თავი პირველი
1. ქებათა ქება სოლომონისა.
2. „მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
3. სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი, და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.
4. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში.” „ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!”
5. „შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
6. ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ, დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღისას, რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?”
8. „თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა ბინების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
9. ჩემს ულაყს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
10. მშვენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი, და ყელი - ყელსაბამით მორთული.”
11. „ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულებს.”
12. „ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
13. მურის ჭურჭელი - საყვარელი ჩემი ჩემთანაა, ჩემს ძუძუთა შორის განისვენებს.
14. ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი საყვარელი ენგადის ვენახებში.”
15. „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.”
16. „აჰა, მშვენიერი ხარ, საყვარელო ჩემო, და სანატრელი! რა მწვანეა ჩვენი სარეცელი!
17. კოჭები ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის.”
თავი მეორე
1. „მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.”
2. „როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!”
3. „როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
4. შემიყვანა მან ღვინის სახლში და ალამი მისი ჩემს ზემოთ სიყვარულია.
5. გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.
6. ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მისი მარჯვენა მეხვეოდეს!”
7. „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ. არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.”
8. „აჰა, გაისმის ხმა ჩემი საყვარელისა. აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე.
9. ვამსგავსე საყვარელი ჩემი ნიამორის ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენი ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.
10. მომიგებს საყვარელი ჩემი და მეტყვის: ‘ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’
11. რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ღვარებისა გარდახდა, თავისთვის წავიდა.
12. ყვავილები დაჩდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში.
13. ლეღვმა გამოიღო თვისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს, ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’”
14. „შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი მშვენიერი.”
15. „დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.”
16. „ჩემი საყვარელი ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყესავს შროშანთა შორის!
17. ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მობრუნდი, ემსგავსე, საყვარელო ჩემო ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულს!”
თავი მესამე
1. „ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
2. ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
3. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი - ‘ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?’
4. ცოტას გავშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.”
5. „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!”
6. ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურითა და გუნდრუკით კმეული და მენელსაცხებელთა ყოველი სურნელით?
7. აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
8. თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეებში შიშით.
9. ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
10. სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა, საიდაყვენი - ოქროსგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისგან, შიგნიდან სიყვარულით მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
11. გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინით, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.”
თავი მეოთხე
1. „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა არვეა თხათა, გილყადის მთიდან დაშვებული.
2. შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.
3. შენი ბაგეები ძოწის ძაფივითაა, და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
4. შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყველა ფარი.
5. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.
6. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
7. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და ბიწი არ არის შენში! წამო, ლიბანიდან სასძლოვ!
8. წამო, ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, შენირისა და ხერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხვთა მთებიდან.
9. შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სასძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!
10. რა საამურია შენი ალერსი, სასძლოვ, დაო, ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!
11. გოლი მოსწვეთავს შენს ბაგეებს, სასძლოვ! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
12. ბაღი ხარ დახშული, სასძლოვ, დაო ჩემო, ჭა - დაგმანული, წყარო - დაბეჭდილი.
13. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით - ქოფერით და ნარდიონით,
14. ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.
15. წალკოტთა წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.”
16. „აღდექ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ჩემს წალკოტს, იფრქვეოდეს მისი სურნელებანი! მოვიდეს თავის წალკოტში საყვარელი ჩემი და იგემოს მისი რჩეული ხილი!”
თავი მეხუთე
1. „ჩავედი ჩემს ბაღში, სასძლოვ, დაო ჩემო: მოვისთვლე მური და ჩემი სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრენით, საყვარელნო!”
2. „მე მძინავს, ჩემი გული კი მღვიძარეა. აჰა, მესმის ხმა ჩემი საყვარელისა, რომ რეკავს: ‘გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები- ღამის წვეთებმა.
3. გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4. ჩემმა საყვარელმა შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული.
5. ავდექი, რომ გამეღო ჩემი საყვარლისათვის; ხელებიდან წვეთავდა მური, თითებიდან ეწვეთებოდა მური კარის სახელურს.
6. გავუღე კარი ჩემს საყვარელს, მაგრამ გაბრუნდა ჩემი საყვარელი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი; ვუხმობდი მას, არ მაგონებდა.
7. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს. მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.
8. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ საყვარელი ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.”
9. „რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, უმჯობესო ასულთა შორის? რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, ასე რომ გვაფიცებ?”
10. „თეთრ-ყირმიზია საყვარელი ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.
11. თავი მისი ოქროა რჩეული, თმები მისი დახვეული, შავია ყორანივით.
12. თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.
13. ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურით მწთოლვარენი.
14. ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოსძვლის ჭურჭელია, საფირონით მოჭედილი.
15. წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი პირისახე ლიბანის მსგავსია და დიდებულია, როგორც კედარი.
16. მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!”
თავი მეექვსე
1. „სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად.”
2. „თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში. წალკოტებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად.
3. მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა შორის.”
4. „მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით!
5. მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები, თხათა არვეა, გილყადიდან დაშვებული.
6. კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.
7. ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
8. სამოცი დედოფალია, ოთხმოცი - ხარჭა, და ურიცხვი - ქალწული;
9. ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
10. ‘ვინ არის იგი ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი, როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?’
11. ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
12. არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.”
თავი მეშვიდე
1. „მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ!” „რად უცქერდით სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხისაის?
2. როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში, ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
3. შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გარემოცული.
4. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია, მაჩბივნი ნიამორისა.
5. შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
6. შენი თავი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სამეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
7. რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით!
8. შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.
9. ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი - ვით ვაშლის სურნელი.
10. შენი სასა ღვინოა კეთილი, ჩემი საყვარლისაკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
11. მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც.
12. მოდი, საყვარელო, ჩემო, გავიდეთ ველად, დაბა-სოფლებში ვათიოთ ღამე.
13. ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
14. სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო.”
თავი მერვე
1. „ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუთა მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
2. წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
3. მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!”
4. „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!”
5. „ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?” „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.
6. დამდევი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
7. ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.”
8. „პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
9. ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.”
10. „მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
11. ჰქონდა ბაყალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი მოჰქონდა ყურძნის სანაცვლოდ.
12. ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, და ორასი - ნაყოფთა მცველების.”
13. „ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!”
14. „გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს სურნელთა მთებზე.”