სვეტიცხოველი
საყდრის ეზოში შესულს გეჩვენება, რომ სამშობლოში დაბრუნდი: მტკივნეულად ნაცნობი გალავანი, ტაძრის მშობლიურად თბილი კედლები, რბილი, რბილი ბალახით შემოსილი მიწა...
რა არის ეს, რატომ გიჩნდება ასეთი განცდა?!
იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქედან დაიწყო შენთვის ნაცნობი საქართველო...
არმაზი შორს არის, წყვდიადში დანთქმულან დიადი კერპები... გაცი და გა, აქ კი, აი, ამ მიწაში, განისვენებს ებრაელის ქალი სიდონია, რომელსაც გულში მაცხოვრის კვართი ჩაუხუტებია...
უკვე ორიათასი წელია, რაც ეს არის შენი სამშობლო, სწორედ ეს! სხვა არ გახსოვს... მას შემაძრწუნებლად სქელი საბურველი ფარავს.
პოეტი
ყველა ჩვენგანის მახსოვრობაში ღრმად ჩაბეჭდილა ერთი ასეთი სურათი: თეთრი ვარდებით მორთულ ეტლში, რომელშიც მშვიდად მომღიმარი პოეტი ზის, ულამაზესი ქალები შებმულან და ის ეტლი ციმციმ მიაქვთ საქართველოს ღორღიან გზაზე.
ამ ბოლო ხანებში თანდათანობით ფერმკრთალდება ეს მრავლისმთქმელი და ძვირფასი სურათი, თანდათანობით იცრიცება ის ვარდები, იმ ქალების გაცისკროვნებული სახეები, ფერმკრთალდება მგოსნის მშვიდი ღიმილიც და მის ადგილს იჭერს დანგრეულ რუსთაველზე მიმავალი ჩემი ნაცნობი პოეტი, შიმშილისა და უიმედობისგან ფერმიხდილს ცელოფნის პარკით ხუთიოდ კარტოფილი და ერთი კონა მწვანილი რომ მიაქვს შინ.
წავიდნენ
აღარ არიან, წავიდნენ, სათითაოდ გაიკრიფნენ ყველანი. წავიდნენ და თან წაიღეს დაკოჟრილი, მაგრამ მაინც ლბილი და ალერსიანი ხელები, მტკივანი სახსრები, შუქდაკლებული თვალები, გატეხილი გულები.
წავიდნენ და თან გაიყოლეს მზეზე გახუნებული თავშლები, სპეტაკი ხილაბანდები, ნაბდის ქუდები, მატყლის თეთრი წინდები.
მათთან ერთად გაქრა კალო და კევრი, ხარი და გუთანი, ტაბიკი და აპეური. განელდა ფქვილის ამბრისა და გრილი მარნის სურნელი.
წავიდნენ, აღარ ისმის იმათი ხმა - ალერსიანი, ტკბილი გურგური, ლოცვა და დინჯი ბაასი.
გაზაფხულზე მიწა ისევ იმოსება მწვანე ბალახით, ისევ ჭიკჭიკებს და უსტვენს უამრავი ჭრელი ფრინველი, მაგრამ ახლა იმათ სახელები აღარა აქვთ - უსახელოდ ყვავიან, უსახელოდ ჭიკჭიკებენ. წავიდნენ, შავ მიწას ჩაეფარნენ და თან წაიღეს იმ ბალახების, ყვავილებისა და ფრინველების სახელები.
აქამდე თუ მიწას ჩაჰბღუოდნენ, ახლა ქვემოდან ამოსცქერიან იმ მიწას გულხელდაკრეფილები, თვალებდაშრეტილები, ხორცგაცლილები.
წავიდნენ სხვა ქვეყნის შვილები, სულ სხვა ქვეყანაში მოხვედრილები და ამის გამო დაბნეულები, შეცბუნებული ღიმილით გაღიმებულები.
წავიდნენ, აღარ არიან...
ჩვენც წავალთ. წავალთ და თუ კიდევ რამ დარჩა წასაღები, იმასაც წავიღებთ.