კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 01:02

ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა.

დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა.

წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია.

ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო.

ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი.

ბევრს ერს ქვეყანაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვინაობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულებას, მის აზრს და საგანს არსებობისას, მის წმიდათა-წმიდას, და რომელიცა მკის თავის დროებისათვის და ამასთანავე სთესს მერმისისათვის.

ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის - ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც არ ჩამოურჩება.

ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა, თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა.

თუ ესეთი არა, ბევრი მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ რომ, რა იყო - ის დავიწყებული აქვს და, მაშასადამე, რა არის - არც ის იცის.

არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გაიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა. ფეხ-ქვეშიდამ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი ტანი თავის ვინაობისა, რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე მამა-პაპათა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან საშვილიშვილოდ ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად.

იგი დიდება, იგი სახელი, რომელსაც ამისთანა ერი ჩაინარჩუნებს ხოლმე წარსულისაგან თავის გულში, თავის სამღერალსა და საგალობელში, თავის ზღაპრებსა და მოთხრობებში, მართალია, რაც დრო მიდის, ეგ ნუგეშიც, ისტორიის დავიწყებასთან ერთად, ნელდება და თანდათან ჰქრება, იმიტომ რომ სამღერალსა და საგალობელში, ზღაპრებსა და მოთხრობებში ჩარჩენილი სახსოვარნი, ისტორიის დავიწყების გამო, მართალს აღარა ჰგავნან და უაზრო და უსაგნო ზღაპრადღა გარდაიქცევიან, როგორც მთქმელის, აგრეთვე გამგონის თვალშიაც.

ამის გამო ამ სახსოვრებში ის ცეცხლმოსაკიდებელი ძალ-ღონე აღარ არის, რომელიც კაცს ააფეთქებს ხოლმე მოქმედებისა და გარჯისათვის, და არაკი ეს არ არის, ყოველი ეს განძი და საუნჯეც - კი, წარსულისაგან გადმოლოცვილი, ამაო და ფუჭია ერის გამხნევებისათვის, ერის დღეგრძელობისათვის.

თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამის საბუთი თვალწინ გვაქვს.

რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის. რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა.

ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით - რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, ან ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.

რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუჭე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისას, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებთ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და გამმარტებელი ისტორია.

ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავსბრუდახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის - თავზე სასოება და იმედი ეკარგება, და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!

გარდა ყოველ ამისა, ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ - ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წაუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი.

ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი.

ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძით, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.

დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის, და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან.

ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს. აბა შეხედეთ სხვა ქვეყნებს, ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არა ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არა ჰქონდეთ აღმართული. რისთვის? სულ იმისთვის, რომ დიდმა და პატარამ დაიხსომოს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალწინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს.

ეს მრავალგვარი მნიშვნელობა ისტორიისა ერის გამოცხადებისათვის კარგად იცოდნენ თავის ერის გულშემატკივართა სხვა ქვეყნებში. იგი სახელოვანნი მამულისშვილნი, ყველაზედ უწინარეს, ერის გამოკეთებისათვის დავიწყებულის ისტორიის აღდგენას შეეცადნენ.

გამოღვიძებამ ერისამ უგემურის ძილისაგან ყველგან აქედამ დაიწყო თავისი დასაწყისი, და ამ გზით გამოფხიზლებულ ერის კეთილდღობასა და ხელახლად აღორძინებას დღეს ბევრგან ჩვენის თვალით ვხედავთ.

ჩვენ გვწამს ესეთი სასწაულთმოქმედება ისტორიისა და ამიტომაც დიდის სიხარულით ვეგებებით იმ ამბავს, რომ ჩვენს დაუღალავ მოღვაწეს ბ–ნს დ. ბაქრაძეს განუზრახავს ჩვენის დავიწყებულის ისტორიის აღდგენა და გახსენება.

“ივერიაში” დაბეჭდილის პროგრამისაგან სჩანს, რომ ბ-ნ ბაქრაძეს სანატრელის სიდიდით შემოუფარგლავს თავისი საგანე ასე, რომ თუ პროგრამა შესრულდა, ჩვენ, ქართველებს, ხელთ გვექნება მთელი დიდი და ვრცელი სურათი ჩვენის აწ დავიწყებულის წარსულისა.

ვისაც კი გაეგება რამ, სიხარულით აღტაცებულნი მოუთმენლად მოელიან იმ დღეს, როცა დაიბეჭდება ეს ისტორია, ვითარცა დიდს დღესასწაულს რასმე. მართალნიც არიან.

ზემოხსენებულისგან ცხადად დაინახავს ჩვენი მკითხველი, თუ რა დიდსა და სახელოვან ღვაწლსა და სამსახურს სდებს ბ-ნი ბაქრაძე ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანასა.

კიდევ ვიტყვით, აღდგენა ისტორიისა - ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან.

ყოველ ამ დიდ სიკეთის მომნიჭებელი იქნება ჩვენი პატივცემული ბ-ნი ბაქრაძე, რომელსაც მადლობელი ერი და დავალებული ქვეყანა თავის დღეში არ დაივიწყებს თვისთა სახელოვანთა კაცთა შორის.

ღმერთმა ისე კეთილად შეასრულებინოს ეს სასახელო განზრახვა, როგორც თვითონ ბ-ნ ბაქრაძეს და მისთა კეთილმყოფეთა ჰსურდეს და, სხვათა შორის, ჩვენცა.

1888 წელი

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ