აზნაური იოთამ ზედგინიძე
მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა ერთი გულმხურვალე მამულიშვილი იოთამ ზედგინიძე.
მაშინ საქართველო სულ ახალი დანაწილებული იყო სამეფოებად და ქართლ-კახეთის მეფედ იჯდა გიორგი მერვე.
გიორგი მოწადინებული იყო, გაეერთიანებინა ქვეყანა: პირველად დაემორჩილებიშნა მესხეთი, ანუ სამცხე, რომლის მთავარი ყვარყვარე ათაბაგი განზე გაუდგა; მერე დაეპყრო იმერეთის სამეფო და ბოლოს შემოეერთებინა სხვა ნაწილებიც საქართველოსი.
აზნაური იოთამ ზედგინიძე აღტაცებაში მოჰყავდა გიორგი მეფის განზრახვას. იმის ოცნებაში მთელი საქართველო იხატებოდა უკვე შეერთებულ სამეფოდ, ხოლო მის ერთადერთ მეფედ - გიორგი, რომელიც შემუსრავდა ყველა გარეშე მტერს საქართველოსას, გააძლიერებდა მას და დაამყარებდა მტკიცე ერთობას, სანატრელ ძმობას იმერთა და ამერთა შორის.
ამიტომ იოთამი იყო უერთგულესი ქვეშევრდომი გიორგისა, მისი სრული მორჩილი და ყოველი მისი ბრძანების აღმასრულებელი. ამასთან იოთამს გიორგი მეფე ძლიერ მოსწონდა, როგორც ადამიანი და მის მიმართ მხურვალე მეგობრულ სიყვარულს გრძნობდა.
თავისი მეფე-მეგობრისათვის იოთამი არ დაიშურებდა არც გულსა და არც სულს და იყო დაუძინებელი მცველი მისი სიცოცხლისა.
გიორგი მეფე თავისი ჯარით იდგა ახლანდელ ჯავახეთში, ფარავნის ტბის აქეთა მხარეს; იქითა მხარეს კი დაბანაკებული იყო ყვარყვარე ათაბაგი.
ომი უნდა მომხდარიყო ძმათა შორის დღეს-ხვალ .
საზარელი შეთქმულება
გიორგი მეფის მტრებს ომის ეშინოდათ და დამარცხება რომ თავიდან აეშორებინათ, საშინელ ღონისძიებას მიმართეს:
მათ არ ითაკილეს საზიზღარი შეთქმულება და განიზრახეს, ღამით ჩუმად მიეგზავნათ მოსყიდული მკვლელები, მოესპოთ გიორგის სიცოცხლე და ამოეჟლიტათ მისი მხლებელნიც.
იოთამ ზედგინიძემ, რომელიც სულ იმის ზრუნვაში იყო, მეფეს ხიფათი არა შეემთხვეს - რაო, ეს შეთქმულება შეიტყო, ძლიერ შეშფოთდა და მაშინვე მოახსენა მეფეს დაწვრილებით.
მეფე თვითონ იყო კეთილი გულის პატრონი, სულგრძელი, სხვებიც თავისავით სულგრძელი ეგონა და ამიტომ არ დაიჯერა საზიზღარი ღალატი.
ბევრს ეცადა იოთამი, დაერწმუნებინა მეფე თავის სიმართლეში, მაგრამ ამაოდ. მეფემ ეჭვიც კი არ შეუშვა გონებაში.
იოთამი ხედავდა, რომ მეფეს სიკვდილი არ ასცდებოდა, საქართველოს შეერთების გეგმა ჩაიშლებოდა და თვითონ მას პირადად მოაკლდებოდა მზრუნველი მამა და მეგობარი.
ამის გამო საშინელ მწუხარებას გრძნობდა. იოთამმა თქვა: "მეტი ღონე არ არის, თავი უნდა გავწირო მეფისათვის და ჩემი სიკვდილით დავიცვა მისი ძვირფასი სიცოცხლე".
შემდეგ კი მივიდა მეფესთან და მოახსენა: "თუ მე ვცდები და ჭეშმარიტი არ არის ჩემი სიტყვა, მაშინ გევედრებით, მომცეთ ნება, რომ ამ ღამეს მე დავწვე სამეფო საგებელში".
მეფე დათანხმდა, რადგანაც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ არავითარი შეთქმულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა და იოთამი ტყუილ ეჭვიანობას შეეპყრო.
შევიდა საღამოთი იოთამ ზედგინიძე მეფის საძინებელში და დაწვა მის ქვეშაგებში.
მეფემ კი იმ ღამეს სხვაგან დაიძინა ტკბილი და მშვიდობიანი ძილით, რადგანაც ფიქრობდა, რომ იოთამს არაფერი დაუშავდებოდა და მეორე დღეს მიულოცავდა დილას მშვიდობისას.
სახელოვანი სიკვდილი ზედგინიძისა
წევს იოთამი მეფის ქვეშაგებში, ელის მკვლელებს და თან ავედრებს ღმერთს საქართველოს, მეფეს, თავის შვილებსა და თავის თავს.
შუაღამე გადავიდა, მაგრამ მკვლელები ჯერ არსად სჩანან, იგვიანებენ. იოთამს ეჭვი შეეპარა, იქნებ, მართლა ტყუილი გამოდგეს შეთქმულებაო.
კიდევ კარგა ხანი გავიდა, ასე რომ, ირიჟრაჟა. შორი-ახლო დაყენებულ მცველებს ძილი მოერიათ და თავი ვეღარ შეიმაგრეს, რადგანაც შეთქმულება ტყუილი ეგონათ.
ყველა მცველს ღრმად ჩაეძინა. ჩასთვლიმა იოთამსაც. სწორედ ამ დროს ბინდბუნდში გამოჩნდა რამდენიმე ჩრდილი, ფეხაკრეფით, ერთი მეორის უკან რომ მიიპარებოდა მეფის საწოლისაკენ.
აი, მიუახლოვდნენ მას და შეჩერდნენ. სული განაბეს, გაფაციცებით დაათვალიერეს გარშემო ადგილები და სმენად გადაიქცნენ. არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ყველა სულდგმული დილის ღრმა ძილს მისცემოდა.
დაიძრნენ ისევ ჩუმად და მივიდნენ მეფის საწოლი ოთახის კართან ისეთი სიფრთხილით, რომ ბურანში მყოფმა იოთამმა ვერაფერი შეიტყო.
უცებ შეაღეს კარები, ერთი თვალის დახამხამებაში შეცვივდნენ ოთახში და დაუშინეს ხანჯლები ლოგინში მწოლიარეს, რომელიც გიორგი მეფე ეგონათ.
მაგრამ მალე ხმაზე იცნეს იოთამი, თავიანთი შეცდომა გაიგეს, ხანჯლების ცემა შეწყვიტეს, გამოცვივდნენ გარეთ და გაქრნენ ღამის სიბნელეში.
მეორე დღეს, სისხამ დილაზე, მეფე გაეშურა იოთამისაკენ. ეგონა, ან ტკბილ დილის ძილში იქნება, ან ახლად გამოღვიძებული დამიხვდებაო.
აი, მეფემ შეაღო კარები და თვალთ დაუბნელდა, ისეთი საზარელი სანახავი დახვდა. საწყალი იოთამი, ბევრგან ხანჯლით დაჭრილი, საკუთარ სისხლში ცურავდა; ჯერ კიდევ სული ედგა, მაგრამ სიკვდილამდე ცოტაღა დარჩენოდა.
თავზარდაცემული მეფე საშინელ სინანულში ჩავარდა; თავის თავს აბრალებდა ერთგული ყმისა და მეგობრის სიკვდილს, თვალებიდან ცრემლის ნაკადული წასკდა და მხურვალედ მოეხვია მომაკვდავ იოთამს.
მეფის ასეთმა მოპყრობამ იოთამი ცოტა ხნით მოასულიერა და დაუტკბო სიცოცხლის უკანასკნელი წამები. მეფემ მომაკვდავს შეჰფიცა: შენს მკვლელებს ხელთ ვიგდებ და სამაგალითოდ დავსჯი, შენს შვილებსაც გავაბედნიერებო.
თავდადებულმა იოთამმა თავისი საყვარელი მეფის ხელში დალია სული, რომელიც მან გასწირა სამშობლოსა და მეფის ბედნიერებისათვის.
გიორგი მეფემ იოთამს სავსებით აღუსრულა თავისი აღთქმა. მისი მკვლელები იმავე დღეს შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.
ომის გათავების შემდეგ კი იოთამის უფროს შვილს თავადობა დაუმკვიდრა და დიდძალი მამული უბოძა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები |