ალბათ ყველას სმენია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყალი ხელს უწყობს ცხიმების დაწვას და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას (ნაოჭების გაქრობის გზით).
მაგრამ, სინამდვილეში, არავითარ ცხიმებს წყალი არ წვავს. ეს მეტაფორულადაც კი შეუძლებელია. ერთადერთი, რითაც წყალი ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი მასის მოცილებაში, არის საკვების რაოდენობის შემცირება და ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნა.
საკვების მიღების წინ, ერთი, ან რამდენიმე ჭიქა წყლის დალევა საკმაოდ პოპულარული და სასარგებლო მეთოდია, რომელსაც თავიანთ დიეტებში აქტიურად იყენებენ ტიბეტელი ბერები, ჰოლივუდის ვარსკვლავები.
ამგვარად ხდება კუჭის "მოტყუება" და ორგანიზმი საკვების სახით იღებს თითქმის ორჯერ ნაკლებ ცხიმებს, კალორიებს და მავნე ნახშირწყალბადებს. ამასთან, წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და მისგან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.
გახდომის პროცესში, ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის მიღება, ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის აუცილებელი პირობაა.
ტოქსინების რაოდენობა ორგანიზმში, დაფუძნებულია ცხიმოვან უჯრედების ქსოვილებში დაგროვებულ მავნე ნივთიერებების რაოდენობაზე. შესაბამისად, როცა ცხიმოვანი მარაგი იწყებს გაქრობას, ტოქსინები თავისუფლდება და შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას. შედგად, შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგი სახის პრობლემებმა:
»» არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან;
»» კუჭის შეკრულობა და თირკმლების დისფუნქცია;
»» ქვედა კიდურებისა და სახის შეშუპება;
გახსოვდეთ, რომ წყალი ორგანიზმისთვის წარმოადგენს ყველა ბიოლოგიური პროცესის ძრავს, ამიტომ აუცილებელია ყურადღების მიდევნება, თუ რა რაოდენობის სითხეს იღებს ორგანიზმი დღის განმავლობაში.
რაც შეეხება გაახალგაზრდავებას, წყალი რომ ნაოჭებს აქრობდეს, პლასტიკური ქირურგია საჭირო არ იქნებოდა. თუმცა კანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ბერდება, წყალი აუცილებელია. იგი მისი ტონუსია.
ალბათ შეგიმჩნევიათ, თუ როგორი მშრალი და გამოფიტული ხდება კანი მზის, ქარის, სოლარიუმის და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებით. იგივე ზემოქმედებას ახდენს კანზე წლებიც, რაც აღრმავებს ნაოჭებს, ხოლო წყალი ანელებს ამ პროცესს.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ ორგანიზმის გაუწყლოვანებასაც. დიტოლოგები გაუწყლოვანებით აშინებენ ხოლმე მათ, ვინც სისტემატურად არ იღებს დღეში 2 ლიტრ წყალზე ნაკლებს.
სინამდვილეში, რეალური სამედიცინო გაუწყლოვანება ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი არ იღებს წყალსა და საკვებს (წყლის გარკვეულ რაოდენობას ადამიანი იღებს საკვებიდან) - არანაკლებ ოთხი დღის განმავლობაში.
წონის დასაკლებად და გასახდომად, შესაძლებელია და აუცილებელიცაა წყლის მიღების სწორი ბალანსის დაცვა.
წყლის მიღების დღიური ნორმა ბევრი მეთოდით გამოითვლება, თუმცა ამ შემთხვევაში ვისარგებლოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმულით:
დღის განმავლობაში მისაღები წყლის რაოდენობა გამოითვლება შესაბამისობით - 30 მილილიტრი - 1კგ მასაზე. ამ ფორმულით თავად გამოთვლით თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ნორმაზე მეტი წყლის მიღება არ არის რეკომენდებული.
1-2 ჭიქა წყლის დალევა რეკომენდებულია საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ.
დიეტოლოგები თვლიან, რომ წყლის მიღება საჭიროა აუჩქარებლად და პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში.
დაწყება შესაძლებელია ერთი ჭიქა წყლით, რომელიც უნდა მიიღოთ დილით, უზმოზე სასურველია საუზმემდე ნახევარი საათით, ან არანაკლებ 15 წუთით ადრე. შესაძლებელია ლიმონთან ერთად. უზმოზე მიღებული წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაღვიძებას და მასში მიმდინარე პროცესების გააქტიურებას.
წყლის დარჩენილი რაოდენობა, თანაბრად გაანაწილეთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის. შესვენებების გათვალისწინებით. მოერიდეთ წყლის მიღებას უშუალოდ ვახშმის შემდეგ და ძილის წინ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ სითხის გამომყოფი სისტემის პრობლემები, რადგან, ღამით, ორგანიზმს დასვენების მაგივრად მოუწევს ზედმეტი მუშაობა სითხის გამოსაყოფად. ამან შესაძლოა უძილობაც კი გამოიწვიოს.
დღისით, შეგიძლიათ ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი - როცა იგრძნობთ, რომ მოგშივდათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. შესაძლებელია ამ სახით თქვენი ორგანიზმი გაძლევთ სიგნალს, რომ მას არ ყოფნის სწორედ წყალი და არა საკვები. ამ ხერხით თავიდან აიცილებთ ზედმეტ კალორიებს.
თუ თქვენ აქამდე დღის განმავლობაში არასოდეს დაგილევიათ ამ მოცულობის წყალი, არ ღირს თავს დააძალოთ ამის გაკეთება. დაიწყეთ პატარა დოზებით და თანდათანობით გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა.
მიენდეთ თქვენს ორგანიზმს. არ გადადოთ და მაშინვე დალიეთ წყალი როცა გწყურიათ და ნუ დააძალებთ თავს ლიტრობით წყლის სმას, როცა არ გწყურიათ.
გარკვეული ხნის შემდეგ, თქვენი ორგანიზმი მიეჩვევა იმ რაოდენობის წყლის მოხმარებას, რამდენიც თქვენთვის საჭიროა. იცოდეთ ისიც, რომ ზედმეტად დიდი რაოდენობით მიღებული წყალი აფართოებს კუჭის მოცულობას (არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისედაც გაწუხებთ კუჭის ზედმეტად გადავსებულობის პრობლემა).
იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ წყლის დალევის შესახებ, წყლით სავსე ჭურჭელი ყოველთვის დადეთ გამოსაჩენ ადგილზე, რათა არ გამოგეპაროთ წყლის მორიგი პორციის მიღების დრო.
შერჩიეთ ნორმალური დიზაინის ჭურჭელი (პლასტმასის, მინის ბოთლი, ან სპეციალური ჭიქა) რომელშიც ჩაასხამთ თქვენთვის განსაზღვრული რაოდენობის წყალს, აგრეთვე სპეციალური ჩანთა თქვენი ჭურჭლისთვის.
თუ ხშირად მგზავრობთ ავტომობილით, საჭიროების შემთხვევაში წაიღებთ კიდეც მას სასურველ ადგილზე (სამსახურში, აგარაკზე, სტუმრად და ა.შ).
თუ წყლის ჭურჭლის წაღებას სამსახურში ვერ ახერხებთ, ყოველთვის გედოთ მაგიდაზე ერთი ჭიქა წყალი და სვათ დროგამოშვებით. დაიცლება? - შეავსეთ.
თუ თქვენ მყარად გადაწყვიტეთ წონაში დაკლება, გახსოვდეთ, რომ საჭიროა მხოლოდ სასმელი წყლის მიღება. ჩაი, გაზირებული სასმელები და ყავა არ ითვლება.
და ბოლოს, მხოლოდ წყლის საშუალებით გახდომა არ გამოვა. აუცილებელია თქვენი კვება იყოს ბალანსირებული, აგრეთვე თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც სპორტული ვარჯიშები.
ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ზემოთ აღწერილი მეთოდი აუცილებლად დაგეხმარებათ გახდომაში და რაც მთავარია, სასიკეთოდ წაადგება თქვენს ჯანმრთელობას.
ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები
»» ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად, ყოველი ჭამის წინ, 20-30 წუთით ადრე მიიღეთ 1 ან 2 ჭიქა წყალი. ეს მოგეხმარებათ შიმშილის გრძნობის დაძლევაში და მიიღებთ უფრო ნაკლებ საკვებს;
»» მთელი დღის განმავლობაში, წყალი მიიღეთ მცირე ყლუპებით. ეს მოგეხმარებათ შიმშილის გრძნობის კონტროლში და ერთმანეთში არ აურევთ შიმშილისა და წყურვილის გრძნობას;
»» დალიეთ მხოლოდ ოთახის ტემპერატური წყალი. საქმე იმაშია, რომ ცივმა წყლის მიღებამ, შესაძლოა პირიქით, წონის მომატების პროვოცირება გამოიწვიოს, რადგან ცივი წყალი "აღვიძებს" შიმშილის გრძნობას;
»» დალიეთ მხოლოდ ბუნებრივი წყაროებიდან ჩამოსხმული სუფთა წყალი. ერიდეთ გაზირებულ წყალს. მის შემადგენლობაში არის მარილები, რომელიც ხელს უშლის გახდომის პროცესს;
»» თუ გრძნობთ, რომ მოგშივდათ, მიიღეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყალი. ამით შეამოწმებთ, ეს იყო შიმშილის გრძნობა თუ წყურვილის. თუ ნახევარი საათის შემდეგ შიმშილის გრძნობა მაინც დაგრჩათ, შეგიძლიათ გაბედულად მიიღოთ საკვები;
»» დიეტოლოგების მიერ რეკომენდებულია დღეღამის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღება, თუმცა ეს ციფრი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და შეიძლება მერყეობდეს. დღიური ნორმა უნდა განისაზღვროს ისეთ ფაქტორებზე დამოკიდებულებით, როგორიცაა: ასაკი, წონა, წელიწადის დრო, დღის პერიოდი, ამინდი, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.
»» წყალი მიიღეთ საკვების მიღებამდე 20-30 წუთით ადრე და საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. სასურველია, თუ მოერიდებით საკვების მიღების პროცესში წყლის მიღებას (ეს დრო არის რეკომენდებული და არა მკაცრად განსაზღვრული. იგი ინდივიდუალურია, შეგიძლიათ წყალი მიიღოთ უფრო ადრეც და საკვების მიღების დროსაც კი, თუ რა თქმა უნდა ძალიან გწყურიათ).
»» მას შემდეგ, რაც დილით, უზმოზე დალევთ 1 ან 2 ჭიქა წყალს, სცადეთ და სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ მიიღეთ 1 ჭიქა წყალი. დღის ბოლოს წყლის მიღების დღიური ნორმა იქნება შესრულებული;
»» თუ დღის განმავლობაში წყლის აუცილებელი რაოდენობის მიღება ძალიან გიჭირთ, სცადეთ ეს გააკეთოთ საწრუპავი ჩხირების დახმარებით. მისი საშუალებით გააკეთებთ უფრო დიდ ყლუპებს და შესაბამისად მეტი წყლის მიღებას შეძლებთ;
»» ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, სავარაუდოდ ოთახის ტემპერატურის წყალს იღებთ ყინულის კუბიკებთან ერთად. გამოიყენეთ მათ მაგივრად გასუფთავებული ლიმონის, ლაიმას ან ფორთოხლის გაყინული კუბიკები. ასეთი წყალი ახალისებს, მისი მიღება უფრო ასატანია, სასიამოვნოა და ამას გარდა ორგანიზიმი იღებს დამატებით ვიტამინებს;
»» შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლეთ ფინჯანი ჩაი და ყავა - ფინჯან ცხელ წყალში გახსნილი მცირეოდენი თაფლით;
»» აუცილებელი რაოდენობის წყლის მოხმარებასთან ერთად, უარი თქვით ცხიმიან საკვებზე, შეზღუდეთ ცომეულისა და ტკბილეულის მოხმარება. არ უნდა დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობის შესახებ. შეასრულეთ მცირე ფიზიკური ვარჯიშები მაინც. თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ხშირად ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე;
»» ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ დადებითი ემოციებითა და რწმენით. წყლის მიღება არ უნდა წარმოადგენდეს იძულების მეთოდს. პროცესი უნდა აღიქვათ ადეკვატურად და შეეცადოთ, რომ მისგან სიამოვნებაც კი მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტის მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ;