ჯერ აჩლაჩუჩლაზე გეტყვით.
ხომ მიხვდით, რანაირიც იქნებოდა. ერთ-თავად აჩაჩულ-ჩამოჩაჩული დადიოდა, ღილები შეუკრავი რჩებოდა და ფეხსაცმლის ზონარი მიწაზე დასთრევდა. წვერს არ იპარსავდა, ხელ-პირს არ იბანდა და ის აჩაჩულ-ჩამოჩაჩული ტანსაცმელიც სულ გაჭუჭყულიჰქონდა.
კაი უჟმურიც გახლდათ. იმის მაგიერ, რომ თავისი სიზარმაცე ეტირა, ხალხზე ბრაზობდა, არავის ესალმებოდა და ონავარი ბავშვები რომ გაახელებდნენ, აჩაჩულო-ჩაჩაჩულოო, უკან მისდევდა ყვირილით: ყურებს დაგაგლეჯთ მე თქვენაო.
სულ სხვა კაცი იყო აფლაფატო.
ხალხი ძალიან უყვარდა. ყოველ საღამოს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, იჯდა ხოლმე ქალაქის ბაღში მუდამ სუფთად გაპარსული და ფრჩხილებდაჭრილი. იჯდა და ღიღინებდა.
ეტყოდნენ, გამარჯობა, აფლაფატოო, და ისიც ღიმილიან მზერას შეაგებებდა, გაგიმარჯოს, ჩემო კარგოო.
ალბათ იმასაც მიხვდით, თუ რატომ ერქვა ამ კაცს აფლაფატო.
აფლაფატოს ხომ ისეთ ტანსაცმელზე იტყვიან, რომელიც ძალიან ხალვათად ადგას ტანზე ჩამცმელს.
ჰოდა, ამ ჩვენს აფლაფატოსაც სწორედ ასე, ხალათიც, შარვალიც და პალტოც თავისაზე რამდენიმე ზომით დიდი ეცვა. ქუდიც ისეთი დიდი ეხურა, რომ უყანყალებდა თავზე.
ერთი სიტყვით, ბაღის სკამზე მჯდომარე აფლაფატოს რომ შეხედავდი, მოგეჩვენებოდა, ტანსაცმელშია ჩაკარგული და იქიდან ისმის მისი ღიღინიო.
ქარი უყვარდა ძალიან.
ძლიერი ქარი რომ დაუბერავდა, წამოდგებოდა და და წავიდოდა ვეება ფეხსაცმელების ფრატუნით. მიდიოდა ქუდზე ხელჩაკიდებული და გაღიმებული:
მიდიოდა და ისევ ღიღინებდა:
"პალტო მიყვარს აფლაფატო,
ქარში უნდა ვაფარფატო."
მართლაც უკან დიდი ფრთებივით უფრიალებდა და უფარფატებდა პალტოს კალთები.
რადგან ქალაქი პატარა იყო, აჩლაჩუჩლა და აფლაფატო ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ ქუჩაში.
- სალამი ძმაო, როგორა ხარო, - დაუძახებდა ხოლმე აფლაფატო.
- წადი შენიო, - შეუღრენდა აჩლაჩუჩლა.
აფლაფატოს სწყინდა, როდისმე მიხვდება თავის სისულელესო, - ფიქრობდა.
ხანდახან ვინმე შეეკითხებოდა აფლაფატოს, ეგრე რატომ გაცვიაო.
- აბა რა გითხრათ, რაღაცა უნდა მოხდეს და იმას ველოდებიო. - იტყოდა აფლაფატო ღიმილით.
- აჩლაჩუჩლაც რამეს ელოდებაო?
- ალბათო - უპასუხებდა აფლაფატო.
ერთ დღეს აჩლაჩუჩლა ქალაქიდან გადაიკარგა.
წერილი დაეტოვებინა:
"მომბეზრდა ყოველდღე ჩაცმა-გახდა: მივდივარ უკაცრიელი და ცხელჰავიანი კუნძულის საძებრად. იქ ვივლი ტიტლიკანა. ვერც ვერავინ მომთხოვს ფრჩხილების დაჭრას და, რაც მთავარია, იქ ეს ჩერჩეტი აფლაფატო არ იქნება, სულ რაღაცას რომ ელოდება და ლოდინი არ ეზარება."
ამაზეც მხოლოდ გაიცინა აფლაფატომ და მეტი არაფერი.
გადიოდა დრო.
აფლაფატოს ეკითხებოდნენ. შენც ხომ არ აპირებ გაქცევასო.
- რას ამბობთ, ჩემს ქალაქს როგორ დავტოვებ, ეგ რამ გაფიქრებინათო, - იღიმებოდა ნაღვლიანი.
აბა, აქედან სად წავიდოდა, როცა იცოდა, რომ ამ ქალაქის გადასარჩენად და გასათავისუფლებლად მის ყველა წინაპარს ბრძოლები ჰქონდა ხმლით ხელში გადატანილი. ბევრმა მათგანმა კი თავიც შესწირა ამას...
ღამით დიდხანს ვერ იძინებდა ხოლმე აფლაფატო. იჯდა თავის ოთახში და კედლებს შესცქეროდა, ხოლო კედლები წინაპართა სურათებით იყო სავსე, აქ იყო აფლაფატოს მამაც, პაპაც, პაპის მამაც და პაპის პაპაც...
ქალაქის ყველა ფანჯარა ჩაქრებოდა ხოლმე და აფლაფატოს ფანჯრებშიღა მოჩანდა შუქი.
შესცქეროდა აფლაფატო სურათებს და ცდილობდა თვალი გაესწორებინა წინაპრებისათვის...
აი ასეთი კაცი იყო აფლაფატო.
ერთ საღამოს, როცა ჩვენი აფლაფატო კვლავ ბაღის სკამზე იჯდა, უცებ ხალხმა დაინახა, რომ ციდან რაღაც წამოვიდა, ცეცხლოვანი და ფერად-ფერადი.
ყველას ძალიან შეეშინდა.
მხოლოდ აფლაფატო იჯდა მშვიდად და ღიმილით აჰყურებდა ცას, თუმცა სწორედ მისკენ მოდიოდა ფერადი ცეცხლი...
დაფეთებული ხალხი გაიფანტა. ვინ სადარბაზოებს შეაფარა თავი, ვინ ხეებს და ბუჩქებს ამოეფარა, ვინ ადგილზე გაახევა შიშმა.
თვალდახუჭულები და ყურებზეხელებაფარებულები ელოდნენ მოქალაქენი საშინელ უბედურებას.
მაგრამ საშინელება არ მომხდარა.
... უცებ მათ სმენას მშვენიერი ჰანგები მისწვდა.
გაახილეს თვალი და დაინახეს, რომ ჩვენს აფალაფატოს ფერად-ფერადი და ცეცხლოვანი ჩიტი ეჯდა მხარზე.
თურმე მისი გალობა იყო ასე მშვენიერი.
უსმენდნენ მოქალაქენი...
მერე ჩიტმა შეწყვიტა გალობა, აფრინდა, დაუბრუნდა ზეცას.
მაშინ წამოდგა აფლაფატო და გაოცდნენ მოქალაქენი.
მას აფლაფატოდ აღარ ედგა ტანზე არც ხალათი, არც შარვალი, არც პალტო, და ქუდიც აღარ უყანყალებდა თავზე.
უეცრად გაზრდილს და გამაღლებულს, ძვალგამსხვილებულსა და მხარბეჭგაგანიერებულს, ქუდ-ტანსაცმელ-ფეხსაცმელი სრულად ამოევსო თავისი ძლიერი სხეულით.
- აი, ამას ველოდი, - უთხრა ხალხს აფალაფატომ, - ეს ტანსაცმელი პაპაჩემისა და მამაჩემის ნაქონია, ისინი დიდები იყვნენ და მეც ამიტომ მქონდა იმედი, რომ როდისმე გავიზრდებოდიო.
ასე დამთავრდა ეს ამბავი.
მე კი იმიტომ გიამბეთ, რომ მინდა გთხოვოთ: მოდით, ძმებო დავკიდოთ ჩვენი ოთახის კედლებზე ჩვენს წინაპართა სურათები და ვეცადოთ, თვალი გავუსწოროთ მათ მზერას.
ხომ ყველას გვინდა, რომ როდისმე ზეციდან ჩვენს მხარზეც ჩამოეშვას ფერად-ფერადი, ცეცხლოვანი ჩიტი?
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |