კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:14

 

 

 

კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი,

რო ნახო, გაგიკვირდება...

იმათ ნაწოლსა, ნადგომსა,

თოლი არ მაეკიდება.

ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,

კლდეზე რქით დაეკიდება,

იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა

რა კარგი წაეკიდება!..

ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა,

რა მშვენიერნი წვანანო,

რქა რქაზე გადაუხვევავ,

ანგელოზებსა ჰგვანანო.

ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,

მოგინელებენ ტიალნი!..

არ დაიჯერა ჯარჯიმა,

სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი.

ჩამაუქადლა ვაჟკაცმა

ხირიმი სპილოსძვლიანი,

წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა

კლდეზე გადიღეს გრიალი, -

ჩაბანოს ჭალას გავარდა

მოყმე ფეხწრიაპიანი...

ამაიტანეს მამკვდარი,

ტირის ქალი და ზალია,

შამააწვინეს კარზედა

კლდის დაფლეთილი ტანია,

გადაგლეჯილი თავ-პირი,

ყორნის დათხრილნი თვალნია...

სახსოვრად ჯარჯის საფლავზე

დააკრნეს ჯიხვის რქანია,

ერთ გვერდზე თოფი სიათა,

მეორე გვერდზე ხმალია,

ზედ დააწერეს წერილი:

"ჯარჯი - ჯიხვთაგან მკვდარია!"

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ