კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:22

 

დაღლილ-დაქანცული კუ, როგორც იქნა, ლოკოკინას გადაეყარა და სული მოითქვა.

- ძლივს არ გიპოვე?

- მოხარული ვარ რომ მეძებდი. რა ხანია არავის გავხსენებივარ.

- არც მე ვახსოვარ არავის და ამიტომ არიან სულელები.

- სულელები არიან და იმიტომ?!

- შენსა და ჩემს გარდა ყველანი, რაკი არ იციან ვინ უნდა ახსოვდეთ და ჭკუა ვისგან ისწავლონ.

ლოკოკინამ რქები მოწკურა.

- ვითომ, ასეთი ჭკუის კოლოფები ვართ?!

- სწორედაც სავსე ჭკუის კოლოფები!

- მოხარული ვარ, მაგრამ… ვითომ რითა ვართ ჩვენ ასე გამორჩეულნი და გონებით დაყურსული?

- იმით, რომ ჭკუა გვდის და გადაგვდის!

- საწყენად კი არ გეუბნები, მაგრამ ჭკვიანი და ბრძენიაო, ჩვენზე რომ ეთქვათ, რაღაც, არ გამიგონია.

- იმიტომ, რომ ჭკუა არ ეკითხებათ და მომხვეჭელები, მძარცველები, გაუმაძღარი მგლეჯელები არიან.

- ასეთი, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ გონიერება და სიბრძნე კუსა და ლოკოკინასი კი არა, გველისა გამიგონია.

- არც ისაა ბრძენთა ბრძენი. ვეძებე, სანამ შენთან წამოვიდოდი. ვეპოვე, ხვრელი და ვუძახე, მაგრამ, შინ არავინაა. იქვე ხვლიკი ბრიცავდა თვალებს და ვკითხე: ბრძენი, სად დაბრძანდება-მეთქი? რატომ ბინაში არაა-თქო?!

- აქ თუ არაა, მეორე ხვრელში იქნებაო. - და მიმასწავლა.

- იქ რომ არ იყოს-თქო?

- მაშინ მესამეშიო.

- გადაირია?! ეგ თუ ბრძენია, მაშინ მე და ლოკოკინა ბრძენთა ბრძენი ვყოფილვართ! რად უნდა სამი და ოთხი ბინა. ჩვენ, მე და ლოკოკინას, თითო ოთახი დაგვაქვს, ისიც პერანგივით მორგებული და ზურგზე მოკიდებული.

ხვლიკმა ისევ დაბრიცა თვალები:

- თქვენს გარდა ყველას ასე აქვს: ორი, სამი, ოთხი…

ამიტომა ხართ ჯოჯოები, ქვეწარმავლები-მეთქი!

რატომ ჯოჯოები და ქვეწარმავლები?! არწივი რომ არწივია, სამი-ოთხი უშველებელი ბუდე აქვთ. ხან ერთში დებს კვერცხებს, ხან მეორეში და ხანაც მესამე-მეოთხეშიო.

ის არწივით თქვენნაირი გაუმაძღარი ყოფილა! - ჩავიქნიე ხელი და შენსკენ გამოვწიე.

- ესენი ვინ არიან? ვისა აქვს მასეთი, მშვენიერი სადაფის სახლი, ან ჩემისთანა ბაკანი, მაგრამ მესამე-მეოთხე რომ გქონდეს, რა ვქნათ, რომელში ვიცხოვროთ, ორად გავხლიჩოთ, სამად თუ ოთხად?

- დახლეჩისა და დანაწევრებისაგან ღმერთმა დაგვიფაროს!

- ჩვენ ჩვენი სახლები გვიფარავს, მაფრამ ესენი ღმერთმა რომ დაიფაროს, ხვრელები, სოროები, ბუდეები და ბუნაგები დახლეჩთ და დაანაწევრებთ, გააორებთ და გააორგულებთ.



პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ