სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში:
- დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, - ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
- სამშობლო. სამშობლოა ადგილი, სადაც დავიბადე და...
- კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი.
ძალიან დადხანს ვიფიქრე.
- დაჯექი დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
- არ დამიწეროთ, მასწავლებელო ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, - შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე...
სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე, როგორც დედას, და დედასავით მარადიულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია.
მაინც რა არის სამშობლო?
იქნებ რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა! მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა? ან იქნებ აკაკის განთიადია სამშობლო? ან ვაჟას სიმღერაა - სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!
ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი არის, დემეტრე მეფის შენ ხარ ვენახია, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და ვეფხისტყაოსანია...
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვარდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება - ეს არის სამშობლო.
კიდევ?
თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე...
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
- მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
- მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
- დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
- როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში...
- დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში...
- ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება ბატონო, - მპასუხობს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება...
ჩემი სტუდენტობის დროს გიორგი ლეონიძესთან გვქონდა შეხვედრა უნივერსიტეტში. სხვებთან ერთად მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ ბატონ გოგლას. მახსოვს, არჩილმა ასე დაამთავრა თავისი ლექსი:
"მე როგორ უნდა დაგლოცო,
დალოცვას შენგან მოველი."
ეს ნათქვამი იმდენად მოულოდნელი და გულწრფელი იყო, ბატონმა გოგლამ არჩილი გულში ჩაიკრა და დიდხანს კოცნიდა. ლოცავდა ალბათ. ასეა ახლა ჩემი საქმეც, მე როგორ უნდა დაგლოცო, ჩემო მამულო, როდესაც დალოცვასაც და კურთხევასაც შენგან მოველი.
განა არ იცი, შენი დარდი, ჩემი დარდია, შენი ავდარი, ჩემი ავდარია, შენი სიმართლე, ჩემი სიმართლეა. შენი სავსე ბეღელი, ჩემი ბეღელია, შენი უკვდავება კი ჩემი უკვდავებაა.
ასე რომ, შენი მოზიარე ვარ ყველაფერში და განა ძალით, არამედ ნებით, რადგან ასე გაგვაჩინა ბუნებამ. მე და შენ ერთი სხეული ვართ, ჩემო მამულო, უფრო სწორად, მე ერთი პატარა უჯრედი ვარ შენი ჯანსაღი სხეულისა...
და რადგან გასული წელი დიდი აკაკის წელიწადიც იყო, ამიტომ მისებრ მუხლმოდრეკილი გევედრები:
- ვიდრე ცოცხალი ვარ, მკურნალად შემეყარე, შენი მზისა და მთვარის, მოკაშკაშ-მოელვარე ვარსკვლავთა ღიმილი არ მომიშალო, შენს ფირუზის ცას ნუ გამომაკლებ, ზურმუხტის ხმელეთს ნუ მომწყვეტ და როდესაც მოვკვდები, შენს მიწას მიმაბარე.
აბა, სხვა სათხოვარი და სანატრელი რომელ ქართველს ჰქონია, მე რომ მქონდეს.
ამისრულე ეს ნატვრა, ჩემო მამულო.
...მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ?
- ყველანაირი!
- მაინც, მაინც?!
- ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი... იმიტომ, რომ სამშობლო, კონსტანტინე სიმონოვის თქმის არ იყოს, ხაჭაპური არ არის, მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო, სამშობლო ყველაფრიანად უნდა გიყვარდეს ქერქიანად, ნახშირიანად, ჰაერიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად.
უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმრწესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.
საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს, თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე.
მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.
ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით. სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ. სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან!
ლოცვა მამულისათვის
ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი.
დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა.
გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი - პურით, მარანი - ღვინით, ახორი - საქონლით, კარია - ფრინველით და გული სათნოებით.
ააჟრიამულე ეზო - კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს!
მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ დუმბაძის პოეზია |