ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მშობლებმა შეასწავლონ შვილებს
საბავშვო ბაღში მისვლის პირველი დღე, ბავშვი საგულდაგულოდ დავარცხნილია, აცვია ახალი, ლამაზი ტანსაცმელი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან შეშინებულია.
ბავშვის დედას ეს არ ესმის, რატომღაც იგი დარწმუნებულია, რომ მისი პატარა 5 წლის ასაკისთვის ბაღისთვის შესანიშნავადაა მომზადებული: იცის ანბანი, ითვლის ასამდე, წერს საკუთარ სახელსა და გვარს და ა.შ, მაგრამ ბავშვი არ აღმოჩნდა მზად ეცხოვრა ახალ გარემოში.
იგი იყო შებოჭილი, არ შედიოდა კონტაქტში სხვა პატარებთან და დღის ძირითად ნაწილს კუთხეში, მარტო ატარებდა.
იმავე დღეს, საბავშვო ბაღში მეორე ბავშვი მიიყვანეს, რომელიც ძლივს ითვლიდა ათამდე, ვერ წერდა და ანბანის ასოებიც ეშლებოდა, მაგრამ დედის წასვლის შემდეგ, პატარა მივიდა აღმზრდელთან და გაუღიმა, შემდეგ შეირბინა ოთახში, სადაც თამაშობდნენ ბავშვები და თამამად სთხოვა მათ, ისიც ჩაერთოთ თამაშში.
ბევრი მშობელი თვლის, რომ საბავშვო ბაღისთვის მომზადება გამოიხატება ბავშვისთვის ანბანის, წერა-კითხვის და ა.შ შესწავლაში, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
რა თქმა უნდა არავინაა წინააღმდეგი ბავშვმა შეიძინოს ასეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მაგრამ უმჯობესია ეს ყველაფერი შეისწავლოს მას შემდეგ, როცა საფუძველი ექნება ჩაყრილი სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
თეორიულ ამოცანებზე ძალიან ადრეულმა კონცენტრაციამ, შეიძლება შეაფერხოს ბავშვის ნორმალური განვითარება. ბუნებას ადამიანის განვითარების საკუთარი განრიგი გააჩნია.
ასწავლო სამი წლის ბავშვს წერა, ეს იგივეა, აიძულო სამი თვის ჩვილი ფეხზე გაიაროს. შეიძლება ამით მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბავშვი მომზადებულია საბავშვო ბაღისთვის ან ზოგადად, ცხოვრებისთვის, თუ მან არ იცის შემდეგი:
უყვარდეს საკუთარი თავი
საკუთარი თავის სიყვარული ერთ-ერთი ფუნდამენტალური და მნიშვნელოვანი უნარია. ის, ვისაც არ შეუძლია შეაფასოს საკუთარი თავი, ვერასოდეს შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.
ხშირად მშობელი ვერ ახერხებს შეაყვაროს ბავშვს საკუთარი თავი და ვერ აძლევს მას იმ დონის თავისუფლებას, რომელიც პატარისთვის აუცილებელია.
ბავშვს, რომელსაც შთააგონებენ, რომ იქცევა ცუდად, უვითარდება საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება,რაც უფრო მეტად უშლის ხელს მისი შემდგომ ცხოვრებას, სიყვარულის უნარის ჩამოყალიბებას, სწავლა-განვითარების პროცესს, ვიდრე სხვა, ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემა.
ურთიერთობა დაამყაროს სიტყვების დახმარებით
მას შემდეგ, რაც ბავშვები შეძლებენ ახსნან საკუთარი საქციელის მნიშვნელობა, მათთვის აუცილებელია ისწავლონ სხვა ადამიანების დახმარება, მათი გაგება.
მნიშვნელოვანია, რომ უფროსები ყურადღებით მოეპყრონ პატარების მიერ წარმოთქმულ ფრაზებს და გამოხატონ შესაბამისი რეაქცია.
თუ ბავშვი უკვე ამბობს ”მე მეშინია”, მე ძალიან მიყვარს”, მე სურვილი მაქვს” და ა.შ, ეს ნიშნავს, რომ მან უკვე შეიძინა ის უნარი, რომელიც ითხოვს აუცილებელ თავისუფლებას იმისთვის, რომ იფიქროს, დაინტერესდეს და ისწავლოს.
დაინტერესდეს და დასვას შეკითხვები
ყველაზე პოპულარულმა წიგნებმა, და საუბრებმა იმის შესახებ, თუ როგორი ცოდნა და შესაძლებლობა არის აუცილებელი ბავშვისთვის, უკანა პლანზე გადასწია მისი ბუნებრივი და ინსტიქტური ცნობისმოყვარეობა.
ძალიან ხშირია, როცა მშობელს უყურადღებოდ რჩება ბავშვის მიერ დასმული შესანიშნავი შეკითხვები: ”რატომ იცვლიან ფოთლები ფერს?”, ”როგორ იზრდება ბალახი?”, ”სად ჩადის მზე?” და ა.შ. და როცა მას ესმის პასუხად ”არ ვიცი”, ”ეხლა არ მცალია”, ”კითხე მამას (ან დედას)” და ა.შ, ამით მშობელი ბავშვს უსპობს ცოდნის მოპოვების სურვილს.
მაგრამ თუ პირიქით, ბავშვის ცნობისმოყვარეობა იქნება წახალისებული და მხარდაჭერილი, თუ მშობელი დაეხმარება მას უპოვოს პასუხები კითხვებზე, იგი გახდება გაცილებით მონდომებული, რაც გაზრდის მოზარდის მოტივაციას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
გაიგოს, რომ რთულ კითხვებზე, არ არსებობს მარტივი პასუხები
ახალი თაობის ბავშვები ადრე თუ გვიან იძულებული გახდებიან შეეჩეხონ ძალიან სერიოზულ საკითხებს და გაუჩნდეთ შეკითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რიგ შემთხვევებში კი თითქმის შეუძლებელი.
მაგალითად ”ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა”, ”დემოგრაფიული აფეთქება”, ”ბირთვული იარაღის გავრცელება, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სამყარო” და ა. შ.
იმისათვის, რომ ბავშვი გონიერი და მოაზროვნე გაიზარდოს, მან უნდა იცოდეს, რომ მარტივი გადაწყვეტილება, ან პასუხი არ ხსნის პრობლემას, რომ უნდა ჩაწვდეს უფრო ღრმად, რათა მიიღოს ოპტიმალური პასუხი ამა თუ იმ შეკითხვაზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ხეს ფოთლებისა და ტოტების გარდა ფესვებიც აქვს.
ბავშვისთვის აუცილებელია თავიდანვე გამოსცადოს ცხოვრებისეული სიტუაციის სირთულე, რათა მომავალში მზად აღმოჩნდეს ნებისმიერი გაურკვეველი სიტუაციისათვის.
ენდობოდეს უფროსებს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ენდობოდეს უფროსებს. ეს რთული მისაღწევია, თუ ისინი მას ატყუებენ. მაგალითად ეუბნებიან, რომ არსად არ წავლენ, ბავშვი კი დილით აღმოაჩენს, რომ მასთან ძიძაა.
ან შეპირება, რომ ექიმი მას არ ატკენს - ის კი ტკენს. იმისათვის, რომ ბავშვმა დაიჯეროს, უმჯობესია თუ მას ეტყვით ”უნდა გავიდე ერთი-ორი საათით, ვიდრე შენ გძინავს”, თუნდაც ამას მოყვეს მისი ცრემლების ზღვა და განშორების მძიმე სცენა. ან ექიმთან - ”შეიძლება ცოტათი გეტკინოს, მაგრამ ნუ გეშინია, მალე გაგივლის, მეც შენთან ვიქნები”.
ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მის მიმართ გულწრფელები არიან. ის თავადაც არ მიეჩვევა ტყუილებს და მისი ნდობის მოპოვება ადვილი იქნება.
შეეძლოს დამოუკიდებლად ფიქრი
თქვას ”არა”, ბავშვისთვის ნიშნავს განაცხადოს - ”მე ვარსებობ”. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მას გარკვეული წარმოდგენა უყალიბდება საკუთარ თავზე.
ზოგიერთ მშობელს იმის მაგივრად, რომ ეს უხაროდეს, პირიქით, აშინებს და სწყინს.
ხუთი წლის ასაკში, ბავშვს უკვე უნდა გააჩნდეს საკუთარი აზრი. ამას ყოველმხრივ ხელის შეწყობა სჭირდება.
იგი ყოველმხრივ წახალისებული უნდა იქნეს, თუ გამოთქვამს საკუთარ აზრს, არ უნდა ეშინოდეს, რომ ამისთვის დასჯიან.
არ შეეშინდეს წარუმატებლობის და იცოდეს რა დროს დაეყრდნოს უფროსებს
იმისათვის, რომ ადამიანმა რამის გაკეთება შესძლოს, არ უნდა შეეშინდეს შეცდომის დაშვების და წარუმატებლობის.
ბავშვს სჭირდება ახსნა და დახმარება, რათა გაიგოს, რომ სწავლა ხანგრძლივი და ნელი პროცესია, რომელსაც თან ახლავს უამრავი შეცდომა, რომ არც ერთი დიდი აღმოჩენა არ გაკეთებულა, რომელსაც წინ არ უძღოდა მთელი რიგი წარუმატებლობები.
ნდობა უფროსების მიმართ უნდა იყოს დამყარებული იმაზე, რომ ბავშვი დროულად ხვდებოდეს, როდის სჭირდება მას დახმარება.
უფროსებმა ბავშვს უნდა აუხსნან, რომ ისინი მეგობრები არიან, შეუძლიათ დახმარება და ყოველგვარი მეურვეობის გარეშე ჩაწვდომა მათ სამყაროში.
PS
სწავლა, ურთიერთობის დამყარება და ცხოვრება, ბავშვისთვის გაცილებით იოლი იქნება, თუ მას არ დარჩება ადრეულ ბავშვობაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები.
მნიშვნელოვანია ყველა მშობელმა იცოდეს, რომ ყველაზე მშვიდი და საიმედო გარემო ბავშვისთვის ოჯახია, ის მისი სახლია, სადაც იგი უყვართ და თავს ყველაზე დაცულად გრძნობს.
ყველაფერ კარგს, რასაც პატარა ისწავლის ბავშვობაში, თან წაიღებს მოწიფულ ცხოვრებაში.