კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 02:07

ერთ ბაღში ბევრი ხილი იდგა. ატმით, კაკლით, მსხლით სულ სავსე იყო. ამ ბაღში ცხოვრობდა მებაღე: ხეხილებს გამხმარ ტოტებს უსხლავდა, ყვავილებს წყალს უსხამდა და ბაღის პატარა სასეირნო ბილიკებზე წმინდა ქვიშას ჰფენდა.

ბაღის ახლომახლო თავიანთ ბუდეში ცხოვრობდა ათასობით ჭიანჭველა. ამათ შეიტყვეს, რომ ბაღში ბევრი ამათი საყვარელი ხილი ხარობდა. ჭიანჭველები დიდი გროვით გაემგზავრნენ ბაღისაკენ. აცოცდნენ ერთ ხეზე და მის ხილს ჭამა დაუწყეს.

ხე ჭიანჭველებით ისე შეიფინა, რომ შავი ფერი დაედო. მებაღე რომ ამ ხესთან გასასხლავად მივიდა, ზედ უთვალავი ჭიანჭველა დაინახა და ხე ძალიან დაენანა.

ჭიანჭველებს ხიდან ჩამორეკა დაუწყო; მაგრამ ისინი მიესივნენ და კბენა დაუწყეს: მებაღემ თავი დაანება და უკან გამობრუნდა.

ყოველ ცისმარე დღეს ჭიანჭველები გაემგზავრებოდნენ ხოლმე ბაღისაკენ და ყოველთვის იმავე ხეზე ადიოდნენ.

- რა უნდა ვუყო ამ ჭიანჭველებს? - ჰკითხავდა ყოველ თავის ნაცნობს მებაღე, მაგრამ გამოსადეგი რჩევის მიცემა ვერავინ შეძლო.

შემდეგ ერთმა ბებერმა კაცმა უთხრა: "თამბაქოს წვენი წაუსვი ხეს და ჭიანჭველები სრულებითაც ვეღარ მიეკარებიან".

მეორე დღეს, როცა ჭიანჭველები ხეზე იყვნენ, მებაღემ აიღო თამბაქოს ფოთლები და მათი წვენით ხის ღერო ორი თითის დადებაზე გარშემო დაასველა. „ახლა კი ჭიანჭველები სამუდამოდ ხეზე დარჩებიან და აქ დაიხოცებიან~, – იფიქრა მებაღემ.

როდესაც ჭიანჭველები დანაყრდნენ და ძირს ჩამოცოცდნენ, ნახეს, რომ ყველანი დატყვევებულიყვნენ და ვეღარ დაბრუნდებოდნენ თავიანთ სადგომში.

ხიდან ჩამოხტომა ჭიანჭველებს არ შეეძლოთ; მათ არც ფრენა იციან, რადგანაც ფრთები არა აქვთ. რა უნდა ექნათ?

მათ ხის კენწეროზე მოიყარეს თავი და სჯა-ბაასი დაიწყეს, თუ როგორ უნდა ეშველათ თავისათვის. გამოცდილმა ჭიანჭველებმა ჭიანჭველურ ენაზე თქვეს: - მოისმინეთ, მეგობრებო! ვინც ჩვენში უფრო გულადნი არიან, ისინი გავიდნენ გაყვითლებულ ფოთლებზე: ფოთლები ძირს ჩაცვივა და მათზე

მჯდომარენი თან ჩაჰყვებიან. მერე ისინი შეეცდებიან, ქვემოდან მიწის ხიდი გაგვიკეთონ იმ თამბაქოს წვენის სალტეზე.

იმ წამსვე უფრო ღონიერი ჭიანჭველები დასხდნენ გაყვითლებულ ფოთლებზე და მათთან ერთად ჩაცვივდნენ მიწაზე;

იმათ მაშინვე მიჰყვეს მუშაობას ხელი; თამბაქოს სალტესთან მოზიდეს სველი მიწის კარგა მოზრდილი ნამცეცები, ზედ გარდიგარდმო კარგად მიაგლისეს და პატარა ხიდი გამართეს.

გაიმართა თუ არა ხიდი, ხეზე მომწყვდეული ჭიანჭველები სიხარულით დაეშვნენ ქვევით, მშვიდობით გამოიარეს გაკეთებული ხიდი და ძირს ჩამოვიდნენ.

შემდგომ ამ ხიდზე ასვლა და ჩამოსვლა ისე გამართეს, თითქოს თამბაქოს წვენის სალტე სულაც არა ყოფილიყოს.

მებაღე ყველაფერს ხედავდა, რასაც კი ჭიანჭველები სჩადიოდნენ, მაგრამ არას უშლიდა: პირიქით, დიდი სიამოვნებით და გაკვირვებით ადევნებდა თვალს, თუ როგორ გონივრულად აკეთებდნენ თავიანთ საქმეებს ჭიანჭველები. 

მაგრამ მას ხეც ძალიან ენანებოდა. მებაღე დაღონდა და სულ იმას ფიქრობდა, თუ როგორ მოეშორებინა ჭიანჭველები თავიდან.

ერთხელ, როცა ჭიანჭველები ხეზე ისხდნენ, მებაღემ ხის გარშემო პატარა თხრილი გააკეთა, წყლით აავსო და გაიფიქრა, ახლა კი ჭიანჭველები შინ დაბრუნებას ვეღარ ეღირსებიან, გზა ხომ შეკრულია, გარშემო სულ წყალი დგასო.

საღამოთი ჭიანჭველებმა ძირს ჩამოსვლა დაიწყეს, მიადგნენ პატარა თხრილს და გაჩერდნენ. გარშემო წყალი დახვდათ.

- ერიჰაა, უბედურება გვეწია, ვეღარ დავბრუნდებით ჩვენს სახლში! - თქვეს ჭიანჭველებმა და ხის გარშემო შეგროვდნენ.

განსაცდელში ჩავარდნილებმა სჯა-ბაასი დაიწყეს, თუ როგორ დაეღწიათ თავი ხიფათისაგან.

სამი გონიერი ჭიანჭველა მიუახლოვდა ყრილობას და უთხრა:

- ჩვენი საქმე ჯერ სრულებით არ არის წამხდარი. ნუ გეშინიათ, ძმებო, გულმაგრად იყავით. ზოგი ჩვენგანი უნდა შევიდეს წყალში და დაიხრჩოს; მაგრამ ამ გმირობის ფასად, დანარჩენი ყველა ჭიანჭველა ამ დამხრჩვლებზე, როგორც კარგ ხიდზე, ისე გაივლის. ყველაზე უწინ ჩვენ სამნი მოგცემთ მაგალითს!

როდესაც ამათ ყველა სხვა ჭიანჭველა დაეთანხმა, ეს სამი ჭიანჭველა პირდაპირ შევარდა წყალში, ამათ მიჰყვა უკან ბევრი, ძალიან ბევრი ჭიანჭველა; ერთი ერთმანეთზე შედგნენ, გამწკრივდნენ გუბის მეორე ნაპირამდე და ამნაირად გამართეს ჩინებული ხიდი, რომელზედაც ადვილად გავიდნენ დანარჩენი ჭიანჭველები და მივიდნენ თავიანთ ბინაზე.

როდესაც მებაღემ დაინახა, რომ ჭიანჭველებს ისე უყვართ ერთმანეთი, რომ საერთო გაჭირვების დროს სიცოცხლეს არ ზოგავენ ერთმანეთისათვის, მაშინ მათ შევიწროებას თავი გაანება და მისცა ნება, ეჭამათ იმის ბაღში იმდენი ხილი, რამდენიც უნდოდათ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ