კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 02:00

ენა მწერლის ბალავარია, მისი უმთავრესი იარაღია. ენის უცოდინარი მწერალი სამფეხა ცხენსა ჰგავს, გენიოსიც რომ იყოს, ვერც გაიქცევა და ვერც დაიძვრება.

გარემოებამ ორჯერ გამარუსა და ისე დამავიწყა ქართული, რომ საყველპუროდ ძლივსღა მესმოდა. მაგრამ, როცა გადავწყვიტე მწერლობისთვის მომეკიდნა ხელი, ქართულ წიგნს შევეკედლე, ზედიზედ სამი ზაფხული გავატარე ქართლში, მივიწყებულიც აღვიდგინე და ახალიც მრავლად შევიძინე.

მას აქეთ ამ სისტემას მაშინაც კი არ ვუღალატე, როცა ხანგრძლივ ჩამოვშორდი მხატვრულ პროზას. ლექსიკონი, სასულიერო წიგნები და, საერთოდ, კლასიკოსები - აი, ჩემი ყოველდღიური ენობრივი ულუფა.

განუწყვეტელი ვარჯიშობა - აი, წინდი ყოველგვარ ხელობის გამარჯვებისა.

ლექსიკის მუდმივი გამდიდრება და თავდაპირველად სასაუბრო ხალხური ენის შესწავლა ის საძირკველია, ურომლისოდაც ვერავითარი სალიტერატურო ძეგლი ვერ შეიქმნება....

როცა მოთხრობას ან რომანს ვწერ, სანამ წერას შევუდგებოდე, კარგა ხანს აღარც უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ვეკარები. მიზანიც გასაგებია: ტვინის ენობრივი აპარატი სუფთა ქართულ მეტყველებაზე გადმომაქვს.

ნაპოლეონი ამბობდა, ომის მოსაგებად ჯერ ფულია საჭირო, მერმე – ფული და ბოლოს ისევ ფულიო. მეც ვიტყვი: სალიტერატურო გამარჯვებისთვის ჯერ კარგი ქართულია საჭირო, მერმე - კარგი ქართული და ბოლოს - ისევ კარგი ქართული.

რა მასალა უფრო მშველის - ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად. ცალ-ცალკე კი არც ერთი.

ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიანაც დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის. უამისოდ ვერ გაფრინდება.

შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დაწეროს, მაგრამ ის ვერ შექმნის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე.ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას.

მისი დანიშნულება კი სწორედ ეს არის და სხვა - არაფერი. მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს, ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს.

ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს.

ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ ეტაპზე დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიით, რამაც ჩემს შემოქმედებაშიც იჩინა თავი. იმ დროს, ჩემი მწერლობის პირველ ხანაში, ეს მოტივიც გამოჩნდა.

„ეშმაკის ქვა“ გუსტავ ლე ბონის „ბრბოს ფსიქოლოგიამ“ დამაწერინა.

ყველაზე უფრო ძნელი მოთხრობის დაწყებაა. დასაწყისი მთელ მოთხრობას აძლევს რიტმს, კოლორიტს, სტილს.

უნდილად დაწყებული ამბავი უნდილადვე წავა. ძნელია შემდეგში ცეცხლის გაღვივება, სტილისა და რიტმის შეცვლა ძნელიც არის და სახიფათოც, ამიტომ მე დიდხანს ვეძებ ხოლმე დასაწყისს...

დასასრული სიძნელის მხრივ დასაწყისს არ ჩამოუვარდება. ადვილი არ არის უკანასნელი წერტილის დასმა. ეს ლურსმანი ყველაზე უფრო ღრმად უნდა იქნეს ჩარჭობილი.

ავტორი ყველა მკითხველზე უფრო ულმობელი და ჟინიანი მკითხველია და ამიტომ ის თვითონვე უნდა იყოს დასასრულით კმაყოფილი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ