ჩვენი სკოლის გვერდზე გორა იყო. იმ გორაზე ბევრი საინტერესო ამბავი ხდებოდა, ერთხელ ძაღლების მთელი ხროვა მოვიდა, პირდაპირ ჩვენს წინ დაიწყეს საძაგლობის ჩადენა.
ჩვენ ვჭყიოდით, მუშტებს ვუქნევდით, ისინი მაინც თავისას განაგრძობდნენ.
შემოვიდა დამრიგებელი, ფერმკრთალი, ტანსწორი ქალი, შემოანათა თეთრად დაფენილი საყელოთი და თითქოს გაჩერებული შავი თვალებით.
ჩვენ ჩვენს ადგილებზე დავსხედით, ცალი თვალი ისევ ძაღლებისაკენ გაგვირბოდა.
დამრიგებელმაც გაიხედა, შეცბა, მაგრამ, თითქოს არაფერი დაუნახავსო, მშვიდად მიუჯდა მაგიდას, მშვიდად ამოიკითხა სია, მშვიდად დაიწყო მოსწავლეების გამოძახება. ოთხნი გაიძახა, სამს ორი" დაუწერა, ერთს სამი.
ორები რომ მიიღეს ისინი ჩუმად იყვნენ, სამის მიმღები ტიროდა, ის ფრიადოსანი გოგო იყო, მშობლებიც კარგი ჰყავდა, პიონერული ყელსახვევი ყოველთვის აბრეშუმისა ეკეთა, დამრიგებელმა მკაცრად უთხრა, - ნუ ზლუქუნებ, სწავლა არის საჭიროო.
გოგო უფრო ხმამაღლა აზლუქუნდა. მაშინ დამრიგებელმა ხელი მოჰკიდა, დერეფანში გაიყვანა და უთხრა: - ტირილს რომ მორჩები, მერე შემოდიო. გოგო სულ აღარ შემოსულა.
გარეთ ძაღლები საძაგლობას განაგრძობდნენ. გორაზე ჩვენი სკოლის დარაჯი ავიდა, ძაღლებს ფიცრის ნატეხით დაერია. ზოგი ძაღლი გაიქცა, მოშორებით დადგა და იქედან იყურებოდა. ზოგი წიხლის ჩაზელასაც კი არ გრძნობდა. დარაჯს ვიღაცა კაციც აეშველა.
ძაღლები წკავწკავებდნენ, სკოლა ჩუმად იყო. დამრიგებელი გაკვეთილს ხსნიდა. მგონია, არავის არაფერი გაუგია.
ზარის დარეკვამდე მასწავლებელმა წესიც თქვა: - დღეიდან ბინებში ჩამოვლას ვიწყებ, თქვენი ოჯახური პირობები უნდა შევიწავლო, თუ რომელიმეს მოსწავლის კუთხე წესრიგში არა გაქვთ, სასწრაფოდ მოაწესრიგეთო.
მოსწავლის კუთხე ყველას უნდა გვქონოდა. იმ კუთხეში პატარა მაგიდა უნდა მდგარიყო. კედელზე გაკრული უნდა ყოფილიყო ბელადების სურათები, ქვემოთ გაკვეთილების ცხრილი, სულ ქვემოთ - მოსწავლის დღის რეჟიმი.
იქვე ჩვენთვის უნდა გვქონოდა სუფთა პრისახოცი, კბილების სახეხი ჯაგრისი და ფხვნილი.
მე თავზარი დამცა დამრიგებლის ნათქვამმა. მთელი ჩვენი ოჯახი ერთ კლდესმიკრულ პატარა ქოხსი ცხოვრობდა. რვა კვადრატულ მეტრში. ისიც არასრულ რვა კვადრატულ მეტრში.
ხუთნი ვიყავით: დედა, ბებია, ჩემი და, ჩემი ძმა და მე. ერთი "კუშეტკა" გვედგა, ერთი უზურგო "ატამანკა", ერთი მაგიდა, მაგიდის ქვეშ - სკივრი, აქეთ კარისკენ - "ტუმბოჩკა", კარს უკან - ნავთქურა.
მე და ჩემი ძმა ერთად ვიძინებდით, დედა და ჩემი და - ერთად. ბებია ძირს იძინებდა, იატაკზე.
იატაკი მიწის პირად იყო. თუ დიდი წვიმა წამოვიდოდა, წყალი შინ შემოგვდიოდა. იატაკი რომ დასველდებოდა, მაშინ ბებიას მაგიდაზე ეძინა. მაგიდა პატარა იყო, მაგრამ არც ბებია იყო დიდი, მით უფრო, თუკი მოიკუნტებოდა.
ბებიას ერთი ბოღჩა ჰქონდა, "ატამანკის" უკანა კუთხეში ედო, ბოღჩაში ჩიხტიკოპი და ლეჩაქ-ბაღდადი იყო გამოხვეული. იქვე იდო ძველებური სქელფურცლიანი რვეული, ცისფრად დახაზული, ცისფერივე კლაკნილებით არეებგამოყოფილი.
რვეულში საკუთარი ხელით ჰქონდა ჩაწერილი რევოლუციური ლექსები: "აღსდექ, შრომითა დაღდასმულო", შავი ღრუბლები თავს გვეხვევიან", "ზურგი ვაქციოთ ძველ ადათ-წესებს", "მე ვარ არსენა ჯორჯიაშვილი, მე მოვაშორე ქვეყანას ჭირი" და სხვა.
ამ რვეულშივე ეწყო გამხმარი, გასიფრიფანებული იები. ამ იებს ხელს ვერავინ ახლებდა, თვითონაც მოკრძალებით, ხელის კანკალით გადადებდა ხოლმე ერთი გვერდიდან მეორეზე.
ჩვენი ბავშვების რვეულები და წიგნები ფანჯრის რაფაზე იყო აკოკოლავებული.
დედა სამუშაოზე დადიოდა. ბავშვებს ბებია გვივლიდა, ყველანი ადრე ვდგებოდით. ბებია მომატანინებდა პურს, შავ პურს, თვითონ გააკეთებდა ლობიოშეჭამანდს ან უხორცო სუპს, ან ტყუილ ჩიხირთმას... და ვიყავით მშვიდად, ტკბილად.
ჩვენთან არავინ ჩხუბობდა, ამას რატომ არ ჭამ, ან გაკვეთილებს რატომ არ ამზადებო....
"თქვენი ოჯახური პირობები უნდა შევისწავლოო" და შინ წელმოწყვეტილივით დავბრუნდი. უგემურად, ღიზიანად შევჭამე ცოტა რამ და წავედი, დავიკარგე, ხუდადოვის ტყის პირად ავბორიალდი.
იქ ყოველთვის იყვნენ ჩემი ტოლა ბიჭები. მწვანიანზე ხან ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან ლახტს, ხან კოჭაობას, და ხანაც კაკლაობას. შიგნით, ტყეში, დიდი ბიჭები ჩაჰკუნტებოდნენ ჩვენთვის საშინელ თამაშს - ყომარს.
ზოგჯერ ვირაც ქვემოდან ამოსული ქალი და კაციც ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ ჩუმად ვეპარებოდით და თვალებდადიდებულნი ვუყურებდით.
სანამ კარგად არ დაღამდა, ქვემოთ აღარ გადამიხედავს, - არ მინდოდა დამრიგებელს შინ დავხვედროდი. მეორე დღესაც ასევე, - მოვედი სკოლიდან და დავიკარგე. მერეც, მთელ კვირას, დაღამდებოდა და მაშინ ძლივს გავბედავდი შინ შესვლას.
გადარეული იყო ბებია, ხმადაბლა, მაგრამ ცუდად მწყევლიდა დედა, მე ქვასავით ვდუმდი. ბებია იმუქრებოდა, - ამოვალ იმ სენ სკოლაში და წვრილად მოვახსენებ მასწავლებლებს შენი ხელიდან წასვლის ამბავსო.
მაგრამ ბებიას სკოლაში ამოსვლა არ დასჭირდა. დამრიგებელი თვითონ ეწვია. მე, რა თქმა უნდა, შინ არ დავხვდი. ბიჭები იმ დღეს მლაშე ტბებზე ვიყავით. დამსხდარან ბებია და დამრიგებელი, კარგა ულაპარაკიათ. მე რომ დავბრუნდი დამრიგებელი ახალი წასული იყო.
ბებიამ შვებამიცემულმა მითხრა, - მოვახსენე, როგორც საჭირო იყო, შენს დამრიგებელს ყველაფერიო. მე არც ამაზე ამომიღია ხმა. მოღუშული მივუჯექი მაგიდას. შევჭამე ჩემი შესაჭმელი, მერე არითმეტიკა დავწერე, მერე - ქართული, და ადრე დავწექი.
იმ ღამეს სამჯერ გამეღვიძა. მამლების ყივილი მესმოდა, მკერდში სულ რარაც მწიწკნიდა.
მეორე დღეს თავს ვეღარ ვწევდი გაკვეთილებზე. დამრიგებელი რომ შემოვიდა, მაშინ ხომ მინდოდა, მიწასი ჩავმძვრალიყავი, თითქოს კიდეც მციოდა, მაკანკალებდა.
გაიძახა სხვები. თან იმათ უსმენდა, თან მერხებს შორის მიმოდიოდა, მე სამჯერ ამიარა გვერდით. ერთხელ შეჩერდა, თავი ამაწევინა და თითქმის ჩურჩულით მითხრა, - ასწიე თავი, შენ ძალიან კარგი ბებია გყავსო.
ორი დღის შემდეგ კი დამიძახა, ნავთით სავსე ბიდონი მომცა, - ეს ბიდონი ჩვენთან მიიტანეო. მე ვერაფერი ვთქვი, მაგრამ მაინც მიხვდა, სახლი რომ არ ვიცოდი. მასწავლა. აგერ ასე წახვალ, აგერ ასეო და წავედი.
ადვილად ვიპოვე, მივიტანე ბიდონი. შინ დამრიგებლის დედა და უმცროსი და დამხვდნენ. ბიდონი ჩამომართვეს. - შემოდი, შემოდიო, - დამრიგებლის დედამ, და თითქმის ძალით შემიყვანა შინ.
ორი ვაშლი მომცა. მე სულ თავჩაღუნული ვიდექი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ მათი ოთახი ჩვენს ოთახზე პატარა იყო, მაღალი, მაგრამ პატარა. დამრიგებლის და დაბნეული, სახეარეული ანგელოზივით იყო მიმდგარი ერთ კუთხეში.
წამოვედი. ვაშლის ჭამა არ მინდოდა. მერე მაინც ფრთხილად ჩავკბიჩე. თავს ვიკავებდი, მაგრამ ერთი მწარე ცრემლი მაინც მოვიწმინდე მაჯით...
იმ დღიდან დამრიგებელი ძალიან შემიყვარდა. ვატყობდი, იმასაც ვუყვარდი. ერთხელ თავზედაც დამადო ხელი და მითხრა, - თმა შეიკრიჭე, ეგრე არ გიხდებაო. მე მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, ის (მერე გავიგე) ოცდაშვიდისა ყოფილა.
ძალიან სუფთად, სპეტაკად იცვამდა. სიარულიც ლამაზი იცოდა, თითქოს სულ რაღაცას უსმენდა. იშვიათად, ძალიან იშვიათად თუ გაიღიმებდა. რაღაცნაირი სქელი, მაგრამ ჰაეროვანი თმა ჰქონდა, კისერთან სწორად წაჭრილი.
ერთხელ დავინახე, როგორ სტაცებდა ქუჩაში იმ თმას და კაბის კალთებს ქარი. დამრიგებელი ერთი ხელით თმას იჭერდა, მეორე ხელით - კაბის კალთებს და იცინოდა...
ამგვარი მშვენიერი სიცილი მერე აღარ მინახავს ქვეყანაზე.