კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:45

ერთ მშვენიერ დღეს, უეცრად, მიწა იძრა. იძრა და ატორტმანდა სახლები, ხეები, მთები და ცაც კი გადაქან-გადმოქანდა. ძალიან დიდი ამბავი მოხდა: კუბიკებისაგან აშენებული კოშკი წაიქცა და დაინგრა.

ეზოში ბავშვებს სილის გროვაში გვირაბი გაჰყავდათ, დამთავრებას აღარაფერი უკლდა, რომ ჩამოიქცა და ჩამოიმხო. შეიქმნა დიდი ჩოჩქოლი და მითქმა-მოთქმა. რა ამბავია, რა მოხდაო. ხუმრობა არ იყო მთელი ქვეყანა შეინძრა.

ტყეში ხეები ერთმანეთს ეხლებოდნენ. შეშინებული ჩიტები ფუღუროს აფარებდნენ თავს და გარეთ ცალი თვალით იჭყიტებოდნენ, ვინ იცით, რა იცით, თქვენი ჭირიმე, რამე გაგვაგებინეთო.

ჩხიკვმა თქვა: მგონი ქვეყანა იქცევაო. კაჭკაჭმა გაიგონა ეს და აქაქანდა: ცას სვეტი გამოვარდნია და თავს უშველეთო! - ზოგს მართალი ეგონა, ზოგმა იცოდა კაჭკაჭის ჭორიკანობა და არ დაიჯერა. კოდალამ სათვალეც კი გაიკეთა, თვალი ხომ არ მატყუებსო და თქვა: ეგ არ ვიცი, მაგრამ რაღაც დიდი ამბავი ხდებაო.

შეშინებული ნადირები ბუნაგებიდან გამორბოდნენ, კბილებს აჩენდნენ, ღრიალებდნენ, იქნებ ვინმემ იცოდეს, რა მოგველისო.

სულელ დათუნიას ჩხიკვის ნათქვამი გაეგონა და ჟირაფს ეხვეწებოდა: მაღალი კისერი გაქვს, ზევით აიხედე, ცა თავზე ხომ არ დაგვემხობაო.

შეიქნა აურზაური, ქვეყანა თუ არ გადაბრუნდებოდა, არავის ეგონა. მართლაც, დიდი ამბავი მოხდა: საქვეყნოდ განთქმული დაჩი ბიჭი ფეხზე დადგა.

- დაჩი ფეხზე დადგა! - დაიძახა მანომ, - ბიჭი დადგა - მიწა იძრა!

- დე-და! - თქვა დაჩიმ, ეს იმას ნიშნავდა: დავდექი, აბა, როგორ გეგონათ, მე თქვენზე ნაკლები ვიყავიო?

ბაჩოს მაინც არ უნდოდა დაეჯერებინა, მაგრამ ვერ მიართვეს! დაჩი ისე იდგა, არც დედას ეკიდა ხელი, არც მამას, არც მანოს და არც თვით ბაჩოს. რას იზამდა! რა ჯანი ჰქონდა, არ დაეჯერებინა.

- დედა! - ამბობდა დაჩი, იდგა ხელგაშლილი და ინძრეოდა სახლი. ხეები, მთები, ცა ქანაობდა. იქცეოდა კოშკები, გვირაბები, კლდეებიდან ცვიოდა ლოდები, ზღვაც კი ღელავდა.

დაჩი მაინც იდგა! მთელი ქვეყნის ტყეებში შიშიანობა იყო. ფრინველებმა და ნადირებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა მოხდა. არწივები სულ მაღლა, მაღლა აფრინდნენ, ღრუბლებს ზევით და მაინც რომ ვერაფერი გაიგეს, მტრედები, შევარდნები, მიმინოები და ქორები აფრინეს ყოველ მხარეს.

ტყის მეფე ლომს ფაფარი აეშალა კისერზე და მიწას ტორი დაჰკრა, ბდღვირი ადინა. მაგრამ არაფერი, - მიწა მაინც ინძრეოდა.

- არიქა! - იღრიალა ლომმა და მელიები, ტურები, მგლები და დათვები კისრისტეხით გამოყარა. - ქვეყანა მოიარეთ, გაიგეთ, რა მოხდა! - კურდღლებს დაუძახა და საწყალ ყურცქვიტებს კინაღამ სული გასძვრათ შიშით, - თუ მარჯვე სირბილი იცით, ახლა გამოჩნდებაო, - ისინიც სულ დაფეთებულნი გაიქცნენ ქვეყნის ოთხივე მხარეს.

მაღალფეხება, ქორბუდა ირმები და შავთვალა შვლები მთიდან მთაზე გადარბოდნენ. ზურგზე რქებდაწყობილი ჯიხვები კლდიდან კლდეზე ხტებოდნენ.

ნამეტანი დიდი შიშიანობა იყო, ისეთი, რომ თვით ლომსაც შეუქანდა გული, სპილოსაც კი სთხოვა დახმარება და ქურციკი, ხალებიანი ლამაზი ქურციკი, ვეფხვთან გაგზავნეს - მობრძანდი, რჩევა-დარიგება მოგვეცი, შენი ბრჭყალი და ნახტომი განთქმულია, შენი ვაჟკაცობის ამბავი ქვეყანამ იცის, გვიშველე რამეო.

- ამ დროს ვეფხვს ჩიტმა ამბავი მოუტანა:

- დაჩი ფეხზე დადგაო.

- ბიჭი დადგა, - მიწა იძრა!

ეს მონადირეებმა გაიგეს და თოფები დაცალეს. მთლად გააყრუეს ქვეყანა.

ქორ-შევარდნები მთაში გაფრინდნენ და არწივებს წაუღეს ამბავი. მტრედები სოფლიდან სოფელში გადადიოდნენ, ქალაქიდან-ქალაქში და გადაჰქონდათ ხმა: დაჩი ფეხზე დადგაო.

ვეფხვმა ულვაშებში ჩაიცინა, ბოკვერები წინ გაიძღოლა და ნადირთა მეფესთან გასწია. ლომმა თოფების სროლაზე მთლად დაკარგა ჭკუა და, რა გაიგო ვეფხვი მობრძანდებაო, შუა გზაზე შეეგება, დიდი პატივით მიიღო.

- ასე ცა და მიწა რომ შეძრულიყოს, ჩემს მეხსიერებაში არ მომხდარა.

- მართალია, მეფეო, - დაეთანხმა ვეფხვი.

- მერე, ქვეყანა ხომ არ იქცევაო? - იკითხა შიშნაჭამმა მეფემ.

- არაო, - ისევ ჩაიღიმა ულვაშებში ვეფხვმა, მერე წელში გასწორდა, თავის წამოზრდილ ჭრელ ბოკვრებს გადახედა და მედიდურად თქვა: დაჩი ფეხზე დადგა!

- ვინაო? - ლომი ხანშიშესული იყო და ვერ გაიგონა. ვეფხვს სიბრაზისაგან ყვითელ ზოლებში სიწითლე მოერია.

- დაჩი არ იცით, ჩემი ძუძუნაწოვი დაჩი? არ გაიგოს, აკვნის ქვეშ დასაგებ ტყავს ეძებს, მეფეო.

- უჰ, დაჩი როგორ არ ვიცი! - თავში წაიშინა ხელი მეფემ.

- ჰოდა, ფეხზე დადგა და მიწა იძრა!

- ოო, - თავი დაიქნია ლომმა. გრძელი ფაფარი თვალებზე ჩამოუცვივდა. - თუ ფეხზე დადგა, აბა, რა იქნებოდა, - მერე ყურში უჩურჩულა: - არ გამთქვა, წეღან რომ ვერ გავიგონე, ბებერი ვარ, ყურში ხეირიანად არ მეყურებაო.

- არ გაგამხელ, მეფეო, - დაჰპირდა ვეფხვი და გულმოსული გამობრუნდა.

ამის შემდეგ ბებერ ლომს შიშით დიდხანს არ სძინებია, მაგრამ ვეფხვმა სიტყვა არ გატეხა და სიმართლე უნდა ითქვას, დაჩის, უკვე ფეხზე დამდგარ დაჩის, არაფერი გაუგია. კიდევ კარგი, თორემ ვინ არ იცის, დაჩის რა გულის მოსვლა უყვარს!

- დე-და! - თქვა ისევ დაჩიმ. ეს კი იმას ნიშნავდა, ლომს დედას ვუტირებდი, რომ გამეგოო.

მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.

აი, ასე დადგა მიწაზე დაჩი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ