მწერლის დღიურიდან
ჩემი სახლის აივანზე, დიდი ხანია, მერცხლები ბუდობენ და რადგანაც ხელშემშლელი არავინა ჰყავთ, მრავლდებიან.
გაზაფხულის პირად რომ ჩვენშივე ცხელი ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, ძველები ისევ შეჩვეულ ბუდეს მიაკითხავენ და ახალ ბუდეს მხოლოდ შარშანდელი ბარტყები იკეთებენ.
ასე მიდის იმათი საქმე წლიდან-წლამდე ხელშეუშლელად. მხოლოდ წელს კი, 1910 წელს, უჩვეულო რამ მოხდა: ერთი ჭივჭავი ჩაეპარა მერცხალს ბუდეში, მოიკალათა და შიგ პატრონს აღარ უშვებდა... იკორტნებოდა .
მეორე დღეს მოფრინდა მერცხლის გუნდი. ყველას ტალახი მოჰქონდა პირით, დაუწყეს ბუდეს გალესვა; ასე რომ, ჭივჭავი თუ არ გამოფრინდებოდა, შიგ ბუდეში გამოიხრჩობოდა...
რომ დაინახა ჭივჭავმა, აქ ხუმრობა აღარ არისო, როგორც იქნა, გაასწრო. იმ საღამოსვე გაჩნდა ჭივჭავის გუნდი და დაერია მერცხლებს. შეიქნა ერთი წივილ-ჭყივილი.
ჰაერში მერცხლები სჯობნიდნენ, რადგანაც კლანჭს გაჰკრავდნენ ხოლმე, მაგრამ ბუდეში კი, რაღაი შეასწრებდნენ და კორტნაზე მიდგებოდა საქმე, ჭივჭავები იმარჯვებდნენ.
ზოგან ბუდეებიც კი დაანგრიეს. გამარჯვება ჭივჭავების გუნდს რჩებოდა, მაგრამ მე ჩავერიე გამშველებლად; ჭივჭავები აღარ შემოვუშვი აივანზე. დავინახავდი თუ არა შემოფრენილს, გავდევნიდი ხოლმე.
სამი დღის განმავლობაში ყველაფერი მიწყნარდა და ჩადგა თავისსავე წესწყობილებაში.
მეც დიდხანს აღარ დავრჩენილვარ შინ, ქალაქში გავემგზავრე. ქალაქიდან რომ დავბრუნდი, მერცხლის ბუდეები გამრავლებული დამიხვდა: სადაც ერთი ბუდე იყო, იქ მეორეც ზედ მიეტყუპებინათ, ერთ ცალში რომ მერცხალი ბუდობდა, მეორე ცალში ჭივჭავი დაბუდებულიყო.
ვინ გაარიგა? ან როგორ მორიგდნენ ეს სხვადასხვა გვარის ფრინველები? და ან მერცხლები რად დაემორჩილნენ და გაუკეთეს ჭივჭავებს ბუდე?!
პოეზიის გვერდი • • • ![]() |