კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:15

თაგვები ბედნიერად ცხოვრობდნენ, თავიანთ ბედს სჯერდებოდნენ და მეტს არ ეძებდნენ. ერთხელ თურმე მხოლოდ ერთმა მათგანმა, უგუნურმა თაგვმა, იუკადრისა თავისი თაგვობა და ჩიტობა მოინდომა.

"რა არის ეს ჩემი სიცოცხლეო, - ამბობდა, - მუდამ მიწაზე ვხოხავ და ჭერქვეშ მტვერში ვისვრები! სხვაგან წასვლა რომ მინდოდეს, ერთ დღეს ერთ მცირე მანძილს ძლივს წავიცუნცულებ, ჩიტი კი ერთს შემოჰკრავს ფრთას და თვალის დახამხამებამდე მთა და ბარს გადაივლის! მეც რომ ფრთები მქონდეს, იმასავით ბედნიერი ვიქნებიო".

დაიწყო ვედრება: - ღმერთებო, ფრთები მომეცითო.

შეუსმინეს ღმერთებმა, გამოესხა თაგვს ფრთა და გადაიქცა რაღაც უცნაურ ცხოველად, - არც ჩიტი იყო, აღარც თაგვი.

გახარებული მიფრინდა ჩიტებთან. ჩიტებმა აათვალიერ-ჩაათვალიერეს და რომ შენიშნეს, ფრთები ჩვენი აქვს, მაგრამ ნისკარტი არა აქვს, ტანად კი თაგვსა ჰგავსო, აითვალწუნეს. იმდენი კორტნეს, რომ კინაღამ მოკლეს. ბოლოს თვალები ამოუკორტნეს და გამოაგდეს.

საბრალო მეტად შეწუხებული და დაწყლულებული დაბრუნდა და მოვიდა ისევ თაგვებთან. მაგრამ "ვაის" გაყრილი "უის" შეეყარა.

თაგვებმა რომ ნახეს, ფრთები ასხიაო, აიხირეს და იმდენი ჰკბინეს, სანამ არ გამოაგდეს თავისი სოროდან. გზააბნეული შეფრინდა ერთ ნანგრევში, იქ დაიწყო ბუდობა და ღამის ფრინველად იქცა. მას შემდეგ, მისი ნაშობი მეღამურები ანუ ღამურები სულ ნანგრევებსა და კედლების ნახვრეტებში ცხოვრობენ.

დღე ვერაფერს ხედავენ და ღამღამობით ბრმად დაეხეტებიან, აქა-იქ დაფრინავენ, ბუზებს იჭერენ და ასე ირჩენენ თავს.

ღამურები რომ ბედით კმაყოფილნი ვერ არიან, ეს იმით მტკიცდება, რომ, როდესაც ორი ღამურა ერთად შეიყრება, ერთი უმალვე ტირილს დაიწყებს: "წრიპ! წრიპ! წრიპ! წრიპო!" მეორეც ტირილითვე უპასუხებს და გაჩუმდებიან. იცით, ეს რას ნიშნავს, ჩვენებურად რომ გადმოვთარგმნოთ?

ერთი შესჩივის მეორეს: `ვინც თავის გვარს იწუნებს და გადარჯულებას ცდილობს, ის ჩემსავით უბედური იქნებაო!" და მეორეც ეთანხმება: "დიახ! დიახო!"

ხანდახან კი ორივენი შეერთებული ხმით მოჰყვებიან წრიპინს, დიდხანს გულსაკლავად წრიპინებენ, თითქოს მოსთქვამენო; და, ვინც დაუკვირდება, აი რა სიტყვებს გაიგონებს მათ საზარელ ხმაში:

 

"გადაგვარების მოსურნე

ბუნებისაგან კრულია!

მისი პირადი ღირსება

ყოველგან დაჩაგრულია:


ძველ ტომში გამოსხლეტილსა

არ მოუშლიან კბენასა

და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:

დაუწუნებენ ფრენასა!..


კრულია მისი ხსენება,

ვინც დაჰგმობს დედაენასა,

თვის ტომს ღალატობს და მითი

თვით ფიქრობს მაღლა ფრენასა!

 

თემები: აკაკი წერეთელი  ι   პოეზია  ι  პროზა  ι  სასკოლო

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ