კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 02:18

როცა დემეტრე მეფე მონღოლთა ურდოში მიდიოდა, მისი საყვარელი ცოლი ნათელა ახალციხის გზას დაადგა. იგი მიისწრაფოდა თავის მამასთან, მესხეთის მბრძანებელთან, და თან მიჰყავდა თავისი ჩვილი ვაჟი გიორგი, რათა მყუდროებაში უშიშრად აღეზარდა.

ნათელა იმ დროს პირველ ქალად ითვლებოდა მთელ საქართველოში მაღალი ჭკუით, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამულიშვილობითა და განათლებით. ამიტომ მან თავისი ვაჟი გიორგი ჩინებულად აღზარდა.

უფლისწულში განხორციელდა იშვიათი ღირსებანი მამისაც და დედისაც, სწორედ ისე, როგორც - თამარ მეფეში. ამიტომ, გახდა თუ არა სრულწლოვანი და ავიდა მამის ტახტზე, გიორგიმ ბრძნულად დაიწყო სამეფოს მართვა.

თავდაპირველად მეფემ ალაგმა ოსები, რომელნიც გიორგის მცირეწლოვნების დროს მთებიდან შემოესივნენ ქართლს და ძარცვა-გლეჯით საქმე გაუჭირეს. მერე შეუდგა თავგასული ერისთავების დამორჩილებას:

ზოგი დასაჯა თანამდებობის ჩამორთმევით, ზოგი კი, უფრო ბოროტნი, სიკვდილით დასაჯა. მათ ნაცვლად დანიშნა ნიჭიერი, ერთგული და ქვეყნისათვის თავდადებული ქართველნი. სასულიერო საქმეებიც უკეთ მოაწყო, აქაც უღირსნი გადააყენა და ღირსეულნი დააყენა უფროსებად.

როცა დაამყარა სრული წესიერება თავის სამეფო კარზე, გიორგი შეუდგა საქართველოს ერთობის აღდგენას. იმერეთის მაშინდელ მეფეს ძლიერ ემდურებოდნენ იმერნი და თავისთან გიორგის იწვევდნენ.

ამანაც ისარგებლა ამ შემთხვევით, გადავიდა ჯარით სურამის მთაზე, დაატყვევა იქაური მეფე, მეფობა ჩამოართვა, ერისთავად გახადა და დასავლეთი საქართველო აღმოსავლეთ საქართველოს შემოუერთა.

კვლავ აღმობრწყინდა მზე საქართველოს ერთობისა. გაძლიერდა ქვეყანა, ზურგი გაუმაგრდა, წელში გაიმართა.

გიორგიმ აღარ დააყოვნა და მონღოლებზე გაილაშქრა. დაამარცხა ისინი რამდენჯერმე, საქართველოს არემარიდან გააძევა და სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა ერს.

მეფე ამითაც არ დაკმაყოფილდა, მან დაამარცხა მოუსვენარი ლეკებიც და ხარკი დააკისრა მათ. მთელი აქეთა კავკასიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, გახდა საბრძანებელი გიორგი მეფისა. განახლდა დიდებული დრო თამარ მეფისა; აღდგა საქართველო, ჯან-ღონით აივსო, დიდებით შეიმოსა.

გიორგი მეფემ შეადგინა კანონები ქვეყნის გამგეობისა და მართვისა, წმინდა ზნეობისა, ქვეყნის სამსახურისა; დაარქვა ამ კრებულს "ძეგლისდება" და გამოსცა სახელმძღვანელოდ თავის ქვეშევრდომთათვის.

ასეთი სიძლიერითა და სიბრძნით მართა გიორგიმ მთელი საქართველო ოცდარვა წელიწადს, სწორედ იმდენ ხანს, რამდენ წელსაც იმეფა თამარმა.

მადლიერმა ერმა მას ბრწყინვალე გიორგი დაარქვა და აქამომდე ამ სახელით იხსენიებს მას.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ