კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:20

მე მაშინ მეგონა, რომ მამა უკვე ხნიერი იყო, ოცდათექვსმეტი წლისა, ებარა სოფელი - მხრებგაშლილს, მკერდგანიერს, ბრტყელქამარშემოჭერილს, სანეფო ჩექმებამოჭიმულს.

ეპყრა მათრახი, წმინდა ნახელოვნები, თახთახა, მსუბუქად გადაევლებოდა ხოლმე ღონიერ ლურჯა ცხენს, ლურჯა გიჟდებოდა მისი სიმძიმის ქვეშ, გავარდებოდა ხან აქეთ, ხან იქით, მაგრამ მამა არ აძლევდა საშველს, მკაცრად უმოკლებდა სადავეს.

ლურჯას ისღა რჩებოდა, ლაგამი ეღრღნა ხმაურით. არადა ყველასთან მამა უნდა გაჩერებულიყო - ზოგს უცინოდა, ზოგს უწყრებოდა. გადაიწევდა, ყურში ჩასჩურჩულებდა მავანს რაღაცას და ჩაჩურჩულებულიც და ჩამჩურჩულებელიც აფეთქდებოდნენ ხარხარით.

გული გვისივდებოდა, თუ სადმე მივდიოდით მამასთან ერთად, ყველა მას უნდა გამონთებოდა  ეზოდან, ყველას მისთვის უნდა გადაეღობა გზა, ყველას მისთვის უნდა ეფხანინებინა მათრახის ტარით საფეთქელთან, უარს ვერ ეუბნებოდა ხოლმე აივნიდან „გამოქცუნებულ“ ლავაშებზე და წასულთა შესანდობარზე ხნიერ ქალებსაც.

ტკბობით უყურებდნენ ის ხნიერი ქალები სადღეგრძელოს თქმისას...

ერთხელ ბავშვები ქოხის დადგმას ვაპირებდით ჩვენი კაკლის ქვეშ. ვერაფრით კი ვერ ჩავსვით ჭიგოები. გამოიარა მამამ, მიხვდა, რაც გაგვჭირვებოდა, აიღო ერთი ჭიგო, დააწვა და ისე ჩასვა, ფესვებგატანილი გეგონებოდა.

ასევე ჩასვა მეორეც, მესამეც და მეოთხეც. შემუქებული კბილიც კი არ მახსოვს მისი, თუ კანფეტი მოჰქონდა, მოჰქონდა ბლომად, „დასაყრელად“.

თუ რაღაც არ მოსწონდა ჩვენი, გვიჩვენებდა დიდსა და ნათელ სილას. უყვარდა მამიდები, ძალუები, ბებიები. ყველას დიდი ხმით მოიკითხავდა, მიუგურგურებდა. უყვარდათ იმათაც. ჩვენ გიჟს ეძახდნენ, გადარეულს.

და უცებ - დაიჭირეს. მამაც დაიჭირეს, პაპაც და ბიძაც. დაიჭირეს ქვეყანაც. - რაღაცა გეშლებათო, - თურმე სულ იცინოდა მამა. - ვნახავთო, ვის რა ეშლებაო.

პაპა და ბიძა მალე გააცილეს ციხეს, სხვადასხვა ადგილას ჩაკარგეს შორეულში. მამაც იკარგებოდა, დაიკარგებოდა, არავინ არაფერი იცოდა მისი, და უცებ გამოჩნდებოდა, ე. ი. მოვიდოდა ხმა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ისევ თბილისში იყო.

ჩვენც თბილისში ვიყავით შეხიზნულნი. ხორცებს იჩქლეთდა და იმდუღრებოდა ბებია, - აწამებენო, აწამებენო. გავიდა წელიწადზე მეტი, თითქოს სულ სიცივე, სიბნელე, ცუდი ამინდები...

ნოემბრის ბოლოს, შეღამებულზე, შემოიპარა ჩვენთან, ჩვენს ოთახში, მამას ბავშვობის მეგობარი ვანო, დიდი, ღონიერი კაცი, ძლივას მოაბა თავი სათქმელს; ხვალო, დილითო, გათენებისასო, სასამართლოში მოიყვანენო. თუ ყველანი წამოხვალთ, კარგი იქნება, დაგინახავთ და დარწმუნდება, ყველანი რომ ცოცხლები ხართო.

ბებია ატირდა. ატირდა ჩემი უფროსი დაც, დედა არა, დედას საფეთქლებთან ჰქონდა მიჭერილი ხელი და ისე დადიოდა, მაგიდაზე აწყობდა რაღაცებს. ვანო ძია უხერხულად იჯდა, ერთი არაყიც არ დალია, წამოდგა - წავედიო, ბნელ ხიდთან დაგხვდებით ხუთზეო. ხუთზეო?! ჰო, ისინი ძალიან ადრე მოჰყავთო.

ადრე დავაპირეთ ჩვენც დაწოლა. ვერ მოვახერხეთ. ჩემს პატარა ძმას ახველებდა, აბჟირებდა. ძილითაც, მერე, გვეძინა, არც გვეძინა. ოთხზე ფეხზე ვიყავით. ბებო და პატარა ძმა ვერ წამოვიდოდნენ, ძმას ისევ ახველებდა, აბჟირებდა.

სამნი მივდიოდით: დედა, მე და ჩემი და. ვანო ძია მართლა ბნელ ხიდთან დაგვხვდა. ჩვენთან კი არ მოსულა, ისე წაგვიძღვა წინ. ფრთხილად იხედებოდა აქეთ-იქით. შესახვევთან ჩერდებოდა, მერე ისევ მიდიოდა.

ფეხები დამაწყდა დაუსრულებელ გზაზე, სიბნელეში. გავითოშე. დედა მითბობდა თავისი ხელებით ხან ერთ ხელს, ხან მეორეს. ბოლოს ისევ მთლად ბნელში, - მივედითო. დამამახსოვრდა იმ ქუჩის სახელი - ათარბეგოვის ქუჩა. იდგა დიდი, მრისხანე სახლი.

დიდხანს არ გაჩერდეთო. წავიდოდით, მოვიდოდით, ვიყავით, ვწრიალებდით. ისევ წავიდოდით. ვანო ძია ხეებს ეფარებოდა იქით. მოვდიოდით, ვიდექით, ველოდით. როდის-როდის დაიწყო სიარული ხალხმა. განათება დაიწყო დიდმა მრისხანე სახლმაც.

მის კარში შედიოდნენ კაცები, ქალები. კართანვე მიმოდიოდნენ მილიციელები. ბოლოს მოვიდა ხმა, - მოიყვანესო, მოიყვანესო. ბნელში შავად გამომზირალ კუთხიან მანქანაზე იძახდნენ.

ის მანქანაც რაღაც წვალობდა, როგორც იქნა, გაჩერდა. კარებიდან  „ნაგანზე“  ხელდადებული სამხედრო მეთაური გადმოხტა, მანქანის ბოლოსთან მივიდა, გაიჭიმა. წამოვიდნენ დიდი შენობიდან გრძელთოფიანი, ძგარუნა ჩექმებიანი ჯარისკაცებიც.

გაიხსნა მანქანის უკანა კარი. იქიდანაც გადმოხტნენ თოფიანი ჯარისკაცები, გააკეთეს წრე. ჩამოღოღდნენ მანქანიდან პატიმრებიც, შავები, დაღუღულები. დასხდნენ პირდაპირ მიწაზე. „ნაგანიანი“ მეთაური რუსულად იძახდა რაღაცებს.

ამაოდ ვეძებდი მამას. ის ძირსდამსხდარი პატიმრებიც ამაოდ აპარებდნენ მზერას აქეთ-იქით. - წინ წადით, წინ წადითო! - მოგვაწვდინა ხმა ვანო ძიამ. წავედით წინ, გავჩერდით. გვიყვირეს, დავიხიეთ უკან. ააყენეს პატიმრები. დადგნენ: ჯარისკაცი, პატიმარი, ჯარისკაცი, პატიმარი. დაიძრნენ. მიდიოდნენ ნელა.

- გაიქეცი შენ და შედი შიგნით, - მიბრძანა ვანო ძიამ, - კარში თუ გკითხოს ვინმემ, დამლაგებლის შვილი ვარ, თათარაშვილის-თქო. შედი და დადექი დიდ კიბეზე.  

მე გავიქეცი. არავის უკითხავს, ვინ ვიყავი. ავედი დიდ სინათლეში დიდ კიბეზე. კიბე ორად გაიყო. საით ავსულიყავი? ვყოყმანობდი. მომესმა მკაცრი ხმა, კედელს მივეკარი. გაკანკული  იყო ირგვლივ ყველაფერი. მარტო ჯარისკაცები მოდიოდნენ ძგრიალით - ერთი ჯარისკაცი, ერთი პატიმარი, ერთი ჯარისკაცი, ერთი პატიმარი.

მოვიდნენ სულ ახლოს. იმ საცოდავ პატიმრებში აღარც კი ვეძებდი მამას, ისინი ძლივს მოათრევდნენ ფეხებს. ერთი ხომ მთლად სახიჩარი იყო, ორივე ფეხით კოჭლი, პატარა, საქამრედ სწვდებოდა წინა ჯარისკაცს... და აი, იმ პატარა პატიმარმა დაიწყო ჩემკენ ყურება, გამიცინა და ხელიც ასწია ოდნავ ზემოთ, რხევით.

მიყურებდა უკან შემობრუნებულიც. მე შევკრთი, მე ვიცანი, მე რაღაც ცუდი დამემართა. ის ძლივს ადიოდა საფეხურიდან საფეხურზე, ერთხელაც მომხედა სიცილით მაღლიდან...

მე ჩავჯექი. ისინი ავიდნენ სულ მაღლა და გაუხვიეს ძგრიალით. ვიღაც კაცი წამომადგა თავზე, რაღაცას მეკითხებოდა, წამოვდექი, ნახევრად წამომდგარი გავიქეცი, გავვარდი გარეთ.

დედაც ტიროდა და დაც. ცრემლები მოეწმინდა დიდ ხესთან მდგარ ვანო ძიასაც. მოვიდა დედა ჩემთან.

- დაგინახა?

მე არ ვთქვი არაფერი.

- გითხრა რამე?

მე ისევ არ ვთქვი არაფერი.

- ამოიღე ხმა!

- რაა?

- ამოიღე ხმა. გითხრა რამე?

- რაა?

დედას ისევ აუვარდა ქვითინი.

მე სულ ვდუმდი, კბილების კბილებზე დაჭერით ვიკავებდი თავს.

* * * * * * * * *

ბოლოს და ბოლოს? ბოლოს და ბოლოს - კი, შემეძლო იმისი თქმა მაინც, რომ გამიღიმა. ორჯერ თუ სამჯერ გამიღიმა, უკან შემობრუნებულმაც გამიღიმა, მაგრამ მე იმ ღიმილს ღიმილს ვერ ვარქმევდი. ის იყო... ის იყო რაღაც უცნაური თქმა: - აი, რად გადავიქეცი მეო. მხედავო? მხედავო? ჩემს ნახევრად, ჩემს მესამედად გადავიქეცი მეო... და წავიდა, ავიდა მაღლა და იქ გაქრა, შეერია ცას...

ამისთანა რამეებზე, თქვენც მოგეხსენებათ, არსად არასოდეს არ ლაპარაკობენ შვილები მშობლებთან.  

თქვენ შეგიძლიათ განუსაზღვრელი სიხარული გიღვიოდეთ გულში, თქვენ შეგიძლიათ განუსაზღვრელი ბედნიერება გულჩათხრობილად ატაროთ თქვენ სულში, მაგრამ, ვიდრე ამ სიხარულს, ამ ბედნიერებას მეორე ადამიანს არ უწილადებთ, სავსებით ვერ შეიცნობთ მათ.

ასე, დიდი იოსები წელში გამოასწორა ჩიქილიან დედაკაცისთვის ნათქვამმა სიტყვებმა. ვიღაცამ ხომ იცოდა ამ ქვეყანაზე, რომ იგი უკვე მეკურტნე არ იყო, ვიღაცას ხომ სჯეროდა, რომ იგიც ისევე ბედნიერია, როგორც მრავალი ათასი კარგად ჩაცმული, თავაწეული მგზავრი ამ ქუჩებზე და ამ ქალაქში.

აკი ამბობდნენ: თავადები გაგლეხდებიან და გლეხები გათავადდებიანო.

ასრულდა კიდევაც, როგორც წინანდელი ღამის სიზმარი. მხოლოდ ეს იყო: ვერავისთვის გაემხილა ამ უცნაურ ბედნიერების ამბავი, უშველებელმა საიდუმლოებამ კიდემდის აავსო მისი სული.

საოცარ ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა დიდი იოსები, ქუჩაში ვერ ბედავდა ბატონური ჩოხა-ახალოხით გამოსვლას, ისიც კმაროდა, რომ ქუჩის ბიჭები ირონიული ღიმილით გააყოლებდნენ თვალს ჯიშიან მეძებართან მოსეირნე ძონძებიან მეკურტნეს. ყველას ეუცხოებოდა, რომ ასეთი ლამაზი, ზრდილი ძაღლი ჩამოგლეჯილ კაცთან დასეირნობდა.  

ისწავლა იოსებმა საკომისიო მაღაზიისა და „დეზერტირკის“ გზები. ხან ერთ ნივთს გამოიჩრიდა იღლიაში, ხან მეორეს. ყიდიდა, აგირავებდა, მერმე „ქოსებს“ ჩაუვლიდა ან „მოდი ნახეში“ ისადილებდა, მთვრალი შინ ბრუნდებოდა, ჩოხა-ახალოხს ჩაიცვამდა, ყალიონს გააჩაღებდა და ბატონურ ბუხარს მიუჯდებოდა და მისი ფანტაზია ცად ამწვდენ კოშკებს აგებდა, სახმელოში არ ეტეოდა მისი ოცნება მაშინ და სამზეოს მოედებოდა.

ეს ყოველივე სიმთვრალეში.

გამოფხიზლებულს მოსვენება დაეკარგა.

სადღა იყო მისი აუმღვრეველი ძილი, ის ტკბილი სიზმრები ავლაბრის სარდაფში რომ ენახა.

როგორც კი შეღამდებოდა, ყოველ ფეხის ხმაზე, კარების დარახუნებაზე, პორტფელიანი კაცის დანახვაზე, ავტომობილის გუზგუზზე, შემკრთალი წამოვარდებოდა.

ახლა შეიგნო იოსებმა, თუ რატომ კანკალებდნენ შიშისაგან 25 თებერვლის ღამეს ქუჩებში მოლაშლაშე მოქალაქენი - როცა გაისმოდა სიტყვები მრისხანე და დამზაფვრელი: „ბოლშევიკები მოდიან“.

ეზარებოდა დაძინება, რადგან მარჩობელა გველივით შემოადგებოდნენ კოშმარული სიზმრები.

მოესმოდა ავტომობილის შემზარავი გუგუნი სიზმარში.

ჩექმების ბრახუნი ისმოდა, ვიღაცეები კარებს აწვებოდნენ, არახუნებდნენ. ოფლში იწურებოდა მძინარე, ყვირილი ეწადა, ხმა არ ჰყოფნიდა.

ყოველ შემთხვევისათვის პასუხი დამზადებული ჰქონდა.

თუ მის ბინას ახალი მთავრობა მოაგნებდა, შეევედრებოდა, რაკი ბინა მან გადაარჩინა, მისთვის ეჩუქნათ იგი.

ყოველ შემთხვევაში სასჯელს აიცდენდა. ბებუთოვის ქუჩაზე შეხვედრილ მუშების მაგალითი მხნეობას ჰმატებდა მას.

ძლიერ ფრთხილობდა ბერბერა.

მცირეოდენი ჩამიჩუმიც არ გამოეპარებოდა. ეს არ მოსწონდა მხოლოდ, რომ ბერბერა იოსების ჩვეულებრივ კერძს არ კადრულობდა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ