კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:11

ბავშვის უძილობის მიზეზები

ბავშვის უძილობის მიზეზებიბევრი ახალგაზრდა და ახალბედა დედისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა მეძუძური ბავშვი ღამეში რამდენიმეჯერ იღვიძებს, ტირის და შემდეგ ძნელად იძინებს.

ძალიან რთულია ხოლმე შედარებით უფრო ასაკის ბავშვების დაძინებაც, რადგან ისინი მიმართავენ სხვადასხვა ხრიკებს, რათა თავიდან აირიდონ და რაც შეიძლება გადადონ დაძინების პროცესი.

შუქის ჩაქრობის შემდეგ ისინი ხშირად ითხოვენ: წყალს, ჩაის, პურის ნატეხს, ან ღამის ქოთანზე დასმას.

გასაგებია, რომ როცა ბავშვს სძინავს, ოჯახში ყველა ფრთხილობ და ცდილობს არ იხმაუროს.

ამ დროს, ხმას უწევენ ხმაურის ყველა შესაძლო წყაროს (ტელევიზორი, ტელეფონი და ა.შ) და ფეხისწვერებზეც კი დადიან ხოლმე. ან თავადაც წვებიან დასაძინებლად, მაგრამ მიუხედავად ამგვარი მცდელობებისა, ბავშვს მაინც ცუდად სძინავს და ხშირად იღვიძებს.

მაშ რა არის ბავშვის ცუდი ძილისა და დროგამოშვებით ძილის შეწყვეტის მიზეზი?

საქმე ისაა, რომ ეს მიზეზები შესაძლოა იყოს სხვადასხვა და განსხვავებული:

კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა - თუ ბავშვს დარღვეული აქვს კვების რეჟიმი, ხშირად ეღვიძება ღამით, უდროო დროს და ითხოვს საკვებს.

იგივე ეხება ძილსაც - თუ ბავშვს არეული ძილის გრაფიკი აქვს, მეტი შანსია გაუტყდეს ძილი და ღამით ვეღარ დაიძინოს.

ყოველდღიური ძილის წინა რიტუალის დარღვევა - შეიძლება ბავშვის უძილობის მიზეზი გახდეს.

პატარასთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, იდენტური მოქმედებების ნაკრები, დღის მკაცრი გრაფიკი - ეს ყველაფერი მასში აღძრავს უსაფრთხოების განცდას. იგი მშვიდდება და უშფოთველად ეძინება.

შუქი და ხმა - ბავშვის ძილს სასრგებლოდ წაადგება საძინებელში ეგრეთ წოდებული „თეთრი ხმაურის“ შექმნა. ეს შეიძლება იყოს ვენტილიატორის ხმა, მუსიკა, ქარისა და წვიმის ხმა, წყნარი სასიამოვნო მუსიკა და ა.შ.

მნიშვნელოვანია შუქის ფაქტორიც. თუ ბავშვის დღის განმავლობაში მკვეთრ დღის სინათლზეა, ეს კარგია, რადგან ღამით, გამომუშავდება მელატონინი - ფარისებლი ჯირკვლის ჰორმონი. დილით ბავშვის ტვინი გაჯერებულია ამ ჰორმონით, რომლისგანაც იგი თავისუფლდება მზის სინათლის საშუალებით (ფოტოთერაპიის საფუძველი)

ერთი სიტყვით, თუ დღე გაჯერებულია ჩახჩახა სინათლით, ხმამაღალი საუბრით, სიცილით და თამაშით, საღამოს სასურველი ჩამოაფაროთ მძიმე ფარდები, რათა შუქი დაიჩრდილოს, ხოლო საუბარი და სხვადასხვა სახის ხმები უნდა გახდეს რაც შეიძლება ჩუმი. ეს პოზიტიურად აისახება ბავშვის ემოციონალურ მდგომარეობაზე.

მოუხერხებელი საწოლი - ძალიან ხშირად ხოლმე ბავშვის უძილობა სწორედ ამით არის გამოწვეული.

ეს შეიძლება იყოს: ძალიან რბილი ან მაგარი მატრასი, მაღალი ბალიში, ვიწრო საწოლი და ა.შ.

ბავშვის უძილობის გავრცელებული მიზეზები განშორება - უძილობის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მიზეზია (2-3 წლის ბავშვებში)

ბავშვი ამ ასაკში ცდილობს აკონტროლოს საკუთარი გარე-სამყარო და მაშინვე ამჩნევს ვინმეს მის გვერდით არ ყოფნას (განსაკუთრებით დედის).

ბავშვს ამ დროს უჩნდება შიში, რომ მისთვის ასე ნაცნობი სამყარო იცვლება და ვინმეს კარგავს.

ასეთ ბავშვებში ძალიან ხშირია ღამით ხშირად გაღვიძების შემთხვევები. განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი დამოუკიდებლად ვერ იძინებს და ამას დედის დახმარებით (კვება, დარწევა და ა.შ) აკეთებს.

ასეთ დროს უმჯობესია ბავშვი გადავაჩვიოთ ასეთ ქცევას და იგი დამოუკიდებლად დაძინებას მივაჩვიოთ.

შიშები (ემოციურ-სტრესული ფაქტორი) - ეს შეიძლება იყოს ყველა შესაძლო გამაღიზიანებელი ფაქტორი და ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია: კამათი და ჩხუბი ბავშვებთან, ემოციონალური ფილმის ყურება, მშობლების კონფლიქტი, საყვარელი ცხოველის დაღუპვა, საშიში მულტფილმი და ა.შ

ამ ყველაფერმა შეიძლება არა მხოლოდ ძილის, არამედ ბავშვის ფაქიზი ფსიქიკის დარღვევა გამოიწვიოს და მის სულში საკმაოდ ღრმა კვალი დატოვოს, რომელიც გაყვება ბევრი წლის განმავლობაში.

შესაძლოა სტრესისა და შიშის მიზეზი იყოს საკუთარი ფანტაზიაც. პატარა თავად ქმნის საკუთარ წარმოსახვაში საშინელ, არარსებულ პერსონაჟს და შემდეგ მისი ეშინია, რაც ძილის საშუალებას არ აძლევს.

ეს ფაქტორი ბავშვს მალე გაუვლის, მაგრამ თუ კოშმარები მუდმივი გახდა, საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

ფიზიკური აქტივობისა და ინფორმაციის სიჭარბე - დღის განმავლობაში ზედმეტმა ფიზიკურმა აქტიურობამ და დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღებამ შეიძლება ბავშვის სხეული და ფსიქიკა დაძაბოს და ძილის დარღვევა გამოიწვიოს.

სუნი - ახალშობილები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჰაერში არსებული გამაღიზიანებელი ნივთიერებების მიმართ, რაც უძილობის ერთ-ერთი მიზეზია. ყველაზე გავრცელებული გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს სიგარეტის ბოლი;

გამაღიზიანებელი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ტალკი, საღებავები, სუნამოები, თმის ლაქი და ა.შ. ამიტომ არასოდეს დატოვოთ ამ ნივთიერებებით სავსე ჭურჭელი თავღია ბავშვთან ახლოს და ყოველთვის გაანიავეთ ოთახი ძილის წინ.

მუცლის ტკივილი - ბავშვის უძილობისა და ძილის გატეხის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში კუჭის მოქმედების შეჩერებით.

ოტიტი (შუა ყურის ანთება) - უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ოტიტი, რომლის გამოც ბავშვი არა მხოლოდ ხშირად იღვიძებს ღამით, არამედ საღამოსაც არ სურს დაძინება.

კბილები - ოთხი-ექვსი თვის ბავშვები შესაძლოა შეაწუხონ პირველად ამოსულმა კბილებმა. კბილის ამოსვლის პროცესი ახალშობილებში საკმაოდ მტკივნეული და მტანჯველი პროცესია.

ამის გამო პატარები ხშირად იღვიძებენ ღამით, ითავისუფლებენ თავს საბნისგან ან სხვა გადასაფარებლისგან, იდებენ ხელებს პირში და ზოგჯერ ხელებსაც კი ირტყამენ სახეში.

გარდა იმისა, რომ მტკივნეულია,  კბილის ამოსვლის დროს, ფართოვდება ღრძილები, რის გამოც ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, რომელიც გროვდება ყელში. ამის გამო ბავშვი წუხს და ეღვიძება.

ახალშობილი და უძილობა ენცეფალოპათია (თავის ტვინის სტრუქტურული დაავადება) - ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია.

იგი თავს იჩენს პერინატალურ პერიოდში, იწყება ფეხმძიმობის დაახლოებით 27-28 კვირას და მთავრდება ბავშვის დაბადების პირველ კვირას.

პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ნაყოფის ჟანგბადის უკმარისობით, დაბადების ტრავმით და სხვა.

 ინფექციური და რესპირატორული დაავადებები - უფრო უფროსი ასაკის ბავშვებში უძილობა და ძილის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით (მაგალითად გრიპით) და მწვავე რესპირატორული დაავადებებით.

და სხვა მიზეზები...

როგორ მოვაწესრიგოთ ბავშვის ძილი

როგორ მოვაწესრიგოთ ბავშვის ძილირა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს კარგად ეძინოს? უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი ბავშვი უნდა დაიღალოს, რათა იგრძნოს დასვენების აუცილებლობა. ამისთვის კი პატარამ ბევრი უნდა იმოძრაოს.

ახალშობილთათვის საკმარისია გაერთოს ჩხრიალა სათამაშოებით, იმოძრაოს საწოლში და მცირე ხნით გეთამაშოთ. უფრო მოზრდილი ბავშვები სასურველია გაერთონ სხვადასხვა, მოზრდილი ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებით და თამაშით.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში სახლში ბურთს სდიოს. შეუთავსეთ მას სხავდასხვა სახის გასართობი: წაუკითხეთ წიგნი ან ზღაპარი, კარგია მასთან ერთად ხატვა, ძერწვა. შესაძლებელია გონების გასავარჯიშებელი სხვადასხვა სახის კონსტრუქტორების აწყობა და ა.შ

ქვემოთ მოყვანილია პრქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა შევძლოთ ბავშვის ძილის მოწესრიგება:

»» ახალშობილის სახლში მოყვანისთანავე: შეწყვიტეთ სახლში მოწევა, მოერიდეთ ოჯახში ხმაურიან შეკრებებსა და ხშირად გაშლილ სუფრებს. 

ნუ გექნებათ მუდმივად ჩართული ტელევიზორი, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ხმაურიან გარჩევებს და საერთოდ, ყველაფერი გააკეთეთ, რათა პატარა არ გააღიზიანოთ.


»» მართალია მედიკოსთა უმრავლესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ ბავშვის კვება უმჯობესია მისი მოთხოვნის მიხედვით და არა საათობრივად, მაგრამ მაინც შეეცადეთ ბავშვს პირველ დღეებში საკვები მისცეთ მკაცრად განსაზღვრულ საათებში, რათა ამით მას მიაჩვიოთ ძილისა და სიფხიზლის რეჟიმს.

ეცადეთ ამ საკითხში იყოთ მტკიცე და შეუვალი და ჩამოაყალიბოთ უცვლელი ციკლი - „ძილი-სიფხიზლე“. გაივლის რამოდენიმე თვე და თქვენი შრომა და წვალება დაგიფასდებათ იმით, რომ ბავშვს ექნება მოწესრიგებული ძილისა და კვების რეჟიმი, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, თქვენც შვებას მოგგვრით.


»» ნუ გამოკვებავთ პატარას ძალიან მაძღრისად უშუალოდ ძილის წინ და ნუ მისცემთ ტკბილეულს.

ამან შეიძლება უძილობა და საშიში სიზმრები გამოიწვიოს.


»» სწორად დაგეგმილი დღის ძილი, მოგეხმარებათ იმაში, რომ ბავშვის ღამის ძილიც მოწესრიგებული იყოს.

საშუალოდ, ახალშობილს სძინავს 18 საათის განმავლობაში, ერთი წლიდან ბავშვებს დღის განმავლობაში სძინავთ 2-3 საათი, ხოლო ორი წლის შემდეგ 1,5-2 საათი.

სამი წლის შემდეგ, ზოგიერთი ბავშვი საერთოდ უარს ამბობს დღის ძილზე. თუ ასეთ ბავშვს ღამით კარგად სძინავს, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.


»» მთელი დღის განმავლობაში შეეცადეთ ბავშვს მოეპყროთ რაც შეიძლება მშვიდად და ალერსიანად. 

გამოჰყავით ყოველდღიურად დრო, რომელსაც დაუთმობთ მხოლოდ მას.


»» ძილის წინ აუცილებლად გაასეირნეთ პატარა სუფთა ჰაერზე 20-30 წუთის განმავლობაში.


ბავშვის დაძინების მეთოდები»» მოუმზადეთ ბავშვს თბილი აბაზანა გვირილის, პიტნის ან ვალერიანის ნაყენით.

ამისთვის, რომელიმე ერთი ბალახის სამი კოვზი ჩაყარეთ ლიტრ ადუღებულ წყალში და დააყენეთ ერთი საათი. შემდეგ კი დაუმატეთ ნაყენი წყალს ბავშვის აბაზანაში.

კარგია თუ შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს ასწავლით და მიაჩვევთ ყოველ საღამოს დამოუკიდებლად დაბანას (გარკვეულ დონეზე).


»» კარგია თუ ბანაობის შემდეგ, ბავშვს გაუკეთებთ დამამშვიდებელ მსუბუქ მასაჟს, ან შეასრულებთ ჩვეულებრივ მასირებულ მოძრაობებს ახალშობილის ზურგზე, ხელებსა და ფეხებზე.

შესანიშნავად მოქმედებს კუნთების მოდუნება; სუნთქვითი ვარჯიშები; წერტილოვანი მასაჟი. წარმოსახვითი ვარჯიშები (ბავშვის სხეულის ორგანოები (თითები, ცხვირი, პირი, ფეხები და ა.შ) „ გადააქციეთ“ სხვადასხვა პერსონაჟებად და „ათქმევინეთ“ მათ სხვადასხვა ფრაზები (მათ შორის „ძილი ნებისა“ ეს  პატარას ჩაძინებას გაუადვილებს);


»» ძილამდე 2 საათით ადრე შეწყვიტეთ ყოველგვარი ხმაურიანი თამაშები, სიცილი და ხმამაღალი საუბრები. ნუ გაუკეთებთ ძილის წინა პატარას სასიამოვნო სიურპრიზებსაც კი.

ნუ მისცემთ ნებას უყუროს ტელევიზორს, გარდა საბავშვო ძილისპირულის ან მსგავსი გადაცემებისა (თუმცა ზოგიერთი ბავშვისთვის ესეც ზედმეტია).

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა ემოციონალურმა დატვირთვამ (დადებითმაც და უარყოფითმაც) შესაძლოა მისი ძილის დარღვევა გამოიწვიოს.


»» შეეცადეთ ბავშვს ძილის წინ უმღეროთ ძილისპირული, ეს რამდენადმე დაამშვიდებს მას და განაწყობს ძილისთვის.

თუ სიმღერა არ გეხერხებათ, შეგიძლიათ წაუკითხოთ ან მოუყვეთ ზღაპარი, თუნდაც ის ძალიან პატარა იყოს და მისი მნიშვნელობა არ ესმოდეს.


»» როცა ბავშვს დააწვენთ, არ დაგავიწყდეთ მცირე ხნით სარკმლის გამოღება და ოთახის განიავება.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის საძინებელში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 18-20 გრადუსზე მეტი.


»» თუ ბავშვი მაინც ბორგავს, ვერ ისვენებს და ვერ იძინებს, ჩამოუკიდეთ სასთუმალთან პატარა ტომსიკებში მოთავსებული ვალერიანის ფესვები ან სვიის გირჩები.


ბავშვის დაძინების მეთოდები»» თუ ბავშვი ვერ იძინებს და ჭირვეულობს, შეგიძლიათ მისცეთ დამამშვიდებლად შავბალახას ნახარში პიტნით ან შავბალახას ნაყენი (რომელიც დამზადებულია წყლის და არა სპირტის საფუძველზე).

გახსოვდეთ, რომ ვალერიანის მიღება, რომელიც ასევე ეფექტურია ბავშვის ძილის მოსაწესრიგებლად, შედეგებს აჩვენებს მხოლოდ 3-4 კვირის შემდეგ.

ნუ მისცემთ ბალახეულ ნაყენებს პატარას პედიატრთან კონსულტაციის გარეშე.


»» თუ ერთი თვის განმავლობაში ბავშვს კვლავ ცუდად სძინავს, ვერ ახერხებს დიდი ხნის განმავლობაში დაძინებას (დაწოლის შემდეგ 20-30 წუთი), ან ხშირად იღვიძებს ღამის განმავლობაში, აუცილებელია მისი გამოკვლევა ნევროპათოლოგთან.

ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც, როცა დილით, გაღვიძებისას, ბავშვი უჩივის თავის ტკივილს ან ჭირვეულობს.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ