თითოეული მშობელი ალბათ არა ერთხელ დამდგარა იმ არც თუ ისე სასიამოვნო მომენტის წინაშე რასაც ბავშვის ისტერიკა ქვია.
ბავშვის ტუჩები ათრთოლდა, თვალები ცრემლებით აევსო და გაისმა გულსაკლავი ტირილი (ზოგჯერ ქვითინი და კივილიც კი). ხოლო შემდეგ, რამოდენიმე წუთი (ზოგჯერ გაცილებით მეტიც) ეს ყველაფერი გრძელდება „მაღალ ნოტებში“.
ამ პროცესმა შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს არა მხოლოდ ყოველთვის ალერსიანი და მოსიყვარულე დედა, არამედ მშვიდი და უშფოთველი მამაც კი.
თუ ისტრიკა ბავშვს დაემართა არა სახლში, არამედ ხალხმრავალ ადგილზე (კაფე, სუპერმარკეტი, სათამაშო მოედანი და ა.შ) მაშინ „ეფექტი“ იზრდება მრავალჯერადად... მაგრამ მოდი ნუ გამოვალთ მწყობრიდან და შევეცადოთ გავერკვეთ ბავშვის ასეთი მოქმედების მიზეზებში.
უმრავლეს შემთხვევებში, ბავშვს არ სურს და არ შეუძლია ლოდინი და ყველა ის სურვილი, რომელიც მას გაუჩნდა, სურს მომენტალურად, დაუყონებლივ განახორციელოს.
ძალიან ხშირად ეს შეუძლებელია და ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ არ ესმის ბავშვს. ის ფიქრობს, რომ მშობლების გადაწყვეტილებით მისი სურვილი აუსრულებელი დარჩა. ამასთან ბავშვთან, რომლის ასაკი 2–4 წელია, მიზეზების ახსნა არ ჭრის. ჩვენს განმარტებებს არ შეუძლია შეცვალოს მისთვის სასურველი...
მეორეს მხრივ, ბავშვს ყოველთვის არ შეუძლია იმის ფორმულირება, რაც სურს. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია 2-3 წლის ბავშვებისათვის. რა თქმა უნდა თუ ბავშვს სურს წვენი ან ტკბილეული, მაშინ პრობლემები ადვილად გვარდება, მაგრამ ხშირად ბავშვის მოთხოვნილება წინ უსწრებს მის მეტყველებით უნარს.
შედეგად, მშობელი ბანალურად ვერ იგებს, რა სურს მის პირმშოს. სამაგიეროდ პირმშო მშვენივრად ხვდება, რომ მას კვლავ უარი უთხრეს და ისევ ისტერიკა...
სიტუაციები, როცა შეიძლება დაიწყოს ისტერიკა, შესაძლოა ძალიან განსხვავებული და მრავალრიცხოვანი იყოს, მაგრამ არსი, ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე რჩება - ბავშვის სურვილი არ იქნა დაკმაყოფილებული.
სად არის გამოსავალი? რა გავაკეთოთ? გავიქცეთ და შევასრულოთ ბავშვის ყველა აზრიანი თუ უაზრო სურვილი? - არასერიოზულია. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეასრულოთ მისი ყველა ახირება, არ ღირს ამის გაკეთება ისტერიკის ზეწოლის ქვეშ.
ბავშვი ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ ეს მშობლების მართვის კარგი მეთოდია და თქვენ ხშირად და ხანგრძლივად მოგიწევთ უსმინოთ მის ახალ კაპრიზებსა და სურვილებს.
საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა გესწავლათ, თუ როგორ აღსდგომოდით წინ ბავშვის ისტერიკას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ ხერხდება კიდეც.
ზოგიერთ სიტუაციებში რისკის ალბათობა ბავშვისთვის შეიძლება იყოს მისი ზედმეტად აღგზნებადობა და გადაღლილობა.
მაგალითად: სახლში გყავთ ბევრი სტუმარი, ან თავად ხართ სტუმრად, სადაც ხალხმრავლობაა, სეირნობთ, მგზავრობთ ავტომობილით და ა.შ, ასეთ შემთხვევებში ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დაემართება ისტერიკა, იზრდება.
როგორ შეიძლება სიტუაციის შერბილება? თუ გარემო საშუალებას გაძლევთ, მოასმენინეთ ბავშვს წყნარი მშვიდი ზღაპარი, ან აყურებინეთ ლამაზი, დინამიური სიუჟეტის ნახატი ფილმი. შესაძლოა უბრალოდ დაჯდეთ და ეთამაშოთ მას მშვიდი, ნელი თამაში.
კიდევ ერთი სიტუაცია, როცა ისტერიკის ალბათობა მაღალია, არის ის, როცა ბავშვს არ გამოსდის იმ სირთულის ამოცანის შესრულება, რაც აღემატება მისი მოქმედების შესაძლებლობებს, მაგალითად ვერ აწყობს რთულ კონსტრუქტორს, ენგრევა კუბიკებით აწყობილი კოშკი, ვერ აცმევს კაბას თოჯინას და ა.შ.
აქ საჭიროა ფრთხილად, ისე რომ თავზე არ მოახვიოთ, დაეხმაროთ მას, დიახ, დაეხმაროთ და არა მის მაგივრად გააკეთოთ, ეს არ არის საჭირო. ნუ დაურღვევთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვი ეს უკვე პიროვნებაა, თუმცა იგი ბოლომდე არ არის ფორმირებული.
ეხლა როცა ცოტათი მაინც გავერკვიეთ ბავშვის ისტერიკის მიზეზებში, გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ ავარიდოთ მასაც და საკუთარ თავსაც ასეთი არასასიამოვნო სიტუაციები.
უპირველეს ყოვლისა ეხლავე ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყვირილი და დასჯა. ამით ის უფრო გაბრაზდება და გაბოროტდება.
უკუ ეფექტს იძლევა ხოლმე დაყვავება და გულში ჩაკვრაც, ბავშვი სათუთი არსებაა და შეიძლება ისტერიკა სწორედ იმიტომ მოაწყოს, რომ თქვენგან ალერსი და გადაჭარბებული ყურადღება სურდეს.
ყველაზე მარტივი და გამოცდილი მეთოდია - სრული იგნორირება გაუკეთოთ მის ისტერიკას.
ბავშვს აუცილებლად სჭირდება მსმენელი და მაყურებელი. მისთვის, ისე, როგორც ნებისმიერი მსახიობისთვის უკიდურესად აუცილებელია ამ მსმენელის თუ მაყურებლის რეაქცია. ხოლო თუ არავითარი რეაქცია არ იქნება, დროთა განმავლობაში სულ უფრო იშვიათად გამართავს ისტერიკას.
ნუ მოელით რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება, პირიქით, პირველ ხანებში ბავშვმა შესაძლოა გაორმაგებული ძალებითაც კი გამართოს ისტერიკა. სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო ნებისყოფა, სიმშვიდე და საკუთარი თავის ფლობა, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციას.
შედეგად, თქვენ ნახავთ, რომ პატარას ისტერიკა ნელ-ნელა მოიკლებს და აღარ იქნება ბავშვის თქვენზე ზემოქმედების იარაღი.