კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:41

ადამიანები სპილოს იმიტომ აშინაურებენ, რომ მეტად ღონიერი ცხოველია და მუშაობაში ძალიან გამოსადეგია.

ერთი სპილო იმდენს აიკიდებს, რამდენსაც ხუთი აქლემი.

რომელი ტვირთიც ათ ცხენს წასაღებად უძნელდება, ერთ სპილოს ადვილად მიაქვს. ამასთან, სიარული ჩქარი იცის; უბრალო ცხენი ვერ მიჰყვება სიარულში, თუ არა - კარგი ბედაური. ამიტომ სპილო ძვირად ფასობს.

როცა გარეულ სპილოს დაიჭერენ, ორივე ეშვს დაახერხავენ ხოლმე. მისი მსხვილი ეშვებისგან კი მშვენიერ თეთრ სავარცხლებს, სამკაულებსა და სხვა ნივთებს აკეთებენ.

გარეულ სპილოს მოსაშინაურებლად სხვადასხვა ღონისძიებით იჭერენ. ერთი უფრო მარტივი ღონისძიება არის შემდეგი: მიაგნებენ თუ არა სპილოს ბინას, მონადირეები პირქარზე უახლოვდებიან მას და თან მაგარი თოკი მიაქვთ. თოკს ბოლოზე ყულფი აქვს გამობმული.

როცა სპილოს მოიხელთებენ, ერთი მონადირე დიდ ხეზე თოკის მეორე წვერს მიაბამს. სპილო ტრიალს დაიწყებს და თოკი გარშემო შემოეხვევა. მერე რამდენსამე დღეს ამავე მდგომარეობაში მშიერს ამყოფებენ, საჭმელს არ მისცემენ; სპილო მოიქანცება, ღონე გამოელევა და დამშვიდდება.

ბოლოს, შინაურ სპილოს მიიყვანენ და ახლად დაჭერილ სპილოს შინ გააყოლებენ. ექვსი თვის შემდეგ სპილო სრულიად შინაურდება.

შეიძლება იფიქროთ: სპილო უთუოდ ძალიან უგუნური პირუტყვი უნდა იყოს, თორემ იმოდენა დევივით ცხოველს ერთი ბეწვა კაცი როგორ დაიჭერდა და დაატყვევებდაო. სრულიადაც არა, პირიქით, სპილო ძლიერ ჭკვიანი ოთხფეხია; გონებით ყოველ ცხოველს სჯობია, მაიმუნისა და ძაღლის გარდა. მაგრამ კაცის ჭკუასთან რა გაუვა!

კაცი ბევრ პირუტყვზე ფრიად პატარა და უღონოა, მაგრამ თავისი დიდი ჭკუის წყალობით ყველას სძლევს და იმორჩილებს.

სპილოები ბევრ შემთხვევაში მეტად დიდ გონიერებას იჩენენ. აი, მაგალითად, როცა ცაში ქუხილი ატყდება ხოლმე, სპილო ტყეს თავს ანებებს და ხეს ახლო აღარ ეკარება. ეს საკვირველად ჭკვიანური მოქმედებაა: ქუხილის დროს, როცა მეხი ჩამოვარდება, ხეებს ხშირად დაეცემა ხოლმე; ეტყობა, სპილოს ეს მოვლენა შეუნიშნავს და ამიტომ ტყეს ქუხილის დროს ერიდება.

მოდი და ჭკვიან ცხოველს ნუ დაუძახებ! ბევრი ადამიანია, რომ ქუხილის დროს გაექანება და ხეს შეეფარება ხოლმე და ამით სპილოზე ნაკლებ ჭკუას იჩენს. სპილო, რაკი გაშინაურდება, კიდევ უფრო ჭკვიანდება.

შინაური და გარეული სპილოები გონებით შორი-შორს არიან.

- გაშინაურებულ სპილოს გონებას რა უმატებს? - მკითხავთ. - გონიერ კაცთან სიახლოვე. შინაური სპილო კაცის ყველა მოქმედებას ყურს უგდებს, იმის ცხოვრებას თვალს ადევნებს, თვითონაც ჰბაძავს და ამიტომ ჭკვიანდება. ადამიანიც ხომ ასეა. თუ პატარა ბავშვი გონიერ ადამიანებში გაიზარდა, იმათგან ბევრს ისწავლის და ჭკვიანი კაცი გამოვა.

როცა სპილო ტყესა და მინდორში იმყოფება და მარტო თავისნაირ პირუტყვს ხედავს, აბა, რას ისწავლის. როცა კაცთან ცხოვრობს, იმისგან ჭკუას ითვისებს.

ერთხელ ჯარისკაცებს ურმით საომარი იარაღი მიჰქონდათ. ისინი უნდა გასულიყვნენ მდინარეში, რომელიც ოღროჩოღრო იყო. წყალში გასვლის დროს ერთმა ურემმა გვერდზე გადაიწია და ამ დროს გადავარდა ოფიცერი, რომელიც ურემში ყუთზე იჯდა.

ერთი თვალის დახამხამება რომ დასცლოდა, ურმის უკანა თვალი გადაუვლიდა და ოფიცერს გაჭყლეტდა. მაგრამ სპილომ, რომელიც ამ ურმის უკან მოდიოდა, თვალი შეასწრო ამ ხიფათს, ფიცხლავ თავისი გრძელი ხორთუმით ურმის უკანა თვალი მაღლა ასწია და ისე დაიჭირა მანამ, სანამ ურემი ოფიცერს გასცილდებოდა.

ასე გადაარჩინა სპილომ კაცი სიკვდილს, თუმცა იმისთვის ეს არავის უბრძანებია.

ერთხელ კიდევ ვეებერთელა შინაური სპილო ვიწრო ქუჩაში მირბოდა, წინ დაუხვდა ბავშვი, რომელმაც გზიდან ჩამოცლა ვერ მოასწრო. სპილო შეჩერდა, ბავშვი თავისი ხორთუმით ნაზად აიყვანა, გზის პირას გადასვა და მერე ისევ გასწია თავის გზაზე.

სპილო მშვიდი და უვნებელი პირუტყვია, მაგრამ, თუ კაცი უსამართლოდ მოექცა, გულში ჩაიდებს და სამაგიეროს გადაუხდის.

ერთმა სპილოთა წინამძღოლმა სპილოს თავზე კაკალი დაადო და ქვით ზედ გატეხა. მეორე დღეს სპილო იმავე კაცს ქუჩაში მიჰყავდა. დუქნის წინ სპილომ კაკლის გროვა დაინახა, თავისი ვეება ხორთუმით წასწვდა, ერთი კაკალი აიღო და თავის წინამძღოლს შიგ შუბლში ღონივრად მიარტყა...

შინაური სპილოების გონებაზე წიგნებში ბევრს ამოიკითხავთ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ