კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:34

ერთხელ ბეჰემოთმა სიზმარი ნახა. რომ გამოეღვიძა, მიიხედ-მოიხედა და გაოცდა: ისევ ტალახიან გუბეში იწვა. ეს გუბე კი სულაც არა ჰგავდა იმას, რაც ძილში ნახა. ”მე ხომ ეს წუთია სულ სხვაგან ვიყავიო”, - იფიქრა.

ბეჰემოთმა არ იცოდა, რა იყო სიზმარი. დაიწყო ფიქრი, ან იქ როგორ წავედი, ან ახლა აქ როგორ გავჩნდიო. ამასობაში კვლავ ჩაეძინა. და კვლავ იგივე სიზმარი ნახა. გამოეღვიძა და ნახა, რომ კვლავ გუბეში იწვა.

როგორ ხდება ეს ყველაფერი? - იფიქრა ბეჰემოთმა. - ალბათ ვინმეს მივყავარ უცებ და მერე ასევე უცებ უკან მაბრუნებს. უცნაურია, რატომ ვერა ვგრძნობ, როგორ მივყავარ, ან ვინაა ისეთი ღონიერი, რომ ასე იოლად დამატტარებს, ან ისეთი კეთილი, რომ ჩემთვის მოუცლია და ასეთ კარგ ადგილას მივყავარო.

ბეჰემოთს მოსწონდა, რასაც ხედავდა სიზმარში, უნდოდა დიდხანს დარჩენილიყო იქ, მაგრამ მალე ეღვიძებოდა ხოლმე.

იფიქრა, მოდი, რამენაირად ვნახავ, ვის მივყავარ და ვთხოვს, იქნებ მეტხანს დამტოვოსო. ჰოდა, ასეთი ეშმაკობა იხმარა. დახუჭავდა თვალს და იყო ასე. ელოდა, აი, ახალა მოვა ის, ვისაც ვუყვარვარ, და დავინახავო. მაგრამ აბა, რას ნახავდა, ისევ ჩაეძინებოდა ხოლმე ლოდინში.

ეტყობა ის ჩემზე ეშმაკი ვინმეაო, - დაასკვნა ბოლოს, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს იმედი, რომ როდესმე ნახავდა, თუ ვის მიყავდა იმ ლამაზ მხარეში.

ერთხელ, კვლავ თვალდახუჭული რომ იწვა გუბეში, ჩურჩული ჩაესმა:

- არ გაახილო თვალები, ყური მიუგდე ჩემს ხმას და გამომყევი.

ბეჰემოთს გული შეუხტა სიხარულით.

- მოვდივარ, - თქვა მანაც ჩუმად და მიჰყვა ჩურჩულს თვალდახუჭული. თან გაიფიქრა, აი, ხომ მაინც შევხვდი იმას, ტყუილად არ ველოდიო.

ყველა ბეჰემოთს თუ არაბეჰემოთს სიცოცხლეში ერთხელ აუცილებლად ეტყვის რაღაც იდუმალი ხმა, დახუჭე თვალები და გამომყევიო. მაგრამ იშვიათად აღმოჩნდება ვინმე, რომ დაუჯეროს იმ ხმას.

უმრავლესობა მაშინვე თვალებს დააჭყეტს, წამოვარდება და დაიწყებს ხმამაღლა მსჯელობას, სად უნდა წავიდე, რატომ უნდა წავიდე, თანაც რატომ თვალდახუჭული? იქნებ ჩემი კლდეზე გადაგდება უნდათო.

არადა სჯობს კი, რომ მშვიდად მიენდოს იმ ხმას და მიჰყვეს უკან. ჩვენი ბეჰემოთი კი მიენდო ხმას. ალბათ, იმიტომ, რომ სიზმარს ხედავდა და დიდხანს ელოდა ვიღაცას. მიჰყვებოდა ჩურჩულს ბეჰემოთი.

- წამოდი, წამოდი, აქეთ, აქეთ, - ეუბნებოდა ხმა.

მიდიოდნენ ძალიან დიდხანს. ბეჰემოთი ფიქრობდა, იქ მივყავარ ხმას, იმ მხარეში, იმ ლამაზ მხარეშიო. თან ახლა ისიც აოცებდა, ამდენ ხანს მივდივართ, რამხელა გზა ყოფილა თურმე იქამდე და ადრე ისე უცებ როგორ მივყავდი, რა ღონიერი ყოფილაო. ჰოდა, ალბათ დაიღალა ჩემი ტარებით და ახლა წინ მიმიძღვება, ბოლოს და ბოლოს არც ისე მსუბუქი ვარო.

ბეჰემოთმა იცოდა თავისი ამბავი. ეტყობა, ბევრჯელ ეფიქრა თუ ვინ ვინაა და რა კიდევ რა არის, ამიტომაც ერგო, ალბათ, ჯილდოდ სიზმარი. მიდიოდნენ... ბევრჯერ შესცივდა და ბევრჯერაც დასცხა ბეჰემოთს. ბევრჯერ დაღალა აღმართმა, ბევრჯერაც დაეცა და დაგორდა კიდეც ქვიან დაღმართზე, მაგრამ კვლავ ერთგულად მიჰყვებოდა ხმას.

- აქეთ, აქეთ, - ეუბნებოდა ხმა.

მიდიოდა ბეჰემოთი. მან უკვე ისწავლა თვალდახუჭული სიარული. ესმოდა ათასგვარი ხმა და ხვდებოდა: ტყე ხმაურობდა ირგვლივ, თუ ნაკადული ჩხრიალებდა, ქარი წიოდა ხევებში თუ ფოთოლი ეცემოდა მიწას. გრძნობდა სად მიდიოდა: ბალახზე თუ სილაში, რიყეზე თუ რბილ ბილიკზე. და აი, ერთხელ , პატარა აღმართი რომ აათავა, ხმამ უთხრა:

- გაჩერდი.

ბეჰემოთი გაჩერდა. იდგა და ელოდა, როდის ეტყოდა ხმა, თვალები გაახილეო. მაგრამ აღარ ისმოდა ალერსიანი ჩურჩული. იდგა ბეჰემოთი. ეშინოდა, ვაითუ ადრე რომ გავახილო თვალები, ამდენმა ლოდინმა და წვალებამ უქმად ჩაიაროსო.

იდგა და უცებ შუბლზე სასიამოვნო სითბო იგრძნო. მიხვდა, ესაა ნიშანიო. და გაახილა თვალები... პატარა გორაკზე იდგა და მის წინ თვალუწვდენელი ფერად-ფერადი ყვავილოვანი ველი იყო გადაშლილი. ხოლო ველის ბოლოში დიდი მზე ამოდიოდა. სწორედ მისი სხივების სითბო იგრძნო ბეჰემოთმა.

უცქეროდა გახარებული ბეჰემოთი და უცემდა გული. სწორედ ყვავილოვან ველს ხედავდა იგი სიზმრად. მაგრამ ერთი რამე არ იყო ხოლმე მის სიზმარში: ამ ველზე ფერად-ფერადი პეპლები დაფარფატებდნენ და ნამის წვეთებზე არეკლილი სხივები ელავდნენ პეპლების ფრთებზე ...

სიზმარი ძნელად ახდება, მაგრამ თუ ახდა, ასე იცის: იმაზე უკეთესია ხოლმე, ვიდრე ძილში ხედავს კაცი... მოიცათ, რატომ კაცი? ჩვენ ხომ ბეჰემოთზე ვყვებით ამბავს. ასე უნდა დაგვეწერა: სიზმარი თუ ახდა, იმაზე უკეთესია ხოლმე, ვიდრე ძილში ხედავს ბეჰემოთი. მაგრამ აქ არა ჩანს, რომ ეს ყველაფერი ადამიანებსაც ეხება, მე კი, როგორც თქვენ უკვე მიხვდით, მათაც ვგულისხმობდი ამ ამბის წერისას.

ამბის სიმართლე რომ არ დაირღვეს და ჩვენც ზუსტად ისა ვთქვათ, რისი თქმაც გვინდა, დავწეროთ ასე: სიზმარი თუ ახდა, იმაზე უკეთესია ხოლმე, ვიდრე ძილში ხედავს სიზმრის მხედველი. ესაა სწორედ მთავარი, სიზმრის მხედველი ხარ თუ არა. აქაა მთავარი განსხვავება სხვადასხვა არსებას შორის.

ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ძალიანაც ეწყინოთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სიზმრის მხედველი კაცი და სიზმრის მხედველი ბეჰემოთი უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე ორი კაცი, რომელთაგან ერთი ხედავს სიზმარს, მეორე კი - არა. ანუ ერთი არის, მეორე კი არაა სიზმრის მხედველი.

ბოლოს კი ამ ჩემს მსჯელობას ისიც უნდა დავამატო, რომ კარგი იქნება, ეს ორი სიტყვა შევაერთოთ და ყველას, ვინც ღირსია, ასე დავარქვათ - სიზმრისმხედველი.

აი, ვსხედვართ საღამოს ხეივანში და მოდის კაცი, რომელსაც ეტყობა, რომ სიზმრებს ხედავს. ხოლო ეს რომ ყოველთვის ეტყობათ, ამაზე ნამდვილად ვერ შემედავებით. მოდის კაცი, ჩვენ ვუცქერით და საიდანღაც თავისთავად ჩნდება სიტყვები:

ხეივანში მოდის კაცი, მოდის სიზმრისმხედველი...

ეს უკვე ლექსის დასაწყისია და იმას ნიშნავს, რომ ჩვენც სიზმრისმხედველები ვყოფილვართ. ლექსებს სიზმრისმხედველები წერენ და წერენ იმიტომ, რომ სხვა სიზმრისმხედველებიც არიან ქვეყნად.

ახლა, თუ არ გამიწყრებით, გამოგიტყდებით პატარა ეშმაკობაში და გეტყვით: ეს გრძელი მსჯელობები იმისთვის დამჭირდა, რომ ცოტა ხანს ბეჰემოთი მარტო დაგვეტოვებინა თავის სიხარულთან. სხვისი თვალი არაა ამ დროს საჭირო.

დავუბრუნდეთ ჩვენს ბეჰემოთს. გახსოვთ? უცქეროდა ფერად ველს და სიხარულით უცემდა გული. მაშინ გახარებული დავტოვეთ, მაგრამ ახლა უკვე ნაღვლიანი იდგა და თავი ჩაექინდრა. რატომ მოიწყინა? იმიტომ, რომ ფიქრობდა, ახლა ეს ველი კვლავ გაქრება და ისევ ჩემს ჭუჭყიან გუბეში დამაბრუნებენო.

ესეც იფიქრა, რაც შეიძლება ფხიზლად ვიქნები და წამყვანი რომ მოვა, არ გამომეპარებაო, ვთხოვ არ წამიყვანოსო. ხოლო ერთხელ გულში დაიმუქრა კიდეც, გავუძალიანდები, ვნახოთ ძალით როგორ წამიყვანენო. მაგრამ კარგად იცოდა: ტყუილი იყო მისი ფიქრი, როცა მოუნდებოდა, მაშინ წაიყვანდა წამყვანი. იდგა დაღონებული ბეჰემოთი...

ველზე პეპლები დაფარფატებდნენ... მერე ერთი ძალიან ლამაზი პეპელა მოფრინდა ბეჰემოთთან და ჰკითხა, რამ დაგანაღვლიანაო. ბეჰემოთი გაოცდა: ეს სწორედ ის ხმა იყო, აქეთ რომ მოუძღვებოდა.

- აქ შენ მომიყვანე? - ჰკითხა ბეჰემოთმა.

- ჰო, მე მოგიყვანე, - უთხრა პეპელამ.

ნუთუ ადრეც ამას მოვყავდი ხოლმე? კი მაგრამ როგორ? ეს ხომ ასე პატარაა, ან რატომ ადრე არ მეჩვენებოდა, ან მაშინ სად იყვნენ ეს სხვა მისნაირი ფარფატები და ფერად-ფერადები? - აირია კითხვები ბეჰემოთის გონებაში. მაგრამ ეს არ იყო მთავარი კითხვები. მთავარი კითხვა სხვა იყო.

- ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდე? - ჰკითხა ბეჰემოთმა პეპელას.

- რატომ უნდა დაბრუნდე?

- ადრეც ხომ ყოველთვის ვბრუნდებოდი.

- განა ადრეც ყოფილხარ აქ? - ჰკითხა პეპელამ.

ბეჰემოთს იმედი მიეცა, თუ ამ ფარფატამ არ იცის, რომ აქ ადრეც ვყოფილვარ, ესე იგი, მაშინ ამას არ მოვყავდი და იქნებ იმ ვიღაცისგან განსხვავებით ამან მეტხანს დამტოვოსო.

- მე ბევრჯერ ვყოფილვარ აქ, - უთხრა ბეჰემოთმა პეპელას, - ოღონდ მაშინ თქვენ არ იყავით ხოლმე.

- აბა, მითხარი, როგორ ხდებოდა?

- როგორ და ჩემს გუბეში რომ ვიწექი, დამეხუჭებოდა თვალები და უცებ აქ გავჩნდებოდი ხოლმე, ვიღაც წამომიყვანდა და მერე უკან წამიყვანდა ისევ.

პეპელამ გაიღიმა. მან იცოდა, რატომ გაუწია გულმა, რომ ცხრა მთა გადაეფრინა და მაინცდამაინც ეს - დიდ გუბეში მთვლემარე ბეჰემოთი წამოეყვანა... პეპელამ იცოდა რომ ბეჰემოთი სიზმრისმხედველი იყო, მაგრამ ის კი არ იცოდა, რომ სწორედ ამ ველს ხედავდა სიზმრად ბეჰემოთი.

- ის ხომ სიზმარი იყო. შენ სიზმარს ხედავდი ხოლმე, - უთხრა პეპელამ.

- სიზმარი რა არის?

- სიზმარი შენს გონებაშია მხოლოდ. შენ არსადაც არ მიდიხარ, წევხარ გუბეში და ყველაფერს, რასაც ხედავ თვითონ წარმოიდგენ ძილში.

- მაშ ეს ყველაფერი სიზმარია?- კვლავ საშინლად დაღონდა ბეჰემოთი, - ნუთუ სიზმარია ეს ველიც და...

ბეჰემოთმა არ დაამთავრა სათქმელი, მაგრამ პეპელა მიხვდა რაც სურდა ეთქვა ბეჰემოთს. "მე ვენანები", - გაიფიქრა პეპელამ და უთხრა ალერსიანად, - ნუ გეშინია, ახლა რასაც ხედავ, ცხადში ხდება ყველაფერი.

- ცხადში?

- ჰო, ეს ველიც ისეთივე ნამდვილია, როგორც... რა ვთქვა... როგორც, მაგალითად, შენი გუბე.

- მაშ შეიძლება სამუდამოდ აქ დავრჩე და ამ ველს ვუყურო? - ჰკითხა ბეჰემოთმა გაუბედავად.

- შეგიძლია.

- გმადლობთ, - თქვა ბეჰემოთმა. დაჯდა გორაკზე და ამოიოხრა: - რა კარგია!

პეპელა ყვავილებზე აფარფატდა და ბეჰემოთიც მიიპატიჟა.

- შემოდი ველზე.

- ვერ შემოვალ, ყვავილებს გავთელავ, - თქვა ბეჰემოთმა და უცებ ატირდა, რადგან სიზმრადაც და ახლაც, სულ ის უნდოდა ველზე გასულიყო, მაგრამ ვერც სიზმრად და ვერც ახლა ამას ვერ იზამდა.

- ნუ გეშინია, გადმოდგი ნაბიჯი, - უთხრა პეპელამ.

- არა, ცოდვაა ყვევილები.

- დამიჯერე, ყვავილებს არაფერი მოუვა.

- მე ძალიან მძიმე ვარ.

- ნუ გეშინია.

- ნუ გეშინია, ნუ გეშინია, გაბედე, - უთხრეს სხვა პეპლემბაც. ისინიც მოფრენილიყვნენ და თავს დასტრიალებდნენ ბეჰემოთს.

- მაშ ცუდი არაფერი მოხდება? - თქვა იმედმიცემულმა ბეჰემოთმა და წამოდგა.

- დახუჭე თვალები, - უთხრა პეპელამ.

დახუჭა ბეჰემოთმა თვალები.

- გადმოდგი ნაბიჯი, - უთხრა პეპელამ ჩურჩულით.

- აქეთ... აქეთ, - დაიჩურჩულეს სხვა პეპლებმაც.

გაბედა ბეჰემოთმა, გადადგა ფეხი და... ვეღარ დააკარა მიწას... ჰაერში აფრინდა უცებ. დაიწყო ფრენა. ო, ეს ისეთი კარგი გრძნობა იყო! ბეჰემოთს სული შეუგუბდა სიხარულისაგან. ასე რომ არა, ალბათ, მთელ ველზე დაიყვირებდა:

- დავფრინავ, ჰეეე, დავფრინავ!

- ეჰე-ჰეე, ფრენა დაიწყო ბეჰემოთმა!...

ეს ისევ მე ჩავერთე თხრობაში. რა ვქნა, მინდა ყველამ გაიგოს რომ ასეთი დიდებული რამ მოხდა. მაგრამ ვინ იცის ახლა ეს ამბავი? მე და კიდევ თქვენ.

მოდით, იცით, რა ვქნათ? თუ ღამეა, თქვენს მეზობლებს ძილს ნუ დავუფრთხობთ, მაგრამ, თუკი დღეა და თქვენც გაგახარათ ბეჰემოთის სიხარულმა, გააღეთ ფანჯარა და დაიძახეთ:

- ფრენა დაიწყო ბეჰემოთმა, ფრენა დაიწყო, ჰე-ჰეე...

ეზოში, ალბათ, ბავშვები თამაშობენ. გაჩერდებიან და მაღლა ამოიხედავენ. თავს ნუ მოვიტყუებთ, ალბათ, მათ შორის ისეთიც აღმოჩნდება, რომ გულგრილად იტყვის: ფრენა არა, ისა! და შეიძლება გადააპურჭყოს კიდეც. მაგრამ ერთი მაინც ნამდვილად დაგიძახებთ:

- ფრენა დაიწყო?

- ჰო, ჰო, ფრენა!

- ბეჰემოთმა? - დაგიძახებთ ისევ.

- ჰო, ბეჰემოთმა, - უპასუხებთ თქვენ.

იმას თვალები ცისკენ გაექცევა. ერთხანს იქნება გარინდული. მერე კი მოსწყდება ადგილს და გაიქცევა. გაიქცევა...

დროდადრო წაასკინკილავდება და იძახებს ხმამაღლა:

- ბეჰემოთმა დაიწყო ფრენა! ბეჰემოთმა დაიწყო ფრენა!...

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბავშვი სიზმრისმხედველია. და თუმცა მე ის ბიჭი თუ გოგონა არც მინახავს, სანაძლეოს ჩამოვალ, რომ კარგი საამხანაგო ბავშვებია.

თუ გოგონაა, დაბეზღება ეჯავრება, თუ ბიჭია, არასოდეს გამოვა ეზოში და მარტო არ დაიწყებს დიდი ვაშლის ჭამას...

...დაფრინავდა ჩვენი ბეჰემოთი პეპლებს შორის. დასცქეროდა ლამაზ ყვავილებს. მერე ძირს დაეშვა და ნამის წვეთში თავისი თავი დაინახა. თავისი თავი და მზე. აფრინდა ისევ. დაფრინავდა და მის ირგვლივ ფერხულს უვლიდნენ პეპლები. მერე მისი მეგზური პეპელა ცისფერ ყვავილზე დაჯდა.

- მოდი, შენც აქ დაჯექი, - უთხრა ბეჰემოთს.

- აბა როგორ, მე ხომ ამხელა ვარ?! - შეყოყმანდა ბეჰემოთი.

- მოდი, ნუ გეშინია.

მიფრინდა ბეჰემოთი და ჩამოსკუპდა ყვავილზე პეპელას გვერდით. და ყვავილს არც შესტყობია კიდევ ვინმე თუ დაფრინდა მასზე. უფრო მეტად არ გაჰღუნვია ღერო... არაფერია უფრო ნაზი და მსუბუქი, ვიდრე სიზმარახდენილი ბეჰემოთი.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ