კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:37

 

კინომოთხრობა


ქართველი ხალხის შენამოქმედი უცხო მიწაზეც არაერთხელ ქცეულა ღირსსახსოვარ მოვლენად.

დღეს "გნაპრალედ" წოდებული პარიზის დიდი სასახლეა ჩვენი მასპინძელი.

"ოქროს ვერძის ქვეყნის- საქართველოს სიძველენი", - ამჯერად ასეთი სათაურითაა მონათლული ,,გნაპრალეს" საგამოფენო აფიშა...

გამოფენის მომწყობი მადამ გაბორი სტუმრებს აცნობს ქართული კულტურის როლს მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურში.

ქალბატონი გაბორიც იმეორებს უცხოეთის მეცნიერთა შორის უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებულ აზრს, რომ დასავლეთ ევროპისა თუ მახლობელი აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ხელოვნების სრულყოფილი განხილვა შეუძლებელია ქართული ხელოვნების შესწავლის გარეშე.

და ბოლოს გამოფენის დიასახლისი სტუმრებს უყვება გასაოცარ და ხიფათიან თავგადასავალს, - ქართულ საგანძურს რომ გადახდა ნახევარი საუკუნის წინ ფრანგულ მიწაზე, იმ საგანძურს, ახლა რომ ასე მშვიდობიანად ეწვია პარიზს.

ბათუმი.

1921 წელი...

საქართველოს იმდროინდელმა ლტოლვილმა მთავრობამ გადაწყვიტა უცხოეთში გახიზნულიყო და სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო სამუზეუმო ეროვნული განძიც.

ეროვნული განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად კი - ყოფილი ფინანსთა მინისტრი იოსებ ელიგულაშვილი.

თბილისიდან ჯერ ქუთაისში და მერე ბათუმში რის ვაივაგლახით ჩამოტანილი განძი საფრანგეთის კრეისერ "ერნესტ რენანზე" დაბინავდა, მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ ელოდა და კონსტანტინოპოლისაკენ გაეშურა.

ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს... კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ ამაოდ. ისევ ნაპირზე დაბრუნდნენ და მოგვიანებით იუგოსლავიური პატარა გემით გაემგზავრნენ კრეისერის კვალდაკვალ.

მალე ისეთი ღელვა დაიწყო, რომ კაპიტანმა გემის გადარჩენის იმედი დაკარგა და მგზავრებს გამოუცხადა, "მაშველი ფრთები შეიბითო. ექვთიმეს წუხილი გაათმაგდა; ამ ღელვაში განძი ხომ საფრთხეშია და ვაითუ მგზავრობას ვერ გაუძლოს ნინომაც,- ექვთიმეს მეუღლემ, თან რომ მიჰყავს ახლა უცხოეთში.

ღელვა დღენახევარს გაგრძელდა. ბოლოს დაცხრა და დამშვიდდა ყოველი...

კრეისერი "ერნესტ რენანი" სტამბოლში დახვდათ, მაგრამ კავკასიაში საფრანგეთის უზენაესი კომისრის-აბელ შევალიეს-განკარგულებით ქართული განძი კრეისრიდან მეორე ფრანგულ სამხედრო-სატრანსპორტო გემზე "ბიენ ჰოაზე" გადაიტანეს. დიდ ბედნიერებად თვლის ექვთიმე, რომ მას მეუღლითურთ და იოსებ ელიგულაშვილს განძთან ერთად მგზავრობის ნება დართეს.

"ბიენ ჰოა" საფრანგეთამდე გზას დიდ დროს მოანდომებს; - დავალება რთული აქვს: - მრავალი ნავსადგური უნდა მოიაროს,საფრანგეთის თუ მისი მოკავშირეების დაჭრილი ჯარისკაცები და ავადმყოფები მოაგროვოს მასრელის ლაზარეთებში ჩასაყვანად...

მატარებლებითა და გემებით თვენახევრის ნახეტიალებმა საუნჯემ ბოლოს მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძი გემიდან ბანკში გადაიზიდა - "ენეგალის პოლკად" წოდებული სამხედრო რაზმით ალყაშემორტყმული და დაცული... ექვთიმე მეუღლითურთ პარიზს გაემართა.

პირველი წელი ექვთიმემ ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე იმ შენობაში გაატარა, რომელსაც ქართული დელეგაციის ოტელს ეძახდნენ. პირველივე დღიდან, დღეჩაუგდებლად შეუდგა ექვთიმე თავისი ცხოვრების ფრანგული პერიოდის მოღვაწეობას. ხვდებოდა ფრანგ მეცნიერებსა და ანტიკვარებს, ხშირად აღამებდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში...

ექვთიმეს პარიზის არცერთი ტაძარი და მუზეუმი არ დაუტოვებია უნახავი და შეუსწავლელი. პირველი 13 წელი მშვიდობიან წლებად ითვლება, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საბრთხე და ცდუნებაც გაჩნდა განძთან დაკავშირებით.

ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა ემიგრანტულ მთავრობას, რომ ნება დაერთოთ, 6 თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველენი.

ალბათ ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელო წინადადებაზე. ქართული განძის გამოფენის უფლებას თხოულობდა ლუვრიც.

დიდად საამაყო იქნებოდა მსოფლიო მუზეუმთაშორის უპრველეს მუზეუმში ქართული ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამომზეურება, მაგრამ ამით შეიძლება საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგოდა თავისი საუნჯე. და ლუვრმაც საბოლოოდ უარი მიიღო ქართველებისგან...

ბრიტანეთის მუზეუმმა პარიზში გამოგზავნა ცნობილი ქართველოლოგი უილიამ ალენი. მუზეუმის თხოვნა თითქოს მოკრძალებული იყო და მაცდუნებელიც.

მუზეუმსს სურდა ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე ნივთის შესყიდვა. სანაცვლოდ პირობას იძლეოდნენ, რომ უსასყიდლოდ დასტამბავდნენ მთელი ჩვენი საუნჯის ფერად კატალოგებს და, გარდა ამისა, ბანკში მიბარებული განძის შესანახ თანხასაც თავადაც გადაიხდიდნენ.

ბრიტანეთის მუზეუმის დესპანი ალენიც უარით იქნა ლონდონში გასტუმრებული. ახალგორის განძი-ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილი საოცრება ჩვენი საუნის მშვენებად ითვლება დღესაც.

ეს განძიც, ჯერ კიდევ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშცილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს გლეხებმა ქსნის ხეობაში, ერთმანეთში დაინაწილეს და ზოგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში.

პირადად ექვთიმეს დაუღალავი ძიების წყალობით მოხერხდა ამ განძის თავიდან მიკვლევა, შეგროვება, გამოსყიდვა და კავკასიის მუზეუმისთვის გადაცემა.

პარიზიდან ექვთიმე სოფელ ლევილში გადასახლდა.ამ სოფელში შეიძინა ქართულმა კოლონიამ "შატო" წოდებული შენობა და მცირე მამული.

მალე ლევილის კერამ საკუთარი, ქართული სასაფლაოც გაიჩინა. ყველაზე დიდი ცდუნება გაჩნდა ყველა სხვა ცდუნებაზე ადრე, როცა პარიზში ჩამოვიდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის დირექტორი, ამ განძში მეტად დიდ თანხას იძლეოდა, თუ ქართველები ჩვენს ტიხრულ მინანქრებს მიჰყიდდნენ მუზეუმს...

დირექტორს უყოყმანოდ ეთქვა უარი...

ლაღობს პარიზი - ცდუნებით სავსე ქალაქი. ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე, სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს უმდიდრესი ადამიანი. იმხანად საფრანგეთის ნუმიზმატთა საზოგადოების დიპლომირებულ წევრს უძვირფასესი ნუმიზმატიკური კოლექცია აქვს, რაც მის პირად საკუთრებას შეადგენს.

საკმარისია სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს, ერთბაშად გახდება დიდი თანხის მფლობელი. დაიწყება უზრუნველი ყოფა და მისი მშვენიერი ნინოც ღირსეულად ეზიარება გაფაქიზებულ ცხოვრებას.

ვინ გაამტყუნებს? მაგრამ მას წმინდანობის მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია. მას ურჩევნია დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩენალ ფრანგულ თხას, რომლის რძე მათთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში.

ათას ცხრაას ოცდათორმეტი წელი!

"ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება ნინო აღარ მყავს!.."

- სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან თბილისში მეგობარს.

1933 წელი. ქართული დელეგაცია გაუქმდა, - საქართველოს ყოფილი მთავრობა არარსებულად გამოცხადდა. ოცდათოთხმეტი წლის მარტი. ქართულ საუნჯეს იმ დღეს დაემუქრა უდიდესი საფრთხე.

ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის ძმას, "მინგრელსკით" წოდებულ სამეგრელოს მთავარს, ნიკო დადიანს, ვაჟის გარდა ასულიც დარჩა, - სალომე დადიანი-ობოლენნსკისა.

ემიგრაციაში მყოფმა სალომე დადიამა, ამხანად უკვე ობოლენსკის ქვრივმა, სარჩელი შეიტანა სენის დეპარტამენტის სასამართლოში.ის მოითხოვდა საფრანგეთში გატანილი ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყო.

ქართველებმა სასამართლოში წარადგინეს დამფუძვნებელი კრების 1920 წლის დეკრეტი, რომლის ძალითაც თავად ნიკოლოს მინგრელსკის მოძრავი და უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად, სალომე ობოლენსკაია ახლა თხოულობდა იმას, რაც უკვე ეროვნულ სამუზეუმე განძად იქცა.

ობოლენსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართველოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას. ექვთიმესა და სხვა ქართველთა სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად ცნო ოვი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი ეთქვა...

მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.ამ საჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი,რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძეულს ყადაღა დაადო.

საუნჯით დატვირთული ყუთები მარსელიდან პარიზში-საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა... რადგან ეს განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე იყო შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა, ქართული საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად იქნა მიჩნეულ - და მისი გამგებლობა დაეკისრა ფრანგ მოხელეს პიერ ჟოდონს, რომელსაც უკვე ებარა რუსეთის ე.წ. "უპატრონო ქონება".

დაიწყო განძისთვის ბრძოლა ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო, რომ ექვთიმეს ჰქონებოდა რაიმე სახის რწმუნება, თუნდაც ფორმალური. 1935 წლის აპრილში მისი თხოვნით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება: "ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე".

დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. იცვლებოდნენ საფრანგეთის მთავრობები და იცვლებოდნენ ექვთიმეს განცხადებათა ადრესატებიც...

წერილებს გზავნის საქართველოში, ითხოვს საქართველოს ჩათრევას და შუამდგომლობას. საქართველოდანაც ყველა ღონეს ხმარობენ დახმარებისათვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს.

ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე მზადდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლით და მახვილით. საფრანგეთის რესპუბლიკა იძულებულია ომი გამოუცხადოს გერმანიას.

იტალია ომს უცხადებს საფრანგეთს. პარიზი დღე-დღეზე ელის გერმანელთა შემოჭრას. დარღვეულია ყოველგვარი სულიერი წონასწორობა და ამ ამღვრეულ დღეებში ერთი ლტოლვილი ხეიბარი მოხუცი ნირშეუხრელად განაგრძობს თავის მოწამებრივ ცხოვრებას - იძიებს და პოულობს ქართულ ისტორიულ ნივთებს, თავად მშიერ-მწყურვალი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს მათ შეძენას ანტიკვარებისგან, ემიგრანტი თანამემამულეებისგან და ამდიდრებს ეროვნულ საუნჯეს, რომლის სამშობლოში დაბრუნების იმედი დღითიდღე ილევა და იწურება.

...ჰიტლერელები მოითხოვენ ქართულ განძს გერმანიაში გასატანად. ჟოდონი არწმუნებს მათ, რომ მან არ იცის განძის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებიან ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ უკავშირდება ექვთიმე თაყაიშვილს და ატყობინებს საუნჯეზე თავსდატეხილ ახალ საშიშროებას.

პროფესორი ზურაბ ავალიშვილიც თავგამოდებით არწმუნებს გერმანელებს, რომ ის ნივთები მხოლოდ საქართველოსთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რომ ისინი სხვათათვის არავითარ ზოგად ფასეულობას არ წარმოადგენენ. და ბოლოს ჟოდონისა და ქართველების მიერ დიდად სარისკო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში.

საკმარისი იყო გზად გერმანელთა პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთით, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა მისი საგანძური და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა. აი, აქ ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს...

გერმანელები განაგრძობდნენ ქართული განძის ძებნას, მაგრამ არც ერთ ქართველს არ გაუცია საიდუმლო...

1944 წლის 19 აგვისტოს პარიზში იფეთქა აჯანყებამ. ამ აჯანყებაში არაერთი ქართველიც იღებდა მონაწილეობას...

...საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა და პარიზში აღდგა საბჭოთა საელჩო. შარლ დე გოლი 1944 წლის 23 ნოემბერს განკარგულებას გასცემს ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ... მალე ექვთიმესთან ერთად განძს ჩაიბარებენ თბილისიდან მივლინებული პეტრე შარია, შალვა ამირანაშვილი და პარიზის აეროდრომიდან აფრინდება ქართული საუნჯით დატვირთული ორი თვითმფრინავი.

განძს მცველებად გაჰყვებიან ყოფილი ტყვეები-თეიმურაზ შავდია და ნიკოლოს მელაძე.

ა ღ ს რ უ ლ დ ა!

უკან დარჩა შვიდდღიანი გზა- შორი და მოვლითი: რომი, ბენგაზი, ქაირო და თეირანი. თვითმფრინავი მალე თბილისის აეროდრომზე დაეშვება. პარიზში, გამოფრენის წინ, ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება, ანდა ის, რომ ღრმად მოხუცებულს პირველად მოუხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა?!

ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა: - "წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო" და მაშინღა მიხვდნენ, რომ ძველისძველ სამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა.

გერმანელებისგან გაძარცულ პარიზში შესაფერი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად - ქაიროში - შეუკერეს ტანსაცმელი...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ