სიყვარული პოეზიის პირველმიზეზია.
კაცობრიობას ის ბავშვობის სიზმრებიდან მოსდევს.
ვიდრე ერის გული მისი პირველგამომხატველის - ეროვნული პოეზიის - სახით სიყვარულის უნარს ინარჩუნებს, მისი დაბერება არ იქნება...
ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.
ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ.
ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას.
უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც...
ვინ იცის, რამდენ ამპარტავან სულის ზეობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზეხელაღებულ მაძიებლებს? ’’და გამწარებით ხრავენ ქვიშასა’’...
ინავლება სიყვარულიც...
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვან სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება "ვით ბაზმა გაუქრობელი’’ - ჩვილი, უმწეო სამარადისო ხმა:
"ძევახ, სიცოცხლეო ჩემო"...