კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 15:13

 

ხალხში მოსმენილი

ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირას და მეთევზეები ნახა: ზოგი ახალ ბადეს ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და ზოგიც წამოწოლილიყო კიდეზე.

გუნებაზე ვერ იყვნენ: მთელი ღამე ეთევზავათ და ვერა ეშოვათ რა! შეებრალა საწყლები ქრისტე-ღმერთს და ერთ მათგანს უბრძანა:

- სვიმონ-პეტრე! ადე ზეზე, ეგ შენი ნავი ნაპირზე მოაყენე, ჩავსხდეთ და ტბაში შევცუროთ!

მეთევზეს გაუკვირდა და ჰკითხა:

- ერთმანეთს პირველად ვხედავთ და რა იცი, რომ მე სვიმონი მქვია?

- შენ სვიმონი გქვია და მამას შენსას ივანე, პეტრე კი მე დაგიძახე მეტ-სახელად, რადგანაც სიტყვა „პეტრე" კლდეს ნიშნავს და შენც კლდესავით მაგარი ხასიათის კაცი ხარ! - მიუგო მაცხოვარმა .

შუა ტბაში რომ შევიდნენ, შეაჩერებინა ნავი და უბრძანა:

- აბა, აქ დაჰკარით ბადეო!

- რა ბრძანებააო, - უპასუხა მეთევზემ, - წუხელ აქ არ გახლდითო?..

გათენებამდის ჩვენს თვალს რული არ მოჰკიდებია, ბადეები დავგლიჯეთ, მაგრამ თევზი ისე გამწყდარა, რომ ერთი ჭიჭყინა რა არის, ისიც ვერ დავიჭირეთო.

- შენ რჩევა დამიჯერე და მაშინ ნახავ, რა მოხდება! - უთხრა ქრისტემ.

მართლაც, ჩაუშვეს თუ არა ბადე წყალში, თევზით აივსო თავამდის.

მეთევზე ვეღარ მოერია, რომ ბადე გამოეთრია და ამხანაგებს დაუძახა, - მიშველეთო!

გამოიტანეს ნაპირზე სავსე ბადე და ორი ნავი აავსეს პირწმინდად.

მეთევზეებს გაუკვირდათ, ეს ნამდვილად სასწაულთმომ ქმედი უნდა იყოსო, და თაყვანი სცეს. ქრისტემ გაიცინა, - ვენაცვალე იმის სიცილს, - და უთხრა:

- წამომყევით, ჩემთან ერთად იარეთო.

მეთევზეებს გაუხარდათ და შესძახეს, გვიახლეთ, შენი ჭირიმეო, და აედევნენ. მასუკან, სადაც კი მიბრძანდებოდა მაცხოვარი, ისინიც თან მიჰყვებოდნენ. ბევრი სასწაული ნახეს და შეუყვარდათ მოძღვარი. აღარ შორდებოდნენ!..

ვნებათა კვირა რომ დადგა, მოძღვარი მოწაფეებს გაენდო და უთხრა:

- ჩემი წამებისა და სიკვდილის დღეც მოახლოვდა. ერთი თქვენგანი გამყიდის, გამცემს მე! რომ დამიჭერენ, თქვენც შეშინდებით და აქეთ-იქით გაიქცევით... გაიფანტებით, მაგრამ არაფერია, მე აღვდგები, ამოვალ საფლავიდან, ისევე მოგიყრით თავსა და შეგაერთებთ.

პეტრემ უპასუხა:

- რას ბრძანებთ, განა ჩვენში ვინ იქნება ისეთი, რომ შეშინდეს და გაიქცესო?

- პირველი შენო! . . . შენ ხომ პირდაპირი და გულმაგარი კაცი ხარ და „პეტრეც" ამიტომ დაგერქვა, მაგრამ განსაცდელს რომ ნახავ, შენც კი გადრკები და სანამ მამალი ორჯერ დაიყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო!

იმ ღამეს, მართლაც, შეიპყრეს ქრისტე. პეტრემ მახვილი ამო იღო და ყური ჩამოათალა ერთ მცველს, სახელად მალხაზ-ს.

ქრისტემ დაუშალა პეტრეს ჩხუბი და ისევ გაუმთელა კაცს ყური.

- ძალაზე თუ მიდგა საქმე, ვერავინ მომერევა, მაგრამ აქ სულ სხვა საქმეა და უნდა დავნებდეო, - ბრძანა მოძღვარმა.

როცა შეიპყრეს და მღვდელმთავართან წაიყვანეს, მოწაფეები შეშინდნენ და აქეთ-იქით გაცვივდნენ. მხოლოდ ორი მათგანი აედევნა უკან და გაჰყვა - ივანე და პეტრე.

სასახლეში რომ მივიდნენ, ივანე შეუშვეს, მაგრამ პეტრეს კი ბჭის კარი დაუკეტეს და გალავანს გარეთ დარჩა; შეეხვეწა მეკარეს: „მეც შემიშვიო".

მაშინ მეკარემ ჰკითხა: - „რა მოგარბენინებს, მისი მოწაფე ხომ არა ხარო?"

- „არაო!" - უთხრა პეტრემ .

სანამ სასახლეში ქრისტეს ასამართლებდნენ, პეტრე ეზოში იცდიდა, ცეცხლის პირას იჯდა და თბებოდა. აქაც ვიღაცამ ჰკითხა: „შენ, როგორც გეტყობა, მისი რაიმე უნდა იყოო!" - „არაო! ვერც კი ვიცნობო!"

ბოლოს, ქრისტე რომ გამოიყვანეს და მეორე მღვდელმთავართან წაიყვანეს, გაჰყვა. ერთი ებრაელი მივიდა და ჰკითხა:

- შენ ის არა ხარ, ჩემს ნათესავ კაცს, მალხაზს, რომ ყური ჩამოათალეო?

პეტრეს შეეშინდა და იუარა .

ამ დროს მამალმაც დაიყივლა: „პეტრემ უარყოო!" მოაგონდა საბრალოს ქრისტეს სიტყვები და შემოიკრა თავში ხელი, ეს რა მომივიდაო... გარბის და მამლები კი მიჰყივიან: „პეტრემ უარ-ყოო! პე- ტრემ უარ-ყოო! პეტრემ უარ-ყოო!"

დაიწყო ტირილი, აღარ იცოდა, რა ექნა. თითქმის თავის მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ამ დროს ყვინჩილებმაც დაიძახეს:

„შე-ინა-ნააა! შე-ინა-ნააა! შე-ინა-ნააა!-ო".

პეტრემ ყური მოჰკრა და გამოფხიზლდა. ჩანს, უპატიებიაღმერთს ჩემი შეცოდებაო!.. დაემხო პირქვე სათაყვანოდ.

მას შემდეგ ყოველღამ ბნელში მამლები დღესაც იძახიან: პეტრემ უარ-ყოო!

მაგრამ როცა ყვინჩილებიც დაიძახებენ ხოლმე: შე-ინა-ნააო, თენდება და ქვეყანას ნათელი ეფინება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ