სასურველი ვარცხნილობისთვის დიდი როლი ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა თმის შეჭრა.
თმის შეჭრის წინ, სტილისტთან წასვლამდე, აუცილებელია პასუხი გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას:
»» დღეში რა დროის დათმობა შეგიძლიათ საკუთარი ვარცხნილობისთვის;
»» უხდება თუ არა შერჩეული ვარცხნილობა თქვენი ტიპის თმას;
»» ეხამება თუ არა ვარცხნილობა თქვენი სახის ფორმას;
»» შეესაბამება თუ არა ვარცხნილობა თქვენი ჩაცმის სტილს და პროფესიას;
რატომ არის საჭირო ამ ყველაფრის გათვალისწინება? პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე შეჭრილი თმები მალე არ გაიზრდება, არასწორად შეჭრილმა თმებმა კი შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ არც თუ ისე მცირე დროის განმავლობაში.
ზოგადი რჩევები გრძელი თმის შესაჭრელად
აქვს თუ არა მნიშვნელობა მაკრატლის ხარისხს
თმის შეჭრის დროს, რა თქმა უნდა მაკრატლის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს.
იგი აუცილებლად ხარისხიანი და კარგად გალესილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დააზიანებს თმის ბოლოებს.
შეიძლება თუ არა თმის დამოუკიდებლად შეჭრა
მიუხედავად იმისა, თმა გრძელია თუ მოკლე, ნუ შეიჭრით მას დამოუკიდებლად, სალონში წასვლისა და სტილისტის გარეშე.
გახსოვდეთ, რომ საუკეთესო სტილისტებიც კი ერიდებიან საკუთარ თავზე ამის გაკეთებას.
რა თქმა უნდა ეს ეხება სალონურ, სერიოზულ ვარცხნილობას. თუ მხოლოდ გრძელი თმის ბოლოების გასწორება ან დაყოფილი ბოლოების მოცილება გსურთ, ეს შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც გააკეთოთ.
შეიძლება მცირედით „ჩოლკაც“ გაისწოროთ, მაგრამ ამაზე შორს ნუ წახვალთ.
უმჯობესია თუ არა, რომ შეჭრის დროს თმა იყოს დანოტივებული (სველი)
მსუბუქად დანოტივებული (დასველებული) თმა შეჭრის დროს არ იწეწება, თანაბრადაა ერთმანეთზე დაწყობილი და უფრო მარტივი შესაჭრელია.
გასათვალისწინებელია, რომ როცა თმა გაშრება, იგი დამოკლდება. ეს ხდება იმის, გამო, რომ სველი თმა იწელება, ხოლო როცა შრება, უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
ამის გათვალისწინებით, ხუჭუჭა და ძლიერ ტალღოვანი თმების შეჭრა მშრალ მდგომარეობაშია რეკომენდებული, რადგან მაშინვე გამოჩნდება, თუ რა სიგრძის დარჩება თმა.
რაც შეეხება „ჩოლკას“, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სველ მდგომარეობაში შეჭრის შემდეგ იგი დარჩება იმ სიგრძის, როგორიც გსურთ, უმჯობესია ისიც მშრალ მდგომარეობაში შეიჭრათ.
საკმარისია თუ არა თმის შეჭრის წინ, კულულების დავარცხნა თმის ჯაგრისით
ეს არ არის საკმარისი. გრძელი, ხშირი თმა გულდასმით უნდა იქნეს დავარცხნილი მთელს სიგრძეზე. ამის შემდეგ თმის ბოლოები გასწორებული უნდა იქნას მეჩხერი სავარცხლით.
თუ გსურთ თმის სიგრძეს რაიმე სახის ფორმა მისცეთ, გამოიყენეთ გრძელკუდა სავარცხელი. მისი საშუალებით მარტივია კულულების ზემოთ აწევა. კულულების დასამაგრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დამჭერები.
საჭიროა თუ არა გრძელი თმის შეჭრა სწორხაზოვნად
ასეთი ვარცხნილობა კარგად გამოიყურება მხოლოდ იდეალურად გლუვი თმის შემთხვევაში. თუ თმას ყოველდღიურად ისწორებთ თმის უთოთი და არ უგულვებელყოფთ სახლის პირობებში თმის დახვევას და ნიღბების გაკეთებას მისთვის ბზინვარებისა და სილამაზის მისანიჭებლად, მაშინ თმის ასეთი სახით შეჭრა თქვენი არჩევანია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია შეიჭრათ თმის ბოლოები მთელს სიგრძეზე ნახევრად რკალისებურად. ასე შეჭრილი თმით, ვარცხნილობასაც მარტივად დაიყენებთ და სურვილის შემთხვევაში თმას ჩამოშვებულ მდგომარეობაში დატოვებთ.
შესაძლებელია თუ არა იმიჯის შეცვლა თმის შეჭრის გარეშე
თუ არ გსურთ გრძელ თმებს დაემშვიდობოთ, შეიჭერით „ჩოლკა“, ან თმები შეიჭერით კასკადურად: ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ თმის სიგრძე, მიანიჭოთ მას დამატებითი მოცულობა და შეცვალოთ იმიჯიც.
რამდენად ხშირად უნდა შეიჭრათ თმა
ბევრი ადამიანი ამ კითხვაზე სცემს სტანდარტულ პასუხს - „თმის შეჭრა საჭიროა თვე-თვენახევარში ერთხელ“. სინამდვილეში კი თმის შეჭრის სიხშირის შესახებ უნივერსალური რეკომენდაციები არ არსებობს.
საქმე იმაშია, რომ თმა იზრდება ყოველწამიერად და ეს ზრდა არ ხდება თანაბრად: შუბლის გასწვრივ, საფეთქლებთან და კისერზე - თმა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე თხემზე. ამას გარდა, იგი კანიდან ამოდის სხვადასხვა დახრის კუთხით.
ამ მიზეზთა გამო, თუ თქვენ თმას იჭრით დეკორატიული მიზნით და ვარცხნილობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, მისი ფორმის შესანარჩუნებლად თმის უფრო მეტი სიხშირით შეჭრაა საჭირო.
ზოგადად კი, რაც უფრო მოკლეა ვარცხნილობა, მით უფრო ხშირად არის საჭირო მისი შესწორება. მაგალითად: მამაკაცები, რომლებიც ატარებენ კლასიკურ მოკლე ვარცხნილობას, სალონებს სტუმრობენ 2-3 კვირაში ერთხელ.
თუ გრძელი თმის გაზრდა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი თმის ტიპის თავისებურებები. ამ შემთხვევაში, თმის შეჭრას უფრო გამაჯანსაღებელი ფუნქცია აკისრია: შეიჭრით რა სუსტ და დაყოფილ ბოლოებს, არ მისცემთ თმას აშრევებისა და აწეწვის საშუალებას.
ამიტომ, თუ გრძელი თმის გაზრდა გადაწყვიტეთ, აუცილებელია თმის ბოლოების რეგულარული (თვეში ან ორ თვეში ერთხელ) შეჭრა თუნდაც რამდენიმე მილიმეტრით.
თუ ასე გააკეთებთ, ერთი წლის შემდეგ გექნებათ უფრო გრძელი თმა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეიჭრიდით მის ბოლოებს. ამასთან, თმა იქნება უფრო ჯანმრთელი.
ვისთან შევიჭრათ თმა
შეეცადეთ, რომ არ შეიჭრათ თმა საკუთარი ხელით. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ხდება ადამიანის ბიოენერგეტიკული პოტენციალის გაწონასწორება. რის გამოც თქვენი ბიოველი დაზიანდება.
მარტივად რომე ვთქვათ, სტილისტ/პარიკმახერის სუფთა ბიოველი შთანთქავს თქვენს დაბინძურებულ ბიოველს მანამ, სანამ არ მოხდება ორივე ბიოველის ვიბრაციის რეზონანსი.
რაც არ უნდა ფიზიკურად და სულიერად ძლიერი იყოთ, დამოუკიდებლად ძალიან რთულია საკუთარი ბიოველის სტრუქტურების დეფორმაციის გამოსწორება. უმჯობესია ეს დადებითი აურის პარიკმახერ/სტილისტს ან სხვა ადამიანს მიანდოთ.
ამას გარდა, ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც იგი სუპერპროფესიონალი სტილისტ/პარიკმახერი იყოს, შეუძლია დაარღვიოს თქვენი ბიოველი, თუ თავად იმყოფება არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მაგალითად: თუ არის ავად, მოქცეულია ნეგატიური მაგიური ზემოქმედების ქვეშ, ან უბრალოდ ცუდ ხასიათზეა.
ამ შემთხვევაში, თქვენს თმაზე ჩატარებული მანიპულაციების შედეგად, მისი ნეგატივი გადმოვა თქვენზე და შესაძლოა თავი ცუდად იგრძნოთ. ცუდად გაიზრდება თმა და ვარცხნილობასაც არ ექნება ის ეფექტი, რაც გსურთ.
ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც თმას გჭრით, ცვლის თქვენს ბიოველს. ამიტომ როცა პარიკმახერ/სტილისტთან წასვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ აირჩიოთ არა მხოლოდ მოდური ვარცხნილობა, არამედ სიცოცხლისმოყვარული, ენერგიული და დადებითი აურის მქონე
სტილისტი/პარიკმახერი, რომელიც სულ მოღუშულია და წუწუნებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ცუდ მდომარეობაშია თქვენი თმა, ნამდვილად ვერ გაგიუმჯობესებთ ბიოველს, რაც არასახარბიელოდ აისახება როგორც ვარცხნილობაზე, ასევე თმის საერთო მდგომარეობაზე
როგორ ავირჩიოთ სტილისტი/პარიკმახერი
თავი რომ დავანებოთ კარმას, დადებით აურასა და ბიოენერგეტიკულ პოტენციალს, პროფესიონალი სტილისტი/პარიკმახერი უნდა გამოირჩეოდეს შემდეგი თვისებებით:
»» ნებისმიერი პროფესიონალი სტილისტი, არასოდეს აიმაღლებს საკუთარ ავტორიტეტს მისი წინამორბედი სტილისტ/პარიკმახერის ლანძღვის ხარჯზე;
»» კარგი პარიკმახერი უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით მოისმენს თქვენს სურვილებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს რჩევების მოცემას ვარცხნილობასა და თმის შეღებვასთან დაკავშირებით;
»» თმის შეჭრის პროცესი, უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილებას უნდა განიჭებდეთ. ნამდვილი სპეციალისტი ინსტრუმენტებს ისე ოსტატურად და თავისუფლად უნდა ფლობდეს, რომ მის მუშაობას თვალს სიამოვნებით ადევნებდეთ;
»» ზოგი პარიკმახერი გირჩევთ თმის მოვლის საშუალებებს, რომლის შეძენაც შეიძლება უშუალოდ მასთან. სხვა კიდევ შემოგთავაზებთ ამ საშუალებების საცდელ ნიმუშს. ეს ყველაფერი ზომიერ ფარგლებში უნდა ხდებოდეს, არ შეიძლება პარიკმახერი თმის კოსმეტიკის გამყიდვლად გადაიქცეს;
»» კარგი სპეციალისტი აუცილებლად დაინტერესდება: რამდენად ხშირად იბანთ თავს, რა დროს ანდომებთ თმის დავარცხნასა და დაწყობა/დალაგებას. აგრეთვე თმის მოვლისა და დალაგების რომელი საშუალებებით სარგებლობთ. ამგვარად იგი გაითვალისწინებს თქვენს ჩვევებს ვარცხნილობის გაკეთების დროს და იზრუნებს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით სალონიდან გასვლის შემდეგ, არამედ იმაზეც, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ვარცხნილობა ყოველდღიურად და შეძლებთ თუ არა დამოუკიდებლად მის მოვლას, ან როგორი იქნება ვარცხნილობა ყოველდღიური დაწყობა/დალაგების გარეშე.
»» თმის შეჭრის თანამედროვე ტექნიკა სრულდება მხოლოდ ახალდაბანილ თმაზე. ამიტომ, თუ პარიკმახერმა თმის შეჭრამდე და ვარცხნილობის გაკეთებამდე არ შემოგთავაზათ თავის დაბანა, სასურველ შედეგს არც ელოდოთ.
»» პარიკმახერები თავისებურად ხელოვანი ადამიანები არიან, ამის გამო, შეიძლება ზოგიერთი მათგანი უკიდურესად უჩვეულოდაც გამოიყურებოდეს. მიუხედავად ამისა, სტილისტის იერ სახე უნდა იყოს სუფთა და ფაქიზი.
»» კარგი პარიკმახერი ხელსაწყოები თანამედროვე, სუფთა და სტერილური უნდა იყოს. სავარცხელი ყოველი ხმარების შემდეგ უნდა ირეცხებოდეს და სტერილდებოდეს, მასზე არ უნდა იყოს წინა კლიენტების თმის ნარჩენები;
»» ფაქიზი და სუფთა სტილისტი/პარიკმახერი აუცილებლად უნდა იყენებდეს ერთჯერად საყელოებს საკუთარი კლიენტებისთვის და არ უნდა შეუკრას პენუარი მომხმარებელს შიშველ კისერზე;
»» სტილისტმა, რომელიც საკუთარ თავს და პროფესიას პატივს სცემს, არ უნდა სთხოვოს კლიენტს, რომ მან თავად დაივარცხნოს თმა, გაიშროს თავი, ან მოაწოდოს ესა თუ ინსტრუმენტი;
პარიკმახერ/სტილისტის შერჩევასთან ერთად, აუცილებელია თავად იყოთ დაინტერესებული და განწყობილი იმისთვის, რომ მიიღოთ იდეალური ვარცხნილობა. ამისთვის, სალონში წასვლამდე გარკვეულ ზომებს თავადაც უნდა მიმართოთ.
მაგალითად: სტილისტთან ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დაიბანეთ თავი და მოერიდეთ თმის გულდასმით დავარცხნასა და დაწყობას. ამით სტილისტი შეძლებს თქვენი თმის ხარვეზების უკეთესად დანახვას და მუშაობის პროცესში მის გათვალისწინებას.
გაითვალისწინეთ, რომ თმის შეჭრის, ან შეღებვის პროცესში ვერც საყელო და ვერც სპეციალური პენუარი ვერ დაიცავს თქვენს სხეულსა და ტანსაცმელს შეჭრილი თმის ნარჩენებისგან და თმის საღებავისგან, ამიტომ ჩაიცვით ის სამოსი, რომლის დასვრაც არ დაგენანებათ.
თუ ახალი ტიპის ვარცხნილობას პირველად იკეთებთ, უმჯობესია ინტერნეტში ან ჟურნალებში წინასწარ მოიძიოთ ფოტო სასურველი ვარცხნილობით, ფერით და აჩვენოთ სტილისტს, რათა მან შეძლოს სწორი ორიენტაცია და მიიღოთ მაქსიმალურად მიახლოებული შედეგი.
თმის შეჭრა ცხელი მაკრატლით
ამ მეთოდს თვით კლეოპატრა მიმართავდა. ბრძენმა ეგვიპტელებმა შეამჩნიეს, რომ თბილი მაკრატლით გაკეთებული ვარცხნილობა, უფრო ლამაზი და ეფექტური გამოდიოდა. მონები აცხელებდნენ მაკრატელს და აწოდებდნენ ოსტატს.
დღესდღეობით მაკრატლის მექანიკური გაცხელება ელექტროენერგიით გაცხელებამ ჩაანაცვლა, რომელსაც გამოიყენებენ თანამედროვე სილამაზის სალონებში.
ცხელდება მაკრატლის მხოლოდ მჭრელი პირი, რომლის ტემპერატურა რეგულირდება სპეციალური კომპიუტერის საშუალებით. ასე რომ, დაწვის ან დენის დარტყმის საშიშროება გამორიცხულია.
სამკურნალო თვისება ვლინდება თმის ღერის გადაჭრის ადგილზე ლღობისას. ჩვეულებრივ შეჭრილი თმა დაუცველია გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან
თბილი მაკრატლით შეჭრის პროცესი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი შეჭრის პროცესისგან, უბრალოდ მეტ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს.
სამაგიეროდ ორი-სამი ასეთი მეთოდით სარგებლობის შემდეგ თქვენ ვერც კი იცნობთ საკუთარ თმას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
თმის ცეცხლით შეჭრა
ინდოელი აკელ კირატპური განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მრავალი სტილისტისგან თავისი არაჩვეულებრივი, უცნაური და ცოტათი სახიფათო თმის კორექტირების მეთოდით.
კირატპური ხელში იღებს სანთელს და ხელოვნურად მანიპულირებს მისი საშუალებით. სანთლის ცეცხლით ის საჭირო ფორმას აძლევს კლიენტების თმას, წვერ-ულვაშს და ისინი კი ამით კმაყოფილებას და აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
კირატპურის აზრით ის არაფერს ახალს არ ქმნის, ინდოეთში კოლონიზატორების მოსვლამდე, თურმე თმას ამ მეთოდით კრეჭდნენ. კოლონიზატორებმა პირველად შეიტანეს მაკრატლით შეჭრის მეთოდი.
აღიარებენ, რომ მაკრატელით თმის შეჭრა გაცილებით მარტივია, თუმცა არა საუკეთესო ამ საქმიანობისთვის. მაკრატლით შეჭრისას თმა იხლართება და მუდმივ დასველებას საჭიროებს. ცეცხლით მოქმედებისას ასეთი რამ გამორიცხულია.
ცეცხლით თმის კორექტირება, ერთი საათი მაინც გრძელდება. ამ პროცესს საკმაოდ ფრთხილი მიდგომა და დიდი ოსტატობა სჭირდება. ინდოელებს სწამთ, რომ თმა დროთა განმავლობაში თავის სტრუქტურაში როგორც დადებით, ასევე უარყოფით ენერგიას აგროვებს და რეკომენდებულია მისი დროდადრო შეკრეჭა, რათა განთავისუფლდეთ დაგროვებული უარყოფითი მუხტისგან.
მოჭრილი თმა უნდა განადგურდეს, რომ უკეთურმა ადამიანებმა იგი ცუდი მიზნებისთვის არ გამოიყენონ. ცეცხლი კი გარდა იმისა, რომ უმალვე ანადგურებს ზედმეტ თმას, ასუფთავებს კარმას.
ასეთი წესით თმის შემოკლების შემდეგ თმის ბოლოები არ იყოფა. ცეცხლით თმის კორექტირება მოდაშია მთელ მსოფლიოში, მთავარია მოიძებნოს ნამდვილი სპეციალისტები. მეტ ნდობას იმსახურებენ სტილისტები, რომელთა სამშობლო ინდოეთია.
როდის უნდა შევიჭრათ თმა
ჩვენი წინაპრები, თმის შეჭრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
ითვლებოდა, რომ თმას გააჩნდა სასიცოცხლო ენერგია, ამიტომ მისი შეჭრა არასასურველად ითვლებოდა.
ხოლო იმ შემთხვევაში, როცა თმას იჭრიდნენ, იცავდნენ გარკვეულ წესებს.
ზოგიერთმა ასეთმა წესმა დღევანდელ დღემდეც მოაღწია, მაგალითად :
»» ავადმყოფობის შემთხვევაში, საჭირა თმის ბოლოები შეჭრა - შეჭრილ თმის ბოლოებს გაჰყვება ავადმყოფობაც;
»» იმისათვის, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, თმის ბოლოების შეჭრა უნდა მოხდეს სავსე ან მზარდი მთვარის პერიოდში;
»» არ შეიჭრათ თმა საკუთარი ხელით, ეს დააზიანებს თქვენს ბიოველს;
»» მზარდი მთვარის პერიოდში შეჭრილი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ხოლო კლებადი მთვარის პერიოდში შეჭრილი უფრო ნელა;
»» არ შეიჭრათ თმა ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ;
»» არ შეიჭრათ თმა მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში;
»» არ შეიჭრათ თმა მე-9, მე-15, 23-ე და 29-ე ეგრეთ წოდებულ სატანურ მთვარის დღეებში.
»» არ შეიჭრათ თმა პარასკევს და განსაკუთრებით კვირა დღეს;