იყო ერთი ხობოკა კუ და ისიც ისე დაბობღავდა, როგორც მის ჯიშსა და ჯილაგს სჩვევია. არავის ერჩოდა და არვის არაფერს უშავებდა. სანამ ერთმა მდინარესთან დასარწყულებლად ჩასულმა, უზარმაზარმა დათვმა ფეხი არ დაადგა.
დაადგა და ქვიშაში ჩამალა. კუ გულფიცხობა ვის გაუგია, მაგრამ ხობოკა თავისიანებს არ გავდა და ეწყინა, მაგრამ რა ეწყინა!
ამოფოფხდა ქვიშიდან და შეჰყვირა.
- ვინ ხარ, რას მიბედავ, ფეხს მადგამ და მასარგალებო!
დათვს რაღაც ჭყლოპინი კი მოესმა, მაგრამ ვინ იყო, ან საიდან არც გაუგია, წყალი დალია და თავის გზით წაძუნძულდა.
- სად მიდიხარ, შენ გგონია შეგარჩენ? იცოდე, გაგისწორდები!
კუს თანამოძმეები მაშინვე მოფოხიალდნენ და ჰკითხეს:
- რამ აღგაშფოთა, ვისაა, რომ ემუქრებიო!
- ვის! იმ ძუნძულას და ბღორიანს!
- იმ მთისხელა დათვს?
- მთისხელაა თუ ცის ხელა, მაგის მეშინია გგონიათ!
- დათვმა ფეხი რომ დაგადგას?
- არ დამადგა? მაგრამ რა დამაკლო, ჩემი ჯავშანი თქვენ რა გგონიათ!
შეხედეს უვნებელია, მაგრამ არ გაჰკვირებიათ.
- თუ ფეხებში გამოედები, ვინმე დაგადგამს, აბა რა მოხდება?
მაგრამ ხობოკა ამ ამბავმა ერთობ გააყოყოჩა და ამის მერე რანაირ მძვინვარე მხეცსაც
უნდა გადაჰყროდა, გაიტრუნებოდა და ყურყუტებდა, სანამ განაწყენებულს არ გაიგულებდა. მერე კი ეგდო მზის გულზე, ტრაბახობდა და ილანძღებოდა.
ერთხელ იქაურობას მშიერმა სვავმა გადაუქროლა... შიშით ყველამ რომ სორო მოძებნა, ან
წყალში გადაცვივდა, ხობოკას ანანუნშიაც არ ჩაუგდია.
“ეს ვინაა, რომ არაფრად მაგდებს!” - დაეშვა სვავი, დააფრინდა და აიტაცა.
ხობოკა კუ ბაკანში შეიმალა და იქიდან გამოაჯავრა:
- ფეხებსაც ვერ მომჭამ. შენ კი არა, დათვმა ვერაფერი დამაკლო!
სვავი მაღლა-მაღლა, პიტალო კლდის თავზე, ღრუბლებამდე ავიდა და ბრჭყალები გაუშვა.
- ხომ ვერაფერს გახდი, ხომ ტყუილად მაფრინე და გასავათდი! - გამოსძახა თანადევნებულ მტაცებელს, მაგრამ ამის თქმა და კლდეზე დახეთქება ერთი იყო. ბაკანი ნამსხვრევებად იქცა...
სვავს ძალიან გაუკვირდა ამისთანა ენამწარე და ბაქია კუს ისე ჩვილი და გემრიელი ხორცი აღმოაჩნდა.
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |