ერთმა ბურდღუნა დათვმა ვეება ცაცხვის ფეხებქვეშ საიმედო, სრული ბუნაგი მოაწყო, საზამთროდ ყველაფერი მოიმარაგა, პირველი სუსხისთანავე დაწვა და ჩათვლიმა.
სად იყო და სად არა, წივილ-კივილა ტურა მოწანწალდა და ჩაცუცქდა.
- რა უშნო და უგულო ცხოველი ხარ! - უახირდა მთვლემარე დათვს. დათვმა
ცალი თვალი ძლივს გაახილა, ხედავს, ერთი გაქუცული, ჩალისფერი ტურაა.
- აქ რა დაკარგე და რას ეძებ? - ამოიბურდღუნა და გვერდი იცვალა.
- ყველაფერი დავკარგე, ღამის გასათევიც კი არ გამაჩნია.
- მერე, მე რა დაგაკარგვინე, ან დაგინგრიე?! ჩემი უგულობა რა შუაშია!
- წამოწოლილხარ მხარ-თეძოზე, გძინავს და არ კითხულობ, ვინმეს უჭირს თუ ულხინს.
- ძალიანაც ვწუხვარ მაგრამ რა გიყო, შენც მოგეწყო სორო და გეცხოვრა, როგორც სხვა ტურები ცხოვრობენ.
- ჯერ ერთი მე უბრალო ტურა არა ვარ, ტურა-ფოცხვერი ვარ. დაყრუვდი, დღე და რამ ჩემი წივილ-კივილი არ გესმოდა?
- მესმოდა და მიკვირდა, მაგრამ ახლაც მიდი იკივლე და იწივლე!
- ამოდენა მთასავით ცხოველი როგორ ჭიანჭველასავით მელაპარაკები - “მიბრძანდი ახლაც და სინჯე, იხტუნე-ითამაშე”-ო! ატირდა და აჟღივლდა ტურა-ფოცხვერი.
- კი მაგრამ, რა გიყო, რა გისაშველო.
- მაგოდენა ბუნაგი გაქვს, ჩემი ღამის გასათევი გაგიჭირდა?!
- მერე, აქ რომ იწივლო და იკივლო მე სადღა წავიდე?
- რომ გიყვარდე ჩემი წივილ-კივილი გალობად მოგესმება.
- რომ მიყვარდე?!
- ჰო, სიყვარული რომ იცოდე!
- სიყვარული იმას ნიშნავს, წივილ-კივილი გალობა გეგონოს, ბოროტი კეთილად და შავი თეთრად გეჩვენებოდეს?
- ჰო, ჰო, ჰო! ამას ქვია სიყვარული. მაგრამ შენ ამისა რა გაგეგება, დათვი ხარ!
- წადი აქედან, მაგნაირი არც სიყვარული მინდა და არც სიძულვილი. სად მოძვრები მოშორდი აქაურობას! - წაჰკრა თათი გადაბრუნდა დათვი და დაიძინა.
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |