კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:10

რა არის თმის ქიმიური დახვევა

რა არის თმის ქიმიური დახვევაზოგიერთი ქალი პანიკაში ვარდება თმის ქიმიური დახვევის ხსენებაზეც კი, რადგან ფიქრობს, რომ ეს პროცედურა აფუჭებს თმას.

თუმცა ყველაფერი ასე ცუდად და საგანგაშოდ ნამდვილად არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა საშუალებების დახმარებით, შესაძლებელია ისეთი ქიმიური დახვევის გაკეთება, რომელიც არავითარ (ან მინიმალურ) ზიანს არ აყენებს თქვენს თმას და ვარცხნილობას.

ამიტომ, შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა არის თმის ქიმიური დახვევა, სად და როგორ უნდა გაკეთდეს იგი  და ქიმიური დახვევის რომელი სახეობები არსებობს დღევანდელ დღეს.

თმის ქიმიური დახვევა - სწორი და თხელი თმების სქელ, მოცულობით და ხვეულ ვარცხნილობად გადაქცევის საკმაოდ რთული პროცედურაა.

ქიმიური დახვევის საშუალებით შესაძლებელია ლამაზი, ტალღოვანი თმის ან წვრილად დახვეული კულულების ეფექტის მიღება.

თმის ქიმიური დახვევა პირველად გამოიგონა კარლ ნესლერმა 1906 წელს. მან პირველი ექსპერიმენტი საკუთარ ცოლზე ჩაატარა. რა თქმა უნდა თმის ჯანმრთელი მდგომარეობისთვის ეს პროცედურა არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ მიღებული ეფექტი აჭარბებდა თმის დაზიანების რისკს.

მას შემდეგ უამრავმა ქალმა სცადა საკუთარ თავზე რომანტიული ხვეულებისა და კულულების გაკეთება და ძალიან კმაყოფილიც დარჩა შედეგით, რაც საკუთარი თმის ბრწყინვალე ვიზუალური იერ-სახეში მდგომარეობდა.

დღესდღეობით, თმის ქიმიური დახვევა არ არის ის პროცედურა, რომელიც თავის დროზე შექმნა კარლ ნესლერმა, ან იყენებდნენ ჩვენი წინაპრები. დღევანდელ დღეს ეს პროცედურა სულ სხვაგვარად კეთდება.

თანამედროვე სტილისტ-პარიკმახერებმა გრანდიოზული გადატრიალება მოახდინეს თმის ქიმიური დახვევის სფეროში. დღესდღეობით, ქიმიური დახვევა დარჩა მხოლოდ როგორც სახელწოდება და მოქმედების პრინციპი, ყველაფერი დანარჩენი კარდინალურად შეიცვალა.

დღევანდელ დღეს, ქიმიური დახვევის გასაკეთებლად, სილამაზის სალონებში გამოიყენება უახლესი კოსმეტიკური პრეპარატები, რომელი აბსოლიტურად გამორიცხავს ჯანმრთელი თმის დაზიანების ნებისმიერ საშიშროებას.

ამასთან, თანამედროვე ქიმიური საშუალებები პირიქით, შეიძლება დადებითადაც კი აისახოს თმის ჯანმრთელობაზე.

თმის ქიმიური დახვევის თანამედროვე მეთოდები

თმის ქიმიური დახვევის თანამედროვე მეთოდებითმის ქიმიური დახვევის მეთოდები იყოფა ორ ტიპად ენდოთერმული (სითბოს იღებს შიდა წყაროდან) და ეგზოთერმული (სითბოს იღებს ქიმიური რეაქციიდან).

ბევრი თანამედროვე თმის დახვევის პრეპარატი საშუალებას იძლევა დახვევა მოხდეს ოთახის ტემპერატურაზე.

ასეთ პერმანენტს სტილისტები მტვრევადი ან შეღებილი თმის მქონე ქალებს სთავაზობენ.

 

თმის ქიმიური დახვევისათვის გამოიყენება ორი სახის ქიმიური ხსნარი. პირველი ხსნარი ცვლის თმის სტრუქტურას, ხოლო მეორე არის გამანეიტრალებელი და ამაგრებს (ამყარებს) ახლად მიღებულ თმის ფორმას (ზოგიერთი გამანეიტრალებელი ხსნარი ნახევრად პერმანენტულ საღებავსაც კი შეიცავს).

თმის ქიმიური დახვევის მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება  ქიმიური შემადგენლობით.

ადრე იკეთებდნენ თმის პერმანენტულ დახვევას ტუტე და მჟავა შემადგენლობის დახმარებით, რის გამოც თმა ძლიერ ზიანდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდები დღესდღეობითაც პოპულარულია, რადგან ძალიან დიდხანს ინარჩუნებს თმის კულულებს სახვეულ მდგომარეობაში - დაახლოებით 6 თვე და კიდევ მეტი.

თმის ქიმურად დახვევის უამრავი მეთოდი არსებობს: იაპონური, ამერიკული, ფრანგული მეთოდები, დახვევა აბრეშუმის პროტეინებით და ა.შ, მაგრამ აქ მოყვანილია თმის ქიმიური დახვევის ის ძირითადი მეთოდები, რომელიც აქტუალური და პოპულარულია დღევანდელ დღეს:

თმის ქიმიური დახვევა მჟავა მეთოდით

თმის ქიმიური დახვევა მჟავა მეთოდითგამოიყენება ბალანსირებული მჟავას შემცველი ხსნარი. თმის დახვევისთვის განკუთვნილი სპეციალური პრეპარატი ხვდება თავად თმის შიგნით ისე, რომ არ ხსნის თმის შიდა ქერცლოვან საფარველს.

იგი ხასითდება მდგრადი და მძლავრი ფიქსაციით და შედეგად მიიღება საკმაოდ ხისტი, ხეშეში კულულები. ასეთი მეთოდით მიღებული ვარცხნილობა ნარჩუნდება დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში.

ძალიან რბილი და თხელი თმის შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან კულულები მოკლე დროში დაკარგავს ფორმას და თმის ძირებთან გამოიწევა. რაც ძალიან ულამაზოდ გამოიყურება.

თმის ქიმიური დახვევის ეს მეთოდი ასევე არ შეიძლება მათთვის, ვისაც მშრალი, მტვრევადი თმა და მგრძნობიარე თვის კანი აქვს.

თუ მაინც გადაწყვეტთ ამ მეთოდის გამოყენებას, მოგიწევთ თმის ძალიან მოკლედ შეჭრა და მისი აღდგენა სპეციალური ნიღბების საშუალებით.

ნაკლებად მავნებელია თმისთვის მჟავა მეთოდით დახვევა, რომლის დროსაც გამოიყენება ტიოგლიკოლის მჟავა.

ასეთი ვარცხნილობა ნარჩუნდება არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში - დაახლოებით 1 თვე. სამაგიეროდ ეს მეთოდი მიიჩნევა თმისთვის ნაკლებად მავნედ და მისი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თმა შეღებილია.

თმის ქიმიური დახვევა ტუტე მეთოდით

თმის ქიმიური დახვევა ტუტე მეთოდითხსნარი შეიცავს ძლიერ ტუტე ინგრედიენტს, რომელსაც აქვს სწრაფი და ხანგრძლივი შედეგი.

ხოლო მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალური პრეპარატი აღწევს თმის შიგნით და ხსნის მის ქერცლოვან საფარველს.

ტუტე მეთოდით დახვევა, მჟავა მეთოდით დახვევისგან განსხვავებით, უფრო რბილად მოქმედებს კულულებზე. თუმცა არსებობს ზოგიერთი ტიპის თმა, რომელზეც აღნიშნული მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მაგალითად, მძიმე, უხეშ და სწორ დალალებზე ის გაჩერდება არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში.

ზოგადად კი ამ მეთოდით ქიმიური დახვევის შემდეგ, კულულები ხდება მოქნილი და გამოიყურება უფრო ბუნებრივად. მისი სწორად გამოყენების შემდეგ ვარცხნილობა ნარჩუნდება 3 თვის განმავლობაში.

ტუტე მეთოდით თმის ქიმიური დახვევა, უფრო ნაკლებადღირებული მეთოდია, ვიდრე მჟავე მეთოდით თმის ქიმიური დახვევა.

თმის ქიმიური დახვევა ნეიტრალური მეთოდით

თმის ქიმიური დახვევა ნეიტრალური მეთოდითამ მეთოდის არსი იმაშია, რომ სპეციალური კერატინული კომპლექსი, ქიმიური დახვევის პროცესში ასწორებს თმის რქოვან გარსზე არსებულ დაზიანებებს და ზრუნავს თმის ელასტიურობასა და სტაბილურობაზე.

თმის ქიმიური დახვევის ნეიტრალური (თერმული) მეთოდი აერთიანებს ქიმიური დახვევის ორ სახეობას და გამოირჩევა თმაზე და თავის კანზე დამარბილებელი, სწორხაზოვანი მოქმედებით.

მეთოდი თავსებადია ნებისმიერი ტიპის თმასთან და ერთნაირად დადებითად მოქმედებს თმის ყველა მონაკვეთზე.

შედეგად, კულულები გამოდის მკვრივი და მოქნილი. ამ მეთოდით დახვეული თმა შენარჩუნდება 2-დან 6 თვემდე, თმის ტიპიდან გამომდინარე.

ამ ვადის გასვლის შემდეგ კი თანდათანობით გადადის ისე, რომ არ ტოვებს არავითარ კვალს და საჭირო აღარ ხდება თმის შეჭრა.

თმის ქიმიური დახვევა ამინომჟავური მეთოდით

თმის ქიმიური დახვევა ამინომჟავური მეთოდითთმის დასახვევი სპეციალური კომპლექსის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები და პროტეინები, რომელიც აღწევს თმის სიღრმეში და არა მახოლოდ კვებავს, არამედ კურნავს კიდეც და ხელს უწყობს მის აღდგენას.

თმის ქიმიური დახვევის ამინომჟავური მეთოდი არ აფუჭებს თმას და არ ახდენს მასზე არავითარ უარყოფით ზემოქმედებას, თუმცა იგი ნაკლებად მდგრადია ზემოთ აღწერილ მეთოდებთან შედარებით.

შედეგად კულულები გამოიყურება ლამაზად და ბუნებრივად, ხოლო თმის აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.

პროცედურა ამინომჟავების გამოყენებით არ უხდება გრძელ, მძიმე და უხეშ თმას, რადგან სიმძიმის გამო კულულები მალე იშლება.

მართალია მეთოდი ნაკლებად მავნეა და თმის გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს, მაგრამ ვარცხნილობა არ ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში - მაქსიმუმ 1 თვე.

თმის ბიოდახვევა

თმის ბიოდახვევათმის ბიოდახვევა შეიქმნა 1999 წელს იტალიური ფირმა Green Light-ის მიერ, რომელმაც შექმნა დახვევის უნიკალური ტექნოლოგია Mossa, ანუ სპეციალური შემადგენლობა თმის ბიოდახვევისათვის, იგი არ შეიცავდა აქტიურ მდგომარეობაში მყოფ ქიმიურ ინგრედიენტებს, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა თმა და თავის კანი.

თმის ბიოდახვევის დროს გამოიყენება პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში არ შედის წყალბადის ზეჟანგი, ამიაკი, ტიოგლიკოლის მჟავა და სხვა აგრესიული ქიმიური ელემენტები.

ეს ნივთიერებები შეცვლილია სხვა საშუალებებით, რომელთა შემადგენლობა ძალიან ჰგავს თმის მოლეკულებს.

თმის ბიოდახვევის მეთოდი ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას, ბუნებრიობას და კარგად უნარჩუნებს დახვეულ კულულებს მდგრადობას.

დღესდღეობით არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა სახის ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც აკეთებენ თმის ბიოდახვევას.

ბიოდახვევის ძირითად მეთოდებად მიიჩნევა:

Mossa - მის შემადგენლობაში შედის ბამბუკის ექსტრაქტი, რომელსაც დაცვითი მოქმედების უნარი გააჩნია. ეს მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც თხელი კულულები აქვს.

იტალიური მეთოდი უნარჩუნებს კულულებს სტრუქტურასა და ფერს. აგრეთვე, გარდა იმისა რომ აქვს სამკურნალო-აღმდგენი მოქმედების უნარი, ანიჭებს ხვეულ თმას სიმსუბუქის ეფექტს.

აბრეშუმის პროტეინებით - ამ მეთოდს „აბრეშუმის ტალღის“ მეთოდსაც უწოდებენ, რადგან მის შემდგენლობა შეიცავს აბრეშუმის პროტეინებს.

აბრეშუმის პროტეინები არ ცვლის თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს მის ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

იაპონური - მეთოდი წარმოადგენს ლიპიდურ-დამატენიანებელ კომპლექსს, რომლის საშუალებითაც ხდება კულულების ტენიანობის, ბზინვარებისა და ელასტიურობის შენარჩუნება.

ბიოდახვევის ეს მეთოდი შეიცავს თმისთვის სასარგებლო ვიტამინებს და განსაკუთრებით სასარგებლოა გრძელი და საშუალო სიმაგრის კულულებისთვის.

თმის ქიმიური დახვევის ფორმები

თმის ქიმიური დახვევის ფორმებიარსებობს თმის ქიმიური დახვევის რამოდენიმე ფორმა. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი შედეგის მიღებაა თქვენთვის კონკრეტულად საჭირო.

ტრადიციული თმის დახვევა ხდება თმის მთელს სიგრძეზე და იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ბიგუდები განლაგებულია ჰორიზონტალურად, არსებობს ათობით კონფიგურაცია, რომელიც დამოკიდებულია ბიგუდების ზომაზე და რაოდენობაზე, აგრეთვე სასურველ ეფექტზე:

მსხვილი კულულები - ტრადიციული დახვევის ვარიაციაა. დიდი დიამეტრის ბიგუდები ქმნის რბილ, მსხვილ კულულებს.

რევერსული დახვევა - თმის რევერსული დახვევისთვის იყენებენ ძალიან დიდი ზომის ბიგუდებს, რათა ვიწრო ხვეული თმა გადააქციოს დიდ და რბილ კულულებად.

თმის ძირებთან დახვევა - ბიგუდებს ახვევენ თმის ძირებთან რაც შეიძლება ახლოს, რათა მოხდეს გაზრდილი თმის ძირების დახვევა და მათთვის მოცულობის მინიჭება (თუ თმა მთელს სიგრძეზეა დახვეული). რეკომენდებული თხელი თმისთვის.

სპირალური დახვევა - ბიგუდების საშუალებით თმას ახვევნ ვერტიკალურად. ასე დახვეული თმის იერ-სახე ძალიან წააგავს შტოპორს (კორპსაძრობი).

ლოკალური (უზორული) დახვევა - ბიგუდების დახვევა ხდება თმის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე, რათა მოხდეს მოცულობის დამატება იქ, სადაც ეს საჭიროა.

ვერტიკალური დახვევა - თმის დახვევა ხდება ვერტიკალურად განთავსებულ სპეციალურ ჩხირებზე (საქსოვი ჩხირების მსგავსი). ამ დროს თმის მაქსიმელური სიგრძე უნდა იყოს მხრებამდე.

და სხვა...

ბიგუდები თმის ქიმიური დახვევისთვისთმის ქიმიური დახვევის საბოლოო შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ბიგუდებზე. თმა მათზე დახვეული უნდა იყოს მსუბუქი მოძრაობით, თუმცა არ უნდა ჭიმავდეს თმის ძირებს და ამავე დროს არ იყოს თმაზე დაკიდებული და არ მოძრაობდეს თავისუფლად.

ბიგუდებზე ძალიან მჭიდროდ დახვეული თმა შეიძლება დაზიანდეს, სუსტად დახვეული თმისგან კი არ გაკეთდება საჭირო ფორმის კულულები.

გახსოვდეთ, რომ ბიგუდის ზომა განსაზღვრავს კულულის ზომას. წვრილი ბიგიდებისგან კეთდება ვიწრო კულულები, ხოლო მსხვილი კულულები დიდი ზომის მსხვილი ბიგუდებისგან. საბოლოო შედეგზე მოქმედებს ბიგუდების ფორმაც.

ამიტომ, მაგალითად -  თუ თქვენ გსურთ ფართო, მსხვილი კულულები, ხოლო სტილისტი თმის დასახვევად ამზადებს წვრილ ბიგუდებს (ან პირიქით), უთხარით მას ამის შესახებ.

თუ თმის დახვევა პროფესიონალურ დონეზე და ხარისხიანი პრეპარატებითაა შესრულებული, იგი თმაზე რამოდენიმე თმის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც უფრო დიდია შუალედი თმის ქიმიურ დახვევებს შორის, მით უფრო ნაკლებად ზიანდება თქვენი თმა. თუმცა ნუ გადადებთ ვიზიტს 3-4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ყველაზე მარტივი საშუალება პერმანენტისგან განთავისუფლებისა არის დახვეული თმის მოკლედ შეჭრა და ზრდის პერიოდში ფენით გასწორება.

რჩევები თმის ქიმიურ დახვევამდე და დახვევის შემდეგ

რჩევები თმის ქიმიურ დახვევამდე და დახვევის შემდეგ»» თუ გადაწყვიტეთ თმის ქიმიური დახვევა, აუცილებელია კვალიფიციური კონსულტაციისთვის მიმართოთ პროფესიონალ სტილისტს, რომელიც შეისწავლის თქვენი თმის სტრუქტურას, მის მდგომარეობას, აგრეთვე თქვენს ჯანმრთელობას.

(ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები, რომელსაც ახლავს თმის ცვენა, ალერგია და ა.შ) ამის შემდეგ იგი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას:

იგი პირველ რიგში გირჩევთ საჭიროა თუ არა თქვენთვის ქიმიური დახვევა და რომელი მეთოდია ოპტიმალური.

ხოლო მეორეს მხრივ გირჩევთ არ გაიკეთოთ ქიმია, თუ თმა არ არის ჯანმრთელი და დაზიანებულია მისი სტრუქტურა (ცუდი საღებავით, წინა ქიმიით, მზის სხივებით და ა.შ)

»» თუ თავის კანი მგრძნობიარე ან დაზიანებულია, უარი თქვით თმის ქიმიურ დახვევაზე. დახვევის წინ თმა დაივარცხნეთ ფრთხილად, ისე, რომ არ დააზიანოთ თავის კანი.

თუ გრძნობთ, რომ თავის კანი გეწვით, მაშინვე ჩამოიბანეთ ხსნარი, იგივე გააკეთეთ, თუ ხსნარი შემთხვევით თვალში ჩაგივიდათ და მაშინვე მიმართეთ ექიმს.

»» თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ქიმიური დახვევა სასარგებლოც კია. იგი მსუბუქად გააშრობს თავის კანს და ვარცხნილობაც მომხიბვლელად გამოიყურება.

»» ძალიან თხელი, ან ძალიან სქელი და ხშირი თმის ქიმიური დახვევა არ არის რეკომენდებული.

თხელი თმა კიდევ უფრო დაზიანდება, ხოლო სქელი მეტად აფუვდება და მისი მოვლა გაგიჭირდებათ;

»» თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ქიმიურ დახვევას - სცადეთ და გაიკეთეთ საცდელი ტესტი ერთ ან ორ კულულზე მანამდე, სანამ ხსნარი წასმული იქნება მთელს თმაზე.

ამის შემდეგ სტილისტი ყოველ 10 წუთში მოხსნის ბიგუდს და დააკვირდება, თუ როგორ მიდის პროცესი.

»» ყურადღება მიაქციეთ, რომ ხსნარი თავზე იყოს ზუსტად განსაზღვრული დროის განმავლობაში, ზედმეტი რამოდენიმე წუთიც კი შესაძლოა საშიში იყოს, ამიტომ იყავით ყურადღებით, რომ სტილისტს დრო არ გამოეპაროს

»» ნუ ეცდებით წარუმატებლად გაკეთებული ქიმიური დახვევის გადაკეთებას. მართალია ეს შესაძლებელია, მაგრამ არ არის სასურველი.

თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თმის დახვევის ან გასწორების შედეგით, განიხილეთ შესაძლო ვარიანტები სტილისტთან ერთად, თუმცა გახსოვდეთ, რომ გადაკეთება შეიცავს დიდ რისკს, რომ საერთოდ გაიფუჭებთ ვარცხნილობას.

»» ნუ გამოიყენებთ თმის ქიმიური დახვევის შემდეგ 48 სთ-ის განმავლობაში კონდიციონერს და ვარცხნილობის მოვლისთვის განკუთვნილ სხვა საშუალებებს. მიეცით საშუალება დახვეულ თმას კარგად გამაგრდეს და შეინარჩუნოს საჭირო ფორმა.

თუმცა, სანამ დაიხვევდეთ, დაფიქრდით გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ამგვარ დატვირთვას, ან დახვევის შემდგომში დაზიანებული თმის აღსადგენად თუ გეყოფათ ნებისყოფა - რეგულარულად გამოიყენოთ ნიღბები და აღმდგენი საშუალებები.

»» ძალიან ეფექტურია, თუ ყოველი დაბანის შემდეგ კულულებს დაისველებთ პურის ნაყენში. პურის ნაყენი მზადდება ასე - 300 გრამ ჭვავის პურს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში 5 სთ-ის განმავლობაში. ნაყენი მზადაა,.

ამასთან ერთად შესაძლებელია ბალახეული ნაყენების გამოყენება: გვირილის, სვიის ან ჭინჭრის ნაყენი.

»» გაღიავებულ ან გამუქებულ თმაზე ქიმიური დახვევის გაკეთება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან თმა ხდება ძალიან მშრალი, კარგავს ფერს, ბუნებრიობასა და ელასტიურობას. 

»» ძალიან ფრთხილად მოეპყარით ვარცხნილობას ქიმიური დახვევის შემდეგ: დაიბანეთ თავი რბილი შამპუნით, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ქიმიურად დახვეული თმისთვის, ან შამპუნი სუსტი და დაზიანებული თმისთვის.

გამოიყენეთ თმის კონდიციონერი, ერიდეთ თავის გადახურებას, მზის სხივებს და ქლორს.

»» არ შეიძლება ახლად შეღებილი თმის ქიმიური დახვევა, უმჯობესია თმა ჯერ დაიხვიოთ და რამოდენიმე ხანში შეიღებოთ.

დახვევასა და შეღებვას შორის შუალედი მინიმუმ 48 საათი უნდა იყოს.

»» თუ ქიმიური დახვევის შემდეგ თმის შეღებვას აპირებთ, რეკომენდებულია თმა შედარებით მუქ ტონებში შეიღებოთ. ეს თავიდან აგაცილებთ თმის დამწვრობასა და გაუხეშებას;

»» თმის ქიმიური დახვევის პროცედურის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ კულულების დატენიანება სპეციალური ნიღბების საშუალებით, რომელთა შემადგენლობაში შედის კოლაგენი ან აბრეშუმის პროტეინები, პანტენოლი ან კერატინი.

ამასთან, გამოიყენეთ თმისთვის განკუთვნილი ატმის, ნუშისა და ბირკავას ზეთი. გამოყენების წინ სასურველია ზეთი ოდნავ შემთბარი იყოს. კარგ შედეგს იძლევა თევზის ქონი.

»» რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, რათა არ მოხდეს მათი დაყოფა. ასევე რეკომენდებულია სპეციალური კრემი დაზიანებული და უსიცოცხლო თმის ბოლოებისთვის.

»» გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი, რომ არ დაზიანდეს თქვენი ვარცხნილობა

»» ზამთარში თმას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ამიტომ მოერიდეთ თმის ქიმიურ დახვევას წელიწადის ამ დროს.

»» თმის ქიმიური დახვევის შემდეგ რეკომენდებულია თმის კონდიციონერების, ბალზამების, სასხურებლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს თმის აღდგენის პროცესს.

თუმცა ეს საშუალებები ბრმად არ შეიძინოთ, გაითვალისწინეთ თქვენი თმის ტიპი და სტრუქტურა;

»» თუ ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ყველაზე უხეში ქიმიური მეთოდით დახვეული თმის შემთხვევაშიც კი შეძლებთ თმის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ