურიეთ ერთმანეთს ორი სუფრის კოვზი ცისფერი თიხა, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და კვერცხის გული. დაამატეთ საჭირო კონსისტენციის წყალი და მიღებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ და შემდეგ შედეგის მიხედვით.
წიწაკისა და სპირტის ნაყენი - წიწაკა ვიტამინების რაოდენობით ერთ ერთ პირველ ადგილზე დგას ბოსტნეულის კულტურებს შორის. იგი იწვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გააქტიურებას, რითაც აფერხებს თმის ცვენის პროცესს.
ხსნარის მომზადება მარტივია: 1 ნაწილ წიწაკას დაასხით 10 ნაწილი 70%-იანი სპირტი. დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში და გაწურეთ. შემდეგ ხსნარი გახსენით 10 ნაწილ ანადუღებ წყალში და შეიზილეთ თავის თმიან ნაწილში კვირაში 2-3-ჯერ. სასურველია ღამით.
ოხრახუშის (პეტრუშკის) ლოსიონი - 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200მლ წყალი, კარგად დაახურეთ და გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში.
პანთენოლის ნიღაბი - აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, შეათბეთ წყლის აბაზანაში და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი პანთენოლის გელი, ან პანთენოლის კრემი.
შესაძლებელია ნიღაბს დაუმატოთ მცირეოდენი კეფირი. წაისვით თმაზე, თბილად შეიხვიეთ და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ შამპუნის საშუალებით. თუ ნიღბის დამზადებას ვერ ახერხებთ, უბრალოდ შეიზილეთ თმის ძირებში პანთენოლის გელი.
ალოეს ნიღაბი - გააჩერეთ ალოეს ფოთლები მაცივარში 10-12 დღის განმავლობაში, შემდეგ გამოუღეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.
თმის ძლიერად ცვენის შემთხვევაში ეფექტურია მეორე ნიღაბიც: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ნივრის წვენი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. გაიკეთეთ ნიღაბი და გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. თავი დაითბილეთ პოლიეთილენით ან პირსახოცით.გაიმეორეთ შედეგის მიხედვით.
კვერცხის გული + თაფლი + ბირკავას ზეთი - აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 2 კვერცხის გული. კარგად შეურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.
ჭინჭრისა და ზეთის ნიღაბი - აიღეთ ერთი პაკეტი მშრალი ჭინჭარი (იყიდება აფთიაქებში), შესაძლებელია ცოცხალი, წვრილად დაჭრილი ჭინჭრის გამოყენებაც. შეურიეთ ნებისმიერ მცენარეულ ზეთს. ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მშრალ თმაზე დაბანამდე ერთი საათით ადრე.
ამჟავებული რძის ნიღაბი - თბილი ამჟავებული რძე შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელს სიგრძეზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით და მეტი სითბოსთვის შემოიხვიეთ ხაოიანი პირსახოცი. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით (შამპუნის გამოყენება არ არის რეკომენდებული).
იხილეთ ვრცლად: თმის ცვენის ყველაზე ეფექტური საშუალებები
პს
და ყველაზე მთავარი: მიუხედავად მაღალეფექტურობისა, ეს ნიღბები წარმოადგენს არა ძირითად სამკურნალო, არამედ დამხმარე საშუალებებს თმის ცვენის შესაჩერებლად.
პირველ რიგში საჭიროა თმის ცვენის მიზეზის დადგენა სპეციალისტთან (ტრიქოლოგთან, დერმატოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან) და მის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად ამ ნიღბების კომპლექსური გამოყენება. შედეგიც არ დააყოვნებს.
იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ